Friday, December 31, 2010

გილოცავთ

რაღა დარჩა "ჯადოსნურ" შუაღამემდე? სულ რამდენიმე საათი. წინასაახალწლო დღეებში და, საერთოდ, დეკემბრის თვეში გასულ წელზე მეფიქრება ხოლმე. ხელისგულზე ჩანს მთელი წელი – გადადგმული ნაბიჯებით, სიტყვებით, ადამიანებით, მიღწეული თუ ვერშეძლებული ჩანაფიქრებით, მოსმენილით, ნანახით... და თავისთავად ჯამდება, ერქმევა "კარგი" ან "არც ისე კარგი", თუმცა არა რომელიმე წელს – ნომრით რაღაც ციფრი, რომელიც ასეთად აქცია ტრადიციულ-სიმბოლურმა დახვედრამ, არამედ ჩემი ცხოვრების ამ მონაკვეთს, რომლის მთავარი მოქმედი გმირიც მე ვიყავი; მაგრამ ანტურაჟსაც აქვს მნიშვნელობა, ჩვენს თანამდგომებსაც, ჩვენგან თანადგომასაც, შესაბამისად, რაღაც შედგება, რაღაც – ვერ...
შეფასებებს ყოველთვის ჩემთვის ვიტოვებ, არ მიყვარს მათი ღიად ჩამოწერა. ჩვენს ნებისმიერ წელს კი ახლავს ლამაზი დღეები, შეგრძნებები, სიხარულები და ამ საღამოს მათ სიამოვნებით ვიხსენებ, – ამ საღამოს თვალები უნდა იღიმოდეს :)

ყველას გილოცავთ ახალ წელს,
ბედნიერი დღეების სიუხვეს გისურვებთ,
სიკეთე და სიხარული არ მოგკლებოდეთ!

Wednesday, December 29, 2010

საუბრები ლიტერატურაზე

დიდი ხანია, ჩემი ბლოგის თაროზე ახალი გამოცემა არ დამიმატებია. ორი დღის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის მორიგი ლიტერატურული კრებულის წარდგინება გაიმართა. კრებულში არაერთი საინტერესო ინტერვიუ თუ წერილი შევიდა. ვინც თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეცნობა, მათთვის ამ ავტორებისა თუ მთარგმნელების სახელები ნაცნობია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრ მათგანს იშვიათად შეხვდებით ლიტერატურაზე მოსაუბრეს – მათთან ჩაწერილი ინტერვიუების სიმცირეს ან საერთოდ არარსებობას ვგულისხმობ.
კრებული ლევან ბერძენიშვილის მიერ მოთხრობილი "ლიტერატურული ისტორიებით" იხსნება: ეს არის ვრცელი ინტერვიუს პირველი ნაწილი, რომელიც ვფიქრობ, ნებისმიერ ლიტერატურის მოყვარულს დააინტერესებს. გარდა ამისა, დაიბეჭდა გიორგი კილაძის მიერ ჩაწერილი ინტერვიუები: ვაჟა ხორნაულთან, ლევან ტატიშვილთან, თეა თოფურიასთან, გიორგი საჯაიასთან, ქარდა ქარდუხთან, ზაზა ბიბილაშვილთან, გიორგი კეკელიძესთან, ბაჩო კვირტიასთან, მაკა მიქელაძესთან და სხვებთან; ლიტერატურული საუბრები ლევან რამიშვილთან; ნინო სადღობელაშვილის, მარსიანის, იკა ქადაგიძის, ნინო დარბაისელის, მაია სიმონიშვილის, ნინო გედენიძის და სხვების წერილები...
ყოველი მორიგი კრებულის გამოსვლისას ვამბობ – ეს უკეთესია, ვიდრე წინა და გული მწყდება მცირე ტირაჟზე. იმედია, ეს კრებული სრული სახით ელექტრონულადაც გახდება ხელმისაწვდომი.

Monday, December 27, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ეს კვირა ახალი წლის არის, ამიტომ რაიმე სიმბოლურის მოძებნა გადავწყვიტე. კლიმტის "სიცოცხლის ხე" ორი მიზეზით შევარჩიე: კლიმტი მიყვარს და ახლა მხოლოდ მისი ოქროსფერი მიდგას თვალწინ, ამასთან – ახალ წელში გადაბიჯება ხომ ერთგვარად ჩვენი სიცოცხლის ხის ზრდას ნიშნავს. ეს ნამუშევარი სამნაწილიანია, კედელზე მხოლოდ ცენტრალურ დეტალს გამოვფენ, დანარჩენი – სხვა დროს..
იმედი მაქვს, თქვენი "სიცოცხლის ხეები" მომდევნო წელს თვალისმომჭრელად ლამაზი და ნაყოფიერი იქნება :)

27 დეკემბერი, 2010 -
2 იანვარი, 2011.

Saturday, December 25, 2010

ჩვენი სიამოვნებისთვის

* * *
წელიწადის ამ დროს, უფრო ზუსტად კი, წლის ბოლო კვირაში ნაძვის ხეები განსაკუთრებით მაღელვებს. ალბათ, ამის შედეგია ჩემი ერთი ლექსიც. განსაკუთრებულ აღელვებაში მაინც და მაინც მათი მორთვის სიყვარულს არ ვგულისხმობ, არც ხშირად ვცვლით საახალწლო ნაძვს, მაგრამ თვალი კი გამირბის ხოლმე გასაყიდად ჩამწკრივებულებისკენ. თან საინტერესოა ადამიანების ნახვა, რომლებიც საახალწლოდ ემზადებიან: ფუსფუსებენ, არჩევენ; ითვალისწინებენ დიზაინერების, ასტროლოგების, თუ ხალხურ რჩევებს..
რამდენიმე წლის წინ, როცა ქუჩებში მოჭრილი ნაძვებით სავსე სატვირთოები იდგა, დაახლოებით ისეთივე განცდა მიჩნდებოდა, როგორც საახალწლო დახლებზე ბევრი ყელგამოღადრული გოჭის ერთად ნახვისას. ზოგი ხე გამორჩეულად კოხტა იყო – პროპორციულად გაზრდილი. ეს მოსაჭრელად როგორ გაიმეტესო, იფიქრებდი. წელს, ჯერჯერობით, მხოლოდ ნაძვის ტოტებს ყიდიან და კიდევ, მგონი, სიახლეა (ან იქნებ ადრეც იყო და მე არ მინახავს) – ნაძვის ტოტებისგან დამზადებული ხეები: ნედლ ჯოხს ნახვრეტებს უკეთებენ და მათში ტოტებს ამაგრებენ. გამყიდველები იფიცებიან, ერთთვიანი გარანტიით ვყიდითო :)
მე ახალი ნაძვის ყიდვა მინდა, ხელოვნურის – იქნებ ცოტა გავხალისდე და საახალწლო განწყობაც გამიჩნდეს.
* * *
დღეს ქუჩაში 20-22 წლის გოგო ვნახე – კისერზე მელიაშემოხვეული. გული მომეწურა და თვალი ავარიდე. მისმა ასაკმა დამაფიქრა. საბჭოთა პერიოდში საკმაოდ ძვირი ღირდა ე. წ. "შუბები" (ახლაც, ალბათ). ქალებს, რომლებსაც მისი ყიდვის საშუალება ჰქონდათ, შეძლებულებად და საუკეთესოდ გამოწყობილებად თვლიდნენ. ჰოდა, საბჭოთა დეიდებიც ქურქებზე ოცნებობდნენ. მათ სრულებით არ აღელვებდათ სტატისტიკა, თუ რამდენი ცხოველი იწირებოდა იმისთვის, რომ თავები სრულყოფილ ქალებად ეგრძნოთ. მახსოვს, პატარას არ მიყვარდა, როცა მელიის თავ-ფეხით შემოსილს ჩემი ჩახუტება უნდებოდა – გაყინული ცხვირისა და ჩამოყრილი თათების შეხებაზე მაციებდა. ასევე, ჩემზე იმოქმედა პასუხმა, რომელიც მივიღე კითხვაზე – ეს უცნაურად ჩახვეული "კარაკული" რისგან მზადდებოდა.
უამრავი ცხოველი ნადგურდება ადამიანის კაპრიზების გამო. მოდურად რომ გამოვიყურებოდეთ, ხელოვნური ბეწვიც ხომ სრულიად საკმარისია.
ზუსტად ვიცი, არასდროს მოვიხვევ მკვდარ ცხოველს, არ მეკიდება გულთან მისი შუშისთვალებიანი, მოქანავე თავი.

Monday, December 20, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეისთვის პოლ გოგენის კლდეებზე გადმომდგარ ფლეიტისტს გამოვფენ.

20-26 დეკემბერი.

Sunday, December 19, 2010

ელექტრონული თაროები

დღეს ბევრს საუბრობენ ელექტრონული წიგნებით ბეჭდურის ჩანაცვლებაზე. დგება გამოკითხვები, მსჯელობენ, დაობენ, ერთმანეთს "აჭიდებენ" ფურცელსა და ფაილს. მე ცოტა ხნის წინ მოვიხიბლე ელექტრონული რიდერით, მინდა შევიძინო, რადგან მგონია, ძალიან პრაქტიკული მოწყობლობაა. თუმცა, დღეს მინდოდა, ჩემი პასუხი დამეწერა კითხვაზე, რომელსაც ფორუმებსა თუ სხვადასხვა საიტებზე სვამენ: ვფიქრობ, ელექტრონული წიგნები ყოველდღიურობაში აუცილებლად ჩაანაცვლებს ნაბეჭდ წიგნს. უბრალოდ, მსოფლიოს მზარდ განვითარებას მოჰყვება ეს საჭიროება – მეტი პრაქტიკულობის გამო, ელექტრონული წიგნის გამოყენება უფრო მისაღები გახდება, რადგან ადვილი იქნება მისი მოპოვება, თანხლება და ა. შ. თანხლებაში ხომ ათასობით წიგნის თანხლება იგულისხმება.
გადახედეთ თქვენს საოჯახო ბიბლიოთეკებს, როგორ ფიქრობთ, რამდენი ათასი წიგნი აწყვია თაროებზე? იქნებ ათასიც არა. მით უმეტეს, თუ დამოუკიდებლად, გულდაგულ ადგენთ საკუთარ ბიბლიოთეკას, წარმოიდგინეთ, ყველა ეს წიგნი ჯიბეში გედოთ, ფურცლოთ ნებისმიერ დროსა და ვითარებაში, საჭირო წიგნს ადვილად პოულობდეთ, სულ რამდენიმე წამში... რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკულია და თანამედროვე ადამიანი, რომელსაც მუდმივად აქვს დროის პრობლემა, უარს არ იტყვის ამ საშუალებაზე.
მე ვფიქრობ, ათიოდე წელი სრულიად საკმარისი იქნება, რომ ელექტრონული რიდერების გამოყენება მასიური გახდეს. ათ წელს ვამბობ, რადგან მოწყობილობებს, რომლებიც წასაკითხად არის საჭირო, ღირებულების გამო, ყველა ქვეყანაში მასიურად ვერ ყიდულობენ. არც ყველა წიგნი არსებობს ელექტრონულ ფორმატში. როცა რიდერების ფასი მათი წარმოებისა და შესაბამისად, მასების მსყიდველობითი უნარის ზრდის პარალელურად დაეცემა და ისინი ისეთივე ადვილად შესაძენი გახდება, როგორც, მაგალითად, დღეს მობილური ტელეფონია, ეს კითხვაც მოიხსნება (აქ მთავარი წიგნის მკითხველთა რაოდენობის თუნდაც შენარჩუნებაა). ამასთან, გასათვალისწინებელია მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა – ეკოლოგია. გლობალური დათბობის და ეკოლოგიური კატასტროფების მიმართ შიში თუ ფაქტის წინაშე აღმოჩენა, ადამიანებს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ალტერნატიული გზების მონახვისკენ უბიძგებს.
პირველ რიგში, ალბათ უპრიანი იქნება ტექნიკური და სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრება და მომავალშიც – მათი მხოლოდ ციფრული სახით გამოცემა. მე თუ მკითხავთ, ასეთ ლიტერატურაზე ქაღალდი არ უნდა იხარჯებოდეს. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, მისი ციფრული ვარიანტები მსოფლიოში უკვე პოპულარულია; იმედია, ქართულ ლიტერატურასაც, თარგმანებთან ერთად, მალე ვიპოვნით ელექტრონული წიგნის ბაზარზე.
რაც შეეხება ნაბეჭდ წიგნს: ვფიქრობ, ის უფრო "ელიტური" გახდება; ძვირი თვითღირებულებით; ალბათ, ავტორები მაინც ეცდებიან, თავისი წიგნების მცირე რაოდენობა ფურცელზეც დაბეჭდონ; წიგნების მთავარი საცავები ქვეყნის ბიბლიოთეკები იქნება, რა თქმა უნდა, უკვე არსებული საოჯახო ბიბლიოთეკებიც; ადამიანების ნაწილი შეაგროვებს წიგნებს, როგორც ბეჭდური წიგნის ნიმუშებს; ძველგაზრდები (ძირითადად) სინანულით გაიხსენებენ წიგნის სუნსა და ქაღალდის ფაქტურის უპირატესობას, თუმცა, როცა საქმე წიგნის წაკითხვაზე მიდგება – მთავარი შინაარსის "მოპოვება" იქნება და არა ფორმა, ყველას მოუწევს არჩევანის პრაქტიკულობის სასარგებლოდ გაკეთება. ისევე, როგორც ეს ელექტრონული ფოსტის შემთხვევაში მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ხშირად "ნამდვილი", ხელნაწერი წერილების მიღებასა და მათი კითხვით გამოწვეული ინტიმის შეგრძნების პოვნას ნატრობენ.
და ბოლოს, მე სიამოვნებით გავაკეთებდი ჩემს წიგნს ელექტრონულ ფორმატში(ც). ამაზე ვიფიქრებ კიდეც, თუ წიგნის გამოცემა ოდესმე კვლავ გადავწყვიტე.

Monday, December 13, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს მინდა ესპანელი მხატვარი – ხუაკინ სოროლა წარმოგიდგინოთ. ის 1863 წელს, ვალენსიაში დაიბადა. ფერწერის შესწავლა 14 წლის ასაკში დაიწყო. სწავლობდა ესპანეთსა და იტალიაში. პირველი გამარჯვება, რომელიც ოქროს მედლით აღინიშნა, მადრიდის ეროვნულ გამოფენაზე 1892 წელს შექმნილი ნახატით "სხვა მარგარიტა" მოიპოვა; მას შემდეგ წარმატებით იფინებოდა ევროპასა და ამერიკაში. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ მუზეუმშია დაცული (ზემოთნახსენებ შთამბეჭდავ ნახატს მშვიდად ვერ ავუარე გვერდი, მით უმეტეს, შექმნის ისტორიაც ასეთივე ახლავს: ბორკილებდადებული მარგარიტა, რომელიც საკუთარი ჩვილის მკვლელობისთვის იყო დაპატიმრებული, მხატვარმა მესამე კლასის ვაგონით მგზავრობისას ნახა. ნახატზე საოცრად არის გადმოცემული მისი განცდები – ქალის მთელი სხეული მეტყველია).
ხუაკინ სოროლა ძირითადად პორტრეტებს, პეიზაჟებს ხატავდა; ასევე, მუშაობდა სოციალურ თუ ისტორიულ თემებზე. კონტრაქტის საფუძველზე, რამდენიმე წლის მანძილზე ქმნიდა ესპანეთის ცხოვრების ამსახველ სურათებს, რისთვისაც მან ქვეყნის თითქმის ყველა პროვინცია შემოიარა.
სოროლას ნამუშევრებზე ხშირად ნახავთ ზღვას და ზღვისპირად მოსეირნეებსა თუ მოთამაშე ბავშვებს. მისი სანაპიროები მუდამ მზიანია და მე მგონია, ამ ნახატებიდან ნიავი და წყლის შხეფებიც ადვილი შესაგრძნობია. დღეისათვის სწორედ ზღვის თემა შევარჩიე: ბიჭს გამოვფენ – ცხენთან ერთად.

13–19 დეკემბერი.

Friday, December 10, 2010

დღის ვიტრინები


ცოტა ხნის წინ ფოტოსერიის გადაღება დავიწყე – "დღის ვიტრინები". მისი გადაღება, შეიძლება ითქვას, არ დამიმთავრებია – ვიტრინები და ალბათ, დღეებიც ჯერ არ გამოილევა :)
ქუჩაში ხშირად იყურებით ვიტრინებში? რისთვის? იქ გამოფენილი ნივთების თუ საკუთარი ანარეკლის დასანახად? მე ალბათ ორივესთვის. გზად არაერთი ვიტრინა მხვდება. თანმიმდევრობით დავწერ იმ ვიტრინებზე, რომლებშიც თავსაც ვხედავ. უცნაურია, ვიტრინები, რომლებიც მხოლოდ პროდუქტით არის გამოვსებული და მიღმა სივრცის დანახვის, შესაბამისად, გარესამყაროს არეკვლის საშუალებას არ იძლევა, არ იქცევს ჩემს ყურადღებას.

პირველი ასეთი შემხვედრი ვიტრინა, თუ არ ვცდები, ლომბარდისა და ფულის გადასახურდავებელი პუნქტის არის. მასში თუ შეიხედავთ, საინტერესოს ვერაფერს დაინახავთ ზურგით მდგომი ერთი-ორი ადამიანის გარდა. დილით ისინიც იშვიათად არიან და ვიტრინიდან კიდევ ერთი პატარა სარკმელი ჩანს. მასში ალბათ ქალის სახესაც დალანდავთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩემსავით სწრაფად არ გარბიხართ და ვიტრინის დასრულებამდე ხუთამდე ნაბიჯის გადადგმას მაინც ახერხებთ. მე როგორც წესი, დილით გავრბივარ, ამიტომ საკუთარ სახეს უფრო სწრაფად ვპოულობ ვიტრინებში, ვიდრე მათ მიღმა დალაგებულ თუ გამოჩენილ ობიექტებს. ვხედავ ჩემ თმას, რკინის ბურთულებს ჩანთაზე, ქუსლებს და მზერა ისევ ასფალტზე გადამაქვს – ალაგ-ალაგ ფილაქნები ამოცვენილია, შეიძლება, ფეხი წამოვკრა... შემდეგი ვიტრინა მგონი ტანსაცმლის მაღაზიისაა. ჰო, ასეა. გაფშეკილ მანეკენს ტანსაცმელს 3-4 დღეში ერთხელ უცვლიან. მანეკენის გვერდით, კუთხეში, მაგიდა დგას, მასთან ახლად გაღვიძებულსახიანი ქალი ზის... მომდევნო ვიტრინაში ასეთივე გამოუძინებელი ჩინელი გოგო ჩანს, ფერადი წვრილმანებით გარშემორტყმული.
აფთიაქი. იმდენად არის განათებული, რომ მხოლოდ შიგნით ხედავ. ადამიანები ზურგებით, თეთრი ხალათები, სარეკლამო პლაკატები, "პამპერსების" შეკვრები თაროებზე...
ღვინის მაღაზია. მისი დამუქებული მინები საკუთარი თავის დანახვის საშუალებას იძლევა, მაგრამ თვალს ინტერიერიც გტაცებს: ვიტრინასთან დაწყობილი სასაჩუქრე ბოთლების ფორმები, ქვევრი, თაროები... სიღრმეში, კომპიუტერთან, მსუქანი კაცი ზის. იმდენად ჩამოჰგავს ქართველი თამადას ტიპაჟს, რომ მაუსით ხელში ცოტა შეუსაბამოდ გამოიყურება. ხანდახან, საღამოობით, მაღაზიის წინ ცისტერნა დგება. კასრს, რომელიც მაღაზიაშია, შლანგის საშუალებით ავსებენ. ამ დროს ირგვლივ ღვინის მძაფრი სუნი დგას.
შემდეგი ვიტრინა საოჯახო ნივთებით სავსეა – საუთოებელი მაგიდები, ხალიჩები, ჩაიდნები... წამით გაფიქრებული: "ეს მაგიდა უფრო მსუბუქი ჩანს, ვიდრე ჩვენი"... მერე ისევ აფთიაქები, სლოტკლუბები და მინის კარი. აქედან ქალაქის სხვა ნაწილში ვხვდები.

"მეორე მხარეს" პირველი ვიტრინა, რომელსაც ვხედავ, საკონდიტროსია – ფერადჟელეებიანი ტორტებითა და ნამცხვრის ნაჭრებით გამოვსებული. აქ ცალი თვალით ვიყურები, რადგან კიბეზე ჩავრბივარ და შეიძლება ცხვირი წავიმტვრიო. ცალ თვალსაც მკვეთრ განათებაზე არეკლილი ფერები მტაცებს, თორემ ნამცხვარს იშვიათად ვჭამ – არ მინდება.
შემდეგი მინა, რომელშიც ანფასში ვჩანვარ – გაზეთების ჯიხურის არის. მინის ზედა ნახევარს შიგნიდან გაკრული ღია ფერის ქაღალდი ფარავს, ამიტომ მკვეთრად მხოლოდ საკუთარ ფეხებს ვხედავ.
ბანკი. დღის ნებისმიერ დროს ადამიანებით სავსე. ძირითადად ზურგები ჩანს – ბანკის თანამშრომლებისკენ გადახრილი. სიტყვები, რომლებიც ვერ აღწევს გარეთ, გგონია, რომ ჩაგესმის – ანგარიშები, ფაქტურები, კუპიურები... თანამშრომლების ყელზე ცისფერი შარფები.
ამ ვიტრინაში ბევრი ჭურჭელია. ჭურჭელს შორის ჩემს სახეს ვავლებ თვალს. ეს მაღაზია სიმყუდროვის იმპულსებს ვერ გამოსცემს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისთვის საჭირო ნივთებით მონდომებით გაუფორმებიათ.
სალონი. ნაჭერგადაფარებული მხრები, ფენ და სავარცხელმომარჯვებული ქალები. ყველა პროფილში. კუთხეში გაცრეცილი ჟურნალების გროვა.
ტანსაცმელი. აქ საინტერესო რამეებია – შემიძლია, შევარჩიო. მანეკენებს ხშირად არგებენ ახალ კოლექციას. ამ სეზონზე მათი შეთვალიერების მერე თოვლში თავით გადაშვება მოგინდება. კონსულტანტი გოგოები, არც თუ იშვიათად, იცინიან.
ამ ვიტრინის წინ, მთელ პერიმეტრზე, გამაბრუებელი სუნი იფრქვევა. განსაკუთრებით კართან – თითქოს თაროებზე დალაგებული ყველა ფლაკონი ერთად დააქციეს. ვიტრინაზე ქალის ფოტოა. მის სახეზე ვირეკლები. მგონია, მზერას მაყოლებს...
ქვემოთ წიგნებია. ეს ვიტრინა მრავალფეროვნებით ვერ გამოირჩევა: ზედ – პლაკატები, მიღმა – ნაცნობი სახეები. სიახლის მოლოდინი შიგნით გექაჩება. წიგნები – უფრო ხშირად იგივეა, მათი გადაფურცვლის სურვილი – მაინც მოუწყენარი.

Wednesday, December 8, 2010

ასოციაციები

დღეს სამსახურში, აღწერილობებს რომ ვუკირკიტებდი, საუკუნის წინანდელი წიგნის სათაური მომხვდა თვალში: Что такое любовь. ნარკვევი 2 ნაწილად. ვინ იცის, რას წერდნენ მაშინ...
გაღიმებული ვიდექი ფანჯარასთან.
*
ასოციაციური სიტყვა: ღმერთი.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ქართველი ბავშვების წერილები გავრცელდა, რომლებსაც ისინი ღმერთს სწერენ. მოხიბლული დავრჩი მიმართვის უშუალო ფორმით. მარტო არ ვარ.
ჰო, იმედია, ამ წერილებში უფროსების ხელი არ ურევია.
*
წუხელ ვფიქრობდი და ვინ იცის მერამდენედ: რატომ ხდება ხოლმე ასე – როცა რამეზე ხელს საბოლოოდ ჩავიქნევ და ზურგს ვაქცევ, მაშინ გაისმის "ხმა". თითქოს ვიღაც ელის, სადამდე გავძლებ და როგორც კი დარწმუნდება, რომ ეს ჩემი ზღვარია, მკლავში მწვდება: "ჰეი, მოიცა, ჯერ არ დაგვიმთავრებია". განა ვთამაშობდი?!

Monday, December 6, 2010

ერთი კვირა, კედელზე

გულმა მხოლოდ სარჯენტისკენ გამიწია, მისი გალერეიდან კი – არაერთი ნახატისკენ. "ქაშმირი" შევარჩიე. მასზე, 7 სხვადასხვა რაკურსით, მხატვრის 11 წლის ნათესავი, ქაშმირის მოსასხამიანი რეინ ორმონდია ასახული.
...გოგონა, რომელმაც ჩაიარა. ფოტოკამერის "სერიის" გადაღების რეჟიმი გამახსენდა, როცა წამების დაყოვნებით რამდენიმე კადრის ავტომატურად გადაღება ხდება. აქაც: დინამიკა ხედვის არეალში. ასე ვიფიქრე. მხატვარი რას ფიქრობდა, ვინ იცის.

6-12 დეკემბერი.

Sunday, December 5, 2010

პასიურობაზე

ბოლო დროს ბლოგზე თითქმის არ ვწერ. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი – სამსახურიდან დაბრუნებულს არაფრის ხალისი რომ აღარ მაქვს, თუ გაზიარების უსურვილობა? ფაქტია, რაც დრო გადის, მეტად ვიკეტები და ნავსის გატეხვა მიჭირს. ცოტა ხნის წინ თითქოს ვძლიე პირველ კრიზისს (დავარქმევ სახელს), მაგრამ ისევ თავიდან... ტრადიციულ ორშაბათობებს არ ვარღვევ – ყოველთვის ვპოულობ განწყობის შესაფერ ნახატებს თუ უბრალოდ, საინტერესო მხატვრებს, მაგრამ ასეთი ბლოგი – "გამოფენიდან გამოფენამდე" არ მომწონს და მასევდიანებს.
აქ წერის სურვილისა და ჩვევის დასაბრუნებლად შევეცდები, ყოველდღე თუ არა, კვირაში რამდენჯერმე, თუნდაც მოკლედ მოვყვე დღის შთაბეჭდილებები, ისე, როგორც ეს პოსტი დავწერე – პატარა ამბავი ჩემს პასიურობაზე – ხმამაღლა ნაფიქრი.

Monday, November 29, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს გერმანელ ექსპრესიონისტს, ერნსტ კირხნერს გამოვფენ.
კირხნერი 1880 წელს, ბავარიაში დაიბადა. სწავლობდა არქიტექტურას. 1905 წელს მეგობრებთან – კარლ შმიდტ-როტლაფთან და ერიკ ჰეკერთან ერთად მხატვართა ჯგუფი "ხიდი" ("Die Brucke") დააარსა. მათ სურდათ, თავი აერიდებინათ შემოქმედებითი ტრადიციებისათვის, ახალი გამომსახველობითი გზები ეპოვათ, რაც ერთგვარი ხიდი იქნებოდა ძველსა და ახალს შორის. ისინი ხატავდნენ სწრაფი "მონასმებით", ცდილობდნენ, სპონტანურად "დაეჭირათ" სული სახატავი ობიექტისა, რომელსაც მაქსიმალურად ბუნებრივ პოზაში აფიქსირებდნენ.
1920-იანი წლებში კირხნერის პოპულარობა მისი წარმატებული გამოფენების პარალელურად იზრდებოდა; 1931 წელს იგი პრუსიის ხელოვნების აკადემიის წევრი გახდა. თუმცა, მოგვიანებით მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა: 1937 წელს ნაცისტებმა კირხნერის შემოქმედებას "დეგენერატული" უწოდეს და დაახლოებით 600 ნამუშევარი გაანადგურეს.

რაც შეეხება გამოსაფენ ნახატს: გოგონა მარცელა კირხნერმა ორჯერ დახატა. ამ კვირაში ორივეს წარმოგიდგენთ.
პირველი: ჩაფიქრებული მარცელა მწვანე კაბაში, კატასთან ერთად.
და მეორე: შიშველი მარცელა, ბაფთით

29 ნოემბერი –
5 დეკემბერი.

Monday, November 22, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს ან კლიმტი, ან შაგალი-მეთქი, ვიფიქრე.. საბოლოოდ კი, შაგალის რამდენიმე ნამუშევარს შორის აი, ეს წყვილი შევარჩიე.

22-28 ნოემბერი.

Tuesday, November 16, 2010

ამბავი რუხებისა და თეთრებისა

ასეა: მოგროვდებიან რუხი დღეები, მიეხლ-მოეხლებიან ერთმანეთს და მერე დაიშლებიან. მოვა თეთრი. ჩამოჯდება. დაუძახებს სხვებსაც. აბა, მარტო ხომ არ იჯდება :)
ჰოდა, ზის ახლა :)

Monday, November 15, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ამ საღამოს მოდილიანს გამოვფენ. ვერ ვიტყვი, რომ მიყვარს ეს მხატვარი, ბლოგზეც პირველად ხვდება, მაგრამ კვიპაროსებიანი პეიზაჟი, თბილი ტონებით, ჩემს განწყობას მოუხდა.

15-21 ნოემბერი.

Monday, November 8, 2010

ერთი კვირა, კედელზე

სიჩუმის პოეზია – ასე მოიხსენებენ იმ მხატვრის შემოქმედებას, რომლის გამოფენასაც ვაპირებ. ვილჰელმ ჰამერსჰოი კოპენჰაგენში, 1864 წლის 15 მაისს დაიბადა. ხატვას 8 წლის ასაკიდან სწავლობდა. საგამოფენო დებიუტი 1885 წელს – დის პორტრეტით შედგა, რომლითაც, როგორც ამბობენ, აღფრთოვანებული დარჩა რენუარი. მხატვრის დასახასიათებლად რაინერ მარია რილკეს შთაბეჭდილებაც კმარა, რომელიც მის გასაცნობად სპეციალურად ჩავიდა კოპენჰაგენში:
"გუშინ პირველად შევხვდი ჰამერსჰოის... მეტად დარწმუნებული ვარ, ყველა გაიცნობს მას, საუკეთესოები გაუგებენ და ისწავლიან მისი ბუნებრივი უბრალოების დაფასებას. მე კიდევ ვაპირებ მასთან შეხვედრას, მაგრამ არანაირი საუბარი აღარ შედგება, რამდენადაც ის მხოლოდ დანიურად ლაპარაკობს და ძალიან ცოტა გერმანული ესმის. შთაბეჭდილება, რომელიც მივიღე, იყო ის, რომ იგი მხოლოდ ხატავს და არ შეუძლია, ან არ სურს, აკეთებდეს რაიმე სხვას".
ჰამერსჰოის მიმართ რილკეს ინტერესის გაჩენა მხატვრის პოპულარობის პერიოდს დაემთხვა – იმხანად, განსაკუთრებით გერმანიაში, არაერთი გამოფენა მოეწყო, თუმცა გარდაცვალების შემდეგ ნელ-ნელა მიივიწყეს და ხელახლა მხოლოდ გასული საუკუნის ბოლოს დაუბრუნდნენ: დღეს ჰამერსჰოი არა მარტო სკანდინავიის ქვეყნების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხატვრად მიიჩნევა; მის პოპულარობას ხელი პარიზში, ნიუ-იორკსა და ლონდონში გამართულმა გამოფენებმაც შეუწყო.
ჰამერსჰოი ძირითადად მშობლიურ ქალაქში მუშაობდა – ხატავდა საკუთარი ბინის ინტერიერს, შენობების ექსტერიერებსა და პეიზაჟებს. ინტერიერებში ხშირად ფიგურირებს მისი მეუღლე – ქალი ზურგით. ფერთა პალიტრა უმეტესად მუქი ტონებისგან შედგება, მელანქოლიურ ნახატებს კი მისტიკურობის ელფერი დაჰკრავს.
დღეისთვის ინტერიერი შევარჩიე – ქალი პიანინოსთან
კვირის მეორე ნახევარში კიდევ ერთ ნახატს გამოვფენ.
*
აი, ისიც – ცოტა თბილი, მზის ათინათით. ჩემი ერთი ფოტო გამახსენა.

8-14 ნოემბერი.

Tuesday, November 2, 2010

საყოველთაო

"არსებობს ასობით მწერალი, თითოეული მათგანი თავისი თხზულების ასობით ეგზემპლარს აქვეყნებს, მერე ერთმანეთს ასევე დაუნანებლად ურიგებენ, როგორც სალამსა და შურს. ვინც არ წერს, არც კითხულობს, ვინც წერს, არც ის კითხულობს, თუ რაიმე ისეთი არ აჩუქეს, რაც უბრალოდ აუცილებელია წაიკითხოს და რაკი არც ერთი მათგანი ამ აურაცხელი განათლებული მკითხველის მხრიდან დიდ მხარდაჭერას არ ხედავს, აღარც თავისი თავის რწმენა აქვს და აღარც სხვისი, რამეთუ საკუთარი თავისა რომ ირწმუნო, უწინ სხვამ უნდა ირწმუნოს შენი; მაშასადამე, როგორც საკუთარ, ისე მკითხველს შორის წარმატებაში რწმენის უქონლობა, სწორედ რწმენის უქონლობა, ჩვენი მწერლების ეს უპირველესი თვისება – გახლავთ მიზეზი, რომ ერთმანეთი სძულთ, ან უფრო სწორად, ჰგონიათ, რომ სძულთ".
მიგელ დე უნამუნო. სიყვარული და პედაგოგიკა. 1902.

ასე მგონია, ზემოთ მოყვანილი აზრი საქართველოდან ახლახან გამგზავრებულმა უნამუნომ დაწერა. როგორც ჩანს, ესეც სენია – საყოველთაო.

Monday, November 1, 2010

ერთი კვირა, კედელზე

პოლ გოგენის "წითელთმიანი ქალი და მზესუმზირები"
გოგენის ფერთა პალიტრა ყოველთვის მომწონს, მზესუმზირები – ასევე, ამ ქალის განწყობას კი თქვენთან ერთად დავაკვირდები :)

1-6 ნოემბერი.

Saturday, October 30, 2010

I did it :)

დღეს გამოცდა ჩავაბარე – რამდენიმე დღეში მართვის მოწმობას ავიღებ...
გამთენიისას, სიზმრად ძალიან მინდოდა ტელეწამყვანად მუშაობა. სამსახურში აყვანის აუცილებელი პირობა მანქანის მართვის ცოდნა იყო. დიდი მონდომებით ვმართავდი და მანქანა ვერაზე, ჩემს ძველ ეზოში გავაჩერე. რამდენიმე საათში მართლაც მიმიღეს "სამსახურში" :)
ვინც გასვლას აპირებს, მინდა სიმშვიდე ვუსურვო და ვურჩიო – შესაბამისად, ცდაც წარმატებული იქნება. პირველ გამოცდაზე აბსოლუტურად მშვიდი ვიყავი, თეორიის საუკეთესო შედეგით (30/30) ჩაბარების შემდეგ პრაქტიკული გამოცდა აღარაფრად მიმაჩნდა. თან მასწავლებლისგანაც ძალიან გამხნევებული ვიყავი. ყველაზე მოულოდნელ ადგილზე და მოულოდნელი მიზეზით ჩამჭრეს. ბოლო მომიღო წარუმატებლობამ – იმ განწყობის მერე მიწაზე დანარცხებას უდრიდა. და გამიჩნდა შიში.
დღეს უმშვიდესი გამომცდელი შემხვდა – აი, ბუნებრივად ასეთი ნატურა და მეც გადმომედო მისი სიმშვიდე. დილითაც შედარებით აუღელვებელი გავედი შინიდან. მოკლედ, ისევე ვმართე, როგორც გაკვეთილებზე...
პრაქტიკულზე სიარული ხომ წვიმაში მიწევდა და დაემთხვა – გამოცდაც ასეთ დღეს ჩავაბარე. ვატყობ, მომავალში წვიმიან ქუჩებში სიარულიც მეყვარება :)

მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო, ვინც გამოცდაზე გასვლას აპირებს. მთავარია, არ იღელვოთ :)

Monday, October 25, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ძალიან მომწონს ჯონ სინგერ სარჯენტის როსინას გულწრფელი ღიმილი, უცნაური შარმი აქვს, მართლაც: ის სარჯენტის უმთავრესი მუზა იყო. როსინა ფერარა 1861 წელს იტალიაში, კუნძულ კაპრიზე დაიბადა. თავისი არაბულ-ბერძნული ტიპის გარეგნობით სარჯენტის გარდა, მე-19 საუკუნის არაერთ მხატვარს შთააგონებდა; ერთ-ერთი მათგანის – ჯორჯ რანდოლფ ბარსის მეუღლეც გახლდათ.
მე-19 საუკუნის მწერლები და მხატვრები საკუთარ მუზებს კაპრიზე პოულობდნენ – ეს კუნძული მთელს ევროპაში ეგზოტიკური სილამაზის ქალებით იყო განთქმული.
სარჯენტი კაპრიზე 1878 წელს ჩავიდა. როდესაც 17 წლის როსინას სურათი ნახა, გოგონა პანტერას თვალებიან, ელფის მსგავს, მთელს კაპრიზე ყველაზე ველურ და მოქნილ არსებად დაუხასიათეს. მხატვარმა ის კუნძულზე გატარებული ერთი წლის მანძილზე 12-ჯერ დახატა.
როსინას ერთადერთი შვილის მამად კუნძულზე ჩასული ბურბონთა სამეფო ოჯახის უცნობი წევრი მიიჩნეოდა. გათხოვების შემდეგ გარდაცვლილი დის შვილი იშვილა და ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა.

25-31 ოქტომბერი.

Thursday, October 21, 2010

"Second Hand Dreams"

მეორე სინგაპური
მეორე ცენტრალ პარკი
მეორე ეიფელი
მეორე ნიცა
მეორე ალპები
მეორე ჰოლივუდი
მეორე ქანდაკება A
მეორე ქანდაკება B
მეორე ქანდაკება C
...
ეს ყველაფერი ახალი როდია (მოდისა არ იყოს). ჯერ კიდევ რომელ საუკუნეში (ნუ, წინაში ნამდვილად) ამბობდნენ, თბილისი მეორე პარიზიაო :)(

Monday, October 18, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე დღეს გამომეფინა ნახატი, რომელზეც არა კონკრეტული ემოცია და ამბავი, არამედ მხოლოდ ფერები, სინათლე, განწყობა იქნებოდა. პოლ კლის სავსე მთვარით განათებული სენ-ჟერმენი შევარჩიე.


18-24 ოქტომბერი.

Friday, October 15, 2010

"არომათერაპია"

ორი დღეა, ერთ სურნელოვან საიტს ვათვალიერებ,
ნინასგან მივაგენი. მოვძებნე ყველა ის სუნამო, რომელიც მქონია (მახსოვს, რომ მქონდა) და დავიწყე მათი სურნელების ინგრედიენტებად დაშლა – რაც ნაცნობია, მისი დაქუცმაცება უფრო მეადვილება, უცნობი შემიძლია მხოლოდ წამოვიდგინო. გამიტაცა ამ პროცესმა. აქამდე, თუკი ვიგებდი სუნამოების შემადგენლობებს, მალევე ვივიწყებდი. მთავარი შედეგი იყო – საბოლოო თაიგული, რაც მსიამოვნებდა, ან – დომინანტი ტონი. ამ საიტის დახმარებით გარკვეული დასკვნებიც გავაკეთე: სუნამოები, რომლებიც მომწონს, ყოველთვის შეიცავს მუშკს; ყველაზე მეტად ის სურნელი მომწონს, რომელშიც ორქიდეაა, ასევე: მაგნოლია, გარდენია, ჟასმინი, ლილია... მიყვარს ციტრუსები და ზოგადად, ყვავილები.
არასდროს მიფიქრია, რომ სუნამოს შესაქმნელად შეიძლება გამოიყენონ ქვიშის, ნიჟარების, თხის ბეწვის, ქვირითის და სხვა ორგანული თუ არაორგანული წარმოშობის ტონები (აქ ძველი და ახალი წიგნების სუნი გამახსენდა და ვიფიქრე – პარფიუმერიაში ქაღალდის სუნს თუ იყენებენ-მეთქი?). უნებურად დავიწყე ადგილების, ადამიანების, ქსოვილებისა და სხვა მატერიალების გახსენება, რომლებმაც თავი დამამახსოვრეს. ყნოსვითი მეხსიერება ხანდახან უფრო ძლიერია, ვიდრე, მაგალითად, მხედველობითი.

ძალიან მალე ჩემს ეზოში ქრიზანთემები აყვავდება. გასულ კვირას ბუჩქებს ერთი ბეწო კვირტები ჰქონდა გამოსხმული, მაგრამ ყველა ყლორტსა და ფოთოლს ყვავილის სუნი ასდიოდა... ნეტა, რომელ სუნამოში იყენებენ ქრიზანთემას? მოვძებნი. ამ ღამით კი, ჩემს ცხვირს სველი ბალახისა და მიწის, წვიმის, შემოდგომის ყვავილების, ხის მერქანის სუნები უტევენ. სეზონურია, ალბათ.


სურნელოვანი ტონები – ჩემი ფლიკრიდან

Tuesday, October 12, 2010

The Patroni System

რამდენიმე დღის წინ მანქანის მართვის გაკვეთილებზე გოგოების წყვილად სიარულზე ვწერდი – ჩვენში უკვე ჩვევად თუ წესად დამკვიდრდა თანმხლებთან ერთად სიარული, რომელიც გოგოს შინ "მშვიდობით" დაბრუნებას, ჭორებისგან დაცვას და მისი პატრონის მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ეს საყოველთაო წესი არ არის, მაგრამ თვალში მოსახვედრია.

დღეს ლინგვისტუსის სტატუსში რამდენიმე ბლოგის მისამართი ვნახე, რომელთა ავტორებიც საქართველოში ახლახან ჩამოსული ინგლისური ენის მასწავლებლები არიან. მათი შთაბეჭდილებები ძირითადად სკოლას, ტრადიციებს, სტუმართმოყვარეობას, კულინარიას, ღვინოს შეეხება, მაგრამ ერთ ბლოგზე სექსისა და გენდერული ურთიერთობების საკითხებით დაინტერესებული მასწავლებელიც ვიპოვე. ფრაზა, რომელიც ჩემი პოსტის სათაური გახდა, მას ეკუთვნის.
როგორც ჩანს, ეს მოხალისეები გააფრთხილეს (და ზედმეტი მონდომებითაც), რომ საქართველოში ქუჩაში მარტო გასვლა, მოგზაურობა, ბარებში შესვლა, ურთიერთობების წამოწყება საშიშია. განსაკუთრებით, ქართველი მამაკაცებით არიან დაშინებულები. "პატრონებადაც" სწორედ ისინი არიან მონათლულები.
"Our TLG group was given days of training in which we were told over and over again, for hours, that women were not to go out alone. Women could not go to a bar alone. Women should not get in a cab alone. If possible, women should travel with male escorts".
ავტორი წერს, რომ აქ მთლად ირანი არ არის, მაგრამ ამერიკასთან შედარებით ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ასევე უკვირს ქართველი მამაკაცების სექსუალური აქტივობა მაშინ, როცა ქალები ქორწინებამდე ქალწულები არიან.
‎"Men are expected to be sexually experienced when they get married and women are expected to be virgins. Of course, this system cannot work without some third factor, because how are men to get experience when women are not allowed to have sex? "
მისი საბოლოო დასკვნა ის არის, რომ "
Every woman has a “patroni”.
ბლოგის ავტორს ეს სიტყვა ალბათ არასდროს დაავიწყდება :)

აქვე, ინგლისური ენის მასწავლებლების სხვა ბლოგებიც –
უცხო თვალით დანახული ჩვენ:
http://michelleingeorgia.blogspot.com/
http://georgianbacon.blogspot.com/
http://drewsobota.wordpress.com/
http://mkisteachingingeorgia.blogspot.com/
http://asenseofadventure.blogspot.com/
http://stevenfdiamond.blogspot.com/
http://gnjb.blogspot.com/
http://raughley.wordpress.com/
http://paulingeorgia.wordpress.com/
http://gamecaucasus.wordpress.com/
http://wishdafishwasme.wordpress.com/
http://peripateticpedagogue.wordpress.com/
http://emily-in-georgia.blogspot.com/
http://ilanasworldadventures.blogspot.com/
http://charlotteinzion.blogspot.com/
http://jasonkylebrown.blogspot.com/
http://geoconstruction.blogspot.com/
http://rickgove.wordpress.com/
http://teachingeorgia.blogspot.com/
http://mygeorgianadventures.blogspot.com/

http://mneedles.wordpress.com
http://mfgold-whatthehellamidoinghere.blogspot.com/

Monday, October 11, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ეგონ შილეს ეს გამომეტყველება. თუმცა, მის წვრილტანა, სარზე მიმაგრებული ხის გამოფენაზეც არ ვიტყოდი უარს...

11-17 ოქტომბერი.

Monday, October 4, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ძალიან მინდოდა, დღეს კლიმტის რომელიმე ნახატი გამომეფინა. არჩევანი ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტზე შევაჩერე. პორტრეტი – როგორც ეროვნული საგანძური – ავსტრიის სახელმწიფო გალერეაში ინახებოდა, 2006 წელს კი 135 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს დღემდე ყველაზე დიდ თანხად არის მიჩნეული, რაც ფერწერულ ტილოში გადაუხდიათ. ხოლო, მის გაყიდვამდე ნახატის მფლობელობის გასარკვევად საქმეს ორი ქვეყნის სასამართლო განიხილავდა. დავაში ჩართული იყო პოლიტიკური მოღვაწეებისა და ადვოკატების მთელი არმია. დავა სახელმწიფოსა და ბაუერის მემკვიდრეებს შორის მიმდინარეობდა. ეს უკანასკნელები ნაცისტების მიერ მითვისებული მემკვიდრეობის დაბრუნებას ითხოვდნენ. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

18 წლის ადელ ბაუერი, დედის დაჟინებული მოთხოვნით, ხანშიშესულ, შეძლებულ ფერდინანდ ბლოხზე გათხოვდა. ბაუერი მხატვრობით იყო გატაცებული და ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებაც სურდა. ადელმა თხოვნით მიმართა კლიმტს – დაეხატა მისი პორტრეტი. კლიმტს უხეში ადამიანის სახელი ჰქონდა გავარდნილი, მისი ცხოვრების წესი მაღალი საზოგადოებისთვის მაშოკირებელიც კი იყო. ამ ფონზე, მხატვარსა და ადელს შორის გაჩენილი მჭიდრო ურთიერთობის გამო ათასი ჭორი ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა, მათი მეგობრობა წლების მანძილზე გაგრძელდა.
ადელი 44 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა. ის ერთადერთი მოდელი იყო, რომელიც კლიმტმა არაერთხელ დახატა.

4-10 ოქტომბერი.

Sunday, October 3, 2010

ორ–ორი

"რატომ დადიან გოგოები ტუალეტში წყვილად?" – ეს კითხვა პირველად მე არ დამისვამს (არც პასუხი ვიცი), მაგრამ რამდენიმე დღეა, სხვა კითხვა გამიჩნდა:
– რატომ დადიან გოგოები მანქანის ტარების შესასწავლად წყვილად? :) რატომ ზის სალონში მათი დაქალი, და, დედა, პეტრე, პავლე, რომელიც უბრალოდ დამსწრეა?
ჩემს მასწავლებელს უმეტესად გოგო მოსწავლეები ჰყავს, მის ორ კოლეგასაც – ასევე. ყველა გოგოს, რომელიც ვნახე, მეგობარი ახლდა. თურმე, გოგოებს ხშირად ძმები ან ქმრებიც მოჰყვებიან, რომლებიც შეცდომების დაშვებისას მათ (ასევე ხშირად) აკრიტიკებენ, უყვირიან კიდეც და ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს. საერთოდაც, დამსწრის არსებობა, რომელიც ცოდნას გიფასებს, მეტ-ნაკლებად მოქმედებს.
მასწავლებელი ხშირად გადადის მანქანიდან და საშუალებას მაძლევს, მარტომ გადავწყვიტო – რა გავაკეთო. პირველად რომ გადავიდა, შემეშინდა და შემეშალა. დაძაბულობა იმავე გაკვეთილის ბოლოს მომეხსნა. მეუბნება, რომ მე ეს ყველაფერი ვიცი, მთავარია, არ განვიცდიდე. ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტია – უფრო თავდაჯერებული ხარ: იცი და შენზეა დამოკიდებული – როგორ გააკეთებ.

ამ გაკვეთილებმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა, როგორ უყვართ ახლობლებს ჩვენში გოგოებისთვის თვალ-ყურის დევნება – მათი სურვილის საწინააღმდეგოდ თუ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სურვილის თანახმად. თან ეს ყველაფერი დაცვის სახელით ხდება. ოღონდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში (და ბევრ სხვაშიც) რისგან/ვისგან იცავენ მათ (და თავებს), არ ვიცი.

Thursday, September 30, 2010

მონაკვეთი (დილა)

სიტყვა "მონაკვეთი" ბოლო დროს ხშირად წარმოვთქვი. ვუკირკიტებ გზის მონაკვეთებს და ვცდილობ, განვსაზღვრო, რომელზე რა ხდება, ან უნდა მოხდეს. სწორი პასუხი წელში მმართავს – წინ მივდივარ. დღის მონაკვეთებზე ფიქრი, მათში სვლა კი თითქოს ბუნებრივია და მათ მხოლოდ მაშინ ვაქცევთ ყურადღებას (და მათი წყალობით – დღეს), თუ "კითხვა" გვერგება განსაკუთრებული – რთული ან სასიამოვნო, უბრალოდ, განსხვავებული.

დილა/1
წუხელ, 3 საათზე, გრგვინვამ გამაღვიძა. ვიწექი მობუზული და მეგონა, როცა გათენდებოდა, გარეთ მთელი აღარაფერი დამხვდებოდა. რაღა ამ ღამით ჩამოიქცა-მეთქი ცა, დილას რომ ასე ვუცდი; ან როგორ უნდა წავიდე, ან რა უნდა მოვახერხო, ან საერთოდ თუ წავალ...
როცა მოტივაცია გაქვს, არც ადრე დაწოლა გეზარება, არც 6-ის ნახევარზე ადგომა, პირიქით. ძალიან ლამაზი მომეჩვენა ეს დილა – მშვიდი, დაწმენდილი და ვიფიქრე, რომ ყოველი ადრიანი დილა ასეთია, უბრალოდ ვერ ვასწრებ მის ნახვას. როცა გავდივარ, ირგვლივ უკვე ხმაურია, მე კი საათზე მალი-მალ ვიყურები და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს, სამსახურამდე, მანქანის ტარების პირველი პრაქტიკული გაკვეთილი მქონდა.
მართალია, ისევ იმ აზრზე ვარ, რასაც წინა პოსტში ვწერდი, რომ მანქანის მარკას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ გამოცდაზე გასულების რჩევამ (მანქანისა და გამოსაცდელი ელემენტების გაბარიტების შესახებ) მაინც იმოქმედა, თანაც ეს ყველაფერი დროსა და ფულთან არის დაკავშირებული, ამიტომ მეც პირდაპირ "შკოდაზე" მეცადინეობა ვარჩიე.
მასწავლებელი ინტერნეტით ვიპოვე, თან სასწავლო მოედნის ადგილმდებარეობაც მისაღები აღმოჩნდა. სანამ დავიწყებდით, – 10 გაკვეთილზე ვინც ვერ ისწავლის, იმან მანქანა არც უნდა მართოსო, – თქვა. ვუსმენდი და მეშინოდა :) ცოტა ვიცი-მეთქი, მამაზე ვუთხარი. არ გეხსომებაო, ამდენი ხნის მერე. გავატარე და მოეწონა. მისი შეფასებით მაქსიმუმ 4 გაკვეთილი საკმარისი იქნება ჩემთვის. გამიხარდა. დღეს კარგი გოგო ვიყავი – არც ჩამქრობია, გარაჟშიც შევასკუპე და "ზიგზაგები" და "რვიანიც" მოვახერხე. დანარჩენი არ გაგვივლია. მოკლედ, მომეწონა ჩემი მასწავლებელი. ხვალ მგონი უფრო თავდაჯერებული მივალ – დაძაბულობამოხსნილი :)
ძალიან მინდა, წარმატებით ჩავაბარო. ასეთი განცდა მაშინ მქონდა, როცა აბიტურიენტი ვიყავი. არანაკლებია. ასე მგონია, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება იმ დღეს, როცა ეს ყველაფერი მორჩება.

დილა/2
როცა ადამიანებს ერთმანეთის ნახვა ახარებთ და ამას ასე გამოხატავენ, დღე ერთფეროვანი დღეების რიგში როგორ დარჩება?
...
ჯერ მხოლოდ ნაშუადღევია :)

Monday, September 27, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს სალვადორ დალის "უკანასკნელ სერობას" გამოვფენ. ამ თემაზე არაერთ მხატვარს დაუხატავს, მათ შორის ყველაზე ცნობილი ვერსია დალის საყვარელ მხატვარს – ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. როგორც და ვინჩის ნახატზე, ქრისტე აქაც მაგიდის ცენტრში ზის. თვალში მოსახვედრია მისი ქალური საწყისი: სახის ნაკვთებს თუ დააკვირდებით, გალას ამოიცნობთ. დალიმ გალა მანამდეც დახატა რელიგიურ თემაზე შექმნილ ნამუშევრებში (როგორც მადონა). ქრისტეს უკან, პეიზაჟზე, პორტ ლიგატში, დალის სახლის ახლოს მდებარე ყურეა გამოსახული.
პ. ს. უკომენტაროდ: ნავი – გულიდან..

27 სექტემბერი –
3 ოქტომბერი.

Thursday, September 23, 2010

დილა


დღეს უცნაური დილა მქონდა. ჯერ ეს გოგოები ჩამოსხდნენ ჩემს ფანჯარასთან. უფრო ზუსტად, ექვსი თუ შვიდი ბეღურა იყო, მაგრამ კადრში ყველა ვერ მოხვდა. მხედავდნენ, მაგრამ არ გაფრენილან. პირიქით, აი ასე გამწკრივდნენ :) ფარდის უკან მდგარი ვიღებდი, ამიტომ ცოტა ბუნდოვანი ფოტო გამოვიდა.
სულ რამდენიმე წუთში კი, სამსახურისკენ აჩქარებული, ქურთების ქორწილს შევესწარი. დილის 9 საათზე! ისე მოულოდნელი იყო... მათი ცეკვა გადავიღე :) მერე მთელი გზა მეღიმებოდა.
რატომღაც, ამ დილის გამო, რაიმე კარგის მოხდენის მოლოდინი დღის მანძილზე არ მომცილებია. თუმცა, მეტი რა უნდა მომხდარიყო – რამდენჯერაც ბეღურები თუ მექორწილეები გამახსენდა, გამეღიმა..

ჰო, ფოტო და ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით ერთი იდეაც გამიჩნდა. კარგად მოვიფიქრებ და თუ მოვაბი თავი, ამაზე ცალკე დავწერ.

Monday, September 20, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ამ ნახატის გამოფენა რთველის დაწყებიდან მინდა. ყოველთვის მიყვარდა რთველი. რთველამდე კი, ვაზი მიყვარს – მცენარე, რაც ალბათ მამას დამსახურებაა. ვაზს განსაკუთრებით უვლიდა, ეზოში, თუ სადმე ადგილი გვქონდა, ხეივანი გამართა. მაჩვენებდა – აი, ახალი ჯიში, აი, როგორ იხარა..
ვატყობ, ნოსტალგიური ვხდები და ბევრს არ გავაგრძელებ. უბრალოდ, ვან გოგის მწვანე ვენახებს გამოვფენ...

20-26 სექტემბერი.

Wednesday, September 15, 2010

მართვის მოწმობა

ერთი კვირაა, ჩემს დღის განრიგში ცვლილებაა – საღამოობით ავტოსკოლაში დავდივარ. ყოველთვის მინდოდა მანქანის მართვის შესწავლა, თან ისე, რომ თავდაჯერებული და კარგი მძღოლი ვყოფილიყავი, თუმცა ეს სულ გაურკვეველი მომავლისთვის მქონდა გადადებული – მანქანა არ მაქვს და შესაბამისად, არ ვჩქარობდი. სულ პატარა – 7-8 წლის ვიყავი, მამამ საჭესთან პირველად რომ დამსვა. უნდოდა, კარგად მცოდნოდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და სხვადასხვა მიზეზის გამო, წლებია, საჭესთან არ ვმჯდარვარ.
ბოლო დროს ჭორები გავრცელდა მართვის მოწმობის აღების გართულებაზე. მართალია, შემდეგ ოფიციალურად განმარტეს, რომ ეს მხოლოდ ჭორებია, მაგრამ მე მაინც ამაჩქარა. ჰოდა, ავტოსკოლის მოძებნაც დავიწყე. არ ვიცი, როდის მექნება მანქანა, მაგრამ მაინც..
ცოტა რამ პირადი გამოცდილებიდან – დასაწყისისთვის:
რა თქმა უნდა, ინფორმაციისთვის ინტერნეტს მივმართე – ვნახე რამდენიმე ავტოსკოლის კოორდინატები, დავრეკე და თითქმის ყველგან სტანდარტული პირობები დამხვდა: თეორიული კურსის ფასი 80-დან 100 ლარამდე მერყეობს იმის მიხედვით, ინდივიდუალურად ისწავლით თუ ჯგუფში. ხოლო პრაქტიკული მეცადინეობებისთვის ფასი დროისა და სასწავლო მანქანის მარკის მიხედვით დგება: "ოპელის" მარკის მანქანებზე 1 სთ. მეცადინეობა ძირითადად 15 ლარი ღირს (შემხვდა 20 ლარიც), ხოლო "შკოდას" მარკის მანქანაზე 1 სთ. – 25 ლარი. როგორც ჩემმა მასწავლებელმა თქვა, გამოუცდელ ახალბედებზე ინფორმაცია, რომ "შკოდა" ის მანქანაა, რომლითაც პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩააბარონ, მოქმედებს, არადა მნიშვნელობა არ აქვს. მე მგონია, როცა ადამიანი მართვის მოწმობას იღებს, იგულისხმება, რომ ის ნებისმიერ მანქანას უნდა მართავდეს (მოწმობის კატეგორიის შესაბამისად) და არა რომელიმე კონკრეტული მარკისას.

პრაქტიკული მეცადინეობა ორგვარია: 1) ავტოდრომზე (თბილისში არაერთია), რომელზეც დახაზულია ის 6 ელემენტი, რომლებიც გამოცდაზე ბარდება; 2) მეცადინეობა ქალაქში. არჩევანს თვითონ აკეთებთ, თუმცა დასაწყისისთვის ალბათ საგამოცდოდ მომზადება ჯობია. ასევე აუცილებელია პრაქტიკა ქალაქში (მით უმეტეს, თბილისის გადატვირთული ქუჩების გათვალისწინებით). თეორიული კურსის გავლა დამოუკიდებლადაც შეიძლება – არსებობს რამდენიმე სასწავლო წიგნი, ასევე საიტები, სადაც საგამოცდო ტესტებსა და სხვა ინფორმაციას ნახავთ, მაგრამ ალბათ მასწავლებელთან სიარული ჯობია. რა თქმა უნდა, წიგნები და საიტები ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენება. ტესტირების ბილეთები ყველა საიტზე ერთი და იგივეა – ის, რაც ბარდება. მართვის მოწმობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მომსახურების სააგენტოს საიტზეა.
წარმატებები, ვინც გამოცდაზე გასვლას გეგმავს, გამოცდილთა რჩევები კი საინტერესო იქნება :)

Monday, September 13, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დიდი ხანია, მარკ შაგალი არ გამომიფენია. სპონტანური არჩევანია, დილით სხვა ნახატს ვგეგმავდი. უცებ გამახსენდა მისი მთვარიანი ღამეები, მფრინავი წყვილები... ასე რომ, კიდევ ერთი მოღიღინე ადამიანი შემოუერთდება ჩემს ბლოგს :) ეს ჩემი აღქმით, რადგან სულ მგონია, რომ შაგალი ხატვისას ღიღინებდა :)
"საღამო ფანჯარასთან"

13-19 სექტემბერი.

Saturday, September 11, 2010

დგომა – პირუკუ


დღეს პირველად ვიგრძენი, რომ შემოდგომა დადგა. შემოდგომიდან ზამთარში გადასვლა თითქოს უფრო ადვილია. აი, თბილი დღის შემდეგ სუსხში გაღვიძება – ცოტა არ იყოს, რთული.
ახლა საღამოებს ჩაის სურნელი აუვა, ფორთოხლის შემოსვლამდე დროც ნელ–ნელა შემცირდება. ფორთოხლებამდე ყურძენია ხეივნებზე და ბროწეულები – ბაღებში, ფოთლები კი – ჩამოსაცვენი. შემოდგომობით ბუნებაში ხეტიალი მინდება, მზიან დღეებსაც სხვა ხიბლი აქვთ – თითქმის გათავებული სასუსნავივით, ყველა ლუკმას რომ განსაკუთრებულ გემოს ატან.

ისეთ სევდიან სიმღერას ვუსმენ. სხვა თბილისში დამაბრუნა. მიყვარდა ეს მელოდია და წლებია, არ მომისმენია, მაგრამ არც დამვიწყებია. უამრავი მელოდიაა, რომელიც დროდადრო მეხსიერების ზედაპირზე ამოტივტივდება ხოლმე და ეს საკმარისია – არ ვეძებ ჩანაწერს, ხმას, სახელს, მიუხედავად იმისა, რომ დღე(ებ)ს მისი რიტმის ქვეშ ვატარებ.
ახლა კი ვუსმენ და ძალიან ხელშესახები გახადა თითქმის 20 წლის წინანდელი პერიოდი – როცა ის დაიწერა. მას შემდეგ თითქოს ყველაფერი შეიცვალა: აღარც რაღაცნაირი თავისუფლება დაგვრჩა – უცებშემოჭრილი, არც ურთიერთობები; ის ადამიანებიც, ვინც მაშინ – ნელ-ნელა აღარ...

როცა უკან იყურები, წინა გზას თავისთავად თვალს აცილებ.
ეს მუსიკაა. მხოლოდ მუსიკა, რომელიც დროდადრო ბრუნდება.

...
წელი მიილია.

Wednesday, September 8, 2010

სიტყვები

სიტყვებს თუ ხელს ჰკრავ, წავლენ.
და მერეა, რომ ზიხარ, იღიმი და ვერ წერ. გრჩება ბლოგი უამბებოდ. არადა, რამდენია სათქმელი.
თითქოს დიდი ხნის უმოქმედო კიდურებს ვეღარ იმორჩილებდე. თავიდან სწავლობდე ნაბიჯის გადადგმას..
*
ჩემი წიგნი 150 გრამი ყოფილა.
დღეს ვნახე ერთი მაღაზიის საიტი, ძებნაში საკუთარი გვარი ჩავწერე და... აუწონავთ. მათთვის, ვინც ამანათად შეკრავს. ჩემზე კი იმოქმედა: ჯერ გამეცინა, მერე ვთქვი: სულ 150 გრამი სიტყვა, არც მეტი, არც ნაკლები :)
წარმოვიდგინე, როგორ აწონეს..
იქ:
წიგნები, როგორც ახალშობილები: სიგრძე, წონა, სხვა ინფორმაცია.
ზოგი ხმაურობს, ზოგი ჩუმადაა.
ყველას შია... თვალი.
*
ჩვენში (ამბობენ): სიტყვას წონა აქვს და ფასი,
შეუძლია მოკლას ან განკურნოს,
გაუსწროს და
იყოს პირველი
(როგორც თავიდან).

თავები – ჩვენი – კალათები, სიტყვებით სავსე.
ჩავყო ხელი კალათასა :)





Monday, September 6, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს კიდევ ერთ ამერიკელ მხატვარს წარმოგიდგენთ: გრანტ ვუდი 1891 წელს დაიბადა. 1920-1928 წლებში ევროპაში მოგზაურობდა და იპრესიონიზმსა და პოსტიმპრესიონიზმს სწავლობდა. ის რეგიონალიზმის (მიმართულება, რომელიც ამერიკაში 1930 წელს გაჩნდა. რეგიონალისტები სოფლის ცხოვრებას ასახავდნენ) სამი საუკეთესო წარმომადგენელიდან ერთ–ერთია. ფერწერის გარდა, სხვადასხვა ტექნიკით მუშაობდა: ნამუშევრების შესაქმენლად იყენებდა ხეს, კერამიკას, მეტალს და სხვა მასალებს.
*
გრანტ ვუდმა "ამერიკული გოთიკა" 1930 წელს დახატა. ის არა მხოლოდ მხატვრის ყველაზე ცნობილ ნახატად, ამერიკული ხელოვნების კლასიკადაც ითვლება. ნახატზე გამოსახულია ვუდის და – ნენ ვუდ გრეჰემი. ინსპირაციის წყარო გოთურ სტილში აგებული სახლი იყო, რომელიც მხატვარმა ელდონში ნახა. პერსონაჟებს მე-19 საუკუნის შესაფერად აცვიათ, ხოლო სამკაპა მამაკაცის ხელში კატორღული შრომის სიმბოლოს გამოხატავს.
ძალიან საინტერესოა ვუდის პორტრეტები: საკმარისია, ერთხელ ნახოთ ეს ადამიანები და დაგავიწყდეთ მათი დამახასიათებელი ნაკვთები, გამოხედვა.. ადვილი ამოსაცნობია მხატვრის ხელწერა.
წყვილი "გოთიკიდან" ძალიან პოპულარულია: ქმნიან მათ პაროდიებს, იყენებენ რეკლამისთვის... ჩიკაგოში მათი ძეგლიც დგას.
*
კვირის მეორე ნახევარში მხატვრის ერთ–ერთ პეიზაჟს გამოვფენ.
...
აი, დაპირებული პეიზაჟიც – სიმინდის ყანები. ვუდის პეიზაჟებში მიწა ყოველთვის ნაყოფიერია, სოფლები – კოპწია, ადამიანები – მოფუსფუსე, "ბუთქუნა" ხეები კი ფერნანდო ბოტეროს ფერხორციან ადამიანებს მახსენებს :)

6-12 სექტემბერი.

Monday, August 30, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ამ კვირის გამოფენისთვის ჯონ სინგერ სარჯენტის ორი ნახატი შევარჩიე. ის იმპრესიონიზმის, ფოვიზმის, კუბიზმის ხანაში მოღვაწეობდა, თუმცა გულდასმით სწავლობდა რეალიზმს და ამ მიმართულებით ხვეწდა თავის ხელწერას. მის არაერთ ნახატზე დიეგო ველასკესის, ვან დეიკისა და გეინსბოროს გავლენა შეიმჩნევა და ეს (იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის მანძილზე სწავლობდა მათ შემოქმედებას), ბუნებრივი და მიზანმიმართულიც კი არის. როდენმა სარჯენტს მათი დროის ვან დეიკიც კი უწოდა. სარჯენტი არ ითვლება იმპრესიონისტ მხატვრად, თუმცა ერთ ხანს მიმართავდა შესრულების იმპრესიონისტულ მეთოდებს. ბრიტანელი კრიტიკოსები მას მაინც იმპრესიონისტად მოიხსენებდნენ, ფრანგი იმპრესიონისტები კი ასე არ ფიქრობდნენ..

მისმა მშობლებმა ამერიკა ოჯახური ტრაგედიის გამო მიატოვეს – პირველი შვილის გარდაცვალების გამო დეპრესიაში ჩავარდნილი ცოლი სარჯენტის მამამ – ცნობილმა ქირურგმა – ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა. 1856 წელს, იტალიაში დაიბადა ჯონ სინგერ სარჯენტი. მისი მშობლები ხატვით თავადაც იყვნენ გატაცებულები – დედა მოყვარული მხატვარი იყო, მამა კი, გარდა ქირურგობისა, სამედიცინო გამოცემების კვალიფიციური ილუსტრატორი გახლდათ. სარჯენტმა ხატვის ნიჭი ბავშვობიდანვე გამოავლინა და მშობლების ხელშეწყობით მისი შესწავლაც დაიწყო. 17 წლის სარჯენტი უკვე ძალიან განათლებულ და პოპულარულ ადამიანად ითვლებოდა: ფლობდა რამდენიმე ენას, მხატვრობის გარდა, გატაცებული იყო ლიტერატურითა და მუსიკით. მოგვიანებით პროფესიონალი აკომპანიატორიც გახდა.

თავდაპირველად იგი პეიზაჟებს ხატავდა, თუმცა შემდეგ პორტრეტისტად ჩამოყალიბდა. 1874 წლიდან ხატვას ახალგაზრდა პორტრეტისტის – კეროლუს-დურენის სტუდიაში ეუფლებოდა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ტექნიკით. სარჯენტმა პირველი გამოფენა 1877 წელს მოაწყო. მას შემდეგ სხვადასხვა გალერეაში რეგულარულად ფენდა ნახატებს. დურენთან სწავლის დამთავრების შემდეგ ესპანეთში გაემგზავრა, სადაც დიდი გატაცებით სწავლობდა დიეგო ველასკესის მხატვრობას.
1900 წლისთვის სარჯენტი უკვე პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა. რამდენიმე წელიწადში კი მან რადიკალურად შეცვალა ხატვის მანერა და აკვარელით დაინტერესდა. ამ ტექნიკით შექმნილი აქვს 2000–მდე ნამუშევარი.
*
პირველად "დასვენებას" გამოვფენ, რომელიც სარჯენტმა 1911 წელს დახატა.
*
დიეგო ვილასკესის მხატვრობით სარჯენტის განსაკუთრებული გატაცების შესახებ უკვე დავწერე. ამიტომ კვირის გამოფენის მეორე ნამუშევრად "ედვარდ დარლის გოგონები" შევარჩიე. შეუძლებელია, ეს ნახატი ნახოთ და ველასკესის "Las Meninas"
არ გაგახსენდეთ. გავლენა თვალშისაცემია.

30 აგვისტო –
5 სექტემბერი.

Tuesday, August 17, 2010

(სულ) ცდა

"მექსიკაში მეცნიერებმა მტვირთავები დაიქირავეს. მათ სურდათ მთაში, ინკების ქალაქამდე მისვლა. გზაში მოულოდნელად მტვირთავები შეჩერდნენ – უარი თქვეს გზის გაგრძელებაზე. მეცნიერები, რა თქმა უნდა, აღელდნენ. მათ არ იცოდნენ, რა ექნათ და ცდილობდნენ გაერკვიათ მიზეზი, რის გამოც მტვირთავები შეჩერდნენ. გავიდა რამდენიმე საათი და მტვირთავებმა განაგრძეს გზა და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტეს აეხსნათ, თუ რაში იყო საქმე. მათ თქვეს, რომ ისინი მიდიან ძალიან სწრაფად და მათი სულები ვერ ეწევიან" (ფილმიდან)
კადრი
ბავშვი, სირბილით
რომ ცდილობს მშობლის აუღელვებელ ნაბიჯს ფეხი აუწყოს. მაგრამ მას ჩაჭიდებული ხელი ეხმარება.
მოხუცი? სხეული წინ გარბის, სული ჩამორჩება.
ან მეოცნებე: როცა ჩვენ გზას ჩავცქერით, ის გზისპირებს ათვალიერებს. შემდეგ თვალებს ხუჭავს და იძინებს.
ისე კი, რა ხანია, მან გზა ისწავლა და თავისით (გვ)აგნებს.

(სულ) ცდა

ჩვენ: სული მიგვდის, სული გვიდგია, სულს ვაკაწკაწებთ, სულს ვიმღვრევთ, სულით ვეცემით, სულს ვებრძვით, სული წაგვძლევს, სულში ვიძვრენთ, სულს ვამძიმებთ, სული ყელში გვებჯინება...
ჩვენ სულს ვითქვამთ.
ჩვენი სული ტკბილია.

Monday, August 16, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს ალდო ბალდინგს წარმოგიდგენთ – ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო, თანამედროვე ხელოვანს. დაიბადა 1960 წელს, ინგლისში. ცხოვრობს საფრანგეთში, ლანგედოკ–რუსიონის რეგიონში. განათლებით ილუსტრატორია, მისი კარიერაც სხვადასხვა ჟურნალებში ილუსტრატორად მუშაობით დაიწყო; ახლა კი ცნობილია, როგორც პორტრეტისტი. ჩემთვის საინტერესოა მისი საოცრად ცოცხალი პორტრეტები, მომწონს სინათლე მის ტილოებზე და ამბები, რომლებსაც გვიყვება. რატომღაც მგონია, მას უყვარს თავისი გმირები – მათ დიდი დაკვირვებით და განწყობების თანაგანცდით გამოსახავს. ზურგით მდგომი პერსონაჟებიც (რომლებსაც არც თუ იშვიათად ხატავს) ისევე მეტყველები არიან, როგორც ისინი, რომლებსაც სახით ვხედავთ.
ალდო გამოფენებს 2000 წლიდან აწყობს, არის რამდენიმე ჯილდოს მფლობელი.

საკმაოდ გამიჭირდა გამოფენისთვის ნახატის შერჩევა – რამდენიმე მეტად მომეწონა, ზოგიერთთან ნაცნობი განწყობის პოვნამ შემაჩერა. კიდევ ერთი უცნაური (ჩემთვის) სურვილიც გამიჩნდა: დამხატოს :)
არჩევანი ამ კვირის კედლისთვის: ფინჯან ყავასთან ერთად

16-22 აგვისტო.

Friday, August 13, 2010

მცირე ანტრაქტი – წიგნიდან ფილმამდე

დღეს ორ კარგ ფილმს ვნახავ. ერთს – როგორც კი წიგნის დარჩენილ 30 გვერდს წავიკითხავ, მეორეს ალბათ საღამოს. არ მიყვარს, როცა ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი წიგნიდან მისაღებ შთაბეჭდილებებს მიცვლის – სხვა მიმართულებებს მაჩვენებს და ფილმის ავტორის შეხედულებით შექმნილ ტიპაჟებს წარმომიდგენს. თითქმის არასდროს დამთხვევია ჩემი წარმოსახული გმირები ფილმში ნანახს, ისევე, როგორც მიზანსცენები.
თუ წაკითხვამდე ნანახი მაქვს სხვისი ხედვა და, მით უმეტეს, თუ მომწონს კიდეც, მერე კითხვა შედარება-შეჯიბრს ემსგავსება: აბა, რა როგორ გადაიტანა რეჟისორმა, რა როგორ გაიგო. ძირითადად კი სიზარმაცე მეპარება: იმ ნაწარმოების წაკითხვა, რომლის მოტივებზეც ფილმი ააგეს, აღარ მინდება. ხშირად ვრჩები მოწოდებული ინტერპრეტაციის მიხედვით შექმნილი შთაბეჭდილებით. არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი მწერალია ხოლმე – მას რისი თქმა უნდოდა ჩემთვის თუ მისთვის (რეჟისორისთვის), ჩვენთვის – მკითხველისთვის.
წიგნის წაკითხვის შემდეგ ფილმის ნახვა კი გაცილებით ადვილია. თუ მიმიზიდა, ნახვის პროცესში წიგნზე ნაკლებად ვფიქრობ, ფილმის ხაზს მივყვები. მოგვიანებით ვადარებ (თავისთავად), ჩემი წარმოსახვები კი მყარად რჩებიან საკუთარ ადგილებზე.

წაკითხული ნაწარმოებების არაერთი ეკრანიზაცია მინახავს. თითქმის ყველა შემთხვევაში ვთქვი, წიგნი მირჩევნია. როგორც არ უნდა გადაიღონ, მხატვრული ფილმის ქრონომეტრაჟი არცერთ რეჟისორს მისცემს საშუალებას, სრულად ასახოს ლიტერატურული ნაწარმოების ყველა კარგი პასაჟი. ალბათ ამიტომ, ვფიქრობ, წიგნის მოძიება და წაკითხვა (თუკი არსებობს) საინტერესო და არდასაზარებელია, კარგი ეკრანიზაციის ნახვის შემთხვევაშიც.

Monday, August 9, 2010

ერთი კვირა, კედელზე

რაულ სოლდი 1905 წელს ბუენოს აირესში დაიბადა. 1921 წლიდან ათ წელზე მეტ ხანს ევროპაში სწავლობდა. არგენტინაში დაბრუნების შემდეგ მრავალმხრივად მუშაობდა: მოხატული აქვს თეატრების შენობები და ეკლესიები, იყო კინოსა და თეატრის მხატვარი, წიგნების ილუსტრატორი...
დღეს იმ ნახატს გამოვფენ, რომელიც ჩემთვის ამ მხატვრის სავიზიტო ბარათი იქნება, გარდა ამისა, ზაფხულის ცხელ დღესაც შეეფერება.

9-15 აგვისტო.

Monday, August 2, 2010

ჰორიზონტალური

გუშინ მარია დუშ პრაზერეშსა და მის ძაღლ ნოეზე ვფიქრობდი და ჩემი ბავშვობის შთაბეჭდილება გამახსენდა: ქვა, რომელზეც ეხატა კაცი – მხოლოდ დაბადების თარიღმიწერილი – გარდაუცვლელი. ის, რაც სხვა იბერიაში მიღებულია, ჩვენთან ღიმილნარევად მოიხსენებოდა, ბოლოს აუცილებლად დაატანდნენ: თავისი გემოვნებით უნდოდა და გააკეთაო, მერე ყვებოდნენ: რამდენჯერ უფიქრიათ სურათზე, რომელიც მათ საფლავზე იქნებოდა, ყვავილებზე... ისე რომ არ იყოს, როგორც მათ უნდოდათ. გავიხსენე ჩემთვის ყველაზე კარგად ნაცნობი სასაფლაოს საფლავები. ნეტავ მათ ბინადრებს ჭირისუფალთა ფანტაზიის ნაყოფები მოეწონებოდათ? წინასწარ რომ ეზრუნათ, მსგავსს ააშენებდნენ? ჩემმა ბებიამ იცოდა, სად მოუწევდა – მისი ადგილი ნაგებობაში იყო გათვალისწინებული. მე? მიფიქრია,
რაც ჩვენში არ ხდება.

დუშ პრაზერეში, წყალში ძვლებისა და თმის ტივტივის მოშიში ქალი: ყველაზე მაღალ ბორცვზე შეარჩია საფლავი, მოითხოვა უცილობელი პირობა: მდგომარეობა – ჰორიზონტალური; დარგო ყვავილები და, როგორც სხვები, პომადით ჯიუტად აწერდა მეზობლის ქვას მეზობლის სახელს, რომელიც ყოველ დილით გადაშლილი იყო. ჩვენებური მეორადი საფლავები გამახსენდა, ტერენტი გრანელის საფლავის ისტორიაც გამახსენდა, პატრონებისგანვე ქალაქგარეთ გადასვენებული წინაპრებიც – პრესტიჟულ ძველ ადგილში აღებული თანხის გამო. არავის უფიქრია მათ გზააბნეულ "ნოეზე".

მას გულდაგულ ასწავლეს სასაფლაოს გზა – იდგა "შორეული და სერიოზული, პასეო დე გრასიას შუქნიშანთან ფეხით მოსიარულეებივით მწვანე შუქის მოლოდინში", ქვასთან ტირილამდე.

გუშინ ვიჯექი აივანზე, ფეხებს სასიამოვნო ნიავს ვუშვერდი და ძალიან მაკლდა ძაღლი – ჩემს წვივზე ზურგით მიყრდნობილი, გადატკეცილი შუბლით და წყლიანი თვალებით.. ჩემი ძაღლიც ტიროდა ხანდახან – როცა მოვდიოდი, ან ვსაყვედურობდით; ერთხელაც – როცა დავბანე და გაწუწულის დანახვისას გამეცინა... მაშინ შემრცხვა. მისთვის ტირილი არავის უსწავლებია. გზებიც – სულ სხვა გზები იცოდა.
ყოველთვის, როცა იქ ვარ, ეზოში გამოსულს მაკლია ფეხდაფეხ ადევნებული. ხან კი მგონია, მან მხოლოდ ყეფა შეწყვიტა.

ერთი კვირა, კედელზე

გუსტავ კლიმტი – "წყლის სერპანტინები" (დეტალი)

2-8 აგვისტო.

Monday, July 26, 2010

ერთი კვირა, კედელზე

რაიმე მსუბუქი, შვებულების პირველ დღეს რომ მოუხდება, უფრო ზუსტად – საღამოს: ვან გოგის კაფეს ტერასა

26 ივლისი –
1 აგვისტო.

Monday, July 19, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ეს ნახატი ამბავს ჰყვება, არჩევანიც ალბათ ამის გამო.. წარმოსახვისთვის. ედუარდ მანეს "ნავით სეირნობა"

19-25 ივლისი.

Sunday, July 18, 2010

share: ფოტო

ფოტოგრაფმა ფერდინანდო შანამ ამ ფოტოს ნახვის შემდეგ დამაინტერესა. ერთ კადრში სამი სხვადასხვა მდგომარეობის (და ამბის) გადმოცემა შთამბეჭდავია: ცენტრში – ობიექტივში თითქოს შემთხვევით მოხვედრილი იტალიელი მწერალი ლეონარდო შაშა; გოგონები (მიუხედავად მათი გაკვირვებული სახეებისა), როგორც ჩანს, გადაღებას ელოდნენ, თუმცა მგონია – როგორც შეჩერდნენ, ისევე სწრაფად გაიქცევიან; იესო ფოტოს უკანა ფონზე თითქოს არც ტოვებს ნახატის შთაბეჭდილებას. ამ ფოტოს არაერთხელ მივუბრუნდი და საბოლოოდ, ბლოგზე დადებაც გადავწყვიტე.
მე მომწონს მეტყველი, "მოძრავი" – რეპორტაჟული და მახვილგონივრული (ალბათ მახვილხედვიანი უფრო შეესიტყვება) ფოტოები. ფერდინანდო შანა უმეტესად სწორედ ასეთ, ძირითადად შავ–თეთრ, ფოტოებს იღებს.
დაიბადა სიცილიაში, 1943 წელს. 1965 წელს პირველი ალბომი გამოსცა, რომელშიც რელიგიური დღესასწაულები ასახა. წლების მანძილზე მუშაობდა ფოტორეპორტიორად, მოგვიანებით – მოდის სფეროში. 1982 წლიდან მსოფლიოში პირველი ფოტოსააგენტო "მაგნუმის" წევრია, რომელიც რეპორტაჟული ფოტოგრაფიის განვითარებისთვის შეიქმნა და დღეს ყველაზე პრესტიჟულ ფოტოსააგენტოდ ითვლება.

რამდენიმე ფოტოს ავტვირთავ, დანარჩენი კი – მაგნუმზე :
* ბავშვები
* marpessa (1987). ცნობილი მოდელი მარპესა შანას რჩეული მოდელი იყო. აქვე: შანას არაერთ ფოტოზეა გამოსახული ასაკობრივი კონტრასტი.
* უსათაურო
* კამი, ბოლივია (1986)
* ეს ფოტო ბუდაპეშტშია გადაღებული, 1990 წელს. გორის ანალოგიური აქტი გამახსენა – 20 წლის შემდეგ.

Monday, July 12, 2010

ერთი კვირა, კედელზე

შერჩეულ ნახატზე ის ტონებია, რასაც ახლა აღვიქვამ და დღევანდელი გამოფენისთვის ვეძებდი..
"გზატკეცილები და წყნარი გზები", მხატვარი – პოლ კლი.

12-18 ივლისი.

Saturday, July 10, 2010

ხმები

ჭიკჭიკი, გალობა, სტვენა, ჟღურტული, ყივილი, კაკანი, ჩხავილი, ყრანტალი, კივილი, ღუღუნი, ყიყინი, წივწივი, კრიახი, ჭახჭახი –
ეს, რაც გამახსენდა ფრინველების "ენებიდან", ისიც იმიტომ, რომ ტვიტერს რატომღაც ჭრიჭინად მოიხსენებენ, ტვიტი – ჭრიჭინი ყოფილა... ვისაც ჭრიჭინა ფრინველი ჰგონია, მათთვის ეს ფოტო
"ჭიკჭიკი(ა)ს" ალტერნატივად – გალობა და მგალობელი :)

მე კი, ხმების გაზიარება მომინდა, რომლებიც ერთ ფორუმზე აღმოვაჩინე და კარგა ხანს სრულიად გარინდებული ვიჯექი...

Thursday, July 8, 2010

ბუმი: სერიული გამოცემები













  • ქართული პოეზია
  • ქართული პროზის საგანძური
  • მსოფლიო ლიტერატურის შედევრები და ბესტსელერები
  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი
იმ ჟურნალებს არ დავასახელებ, რომლებსაც სერიული გამოცემები მოჰყვებათ. უბრალოდ, მინდოდა დამეწერა ბუმზე, რაც ქართული პრესის დახლებზე გაჩაღდა. ყოველდღე გვერდს რამდენიმე ასეთ პუნქტს ვუვლი და თვალში ფერად–ფერადად გაშლილი, ან ტომების მზარდობით სიმაღლეზე დაწყობილი წიგნები მხვდება. ეს გამოცემები პოლიგრაფიული ხარისხით არ გამოირჩევა – ტექსტი საგაზეთო, არც თუ კარგ ქაღალდზეა დაბეჭდილი, ყდა – რბილი აქვს. ფასი სამიდან ხუთ ლარამდე მერყეობს. ვინმე იტყვის, ამ ფასად მეტი რა შეიძლება გაკეთდეს. არ ვიდავებ, მაგრამ მგონია, დიდი ტირაჟის შემთხვევაში ცოტა უკეთესიც შესაძლებელია. აქვე, საინტერესოა: თითოეულ სერიულ გამოცემაში რამდენი ტომია გათვალისწინებული, ვინ და რა პრინციპით ადგენს, მაგალითად, პოეზიის კრებულებს. არ ვიცი, ამ კითხვებზე პასუხების მოპოვება სად შეიძლება...

წიგნების ფასი ჩანაფიქრს, რომელიც პირველი პროექტის მედიასაშუალებებით გაშუქებისას გამოცხადდა, ერთი შეხედვით ამართლებს კიდეც:
"იმ მკითხველებამდე, რომლებიც ოცნებობენ ქართველი მწერლების ნაწარმოებების შეძენაზე და წიგნების სიძვირის გამო, ამას ვერ ახერხებენ, მიგვეტანა ეს წიგნები და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად..." (მ. დარჩია)


მოსაზრებას ალბათ მომდევნო სერიების მესვეურებიც დაეთანხმებიან. თუმცა, იმ კატეგორიის მკითხველისთვის, რომელზეც მოყვანილ ციტატაშია საუბარი, ალბათ რთული იქნება ბიბლიოთეკის სრულად შედგენა, თუ გავითვალისწინებთ გამოცემის პერიოდულობას, ერთი კომპლექტის (წიგნი და ჟურნალი) ფასს და ბუმს – როდესაც თითქმის ყველა ჟურნალი საკუთარ კოლექციას სტამბავს. გარდა ამისა, მგონია საქართველოში ავტორების უმეტესობის სახელობითი გამოცემები არც თუ ისე ხელმიუწვდომელია – მათ წიგნისმოყვარულთა საოჯახო თაროებზე იპოვით, ან იგივე და იქნებ ნაკლებ ფასადაც ბუკინისტებთან შეიძენთ.
თუმცა, ამ პროექტებს სიკეთეს ვერ დავუკარგავ – სულ მცირე, იმ მკითხველს მაინც, ვინც ბულვარული რომანების კითხვით არის გატაცებული, ბევრი კარგი მწერლის არსებობა შეახსენა.

თქვენ რას ფიქრობთ ამ პროექტებზე?
რეგულარულად ყიდულობთ გამოცემებს? იქნებ, ამორჩევით,
ან – სულაც არა...
მე ერთი შენაძენი მაქვს და არ გამოვრიცხავ (ამორჩევით) რაიმეს ყიდვას.

პ. ს. მიგელ დე უნამუნოს ერთი ესე გამახსენდა, რომელიც საშინაო ბიბლიოთეკის შედგენას ეხება. ესეში მწერალი სერიულ გამოცემებზეც წერს:
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გირჩევთ სერიული გამოცემების შეძენას, თქვენთვის საინტერესო წიგნების, ამ ე. წ. კოლექციებში, ბიბლიოთეკებში, ციკლებში ძებნას... ნებისმიერი წიგნი უფასურდება, როცა ამ სერიათაგან ნებისმიერის რიგითი წევრი ხდება..."

Wednesday, July 7, 2010

. . .

ჯერ კიდევ დღის დადგომიდან ვცდილობ რამდენიმე სიტყვის დაწერას. არ გამომდის.
უბრალოდ:
როგორ მინდა მ ა სთან.

Monday, June 28, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ახალი კვირა ამ ნამუშევრისთვის: რადგან ქართულია და ყვება იმაზე, რასაც ვერ დათმობ..

28 ივნისი –
4 ივლისი.

Sunday, June 27, 2010

ლოცვა: NON STOP

რუსთავი 2-ის ეთერით გადაიცა სიუჟეტი: თბილისის ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლებმა სადარბაზოში სამლოცველო გახსნეს. სადარბაზოში 70 ოჯახი ცხოვრობს. სამლოცველო მამაომ აკურთხა. სიუჟეტში გამოითქვა იმედი, რომ ამ სიახლეს სხვებიც აიტაცებენ.

რატომ არ შეუძლია ჭეშმარიტ მორწმუნეს, გაიაროს სახლიდან 100 მეტრი უახლოეს ეკლესიამდე (ყველა ნაბიჯზე აშენდა/შენდება)?!
ლოცვა NON STOP: ოთახი–სადარბაზო–ეზო
?!
როცა
გულები, სულები – უმეტესად ცარიელი.

პ. ს. კომუნისტების დროს საქართველოში ხდებოდა: მიცვალებულს ხელში მსხვილ კუპიურას აჭერინებდნენ.
არ ჩამოჰგავს არსით?
წარდგინება – მომთაფვლელი.

Monday, June 21, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს გერტა შილეს პორტრეტს გამოვფენ, რა თქმა უნდა, ეგონ შილეს მიერ დახატულს. შილე ხშირად ხატავდა თავის ორ დას – მელანისა და გერტას (გერტრუდას).
გერტა 1894 წელს დაიბადა. 1911-1913 წლებში მოდის სფეროში მოდელად მუშაობდა, მანამდე – 1906-1910 წლებში ძმის მოდელი იყო. 1914 წელს ეგონის მეგობარს – ანტონ პეშკას გაჰყვა ცოლად. გერტა ათამდე ნახატზეა გამოსახული.

ეგონ შილეს შესახებ შედარებით ვრცლად აქ დავწერე, თუმცა ის არაერთხელ მოხვდა ჩემს გამოფენებზე.

21-27 ივნისი.

Saturday, June 19, 2010

Thursday, June 17, 2010

ახალი გამოცემა – თენგიზ მირზაშვილი

დღეს ერთ კარგ გამოცემაზე მინდა, გიამბოთ. მხატვარ თენგიზ მირზაშვილს, მგონია, წარდგენა არ სჭირდება – მისი ნახატების ან მის მიერ გაფორმებული წიგნების ერთხელ ნახვაც საკმარისია, რომ არასდროს აგერიოთ ისინი რომელიმე სხვა მხატვრის ხელწერაში; გამორჩეულია მისი დახატული ქართული ანბანი, რომლითაც უმეტესად აფორმებდა წიგნებს; ისინი კი, ვინც მხატვარს პირადად იცნობდა, სრულიად შეუძლებელია – ამ, იშვიათად კეთილშობილ ადამიანთან ნაცნობობით ბედნიერი არ იყვნენ... და ალბათ, ბევრი მათგანი საჩუქრად მიღებულ ნახატებსაც სიამაყით ინახავს (მათ შორის მეც).

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რამდენიმე დღის წინ თენგიზ მირზაშვილის ბიობიბლიოგრაფია გამოსცა – წიგნი, რომელშიც შესულია მხატვრის ბიოგრაფია, თავმოყრილია მის მიერ გაფორმებული ყველა წიგნის (100-ზე მეტი) ბიბლიოგრაფიული აღწერილობა, რომელიც იმით არის გამორჩეული, რომ დართული აქვს მათი გარეკნების ფერადი ფოტოები. წიგნში ნახავთ თენგიზ მირზაშვილის მიერ შესრულებულ პლაკატებს, გამოქვეყნებულ წერილებს, ინტერვიუებს, პუბლიკაციებს, მისი რედაქციით თუ კონსულტანტობით გამოცემულ წიგნებს, ჟურნალებს, ლიტერატურას მასზე, რომელიც განლაგებულია ქრონოლოგიურად. გამოცემას დართული აქვს პირთა საძიებელი, მითითებულია ინტერნეტრესურსები.
თენგიზ მირზაშვილი ბიბლიოთეკის ხშირი და უსაყვარლესი სტუმარი იყო. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელების პირად კოლექციებში მხატვრის არაერთი ნახატია დაცული. წიგნში ამ ნამუშევრების ფერადი ფოტოებიც დაიბეჭდა.

როგორც მკითხველი, თენგიზ მირზაშვილის შემოქმედების მოყვარული და თუნდაც მხოლოდ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს ასეთ გამოცემას, – ძალიან ვაფასებ მათ, ვინც ამ წიგნის დაბეჭდვის სურვილი გამოთქვა და განახორციელა: მადლობა პირველ რიგში ქ–ნ ციური კოჭლაშვილს – ამ კრებულის შემდგენელს, წიგნს მანვე დაურთო პირთა საძიებელი. წიგნის რედაქტორია ლევან თაქთაქიშვილი, ფოტო და დაკაბადონება – ლევან პაპალაშვილისა.

თუ მოხვდებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მოიძიეთ ეს გამოცემა, შეუძლებელია, არ მოგეწონოთ :)

აქვე მინდა დავწერო ის, რაზეც დღეს ვფიქრობდი:
ბიბლიოგრაფიის შედგენა საოცრად დიდ შრომასთან არის დაკავშირებული: იმის მიხედვით, თუ რა სახის ბიბლიოგრაფია დგება, – იძებნება პიროვნებასთან, გამოცემებთან, დროის რაიმე პერიოდთან და ა.შ. დაკავშირებული ყველა წყარო, ინფორმაცია, რომელიც გაბნეულია ბიბლიოთეკის წიგნად თუ სხვა სახის ფონდებში, ან მოიპოვება ამ ფონდებისგან დამოუკიდებლად. ხდება მათი დახარისხება, ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერებად ქცევა, მათთვის საძიებლების მომზადება... ხანდახან წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგად ვიღებთ წიგნს, რომელშიც თავმოყრილია ამომწურავი ინფორმაცია. ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა არაერთი მნიშვნელოვანი ბიბლიოგრაფია შეადგინეს. მათ შესახებ ძირითადად წიგნისმოყვარულთა ვიწრო წრეებში თუ იციან. კარგი იქნებოდა, ამ საქმიანობისა და მის შედეგად მიღებული წიგნების მეტი პოპულარიზაცია მომხდარიყო.

Monday, June 14, 2010

ღია ბარათი პრემია "საბას" მესვეურებს

  • როცა ე. წ. "შორტ-ლისტის" შერჩევამდე ჟიურის 3 თვე აქვს;
  • როცა 3 თვის შემდეგ ცხადდება საბოლოო სია, სადაც წიგნი შესაბამის – საუკეთესო პოეტური კრებულის – ნომინაციაშია, რადგან მის ავტორს უკვე აქვს რამდენიმე წლის წინ გამოცემული პირველი კრებული;
  • როცა ე. წ. "შორტ-ლისტის" გამოცხადებიდან ერთ დღეში კრებული ნომინაციას იცვლის და "საუკეთესო დებიუტში" გადადის
ამას რა ჰქვია?!
როდემდე უნდა ხდებოდეს საქართველოში მსგავსი რამ?!
რატომ არის ჩვენში ახლობლის ფაქტორი მთავარი და გადაულახავი.
იმედგაცრუებული ვარ. კიდევ ერთხელ. აქ – საბოლოოდ.

არ დავასახელებ ავტორს.
ყველამ, ლიტერატურული წრიდან, ეს იცის.
ყველა მესვეურმა ეს იცით.
მხოლოდ ერთი მინდა ვთქვა:
მე არ მაქვს ნაცრიანი თვალები.

ერთი კვირა, კედელზე

"მე ორმოცდაათი წლის ვარ და ყოველთვის ვცხოვრობდი თავისუფლებაში. ნება მიბოძეთ, ჩემი ცხოვრება თავისუფალმა დავამთავრო. როცა მკვდარი ვარ, დაე თქვან ჩემზე: ის არ ეკუთვნოდა არცერთ სკოლას, არცერთ ეკლესიას, არცერთ ინსტიტუციას, არცერთ აკადემიას; ყველაზე ნაკლებად – რომელიმე რეჟიმს, გარდა თავისუფლების რეჟიმისა" –
ეს სიტყვები ეკუთვნის მხატვარს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, რომლის გამოფენაც დიდი ხანია, მინდა – გუსტავ კურბეს. იგი მე-19 საუკუნის ფრანგულ მხატვრობაში რეალისტური მოძრაობის შემომტანია. განსაკუთრებული წარმატება ეროტიკულმა, იმ დროისთვის სენსაციურმა, ნამუშევრებმა მოუტანა (მათგან ყველაზე ცნობილი – "სამყაროს წარმოშობა").

დღეს "გოგონას თოლიებით" გამოვფენ.
მკვდარი თოლიების გამო ძალიან სევდიანია. თოლია ჩემთვის თავისუფლების და სიცოცხლის სიმბოლოა..

14 – 20 ივნისი.

Tuesday, June 8, 2010

ფილმი


ქართული მუნჯი ფილმი ბიუროკრატიაზე, რომელსაც თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე კრძალავდნენ..
ვუყურებდი და ვფიქრობდი: 1929 წელს – იმ სინამდვილეში ამის გადაღება (თანაც ასე) მართლა სასწაული იყო.
რეჟისორი – კოტე მიქაბერიძე (მასვე ეკუთვნის "ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაციის ერთადერთი ცდა ("ქაჯეთი", 1936).

>>ნახეთ

Monday, June 7, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ხიდები –
აკვიატებული მელოდიაც მათზეა, დღის მანძილზე რამდენჯერმე გახსენებული ნახატიც. თითქოს ეს დღეც ასეთივეა – დღე-ხიდი.
კვირის მანძილზე რამდენიმე ნამუშევარს გამოვფენ. პირველი ის იყოს, რომელიც ზემოთ ვიგულისხმე – პოლ სეზანის "ხიდი მელუნთან ახლოს"
*
კიდევ ერთი ხიდი – ამჯერად კლოდ მონეს შემოქმედებიდან. ხიდების სერია – ჟივერნში მდებარე მხატვრის სახლის ბაღიდან – ფერთა გრადაციებით, იმის მიხედვით, თუ როგორ ხედავდა მხატვარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ძალიან შთამბეჭდავია. ჩემი კვირის ფერი მწვანე აღმოჩნდა (პირველი არჩევანიც ასეთი იყო), ამიტომ მონეს ხიდებიდანაც მომწვანო ტონალობის ნამუშევარს გამოვფენ. თუმცა, სიმართლე ვთქვა, სწორედ ამ ტონებში დახატული ხიდები მომწონს, ვიდრე გვიანდელი პერიოდის მეწამული.

7-13 ივნისი.

Monday, May 31, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ვფიქრობდი, უკომენტაროდ დამედო დღეისთვის შერჩეული ნამუშევარი, მაგრამ, რაკი მასზე სამეულია გამოსახული, იდეა გამიჩნდა – დამეწერა თემაზე:
სამეულები ჯორჯ ტუკერის შემოქმედებაში

არ ვიცი, კონკრეტულად რა მნიშვნელობას ანიჭებს მხატვარი სამეულების გამოსახვას, მაგრამ ფაქტია, ხშირად ხატავს მათ, თანაც არა მხოლოდ ადამიანების შემთხვევაში, სამ ცალად საგნებიც არაერთხელ გამოუსახავს (მაგალითად, "სანათებზე" მათი რაოდენობა სწორედ სამია). ბლოგზე უკვე გამოფენილი და ტუკერის თითქმის ყველაზე გახმაურებული ნამუშევარი "მეტრო" არაერთი სამეულის ამსახველია: წინა, ცენტრალურ პლანზე სამი მთავარი პერსონაჟია – ქალი და ორი მამაკაცი (პერსონაჟთა ასეთი გადანაწილება სხვა ნახატზეც გვხვდება, სადაც ეს უკვე სასიყვარულო სამკუთხედია). დავუბრუნდეთ "მეტროს": აქ კიდევ ოთხ სამეულს იპოვით. სამეულებია გამოსახული ნახატებზე: "შადრევანი", "მობანავეები და აბანო", "მოსაცდელი ოთახი", "ჯუკბოქსი", "სანათები" (I, II), "სარკმელი I", "ხალიჩა", "მშვიდობის ჩახუტება" და სხვ.

დღევანდელმა არჩევანმა ნახვისთანავე მომნუსხა: ეს სამეული – თითქოს ერთი ქალი სხვადასხვა მხრიდან, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სამ განსხვავებულ პერსონას ვხედავთ – საერთო განცდებით. მუსიკალური ზარდახშა გამახსენდა – აკვიატებულ მელოდიით და შეუჩერებელი მოცეკვავით. ეს ნახატიც "ბრუნავს": შუაგულში მდგომის თვალები – სევდიანი და აწყლიანებული, გაყინული; პროფილი მარცხნივ – გამოქანდაკებული ნაკვთებით და ასე მგონია, შეკავებული სუნთქვით; პროფილი მარჯვნივ – სამეულში ალბათ ყველაზე უღონო.. და როგორი უმიზნო ხდება: თმაში – ვარდი, ტანზე – ცეცხლის ალი, ყურში – მუსიკა და ბოლოს, ტაში..
ან, იქნებ, ტაში ამისთვის არის:
– ჰეი, არის აქ ვინმე?

ჯორჯ ტუკერზე სხვა ნაამბობიც გაიხსენეთ

31 მაისი –
6 ივნისი.

Monday, May 24, 2010

ერთი კვირა, კედელზე

პიტერ ბრეიგელის გახსენებისას მისი რამდენიმე ნამუშევარი მაგონდება (რომლებიც ძალიან მომწონს), მაგრამ დღეს არცერთ მათგანს არ გამოვფენ და არჩევანს "ბავშვთა თამაშებზე" შევაჩერებ:
შეიძლება ითქვას, ეს ნახატი–ენციკლოპედიაა. ბრეიგელმა ტილოზე 200–ზე მეტი ბავშვი და ფლამანდიაში გავრცელებული მისი დროის ალბათ ყველა თამაში ასახა. თამაშების რაოდენობა 80-ს სცილდება. საინტერესოა, რომ ამ თამაშების უმეტესობამ ჩვენს დრომდე მოაღწია და დღესაც პოპულარულია. ბრეიგელმა მათ თავი 1560 წელს მოუყარა.

მხატვრის შესახებ ადრეც დავწერე

პ. ს. ახლა ვფიქრობ, კიდევ ვინ დახატა მოთამაშე ბავშვები. რა თქმა უნდა, რაოდენობით ასეთი მასშტაბური სხვა არ მეგულება..

პ. პ. ს. დღეს წავიკითხე მოთხრობა 86 წლის ქალზე, რომელმაც თოჯინა მოიპარა. უცებ გამახსენდა. იყოს პოსტპოსტსკრიპტუმად.

24–30 მაისი.

Friday, May 21, 2010

XII ფესტივალის ერთი საათი


მინდოდა, წიგნის ფესტივალზე ვრცლად დამეწერა – ვფიქრობდი, ბოლო დღეს მაინც მოვახერხებდი ცოტა მეტი დროის გამონახვას, მაგრამ არა. შეიძლება ითქვას, წლევანდელ ფესტივალზე მხოლოდ ერთი საათი გავატარე: აქედან ნახევარი – პირველი დღის ბოლოს და ნახევარიც დღეს, შესვენებისას. სტენდებს შორის 'ჩარბენით' მიღებული შთაბეჭდილებები კი ასეთია:
რამდენიმე წლის შემდეგ ფესტივალის ისევ ფილარმონიაში გადმოტანის ამბავს ეჭვით შევხედე – ვფიქრობდი, ფოიეს ფართი საკმარისი არ იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ სტენდები სულ სხვაგან განლაგდა, მომეწონა – როგორც, თუმცა სხვა პრობლემა გაჩნდა – მზის გულზე გამოფენილ სტენდებთან დგომა გაუსაძლისი იყო და იქნებ ამიტომაც, – მომეჩვენა, რომ წინა წლებთან შედარებით ცოტა წიგნისმოყვარული ვნახე. პირველად მისვლისას მეც სწორედ სიცხის გამო ავჩქარდი და მალევე წამოვედი. ხალხის რაოდენობაზე ალბათ ფესტივალის მხოლოდ სამუშაო დღეებში გამართვამაც იმოქმედა – ცუდია, რომ 4 დღიდან არცერთი დაემთხვა დასვენების დღეს.
ფასებს რაც შეეხება – იყო ფასდაკლებები, დღეს – ბოლო დღეს, რამდენიმე სტენდთან კიდევ უფრო ჩამოკლებული ფასებიც ვნახე, მაგრამ საერთო ჯამში, როგორც ბოლო წლებში ხდება, მაღაზიების ფასებთან შედარებით დიდ განსხვავებას ფესტივალზე ვერ იპოვით. მიუხედავად იმისა, რომ სტენდები ნორმალურად ვერ დავათვალიერე, მაინც ვფიქრობ – წელს ფესტივალზე ცოტა წიგნი იყო, თუნდაც შარშანდელთან შედარებით.
გული მწყდება, რომ ვერცერთ პრეზენტაციას ვერ დავესწარი (მომეწონა ფოიეში მოწყობილი საპრეზენტაციო სივრცე); არც ის ბედნიერება მხვდა წილად, ქვემოთ დართულ ფოტოზე რომ აქვს ქალბატონს – ვერ ვფურცლავდი წიგნებს, ვერ ვკითხულობდი და შეიძლება ითქვას, ახალი ქართული გამოცემები წლევანდელ ფესტივალზე ვერ აღმოვაჩინე; მათ აუჩქარებლად და ოდნავ ძვირად შეფასებულებს მაღაზიებში დავათვალიერებ. მაქვს ორიოდე შენაძენი – ის წიგნები, რომლების ყიდვა აქამდეც მინდოდა. სასიამოვნო იყო რამდენიმე ნაცნობის ნახვა, მიუხედავად თითოწუთიანი მოკითხვა-დამშვიდობებისა და ფილარმონიის დატოვებისას თავის იმაში დაჯერება, რომ ფესტივალზე წელსაც ვიყავი.

Monday, May 10, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ედვარდ ჰოპერს გამოვფენ, მისკენ მიმიწევს გული:
"ნიუ–იორკის კინო"
აქ არ არის ანტრაქტი, აქ "ექშენია" – თვალში და თავში.

10-16 მაისი.

ანტრაქტი

შეიძლება, ასე უსიტყვოდ დარჩეს ადამიანი? თურმე კი. და ახლა, როცა უხალისოდ (უკვე ესეც) ვარჩევდი ნახატს, თვალწინ ერთმა სიტყვამ გაიფრიალა (ზუსტად, რომ): ტიხარი.
ტიხარს ფანჯარა მოჰყვა, ფანჯარას – ანტრაქტი.
სწორედ ტიხარის ჩადგმას, თუ ფანჯრის გაჭრას, თუ ანტრაქტის გამოცხადებას ვაპირებ:

(სარეკლამო) ტიხარი

"აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი რეკლამა".
მე არაფერი მაქვს დასარეკლამებელი. უფრო სწორედ, რაც მსურდა, ყველაფერი დავარეკლამე. ახლა ვწერ ამ საშინელ სიტყვას და ვფიქრობ საკუთარ არაკომერციულობაზე.

(თავისუფალი) ფანჯარა
აქ უკეთესად არის საქმე. ბოლო დროს ფანჯრებში ხშირად ვიყურები. თუმცა, რატომ ბოლო დროს? – სულ. ჩემი დღის ფანჯრიდან ქაშუეთის გუმბათი ჩანს. ერთხელ მითხრეს, რომ კარგი ხედი მაქვს. მე ვთვლი, რომ ჩემს ფანჯარაში ბევრი ქვაა. სიმწვანე, რომელიც პეიზაჟს აცოცხლებდა, გადაჭრეს.

ჩემი ღამის ფანჯრიდან მოპირდაპირე კორპუსი ჩანს. დაძინებამდე რამდენჯერმე ვდგები ფანჯარასთან და ვუცქერი მბჟუტავ ნათურებს, გამვლელებს (ზოგჯერ ძაღლებს) და მათ წინ წასწრებულ ან გვერდზე გაბრტყელებულ ჩრდილებს ქუჩის განათების ქვეშ.

ჩემი დღისა და ღამის ფანჯრები ეზიდებიან ჩემამდე სევდას და სიბნელეს, ხანდახან კანფეტს. მე ვამბობ, რომ კარგად არ ვარ. ვისმენ იგივეს. ვწერ მოკლე შეტყობინებებს, ვკითხულობ ლექსებს და ჩართული ვარ საერთო სახალხო ისტერიაში, ოღონდ ჩემებურად – აქა-იქ, მოკლე კომენტარებით, ან სიჩუმით.

ვერ ვპოულობ სიტყვებს, როცა ვკითხულობ მოწოდებებს ცემაზე და "უფრო მეტზეც, თუ საჭიროა"; "ლიბერალი ქალის" განმარტებაზე, რომელიც ბოლშევიკ ქალს ჰგავს; საჭირო რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში ახალი პარტიის შექმნის პირობაზე და თანა–ხმებზე, რომელთაგან არცერთი კითხულობს შესაქმნელი პარტიის არსს

და

ვემსგავსები მგელს, რომელიც გასცქერის ფარას და
ცხვარს, რომელიც ჩამორჩა, რათა მგელი გაიცნოს.
ვიყურები ფანჯარაში და ვეძებ, კიდევ რომელ ბინაშია მღვიძარე ადამიანი.

ანტრაქტი
(ფანჯრიდან ფანჯრამდე)
ზოგი ტოვებს დარბაზს, ეწევა ფოიეში, განიხილავს ნანახს, იცინის, სხვებს ათვალიერებს, ან უფრო გარეთაც მიდის – შუბლის გასაგრილებლად. წინ მეორე მოქმედებაა. წინ ფინალია და ტაში. ტაში ან გულწრფელია, ან მოწყალე; შეიძლება კვერცხებიც (პროდუქტი აქ – სურვილის მიხედვით) ისროლონ, წარმოსახვაში მაინც.
მისი ანტრაქტი, ვინც სცენაზე იდგა...
მაგრამ, ანტრაქტი ანტრაქტია. მერე ყველა ადგილს უბრუნდება. ფინალამდე. ბისამდე. შემდეგ წარმოდგენამდე.

ეს ანტრაქტიც დამთავრდა. ახლა შერჩეულ ნახატს ჩამოვკიდებ კედელზე. დაათვალიერეთ, თუ გინდათ. აქ მაინც სხვა არაფერია სანახავი. თუმცა, რატომ არა – ტიხარი, ფანჯარა...

Monday, May 3, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ერთხელ ასეც იყოს – გამოფენიდან გამოფენამდე.
ადგილი თითქოს არ შეცვლილა: საიდანაც გამგზავრებაა შესაძლებელი. ოღონდ, აქ შედარებით სიმშვიდეა..
ვან გოგის გოგონა გაჩერებაზე.

3-9 მაისი.

Monday, April 26, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს პოლ დელვოს გამოვფენ. მის შესახებ ადრე უკვე დავწერე, ამიტომ ამჯერად მხოლოდ საკუთარ არჩევანზე: სადგურს შემოგთავაზებთ – მაზუთის სუნიანს, ადამიანების გადაძახილთან შეჯერებული საყვირის ხმებიანს, კვამლიანს და ტვირთით სავსეს..
იმედი მაქვს, კვირის მეორე ნახევრისთვის რომელიმე, შედარებით ნათელ ნამუშევარსაც შევარჩევ.

26 აპრილი –
2 მაისი.

Sunday, April 25, 2010

ხელცარიელი


ახლა წარმოვიდგინე ჩემი ბლოგი ხვალ როგორი იქნებოდა – გამოფენიდან გამოფენამდე და ძალიან არ მომხიბლა ამ პერსპექტივამ. არადა, არ მინდება წერა – უბრალო, ყოფითი რამეების თხრობა. საერთოდაც, მგონია, ჩავიკეტე – არაფერზე მსურს აზრის გამოთქმა, უფრო ზუსტად – გაზიარება. გუშინ ისიც ვიფიქრე, განა ისეთი ბლოგის არსებობა, როცა ბლოგის ავტორს არაფრის თქმა უნდა, გამართლებულია-მეთქი?
კარგი, ვცდი, თუნდაც დღევანდელზე. დღეს, მაგალითად, მივხვდი, რომ ძველი სახლების გადაღება აღარ მეხალისება. მომეჩვენა, რომ მათი ყველა ნაოჭი ვიცი. ნაოჭებში ჩამალული ყველა ამბავი – ვერა, მაგრამ ახლა არ მინდა მათთან საუბარი.
ფეხით ბევრი ვიარე. არ დავღლილვარ, ფეხით სიარული მიყვარს. დიდხანს ვიდექი წიგნის მაღაზიაში – თაროების წინ. ხელცარიელი წამოვედი. მერე მაისური ვიყიდე – თეთრი და გზაში ვფიქრობდი: "ჰმ, ესეც თეთრი, უცნაურია". კიდევ რა... ნაცნობი საიტები მომწყინდა, მათ შორის ლიტერატურული. კიდევ, მცდელობები მომწყინდა. ლაპარაკიც. წერა ხომ – ფაქტი სახეზეა.
გუშინ ფარაჯანოვის ფილმები გავიხსენე. ისე მომინდა ბროწეულის კანიანად ჩაკბეჩა, მაგრამ სად არის ბროწეული... ყურში ქარით აშრიალებული ქაღალდის და ნიაზის ხმა მაქვს.
...
ესეც პოსტი – სხვა თუ არაფერი, ორფერი მაინც.