Showing posts with label ახალი წელი. Show all posts
Showing posts with label ახალი წელი. Show all posts

Thursday, January 2, 2014

2014

ყოველთვის დროულად ვწერდი საახალწლო პოსტს, მაგრამ 2 იანვარსაც არა უშავს:)

გილოცავთ, ერთგულო ნაცნობო და უცნობო მკითხველებო!
მართალია, ბოლო დროს აქტიურად ვეღარ ვწერ, მაგრამ აქაურობას ისევ ვირტუალური სახლი ჰქვია და  სტუმრების გამოჩენა მიხარია:)

ბედნიერი წელი გქონოდეთ, ჯანმრთელები და წარმატებულები იყავით; კარგ იდეებს გისურვებთ და შესაძლებლობებს ამ იდეების განსახორციელებლად!

Tuesday, January 10, 2012

ისევ საახალწლო სერიებიდან


ამ საღამოს ქუჩაში ეს ხანშიშესული წყვილი შემომხვდა. წელმოხრილ თოვლის პაპას (იქნებ სანტა ჯობია) , დაღლილობისგან თუ სხვა მიზეზით, სიარული უჭირდა. მისი ფიფქია კი (ეს როლი მივანიჭე, თან თეთრი კაბაც ეცვა) მკლავზე ეყრდნობოდა და ისე მისდევდა. დროდადრო ფიფქია ლაპარაკობდა, თოვლის პაპა მძიმედ აქნევდა თავს და მგონი სულ არ ახსოვდა, როგორი თეთრი და გრძელი წვერი ჰქონდა და წითელი პალტო ეცვა. ცოტა ხანს მათ გვერდით ვიარე და მერე გამინათდა გონება: "ფოტო!" მაგრამ სიჩქარეში ბუნდოვანი სურათი გამოვიდა. ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ნამდვილი იყო, მოხუცი, შინისკენ მიმავალი...

Saturday, December 31, 2011

გილოცავთ!

ამ საახალწლო საღამოს, როცა ჩემს გასულ წელზე ვფიქრობ, ბურუსიანი დღეები თითქოს გაქრა მეხსიერებიდან და წინ მხოლოდ დადებითი მოიწევს: მშვიდი იყო, სითბოც ახლდა, ჯანმრთელობაც, ერთად ყოფნაც, გარკვეული მიზნის შესრულებაც მოვახერხე; არ დავუტოვებივარ მადლიერების და წვრილმანებით გახარების განცდას, ვწერდი და ვიყავი მკითხველი, ვიღებდი ფოტოებს და შთაბეჭდილებებს და დღეს ცოტა უფრო მეტი ვიცი, ვიდრე წინა წელს. რატომღაც მგონია, რომ ახალი წელი გამორჩეული და კარგი უნდა იყოს. ასეთი განწყობა კი, სულ მცირე, უკეთესობისთვის მოქმედების სურვილს აჩენს.

ჩემი ბლოგის ყველა სტუმარს – ძველ მეგობარს თუ შემთხვევით გამოჩენილს, გილოცავთ ახალ 2012 წელს! წარმატებები მოეტანოს, სიყვარული და ღიმილი არ მოგკლებოდეთ.
მრავალს დაესწარით!



Thursday, December 29, 2011

საახალწლო და სერიული, ანაც – საახალწლო სერიებიდან

ქართულ წიგნის ბაზარზე რომ სერიული პროცესები მიდის და სერიები პოპულარულია, ახალი ამბავი არ არის. აი, უახლესი მათგანი: თბილისის წიგნის მაღაზიებში წიგნებისგან აწყობილი ნაძვის ხეების აღლუმია. დეკემბერში სოც. ქსელებში ასეთი ნაძვის ხეების უცხოური ფოტოები გავრცელდა და შედეგმაც არ დააყოვნა.

ეს ფოტოები სამი თბილისური წიგნის მაღაზიის ინტერნეტგვერდებიდან ავიღე. შესაძლოა, "სერიალში" სხვა მაღაზიათა ქსელებიც მონაწილეობს. დრო არ მაქვს, რომ მოვინახულო.

Friday, December 31, 2010

გილოცავთ

რაღა დარჩა "ჯადოსნურ" შუაღამემდე? სულ რამდენიმე საათი. წინასაახალწლო დღეებში და, საერთოდ, დეკემბრის თვეში გასულ წელზე მეფიქრება ხოლმე. ხელისგულზე ჩანს მთელი წელი – გადადგმული ნაბიჯებით, სიტყვებით, ადამიანებით, მიღწეული თუ ვერშეძლებული ჩანაფიქრებით, მოსმენილით, ნანახით... და თავისთავად ჯამდება, ერქმევა "კარგი" ან "არც ისე კარგი", თუმცა არა რომელიმე წელს – ნომრით რაღაც ციფრი, რომელიც ასეთად აქცია ტრადიციულ-სიმბოლურმა დახვედრამ, არამედ ჩემი ცხოვრების ამ მონაკვეთს, რომლის მთავარი მოქმედი გმირიც მე ვიყავი; მაგრამ ანტურაჟსაც აქვს მნიშვნელობა, ჩვენს თანამდგომებსაც, ჩვენგან თანადგომასაც, შესაბამისად, რაღაც შედგება, რაღაც – ვერ...
შეფასებებს ყოველთვის ჩემთვის ვიტოვებ, არ მიყვარს მათი ღიად ჩამოწერა. ჩვენს ნებისმიერ წელს კი ახლავს ლამაზი დღეები, შეგრძნებები, სიხარულები და ამ საღამოს მათ სიამოვნებით ვიხსენებ, – ამ საღამოს თვალები უნდა იღიმოდეს :)

ყველას გილოცავთ ახალ წელს,
ბედნიერი დღეების სიუხვეს გისურვებთ,
სიკეთე და სიხარული არ მოგკლებოდეთ!

Saturday, December 25, 2010

ჩვენი სიამოვნებისთვის

* * *
წელიწადის ამ დროს, უფრო ზუსტად კი, წლის ბოლო კვირაში ნაძვის ხეები განსაკუთრებით მაღელვებს. ალბათ, ამის შედეგია ჩემი ერთი ლექსიც. განსაკუთრებულ აღელვებაში მაინც და მაინც მათი მორთვის სიყვარულს არ ვგულისხმობ, არც ხშირად ვცვლით საახალწლო ნაძვს, მაგრამ თვალი კი გამირბის ხოლმე გასაყიდად ჩამწკრივებულებისკენ. თან საინტერესოა ადამიანების ნახვა, რომლებიც საახალწლოდ ემზადებიან: ფუსფუსებენ, არჩევენ; ითვალისწინებენ დიზაინერების, ასტროლოგების, თუ ხალხურ რჩევებს..
რამდენიმე წლის წინ, როცა ქუჩებში მოჭრილი ნაძვებით სავსე სატვირთოები იდგა, დაახლოებით ისეთივე განცდა მიჩნდებოდა, როგორც საახალწლო დახლებზე ბევრი ყელგამოღადრული გოჭის ერთად ნახვისას. ზოგი ხე გამორჩეულად კოხტა იყო – პროპორციულად გაზრდილი. ეს მოსაჭრელად როგორ გაიმეტესო, იფიქრებდი. წელს, ჯერჯერობით, მხოლოდ ნაძვის ტოტებს ყიდიან და კიდევ, მგონი, სიახლეა (ან იქნებ ადრეც იყო და მე არ მინახავს) – ნაძვის ტოტებისგან დამზადებული ხეები: ნედლ ჯოხს ნახვრეტებს უკეთებენ და მათში ტოტებს ამაგრებენ. გამყიდველები იფიცებიან, ერთთვიანი გარანტიით ვყიდითო :)
მე ახალი ნაძვის ყიდვა მინდა, ხელოვნურის – იქნებ ცოტა გავხალისდე და საახალწლო განწყობაც გამიჩნდეს.
* * *
დღეს ქუჩაში 20-22 წლის გოგო ვნახე – კისერზე მელიაშემოხვეული. გული მომეწურა და თვალი ავარიდე. მისმა ასაკმა დამაფიქრა. საბჭოთა პერიოდში საკმაოდ ძვირი ღირდა ე. წ. "შუბები" (ახლაც, ალბათ). ქალებს, რომლებსაც მისი ყიდვის საშუალება ჰქონდათ, შეძლებულებად და საუკეთესოდ გამოწყობილებად თვლიდნენ. ჰოდა, საბჭოთა დეიდებიც ქურქებზე ოცნებობდნენ. მათ სრულებით არ აღელვებდათ სტატისტიკა, თუ რამდენი ცხოველი იწირებოდა იმისთვის, რომ თავები სრულყოფილ ქალებად ეგრძნოთ. მახსოვს, პატარას არ მიყვარდა, როცა მელიის თავ-ფეხით შემოსილს ჩემი ჩახუტება უნდებოდა – გაყინული ცხვირისა და ჩამოყრილი თათების შეხებაზე მაციებდა. ასევე, ჩემზე იმოქმედა პასუხმა, რომელიც მივიღე კითხვაზე – ეს უცნაურად ჩახვეული "კარაკული" რისგან მზადდებოდა.
უამრავი ცხოველი ნადგურდება ადამიანის კაპრიზების გამო. მოდურად რომ გამოვიყურებოდეთ, ხელოვნური ბეწვიც ხომ სრულიად საკმარისია.
ზუსტად ვიცი, არასდროს მოვიხვევ მკვდარ ცხოველს, არ მეკიდება გულთან მისი შუშისთვალებიანი, მოქანავე თავი.

Thursday, December 31, 2009

გილოცავთ

ყოველ ახალ წელს უკეთესი მომავლის იმედით ვხვდები. ჩემთვის 2009 წინა წელზე უკეთესი აღმოჩნდა. განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარი: ჩემი წიგნი გამოიცა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რითაც გასული წელი დამამახსოვრდება.

ბოლო წლებში განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა არ მაქვს. გუშინ ფეისბუკზე დავწერე, ჩემი ნაძვის ხე და ჩიჩილაკი ლამაზები არიან და სულ ეს არის ჩემი საახალწლო განწყობა-მეთქი. ქუჩაში გასვლისას ამ ღამისთვის ცოტათი მოკრებილი მოლოდინიც მეფანტება, ისეთი სახეებით დადის ხალხი. ამაზე იქნებ სხვა დროს, ახლა კი:

ყველას გილოცავთ!

მშვიდობა, სიყვარული, ჯანმრთელობა და წარმატებები არ მოგკლებოდეთ! მრავალს დაესწარით...

Thursday, December 24, 2009

მშობლები ყიდულობენ ნაძვებს...

ეს ლექსი 2007 წელს დავწერე, ახალ წლამდე ორი დღით ადრე. მეტროს ვაგონში კაცი და პატარა ბიჭი შემოვიდნენ. კაცს უშველებელი ნაძვი ეყიდა. როგორც ეტყობოდა, მოსწონდა თავისი არჩევანი, შესცქეროდა და მგზავრებსაც რამდენჯერმე გადმოგვხედა. ბიჭი რატომღაც მოწყენილი იყო. ჩუმად იჯდა, არც ნაძვისთვის გაუხედავს, არც მამისთვის. მხოლოდ, ხშირ-ხშირად, ქუდს ისწორებდა შუბლზე. მე საავადმყოფოში მივდიოდი, საახალწლო განწყობა იმ წელს (და არც მომდევნოებში) არ მქონია... ლექსის პირველი სტროფი ვაგონიდან გამოსვლამდე გაჩნდა – ზეპირად. თან გულში ვიმეორებდი, ჩემი ლექსების დამახსოვრების ამბავი რომ ვიცი, ვფიქრობდი – დამავიწყდებოდა და რატომღაც ეს არ მინდოდა. არც დამვიწყებია – მოგვიანებით ჩავიწერე. აი, ამ ლექსის ისტორია.
მაშინ მძიმე დღეები მქონდა; ლექსი მხოლოდ მეგობარს წავაკითხე და ფაილში ჩავტოვე. ახლა ის კრებულშია, ახალი წელი კი – კართან. ამ საღამოს ლექსის ბლოგზე გამოქვეყნება მომინდა. ეს მისი პირველი ინტერნეტპუბლიკაცია იქნება – ორი წლის შემდეგ :)

* * *

მშობლები ყიდულობენ ნაძვებს
და მიარბენინებენ სახლებში ნაძვებს და ბავშვებს,
უფრო კი ნაძვებს
და ადევნებული, შეჭმუხნილი ბავშვები
ისწორებენ შუბლებზე ქუდებს
და ბავშვურ ფიქრებს.

მშობლები აწყობენ ნაძვებს,
უშლიან ტოტებს,
ურჩევენ ადგილს
და ალაგებენ ყუთებიდან
მშობლების დანატოვარ სათამაშოებს,
ანდა, ახალს და მაინც მშობლების მიერ დამზადებულს.
მერე თამაშობენ ბავშვებთან არჩევან-არადანს,
სადაც ბავშვებს მუდამ არადანი ხვდებათ,
რასაც ჰკიდებენ
მშობლების მიერ შერჩეულ ალაგას,
ჰკიდებენ მანამ, ვიდრე სწვდებიან...

და ღამით,
ჯადოსნურ ღამით,
მშობლები იცავენ მშობლების მიერ გამოგონილ წესებს
და ხვდებათ ბავშვებს ბალიშის,
ან წინა დღით ნაყიდი ნაძვის ქვეშ
მშობლების მოტანილი სიხარულები
(იშვიათად – წერილის პასუხი)
შეჭმუხნილ შუბლთა გადასახსნელად.

და გარბიან ბავშვები საგუნდაოდ...
და ხდებიან ბავშვები მშობლები...

30. 12. 2007 წ.

Wednesday, December 31, 2008

2009

ჯერ კიდევ ამ წელს ვკარგავდი ადამიანებს, ადგილებს, სურვილებს და ძალებს – ამ სურვილების დასაბრუნებლად და განსახორციელებლად.
ჯერ კიდევ დამდეგ წელს ველოდები პოვნას, თუმცა, ყველაფრის ჩანაცვლება შეუძლებელი იქნება..
ასე, თუ ისე, უკეთესი მომავლის იმედით

მინდა, ყველას, ვინც აქ შემოიხედება, მივულოცო :)
მრავალს დაესწარით! ბედნიერები მეგულებოდეთ! :)



* * *
მგონი, მთელი ღამე ითოვებს..
ჰოდა, აქედანაც ჩანდეს :)