Showing posts with label თარო. Show all posts
Showing posts with label თარო. Show all posts

Tuesday, January 29, 2013

გზაში წაკითხული წიგნები

ახალი ბლოგი გავხსენი. თუ რის შესახებ და რატომ, პირველ პოსტში წერია. გუშინ უცებ გადავწყვიტე – ხანდახან შინ დღისით დაუგეგმავად დაბრუნება  ნაყოფიერი შეიძლება იყოს. კრიტიკოსის ამბიცია არ მაქვს, უბრალოდ, ეს იქნება ერთგვარი ნუსხა, რომელიც მეც დამეხმარება უკან გახედვისას და, დიდი იმედი მაქვს, რომ ბლოგის მკითხველებსაც – თუ მათ კარგ წიგნს აღმოვაჩენინებ, გამიხარდება. შეიძლება მკითხველების რჩევებმა მეც მაპოვნინოს რომელიმე კარგი წიგნი. ამ ბლოგის მსგავსი ბლოგებისგან განმასხვავებელი ნიშანი გამოკითხვაც იქნება – პოსტში ნახსენებ წიგნს 5 ბალიანი შკალის მიხედვით შევაფასებთ – მეც და, თუ მკითხველებს სურვილი ექნებათ, ისინიც.
და ბოლოს, ცოტა მოტივაცია გამიჩნდა, რაღაც საინტერესო ვაკეთო. როცა არ გაქვს მიზანი, ასეთი წამოწყება მნიშვნელოვანია. იქნებ ეს პერიოდი გადამალახინოს.

ჰო, მისამართი: http://bookbagofketi.blogspot.com

Friday, October 26, 2012

ახალი გამოცემა: ყვავილნარი

წელს ნაბეჭდი "ვეფხისტყაოსნის" 300 წელი აღინიშნება, რასაც ეროვნული ბიბლიოთეკა აქტიურად ეხმაურება. ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შექმნა იყო. ეს პროექტი შარშან დაიწყო და თითქმის დასრულებულია. სიახლე კი ის გამოცემაა, რომელზეც ახლა მინდა, დავწერო: ალბათ გსმენიათ ე. წ. "ყვავილების ფლირტის" შესახებ, იქნებ თქვენს ბებიებსაც შემორჩათ ძველი, ყვავილებიანი ბარათები და გინახავთ კიდეც. ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა სწორედ ყვავილების ფლირტია, ოღონდ რუსთაველის ციტატებით გაფორმებული. ილუსტრაციები (ჩემთვის "ვეფხისტყაოსნის" ალბათ ყველაზე საყვარელი ილუსტრაციები) ეკუთვნის მე-17 საუკუნის მხატვარს და პოემის გადამწერს – მამუკა თავაქარაშვილს, მცენარეების სახელწოდებები ალექსანდრე მაყაშვილის ბოტანიკის ლექსიკონიდან არის შერჩეული:

Sunday, February 20, 2011

ქართული ბლოგპოსტების კრებული

ორი დღის წინ ე. წ. "ბლოგერების კრებულის" – "Facebook-მა რა ჰქმნა?!" – პრეზენტაცია გაიმართა. თავიდან, კონტრაქტთან დაკავშირებული გაუგებრობების გამო, შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი ვთქვი. მოგვიანებით კონტრაქტორი მხარე და ხელშეკრულების პირობები შეიცვალა და საბოლოოდ, ჩემი პოსტი ამ კრებულში შევიდა; მაგრამ სიმართლე ვთქვა, ის განწყობა, რაც წინაისტორიამ გამოიწვია, არ შემცვლია.

მცირედი, რისი თქმაც ახლა წიგნზე მომინდა:
საინტერესოა იმ მხრივ, რომ მასში ნახავთ პოსტებს სოციალურ პრობლემებზე, ომზე, სიყვარულზე, წიგნებზე, სნობიზმზე და ა. შ. ანუ ყველა თემაზე, რაც დღეს ახალ თაობას აღელვებს (შეიძლება ჩემი შეხედულებები არ ემთხვევა ზოგიერთი წერილის პათოსს, მაგრამ ესაც ბუნებრივია);
არ მომეწონა წიგნის სათაური (რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ამ სათაურის მქონე პოსტს). ვფიქრობ, რომ წიგნის სახელწოდებად, რომელშიც შესულია ქართული ბლოგპოსტები, სხვა ვირტუალური სოციალური სივრცის სახელი არ უნდა იყოს გამოტანილი. სათაური პირველი მნიშვნელოვანი ორიენტირია და მკითხველი, რომელიც ინტერნეტთან მწყრალად (ან თუნდაც კარგად) არის, სმენია ფეისბუკის შესახებ, მაგრამ კიდევ უფრო ცოტა იცის ბლოგზე, ამ გამოცემის დანახვისას პირველ რიგში ფეისბუკის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებისთვის განეწყობა.

ამ წიგნმა, რა თქმა უნდა, "ბლოგის თაროზეც" დაიდო ბინა, რაკი მასთან დაკავშირებული ვარ.

Wednesday, December 29, 2010

საუბრები ლიტერატურაზე

დიდი ხანია, ჩემი ბლოგის თაროზე ახალი გამოცემა არ დამიმატებია. ორი დღის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის მორიგი ლიტერატურული კრებულის წარდგინება გაიმართა. კრებულში არაერთი საინტერესო ინტერვიუ თუ წერილი შევიდა. ვინც თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეცნობა, მათთვის ამ ავტორებისა თუ მთარგმნელების სახელები ნაცნობია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრ მათგანს იშვიათად შეხვდებით ლიტერატურაზე მოსაუბრეს – მათთან ჩაწერილი ინტერვიუების სიმცირეს ან საერთოდ არარსებობას ვგულისხმობ.
კრებული ლევან ბერძენიშვილის მიერ მოთხრობილი "ლიტერატურული ისტორიებით" იხსნება: ეს არის ვრცელი ინტერვიუს პირველი ნაწილი, რომელიც ვფიქრობ, ნებისმიერ ლიტერატურის მოყვარულს დააინტერესებს. გარდა ამისა, დაიბეჭდა გიორგი კილაძის მიერ ჩაწერილი ინტერვიუები: ვაჟა ხორნაულთან, ლევან ტატიშვილთან, თეა თოფურიასთან, გიორგი საჯაიასთან, ქარდა ქარდუხთან, ზაზა ბიბილაშვილთან, გიორგი კეკელიძესთან, ბაჩო კვირტიასთან, მაკა მიქელაძესთან და სხვებთან; ლიტერატურული საუბრები ლევან რამიშვილთან; ნინო სადღობელაშვილის, მარსიანის, იკა ქადაგიძის, ნინო დარბაისელის, მაია სიმონიშვილის, ნინო გედენიძის და სხვების წერილები...
ყოველი მორიგი კრებულის გამოსვლისას ვამბობ – ეს უკეთესია, ვიდრე წინა და გული მწყდება მცირე ტირაჟზე. იმედია, ეს კრებული სრული სახით ელექტრონულადაც გახდება ხელმისაწვდომი.

Thursday, June 17, 2010

ახალი გამოცემა – თენგიზ მირზაშვილი

დღეს ერთ კარგ გამოცემაზე მინდა, გიამბოთ. მხატვარ თენგიზ მირზაშვილს, მგონია, წარდგენა არ სჭირდება – მისი ნახატების ან მის მიერ გაფორმებული წიგნების ერთხელ ნახვაც საკმარისია, რომ არასდროს აგერიოთ ისინი რომელიმე სხვა მხატვრის ხელწერაში; გამორჩეულია მისი დახატული ქართული ანბანი, რომლითაც უმეტესად აფორმებდა წიგნებს; ისინი კი, ვინც მხატვარს პირადად იცნობდა, სრულიად შეუძლებელია – ამ, იშვიათად კეთილშობილ ადამიანთან ნაცნობობით ბედნიერი არ იყვნენ... და ალბათ, ბევრი მათგანი საჩუქრად მიღებულ ნახატებსაც სიამაყით ინახავს (მათ შორის მეც).

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რამდენიმე დღის წინ თენგიზ მირზაშვილის ბიობიბლიოგრაფია გამოსცა – წიგნი, რომელშიც შესულია მხატვრის ბიოგრაფია, თავმოყრილია მის მიერ გაფორმებული ყველა წიგნის (100-ზე მეტი) ბიბლიოგრაფიული აღწერილობა, რომელიც იმით არის გამორჩეული, რომ დართული აქვს მათი გარეკნების ფერადი ფოტოები. წიგნში ნახავთ თენგიზ მირზაშვილის მიერ შესრულებულ პლაკატებს, გამოქვეყნებულ წერილებს, ინტერვიუებს, პუბლიკაციებს, მისი რედაქციით თუ კონსულტანტობით გამოცემულ წიგნებს, ჟურნალებს, ლიტერატურას მასზე, რომელიც განლაგებულია ქრონოლოგიურად. გამოცემას დართული აქვს პირთა საძიებელი, მითითებულია ინტერნეტრესურსები.
თენგიზ მირზაშვილი ბიბლიოთეკის ხშირი და უსაყვარლესი სტუმარი იყო. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელების პირად კოლექციებში მხატვრის არაერთი ნახატია დაცული. წიგნში ამ ნამუშევრების ფერადი ფოტოებიც დაიბეჭდა.

როგორც მკითხველი, თენგიზ მირზაშვილის შემოქმედების მოყვარული და თუნდაც მხოლოდ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს ასეთ გამოცემას, – ძალიან ვაფასებ მათ, ვინც ამ წიგნის დაბეჭდვის სურვილი გამოთქვა და განახორციელა: მადლობა პირველ რიგში ქ–ნ ციური კოჭლაშვილს – ამ კრებულის შემდგენელს, წიგნს მანვე დაურთო პირთა საძიებელი. წიგნის რედაქტორია ლევან თაქთაქიშვილი, ფოტო და დაკაბადონება – ლევან პაპალაშვილისა.

თუ მოხვდებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მოიძიეთ ეს გამოცემა, შეუძლებელია, არ მოგეწონოთ :)

აქვე მინდა დავწერო ის, რაზეც დღეს ვფიქრობდი:
ბიბლიოგრაფიის შედგენა საოცრად დიდ შრომასთან არის დაკავშირებული: იმის მიხედვით, თუ რა სახის ბიბლიოგრაფია დგება, – იძებნება პიროვნებასთან, გამოცემებთან, დროის რაიმე პერიოდთან და ა.შ. დაკავშირებული ყველა წყარო, ინფორმაცია, რომელიც გაბნეულია ბიბლიოთეკის წიგნად თუ სხვა სახის ფონდებში, ან მოიპოვება ამ ფონდებისგან დამოუკიდებლად. ხდება მათი დახარისხება, ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერებად ქცევა, მათთვის საძიებლების მომზადება... ხანდახან წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგად ვიღებთ წიგნს, რომელშიც თავმოყრილია ამომწურავი ინფორმაცია. ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა არაერთი მნიშვნელოვანი ბიბლიოგრაფია შეადგინეს. მათ შესახებ ძირითადად წიგნისმოყვარულთა ვიწრო წრეებში თუ იციან. კარგი იქნებოდა, ამ საქმიანობისა და მის შედეგად მიღებული წიგნების მეტი პოპულარიზაცია მომხდარიყო.

Friday, January 15, 2010

ქართული წიგნი


ვფიქრობ, ბლოგის თაროზე აუცილებლად უნდა იყოს ეს გამოცემა: მის მომზადებაში საკმაოდ აქტიურად ვმონაწილეობდი. გაზეთ "ქართულ წიგნს" 2001-2002 წლებში ეროვნული ბიბლიოთეკა თვეში ერთხელ გამოსცემდა. სულ 18 ნომერი გამოვიდა. გაზეთის მთავარი რედაქტორი ლევან ბერძენიშვილი იყო, პ/მდივანი – ლევან თაქთაქიშვილი.

გაზეთში ჩემი 10-მდე სტატია გამოქვეყნდა. პირველი სტატია
მე-7 ნომერში დაიბეჭდა და თედო რაზიკაშვილის მკვლელობას ეხებოდა (ლიტერატურის მუზეუმში დაცული გამოუქვეყნებელი ხელნაწერების მიხედვით). დაუბეჭდავი წყაროებით არაერთი წერილი მომზადდა. იბეჭდებოდა მასალები ქართული წიგნის ისტორიიდან, პოლემიკური და კრიტიკული წერილები, ახალი გამოცემების ანოტაციები და ბიბლიოგრაფიები... გამოიცა ორი სპეციალური ნომერიც: მე-4 – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიეძღვნა, მე-9 – "დედაენას" (ამ ნომრებში საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნებისა და "დედაენის" სრული ბიბლიოგრაფიებიც დაიბეჭდა).
"ქართული წიგნის" პირველი ორი ნომერი, შეიძლება ითქვას, ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა..

დღეს, ფლიკრზე, სტენდის ეს ფოტო მომხვდა თვალში – სტენდი აღარ არსებობს, ფოტომ კი "ჟურნალისტურ" წარსულზე პოსტის დაწერა მომანდომა :)

Monday, December 21, 2009

უნიკალური კრებულები


ეროვნული ბიბლიოთეკის უნიკალური გამოცემები – პოეზიის და პროზის კრებულები, რომლებშიც 150–ზე მეტი თანამედროვე ქართველი ავტორის ნაწარმოებები შევიდა. კრებულებს საფუძვლად გიორგი კილაძის ორი პროექტი – "ჩემი ხუთეული" და "ჩემი მოთხრობა" დაედო. მათი განხორციელება ფორუმ "ებლიტფოზე" დაიწყო. წიგნები ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებაში თითო ეგზემპლარად აიკინძა და რარიტეტის განყოფილებაში შეინახება.

ძალიან მახარებს ეს გამოცემები. უნიკალური არა მხოლოდ ეს წიგნებია მათი ერთი ეგზემპლარობის გამო, ასეთი პროექტები არც განხორციელებულა. ავტორებმა თვითონ აირჩიეს პროექტში მონაწილეობის პერიოდისთვის მათი აზრით მნიშვნელოვანი ნაწარმოებები. მიხარია ისიც, რომ ორივე მათგანში შევიდა ჩემი ლექსები და მოთხრობა. კიდევ სასიამოვნოა, როცა ასეთი საქმის შიდა სამზარეულოში შეხედვის საშუალება გაქვს. ამ დროს მოლოდინიც განსაკუთრებული ხდება. და მაინც, ამ საღამოს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ლიბ.გეზე ინფორმაციის ნახვა.

პოეზიის კრებულში ლექსებს მათი ავტორების ავტოგრაფებიც ახლავს, ასევე იქნება პროზის კრებულში.
მგონია, ეს ის წიგნებია, რომლებშიც ქართული ლიტერატურის საკმაოდ საინტერესო პერიოდი დაფიქსირდა, მისი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებით. მე მაგალითად, მაინტერესებს რას ვიფიქრებ წლების მერე ჩემს არჩევანზე და საერთოდ, საიდან "გამოვხედავ" 2008 და 2009 წლებს, როგორც ავტორი :)

ოთხშაბათს, 23 დეკემბერს, 18 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში ამ წიგნების პრეზენტაცია ჩატარდება.
> ვრცლად

Monday, December 7, 2009

გიწვევთ


ოთხშაბათს, 9 დეკემბერს, 18 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში (გუდიაშვილის ქ. 7), საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ჩემი პოეზიის საღამო და კრებულის წარდგენა

ყველას გთხოვთ მობრძანებას :)

Tuesday, November 17, 2009

ბლოგის თარო


სხვადასხვა დროს ჩემს ბლოგზე რამდენიმე გამოცემის შესახებ დავწერე, რომლებიც რაიმე სახით მიკავშირდება – ან
თანაავტორი ვარ, ან ჩემი პუბლიკაციები შევიდა, ან უბრალოდ, ვგულშემატკივრობ. მათზე დაწერილი პოსტები დროთა განმავლობაში ბლოგის არქივში ჩაიკარგა, ამიტომ ბანერი გავაკეთე: ბლოგის თარო, რომელიც ამ გამოცემებს (და მომავალში დამატებულსაც) თავს მოუყრის და ადვილად მოსაძებნს გახდის.

Monday, November 16, 2009

საუბრები ლიტერატურაზე


რამდენიმე დღეა, ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კრებულის მე-6 ნომერი გამოვიდა (და ამ რამდენიმე დღეში უკვე არაერთმა მკითხველმა აღნიშნა, რომ ყოველი ახალი ნომერი წინას სჯობს). ახალ კრებულში 25–მდე ავტორის საინტერესო სტატია და ინტერვიუა შესული. ზოგიერთს ჩამოვთვლი:


  • ნინო სადღობელაშვილის – "ებლიტფო" ლათინური ენასავითაა, მკვდარია, მაგრამ ბევრ ენაზე ცოცხალი"; კრებულში ასევე დაიბეჭდა მისი წერილი გოდერძი ჩოხელზე – "ნაწილიანი";
  • "ებლიტფოს" არქივიდან – შალვა ბაკურაძის "ქმრების საკითხავის" განხილვა;
  • ამავე თემაზეა (ვ) ანუცას (ანა არგანაშვილის) წერილიც;
  • მარსიანის ორი წერილი: სახელდახელო გამოხმაურება ზაზა შათირიშვილის ინტერვიუზე და მეორე: გამოხმაურება წერილზე "კონცეპტუალური –პოეზია?";
  • ნინო დარბაისელის "პოეზიის პრაქტიკუმები";
  • ინტერვიუ ქეთი თუთბერიძესთან და მის მიერ "წაკითხული" საკუთარი ლექსი (ანუ ავტორისეული განხილვა);
  • გიორგი კილაძის ინტერვიუ გურამ მეგრელიშვილთან;
  • ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც "ებლიტფოზე" დაიწყო და იმედია, გაგრძელდება: "100 პოეტის 100 ლექსი" ზაზა შათირიშვილის კომენტარებით. აქ პირველი ლექსის განხილვაა წარმოდგენილი (ვაჟას "მთას ვიყავ");
  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული გივი ალხაზიშვილის პოეზიის საღამოს ჩანაწერი;
  • ლელა კოდალაშვილის კრიტიკული წერილი გურამ მეგრელიშვილის კრებულზე;
  • ინტერვიუ ირაკლი ქასრაშვილთან;
  • ინტერვიუ გიორგი ბუნდოვანთან;
  • გიორგი კეკელიძის "ოდები, ცრუ–ოდები და ძლისპირები", სადაც გიორგი საკუთარ პოეზიაზე საუბრობს;
  • კრებულში შევიდა ჩემი ორი წერილი, რომლებსაც ბლოგის მკითხველები იცნობენ და ინტერვიუ.

სამწუხაროდ, კრებულები მცირე ტირაჟით იბეჭდება და ნაბეჭდი სახით მათ მხოლოდ ვიწრო წრე ნახულობს (თუმცა, ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის ხელმისაწვდომია). ელექტრონული ვერსიების გაცნობა კი შესაძლებელია:

წინა ნომრების შესახებ ცოტა ხნის წინ ვწერდი. ახლაც, ბმული იგივეა: ეროვნული ბიბლიოთეკა

1-4 ნომრის მოსაძებნი საკვანძო სიტყვებია: რამდენიმე კითხვა და ებლიტფო

უახლესი მე-5 და მე-6 ნომრების სანახავად საძიებო გრაფაში ჩაწერეთ: მონოლოგი და საუბრები.

Friday, October 2, 2009

მონოლოგების კრებული



"აქვე მინდა, ერთი სასიამოვნო ფაქტიც აღვნიშნო: წიგნის შესახებ დაწერილი ჩემი წინა წერილი მონოლოგად იქცა ("მონოლოგი პირველ კრებულზე") და ეროვნული ბიბლიოთეკის რიგით მე-5 ლიტერატურულ კრებულში დაიბეჭდება. კრებულს "მონოლოგები და პირისპირ" ჰქვია და მასში არაერთი თანამედროვე ქართველი მწერლის და პოეტის ორიგინალური, ექსკლუზიურად კრებულისთვის შექმნილი მონოლოგი და ლიტერატურულ საკითხებზე გამართული დიალოგი (რუბრიკით "პირისპირ") შევა. ამ თემაზე მოგვიანებით დავწერ.."
ეს სიტყვები რამდენიმე კვირის წინ დავწერე და დღეს უკვე კრებულის წარმოდგენაც შემიძლია. ძალიან გამიხარდა.. საერთოდ, იმდენად კარგ პროექტად და საქმედ მიმაჩნია ამ კრებულების გამოცემა, რომ ყოველი მათგანის გამოსვლა მახარებს. დეკემბრისთვის მეექვსე ნომერიც გამოვა. ეს – მეხუთე და მეექვსე ნომრები ჩემთვის კიდევ უფრო გამორჩეულია –როგორც ვთქვი, ახლა ჩემი მონოლოგიც დაიბეჭდა, მომდევნოში კი ინტერვიუ (ჩემი აზრით, ფორუმ "ებლიტფოს" ერთ–ერთი საუკეთესო პროექტის – "რამდენიმე კითხვის" ციკლიდან) და წერილიც მოხვდება.

ეს ნომერი კი..
საინტერესოა, არა – როგორი უნდა იყოს, მაგალითად, თევზის მონოლოგი? ან საათის, ან ცოცხის, ან CV-ის... რას ჰყვება სიტყვების ჩარჩი, ან სხეულიდან გასული, ან ქვიშა... ეს უბრალოდ ორიგინალური სათაურები არ არის; ასეთივე, და რაც მთავარია, კარგად წასაკითხი – იუმორით, სევდით, მოწოდებით, აღიარებით, გემოთი თუ ფერებით სავსეც კი, ტექსტები მოსდევს. მოკლედ, უახლოეს დღეებში ამ ყველაფრის წაკითხვა მონიტორზეც გახდება შესაძლებელი, მანამდე კი –

წინა ოთხი კრებულის PDF ფაილების ჩამოტვირთვას ამ ბმულიდან შეძლებთ: ეროვნული ბიბლიოთეკა
საძიებელ გრაფაში სიტყვა ებლიტფო ჩაწერეთ და ორ ნომერს გამოიტანს, მომდევნო ორი ნომრისთვის კი რამდენიმე კითხვა მიუთითეთ (სამწუხაროდ, საიტიდან ბმულების ცალ–ცალკე გადმოტანა შეუძლებელია).

Wednesday, May 13, 2009

ვეფხისტყაოსანი 1712-2008


დღეს კიდევ ერთხელ გამიხარდა და, რა თქმა უნდა, სიხარულის მიზეზზე აქაც დავწერ:
ეს "ვეფხისტყაოსნის" ბიბლიოგრაფიაა, რომელშიც 1712 წლიდან დღემდე, საქართველოში და უცხოეთში დაბეჭდილი ყველა გამოცემა შევიდა, ანუ: მსოფლიოს 37 ქვეყანაში, 46 ენაზე დაბეჭდილი 383 წიგნის აღწერილობა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! ასეთი ბიბლიოგრაფია საქართველოში ჯერ არ შედგენილა და, მგონი, არც მის ფარგლებს გარეთ: თითოეულ აღწერილობას გამოცემის ყდისა და ტიტულის ფურცლის ფერადი ფოტო ახლავს.
აქვე, წიგნის მაღალ პოლიგრაფიულ ხარისხს აღვნიშნავ;
გარეკანი კი: შეგიძლიათ, თქვენი მესამე თვალი "მოიმარჯვოთ" და.. ყდაზე რუსთაველის პორტრეტი დაინახოთ.
ბიბლიოგრაფიის შემდგენლები ლევან თაქთაქიშვილი და მამუკა ჩხეიძე არიან. წიგნი გამომცემლობა "სეზანმა" დაბეჭდა. ამ წიგნზე მუშაობისას დადგინდა, რომ 2009 წლამდე "ვეფხისტყაოსნის"
99 ქართული გამოცემა არსებობდა; მე-100 – წელს, ამავე გამომცემლობამ და "თიბისი" ბანკმა დაბეჭდეს (მინდა, გითხრათ, ძალიან ლამაზი, მინიატურული ზომის სასაჩუქრე წიგნებია).
მოკლედ, ძალიან მომწონს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

და ბოლოს:
ამ საოცრად კარგი გამოცემის სარედაქციო ჯგუფის წევრი ვარ.
მოკლედ, ამ თვეში ჩემი მუშაობის ორი შედეგი ვნახე – ორი მნიშვნელოვანი გამოცემის სახით და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

პ. ს. ფოტოები არც თუ კარგი ხარისხის გამომივიდა, მაგრამ შთაბეჭდილების შესაქმნელად არა უშავს :)
როგორც წინა წიგნის ფოტოს, აქაც საავტორო ლოგოები დავურთე.

Tuesday, May 12, 2009

ბიბლიოგრაფია


საავტორო ცალი მივიღე და უკვე გარეკანსაც ვაქვეყნებ.
ინფორმაციას ამ ბმულზე იპოვნით, ფოტოსაც გადავიტან..

Tuesday, April 7, 2009

ბიბლიოგრაფია


პირველი ქართველი ავტორი, რომელმაც წიგნი რუსულ ენაზე გამოსცა – ქრისტეფორე (ქაიხოსრო) გურამიშვილი (დავით გურამიშვილის ძმა) იყო, ეს წიგნი კი, პეტერბურგში დაბეჭდილი "Букварь" გახლავთ.
რატომ ვწერ ამაზე?
დღეს, უფრო სწორედ, გუშინ ვნახე – სასიგნალო ეგზემპლარი:
როგორც იქნა გამოვიდა – რუსულენოვანი წიგნადი გამოცემების ბიბლიოგრაფიის I ტომი (1737-1917). ყველაფერს, რაც საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოში, ან მის ფარგლებს გარეთ დაბეჭდილა (თუკი არსებობს ინფორმაცია), ამ ტომში იხილავთ. 12 ათასზე მეტი აღწერილობაა - 700 გვერდამდე მასალა. მცირე სამუშაო ჯგუფისგან იმდენი შრომაა ჩადებული! მოკლედ, ძალიან მომეწონა. ჰო, ყდის დიზაინიც :)
და.. რედკოლეგიის ერთ–ერთი წევრი მეც ვარ. ჩემთვის ეს პირველი წიგნია, რომელზეც ვიმუშავე და თაროზე არ დაიმტვერა.
თან, წიგნზე გულწრფელად ნათქვამი არაერთი დადებითი აზრი მოვისმინე. გამიხარდა:)

Wednesday, December 24, 2008

ხუთეული


ვინც საიტ "ებლიტფოზე" შედიოდა (შემდეგ "თაობები"), ამ პროექტის – "ჩემი ხუთეულის" შესახებ ეცოდინება (ეს არის ის კარგი საქმე, რომელზეც რამდენიმე ხნის წინ ვწერდი). პროექტი უპრეცედენტოა: 90–ზე მეტმა ავტორმა აარჩია საკუთარი 5 ლექსი, საკუთარივე გემოვნებით. დღეს უკვე არსებობს წიგნი, ერთ ეგზემპლარად, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეინახება.
საინტერესოა, ამ რამდენიმე ათეული ავტორიდან ერთი ათეული მაინც თუ გაუძლებს დროს :)

პ.ს. ფოტო – სატელევიზიო სიუჟეტიდან :)