Saturday, December 31, 2011

გილოცავთ!

ამ საახალწლო საღამოს, როცა ჩემს გასულ წელზე ვფიქრობ, ბურუსიანი დღეები თითქოს გაქრა მეხსიერებიდან და წინ მხოლოდ დადებითი მოიწევს: მშვიდი იყო, სითბოც ახლდა, ჯანმრთელობაც, ერთად ყოფნაც, გარკვეული მიზნის შესრულებაც მოვახერხე; არ დავუტოვებივარ მადლიერების და წვრილმანებით გახარების განცდას, ვწერდი და ვიყავი მკითხველი, ვიღებდი ფოტოებს და შთაბეჭდილებებს და დღეს ცოტა უფრო მეტი ვიცი, ვიდრე წინა წელს. რატომღაც მგონია, რომ ახალი წელი გამორჩეული და კარგი უნდა იყოს. ასეთი განწყობა კი, სულ მცირე, უკეთესობისთვის მოქმედების სურვილს აჩენს.

ჩემი ბლოგის ყველა სტუმარს – ძველ მეგობარს თუ შემთხვევით გამოჩენილს, გილოცავთ ახალ 2012 წელს! წარმატებები მოეტანოს, სიყვარული და ღიმილი არ მოგკლებოდეთ.
მრავალს დაესწარით!



Thursday, December 29, 2011

საახალწლო და სერიული, ანაც – საახალწლო სერიებიდან

ქართულ წიგნის ბაზარზე რომ სერიული პროცესები მიდის და სერიები პოპულარულია, ახალი ამბავი არ არის. აი, უახლესი მათგანი: თბილისის წიგნის მაღაზიებში წიგნებისგან აწყობილი ნაძვის ხეების აღლუმია. დეკემბერში სოც. ქსელებში ასეთი ნაძვის ხეების უცხოური ფოტოები გავრცელდა და შედეგმაც არ დააყოვნა.

ეს ფოტოები სამი თბილისური წიგნის მაღაზიის ინტერნეტგვერდებიდან ავიღე. შესაძლოა, "სერიალში" სხვა მაღაზიათა ქსელებიც მონაწილეობს. დრო არ მაქვს, რომ მოვინახულო.

Monday, December 26, 2011

ერთი კვირა, კედელზე

წლის ბოლო ორშაბათის გამოფენისთვის რაიმე ციმციმას შერჩევას ვაპირებდი, როგორც წინა წლებში, თუმცა...
"ადამის შექმნა", სიქსტის კაპელის ჭერზე განლაგებული ცხრა ფრესკიდან მეოთხე და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, მიქელანჯელომ დაახლოებით 1511 წელს დაწერა. კომპოზიციის მთავარი დეტალი "ხელები" სასიცოცხლო იმპულსის გაცემისა და მიღების ყველაზე შთამბეჭდავი გამოხატულებაა, მეც სწორედ მას გამოვფენ.

აქვე, ბლოგის გამოფენა საუკეთესო სურვილებით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და იმედს იტოვებს, რომ მომავალ წელსაც, ტრადიციულად, ორშაბათობით გაიხსნება :)

26 დეკემბერი, 2011 –
1 იანვარი, 2012.

Monday, December 19, 2011

ერთი კვირა, კედელზე

მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში იაპონელებმა ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობები განაახლეს. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა დასავლეთევროპულ, განსაკუთრებით კი ფრანგულ მხატვრობაში ტენდენცია "იაპონიზმი" (ტერმინიც ფრანგულია). იაპონური ხელოვნების ნიმუშები, უმეტესად კი ხეზე ამოტვიფრული გრავიურები, შთააგონებდა ევროპელ ხელოვანებს. 1862 წელს პარიზში გაიხსნა მაღაზია "ჩინური კედელი", რომელიც ფრანგ მხატვრებში პოპულარობამოხვეჭილ იაპონურ გრავიურებს ყიდდა. მე-19 საუკუნის ბოლოს იმდენად დიდი იყო იაპონიით დაინტერესება, რომ არაერთი ფრანგი მხატვარი და კოლექციონერი გაემგზავრა ამ ქვეყანაში სამოგზაუროდ. ფრანგულ პრესაში იბეჭდებოდა სტატიები იაპონურ, უმეტესად "ედოს პერიოდის" (1603-1868), ნამუშევრებზე. იაპონურმა ისტერიამ კულმინაციას 1860-1880-იან წლებში მიაღწია. გავლენა განიცადეს ვინსენტ ვან გოგმა, მერი კასატმა, პოლ გოგენმა, გუსტავ კლიმტმა და სხვებმა. დღეს სწორედ ვან გოგის "იაპონური" ნამუშევარი მინდა, გამოვფინო.
ვინსენტ ვან გოგის შთაგონების წყარო "ედოს პერიოდის" იაპონელი მხატვრის, ანდო ჰიროშიგას (1797-1858) ორი ნახატი გახდა: "საღამოს წვიმა და დიდი ხიდი" (1856 წ.) ცნობილი სერიიდან "ედოს 100 ხედი" (1856-1858) და "ქლიავის ბაღი კამეიდოში" (1857 წ.). ვან გოგმა თავისი ნამუშევრები 1887 წელს შექმნა. ბლოგის გამოფენისთვის "აყვავებული ქლიავის ხე" შევარჩიე.

20–26 დეკემბერი.

Monday, December 12, 2011

ერთი კვირა, კედელზე

რა ხანია, პოლ გოგენი არ გამომიფენია – შარშან აქტიურად ვაკითხავდი ორშაბათობით...
ბრეტონის პერიოდისეული "ზღვისპირა მინდვრები" (1889 წ.).

12–18 დეკემბერი.

Monday, December 5, 2011

ერთი კვირა, კედელზე

არჩევანი ამ ორშაბათის გამოფენისთვის: მონსერატ გუდიოლი და მისი წყვილი.

5–11 დეკემბერი.

Sunday, December 4, 2011

ღია ცის ქვეშ

ჩემ ბავშვობაში, როცა საზღვრები გაიხსნა და თვითმხილველებმა პირველი უცხოური ამბები ჩამოიტანეს, მათ შორის, უსახლკაროებზე, რომლებსაც ქუჩებში, მუყაოს ყუთებში ეძინათ და გამვლელები ცუდად მყოფებსაც კი გულგრილად უვლიდნენ გვერდს, მახსოვს, როგორ განვიცადე.
ამ კვირაში ორჯერ ვნახე ერთი და იგივე კაცი დილაადრიან – უგონო, ჭუჭყიანი და ლურჯი.
იწვა შუა ტროტუარზე და სასწრაფო დახმარების ექიმი მაჯას უსინჯავდა.
უდროობის გამო ერთი წუთითაც ვერ შევჩერდი და მხოლოდ იმით დავიმშვიდე გული, რომ არსებობს ვიღაც უკეთესი, რომელიც თავის გეგმებს გვერდზე დებს, ექიმს იძახებს და ალბათ მის პასუხსაც უცდის.
რა ელის ამ ადამიანს მოსულიერების შემდეგ?!
რამდენჯერ გაუძლებს ყინვიან ღამეს?!
რამდენჯერ მოაკითხავს ექიმი?!
რამდენი ადამიანი ათენებს ღამეს ღია ცის ქვეშ?!