Monday, September 26, 2011

ერთი კვირა, კედელზე

მხატვარი, რომელიც ამ კვირის საგამოფენო კედელს დაიკავებს, წარმოშობით პერუელი, ალბერტო ვარგასია. ვარგასი გასული საუკუნის პირველ ნახევარში საოცრად პოპულარული იყო თავისი ეროტიკული ნახატებით. ხატავდა ე. წ. "პინ-აპ" გოგონებს (მოდელები, რომელთა ეროტიკული სურათები ფართოდ ვრცელდება. პინ-აპ სურათები იბეჭდება მამაკაცებისთვის განკუთვნილ ჟურნალებში, საიდანაც ხშირად ჭრიან და აკრავენ კედლებზე; გამოიცემოდა პოსტკარდების, ლითოგრაფიების, კალენდრების სახითაც. ტერმინი pin-up მომდინარეობს pinned up-ისგან და მიმაგრებულს, ამ შემთხვევაში კედელზე მიმაგრებულს, აღნიშნავს).

ალბერტო ვარგასი დაიბადა 1896 წელს არეკიპაში (პერუ), ცნობილი პერუელი ფოტოგრაფის, მაქს ტ. ვარგასის, ოჯახში. მისი სრული სახელია ხუაკინ ალბერტო ვარგას ი ჩავესი. პირველ მსოფლიო ომამდე ევროპაში ხელოვნების შესასწავლად გაემგზავრა, 1916 წელს კი ამერიკაში გადასახლდა. მუშაობდა ჰოლივუდის სტუდიებში – ხატავდა ფილმების პოსტერებს. პირველი პოპულარობა 1933 წელს, ფილმ "ნორა მორანის ცოდვისთვის" დახატულმა პოსტერმა მოუტანა, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი თითქმის შიშვლად გამოსახა (ეს პოსტერი დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ვეებერთელა პოსტერად ითვლება). ცნობილი ჰოლივუდელებიდან დახატა ლეგენდარული პინ-აპ მოდელი ბეტი გრეიბლი, აგრეთვე: ავა გარდნერი, ჯეინ რასელი, მარლენ დიტრიხი, მერილინ მონრო და სხვები.

საყოველთაოდ ცნობილი კი 1940-იან წლებში გახდა, როდესაც მუშაობა დაიწყო ჩიკაგოში 1932 წლიდან გამომავალ ჟურნალ "ესქუაირის" (Esquire) ილუსტრატორად. ეს ჟურნალი 1930-იან წლების ამერიკაში ყველაზე გაბედულ ჟურნალად ითვლებოდა. ვარგასის ნახატები იმდენად პოპულარული იყო, რომ ტერმინიც გაჩნდა – "ვარგას გოგონები" ("Vargas' girls"). მეორე მსოფლიო ომის დროს ჟურნალმა სახელმწიფოს სთხოვა, დამატებითი ქაღალდის შეძენაში დახმარებოდა. არგუმენტი: "ვარგას გოგონები" დიდ მხნეობას მატებდნენ ომში წასულ ამერიკელ ჯარისკაცებს. ჟურნალის რედაქციის თხოვნა დაკმაყოფილდა. სწორედ "ვარგას გოგონებიდან" დაედო სათავე მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო თვითმფრინავების ცხვირების მოხატვის ხელოვნებას (თვითმფრინავების ცხვირებზე პინ-აპ მოდელებს ხატავდნენ). მოგვიანებით ჟურნალის რედაქცია ნიუ-იორკში გადავიდა, 1953 წელს კი ჩიკაგოში დაარსდა "პლეიბოი", რომელმაც ალბერტო ვარგასი სამუშაოდ გადაიბირა.

1946 წელს, როდესაც "ესქუაირისა" და მხატვრის გზები გაიყარა, ვარგასმა საკუთარი კედლის კალენდრის გამოცემა გადაწყვიტა. ვიდრე ჩანაფიქრს განახორციელებდა, 1947 წელს "ესქუაირმა" მისი ხელმოუწერავი ნახატებით გაფორმებული წლის კალენდარი დაბეჭდა, ხოლო 1948 წელს, როდესაც ალბერტოს კალენდარიც გამოვიდა, წარმოიშვა დავა სახელთან – "ვარგას გოგონებთან" – დაკავშირებით, რაც რამდენიმე წელს გაგრძელდა. იმის გამო, რომ ტერმინზე საავტორო უფლებას ჟურნალი იტოვებდა, მხატვარმა მასში "ს"-ს ჩამატება დაიწყო და გვარს სრულად წერდა ("ვარგასის გოგონები").

1974 წელს ალბერტო ვარგასს მეუღლე, ანა მეი, გარდაეცვალა, რომელიც წლების მანძილზე მისი მუზა, მოდელი და საქმეთა მმართველი იყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ვარგასმა ხატვა შეწყვიტა. 1978 წელს გამოქვეყნდა მისი ავტობიოგრაფია, რამაც მხატვრის მიმართ ინტერესი კვლავ გააღვივა და ამ ყურადღებას ხატვასთან მიბრუნება მოჰყვა – ვარგასმა მუსიკალური ალბომისა და ჟურნალის ყდები გააფორმა.

ალბერტო ვარგასი წყლის საღებავებით და აეროგრაფით ხატავდა. მუშაობისას ქმნიდა ათობით ესკიზს; მისი მოდელები იდეალური პროპორციებით, გრძელი თითებით და ელეგანტური ჩაცმულობით გამოირჩეოდნენ. ვარგასი მხატვრობის ამ ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მხატვრად ითვლება. მისი ნახატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფინებოდა. "ესქუაირის" დროინდელი ნამუშევრები სპენსერის ხელოვნების მუზეუმში (კანზასი, აშშ) ინახება.

ცნობილია, რომ ბორის ვიანი პერსონაჟი ქალების დასახატად სწორედ "ვარგასის გოგონებს" იყენებდა. მე კი, ბოლო დროს ვიანს "ვესაუბრები" და აი, ეს ჩემს გამოფენაზეც აისახა.

რაც შეეხება გამოფენას – ავარჩიე სამი ნამუშევარი და სამივეს ერთად შემოგთავაზებთ:
*
პირველი – 1928 წელს შექმნილი "ესპანელი ბოშაა", რომელიც ვარგასის შემოქმედების ადრეული პერიოდის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.
*
ეს ნახატი, ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეულია.
*
ზემოთ ვწერდი, რომ "ვარგას გოგონებიდან" დაედო სათავე მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო თვითმფრინავების ცხვირების მოხატვის ხელოვნებას. ვარგასის ერთ ნახატსა და ფოტოს გამოვფენ, რომელზეც ამ ნახატით გაფორმებული თვითმფრინავია ასახული.

26 სექტემბერი –
2 ოქტომბერი.

Monday, September 19, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ფრედერიკ ჩაილდ ჰასამის "ივლისის ღამე" (1900 წ.), მიუხედავად იმისა, რომ კალენდარულმა ივლისმა, რა ხანია, ჩაიარა...

აქვე:
ამ კვირაში – 22 სექტემბერს – ჩემს ორშაბათის ტრადიციულ გამოფენას 3 წელი უსრულდება. მას შემდეგ, რაც ეს რუბრიკა წამოვიწყე, არცერთი ორშაბათი გამომიტოვებია, არც ნახატებს ვიმეორებ, მიუხედავად ხანდახან შემოჩენილი დიდი სურვილისა – მივუბრუნდე რომელიმე ნამუშევარს. ერთადერთი გამონაკლისი, როგორც მახსოვს, კლიმტის "კოცნა" იყო (ამ ნახატით გაიხსნა პირველი გამოფენაც). მიყვარს ჩემი გამოფენები და ბლოგი მის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია; იმედია, ბლოგის მკითხველებსაც მოგწონთ, ასე რომ, მომავალ ორშაბათამდე :)

19 – 25 სექტემბერი.

Monday, September 12, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ჯეიმს ჟაკ ჟოზეფ ტისო 1836 წელს საფრანგეთში, ნანტში დაიბადა. 1856 წლიან პარიზის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, სადაც ედგარ დეგასა და ჯეიმს ვისტლერს დაუახლოვდა. მისი პირველი გამოფენა 1859 წელს პარიზის სალონში მოეწყო; 1861 წელს ნახატი "ფაუსტისა და მარგარიტას შეხვედრა" ლუქსემბურგის მუზეუმმა შეიძინა. იბრძოდა ფრანკო–პრუსიის ომში, მოგვიანებით კი პარიზის კომუნარებს გულშემატკივრობდა, რის გამოც საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც სახელი შეიცვალა და ჯეიმსი დაირქვა. აქვე დაიწყო გრაფიკის შესწავლა, მუშაობდა ილუსტრატორად.

1875–1876 წლებში ჟაკ ტისომ ირლანდიელი ქეთლინ ნიუტონი გაიცნო, რომელიც მისი მუზა და მოდელი გახდა. ტისო ქეთლინს ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულად თვლიდა. ქალი 1876 წლიდან სიკვდილამდე (1882) ლონდონში, ტისოსთან ერთად ცხოვრობდა. 1876 წელს შეეძინა ვაჟი, რომლის მამაც, სავარაუდოდ, ტისო იყო. მათ დაქორწინებას ხელი ქეთლინის ირლანდიურმა წარმოშობამ და კათოლიკობამ, განქორწინებულისა და ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების დედის სტატუსმა შეუშალა. ქეთლინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რისი მიზეზიც ტუბერკულოზით გამოწვეული ტანჯვა იყო.

მისი სიკვდილის შემდეგ ტისო პარიზში დაბრუნდა. აქ, 1885 წელს, მხატვრისთვის მეტად მნიშვნელოვანი გამოფენა მოეწყო – გამოიფინა 15 ნამუშევარი სერიიდან "ქალი პარიზში", რომელშიც თავი მოიყარა სხვადასხვა კლასისა და ტიპის ქალთა პორტრეტებმა. 1880-იანი წლებიდან ტისო რელიგიამ გაიტაცა, რაც მის მხატვრობაზეც აისახა – ასურათებდა ბიბლიას (1886, 1889 და 1896 წლებში ახლო აღმოსავლეთშიც იმოგზაურა, რათა პეიზაჟები და ადამიანების ტიპაჟები შეესწავლა). სულ დახატა 365 ილუსტრაცია გუაშით, რომლებიც კრიტიკოსებმა დიდად მოიწონეს, ხოლო 1900 წელს ბრუკლინის მუზეუმმა შეიძინა. გარდაიცვალა საფრანგეთში, 1902 წელს.

დღევანდელი გამოფენისთვის "კროკეტი" (1878 წ.) შევარჩიე. მასზე ქეთლინ ნიუტონია ასახული.
*
ამ ნახატის გამოფენა არ დამიგეგმავს, მაგრამ ახლა, რატომღაც, ქეთლინის გვერდით ტისოს ავტოპორტრეტის მოთავსებაც გადავწყვიტე.

12–18 სექტემბერი.

Friday, September 9, 2011

წერილი ბორის ვიანს

/მოკითხვამდე/

ვერ გადავწყვიტე, როგორ მოგმართო – ძვირფასო ბორის, მისიე ბორის, თუ უბრალოდ, ბოღის – ფრანგული პრონონსით, ამიტომ პირდაპირ დავიწყებ:

აქ ასეთი ამბავია – წერილებს სწერენ საყვარელ მწერლებს. ერთი-ორ ჩემს საყვარელ მწერალს უკვე მისწერეს. მე კი მგონია, სააქაოდან საიქიოში ერთი ადრესატისთვის ერთბაშად რამდენიმე წერილის მოსვლა რთული საქმე უნდა იყოს. ამიტომ შენ ამოგირჩიე. თანაც, სწორედ ახლა ვკითხულობ შენს წიგნს და კითხვის ყოველი “სეანსის” დასრულებისას ვბუტბუტებ: აჰ, ეს ჩემი ნაწერი იყოს. ჰო, ჰო, შენს ნაწერს “ხელს მოვაწერდი”.

კარგი, თავიდანვე გეტყვი, რომ შენი ბევრი არაფერი წამიკითხავს. სულ ახლა ვიწყებ შენს გაცნობას და თავს ისე ვგრძნობ, როგორც მეტად საინტერესო კაცის წინ. მოკლედ, “გულსაგლეჯს” ვკითხულობ. მინდა გითხრა, ამ წიგნს ბარემ ერთი წელია, გვერდს ვუვლი. სათაური და ყდა არ მომეწონა. რაღაც ძალიან მწვალებლურად აღვიქვი. ქართულ ენაზე გამოცემულ შენს წიგნს გრძელცხვირა, ჩაჩიანი, მოხუცი კაცი ახატია, ქოლგით, ქუდით და ვიოლინოთი რომ დაუხუნძლია ხელები და მაცდურად უღიმის პიანინოსთან მორცხვად ჩამომდგარ გოგოს, რომელსაც ნოტები უჭირავს. ფედერიკო ანდრეოტის ნახატია. რაღაც მსგავს მდგომარეობაში ვარ ახლა: თუ მასწავლებლის ადგილზე წარმოგიდგენ – ვიღებ გაკვეთილს და ვკარგავ გულს, რომელსაც ასე უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად მაცლი შენი მდიდარი კოლექციისთვის. გამოდის, ყდის დიზაინი სწორედ (ჩემთვის) შეურჩევია მავანს.

წიგნის უკანა მხარეს შენი პორტრეტია – ისე გულიანად იცინი, მაგარი ტიპი უნდა ყოფილიყავი, ასე მგონია. მხიარული, ჭკვიანი, აი, რაღაცნაირი ანცი; და მაინც მუდამ სევდიანი თვალებით. თან ყურში მუსიკა გქონდა სულ. საყვირზე რომ უკრავდი, გენიალურია, ვგიჟდები საყვირის ჟღერადობაზე. მართლა, შენს სიმღერებსაც მოვუსმინე იუთუბზე. აჰ, არ იცი იუთუბის შესახებ. ეგ არაფერი. მოკლედ, შენი პოვნა ადვილია დღევანდელ სამყაროში – ერთი ხელის გაწვდენა და მუსიკა თუ ტექსტები ჩემ წინ გაჩნდება. ზუსტად ამას ვაპირებ დროთა განმავლობაში – კარგად გაგიცნო.

ამ წერილს ისე სწრაფად ვწერ, წყალივით. უცებ მომინდა, მომეწერა. როგორც ჩანს, მხოლოდ ის ბუტბუტი არ მეყო დამოკიდებულების გამოსახატად და ამდენი სიტყვაც ამიტომ მცვივა.

მოდი, ცოტას “გულსაგლეჯზე” გეტყვი. რაც წავიკითხე, იმაზე. თავიდანვე მომეწონე. პირველი თავიდან. რაღაც ისე აღწერდი გარემოს, ეგრევე დავიძაბე: გამიჩნდა სურვილი, არცერთი სიტყვა არ გამომპარვოდა. თითქოს აპლიკაციებით აწყობ პეიზაჟებს. უფრო ზუსტად, ხატავ. შენ თუ არა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ფუტკრები შეიძლება დაბნეულები და უსაქმოები იყვნენ, თხებმა კი ავტოსტოპით იმგზავრონ. არც მე ვიცოდი ეს. ჰო, კლემანტინი და მისი წარაკუები. ასე თარგმნეს ქართულად. სულ მეცინება. ნეტა ფრანგულად რას უწოდებ ტყუპებს. წითელმა ნაკადულმა დამამძიმა. სასტიკად აღწერ. მისი წარმოდგენისას მეგონა, ცოტაც და ჩავიძირებოდი, მაგრამ მერე, შარავანდის ამბავი რომ წავიკითხე, მადლობელი დავრჩი – ფეხი არ ჩამიცდა. მოხუცების ბაზრობა, შეგირდის სიკვდილი და ეკლესიის სცენა ძალიან შთამბეჭდავია. მღვდელთან ერთად ვყვიროდი: არ იწვიმებს-მეთქი, არააა... და მერე ვჩურჩულებდი: “ის არც არავის მომხრეა და არც მოწინააღმდეგე”. ნუ, გულში, რა თქმა უნდა. ეს რაც შეეხება საერთო სცენებს. ყველა სიტყვას რომ გულისყურით ვკრეფ, ხომ გითხარი. ახლა სიტროენმა სიარული ისწავლა და საინტერესოა, საით წავა.

იცი, როცა შენი კითხვა დავიწყე, ჩემს ბლოგზე დავწერე, ვნახოთ რას მეტყვის-მეთქი, ვიანი. ბლოგი რა არის? ისეთივე რაღაც, რაც იუთუბი – ამ სამყაროს პროდუქტია. ჰოდა, ისე გამოვიდა, თითქოს გამოგიწვიე და ახლა ვზივარ განიარაღებული. შენ კი, ალბათ გულიანი სიცილით იცინი მანდ, სადაც ხარ – კიდევ ერთი გული ჩაიგდე ხელთ.

საღამოს რამდენიმე სიმღერას ამოვირჩევ და მოვუსმენ. კარგად უნდა დავაკვირდე, როგორი ხმა გაქვს, რომ მორიგი გაკვეთილის ბოლოს შენი სიცილი წარმოვიდგინო, მეტღ*.

მივხვდი, როგორ მოგმართო.


6 სექტემბერი, 2011
თბილისი

-----
* Maître (ფრ.) – მასწავლებელი, მოძღვარი

Tuesday, September 6, 2011

ფერი


ეზოში გადავიღე. ჩემი ბლოგის ფერია. ჰოდა, ჩამოვკიდებ აქაც.

Monday, September 5, 2011

ერთი კვირა, კედელზე

სეზონის ცვლილებას შესაფერისი განწყობა და ფერები მოაქვს. არჩევანი: ანრი რუსოს "პეიზაჟი ფერმერთან ერთად" – მხატვრისთვის დამახასიათებელი ხელწერითა და ფერთა გამით. რუსო ერთხელ უკვე გამოვფინე – მის შესახებ ოდნავ მეტი ამ პოსტით შეგიძლიათ შეიტყოთ.

5–11 სექტემბერი.

Friday, September 2, 2011

რაც აღარ და ვეღარ

ამას წინათ მხატვრის სახლში მოვხვდი. სრულიად შემთხვევით. ეზომ მიმიზიდა ფოტოგადაღებისთვის და შემიპატიჟეს, თუმცა ისევ მხოლოდ ეზოსა და აივნის დათვალიერებით ამოიწურა ჩემი სტუმრობა. მომერიდა. აივანზე მოწყობილმა სამუშაო კუთხემ რამდენი დღე მაფიქრა, არ ვიცი. აი, ახლაც ხომ მასზე ვწერ. ხშირად ვფიქრობ, საით წავიდოდა ჩემი ცხოვრება, თუ იმ გზაჯვარედინზე, 7 წლის ასაკში რომ ვიდექი(თ), სხვა მიმართულებას ავირჩევდი(თ)? მეც მექნებოდა ჩემი „აივანი“? არა, არაფერს მივტირი, უბრალოდ მაინტერესებს. ჩემში დიდია მოთხოვნილება, ასეთ გარემოში ვიყო... და ნულოვანი – შეხება. თუ შემთხვევით მოვხვდი, თავს უხერხულად ვგრძნობ, ორიენტირდაკარგულივით და ვცდილობ, მალე გავეცალო. სამაგიეროდ, მერე დღეში ორმოცდაათჯერ ვიხსენებ.

რამდენი ადამიანი დადის საქართველოში, ვინც ახლობლების (საზოგადოებრივი აზრის, პრაგმატული გათვლების, გარეშე პირობების) გავლენით აირჩია საქმიანობა და დათმო ის, რასაც შინაგანი ხმა ურჩევდა. ნეტავ მათ თუ ეფიქრებათ ხოლმე, სურთ, ან ცდილობენ დაბრუნებას? და, აქვს კი აზრი დაბრუნებას? ჩვენ ხომ ვვითარდებით, ჩვენი შეხედულებები, საკუთარი ძალების შეფასება, ინტერესის სფეროები ხომ იცვლება. ან მონათესავე დარგებში ვინაცვლებთ, ან საერთოდ ვივიწყებთ ძველ გატაცებებს.

ჩემს ბავშვობაში ცაციებს სახელმწიფო დონეზე მტრობდნენ. ერთ კლასელს, როდესაც მე-2 კლასში ვიყავით, ცაციობა აუკრძალეს. ბევრს ეცადნენ თუ ცოტას, მემარჯვენედ აქციეს, სამაგიეროდ ხატვის საშუალება წაართვეს. ეს კი არა, კალიგრაფიაც ბატიფეხური ჩამოუყალიბდა. ჰოდა, ჩემთვის ნაცნობი გრძნობაც ამ ამბის შედეგს ჰგავს – რაღაც წარსულში დარჩა: ხელებს აღარ და ვეღარ სურთ. თუმცა სხვა, მსგავსი საქმეების კეთებას კი ახერხებენ. თვალმაც იპოვნა გასაქცევი – მოცალეობისას ობიექტივში იკეტება.