Monday, September 26, 2011

ერთი კვირა, კედელზე

მხატვარი, რომელიც ამ კვირის საგამოფენო კედელს დაიკავებს, წარმოშობით პერუელი, ალბერტო ვარგასია. ვარგასი გასული საუკუნის პირველ ნახევარში საოცრად პოპულარული იყო თავისი ეროტიკული ნახატებით. ხატავდა ე. წ. "პინ-აპ" გოგონებს (მოდელები, რომელთა ეროტიკული სურათები ფართოდ ვრცელდება. პინ-აპ სურათები იბეჭდება მამაკაცებისთვის განკუთვნილ ჟურნალებში, საიდანაც ხშირად ჭრიან და აკრავენ კედლებზე; გამოიცემოდა პოსტკარდების, ლითოგრაფიების, კალენდრების სახითაც. ტერმინი pin-up მომდინარეობს pinned up-ისგან და მიმაგრებულს, ამ შემთხვევაში კედელზე მიმაგრებულს, აღნიშნავს).

ალბერტო ვარგასი დაიბადა 1896 წელს არეკიპაში (პერუ), ცნობილი პერუელი ფოტოგრაფის, მაქს ტ. ვარგასის, ოჯახში. მისი სრული სახელია ხუაკინ ალბერტო ვარგას ი ჩავესი. პირველ მსოფლიო ომამდე ევროპაში ხელოვნების შესასწავლად გაემგზავრა, 1916 წელს კი ამერიკაში გადასახლდა. მუშაობდა ჰოლივუდის სტუდიებში – ხატავდა ფილმების პოსტერებს. პირველი პოპულარობა 1933 წელს, ფილმ "ნორა მორანის ცოდვისთვის" დახატულმა პოსტერმა მოუტანა, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი თითქმის შიშვლად გამოსახა (ეს პოსტერი დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ვეებერთელა პოსტერად ითვლება). ცნობილი ჰოლივუდელებიდან დახატა ლეგენდარული პინ-აპ მოდელი ბეტი გრეიბლი, აგრეთვე: ავა გარდნერი, ჯეინ რასელი, მარლენ დიტრიხი, მერილინ მონრო და სხვები.

საყოველთაოდ ცნობილი კი 1940-იან წლებში გახდა, როდესაც მუშაობა დაიწყო ჩიკაგოში 1932 წლიდან გამომავალ ჟურნალ "ესქუაირის" (Esquire) ილუსტრატორად. ეს ჟურნალი 1930-იან წლების ამერიკაში ყველაზე გაბედულ ჟურნალად ითვლებოდა. ვარგასის ნახატები იმდენად პოპულარული იყო, რომ ტერმინიც გაჩნდა – "ვარგას გოგონები" ("Vargas' girls"). მეორე მსოფლიო ომის დროს ჟურნალმა სახელმწიფოს სთხოვა, დამატებითი ქაღალდის შეძენაში დახმარებოდა. არგუმენტი: "ვარგას გოგონები" დიდ მხნეობას მატებდნენ ომში წასულ ამერიკელ ჯარისკაცებს. ჟურნალის რედაქციის თხოვნა დაკმაყოფილდა. სწორედ "ვარგას გოგონებიდან" დაედო სათავე მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო თვითმფრინავების ცხვირების მოხატვის ხელოვნებას (თვითმფრინავების ცხვირებზე პინ-აპ მოდელებს ხატავდნენ). მოგვიანებით ჟურნალის რედაქცია ნიუ-იორკში გადავიდა, 1953 წელს კი ჩიკაგოში დაარსდა "პლეიბოი", რომელმაც ალბერტო ვარგასი სამუშაოდ გადაიბირა.

1946 წელს, როდესაც "ესქუაირისა" და მხატვრის გზები გაიყარა, ვარგასმა საკუთარი კედლის კალენდრის გამოცემა გადაწყვიტა. ვიდრე ჩანაფიქრს განახორციელებდა, 1947 წელს "ესქუაირმა" მისი ხელმოუწერავი ნახატებით გაფორმებული წლის კალენდარი დაბეჭდა, ხოლო 1948 წელს, როდესაც ალბერტოს კალენდარიც გამოვიდა, წარმოიშვა დავა სახელთან – "ვარგას გოგონებთან" – დაკავშირებით, რაც რამდენიმე წელს გაგრძელდა. იმის გამო, რომ ტერმინზე საავტორო უფლებას ჟურნალი იტოვებდა, მხატვარმა მასში "ს"-ს ჩამატება დაიწყო და გვარს სრულად წერდა ("ვარგასის გოგონები").

1974 წელს ალბერტო ვარგასს მეუღლე, ანა მეი, გარდაეცვალა, რომელიც წლების მანძილზე მისი მუზა, მოდელი და საქმეთა მმართველი იყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ვარგასმა ხატვა შეწყვიტა. 1978 წელს გამოქვეყნდა მისი ავტობიოგრაფია, რამაც მხატვრის მიმართ ინტერესი კვლავ გააღვივა და ამ ყურადღებას ხატვასთან მიბრუნება მოჰყვა – ვარგასმა მუსიკალური ალბომისა და ჟურნალის ყდები გააფორმა.

ალბერტო ვარგასი წყლის საღებავებით და აეროგრაფით ხატავდა. მუშაობისას ქმნიდა ათობით ესკიზს; მისი მოდელები იდეალური პროპორციებით, გრძელი თითებით და ელეგანტური ჩაცმულობით გამოირჩეოდნენ. ვარგასი მხატვრობის ამ ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მხატვრად ითვლება. მისი ნახატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფინებოდა. "ესქუაირის" დროინდელი ნამუშევრები სპენსერის ხელოვნების მუზეუმში (კანზასი, აშშ) ინახება.

ცნობილია, რომ ბორის ვიანი პერსონაჟი ქალების დასახატად სწორედ "ვარგასის გოგონებს" იყენებდა. მე კი, ბოლო დროს ვიანს "ვესაუბრები" და აი, ეს ჩემს გამოფენაზეც აისახა.

რაც შეეხება გამოფენას – ავარჩიე სამი ნამუშევარი და სამივეს ერთად შემოგთავაზებთ:
*
პირველი – 1928 წელს შექმნილი "ესპანელი ბოშაა", რომელიც ვარგასის შემოქმედების ადრეული პერიოდის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.
*
ეს ნახატი, ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეულია.
*
ზემოთ ვწერდი, რომ "ვარგას გოგონებიდან" დაედო სათავე მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო თვითმფრინავების ცხვირების მოხატვის ხელოვნებას. ვარგასის ერთ ნახატსა და ფოტოს გამოვფენ, რომელზეც ამ ნახატით გაფორმებული თვითმფრინავია ასახული.

26 სექტემბერი –
2 ოქტომბერი.

7 comments:

babisa said...

ეტყობა მხატვრის ლათინური წარმოშობა ფერებს, შესრულებას :))

Keti said...

კი :))

სოფი שרה Golden said...

ძალიან ლამაზი ნახატია და ქალს მკერდი რომ არ უჩანდეს, როგორი მშვიდი და თბილი სახე აქვს, კდემამოსილი. და ბეჭედი ალუბალი, გემრიელი :)
აი, ფოტოს კი "ჯორჯიელ ატამს" ტიპური პინ აპ სახე აქვს და არ მომწონს.

Keti said...

სოფი, გეთანხმები :)
ამ ბოშას ძალიან თბილი სახე აქვს და თვალები...

Toma said...

მრთლა ვერ ვხვდები რატომ ვერ ვხედავ ნამუშევრებს.

Tamara said...

ui ai alxa vxedav majrvena mxares aris patara vijetivit - orshabatis tradiciuli gamofena blogze.

Keti said...

ტომა, ეგ ვიჯეტი ზოგადად გამოფენას ეხება და რამდენიმე მხატვრის ნახატებზე გადადის. პოსტის ლინკებს თუ ისევ ვერ ხსნი, საწყენია :( იქნებ შენი ბრაუზერის ბრალია?
და ბლოგის მთავარი გვერდის ბოლოში რომ ჩახვიდე, იქაც დევს ნახატი და იქნებ ის გამოჩნდეს...