Wednesday, December 31, 2008

2009

ჯერ კიდევ ამ წელს ვკარგავდი ადამიანებს, ადგილებს, სურვილებს და ძალებს – ამ სურვილების დასაბრუნებლად და განსახორციელებლად.
ჯერ კიდევ დამდეგ წელს ველოდები პოვნას, თუმცა, ყველაფრის ჩანაცვლება შეუძლებელი იქნება..
ასე, თუ ისე, უკეთესი მომავლის იმედით

მინდა, ყველას, ვინც აქ შემოიხედება, მივულოცო :)
მრავალს დაესწარით! ბედნიერები მეგულებოდეთ! :)



* * *
მგონი, მთელი ღამე ითოვებს..
ჰოდა, აქედანაც ჩანდეს :)

Tuesday, December 30, 2008

ერთი პეშვი

დავუბრუნე თავისი ადგილი. დავმშვიდდი. ჯერ კიდევ აპრილსა და მაისში (იმ პერიოდში, როცა "სიურპრიზი" მივიღე) ვწერდი აქ გულისტკივილს, მერეც – არაერთხელ.
იმედია, ბატონმა პოეტმა წაიკითხა და მიხვდა.
ყოველთვის დავიცავ საკუთარს.

ჰო, ყველაფრის წაშლის ცდუნებას გავუძელი. ესეც კარგია:)

Monday, December 29, 2008

ერთი კვირა, კედელზე

წლის ბოლო ორშაბათი.
არჩევანი – ზეიმი–ფარსი. თუმცა, ვიდრე პატარა ხარ, არა.
და რაკი დიდები ფარსს ვერ გაურბიან, პატარად დარჩენის წინასაახალწლო სურვილით – კედელს ფრანგი პოსტიმპრესიონისტის, "პუანტილიზმის" შემქმნელის,
ჟორჟ სერას "ცირკს" ვუთმობ.

პ.ს. მეც მაქვს ჩემი Сircus, თავისი 13 ნაბიჯით შეკრული წრით და წრიდან გასვლის სურვილით. კიდევ სევდა, ყოველ საღამოს რომ მიჩნდება, როცა კიბეებს აყოლებულ, განათებულ ბურთებს ავცქერი. ამ დროს ხელები მას კისერს გრძნობენ.
ჰო, მას შემდეგ, რაც ცირკს პატრონი აღარ ყავს, აფიშა არ გამოკრულა.

29 დეკემბერი, 2008 -
4 იანვარი, 2009.

Friday, December 26, 2008

დეზიკიდან გაგარინამდე


ყველამ იცის გაგარინი და ის, რომ გაგარინამდე ორი ძაღლი იყო. დავიწყებული სახელების შეხსენებაც არ არის პრობლემა – ბელკა და სტრელკა. ნუ, იმასაც ყველა ხვდება, რომ ბელკა–სტრელკას დუეტი პირველივე წამატებული ცდა არ ყოფილა. ჰოდა, რა იყო მანამდე?!
თავიდან მწერები იყვნენ (არ დავუკარგავ გმირობას:) და ამ პატარა სტატიაშიც ვახსენებ), მაგრამ ჩვენ ძაღლებიდან დავიწყოთ. უფრო სწორედ, იური ნიკულინის მონაყოლიდან – ერთ–ერთი საცირკო გამოსვლის შემდეგ, საიდუმლოებით სავსე სახეებიანმა უცნობებმა როგორ გაიყვანეს გვერდზე მაიმუნების მწვრთნელი კაპელინი – მისი აღსაზრდელების გაკოსმონავტების პერსპექტივის დასადგენად. მაგრამ მაიმუნების "მთავარ მიღწევად" ადამიანებთან მსგავსება დარჩა, ყოველი მეორე საბჭოთა ბავშვის ოცნება კი სულ სხვა არსებებმა "აიხდინეს".
აი, სწორედ ეს ისტორიაა ჩემი, ამ საღამოს, აბი გლუკოზა:)
არა, სასაცილო არაფერია ამ დვორნიაშკების, ხშირ შემთხვევაში, ტრაგიკულად დამთავრებულ ამბებში, მაგრამ თხრობის სტილმა და სხვადასხვა ნიუანსმა გამაღიმა...

48 კლასელიდან პირველი კოსმონავტები დეზიკი და ციგანი იყვნენ. მოდი, აქ უკვე ლინკს დავდებ. ვიფიქრე, მეთარგმნა სტატია, მაგრამ ეს ორიგინალში უნდა წაიკითხოთ, შესაბამისად – ნახოთ კიდეც თვალებგაბრწყინებული გმირები :) თან, ეს მხოლოდ ოთხფეხა კოსმონავტების ამბავი არ არის, საკმაოდ საინტერესო ისტორიაა.
სტატიის ბოლოში ჟაკლინ კენედისთვის ნაჩუქ, სტრელკას შვილ – პუშინკას იხილავთ, ხრუშჩოვის პოლიტიკურ მისიონერს :)
პუშინკამ კიდევ ერთი საჩუქარი გამახსენა – გასვლეპილი და დიდყურა ირსი, ცოტა ხნის წინ ობამას რომ მიჰგვარეს. ნეტა, ჩილეში უახლოესი წლებისთვის რა პროგნოზები აქვთ?! :)

* * *

წუხელ მონათესავე სულებზე ვფიქრობდი. ნუ, ამაზე პირველად არ მიფიქრია, მაგრამ...
ჰოდა, არსებობს, "რაღაც არსებობს!" :) და ჩემზე საოცრად მოქმედებს.
აი, ის გამახსენდა: თელ ავივი :)

დღეს წითელ ქუდს შევისწორებ და გზას განვაგრძობ. ის, მგელი, როგორც ჩანს, სულ სხვა ტყეშია – შორეულში...
არჩევანი გაკეთებულია.
ჩემიც.


პ.ს. ფაქტობრივად, მხოლოდ ჩემთვის გასაგები პოსტი:) ან, არა..

Wednesday, December 24, 2008

ხუთეული


ვინც საიტ "ებლიტფოზე" შედიოდა (შემდეგ "თაობები"), ამ პროექტის – "ჩემი ხუთეულის" შესახებ ეცოდინება (ეს არის ის კარგი საქმე, რომელზეც რამდენიმე ხნის წინ ვწერდი). პროექტი უპრეცედენტოა: 90–ზე მეტმა ავტორმა აარჩია საკუთარი 5 ლექსი, საკუთარივე გემოვნებით. დღეს უკვე არსებობს წიგნი, ერთ ეგზემპლარად, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეინახება.
საინტერესოა, ამ რამდენიმე ათეული ავტორიდან ერთი ათეული მაინც თუ გაუძლებს დროს :)

პ.ს. ფოტო – სატელევიზიო სიუჟეტიდან :)

Tuesday, December 23, 2008

შთაბეჭდილებების წიგნი

მეღიმება იმაზე,
თუ როგორ არ რჩება ნიჭიერის მკლავზე ხელის მოსაკიდებელი ადგილი, მის დებიუტამდე მისაცილებლად. წიგნს, რომელიც დარჩება, ისე ჩამოეკიდნენ, როგორც 90-იანებში თბილისის ქუჩებში იშვიათად გამოჩენილ ტროლეიბუსს..

მეღიმება იმაზე,
თუ როგორ გაჩნდა ჯგუფები. ანუ, საიტებში ჩატეული ლიტერატურა და საიტებში ჩატეულ ლიტერატურაში ჩატეული ხალხი. ისინი დამოუკიდებელ ჯგუფებად არსებობენ, გამოსცემენ (თურმე) კრებულებს, აწყობენ თავის პოეზიის საღამოებს, ჰყავთ რჩეული ავტორები და ა.შ. თითოეული საიტის დათვალიერებისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ კუნძულზე ვხვდები:)

მეღიმება იმაზე,
რომ საიტებზე აქვთ მკვეთრად გამიჯნული გემოვნება: ან ვერლიბრი, ან კონვენციური. სადაც კონვენციური მოსწონთ, იქ ვერლიბრს ალტერნატიულ პოეზიას ეძახიან :) ჰმ. სადღაც ვერლიბრი ისევ ალტერნატივაა!

მეღიმება იმაზე,
რომ ვიდრე ლექსს წაიკითხავენ, კითხულობენ ავტორის გვარს/ნიკს. თუ ინკოგნიტოა, არკვევენ. შემდეგ, იმის მიხედვით, რამდენად მიღებულია ავტორი ამა თუ იმ წრეში, ხდება იმის განსაზღვრა, ეს ლექსი მაგარია თუ არა.

მეღიმება იმაზე,
თუ როგორ გადაამღერა "წლის აღმოჩენამ" ამჯერად სილვია პლათი, მერე როგორ შეიცვალა ორმოცდამეათედ ნიკი და მიიღო ორმოცდაათი წყვილი ხელით დაკრულ ტაში; ის ბედნიერია რომელიღაცა საიტის თავფურცელზე მოხვედრით. მისი ცხოვრება შედგა.
და რამდენის ცხოვრება დგება ასე, ყოველდღიურად :)

ეს – ნაწილი იმისა, რაც ვირტუალურს შეეხება. არსებობს ბეჭდური გამოცემების რედაქციებში შეყუჟული, არავირტუალური ჯგუფები, რომლებიც კიდევ უფრო ჩაკეტილი და გალავანშემორტყმული არიან, რადგან თუ საიტზე შესვლა მაინც არ არის პრობლემა (სხვაა, იპოვნი იქ ადგილს და დარჩენის სურვილს, თუ არა), არავირტუალურში... გალავანზე "ჩიტიც ვერ გადაფრინდება". თუმცა, არა. ჭიშკარი ფართოდ იღება, თუ ვინმე "ბღარტს" ხელს ჩასჭიდებს :) ხელის ჩაჭიდებას სუბიექტივიზმი უძღვის წინ.
და მერე..
მეღიმება იმაზე, თუ როგორ ამოსდით გალავანგადალახულებს ზურგზე ფრთები, როგორ მომენტალურად იცვლება მათდამი დამოკიდებულება ვირტუალში...

ჰო, მეღიმება იმაზე, როგორ ქმნის თითოეული ახალი, ვირტუალური ჯგუფი თავის რეალურ, ბეჭდურ გამოცემას. ანუ, "კუნძულები" რეალში :) თუმცა, მიუხედავად ჩაკეტილი საზღვრებისა, ეს მაინც კარგია – კარგი საკითხავიც გამოერევა სადმე, თან ყვითელ პრესას სჯობს.

და ბოლოს,
კარგია, რომ მეღიმება. რადგან ახლო წარსულში არ მეღიმებოდა.
ჰო, სულაც არ მეცინება. ეს სასაცილო არ არის.

უპს

*
- არ გაგიარა?

არა, ბატონო, თქვენ არ გამივლით.

*
ისე დამიბღვირა იმ ქალმა.
მეც :პ

*
ამასობაში ჩიტიც გამოფრინდა :დ
ხვალ ვნახავ/მნახავენ დილის გადაცემაში.

Monday, December 22, 2008

ერთი კვირა, კედელზე

როგორი მაცდურია მელა, როგორი..
ან რა, თუ არა მელა?!
და ხმები, ამ ხალხის, შარაზე. თუმცა, დააგვიანდათ.
და ეს ცა, ზღვა, წითელი ველი, თეთრი ყვავილი - წითელი ლაქებით..
მოკლედ, პოლ გოგენი. პოსტ–იმპრესიონისტი. საოცარი ფერებით, სახეებით, ამბებით..

***
არ ვიცი, ახლა რატომ ავირჩიე კლიმტის ჰიგია. მომნუსხველია, საოცრად... და წითელი.
აი, საბოლოოდ – კვირის ფერი და განწყობა.
აქვე კლიმტის ფოტოპორტრეტს ავტვირთავ. არ ვიცი, რომელს უფრო შთამბეჭდავი მზერა აქვს – მას თუ კატას :)
მიყვარს კლიმტი.

22–28 დეკემბერი.

Friday, December 19, 2008

გვერდი(თ)(დან)

რა უცნაურია, თითქოს სხვა ოთახიდან მესმის ხმა, რომელიც ძალიან ნაცნობზე საუბრობს, მე კი მეძინება. მანდ, სადღაც, ჩემი სახელიც უნდა ითქვას, მაგრამ მე ხომ მეძინება..
და არ მაინტერესებს,
და არ მტკივა.
ახლა რამე უარესი უნდა მოხდეს, რომ ვიგრძნო. ჰმ.

ჰო, მეგობარო, ადამიანს შეუძლია, თვალები მილულოს და დაიძინოს.
სიზმარში ნახოს აფუსფუსებული ნაცნობი სახეები – თუ როგორ დარბიან, როგორ ცდილობენ, როგორ ეჭიდებიან, როგორ იცინიან, როგორ ტირიან, როგორ ჰკრავენ ხელს (თუნდაც მას). ის წაიქცევა, მაგრამ საკუთარ სხეულს გვერდიდან შეხედავს..
სიკვდილით თრობა აღარ არის მტკივნეული.
ალბათ, მერე სიზმარიც გაქრება.


-----
ახლა ვფიქრობდი, რატომ გავხდი ინდიფერენტული.
მგონი, ერთგვარი თავდაცვის ინსტინქტია..
20.12.

Thursday, December 18, 2008

მინიმა ლ უ რ ი

სამუშაო ადგილი შევიცვალე.
ვნახოთ, რა იქნება.
გასულ დღეებს თუ გადავხედავ და კიდევ, ცვლილებებთან ჩემს რთულ დამოკიდებულებას, შედარებით მშვიდად ვარ.
აი, ბლოგისთვის წერა არ გამომდის, ან ძალიან სენტიმენტალური ვარ, ან საერთოდ – არანაირი. ამიტომ გუშინდელი სტატია დრაფტში ჩავტოვე.
ჰო, მინიმებმა მომაკითხეს.
სულ ეს არის.

Monday, December 15, 2008

ფინკას ღიმილი

აი, პატარა ფინია, მანქანას ყეფით რომ მისდევს, მობრუნებულს – საქმიანი სახე აქვს და აბზეკილი კუდი. პატრონი, იმის მიხედვით, ზის თუ დგას, ან თავზე გადაუსვამს ხელს, ან ჭვინტს წაკრავს. აქაქანებული ფინკა ბედნიერია. აი, ეს არის ფინკას ღიმილი.
ფინკას რა უჭირს, მაგრამ ძნელია ასეთი ადამიანის ყოველდღე ცქერა.

და კიდევ, ქვეყნის..


/კოპირაითი ტერმინზე:)/

ერთი კვირა, კედელზე

გახსოვთ სინდბადის შვიდი მოგზაურობა "ათას ერთი ღამიდან"?
ამ კვირის კედელზე – პოლ კლის მეზღვაური სი(ნ)დბადი, ანუ მოგზაურობის მეხუთე ეპიზოდი.
კლის პრიმიტივი, მისი სურეალისტურ–კუბისტური ნამუშევრები ალბათ კიდევ მიმაბრუნებენ.
მასთან ბევრია სიზმარი და პოეზია... მგონი ესაა, რომ მხიბლავს.

***
პრიმიტივისტი - ვინმე ვახსენო და ფიროსმანი არა... მის გამოფენას ყოველთვის ვაპირებდი, მაგრამ შესაბამისი განწყობა არ მქონდა. ახლა ვფენ, მისი ნამუშევრებიდან ჩემთვის ერთ–ერთ ყველაზე საყვარელს – ბატკანს.

დილას ვფიქრობდი, რატომ ცხვრები – მაგალითად, როცა ვწერ...

15-21 დეკემბერი.

Saturday, December 13, 2008

Friday, December 12, 2008

წრე

დღეიდან ყველა დღე მახსოვს – მთელი თვე. ყველა კადრი, ყველა შეგრძნება. მერე მთელი წელი მათ დავიწყებას ვცდილობდი. მთელი საოცარი წელი – მუდმივი ვარდნის.
წრე შეიკრა.

ისიც მახსოვს – 11 საათამდე ბედნიერი მერქვა.

Thursday, December 11, 2008

ფ.. ფ(იჰ)

დღის ფრაზა:
"ნუ ედავები, ხელოვანია. ეგენი თავის იმეებში არიან".
ჰო, აქ ჩარკვიანის სიმღერის გახსენება და პერიფრაზის წაღიღინება შეიძლება.

დღის ფინალი:
საკუთარი კონცეპტი – კიდევ ერთხელ, სხვის დაფაზე.

მეტი რაღა.
ჩამობარდნა.

. . .

Wednesday, December 10, 2008

იქნებ..

ისე დიდია ცდუნება, მივწერო მათ და ყველაფერი წავაშლევინო. საკონტროლო გასროლასავით გამოვა – აღარსად და არაფერი.

Monday, December 8, 2008

ერთი კვირა, კედელზე

ვიფიქრე და, ისევ მაკა. ისევ არ ვიცი სათაური – ის არ აწერს. პირობითი სათაურის მოძებნა ძნელი არ არის. განწყობა – ალბათ, გასაგები.

8-14 დეკემბერი.

Bon Appétit!

მოკლედ, მთელი თვეა, ვერ გავცდი ამ საკითხს. ვეჭვობ, კარგა ხანს ვერ გავცდები.
ამ გოგომ (და ამ გოგოს ვაფასებ ადრეული შემოქმედების და სხვა ღირსებების გამო) მეორედ დამიმუშავა ლექსი.
ის, რომ თავიდანვე მხოლოდ ერთ საიტზე ვიყავი და ახლა პრაქტიკულად უსაიტოდ დავრჩი, ალბათ კარგი საშუალებაა თვალის მოხუჭვისთვის და თავისუფალი ქმედებისთვის.
და მე ვინ ვარ, როცა გალაკტიონს ამუშავებენ :)

რას ვიზამთ.
ან... ვიზამთ.

ახალი ტენდენცია: სავარჯიშო შინაარსის დამუშავებაზე.
როცა საკუთარი ცხოვრება არ აძლევთ რაიმე შინაარსიანის მოყოლის საშუალებას, რომელიმე საიტზე კი დროა (ჰმ), განაახლონ საკუთარი გვერდი, მთავარი მიხედ–მოხედვაა – კარგ საკითხავს რა გამოლევს (აქ მთავარია, გემოვნება არ ღალატობდეთ), მერე დახუჭავენ თვალებს და წარმოიდგენენ... ცოტა ნიჭიც და სავარჯიშო წარმატებით დასრულდება. ნაკლებად ნიჭიერებს ნაკლებ შრომად უჯდებათ – რომელიმე წინადადებას მოხსნიან და ჩააწებებენ სადმე, მერე გარნირს მოუმზადებენ... საკითხავის გარდა წარმატებით გამოიყენება სცენები კინოფილმებიდან, განსაკუთრებით ეროტიკის თემაზე შეჭიდებისას :) ასევე, სიმღერების ტექსტები, ძირითადად უცხოური.

ბოლო დროს ვაკვირდები: ადამიანებს არც დაბეჭდილი ავტორები აკავებთ. არც მაგალითად, "საბას" გამარჯვებულის სტატუსი, არც სხვა რამ აღიარება (ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ეს ავტორები უფრო ფართო მასებისთვის არიან ცნობილი და გაცილებით ადვილია, ამხილონ და დაუმტკიცონ). ძალიან ჩვეულებრივი გახდა მითვისება. ამას წინათ, ერთ საიტზე აშკარა პლაგიატს წავაწყდი – წინადადებაში სიტყვებიც არ იყო გადანაცვლებული. გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ეს აღნიშნა და მაშინვე გამოჩდნენ სხვები, რომლებმაც თქვეს: "ზოგჯერ ხდება ასეთი დამთხვევებიც" (!) და ეს არ არის პლაგიატი. ამის მამტკიცებლები იმდენი იყვნენ, საბოლოოდ ამ აზრმა "გაიმარჯვა". აღსანიშნავია – დაცვა ვრცელდება მეგობრების წრეზე: არგუმენტი – "ვიცნობ, მას ეს არ სჭირდება".

ასე, რომ თანამედროვე პოეზია ერთ დიდ კომუნალკაშია დასახლებული. კუმუნალკის დიქტის კედლებში კარგად ისმის ყველა კვნესა, თუ ამოსუნთქვა... და როცა სამზარეულო საერთოა და ქვაბებიც... მაგიდასაც ერთად უსხდებიან. Bon Appétit!

რაღა გაეწყობა.
სადმე, მინდვრის გადაღმა სჯობს კარვის დაცემა.

Friday, December 5, 2008

სიურპრიზი


ახლა ერთ უშველებელ ფორუმზე ლიტერატურულ თემებს გადავხედე და ერთ, სხვა თემაში შემთხვევით შეხეტებულს ჩემი გადაღებული ფოტოები დამხვდა – ძველთბილისური ფანჯრების. რა თქმა უნდა, ავტორის მითითების გარეშე. მაგრამ ეს ისე ჩვეულებრივი გახდა, რომ შესვლას და ვინმესთვის რაიმეს თქმას ალბათ აზრი არ აქვს :)
უბრალოდ, მომავალში ფოტოებზე პატარა ლოგოებს გავაკეთებ, როგორც სხვები აკეთებენ. რამდენიმეზე მაქვს კიდეც, მაგრამ როგორც წესი, სულ მეზარებოდა...

იმ თემაში კიდევ ერთი სიურპრიზი დამხვდა – წევრი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ვიცნობ და ვიცნობ ძალიან სხვაგვარს... ჰოდა, ახლა იმაზე ვფიქრობ, რამდენი სახე აქვთ ადამიანებს. არადა, ისე მხიარული მეგონა. თუმცა, ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ამ მუდმივ პოზიტივს თამაშობდა.

Wednesday, December 3, 2008

ერთად

რა კარგია, რომ ვართ -
ე რ თ ა დ.

და რომ შედგა ეს საქმე -
კ ა რ გ ი.

Tuesday, December 2, 2008

ბაც!

როგორც პატარას: აბა, იქით გაიხედე და ბაც – აღარ არის მაგიდაზე. პირი კი გამოტენილი აქვს. გამობერილ ლოყაზე ემჩნევა.
ჰეი, გემრიელია?! აბრიალებულ თვალებზე გეტყობა, კი.

იმდენი ხანია, ეს მაწუხებს (და მაწუხებს აღარ ქვია ამას), რომ მგონი დროა, უფრო ღიად ვამბობდე.. მაგრამ იყოს ჯერ ასე, სახელის უთქმელად. ოღონდ ახლა კიდევ ერთხელ მინდოდა ამაზე. ბოლო დროს – გამიზეზებული ჭრილობასავით მახსენებს თავს..

პ.ს.
ასოციაცია – მოკლულის გვამი. ანუ, ღიად დარჩენილი თვალები. ანუ სიზმრები. ჰო, ცხვარმა ბღავილი იცის.. თორემ არ მგონია, რომელიმე მომპარავი ხერხემლის ჩაყოლებაზე სიმძიმეს განიცდიდეს და თავს ცუდად ამის გამო გრძნობდეს.

პ.პ.ს. როცა ცოტა მშვიდად – მისი ვინაობა მაღალ ქულად იწერება ჩემს ტაბლოზე.

Monday, December 1, 2008

ერთი კვირა კედელზე

ორი დღეა, არა მხოლოდ მულტფილმებს ვუცქერი... ძლიერ ქალებსაც.
ერთ–ერთი ამ ძლიერი ქალებიდან – ფრიდა კალო. ისეთი ენერგია მოდის მისი მზერიდან – ფოტოებიდან თუ ავტოპორტრეტებიდან. ძალიან მჭირდება ასეთი ენერგია, ძალიან.

კალოს "პატარა ირემი". საოცარი პორტრეტია – შეუდრეკელი მზერა და წარმოსადგენად ძნელი ტკივილები. ტყე, რომელსაც ვერ გაცდება; ზღვა, რომელიც ტყიდან ჩანს.. და ირემი!
ვინ იცის, რამდენჯერ – ასე, თვალდახუჭულს..

***
მაკა ბატიაშვილს მივუბრუნდი. არ ვიცი, ამ ნამუშევარს რა ქვია, არ აქვს დასათაურებული, მაგრამ ჩემთვის ეს "ზევით" არის, შესაბამისი მზერით.

1-7 დეკემბერი.

ვოი, ვოი...

ბოლო ორი დღეა, იუთუბზე მულტფილმებს ვუცქერი. "რაიმე პოზიტიურს" ვეძებდი და მის მისაღებად ანიმაცია შესანიშნავი საშუალებაა. თან ჩემთვის ახალი სახელი – კონსტანტინ ბრონზიტი აღმოვაჩინე. მისი რამდენიმე მულტფილმი ვნახე. ყველაზე მაგარი – აქ:



ტაკს, თვის რაიმე პოზიტიურით დაწყება გამოვიდა. მითუმეტეს, ამ თვეში ისე მჭირდება პოზიტივი! უზომოდ.

ჰო,
დღეს მთვარე ულამაზესია გვერდით ანთებული ვენერათი (თუ არ ვცდები, ვენერაა). მთელი გზა ვუცქეროდი. ჰოდა, მგონი
რომან(წ)იკულიც გავხდი... :ვოი:

აი, ულამაზესია! დაუვიწყარი კადრი. გაიხედეთ ფანჯრიდან:)

Saturday, November 29, 2008

start

შარშან, როცა ამას მიხსენებდნენ, ვფიქრობდი – ამდენ ამბიციას ვერასდროს მოვუყრიდი თავს.
ვერც მოვუყარე. რაც მქონდა, ისიც დამეფანტა.
მაგრამ, ასპარეზზე სხვა მიზეზები გამოჩდნენ: გაბრაზება და ზრუნვა.
სრულიად საკმარისია (თურმე) დასაწყებად.

დავიწყებ მოგროვებას –
იმის, რაც დამეფანტა; იმის, რაც მაქვს.

პ.ს.რა კარგია, რომ მოგისმენენ.

Thursday, November 27, 2008

ღია

არ გამოგვივიდა საუბარი.
დილას მეგონა, რომ ყველაფერი სულერთი გახდა ჩემთვის. აღმოჩნდა, რომ არა. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. არ მინდა, ასე სუსტი ვიყო. ვერაფრით მოვახერხე..

პ.ს. მე ზურგზე ერთი გუდა ტკივილი მაქვს და აბურდული გზა. ვიღაცამ ერთად მოგვკლა – მე და ის. ოდესმე მიხვდები. ალბათ.

Monday, November 24, 2008

ერთი კვირა კედელზე

თავისთავად და უკომენტაროდ – გუსტავ კლიმტის
"ქალის სამი ასაკი".

***
ხუან მირო, ესპანელი სურეალისტი – ჩემს კედელზე. ვფიქრობ, არაერთხელ დავუბრუნდები. ამჯერად კი – "შიშველი, სარკით".

***
მკვდრის მზე. ამაზე დავწერე..
კვირის, თვის, სეზონის ბოლო დღეს ფოტოზეც და კედელზეც – წითელი მზე, ანუ ისევ მირო და მისი "Le soleil rouge".

24-30 ნოემბერი.

ინიციალები


ინიციალები:
ცხვირსახოცზე,
თეთრეულზე,
ტილოზე,
ბეჭედზე,
მედალიონზე,
სადარბაზოს ზღურბლზე,
გისოსებზე,
კარზე,
ფურცელზე..

*
მე – ქ.გ.
სხვაც – ქ.გ.
ბევრი ქ.გ.
ერთი – მე.

*
ავტოგრაფები საფლავის ქვაზე. რა უცნაურია, არა? – უსახო ქვაზე უბრალო მოკვდავის ავტოგრაფი ამოტვიფრო. არ იცი, როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ იცი, როგორ წერდა. ჰმ.

*
ქვის მა ძალიან გავს ისე მას. ჰოდა, მგონია, რომ სხვებიც ძალიან ჰგვანან თავის თავებს და მე მომწონს სხვების თავების თვალიერება (ისევ ჰმ).. იმას, რომ ყველაფერი წარმავალია, ყველაზე ცხადად სასაფლაოზე ვგრძნობ.

*
დღეს მხოლოდ ოთხი წინადადება ვთქვი. ოთხივე პასუხი იყო.

აი, სასაფლაოზე იმ ოთხი პასუხის გაცემასაც არავინ გთხოვს. არადა იმდენი ხალხია. სადაც არ უნდა გაიხედო, ხალხია. შენ კი მხოლოდ საკუთარი ფეხის ხმა გესმის. ჰო, იმ ძაღლის ერთი დაყეფებაც – შეხვედრისას ცხვირით მუხლთან რომ გეხება, ოდნავ. ეგ თავიდან. მერე სიჩუმეა, სულ.

*
დღეს გავისეირნე. მუნჯი გოგო შესვენებაზე მარტო წავიდა. რა დასაწერია..
უბრალოდ ვიხეტიალე. თან ძველი სადარბაზოები გადავიღე, თან ყელში გაჩხერილი ბურთი გავლოკე. დაბრუნებისას უკვე მთლად გადაყლაპული იყო. ნუ, საღამომდე..

და ინიციალები ვნახე – ფანჯრის გისოსზე. არანაირი დაფა კედელზე, არანაირი ტექსტი, რომ ამ... სარკმლიდან, ამ წლიდან ამ წლამდე, იხედებოდა დ.ა.

რაღაც მსგავსი განცდა გამიჩნდა იმ ცოლ–ქმრის ავტოგრაფიანი ქვების ნახვისას.

*
მოკლედ, ლა სტრადა, ანუ დეფისი.

მე ყოველ შაბათს გავდივარ გზას სიჩუმემდე.
და საერთოდ, გზას – სიჩუმეში.


პ.ს.
ვიცი, არ ღირდა წაკითხვად. არც დასაწერად. უბრალოდ, დღეს მხოლოდ ოთხი პასუხი იყო..
ჰოდა, ახლა "ვლაპარაკობ"..

LA STRADA



The Fool: What a funny face! Are you a woman, really? Or an artichoke?

...
რამ გამახსენა ჯესლომინა :(
და ის, ორი კლოუნის ფოტოც. ვერ ვპოულობ..
ნეტა როგორი ვიქნებოდი კლოუნის მაკიაჟით..

ჰეი, ჯელსომინა..

Saturday, November 22, 2008

შენიშვნა

გუშინ, სენტიმენტალური საღამოს მიუხედავად, ერთი არასენტიმენტალური კითხვა დამებადა – თარგმანის შესახებ.
წიგნში, რომლის მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილია, უფლისწულმა 44–ჯერ უცქირა მზის ჩასვლას, გიორგი ჩიმაკაძის თარგმანში – 43-ჯერ. 44 თავიდანვე თვალში მომხვდა, რადგან ასე არ მახსოვდა (სიმბოლოები რატომღაც, გაუცნობიერებლად, ყოველთვის მელექება მეხსიერებაში. კიდევ, 43 ჩემთვის 7–მდე მცირდება). დღეს გადავწყვიტე, მივიწყებული ფრანგული გამეხსენებინა და ინეტს მივაკითხე ფრანგული ვერსიის მოსაძებნად:
"- Un jour, j'ai vu le soleil se coucher quarante-trois fois !
Et un peu plus tard tu ajoutais:
- Tu sais... quand on est tellement triste on aime les couchers de soleil...
- Le jour des quarante-trois fois tu étais donc tellement triste ? Mais le petit prince ne répondit pas."

ჰოდა ასე, ორმოცდასამია ნამდვილად:)
და აღმოვაჩინე, რომ მთლად არ დამვიწყებია ფრანგული:) ლაპარაკის შეძლების რა გითხრათ, მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის სურვილი გამიჩნდა და მგონი, ძალიან არ უნდა გამიჭირდეს, თუ ლექსიკონსაც მოვიშველიებ.

Friday, November 21, 2008

ორმოცდასამჯერ...


* * *
- ერთ დღეს ორმოცდასამჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას!
და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინე:
- როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს...
- მაშ იმ დღეს, როცა ორმოცდასამჯერ უცქირე მზის ჩასვლას, ძალიან გიმძიმდა?
პატარა უფლისწულმა ხმა არ გამცა.

დღეს არაერთხელ გამახსენდა ეს სიტყვები და არაერთხელ ვიფიქრე, – როგორც კი მივალ..
ნებისმიერ გვერდზე შემიძლია გადავშალო და განვაგრძო.
ყველა მიყვარს.
თან, დღეს ჩემი მხსნელიც აღმოჩნდა! რატომ – ამაზე ოდესმე..


ლინკი – მათთვის, ვისაც თარომდე მისვლა დაეზარება.

პ.ს. ჰო, "საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია".

Wednesday, November 19, 2008

იფიქრე ხმამაღლა...

სიამოვნებით მივუშვებდი რეალურ სადავეს რომელიმე ჭალის პირას და აღარ ვიფიქრებდი ადამიანებზე, რომლებიც სახლებს შლიან ბრაზის გამო; ურთიერთობებს – საკუთარი ეჭვებისა და უზნეობის გამო; ისე "უყვართ", რომ შეუძლიათ წყევლონ; ისე "შესტკივათ" გული, რომ სიხარულს ვერ ფარავენ; ისე "მუშაობენ", რომ სხვას უსაქმურს აჩენენ; ხავსს მოჭიდებულს ხელს კრავენ; სიტყვით ნათქვამ სიბერეს ახალგაზრდას რეალობად უქცევენ..

აღარაფერი გამიკვირდება ადამიანებისგან.
უკვე.

პ.ს.
გუშინ, ჩემს ერთ ფოტოს დავარქვი ასე: Think aloud. ანუ ფრაზა, რომელიც თითქმის წელიწადზე მეტხანს იმდენს იტევდა..

ჩემი ბოლო დღეების წერილები გამოქვეყნებამდე იშლება, ან დრაფტში რჩება..
ყველაფერი უაზროა. ყველა ფიქრი.
არ გამომდის ხმამაღლა რამის თქმა..

Monday, November 17, 2008

ერთი კვირა, კედელზე

გასულ კვირას ჩაფიქრებული შვიდი პოსტერის გამოფენა არ გამომივიდა. მხოლოდ ხუთია.
ამ კვირის კედელს მაინც გავხსნი, "ტრადიციის" თუ ჩვევის გამო.
რა გამოვფინო..

ჰო, რენე მაგრიტი.

დღეს ვცადე, სათაური მეთარგმნა: "მიშვებული სადავე" და გავოცდი, რომ ასე. წუხელ სპონტანურად ავირჩიე ეს ტილო, უცებ გამახსენდა. ადრეც მსურდა მისი გამოფენა, მაგრამ ასე ძალიან არა.
ტყე, მარტო, შემოდგომა, პალტო – იასამნისფერი, არეული ნაბიჯები, საითაც სურს..
მოკლედ, ასე. აკი, ინერციით–მეთქი.

***
კვირის ბოლო პატარა უფლისწულმა დაისაკუთრა. წიგნი, როგორც იცით, ავტორისვე, არაჩვეულებრივი ილუსტრაციებით არის გაფორმებული. მელიასა და უფლისწულის შეხვედრის ამბავი ჩემთვის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი და არაერთხელ გადაკითხულია, ჰოდა, ჩემს კედელსაც სიამოვნებით ვუთმობ.

17-23 ნოემბერი.

Sunday, November 16, 2008

...

ინერციით

მთელი თვე "ხელებს" ვკითხულობდი.
ვერ გაიგო.
ალბათ.
ახლა უკვე ინერციით გავგრძელდები.


მხოლოდ ამ საცოდავებს დავაბინავებ.
ჯერ არ ვიცი, როგორ.
აბურდული ძაფივით არის. თავი უნდა ვუპოვო.
მერე მორჩება. ყველაფერი.

Saturday, November 15, 2008

* * *

ყველაზე მძიმე დღე იანვრის მერე.

...
ვერ გადავცურე.

Thursday, November 13, 2008

არასოდეს

არასოდეს დაეკუთვნო შემოსაზღვრულ სივრცეს;
არასოდეს არ იყო ერთგული იმისა, რაც არ სუნთქავს, რადგან ეს მხოლოდ ის არის, რაც პირველი პუნქტი;
არასოდეს შეეჩვიო;
არასოდეს დარწმუნდე;
არასოდეს გაჩერდე.

"არასოდეს თქვა – არასოდეს"?
მაგას პრაქტიკულად ის კონტექსტი აქვს, რაც ახლა ჩამოვთვალე.
ანუ:
არასოდეს გეგონოს, რომ გზა არ გრძელდება;
არასოდეს თქვა, რომ აქაც კარგად ხარ;
არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით;
არასოდეს თქვა, რომ ეს ბოლო დაღლაა.

მერე რა, რომ მარტო ხარ. ჩრდილი ხომ მოგდევს.
და ვიდრე მოგდევს... არასოდეს.

Tuesday, November 11, 2008

მას. თან..

რა ძნელია, საიდანმე წასვლა.
მერე იმ სადღაც შენი სურნელი არ ქრება კედლებიდან, არც ნათითურები – სახელურებზე, არც ნაფეხურები – თითქოს სველი, იატაკზე დამჩნეული..
ლანდივით დაბორიალობ – ოთახიდან ოთახში, უფრო კი სხვენზე იკეტები, სადაც მტრედს ბარათები მოაქვს, წითელი ფეხებით..
სიჩუმეს ეჩვევი, საკუთარი ხმა გავიწყდება..
ღამით ჭრიალა კიბეზე ფეხაკრეფით ჩამოდიხარ, მიმქრალ ბუხართან, სავარძელში ჩაძინებულს დიდხანს უცქერი და.. ვერ ახერხებ – მიეკრა.

რა ძნელია ისევ ხორცშესხმა, თუკი ლანდად იქეცი.
თუმცა, შეუძლებელიც – ალბათ, არაფერი.


პ.ს. ინოლა გურგულიას "შენთან" გამახსენდა.

Monday, November 10, 2008

ერთი კვირა, კედელზე

დიდი ხანია, მინდა, ერთი კვირა (და არა ერთჯერადად) ვინთიჯ არტს დავუთმო. არაერთი ნამუშევარი დავათვალიერე, ძალიან მომწონს და ჩემს კედელზეც გამოვფენ. შევეცდები, ამ კვირის ყველა დღეს თავისი ტილო ჰქონდეს.

პირველი – ცეცხლისთმიანი აალებულ ველოზე :) ანუ, პოსტერი – Gladiator Cycles. რა ემოცია მოაქვს ჩემთვის? ვისაც "ჩვენ, ორი" წაუკითხავს, მიმიხვდება :)

მეორე ბერნარ ვილმოს "პერიერი". თუ არ ვცდები, ეს შამპანურია.
წყვილი – მეტად შთამბეჭდავი; ფერებით – ვნება და სიტკბო :)

მესამე – ნუ, კვირა შოკოლადისფერია! მესამე დღეა, მაკებას ჩანაწერებს ვუსმენ, ობამას ფოტოებს ვნახულობ (მინდა, თუ არა ) და აი, ეს მხიარული, ტრინიდად და ტობაგუში მისაწვევი პოსტერიც...

მეოთხე – გუშინ გამეცინა, რომ ვნახე. დღეს კი – რატომაც არა, გამოვფენ: ჯეი ჰოვარდ მილერის "We Can Do It!"
პოსტერი მეორე ომის დროს არის შექმნილი. ქალი, რომელიც ასეთი ირონიით შემოგცქერით, რეალურად არსებობდა. იმ პერიოდში მის სახეს თურმე უთოშიც კი "დაინახავდით"..

მეხუთე – უბრალოდ, ქოლგები. განწყობაც – ასე.

10-16 ნოემბერი.

Sunday, November 9, 2008

ალბათ

არ უნდა გამემხილა, რომ ვწერდი.
აჯობებდა.

ზემოდან

გუშინ, ფლიკრზე დათას კომენტარი დამხვდა:
"როგორ ერთნაირები ჩანან ეს სხვადასხვა მარკისა და ფასის მანქანები ზემოდან"

მომენტალურად ადამიანებზე გავიფიქრე იგივე. ყველა ადამიანი ერთმანეთს ჰგავს – სულ ერთია, რომელიმე მაღალი სართულის აივნიდან ვიხედებით, თუ რწმენის სიმაღლიდან.
ზემოდან არც სქესი ჩანს,
არც კანის ფერი,
არც ეროვნება,
არც ძვირფასეულობა,
არც საცხოვრებელი ადგილი,
ა რ ა ფ ე რ ი.
ისევ ჩემსავე წინა პოსტთან დამაბრუნა ამ ფიქრებმა..
ყველა ადამიანი თანასწორია. ვისურვებდი, ყველას ჰქონოდეს თანაბარივე სტარტი – საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად.
თუმცა, ბევრ ადამიანს სხვა "სიმაღლეები" აქვს მონიშნული..

Friday, November 7, 2008

მარცხენა თუ მარჯვენა?!

მაშ ასე – ობამა.
წინასაარჩევნო ფაციფუციდან ჩემთვის მხოლოდ გვარები არსებობდა, სხვა არაფერი. მითუმეტეს, არანაირი პალიტრა. მაგრამ, შედეგები გამოცხადდა და... როგორც ნებისმიერი დაჩაგრულის მიმართ მომენტალურად დაცვის სურვილის გააქტიურებაში შემჩნეულს, ახლაც იგივე დამემართა. ჰოდა, მომინდა, ამაზე და არამხოლოდ, დამეწერა.
გუშინ სამსახურში ასეთი ფრაზა მოვისმინე:
"კარგი ტიპია ობამა, მაგრამ ერთი ნ ა კ ლ ი აქვს – ზანგია".
არ გამოვალ აქაც სიტყვით, თუ როგორ მაღიზიანებს მსგავსი დამოკიდებულება. შემიძლია ვთქვა, ამერიკაში ახლა მიაღწიეს საზღვარს, საიდანაც ნამდვილი დემოკრატია იწყება.
უფრო მეტიც, იმედია, ოდესმე ინდიელებს ვიხილავ მინიმუმ რეზერვაციების მიღმა.

როცა 21-ე საუკუნეში (რა ბანალური გახდა ეს ფრაზა) ისევ კანის ფერით, ეროვნებით, გრძედებსა და განედებზე განლაგებით, უფრო ლოკალურ სივრცეში კი, ამ ყველაფერს დამატებული კუთხურობით, გვარით, დიპლომით, საფულის მოცულობით, აპკის სიმრთელით, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროთი და ა.შ. ვსაზღვრავთ ადამიანების თუ ადამიანობის "ფასს", ცუდად არის საქმე.

დავუბრუნდები ოკეანისგაღმეთს. დღეს native ამერიკელებზე საფიქრად ვარ აღერღილი, მაგრამ სასტატიოდ არ მყოფნის :)
ჯერ მხოლოდ კადრებად: 4-5 წლის ასაკში მიღებული პირველი ინფო, როცა ცხენებზე ფანატიკურად შეყვარებულს სიტყვა მუსტანგის მნიშვნელობა მითხრეს და როცა პირველად მომნუსხა ინდიელის ნაკვთებმა. ცხადია, ფოტოებზე.
ამჯერადაც ფოტოთი შემოვიფარგლები

და აქვე გკითხავთ:

–აბა, მარცხენა თუ მარჯვენა?!

არ გგონიათ, რომ ადამიანები ერთმანეთს ძალიან ვცილდებით?!

Wednesday, November 5, 2008

Meu melhor amigo é o meu amor..


მოვედი.
ასე.

...
მიყვარს ეს სიმღერა. მთელი გზა ვუსმენდი..
წუხელ კი – დებიუსის, თითქმის მთელი ღამე.

მოკლედ, ასე.

და ეს ფოტო შემიყვარდა :)

Monday, November 3, 2008

ერთი კვირა, კედელზე

ვერ გადავწყვიტე – მთელი თვის თუ ისევ ისე :) ვფიქრობ, ასე უფრო ლამაზია, ისე – უფრო პრაქტიკული.

ვიდრე მოვიფიქრებ, შილეს ტილოს, რომლის განწყობას არ დავუტოვებივარ, მაინც ჩამოვხსნი და დიეგო რივერას ნამუშევარს შემოგთავაზებთ. რივერა საყვარელი მხატვარი არ არის, მაგრამ ამ ყვავილების გამყიდველის მხრების სიმძიმე ისე მავსებს ემოციით და ისე მეცნობა..
კიდევ, მგონია, მის უკან სიკვდილი დგას, რომელიც ყვავილებს ადამიანებთან ატანს, რომ გაინაწილონ და სათითაოდ დაუბრუნონ. ასე – კალების გამო..

***
წერილში მკვიდრ ამერიკელებზე წერისას ვორჰოლის ინდიელი გამახსენდა. ასე რომ, ვუთმობ კედელს..

3-9 ნოემბერი.

ორი ერთში, ანუ ცურვა

ჩემ შამპუნს 2-in-1 აწერია.
ეს ასოციაცია რამდენიმე დღის წინ, უცებ გამიჩნდა, როცა ერთ სხეულში ორი ტვინი "ჩასახლდა".
ახლა ვინმე იფიქრებს, რას ამბობს, რას წერსო..
მოკლედ, ასე:
ახალგაზრდის ტვინს გამოცდილი შეერია და მივიღეთ ორი ერთში.
მე კი იმპულსი მივიღე, ანუ მოტივი გაგრძელებისთვის და ბარიერი – სამი ერთში.

კარგი, ძალიან დამაბნეველი რომ არ ვიყო, გავჩერდები და ნოემბერზე დავწერ.
წეღან, როცა ფოტოს ვტვირთავდი, სათაურზე ვფიქრობდი; ჰოდა, ემოციისთვის ზუსტად მორგებულმა ფრაზამ გამიტაცა.
ეს იგივეა, რაც სამი ერთში,
რაც ფრენა თბილი ქვეყნისკენ,
რაც ნაპირზე გასვლა.

პ.ს. მეგობრის გადაყვარება შეუძლებელია.
და რა ცუდია, გულს ეჭვი რომ ღრღნის და გაბრაზება და მონატრება.

პ.პ.ს. ცურვა არ ვიცი.

გადაცურე ნოემბერი...

Friday, October 31, 2008

"დაე, ხვალემ იფიქროს ხვალისა..."

ფიქრი პირველი
ქართულ თანამედროვე პოეზიაში უხვად მომრავლებული სახარებისეული და ეროტიკული მოტივები ჩემთვის ძალიან არასაყვარელ გამონათქვამს მახსენებს – თითიდან გამოწოვილს. აღმოჩნდა, რომ სამშობლოზე და პლატონურ გრძნობებზე პათოსით წერის გარდა ხორცის სიამეც გვცოდნია და სულის დაამებაც. ამას რა სჯობია, მაგრამ, ხორცს ძირითადად წარმოსახულით ღლიან და სულს – წმინდა წიგნში ჩაკირკიტებით, ოღონდ არა რწმენის გამო, არამედ რაიმე სალექსოდ გამოსადეგის ამოსარჩევად. სახარება ხომ "ყველა კითხვას სცემს პასუხს" და იქნებ, ამ უმუზობაზეც ეწეროს რამე. ცრუ მონაზვნები და ცრუ ბერები, თითქოს რაიმე რიტუალის ჩატარებისას, მჭმუნვარე სახით იმოსებიან და ხელისგულზე ჩამოდებული სახეებით ქმნიან საკუთარ სახარებას, სხვათა დასანახს.
დღეს დიდი ინტელექტის მაჩვენებლად მიიჩნევა შემოქმედების სახარებაზე დაფუძნება. ეს, სხვათაშორის, "დიდთა" მიერ გავრცელებული აზრია, და ხანდახან, "დიდთა" რჩევითა და ხელითვე იცვლება ქაოსურად ნაწერი (ოღონდ ეს ხელწერაა – მეტის შეუძლებლობის გამო) და პირადი ცხოვრებით ნასაზრდოები – ქადაგებად.

ფიქრი მეორე
პროექტებსა და პროდუქტებზე უკვე ვიფიქრე.

ფიქრი მესამე
საინტერესო გამონათქვამია "თვალში ნაცრის შეყრა".
მოდით, მივყვეთ ამბავს და მოვყვეთ: ნაცარი კერიაზე გროვდება, ანდა კოცონზე – ჭერს მიღმა.
თვალში ნაცრის შემყრელი – ცეცხლთან ჩამუხლული, ან დაბალ სამფეხაზე ჩამომჯდარი წარმომიდგენია, ხელი რომ ადვილად მიუწვდება "საბრძოლო იარაღზე". ადვილად–მეთქი, ანუ სწრაფად, ვიდრე ნაცარშესაყრელი თვალს დაახამხამებს.
თუმცა, ზოგჯერ თვალის დახუჭვას ასწრებენ და იმავდროულად, ფართოდაც ეხილებათ თვალი.

ფიქრი მეოთხე და ამჯერად ბოლო
სახარებიდან გეტყვით: დაე, ხვალემ იფიქროს ხვალისა..
მანამდე კი.. ვაშლი ჩაკბიჩეთ - სასარგებლო,
ანდა, უბრალოდ – ძილი ნებისა.

Thursday, October 30, 2008

პროექტები და პროდუქტები

ხის მთლელზე ვფიქრობ – ხელში საჭრეთელით და შუბლზე - ოფლით რომ თლის, თლის, თლის..... სუვენირს, რომელსაც რომელიმე უცხოელი თუ შეიძენს, თორემ აქაურებმა იციან მისი რეალური ფასი.

კიდევ „ჯეოსტარი“ გამახსენდა,
ან მსგავსი პ რ ო ე ქ ტ ე ბ ი – შექმნილი პ რ ო დ უ ქ ტ ი თ, ახლობლებზე და თინეიჯერებზე რომ იყიდება.
ანუ, ვარსკვლავები და მათი ამაკიაფებლები:
სტილისტი, ვოკალის პედაგოგი, ქორეოგრაფი, სტუდიაში მომუშავენი..
მაგრამ პროექტი მთავრდება და სულ ცოტა ხანში გვარებსაც ვერ ვიხსენებთ..
უფრო ასე: „გახსოვს ის, ხვეული თმით“, ან რაიმე ასეთი..

...
ამ ტანკებივით გადამქელავ მაქინაციებს ვერაფერს მოვუხერხებ.
ვერც იმედგაცრუებას.

Monday, October 27, 2008

ერთი კვირა, კედელზე

ვიფიქრე, ნოემბრიდან მთელი თვის კედლის ქრონიკა ვაკეთო, თუმცა ამაზე ფიქრი მომდევნო კვირასაც შეიძლება, ახლა კი, დღევანდელი:
ეგონ შილეს ერთი ტილო უკვე მქონდა გამოფენილი. ძალიან მომწონს ეს ექსპრესიონისტი, განსაკუთრებით მისი მგრძნობიარე ქალები. ისე სექსუალურები და შინაგანი ენერგეტიკით სავსეები არიან... ამჯერად, არტისტის ჟღალთმიან ცოლს წარმოგიდგენთ, გამჭოლი მზერით.

27 ოქტომბერი –
2 ნოემბერი.

ორმაგი

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პოეტები სათუთი სულის პატრონები არიან. იმას ვგულისხმობ, რომ არ შეუძლიათ თამაში და.. დღესაც, ჯიუტად ვფიქრობ ასე, ნამდვილ პოეტებზე, სულით პოეტებზე. რა თქმა უნდა, არსებობენ დაოსტატებული თუ დასაოსტატებელი კალმოსნები.
მოკლედ, დროთა განმავლობაში ლიტერატურულ საიტებზე ძალიან ბევრ თამაშს შევესწარი. არა, ილუზიებით არ ვარ სავსე, ზეარსებად არავის ვთვლი, მაგრამ რატომღაც პოლიტიკა გამახსენდა, რადგან სვლები, გათვლები – იქნება ეს ღია თუ უფრო კულისებს მიღმა, ისევე აქტუალურია, როგორც პოლიტიკაში.
დღეს რატომ ვწერ ამას და რამ მიბიძგა? პატივსაცემი ადამიანის პუბლიკაციამ. პირად საუბრებში სრულიად საპირისპირო რომ მითხრა და ღიად სხვა გააკეთა.
ვაანალიზებ ბოლოდროინდელ განწყობას და ბევრ რამეს. ეს კიდევ სხვა საკითხია.
მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ, როგორც ავტორს, არაერთხელ გამიცრუა იმედი, როგორც ადამიანმა.
ძნელია ორმაგი სახის ცქერა.
და ორმაგად ძნელი – ახლა ამაზე წერა.


უცებ გავიფიქრე, რომ ფოტოგრაფები არ არიან "პოლიტიკოსები". ჯერ არ შემიმჩნევია.
ისინი თვალებში გახედებენ. თვალები კი არასდროს ტყუიან.
და თან, არანაკლებ პოეტები არიან, ოღონდ სინათლით მწერლები.

...
მოვიბუზე.


პ.ს. ეს წუთია, "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო" გამახსენდა. დაველოდები, მომავალში რა იქნება. თუმცა არა, არ დაველოდები. უბრალოდ, როცა იქნება, თვალს მივადევნებ..

Saturday, October 25, 2008

პოპ–კორნი და ... წარბთან კოცნა

წაგებულის დღეები და
წაგებულის ღამეები.
არა, არ ავღწერ.

ხომ ვთქვი, ტრიბუნაზე–მეთქი..
პოპ–კორნი და.. წარბთან კოცნა.

ოღონდ, არცერთი არ მაქვს.
ქვაბი კი თუხთუხებს..

Friday, October 24, 2008

ოლე!

არასდროს ვსაზრდოობდი ილუზიებით,
მაგრამ, რაკი რეალურ აღქმას ილუზიები დაერქვა..

ბურთი და მოედანი
და მოთამაშეები

ტრიბუნაზეც ხომ უნდა იჯდეს ვინმე..
პოპ-კორნს ვიყიდი და ადგილს შევარჩევ.

Monday, October 20, 2008

ერთი კვირა, კედელზე

ისევ ყაყაჩოების თემას გავაგრძელებ (თან ჩემი "წითელი" განწყობის გათვალისწინებით) ჯორჯია ო' კიფის "აღმოსავლეთის ყაყაჩოებით". როცა ვუცქერი, სისხლი და ცეცხლი ერთდროულად მახსენდება..

***
ბუ–ბუჰ! ენდი ვორჰოლის რევოლვერი.
ესეც ამ წითელი კვირის დასასრული.

20-26 ოქტომბერი.

lonely



ამ სეზონის ყველაზე აღქმადი ფერები ყვითელი, წითელი და რუხია. ფლიკრზე წითელ–ყვითელ განწყობას ვეძებდი, მაგრამ ბოლოს მაინც საკუთარი დავტოვე..

თავიდან..

ვერ ვიტან საავადმყოფოს, ვერაფერს, რაც ექიმებთან არის დაკავშირებული, გადაუდებელ დახმარებასთან და ა.შ.
აგვისტოს მოვლენების დროს ძალიან განვიცადე, როცა ტელევიზორში რაისი აჩვენეს, რესპში, ემერჯენსში მისული. ყველაფერი, რისი დავიწყებაც მინდა, თავიდან გამიკრთა თვალებში. ეს კედლები, ეს დერეფნები, ეს , ეს , ეს...
რამდენიმე დღე ცუდად ვიყავი. არ ვუყურებ ტვ–ს, მაინცდამაინც მაშინ შევხედე..

დღესაც, მოვედი სამსახურში და კიბეებს შევეყინე.. ჩემი თანამშრომელი გარდაიცვალა. და რომ ყვებიან, თუ როგორ და რა.. რომ როგორც მა.. ისევ თავიდან.
ყველაფერი თავიდან.
კადრებად.

როგორც "მექანიკურ ფორთოხალში", რომ დაგსვან და გაცქერინონ.
და აგეზილოს შიგნით ყველაფერი.
აღარ მინდა!
აღარ.
აღარ.

ახალი

ისეთი დღეებია - მდორე წყალსატევივით..
არც რამ ჩაედინება, არც სადმე გაედინება.
დგას.

ვნახოთ, ორშაბათი როგორი ორთქლმავალი იქნება, რას ჩაიბამს და რომელი სადგურისკენ დაიძვრება...

Saturday, October 18, 2008

შაბათი

შაბათი ჩვენი დღეა, –
შენთან მოვდივარ მთელი კვირის წამოსაღებად...

Thursday, October 16, 2008

დღევანდელი

*
–საზღვრის გადალახვა ავტოსტოპებით? არა, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ბილეთი ჩემია.

*
ალბათ, ყოველთვის მატყუებდა.

*
ცუდი ვიზაჟისტი აღმოჩნდა ეს წელი – უპეები ჩამიმუქა.. თან, არც მეცლება.

*
ცხოვრებაში პირველად მინდა, მალე აცივდეს.
კარგი გოგოა შემოდგომა, ხელი ზამთრისთვის აქვს ჩაჭიდებული, შემოიყვანს.

*
ძაან მაგარი სიტყვაა ეტ..
ვიმახსოვრებ.

*
თეატრში მინდა..

*
მაგარი გრძნობაა რაიმეს მოსროლა. აუ, ზუსტად ასე, მოს რო ლა. ტვირთი მოვიცილე.
ჰო, სროლაში უნდა ვივარჯიშო.

*
ცუდი სუნი იდგა იმ ბინაში. ერთ სული მქონდა, როდის შემოვუვლიდი და გამოვიდოდი. არადა, სულ წუთნახევარი, ალბათ.

*
მა მენატრება.

*
მესაკნე და საკნის ბინადარი? გაიქცევა. ზეწარს დაგრეხს და ისე. ქვემოთ კი ზღვაა..

*
უგემური დღე.

Monday, October 13, 2008

ერთი კვირა, კედელზე

ამ კვირას ქართველ მხატვრებს დავუთმობ.

მაკა ბატიაშვილი – გამორჩეული ხელწერით და ძალიან ბევრი, ადამიანური , ჩვენ გვერდით თუ ჩვენ თავს მომხდარი ამბით. ხანდახან ისე ჩემია ეს თვალები..
ეს ნამუშევარი ერთ–ერთი ყველაზე უფრო საყვარელია.

***
საჩუქარი – ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისგან. საერთოდ, ძვირფასი ადამიანისგან ყველასთვის, ვინც მას – თენგიზ მირზაშვილს იცნობდა. ძალიან გამიჭირდა ახლა მასზე დაწერა, არცერთი სიტყვა არ მომეწონა... უბრალოდ, ჩუბჩიკა.

13-19 ოქტომბერი.

Sunday, October 12, 2008

ახლოს

გუშინ დავითგარეჯაში ვიყავი..
შთაბეჭდილებები (ნაწილობრივ) ჩემს ფლიკრზე, აქ მხოლოდ ერთზე მინდა დავწერო – სიმაღლეზე.

ცამდე დაძლეული მანძილი: დაცურებული ფეხით, აჩქარებული სუნთქვით, უკან გადმოხედვით, შიშით და იმის ზუსტად ცოდნით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ დაბრუნდები, ახვალ..
და როცა ფეხქვეშ მიწა სწორდება,
როცა საზღვარზე დგები – ნამდვილ და წარმოსახვით საზღვარზე,
როცა შენ თავზე არწივი ირაოს კრავს და საკმარისია ხმა არ ამოიღო, სიჩუმე და სიმშვიდე გაბრუებს..
აი, ამ ფონზე წერტილი ხარ, რადგან გფლობს სივრცე და ამავდროულად ყველაზე ძლიერი, რადგან გრძნობ ცას.

ასეთი გრანდიოზული შეგრძნებები დიდი ხნის წინ , მამასთან ერთად გამოვცადე, რამდენჯერმე. გვიყვარდა მთიდან (და ზოგადად, სიმაღლიდან) გადმოხედვა. მარტომ პირველად გავაკეთე და მგონი ორმაგად მომიცვა.. თითქოს მასთან ახლოს ვიყავი.

და კიდევ, რა ძნელია სიმაღლის დაძლევა და რა სწრაფად შეიძლება, დაეშვა..
არა მხოლოდ მთიდან.

Friday, October 10, 2008

ტრამვაი

თბილისური ტრამვაი გახსოვთ?
რიხინ–რიხინით რომ დადიოდა, წითელი, რაყრაყა, მოსახევი ბილეთებით...
ბილეთი ხან წითლად იყო დაბეჭდილი, ხან ლურჯად. მწვანეც მახსოვს, ოღონდ ეგ ძალიან იშვიათი იყო.
და "ბედნიერი" ნომერი :)

ეს ლისაბონის ტრამვაია.
და ეს ფოტო "ისტორიულია"! :) რადგან "სადღაც" მოიხსენიეს...
ჰო, თბილისური ტრამვაი ამას არ გავდა, მაგრამ მაინც...



და ჩემი ლექსიც, აქვე – ჯერჯერობით დროს რომ უძლებს, ანუ დღესაც მომწონს..

* * * (ჩემი ქალაქის ყველა ტრამვაი...)

ჩემი ქალაქის ყველა ტრამვაი ჯართის პუნქტშია თავმოყრილი..
ნელ-ნელა ჭრიან,
დაბადების დღის ტორტივით..

მე მახსოვს მკაცრი კონდუქტორი,
ქალი ვატმანი (არც თუ მკაცრი).
მახსოვს დედა - აჩქარებული,
მე - ხელში ბედნიერი ბილეთით
და ბედნიერი თვალებით,
რატომღაც.

ჩემი ბავშვობა ჯართის პუნქტშია თავმოყრილი..
ნელ-ნელა ვჭრი,
(სულაც არა დაბადების დღის ტორტივით,
რადგან არ მიყვარდა დაბადების დღეები არასდროს),
ლუკმებად ვანაწილებ და
მშვიდად ვაგემოვნებ.

გუშინ, როცა ლისაბონის ფოტო მაჩვენე -
აღმართზე კოპწია ტრამვაით თავმოწონებული,
ჩემი ბედნიერი ბილეთი გამახსენდა -
თავში და ბოლოში ერთნაირი ციფრებით..

ჩამოვიდოდი ლისაბონში
(როგორც ჩემს ბავშვობაში),
ერთხელ მაინც..

ქეთი გზირიშვილი


პ.ს.
დღეს სევდიანი ვარ.
ისე მინდა, რომ ერთხელ მაინც...
ჰოდა, გამახსენდა – ტრამვაი.

Wednesday, October 8, 2008

The end ?!

მინდა, მადლობა ვიხადო – ბრჭყალებიანი მადლობა, ცივმზერიანი მადლობა, ყელშიბურთიანი მადლობა, გადაყირავებულმაგიდიანი მადლობა, კარგაჯახუნებული მადლობა.

მადლობა.

Monday, October 6, 2008

ერთი კვირა, კედელზე

შემდეგი კვირა(ც) დადგა, თუ მოვიდა, თუ მოგვიწევს.. ჰოდა, განწყობები, განწყობები..

დღეს: ჩუმი, ჩუმი ორშაბათი – მშვიდობის მოსურნე კაცით.
ანუ, ისევ სიურეალისტი მაგრიტი და მისი "კაცი ნესვისებრი ქუდით" (ჩემი თარგმანი:) ).
ახლა ვფიქრობ, რატომ მომწონს მაგრიტის მხატვრობა. ვფიქრობ, ძალიან პოეტურია. პრაქტიკულად ლექსებს წერს, ტილოზე:) ხშირად ვფიქრობ ამაზე, რომ პოეტური მხატვრები მომწონს, გარკვეულწილად ფილოსოფოსები:) ასეთია რენე მაგრიტი.

რამდენიმე ნამუშევარი ავტვირთე, მაგრამ ისევ მას დავუბრუნდი.. იყოს ეს კვირა მაგრიტის.

6-12 ოქტომბერი.

Saturday, October 4, 2008

სხვისი ჯიბე

რა ადვილად ყოფენ ხელს ჯიბეში,
სხვის ჯიბეში!

საშინელი შეგრძნებაა, როცა საკუთარ სახეებს სხვების ლექსებში აღმოაჩენ. ეს არაერთხელ გამოვცადე. გუშინდელმა საბოლოოდ გამაბრაზა და გადავწყვიტე, რომ ახალ ლექსებს ინეტში აღარ გამოვაქვეყნებ. აქ არ არსებობს ავტორი, არსებობს კოლექტიური ავტორი –მონსტრი. ან შეეზილები მასას, ან წახვალ.

მე მხოლოდ ჩემ განცდილს ვწერ. პრაქტიკულად, ყველაფერი ბიოგრაფიულია. წერისას განცდები, როგორც აჩქარებული კადრები, ისე გამირბენენ თვალებში - სახეებად. აი, ასე ჩნდებიან ლექსები.
ეს გრაფომანები კი – არ ვიცი, როგორ წერენ, ან რაში ჭირდებათ სხვისი ბიოგრაფიის ნაფლეთები, რა ჯანდაბას აკოწიწებენ...

ცუდ ხასიათზე ვარ.
ძალიან ცუდზე.

პ.ს. მყუდროა ჩემი ბლოგი. ჩემთვის.

Thursday, October 2, 2008

მწყემსის

ჩემი ლოცვა მოვიგონე.
გახსოვს სიმღერა მწყემსზე და ერთ პეშვზე - ჩუმად რომ ვმღერი, მხოლოდ მაშინ, როცა არავინ მიყურებს?
აი, ხმამაღლა რომ სხვამ იმღერა..
ესეც მწყემსზეა, ზამთრის საძოვრებზე წასულზე..


მწყემსები მუნჯები მყავს
და უხილავები..
დაებედათ.

Wednesday, October 1, 2008

ხელები

"- ორი ზედმეტი მკლავი კი მაქვს, მაგრამ ვშიშობ, რომ ორივე მარჯვენაა.
- რა დასანანია, ორივე მარჯვენა რომ არის
- თუ რაიმე დისკომფორტს არ შეგიქმნით...
- რას გულისხმობთ?
- მინდოდა მეთქვა, მარჯვენა მკლავს ხომ არ აიღებდით?
- მარჯვენას მარცხენას ნაცვლად?
- დიახ
- ისე, უხელობას ორი მარჯვენა ხელი სჯობს"
ნოვეჩენტო

ჰმ, ორივე მინდა.
თუნდაც ორივე მარჯვენა.
მხრებით დავრჩი, მხრების ამარა.

მხრებზე მომეფერეთ..

Monday, September 29, 2008

ერთი კვირა, კედელზე

კედლიდან ჩამოხსნილი ტილოები დავიწყებას რომ არ მიეცეს (მითუმეტეს, ხშირად ისინი განწყობასთან ასოცირდებიან) და ისედაც, მგონი აჯობებს ყოველ ახალ მხატვარსა და ნამუშევარზე, რომელსაც გამოვფენ, ჩანაწერებიც გავაკეთო.
პოსტების რაოდენობა უსასრულოდ რომ არ გაიზარდოს, ერთად ჩამოვწერ ხოლმე – თუ ვინ იყო კვირის მანძილზე გამოფენილი.

ამ კვირამდე:
პირველი, რაც გამოვფინე, გუსტავ კლიმტის "კოცნა" იყო. უფრო ზუსტად, ამ ტილოს დეტალი. კლიმტის მხატვრობის მიმართ ჩემს სიყვარულს აქ კიდევ არაერთხელ გამოვხატავ :)

შემდეგი იყო ჩემთვის უცნობი მხატვრის ტილო. უბრალოდ, განწყობის გამო. პირობითად "მთვარის მოტაცება" დავარქვი.

და ბოლოს, ეგონ შილეს "საყვარლები".

ეს კი, ამ კვირის კედელი:
რობ გონსალვესს არაერთხელ მივუბრუნდები ალბათ, მანამდე მის ხომალდებს აქ დავტოვებ
და
კოლუმბიელ მხატვარსა და სკულპტორს – ფერნანდო ბოტეროს წარმოგიდგენთ.
არვიცი, ამ უჟმურ საღამოს რატომ გავიხსენე და რატომ მომინდა მისი ზომიერად ფერხორციანი ხედვის გამოფენა :)

შეყვარებული ვარ ამ ტილოზე და ამ მხატვარზე:
რენე მაგრიტი. საყვარლები.

29 სექტემბერი –
5 ოქტომბერი.

მე წავედი

რომელ ფილმში იყო ეს? :)

***
როცა საერთო აღარ გაქვს ადამიანებთან,
როცა ადგილს ვერ პოულობ,
როცა არ სჭირდები, უნდა წახვიდე, ხომ?

მთელი ცხოვრება ასე იყო – მიჩნდებოდა ინტერესები, სადაც თავს ვცდიდი..
მაგრამ ამჯერად გული ძალიან მწყდება, რადგან ეს არ არის გატაცება, მცდელობა და მხოლოდ ორი წელი.

ჰო, წრიდან გასვლა არ ნიშნავს გაქრობას.
უბრალოდ, ჩემი ბურთი გადავარდა :) მოსატანად წავედი.
შეიძლება შემოვრჩე, – სადაც ვიპოვი, იქ გავშალო კარავი..

პ. ს.
სიტყვა გარდაცვალება გამახსენდა.
ლამაზი სიტყვაა, თუ მიღებული მნიშვნელობის მიღმა შევათვალიერებთ..
ცვლილებას ნიშნავს,
გარდასახვას,
სხვაგან მოხვედრას..
საინტერესოა.

არა, ეს სიკვდილი არაა.
ერთი ლექსი მაქვს, ძველი – Circus

მხოლოდ ბურთი გადავარდა...
:)

Sunday, September 28, 2008

სეზონური


ერთადერთი სეზონი, რომელიც წელს აღვიქვი, შემოდგომაა.
არც გაზაფხული, არც ზაფხული არ მოსულა ისე ახლოს, სულამდე, როგორც ეს შემოდგომა: ფერებით, ქარებით, წვიმებით, სუნით, სევდით...
ფოთლების გაყვითლებას ვუცდი. ბევრი ფოთოლი მინდა ფეხქვეშ, ფერადი.

Monday, September 22, 2008

კედელი ერთი ტილოსთვის

კედელს ერთი ტილოსთვის ბლოგის ბოლოში იხილავთ.
ახლა პერიოდულობაზე ვფიქრობდი – თუ რამდენ ხანში ერთხელ სჯობს განახლება. ალბათ, კვირაში ერთხელ და ალბათ, ორშაბათობით. აქამდე ნამუშევარს განწყობის მიხედვით ვცვლიდი და გაცილებით მეტ ხანს ვტოვებდი. თუმცა, რაკი განწყობა ცხრილის მიხედვით არ მოდის, იქნებ დროზე არც მერე მეფიქრა...

ისე, დღეს ორშაბათია :)

Friday, September 19, 2008

ორად

"ხვალ
ალბათ არაფერი განსაკუთრებული"

ხვალ - მოულოდნელი შეხვედრის იყო,
გამოწვდილი ხელების,
თბილი...


* * *
პატარა ბროშები, თუ რაღაც ასეთები იყო ჩემს ბავშვობაში, ახლა – არვიცი. მოკლედ, ორი სხვადასხვა სურათი რომ ირეკლება იმის მიხედვით, თუ საიდან დაეცემა სინათლე.
მეც ასე, ორად:
ერთ მხარეს – ბედნიერი, ანუ სინათლე შენგან მეცემა;
და თუ უშენო კუთხიდან – უკან ვბრუნდები...

უკან:
ისეთია...

სხვა ასოციაცია:
ქართული მულტფილმი იყო, პატარა ეშმაკზე, პირზე ბოქლომი ედო... მეშინოდა :)

ისევ უკან:
ხან მხრებს ეფარება, ხან თმას მწიწკნის, უფრო კი ფეხს მიდებს. მოსწონს ჩემი გადატყავებული მუხლები.

რეალურად:
ეს მარტოობის შეგრძნებაა.

Thursday, September 18, 2008

სამი

გუშინ
"კონტრასტული შხაპი", ცხელის მერე ცივი.
ანუ, ფიქრი დღის ბოლოს:
მიმართულება – თავქვე.
გრაფიკული გამოსახულება – გუნდა, აკრული თოვლის გამო რომ დიდდება.

დღეს
ერთადერთი აკვიატებული და სიტყვიერად ჩამოყალიბებული სათქმელი:
კარგად შეფუთული არ ნიშნავს კარგი რამის შეფუთვას.

ხვალ
ალბათ არაფერი განსაკუთრებული.

Tuesday, September 16, 2008

კონსტანტინოპოლი

სიზმარი

4.
ერთხელ წითელქუდას ლურჯქუდა დაუძახეს.
სწორედ მაშინ, როცა თავის წითელ ქუდზე ყვავილი ამოქარგა და ფეიერვერკების მოედნისკენ მიმავალ გზას ასკინკილით გაუდგა.
ლურჯქუდაო! ვარდისფერქუდა მაინც ეთქვა, ჰა – ცისფერქუდა.
რაღა ლურჯი.
თან ისე გამოთქმით!
საქმე იმაშია, ის ლურჯი ქუდი ნანახი ჰქონდა და საშინლად არ მოსწონდა. სიზმარშიც კი არ ასვენებდა: გამოყოფდა კედლის კუთხიდან ლურჯქუდიან თავს მისი უჩინარი პატრონი და წითელქუდას სასწრაფოდ ეღვიძებოდა.
ჰოდა, დაუძახეს თუ არა, კეფა გაეყინა და მიხვდა, სინამდვილეში მაგარი სულელი იყო.

საცოდავია წითელქუდა.
თავისი თავი ებრალება.
კიდევ ერთი პრობლემა აქვს – ენა ჩაუვარდა და მუცელი ჩაცვენილი სიტყვებით ამოექოლა.
ზის ახლა მინდორში. ხან მგელი ელანდება, ხან მგლისფერი მონადირე. ხან კბილების კრაჭუნი ესმის, ხან – თოფის ტკაცუნი.
ისე კი, ერთ ბოთლ „ბორჯომს“ ნატრობს მუცლის ტკივილის დასაამებლად და
საძილე აბებს.

3.
იყო ერთი კიბე.
ხან წვებოდა, ხან დგებოდა.
ხანაც ეყუდებოდა.
წვებოდა, როცა ხელს უშვებდნენ.
დგებოდა, როცა ხელებს მხრებში ჩაავლებდნენ
და ეყუდებოდა, როცა ავიწყდებოდათ... ასვლა, ჩამოსვლა, ან მოსვლა.

ერთხელ უცნაური რამ მოხდა.
მასთან ჩაიმუხლეს და დააცქერდნენ.
ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ჰოდა, კიბეს სიხარულისგან გული აუჩუყდა.
აჩუყებულ გულს გადაშლა სჩვევია და კიბემ თუ მისმა გულმა, ცალ–ცალკე თუ ერთად, გაშალეს მკლავები...
სწორედ ამ დროს ჩამუხლულის ჯიბეში მაღვიძარამ დარეკა..
კიბეს საფეხური ჩამოტყდა.

2.
კაცი იყო, ფაფახი ეხურა.
ერთხელ კაცმა ირმის მუცელზე წინწკლები დათვალა.

1.
აქედან წახვალ, აქ მოხვალ.

. . .
წითელქუდამ თვალები დახუჭა.
ვერ მიხვდა, აბები გადაყლაპა თუ ბორჯომის წყალი.
ვიღაცის ხელმა მხრებზე პლედი წააფარა, მაგრამ წითელქუდას ეს აღარ დაუნახავს.


ქეთი გზირიშვილი




*
კონსტანტინოპოლი (ბერძ.: Κωνσταντινούπολις) ..... რის გამოც მას "ქალაქთა დედოფალი" შეარქვეს.
წყარო: ქართული ვიკიპედია.


**
მოქმედი პირები - სხვა ისტორიიდან (რომელიც გუშინ წავიკითხე), ამ ისტორიის მოსაყოლად.

Thursday, September 11, 2008

წვიმა, თოლიები და აიზეკი

უ ნ

ჩემი საყვარელი საქმიანობა სანაპიროს გზით მგზავრობისას – თოლიების თვალიერებაა :)
განსაკუთრებით, როცა ტაქსი საცობში ხვდება. მშვენიერი თავშესაქცევია.
ჰო, კიდევ ყვავების – თოლიებთან ერთად მეგობრულად რომ იყოფენ ჯებირის მთელ პერიმეტრს.
ჰოდა, რას ვამბობდი..
კითხვა, რომელიც ამ საღამოს გამიჩნდა:
სად მიდიან თოლიები, როცა წვიმს?! (ყვავები არ მაინტერესებს :) )
არცერთი არ იყო,
არც ერ თი..

დ ო ს
რატომ მინდება კრის აიზეკის მოსმენა წვიმიან დღეებში?!
რატომ,
რატომ,
რატომ...
საკმარისია, ჩამოიქუფროს და წვიმა წამოვიდეს... მე ვრთავ აიზეკს!
ასეა.

საოცარი ტემბრი აქვს! უჰუუ!..
ტაკს, ვაგროვებ მამაკაცთა ხმებს :) აიზეკის ხმა ერთ–ერთი ფავორიტთაგანია. მიყვარს მისი მუსიკა. მგონი ყველა ალბომი მაქვს. ოღონდ... წვიმის და სუსხიანი ამინდის გარეშე არ გამოგვდის ურთიერთობა :)
ჰო, კოლექციის სხვა ხმებზე მოგვიანებით, უნალექო განწყობისას..

Baby Did a Bad Bad Thing
San Francisco Days
Don't make me dream about you

Wednesday, September 10, 2008

ბუჰ!

კადრი (ან მოქმედებაც, რეალში) – მაგიდიდან ერთი ხელის მოსმით ყველაფრის გადაყრა.
ასე მინდა ახლა ბოლო პოსტების წამში მოცილება.
მარა, ისევ ჩემი ასაკრეფი გახდება და მეზარება :)

დარჩეს.

Tuesday, September 9, 2008

წერილი მოკითხვამდე

ხანდახან ისე ძნელია, მოგიყვე რამე,
რადგან მეკარგება საწყისი' სიტყვა.
მაქვს მომდევნო სიტყვები - გრძელი რიგიდან ალაგ-ალაგ ამოგლეჯილები,
რომლებსაც ერთმანეთთან ვაწყობ...
სხვა' შინაარსით.


------------
სქოლიო:
საწყისი სიტყვა არ არის ის, რაც პირველად იყო
და სხვა შინაარსი ის, რასაც ტყუილს ეძახიან.

ფიქრი:
რატომ მეშინია, ანუ სქოლიოს დანიშნულება..
მოიკითხავს კი?

ფიქრი ფიქრის შემდეგ:
ცივა.
თვითონ მსურდა.

გასვლის წინ:
გვიან არის?
და მაინც, არ მინდა, რომ...

დასკვნა:
ძნელია..


ხვალამდე.

სულ მე, სულ! :)

მთელი საღამოა, რაღაცის დაწერა მინდა აქ და ვერ.
აი, ვერ..
მოკლედ რა:

სუსხიანი დილები,
ნაცრისფერი საღამოები.


შუაში/შემდეგ:
მე – გამოუძინებელი,
ზარმაცი,
სუსტი,
სულელი,
დაღლილი,
ეჭვიანი,
მშიშარა,
მამაცი (ც),
ჭკვიანი :)
მომლოდინე..

ასევე:
შეყვარებული,
შვილი,
ავტორი,
მეგობარი,
კრიტიკოსი (ჰმ),
ფორუმელი,
ბლოგერი (ჰმ),
თანამშრომელი,
მგზავრი,
მყიდველი..
სანტექნიკოსი (ც) (ჰმმმ) :ოჯახშიკაციცმევარქალიც:

ახლა დავიძინებ.
მორიგ სუსხიან დილამდე.

Thursday, September 4, 2008

* * *

ცივი.
ცივა.
ცივად.

დისტანცია

ასეე...
კაი რამეა, ხომ დისტანციური პულტი ? :)
წკაპ–წკუპ:
რთავ,
ირჩევ,
იღებ.

ჰოდა, ურთიერთობებში – წკაპ–წკუპ ?!
უნდა ვისწავლო.
კურსი გავიარო, სრული :)
მოგბაძო.
ოღონდ ჩემ საკაბელო პაკეტს ავირჩევ, ჩემთვის მისაღები არხებით, მშვიდად ჩასაძინებლად.

"გაიღიმეთ, ... "
არ მიყვარს როცა მატყუებენ.
არ მინდა, სულელი ვჩანდე...
ამ არხს ვეღარ უყურებ.

მოკლედ, დავდგამთ სამოვარს – კიბის თავზე და ...
ვისაუბრებთ პოეზიაზე :)

საკმარისია.

Please just carry on

გუშინ, თავისთავად მოვიდა ეს სიმღერა ჩემთან:
გამახსენდა,
მომინდა,
მოვძებნე...
არადა, რამდენი ხანია არ მომისმენია!

დღესაც , ისევ...
მოკლედ, შევძვერი მაგიდის ქვეშ :)
შე ვი ყუ ჟე
და გავთბი :)



ჰო, ის უკვე 13 წლის არის. თურმე.

Tuesday, September 2, 2008

ცივი

დღეს ეჭვიანი ვარ :(
ცუდი გრძნობაა.
ჰოდა, გუშინდელი ემოციები უკან მიმაქვს, კარგად შესანახად.

დღეს მშიშარა ვარ.
დაუცველობის გრძნობა მაქვს.
მაგიდის ქვეშ შევიყუჟებოდი, ან კარგ სიზმარში.
სამწუხაროდ, ეგეც სანატრელი გახდა.
კარგი სიზმარი, ანუ.

დღეს მარტო ვარ.
არავინ, ვინც – ჩემთვის და ჩემი.
ასე.

ყველა სიკეთესთან ერთად წვიმს და ცივა კიდეც.

Sunday, August 31, 2008

31.08.

კვირის,
თვის,
სეზონის,
შვებულების (აქ ბრჭყალები მოუხდებოდა :) ) ბოლო დღე..
იმედია, ამ განწყობისაც.

Friday, August 29, 2008

ლოდინი


რა საშინელებაა ლოდინი :(
როგორ არ მიყვარს!
როგორ !

მთელი დილაა, F5–ს ვურტყამ თითს
ხან ისე ვატაკებ, მგონი ტკივა :)
მოდი რაა,
მოდი,
მოდი...
ვერ გრძნობ, რომ სადღაც გეჩქარება?
ცოტათი მაინც...
აი, სულ ცოტათი მაინც :(
არ გეფხანება ყური, ცხვირი, მკერდი ან ფეხისგული (ნეტა რომელიმე თუა ამის ნიშანი :)) ?
ალბათ არა.

---------
პსპს :)
საინტერესო სიტყვაა ლოდინი, უფრო სწორედ, მისი ფუძე.
ჯანდაბა. მართლა ლოდივით არის.

Thursday, August 28, 2008

ახალი / "ჯოს!"

ლა–ლა, დღეს ნაყოფიერი დღე მქონდა:)
კმაყოფილი ვარ.
მივეჩვიე ამ გრძნობას – ამოთქმა რომ იწვევს. მის გარეშე აღარ მინდა, აღარ შემიძლია და მეშინია კიდეც.
მთელი თვე გათიშული ვიყავი, სავსე მხოლოდ იმით, რაც გარშემო ხდებოდა: ტკივილით, შიშით, სირცხვილით, სიჩუმით. ჰოდა, ახლა..
მადლიერების გრძნობა მაქვს, რომ კიდევ ერთხელ. მადლობას ყოველთვის ორ ვინმეს ვუხდი, რომლებიც ზემოდან..
არვიცი, ეს ცრურწმენაა?
არა. მჯერა, რომ საჩუქარია.

დღეს კიდევ დავტკბები (რადგან კრიტიკული თვალი უკვე შევავლე და შენიშვნები აღარ მაქვს), ხვალ კი მას ვაჩვენებ :)

ცეცხლითა და მახვილით ?! :)

თანამედროვე ქართულ პოეზიაში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული თემა ეროტიკაა. თუმცა, ერთია რას წერენ (საკმაოდ ბევრია საკრიტიკო) და მეორე – როგორ აფასებენ. რა თქმა უნდა, საიმედო გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ...

შემთხვევა 1-ლი
ერთ–ერთ საიტზე (არ მივუთითებ, რადგან ეს საქართველოში ერთადერთი შემთხვევა არ არის და მეც მხოლოდ ზოგადად მინდა საუბარი) ავტორი თამამი ლექსის გამო გააცამტვერეს. სითამამე გამოიხატება იმის აღწერაში, რასაც გარყვნილებად მიიჩნევს ამ საზოგადოების ალბათ 95% (თუმცა ერთია რამის ღიად მიჩნევა და მეორე – დაფარულად მოქმედება). გაცამტვერებაში ვგულისხმობ არა ლექსის დონის შეფასებას, არამედ ადამიანის პიროვნულ განადგურებას.
მე არ ვაპირებ ტექსტის განხილვას, რადგან ჩემი აზრით ეს შესრულება საშუალოც არ იყო, მაგრამ მინდა დავწერო ადამიანებზე, რომლებიც კარგ მორალს ქადაგებენ და თავად ამორალურად იქცევიან. მათთვის სექსზე წერა ცუდი ტონია, მაშინ, როცა სექსზე დამწერის შეურაცხმყოფელად მოხსენიება ვაჟკაცობად ითვლება.
საბედნიეროდ, ცუდი ტონი ყველგან არ არის. როგორც ზოგადად, ჭრელია საზოგადოება, ისე – აქაც. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასეთ ლექსს არა სხვის ცხოვრებაში გაჭორვის მიზნით ცხვირის ჩამყოფებივით განიხილავენ, არამედ აფასებენ მხოლოდ ტექსტს და ამ ტექსტით წინ წამოწეულ პრობლემაზეც ფიქრობენ.

შემთხვევა მე-2
წავიკითხე ჰაიკუ, რომელიც ნამდვილი ჰაიკუა – მარცვლებგადათვლილი :) ოღონდ... ეროტიკული შინაარსით. უპს! სწორედ აქ იწყება შემთხვევა მეორე. გამოხმაურებები – ირონიისა და დაბალი ცოდნის ნაზავი.
მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს:
როდესაც ადამიანები წერენ კომენტარებს (და თან ისინი ფიქრობენ, რომ არიან თანამედროვე ავტორები), რატომ არ ფიქრობენ: კომპეტენციაზე, ამ სფეროში მათი განათლება და გამოცდილება რომ აძლევთ; როგორ ჩანს ეს გვერდიდან, უბრალო მკითხველისა ან მათზე მეტის მცოდნის თვალში; ზრდილობასა და უფლებაზე, რომელსაც შინაგანი მე ანიჭებს ადამიანს და ამ შემთხვევაში კი ტაქტიანობით გამოიხატება? (თუმცა, ამ ყველაფერზე დაფიქრება ხომ შესაბამის შედეგსაც მოგვცემდა :)).

Saturday, August 23, 2008

ორი ნაწილი

"ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, როცა მშობლები ცოცხლები არიან და როცა აღარ" – გ. ალხაზიშვილი.
-----

ბავშვები გამახსენდა, რომლებსაც მშობლები არ ახსოვთ. მათ ასაკისთვის შეუფერებელი მზერა აქვთ. როდესაც ჩვენ, ვისაც გვახსოვს, ვუყურებთ მათ, გული გვეწურება.
კანონზომიერია ორი ნაწილის გავლა.
ალბათ, ხომ?
პირველის გამოტოვება იმ ბავშვებს მახსენებს.
მეორეს...

კი, ალბათ.

Friday, August 22, 2008

აგვისტოს პირველი კარგი...

ამ დღეს ნომრად შენი ციფრი აქვს. ახლა დავაფიქსირე და იმაზე დავიწყე ფიქრი, როცა ჩემი ციფრი აქვს, როგორია ხოლმე. მგონი არც არანაირი.
და რა შუაშია ციფრი.

დღეებს ვითვლით!

ჰო, სულ ცოტაც :)

U



ისე მინდა მოგიყვე, როგორ ვარ, მაგრამ ვერ
სულ დავიცალე სიტყვებისგან..

გკოცნი.

რომ შემეძლოს ვრცლად წერა, გეტყოდი, რატომ...

ღამე მშვიდობის.
ამას არ წაიკითხავ თავის დროზე, მაგრამ მაინც..

Wednesday, August 20, 2008

ყველაზე მეტად...

ახლა მოვრჩი ფოტოების ალბომებში ჩალაგებას.
როცა პანიკა ატყდა და ყველამ ერთი ჩანთა გაამზადა (ალბათ), პირველი რაც მოვაგროვე, ფოტოები იყო. პრაქტიკულად, მეტი არც არაფერი ამიღია.. ჰო, კიდევ CD - ლექსებით და რამდენიმე პირადი ნივთი.
არვიცი, იქნებ ამაზე ვინმეს გაეცინოს კიდეც, მაგრამ ჩემი საყვარელი ადამიანები ამ ფოტოებში ცხოვრობენ, მამას ახლა მხოლოდ ფოტოებზე ვხედავ.
ის ქეთიც, მე რომ მომწონს, ფოტოებზეა. მოკლედ, ყველა და ყველაფერი.

მთელი კვირა ისე გავიდა, რომ არ დამიბრუნებია. დღეს მგონი ცოტა დავმშვიდდი და აი, მოვრჩი.

Saturday, August 16, 2008

სახლი

სახლი ისე მედარდება, როგორც სულიერი.
თვალს რომ ვერ გავუსწორებ, ისე.. ბოქლომისთვის.

მამა დამესიზმრა.

Thursday, August 14, 2008

გაგრძელება

"დასაწყისი. გაგრძელება იქნება"
"გაგრძელება. დასაწყისი იხ. ბლა–ბლა"
"დასასრული" – აა, გააჩნია რისი. ომის – ოღონდაც.
ურთიერთობების, რომლებიც მაქვს – არა. კიდევ რაღაცეების – არა.

ახლა დავფიქრდი, რომელი უფრო: დასაწყისი, გაგრძელება, თუ დასასრული?
როგორც ვიცი, ფსიქოლოგები ადამიანებს ამ ნიშნითაც (თუ რა ეხერხებათ) გამოარჩევენ.
დასაწყისი მაინც სულ მიჭირს. მეზარება. მხოლოდ დიდი ენთუზიაზმით შეიძლება, ან დიდი სიყვარულით :)
და კიდევ დასასრული (ოღონდ საქმის არა).

რატომ ასე შორიდან და რატომ ამაზე?

გაგრძელება მინდა:
ფიქრის, დღის, ურთიერთობის, ბლოგის..
და ისე გაიჩხირა ეს განწყობა ჩემში და ჩემს მიღმა, რომ თითქოს აღარ გამოდის გაგრძელება.
ისე აღარ.
დასაწყისს დაემსგავსა..

პ.ს. ის, რაც კიდევ გამახსენდა გაგრძელებაზე:
თავი, ქვეთავი, პარაგრაფი, ტომი, ნაწილი, წიგნი, სერია, დუბლი, პერიოდი, ციკლი, სეზონი.
რა შუაშია, მაგრამ მაინც :)

Tuesday, August 12, 2008

დამთავრდა?

ვინ იცის..
და რა დარჩა?
გვამები, ნანგრევები და კითხვები.

გული მეწურება, ამათ რომ ვუყურებ – ე.წ. ესტრადნიკებს.
ჯანდაბა.
წუხელ და ახლაც, ამ წუთებშიც გვბომბავენ..
და ამბები, ამბები.. გმირებზე.
ჰო, გმირებზე.

არვიცი, ხვალ რა იქნება.
წუხელ საშინელი ღამე იყო. კარსა და კომპს შორის გავატარე, ყოველი გრუხუნის თუ სიწყნარის შესაბამისად.

Monday, August 11, 2008

ზღვარზე

მეოთხე დღეა დაძაბული ვარ. უფრო სწორედ, მეოთხე ღამეა. განვიცდი: ხმებს ციდან და დაძინების შიშს.
თვითმფრინავის ხმა ისედაც ყოველთვის მაშინებდა (პატარას შემეშინდა, როცა ჩვენს ეზოს სამგზავრო თვითმფრინავმა თავზე ისე გადაუფრინა, რომ ფრთებით პრაქტიკულად ეზო გადაფარა. შთაბეჭდილება – "ჩამოვარდა!", რეაქცია ეზოში – კივილი, მე – იატაკზე, შედეგი – შესაბამისი, თან დღემდე) და ახლა ვგრძნობ, ამ მოლოდინის გამო ნერვიული გავხდი. ჯანდაბა.

და ძილი. ანუ დავიძინო თუ არა. გუშინწინ 4-თვის დავწექი, მეტს ვეღარ გავუძელი. წუხელ ჩავიქნიე ხელი და.. ამ ოთხი დღის მანძილზე მხოლოდ წუხელ მეძინა და როგორც იქნა გამოვიძინე. ახლა ამ ღამის ძილზე ვფიქრობ – ინეტში დასამშვიდებელს ვერაფერს ვკითხულობ, თან წუხელ მახათა დაბომბეს... მოკლედ ლოგინში ჭურვის დაცემის პერსპექტივა არ მხიბლავს :)
და კიდევ, ჩემს ჩანთაში გაჩნდა ნივთები, რომლებიც მასში არ იყო..

ვცდილობ, მათი მდგომარეობა წარმოვიდგინო, ვინც დევნილია.
ეს ალბათ ყველაზე საშინელია. რა სტრესსაც შიშის გამო იღებენ, ამას გარდა ყველაფრის დატოვება/განადგურებულ მდგომარეობაში ნახვა ალბათ უმძიმესია.. და თუ ამ ყველაფერს ახლობლებში მსხვერპლიც ემატება.........

პოლიტიკური შინაარსის წერილის დაწერის სურვილი არ მაქვს. მხოლოდ მხნეობას გისურვებთ ყველას! (და ჩემს თავსაც. განსაკუთრებით ღამის საათებში :) )

Saturday, August 9, 2008

მშვიდობის იმედით...

მხნედ იყავით ყველა!

სხვა სიტყვები არ მაქვს...

Thursday, August 7, 2008

ბლოგი

დღის სასიამოვნო მხარე – ბლოგის სტუმრები :)

თავიდან მეგონა აქ მხოლოდ წერილებს დავწერდი, მაგრამ დღიურობა შეითავსა.
ოდესღაც დღიურებს ვწერდი, მერე მივანებე თავი. ფურცელზე დღიური რომ აღარ მექნება – ეს ვიცი. აი, ვირტუალური აშკარად განსხვავდება. დღიური – ეს პირობითად, რადგან მკითხველი გყავს, არ მალავ ნაწერს, მაინც მოიაზრებ უჩინარ მკითხველს (მიუხედავად იმ განცდისა, რაც მქონდა, რომ თითქმის არავინ კითხულობს), ანუ მზად ხარ, რომ ოდესმე ვინმე ნახავს (კოსმოსში გაგზავნილი სიმღერა გამახსენდა:) ).

პირველი დაფიქსირებული კომენტარი ძალიან საინტერესო იყო – სრულიად უცნობმა ადამიანმა აღმომაჩინა და აზრის გამოთქმის სურვილიც გაუჩნდა..
მერე კი დოდკამ მიპოვნა :)

მოკლედ, ძალიან საინტერესოა ბლოგი – არც აცხელებ, არც აციებ და ადამიანის ცხოვრებაში "იჭრები" :) რომელიც თავის მხრივ, სწორედ ამიტომ წერს.. და შეიძლება აღმოაჩინო, რომ ეს უცნობი მოკლე დროში ძალიან კარგი ნაცნობი ხდება, იქნებ იმაზე კარგი, ვიდრე ისინი, ვისაც ყოველდღე ხვდები.

ჰო, ზოგჯერ მეც ვკითხულობდი სხვების ბლოგებს, იშვიათად ვაკომენტებდი კიდეც, მაგრამ აქტიურობით არ გამოვირჩეოდი..
ჰოდა, მგონი ესეც იცვლება:)

ყველას გეფერებით :)

არჩევანი

მთელი დღე არჩევანს ვაკეთებდი – მეგობრისთვის მეთქვა, თუ არა..
უთქმელობა ვერ შევძელი.
და ახლა თავს ვიტკივებ – უნდა მეთქვა, თუ არა..

ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება, თითქმის ყოველთვის.
როცა საქმე სერიოზულ რამეს ეხება, ხომ საერთოდ..
მაგრამ, თუ სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, სწრაფი ვარ, უსწრაფესი და არასდროს არ ვცდები.
თუ დრო მაქვს მოსაფიქრებლად.. აი, იქ იწყება ჩემი წამება – კი, თუ არა..

დღის ბოლოს, სიჩუმის გამო მის მიმართ უკვე დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა და ეს ყველაზე საშინელი იყო. უნდა მეთქვა, რადგან ამაზე ხშირად ვსაუბრობთ – საერთო ინტერესის სფეროა, თან.. თან.. თან..
მაგრამ არ მინდა, მოიწყინოს.
ჰოდა, იქნებ არა :(

პ.ს. ბავშვობაში, თამაშისას ხშირად არადანი მხვდებოდა..

Wednesday, August 6, 2008

მმმ....



ვგიჟდები ცხენებზე და კიდევ, მანქანების ძველ მოდელებზე.

ჯერ ცხენებზე... რაც თავი მახსოვს.

ულამაზესია!!!

აი, თვალი... :)

დილას უცნაური განცდა მქონდა.

მე და ის ერთ ეზოში გავიზარდეთ. მახსოვს, როგორ ვთამაშობდით მისი რკინის ჯარისკაცებით მათ პატარა ოთახში; როგორ მომყვა ხელი მისი ველოს ბორბალში – ახლაც მემჩნევა კვალი. მამამისის როხროხა ხმაც მახსოვს და დედის ლურჯად შეღებილი თვალებიც.. და მიუხედავად ყველაფრისა, ამოცნობა გამიჭირდა, რადგან ჩემს მეხსიერებას მისი ბავშვობის დროინდელი სახე ბუნდოვნად შემორჩა.
მოკლედ, დღეს, ამდენი წლის მერე ინეტში ამ ჩემი მეზობლის ფოტოები ვნახე, ოღონდ ფოტოები თამაშის დროს არის გადაღებული და ვეკითხებოდი ჩემს თავს: ეს არის? მგონი. კი.. აი, თვალები; აი, კბილები, წარბები, თავის მოყვანილობა.
და მაინც, აღმოვაჩინე, რომ ძალიან შეიცვალა :)

უცნაური გრძნობა კი ასე დიდი ხნის მერე, ბავშვობისდროინდელი სახის აღდგენას მოჰყვა. ყველაფერმა ჩამაფიქრა იმაზე, რომ ზოგადად, ამ პროცესს მეხსიერებაში უკვე მიმალული ამბების გახსენება მოსდევს, რომლებიც თითქოს აღარც არსებობს.
ასეთივე განცდები მიჩნდება იმ ნივთების ნახვისას, რომლებიც ბავშვობის მერე არ მინახავს და შემთხვევით ვაწყდები. საოცრად ბევრი გამოსახულება, ხმა, მოძრაობაა მათზე აკინძულ–გამობმული...

ასეთივე გრძნობა მქონდა ადრე, რამდენიმე ბაღელის ნახვისას; როცა სახეზე იმის კვალს ეძებ, რაც გახსოვს. ხან პოულობ, ხან ვერა (აღარაფერს ვამბობ უფროსებზე, რომლებიც ახლა უკვე ძალიან ხანში შესულები არიან, მაგრამ უფროსებზე რატომღაც ასეთი მძაფრი აღქმა არ მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ თანატოლებზე სხვა ინტერესი ჩნდება – აბა, როგორები გახდნენ... და უფრო თუ განვავრცობთ – აბა, როგორ იცვლება ადამიანის ფიზიოლოგია; რას შევამჩნევ ახლა, როცა მისი ბავშვობა ვიცი).

ნეტა ჩემი ნახვისას რას იტყოდნენ ასე 20-25 წლის წინანდელი ნაცნობები, რომლებსაც ამდენი წელი ჩემთვის თვალი არ მოუკრავთ :)

Tuesday, August 5, 2008

U

ვიდრე ინეტი არ მქონდა, რაღაც ავკრიფე, მაგრამ აქ სხვა ჩანაწერი გაჩნდა და იმ ტექსტის გადმოტანის სურვილი გამიქრა.

სათქმელიდან მხოლოდ მცირეს დავტოვებ ერთიდან – ჩემს სიხარულისთვის საკმარ მიზეზებზე რომ ვამბობდი..
დღევანდელი სიხარული შენს დანახვას უკავშირდება.
მერე რა, რომ დღეს – მხოლოდ ეკრანზე...

იქ ბევრ სხვასაც ვწერდი, მაგრამ დარჩეს ასე.

p.s 4 ან 5 აგვისტოს დიდ მოგზაურობას ვიწყებდით ხოლმე...
იმდენი წელია, იმ გზაზე არ ვყოფილვარ...

ზოგს

ზოგ ადამიანს თავი სამყაროს ღერძი ჰგონია,
ზოგი ღერძის გარშემო დარბის..
ზოგს უბრალოდ ტკივა ჩამუხლულს - გზა აქვს გასაგრძელებელი..
ღერძისკენ არა.
მათი საზღვარი ზეცაა.

თქვენ არ ხართ ზე, მითუმეტეს – ცა.

Friday, August 1, 2008

გვირილა

ახალ თვეს რაიმე სასიამოვნოთი დავიწყებ... ლამაზით, თან იმით, რაც ასე ჩემი გახდა..
ჰო, ეს ყვავილი ძალიან მგავს, ან პირიქით...
მოკლედ, ჩემი ავატარები "ჩემს" ფორუმში
მგონი არცერთი არ გამომრჩენია...



p.s. რომ არ მოვიტყუო, ერთი ფოტო ფურუსულებისაა – ჩემი გადაღებული, რომელსაც warmth from my eyes დავარქვი და ავატარად ცოტა ხნით, განსაკუთრებული მოსაზრებით მქონდა.

p.p.s. და კიდევ... შარშან, ამ დროს ტალღა ვიყავი :)
სულ ეს არის.

Tuesday, July 29, 2008

დეპ...

ყველაფერი სულ ერთია.
სადღაც წავიკითხე დეპრესიის სიმპტომები. თითქმის ყველა მაქვს.
რა სჯობია :პ:

დეპო
დეპი
დეპარდიე
დეპარტამენტი
დეპორტაცია
დეპიგმენტაცია
დეპუტატი
და რა მინდოდა...
უაზროდ ვარ.
აი, უ აზ როდ.
კიდევ დაუცველობის საშინელი გრძნობა მაქვს.
კიდევ ძალიან ცუდი გუშინდელი დღე მქონდა.
კიდევ მგონია, რომ არავის ვუყვარვარ. ვისაც ვუყვარდი, წავიდა.
კიდევ მგონია, არც არავის ვეყვარები.
და ყველა მატყუებს.

არაფერი მაინტერესებს. საუკუნეა ფოტო არ გადამიღია. ბოლო დროს სხვების ფოტოების ნახვაც აღარ მინდა, ადრე ამას მაინც ვაკეთებდი. არც ის მაინტერესებს, ჩემს ნაწერზე რას იტყვიან. და საერთოდ, რას იტყვიან. მაინც არავის არ სჭირდება არც ისინი და არც მე.
არც მძინავს, არც ლაპარაკი მინდა. აი, სახლში მეორე დღეა ხმას არ ვიღებ.
კიდევ...

მოკლედ, ჩავეშვი...

მშვენიერია.

ხელის ჩაქნევა

გტკენ...
აი, ხომ ვიცი, გტკენ –
არ ვარ ცუდი.
მინდა, ისწავლო მოძრაობა
ზევიდან ქვევით...

თითების გაშლა უფრო ძნელია,
ვიდრე მარჯვენის ოდნავ აწევა –
მკერდამდე არც კი.
გამჭოლი მზერა უფრო მძიმეა
ფიქრების გასწვრივ,
შეხების გასწვრივ,
დღეების... ვიდრე
დამტვერილ ჭვინტების ცქერა.

და თუ თითები გაშლილია
და რაც ეჭირათ,
მიწაზეა ჩაცურებული,
(რაკი ეგ ხელი მენჯთან ახლოს ისე ქანაობს,
როგორც ვესტერნში –
წამით ადრე „კოლტის“ სროლამდე)
მე არ ვარ ცუდი,
სიჩუმეს ვარღვევ –
მინდა, რომ შეძლო
ფრთხილად დაშვება
მოლოდინიდან.

ქეთი გზირიშვილი

არ

ხვალე არ ბრწყინავდა.

მამასთან მინდა.
მამა მინდა.

Sunday, July 27, 2008

ჩუმად

ჩუმად ვარ. არაფრის დაწერის სურვილი არ მაქვს.
არვიცი, რა იქნება ხვალ.
ჯერ ხვალეს დავუცდი.
ჯერ ხვალე უნდა დადგეს...

Saturday, July 19, 2008

შუქი მოვიდა :)

იმ ხანად, მელიქიშვილზე საბურავების კოცონებს ანთებდნენ. ვერის მოსახლეობის საშუალო ეკვივალენტი ცეცხლის გარშემო როკავდა. არა, არ ცეკვავდნენ, არც თბებოდნენ, დრო გაჰყავდათ – ვიდრე ცივ ლოგინებში... მირცხულავას "უპადიეზდებდნენ" ნიკოლაძის ჩასახვევთან. უნდა მოეთხოვათ. მირცხულავა არ მოდიოდა და ბოლო საბურავის დაწვის მერე, ჭორებით და პოლიტიკით ავსებული ჯიბეების დაცლა შინ, სანთლის შუქზე, ჩაის ჭიქებით ხელში ხდებოდა.

ჰოდა, რად დავიწყე...

ერთი ფრანგი იყო. რბილად და ზრდილად მეტყველი მეორე არხზე ვიხილე.
მგონი.
აბა სხვაგან სად.
მაშინ.
ან, მოგვიანებით.
მოკლედ:
მინიბუსებს თბილისურ კოლორიტად აღიქვამდა. გიჟდებოდა პირდაპირ.. და ყიჟინა, ეზოდან ეზოში ექოდ რომ გადადიოდა და ხშირად "ეეეე" ან დედის ხსენება მოჰყვებოდა, აი, ეგ ყიჟინა კი არა და, სიტყვები, მისი სავიზიტო ბარათი იყო – თავზე ისე ჰქონდა ჩამოცმული, როგორც მაშინდელ, რუხსა და ზამთრის თბილისში მამრების უმეტესობას – შავი, ნაქსოვი თურქული ქუდი.
ახსოვს ვინმეს ის ფრანგი?
ყიჟინა აუცილებლად ეხსომებათ..

ახლა კი მარჯვენა ხელით მარჯვენა ყურს მივწვდები:
აი, ამ რე–რე–რეფრეშს საშველი რომ დაადგა და ფორუმი მესროლა, გამიხარდა.

შუქი მოვიდა :)

Monday, July 14, 2008

ზღვა

შენს წერილს მწვანეგარეული ზღვისფერი აქვს. ეს წერილი ფერით აღვიქვი.

პ.ს. მე სიტყვა ზღვა მიყვარს.
ბევრ ღელვას ნიშნავს და ბევრ სიმშვიდეს.

Sunday, July 13, 2008

ისეთი ღამეა..

ისეთი ღამეა –
თითქოსდა ცეცხლთან,
მდინარის პირას,
მხარზე მიდებულ თავით
მღერისას..

Thursday, July 10, 2008

ხვალ დარი იქნება..

ავდექი, ფანჯარას ცხვირი მივაჭყლიტე და ცას ავხედე. თვალები ხელითაც მოვიჩრდილე.
სასაცილოა, არა?
ღამის 4-ის ნახევარზე თვალი მოვიჩრდილე ცაში ახედვისას, მაგრამ ეკრანის სინათლე მიშლიდა ხელს – ვარსკვლავების მოძებნაში.
არ არიან, ჰმ.
არადა, იმიტომ ავდექი, რომ ძალიან ბევრი ვარსკვლავის დანახვა მინდოდა.
თუმცა ვხედავ. მომკალი და ვხედავ. აი, ვწერ და ვხედავ..

ხვალ დარი იქნება..
მჯერა.

Tuesday, July 8, 2008

ჰეი, მამათქვენოვიჩ!

საინტერესოა, რა გემო აქვს "გამარჯვებას" – "გზად და ხიდად აქტიურობას" რომ მოსდევს;
საინტერესოა, რას გრძნობს კომპეტენტური ადამიანი, რომელიც "აქტიურობის" დროს არის გზა და ხიდი;
საინტერესოა, რა იქნებოდა, როგორი იქნებოდა საქართველო, რომ არა "ყუფარაძის ზარის" მოლოდინი თუ გაჟღერება;
საინტერესოა, რას ფიქრობენ უკან ჩაცოცებული, უგზო და უხიდო ადამიანები, ანუ "არააქტივისტები";
რა ჯანდაბაა ეს გრძნობა, არაფრის შეცვლის ძალა რომ არ გაქვს. თუნდაც შენს ირგვლივ.

ყველა დროის ერთ–ერთი (ერთადერთი თუ არა) საუკეთესო ქართული ფილმი იხილეთ აქ
და გაიღიმეთ კედელზე თავმიხეთქებულებმა:
არაფერი არ იცვლება..

კოპზე(დ) ცივ ტილოს იდებენ :)


p.s. აქტიურობა ორგვარია – ჯანსაღი და არაჯანსაღი. უკანასკნელი ბრჭყალებში იწერება ;)

Monday, July 7, 2008

07.07.

არსებობს თარიღები, რომლებიც ტკივილს მომაყენებს. მუდამ.

საშინელი ფიქრი ამეკვიატა: კიდევ რომელი თარიღები იქნება, რომლებიც მუდამ და ასე..

და საერთოდაც, დღეს ცუდი დღეა. ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი.

Sunday, July 6, 2008

საბა 2007

გული დამწყდა, რომ პოეზიის ნომინაციაში რეზო გეთიაშვილის "ARTყვავილებმა" (გამომცემლობა "მერიდიანი" – ცალკე აღნიშვნის ღირსია მაღალი პოლიგრაფიული ხარისხი) არ გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ პოეტად ვთვლი მაია სარიშვილს.
მაგრამ, როგორც ზაზა შათირიშვილი ამბობს (და რომ არც ამბობდეს), რეზო დიდი პოეტია. დიდი პოეტები კი ყოველ 5 წელიწადში არ იბადებიან..
გამარჯვებულებზე დადებითი თუ არც ისე დადებითი აზრი მაქვს და კიდევ, "ბატონი" ჟიური..
ო–ლა–ლა..

საერთოდ კი, ჩემი აზრი საქართველოში ჩატარებულ და ზოგადად, კონკურსებზე, ყოველთვის უარყოფითია. ჩვენში განსაკუთრებით, რადგან ტენდენციურობის, ახლობლობისა და ასეთების მიღმა ვერ ვდგებით. ეს ზოგადი შედეგების გამო. ისე კი, თუ ვინმე რაიმე სახით (მეცენატობას ვგულისხმობ) დაეხმარება ლიტერატურის განვითარებას, ცუდი არ იქნება.

ჰამაკი

საოცრად მინდა ახლა ჰამაკში..
ნეტარება იქნებოდა..

Saturday, July 5, 2008

საკანი

ჩემი მეგობარი ხანდახან სიბერეზე წერს
და ფიქრობს.
და როცა ის სიბერეზე წერს
და ფიქრობს,
მე ვბერდები –
ვუახლოვდები თავისუფლებას –
კიდევ ერთ ხაზს ვკაწრავ საკნის კედელზე
მწარე ღიმილით.

ჩემი მეგობარი წერას აგრძელებს
და მეც, მისი პატიმარი,
ვეგუები აზრს, რომ
ოთახი ვიწროა და დაბალი.

ქეთი გზირიშვილი

Tuesday, July 1, 2008

პირველი

დღეს ჩემი ერთი ლექსის დაბადების დღეა (თურმე) :))
თარიღებს ვაწერ, ჰოდა დავხედე, ჰოდა ვამბობ.
კიდევ, პირველი ივლისია (თურმე)..
კიდევ, ივლისის პირველ პოსტს begginer ჰქვია.
კიდევ.. მეტი არაფერი:)


პ.ს. თურმე, თურმე.. ანუ "იცით თუ არა, რომ" :))

beginner

ორი დღეა, სამსახურში ყველაზე უპრეტენზიო და ჩემთვის მექანიკური სათამაშოთი ვერთობი. მისი თამაშის დროს შესაძლებელია იფიქრო ათას სისულელეზე თუ პირიქით, იმუშაო და უსმინო თანამშრომლებს, ან არ იმუშაო და არ უსმინო და კიდევ, საერთოდაც გახვიდე.. :)

მოკლედ, Minesweeper–ით:)))

ჰოდა, ასეე..
დამწყებს საუკეთესო შედეგიც მაქვს, აბაა! 6 წამი. ოღონდ, გამიმართლა. აი, 26 წამზე ცოტა მეც ვიფიქრე..
და რა მინდოდა, მეთქვა..

რაში ვარ beginner?
ანუ რამდენში..
და რამდენად კარგად,
ან რამდენად ცუდად..
და რამდენჯერ კიდევ..

და ამ beginner–ს მაქვს კი საუკეთესო შედეგები best time-ში ჩასაწერად?
მგონი კი.

უნდა შევადგინო ეს ჩემი best time გონებაში.
ან იქნებ, წერილობით :)


პ.ს. ჰო, იქ არის კიდევ expert – შორი პერსპექტივა..
მანამდე custom შეიძლება – ახლო მომავალში მისაღწევები, სავარჯიშოდ :)

Monday, June 30, 2008

შავი ზღვის...

მე მომწონს, რომ ჰქვია.. მაგალითად "თბილისის ჯაზ–ფესტივალი",
"ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა",
"ლონდონის წიგნის ბაზრობა",
"ჰარლემის წიგნის ბაზრობა"..

ფრანკფურტში მხოლოდ გერმანიაში გამოცემულ წიგნებს ფენენ?
თუ თბილისში მხოლოდ ქართველი ჯაზ–მუსიკოსები უკრავენ ხოლმე..

მომწონდა, როცა ერქვა "თბილისის წიგნის ფესტივალი".
სულ ეს არის.

პოეზიას და არა მხოლოდ...

როგორც ახლად თვალახელილ ბარტყს,
მკვებავ აღმოჩენების ლუკმებით..
ვაფრთხიალებ მხრებს -
ფრთებად ქცევის პერსპექტივას.
ვიზრდები.

ივლისია.

მალე
(როცა ჩემი ქუჩის მოგრეხილი აკაცია ასფალტზე გაწვება)
შენ მკრავ ხელს და
ჩამომაგდებ ბუდიდან..
მე კი –
(აკაციის ყვავილებზე დაცემამდე წამებით ადრე)
შევძლებ..
დაფრთიანებას..
დავხურავ პირს
და გავახელ თვალებს
ფართოდ,
რომ ბუდემდე მისასვლელი გზა არ დამეკარგოს.

ჯერ კი..

კარგი ტემბრი გაქვს..

ძილი ნებისა!

ქეთი გზირიშვილი

ბარტყი

შარშან, ამ დროს დავწერე ლექსი – "პოეზიას და არა მხოლოდ".
ეს შემთხვევით ნანახი ფოტო იმდენად მოერგო ლექსს ილუსტრაციად, მიკვირს..
სახლის არქივში ვნახავ და დავდებ..
მანამდე – ფოტო:


პ.ს. მგონი მკრა ხელი :)

Thursday, June 26, 2008

გუშინ:)

ტაკს.. მე ეს გავაკეთე :)
წავიკითხე.. ამდენ ხალხში! რომლებიც არ დამინახავს.. მათკენ არ გამიხედავს და ისე :)

ჩემი ლექსის მოწონება მახარებს:) ეს ლექსი ახალი, გარდამტეხი თუ როგორცაა, ეტაპის დასაწყისია. თავდაჯერება მომემატა და საოცრად სავსე ვარ მისით..

კიდევ, შესანიშნავი საღამო იყო, ნამდვილად.

Wednesday, June 25, 2008

დღეს

დღეს შეიძლებოდა, ძალიან კარგ განწყობაზე ვყოფილიყავი და ამაზე აქაც გაჩენილიყო ჩანაწერი.
და აქ მაინც გაჩნდა ჩანაწერი, რადგან .. ბლა–ბლა..
მოკლედ, ჩანაწერს გაჩენის შანსი თუ ბედი ჰქონია და ეგ არი.
და რა ცუდია, რომ ადამიანებს ქება–დიდების გარდა გამოთქმული ნებისმიერი აზრი, მხოლოდ კრიტიკად და კიდევ უფრო ცუდ რამედ ესმით და ირონიულ "პადაჩებს" არ იშურებენ. ჰოო, ე.ი. გარემო და მონაწილე პირები უნდა კარგად შეათვალიერო და თუ ტოლი–ტოლს ნახავ (აღქმას ვგულისხმობ), მხოლოდ მაშინ..

ოკ. იყოს ასე.

Monday, June 23, 2008

..რომლებიც..

არიან ადამიანები, რომლებიც არ იცვლებიან (ზრდას ვგულისხმობ, არაფიზიკურს). ცუდი ის არის, რომ ნებისმიერ განსხვავებულ გამოვლენას ებრძვიან, პირდაპირ თუ ირიბად. ძირითადად პატარა ჯგუფებად ჩამოყალიბებულები, სნობიზმის მძაფრი გამოხატვით.

კიდევ, არიან ადამიანები, საშინელი ხმის ტემბრით (ნუ ეს ორი თემა აცდა ერთმანეთს, მაგრამ ეს ორია, რისი მიღებაც დღეს მეძნელება). ყველაზე რთული ის არის, როცა ეს უცნაურტემბრიანი ადამიანები, რომელთა ჩვეულებრივი ტონით საუბარი ჩემთვის და ზოგადადაც ყვირილს ნიშნავს, ერთ ოთახში იყრიან თავს და მეც იქ ვარ – სხვა გზა რომ არ მაქვს, იმიტომ.

კიდევ, დილის მოციონი: ადამიანები – აგრესიის მფრქვეველები, ჭკუის უხვად (!) დამრიგებლები..

მოკლედ. დავიღალე დღეს.. ადამიანებისგან.

Thursday, June 19, 2008

დღე – შედეგით / "წვიმის სეზონი"

დავიკარგე.. არა, ყოველდღე ვიჭყიტები აქ, მაგრამ არაფრის წერის სურვილი არ მაქვს. ჩემი მოწყენილობა სხვა უკიდურესობამ ჩაანაცვლა (არამოსაწყენმა) – პოეზიაზე საუბრებმა, კომპეტენტურ ხალხთან. მე ვიტყოდი, ეს გაკვეთილებია და ყველაფრის ღრმად გასააზრებლად დრო დამჭირდება. როგორ გავიაზრებ, ამას ალბათ შედეგები აჩვენებს, თუმცა ამ ეტაპზე იმედგაცრუების გრძნობას მიჩენს..

ეს წუთია ვიფიქრე – მე ჩემთვის ვიქნები.


p.s. საოცარი დღე იყო 19 ივნისი – შუადღეს ამას ვამბობდი, საღამოს კი ჩემი საუკეთესო (ამ ეტაპზე) ლექსი – "წვიმის სეზონი" დავწერე!

Friday, June 13, 2008

yo soy del sur, tu eres del norte..

ფოტო მინდა, განწყობის შესაბამისი..
თუ ვიპოვნე, დავდებ.
განწყობა - როგორც სათაურშია..


სხვაგვარ ფოტოს ვეძებდი, რატომღაც ქვიშიანს, მაგრამ იმდენად ზუსტად მოერგო სათაურს..
მერქნის ფერებიც მზიან–ქვიშიანია..

ავტორი: zviadmtieli

Monday, June 9, 2008

bebe

მოხიბლული ვარ ამ ადამიანით :) ეს დიდი ხანია, უბრალოდ ჰაბიტუსით მხოლოდ ახლა.. ჰო, უცნაური გემოვნება მაქვს, მაგრამ..
მისი ხმის ტემბრიდან საოცარი ენერგია მოდის და როცა ვუყურებ, ხომ საერთოდ.. ახლა საიდუმლოდ: ისეთივე, როგორც ჩემშია და ეს მომწონს - საკუთარის ამოცნობა :) სხვათაშორის, ზოდიაქოთი კურო აღმოჩნდა :)
პ.ს. ჰო, თან ისე ესპანელია..

Thursday, June 5, 2008

პაროლი, ან იქნებ – პაროლე, პაროლე..

წუხელ ვფიქრობდი – რამდენი პაროლი ვიცი. კომპებისთვის, სხვადასხვა საიტებისთვის, ფოსტებისთვის და კიდევ ანტივირუსის ამოსაშლელი პაროლი რომ გავარკვიე ტელეფონით, სწორედ მაშინ ვიფიქრე, ესღა მაკლდა–მეთქი.
ჰოდა.. შარშან ფოსტის პაროლი რომ დამავიწყდა.. და ორი კვირის მანძილზე არანაირად არ გამინათდა გონება..
და სხვა? რა მავიწყდება? მგონი ჯერჯერობით არაფერი. არა, გამახსენდა – რა მაწყენინა ვიღაცამ მაგალითად ორი წლის წინ.. და როცა ამას სხვა მახსენებს და მე ვეუბნები, რომ არ მახსოვს.. მართლა არ მახსოვს და მერე უნდო მზერა ნერვებს მიშლის.
არა, მართლა, ჩემი რომ ახსოვს მას, საკუთარი როგორ ეხსომება, არა?

აი, გუშინ ისე ტაქტიანი ვიყავი, უუუტაქტიანესი, მარა რად გინდა. პასუხად..
ჰო, ეს ცოტა ხანი მაინც მემახსოვრება. იმიტომ, რომ ძალიან..

არ მიყვარს ზემოდან მომზირალი ადამიანები, ირონიულები და ცინიკურები, სნობები.. ვერ.

კიდევ უფრო მოვიწყინე. კიდევ უფრო ცოტა ადამიანთან ვპოულობ სასაუბროდ განწყობასა და სიტყვებს. კიდევ უფრო არ მინდა ყოველ დილით სამსახური, ერთნაირი საღამოები.. და შეცვლაც არ მინდა. არ ვეძებ არანაირ გზას. არ მაინტერესებს. დავიღალე.

პაროლი დამავიწყდა.
ვერ შევდივარ..
და სად მინდოდა, რო შესვლა..

Monday, June 2, 2008

ხუთეულსა და სხვაზე

ადრე როგორ ამბობდნენ? მელანქოლია სჭირსო..

ჩემი ხუთეული – ახლა ვფიქრობ, რომელი ხუთეული, შევძლებ ამორჩევას? ალბათ უფრო ასე: ეტაპებად დაყოფა, შემდეგ ამ ეტაპებიდან ამორჩევა. ეტაპი კი სამი მაინც არის, ჩემი აზრით.

რა შუაშია და ხუთკუნჭულა გამახსენდა:)
კიდევ რა.
სნობი ადამიანები არ მიყვარს.
და აზრი და ფერი ისევ დაკარგული აქვს ყველაფერს.

...........
საოცარი დღე იყო - უკიდურესი მელანქოლიიდან, საოცარ შეგრძნებებამდე და დღის ბოლოს..
და არც დასაწყისზე მინდა წერა და არც ბოლოზე, ის მოპარული წამები, საჩუქრად რომ მივიღე, არცერთის ხსენებად არ ღირს.
და ის სიტყვები, ამ წამებმა რომ დამიტოვეს, ასევე ძვირფასია.. გულისცემა შემომინახა..

Saturday, May 31, 2008

მკვდრის

მამამ მითხრა:
- არა, შენ დარჩები
და შეუდგა აღმართს.
მამამ მითხრა
და მე დავთქვი ჰორიზონტი..
წითელი ვარ და უძალო,
უძალო და ბრტყელი,
ბრტყელი და ცხელი,
ცხელი და
მიმიღე..
ჩემი ქუსლებით დაიწყე
და ჩემს მუხლებზე ჩამომსხდარ თოლიებს
სთხოვე გაფრენა,
ამო..
რომ სვლა განვაგრძო,
რომ არ გამოვჩნდე არცერთ ჭოგრიტში
და არცერთ მთიდან.
მე ვიცი, ეს გზა -
შემოვლითი -
ფსკერზე იწყება,
ამო თავს ზევით და
ნუ მიცურებ წელქვეშ გრილ მკლავებს
ნაპირისკენ გადასატყორცნად..

ქეთი გზირიშვილი

Friday, May 30, 2008

წერო

ჩემი სამეული ასეთია:
1) დედები
2) ანკეოსის არგონავტიკა
3) ემბიენტი

ვნახოთ ამ საღამოს. წარმატებები :)
-----
მაშ ასე. საღამო მოვიდა, 'წერო' გადასცეს:
1) გრამატიკის გაკვეთილები - დიანა ანფიმიადი
2) დედები - ნატო ინგოროყვა
3) აქ ნუ დადგებით - ეკა ქევანიშვილი
ვულოცავ:)
და მე მაინც ჩემს ფავორიტებს ვიტოვებ - ამ 15-დან.

ფარდა.

feelings


პირველად ვნახე ჩემი გადაღებული ფოტო დაბეჭდილი.. ყვავილებსა და ასეთ რამეებს ვგულისხმობ, არ ვბეჭდავ ხოლმე და მხოლოდ ვაქვეყნებ. ეს ფოტო დევს ჩემს ფლიკრზე, მაგრამ აქაც გადმოვიტან, რადგან ძალიან დადებითი ემოციები მომიტანა..
არნოლდ გეგეჭკორს – ჩემი მინაწერით.. რას ვიფიქრებდი!
გმადლობ, მეგობარო..

Thursday, May 29, 2008

U

არსებობს ადამიანი, რომელიც მაბრუნებს..
ბოლო დროს ცუდი აზრები მაქვს თავში. უაზროდ ვარ, უფრო სწორედ - უმიზნოდ და უმიზნოდ ყოფნას კი აზრი არ აქვს.
ჰოდა, ამ დროს არსებობ შენ. გეყრდნობი. ყველაზე მძიმე წუთებში.
ზუსტად იცი, როდის..

გმადლობ.

Tuesday, May 27, 2008

უუუფ

მერამდენე დღეა, ცარიელი ვარ.
დავიღალე უნდო ადამიანებით,
ლაპარაკებით,
სიარულებით,
ჩაჯდომებით,
დავარდნებით,
გაქცევებით,
ძილით და
ღვიძილით.

მამა დამესიზმრა ორჯერ.
უცნაური სიზმრები იყო..
– არა, შენ დარჩები.

ჰო, მარა..
არც არაფერი.
წა(მო)სვლა აჯობებდა.
ეგ ქუჩა მიყვარს..

ერთადერთი 'უუუფ' იყო რაღაც სხვა და ისიც გაქრა.

ძალიან მინდა ისევ ვწერო, ანუ ისევ ისე. თუ არ/თუ ვე(ღა)რ – გამიჭირდება.

Saturday, May 24, 2008

თარგმანი

გუშინ საღამოდან გაოცებული ვარ ერთი პატივცემული ადამიანის გამო. გამოაქვეყნა თარგმანები, უმარტივესი ტექსტები რუსული ენიდან და დაურთო ვრცელი "მტკიცებულებები", თუ როგორ და რამდენი გაითვალისწინა თარგმნისას.. არადა, ეს უბრალოდ საშინელებაა. ჩემს თვალში ეს ქალბატონი, როგორც მთარგმნელი, არასდროს აღარ იარსებებს. ცუდი ის არის, რომ მან შეიძლება დაბეჭდოს კიდეც და მკითხველს ხელში აბსოლუტურად სხვა ტექსტები შერჩება.
ყველაფერმა ამან ერთი რამ გამოიწვია - პირველად ჩემს ცხოვრებაში ვთარგმნე ორი ლექსი. ორივემ მოწონება დაიმსახურა.. და მეც მომწონს. სხვათაშორის თარგმნის პროცესიც. ტექსტები ძალიან მარტივია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ მარტივის ასე გადასხვაფერებამ გამაოცა და მიბიძგა.. ყველაზე საშინელი დროის ცვლილება იყო, აწმყოს წარსულით ჩანაცვლება! სიტყვების ამოგდება/დაკარგვა ან ისე შეცვლა, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. მაგალითად "სხვათაშორის" და "შემთხვევით". არის მათ შორის განსხვავება?!
საუბარი ვერა პავლოვას ეროტიკულ პოეზიას ეხება.

ვაქვეყნებ ორივე ლექსს ჩემი თარგმანით:
Идет
мужик.
Упал.
Встает.
Идет
мужик.
Упал.
Лежит.
Лежит
мужик
и не
встает.
Потом
встает.
Потом
идет

მიდის
კაცი.
დაეცა.
დგება.
მიდის
კაცი.
დაეცა.
წევს.
წევს
კაცი
და არ
დგება.
შემდეგ
დგება.
შემდეგ
მიდის.

Под свитерком его не спрячешь,
мой первый лифчик номер первый,
когда, гуляя по двору,
его ношу, и каждый смотрит,
и каждый видит, несмотря
на то, что складываю плечи
и что крест-накрест руки. Трудно
дышать — затянуто дыханье
подарком, сделанным мне мамой
вчера, как будто между прочим.

სვიტერის ქვეშ არ იმალება
ჩემი პირველი ლიფი, პირველი ნომერი,
ეზოში მოსეირნეს,
როცა მაცვია, ყველა შემომცქერის
და ყველა ხედავს, მიუხედავად იმისა,
რომ მხრებში ვიხრები
და ხელებს ვაჯვარედინებ. ძნელია
სუნთქვა - შეგუბებულია ჰაერი
გუშინ საღამოს, დედისგან სხვათაშორის
გაკეთებული საჩუქრით.

-------------
p.s. მან ჩაასწორა!! ჩუმად, მაგრამ მაინც..

p.p.s. არ ვასახელებ ვინაობას და არ ვდებ მის თარგმანებს, რადგან ვფიქრობ, მართალი არ ვიქნები, მას თუ არ ეცოდინება. წაკითხვა შესაძლებელია "ებლიტფოზე".