Monday, December 7, 2015

თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი

მეორე ნაწილი
(იხ.: პირველი ნაწილი)
ტექსტი შეიძლება შეიცავდეს სპოილერებს.
 


4 დეკემბერი:
„პაულინა“ (Paulina /La Patota) (2015)
ქვეყანა: არგენტინა /ბრაზილია/საფრანგეთი
რეჟისორი: სანტიაგო მიტრე (Santiago Mitre)

პაულინა წარმატებული ადვოკატია, თუმცა უარს ამბობს კარიერაზე და, მამისა და ბოიფრენდის წინააღმდეგობის მიუხედავად, არგენტინის ღარიბ რეგიონში სოფლის მასწავლებლად მიდის, სადაც ის სხვისთვის განკუთვნილი შურისძიების მსხვერპლი ხდება – აუპატიურებენ. მოძალადეებს შორის მისი მოსწავლეებიც არიან. პაულინა უარს ამბობს დამნაშავეების დასჯაზე, თუმცა მამის ჩარევის შედეგად, რომელიც გავლენიანი მოსამართლეა, ეს ხალხი ისჯება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ბოლომდე ვიყავი ჩართული, დარბაზი უკმარისობის განცდით დავტოვე. პაულინას გადაწყვეტილების მისეული ახსნა მაღალზნეობრივი გადმოსახედიდან გაკეთებულ ბანალურ განაცხადად აღიქმება, რომელსაც გაცილებით „მიწიერი“ მოსაზრებები (მამის, მეგობარი მასწავლებლის, ბოიფრენდის, დეიდის, ვივის) უპირისპირდება. 

6 დეკემბრის ფილმები:
ქვეყანა: ისლანდია /დანია
რეჟისორიგრიმურ ჰაკონარსონი (Grímur Hákonarson)

ყველაზე „ჩემი“ ფილმი წლევანდელ ფესტივალზე ნანახ ფილმებს შორის. ფილმი ეხება ისლანდიის მთიანეთში მცხოვრებ ფერმერ ძმებს – კიდის და გუმის, რომლებიც 40 წელია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ძმების ცხოვრების საზრისს ცხვრის ფარა წარმოადგენს – ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან საუკეთესო ცხვრების გამოყვანაში. ძმების ერთადერთი დამაკავშირებელი ძაღლია, რომელიც წერილებს დაატარებს მათ შორის; მაგრამ ყველაფერი იცვლება, როგორც კი ფერმერებს საყვარელი საქმის კეთებას უკრძალავენ, როცა აიძულებენ, საკუთარი ხელით გაანადგურონ ყველაფერი, რაც მანამდე შეუქმნიათ. კომედიური მომენტებით გაჯერებულმა ამ დრამამ საბოლოოდ ისე იმოქმედა, რომ ძლივს გამოვაღწიე დარბაზიდან. არ ვაჭარბებ. ძალიან ბევრი სასოწარკვეთაა ამ ადამიანების ქმედებებში. ეს არის გადარჩენის იდეის გამო ბრძოლა მაშინ, როცა იმედი უზომოდ ცოტაა, როცა გრძელვადიანად არაფერია გათვლილი, როცა მთავარია ის, რომ შენი არსებობის საზრისის მცირე ნაწილი მაინც დარჩეს ცოცხალი და მასთან ერთად გააგრძელო სიცოცხლე. ისლანდიის პეიზაჟები ცალკე აღნიშვნას იმსახურებს.


ქვეყანა: ირანი
რეჟისორი: ამირ-ჰოსეინ საღაფი (Amir-Hossein Saghafi)

* ფილმი, რომელშიც სულ წვიმს:)
* ფილმი, რომელსაც რეფრენად გასდევს მონოლოგი შინაარსით: მასთან ყოფნა არ ისურვეს, მისი ლოცვა ვერ გაიგეს, ყველგან სიბნელეა გარდა ცისა.
* ფილმი, რომელზეც მოვიწყინე. ალბათ „ცხვრების“ მერე რომ ვნახე, ამანაც იმოქმედა. ეს განსხვავებული ესთეტიკის ფილმია, უნდა აღიქვა, როგორც პოეზია. თუმცა ეს არ იყო „ჩემი“ პოეზია. 

 
ფილმი ეხება მამა-შვილის ურთიერთობას და შეიძლება განზოგადდეს, როგორც მამებსა და შვილებს შორის აღმართული კედლის შესახებ მოთხრობილ ამბად. ერთ მხარეს არიან მშობლები, რომლებსაც არ სურთ მარტოობა, არ აძლევენ შვილებს მათი ფრთების საფარველიდან გასვლის საშუალებას და მეორე მხარეს – შვილები, რომლებსაც სურთ და უფლება აქვთ, თავისი ცხოვრება ჰქონდეთ – უბადრუკი, მაგრამ მაინც თავისი – და ამის გამო ტოვებენ მამისეულ სახლს. აქ ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს. თანაბრად ვუთანაგრძნე სიკვდილის გზაზე დამდგარს და მას, ვინც იგივე გზაზე დადგომამდე საკუთარი ცხოვრების გავლას ითხოვს.


ჯამში, ამ ფესტივალის სამი ფილმი, რომლებიც ძალიან დამამახსოვრდა, არის:
1. "ცხვრები", 2. "შორიდან", 3. "აღთქმადადებული ქალწული".


რაც შეეხება ზოგადად ფესტივალს: როგორც ადრე, ახლაც არ ბრწყინავდა ქართულენოვანი სუბტიტრების ხარისხი: იყო ცუდი თარგმანი უამრავი შეცდომით; იყო შემთხვევა, როცა სუბტიტრების ჩართვა ვერ მოახერხეს და, საბოლოოდ, ფილმი 40 წუთის დაგვიანებით მხოლოდ ინგლისურენოვანი სუბტიტრებით ვნახეთ. მანამდე ბოდიშის მოხდით გვითხრეს, რომ შეგვეძლო ბილეთის ფულის დაბრუნება.
ერთი კომიკური მომენტიც: ბილეთების რიგში გამოირჩეოდა უშველებელი სიით მოსული ერთი ქალბატონი. „ამირანში“ იმ დღეს კომპიუტერის გაუმართაობის გამო ორივე სალარო
არ მუშაობდა და ამიტომ მთელი საათი ან მას ემსახურებოდნენ ან მიმდინარე საბავშვო ფილმისთვის მოსულებს. შვებით ამოსუნთქვის შემდეგ რიგში უნებლიე სიცილი გამოიწვია ამ ქალის მობრუნებამ დამატებითი ბილეთების შესაძენად. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. ეს ქალბატონი თავის ორ დაქალთან ერთად დაახლოებით 4 ფილმზე აღმოჩნდა ჩემ გვერდზე და წილად მხვდა ბედნიერება, მომესმინა ყველა ეპიზოდის განხილვა.
 

აქვე ერთი სურვილიც: რატომ არ შეიძლება რომელიმე კინოთეატრში თუნდაც პატარა დარბაზი დაეთმოს საავტორო ფილმებს ჩემნაირი მაყურებლებისთვის, ვინც კომპიუტერში უგემურად ნახულობს  ფილმებს, ან თითქმის ვერც ნახულობს სწორედ ამ უგემურობის გამო:( თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთგვარი შვებაა ჩემთვის. ასე რომ, ველი მეჩვიდმეტეს:)

Saturday, December 5, 2015

თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი


პირველი ნაწილი


წლევანდელ ფესტივალზე, ჩემი დღის გრაფიკის, ფესტივალის საიტზე დადებული მოკლე ანოტაციების გაცნობისა და განწყობების შედეგად, არჩევანი 8 ფილმზე შევაჩერე. განწყობას ვახსენებ იმიტომ, რომ გარკვეულ ფილმებზე, რომლებზე დასასწრებად გრაფიკი  არ მიშლიდა ხელს, სწორედ რომ ამ მიზეზით ვთქვი უარი, მაგალითად, სორენტინოს ფილმზე. კინოზე პირველად ვწერ, ვნახოთ, რა გამოვა. აქვე მინდა გაგაფრთხილოთ: ტექსტი შეიძლება შეიცავდეს სპოილერებს.

პირველი დეკემბრის ფილმები:
„ნაჰიდი“ (Nahid)  (2015)
ქვეყანა: ირანი
რეჟისორი: იდა პანაჰანდე (Ida Panahandeh)

ნაჰიდი ირანული ფილმია და გვიამბობს, როგორ იზღუდება ამ ქვეყანაში ქალთა უფლებები, როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხება. პირადი ცხოვრების მიღმა ფილმში არაერთი ყოფითი სცენაა ნაჩვენები, რაც ირანული საზოგადოების ზოგად სახეს კარგად წარმოაჩენს. ფილმი იუმორითაც არის გაჯერებული. საბოლოო ჯამში ნორმალური ფილმია, მაგრამ არა ისეთი სულისშემძვრელი, როგორებიც სხვა ირანული ფილმები იყო, რაც მინახავს (თითქოს სხვანაირი არც უნდა იყოს ირანული კინო).


ქვეყანა: იტალია /გერმანია/შვეიცარია/კოსოვო/ალბანეთი
რეჟისორი: ლაურა ბისპური (Laura Bispuri

„აღთქმადადებული ქალწული“ ჩემთვის ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი აღმოჩნდა. მოგვითხრობს მთიელ გოგო ჰანაზე (ევროპის მთიან რეგიონებში შემორჩენილია ქალწულობის აღთქმის დადების ტრადიცია, როცა ქალს ოჯახში მამაკაცის ფუნქცია ენიჭება. ამ წესს ძირითადად უვაჟო ოჯახებში მიმართავენ, ქალი აღიქმება მამაკაცად, მას ასწავლიან კაცის უნარ-ჩვევებს, უცვლიან სახელს და შეძლებისდაგვარად გარეგნობასაც – უკრავენ მკერდს, ჭრიან თმას). სწორედ ასეთი აღთქმადადებული ქალწული ჩადის ალბანეთის მთებიდან ტირანაში, სადაც ნელ-ნელა უბრუნდება თავის ინდენტობას და თავიდან სწავლობს, თუ როგორ შეიძლება იყოს ქალი. საერთო ამბის მიღმა ჩანს ქალთა მძიმე ცხოვრება მთაში, სადაც მაქსიმუმ 60 წლამდე ცხოვრობენ ქალები და თუ რომელიმე 60 წელს გადასცდება, უკვე საოცრად იღბლიანია, თუმცა რა არის იღბლიანობა და რა არა, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. გადარჩება ის, ვინც გაიქცევა; ვინც იპოვის საკუთარ გზას ცივილიზებულ სამყაროში; ვისაც სიკვდილის წინ მთაში არ მოუწევს თავსნაშველები შვილისთვის გამოსათხოვარი წერილის დაწერა. ერთი სიტყვით, დასამახსოვრებელი და კარგად გაკეთებული ფილმია. ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი გარდაცვლილის დატირება იყო – როგორც ტრადიცია.  


ორი დეკემბერის ფილმების გამოტოვება თავისუფლად შეიძლებოდა – ვიფიქრე, რომ ტყუილად დავხარჯე დრო. ესენი იყო:

„ჰილდა“ (Hilda) (2014)
ქვეყანა: მექსიკა
რეჟისორი: ანდრეს კლარიონი (Andrés Clariond Rangel)

„ჰილდა“ – ეს იყო ლათინურამერიკული ამბავი ბოროტ მდიდრებზე და მათგან გაწამებულ მოსამსახურეებზე. ამბავი ქალზე, რომელიც შვილიშვილის ძიძას პირად მონად გაიხდის და მხოლოდ შემთხვევითობის გამო აღმოჩნდება მონის უბედურება ხანმოკლე. რიგში კი ახალი მონა დგება. მართალია, აქ აქცენტი იყო მდიდარ ხალხზე ამ ქვეყანაში, სადაც მათთვის ციხის კედლის მოხსნაც კი შეიძლება, თუ მდიდარი მამიკოს შვილს მასზე ლექსები აქვს ამოკაწრული და მოინდომებს მის წამოღებას, მაგრამ არც ის რჩება ყურადღების მიღმა, რომ ქალი, რომელსაც არაფერი აკლია მატერიალური თვალსაზრისით, სრულიად უინტერესოა ოჯახის წევრებისთვის, შესაბამისად, მას ემართება ისეთი ხარისხის აშლილობა, რომ მხოლოდ ახალგაზრდა მონას შეუძლია თავი ადამიანად ჩაათვლევინოს.


ქვეყანა: საფრანგეთი /ბელგია
რეჟისორი: ჟერომ ბონელი (Jerome Bonnell)


რაც შეეხება  ფილმს „ყველაფერი მათ შესახებ“: ფილმი სამეულზეა – გოგოზე, რომელიც ერთდროულად არის ბიჭის და მისი გოგოს შეყვარებული. საბოლოოდ სამეული ერთიანდება, თუმცა დროებით. ეს არის იუმორით გაჯერებული ფრანგული ფილმი (აქ იგულისხმება ახალგაზრდების შესახებ გადაღებული ფილმებისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ნიშან-თვისება: ბავშვურსახიანი, ტუჩებდაპრუწული (სულ ფრანგული ენის ბრალია) გოგოები, „ტუსოვკები“, სადაც გოგოები ყოველთვის ერთი მანერით ცეკვავენ და ა.შ.:) ამ დროს სულ ჩემი ბავშვობისდროინდელი სერიალი მახსენდება ხოლმე – „ელენი და ბიჭები“). იყო ერთი ეპიზოდი, სადაც გულით ვიცინე. ისე კი, დიდი არაფერი.

სამ დეკემბერს ვნახე „შორიდან“ (Desde allá) (2015):
ქვეყანა: ვენესუელა /მექსიკა
რეჟისორი: ლორენცო ვიგასი (Lorenzo Vigas Castes)

წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი და თბილისის ფესტივალზე ჩემთვის ჯერჯერობით ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი, რომელმაც დამტოვა გაბრაზებული მთავარ გმირზე, მაფიქრა ძალიან ბევრი, მაგრამ თან საშინლად განმიზიდა მთავარი გმირის მორალის გამო. ნუ, ყოჩაღ რეჟისორს, მიზანში გაარტყა. ფილმი ეხება შუახნის გეის, რომელიც ვუაიერისტია, ქუჩაში სთავაზობს ფულს პატარა ბიჭებს და აჰყავს სახლში. ელდერი 16-17 წლის ბიჭია, რომელიც არმანდოს მოთხოვნებს არ ემორჩილება, ფული მიაქვს და მიდის. თუმცა, როგორც ხვდებით, მათი გზები კვლავ გადაიკვეთება. გავბრაზდი იმიტომ, რომ ელდერი არის მამისგან დათრგუნული ბიჭი და ურთიერთობის დაწყებიდან მალევე ამ კაცში ქვეცნობიერად მამას ეძებს, დროთა განმავლობაში აღფრთოვანდება მისით, ყველაფერს უზიარებს, მათ შორის იმ ადგილს, სადაც მამას დაყავდა; ეკითხება, შვილი რომ ჰყავდეს, სცემდა თუ არა მას და უარყოფითი პასუხი აშკარად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან მას უმოწყალოდ სცემდნენ. „ველური“ ელდერი ნელ-ნელა შინაურდება, ის მზად არის დაწვეს არმანდოსთან და მეტიც, მზად არის მოკლას მისი გულისთვის, თუ არმანდოს ენდომება. პრაქტიკულად, ის უმოწყალოდ გამოყენებული ადამიანია. თუმცა თან ვფიქრობდი, იქნებ შიშის გამო გაწირა, რომ არ შეყვარებოდა. მაგრამ მალევე მიბრუნდება სიბრაზე:) მოკლედ, ბევრს მალაპარაკებს ეს ფილმი, ჯერაც ვერ ვიტან მთავარ გმირს:)


კვირის ბოლოს კიდევ სამ ფილმზე დავწერ და ცოტასაც – ფესტივალზე.
2015 წელს ეს ბლოგი ფესტივალების დღიურად იქცა, რას ვიზამთ, სხვა ვერაფრით ვაცოცხლებ:)


Sunday, May 31, 2015

წიგნის ფესტივალ(ებ)ი - 2015

ტრადიციას არ ვღალატობ და წიგნის ფესტივალის ფოტოებით გამოვაცოცხლებ ბლოგს.
ამჯერად – მე-17: ოღონდ, შედარებით მცირეგამომცემლობებიანი და მცირესტუმრიანი, თანაც შესამჩნევად გაძვირებული წიგნებით. წელს ერთი ფესტივალის ნაცვლად ორი მივიღეთ – ერთი ტრადიციული და მანამდე, მაისშივე, ახალი – "წიგნი და მუსიკა". ორივე ფესტივალის შედეგად დამიგროვდა ეს წიგნები (რაც ძალიან მახარებს და ერთი სული მაქვს, წავიკითხო):
მიშელ უელბეკის "კუნძულის შესაძლებლობა",
მარიო ვარგას ლიოსას "ცუდი გოგოს ოინები",
ჰერმან ჰესეს "ზიდჰარტა",
ჯეფრი იუჯიდინისის "თვითმკვლელი ქალწულები",
ოვიდიუსის "მეტამორფოზები",
"ძველი ბერძნული პროზა",
ქსავიერ დე მესტრის "მოგზაურობა ჩემი ოთახის გარშემო",
დავით წერედიანის "სვანური სიმღერების კვალდაკვალ".











Wednesday, February 4, 2015

* * *

რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, თიკოს წყალობით მოხვდა ახლა აქ < 3

 "დღეს ჩვენი გადასახედისკენ რომ გავემართე და მოაჯირთან დოინჯი შემოვირტყი წელზე, უცებ მეგონა, რომ ჩემი კიდურები ჩემი არ იყო, რაღაც ძალით მამაჩემი ჩასახლდა ჩემს სხეულში და მის მოძრაობებს ვიმეორებდი. იმიტომ, რომ ასე არ დავდივარ, არასდროს შემიმჩნევია. ჰოდა, ეგ არის ალბათ ყველაზე მაგარი რამე, როცა ფიზიკურად აღარ არსებობ და შენს მოძრაობებს ვიღაც იმეორებს.
პ.ს. მამამ კიდევ დედას უთხრა ერთხელ, დედაჩემივით დადისო."


Saturday, January 3, 2015

* * *

სექტემბრის შემდეგ არ დამიწერია – ახლა დავხედე ბოლო პოსტის თარიღს. შემოსვლითაც იშვიათად შემოვდიოდი ამ ბლოგზე. ფაქტი სახეზეა – ინტერესი დავკარგე და სურვილი – ვწერო საკუთარ თავზე. თუ რამის თქმა მინდა, სტატუსებით შემოვიფარგლები, ბლოგებიდან კი მხოლოდ "გზაში წაკითხულ წიგნებს" ვაახლებ. აი, ასეთია ჩემი ბლოგერული რეალობა 2015 წლის 3 იანვრისათვის.

ცხადია, ბლოგის ერთგულად შემორჩენილ მკითხველებს გილოცავთ ახალ წელს, წარმატებული და ბედნიერი წელი გქონოდეთ და, რაც მთავარია, ჯანმრთელები იყავით :)