Monday, June 6, 2011

ქუჩის მუსიკოსები

ქართველი ქუჩის მუსიკოსები, ძირითადად, მიწისქვეშა გადასასვლელებში ან მეტროებთან დგანან; უკრავენ და მღერიან უმეტესად მაშინ, როცა ხალხის ახალი ნაკადი უახლოვდებათ. ხანდახან დაკვრა (მაგალითად, გიტარაზე) შემოიფარგლება სიმებზე მხოლოდ ხელის ერთჯერადი ჩამოკვრით – მელოდია არ არსებობს. მუსიკოსები არ ურთიერთობენ პუბლიკასთან – არ მუშაობენ მასზე; მათ დიდ ნაწილს ეტყობა, რომ განიცდის ქუჩაში დაკვრას, ისინი დგანან მხოლოდ ერთი განწყობით – სხვა გზა არ აქვთ.

ვეცდები, ჩამოვთვალო შედარებით თამამები. პირველ რიგში, თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი მახსენდება – ყოველდღე ჩავდივარ. საღამოობით აქ როკს უკრავენ, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე და როგორც შეუძლიათ. ხშირად მათი რიტმით გამივლია გვირაბი. ისინი მღერიან სიამოვნებისთვის და თავის წარმოსაჩენად. ამავე გადასასვლელის სიღრმიდან დილაობით აკორდეონის ხმა ისმის; დღისით ეროვნებით, სავარაუდოდ, რუსი მამაკაცი უკრავს ხოლმე, რომელიც ასევე მთელი გულით მღერის.
მეტროს სადგურებში თუ შესასვლელებთან ნახავთ: ქალს, რომელიც სინთეზატორზე უკრავს და მღერის; ამავე ინსტრუმენტით, მომღერალი ბიჭიც შემხვედრია – ძირითადად იტალიურ სიმღერებს ასრულებს; ქალი, ფანდურით – ის შეღამებულზე გამოჩნდება ხოლმე; პატარა მედოლე ბიჭი, უსინათლო მუსიკოსი. დანარჩენები, ვინც მინახავს, ძალიან მორიდებულები არიან. სამწუხაროდ, მათ არ აქვთ განცდა, რომ ადამიანებს თავის ხელოვნებას უჩვენებენ.

როდესაც ზაზს ვუსმენ, ვფიქრობ: ჩვენთანაც რომ შეეძლოთ ხალხთან ასე ახლოს ყოფნა მათ, ვინც ხმის ჩამწერ სტუდიებამდე გზა გაიკვალეს... არადა, წარმოუდგენელია, ხომ? ქართველი "სთარი" ამას არ გააკეთებს.
პოსტის დაწერის სურვილი სპონტანურად გამიჩნდა მხოლოდ მას მერე, რაც დღევანდელი ვიდეოჩანაწერი კომპში გადავიტანე. ამ ოთხეულმა თავისი უშუალობით "პუბლიკა აიყვანა".
კარგი იქნება, ქართველი მუსიკოსებიც აწყობდნენ სანახაობას (რაც სცენაზეც უჭირთ, არათუ ქუჩაში). ფეხშიშველ დგომას არ ვგულისხმობ. უბრალოდ, იყვნენ თავისუფლები.



UPDATE:

სამწუხაროდ, ცუდი ხარისხის ჩანაწერი გამომივიდა

4 comments:

Lasha Gabunia said...

"ისინი დგანან მხოლოდ ერთი განწყობით – სხვა გზა არ აქვთ."

მე კი მგონია, რომ გზები სულ არსებობს, უბრალოდ ამათ უმრავლესობას სხვანაირად ეზარება, არც სერიოზულად უდგებიან ამ საქმეს, – მუსიკოსობას. საბოლოოდ კი ხელში "ხალტურა" გვრჩება. :)

Keti said...

გეთანხმები, რომ გზები სულ არსებობს და მათი უმრავლესობა ალბათ ასეც არის.
მე უბრალოდ, ის აღვწერე, რაც სახეზე აწერიათ ხოლმე (ჩემი აღქმით) და სწორედ ამ დამოკიდებულების გამოა, რომ მუსიკოსობასაც არასერიოზულად უდგებიან.. :)

სოფი שרה Golden said...

მე კიდევ მგონია, ქართული ფსიქოლოგია და მენტალიტეტი იმდენად განსხვავდება სხვებისგან, რომ ქართველი მუსიკოსები ასე ადვილად ვერ დაუკრავენ ქუჩაში.
რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ვხვდები, რამხელა განსხვავებაა მსოფლიოს კულტურებს შორის, განსაკუთრებით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის იგრძნობა.
ნეტავ, ჩვენებს სცენაზე დაკვრა შეეძლოთ ნორმალურად და ქუჩას ვინ ჩივის. წლებია, ნორმალური აღარაფერი შექმნილა :/

Keti said...

სოფი, ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ესაც არის...
ჰო, კარგი იქნება, თავისუფლები და თვითმყოფადები იყვნენ.