Monday, October 17, 2011

ლინა კავალიერი – სოპრანო და პირველი ტოპ-მოდელი

ამ ორშაბათის გამოფენა უჩვეულო იქნება, რადგან ძირითადად მხატვრების მუზაზე ვისაუბრებ, ვიდრე მათ ქმნილებებზე. როდესაც ეს პორტრეტი ვნახე, კიდევ ერთხელ გავოცდი მსგავსების გამო, რაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ეპოქაში დაბადებულ ადამიანებს. ეს არის საოპერო მომღერალი და მსოფლიოში პირველი პროფესიონალი ტოპ-მოდელი, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არნახულად პოპულარული იყო.

ლინა კავალიერი 1874 წლის 25 დეკემბერს რომთან ახლოს, ქალაქ ვიტერბოში დაიბადა. სახელი შობა დღესთან დაკავშირებული – ნატალინა – დაარქვეს. 13 წლის ლინას მეზობელმა მუსიკოსმა მოუსმინა და ხელი შეუწყო, რომ ერთ-ერთ კაფეშანტანში მომღერლად მიეღოთ. მას არ ჰქონდა ძლიერი ხმა, მაგრამ იმდენად ლამაზი იყო, რომ მალე რომის ყველაზე პრესტიჟული რესტორნების მეპატრონეები ნებისმიერ ანაზღაურებაზე თანახმა იყვნენ, ოღონდ ლინას მათთან ემღერა, რადგან გოგონას სანახავად უამრავი ადამიანი დადიოდა. საოპერო სცენაზე პირველად მადრიდში გამოვიდა, შემდეგ ვარშავასა და პეტერბურგში. ლინა მსოფლიოს გამოჩენილ საოპერო მომღერლებთან ერთად მღეროდა. ძირითადად ასრულებდა არიებს ოპერებიდან: "ტრავიატა", "მანონი", "თაისი", "ფაუსტი", "ბოჰემა". ღია ბარათები, რომლებზეც ლინა იყო გამოსახული, ევროპაში მილიონობით ტირაჟით იყიდებოდა, მის ფოტოებს ბეჭდავდნენ ჟურნალების ყდებზე და საფოსტო მარკებზე.

1901 წელს ლინა პეტერბურგში ჩავიდა. მუსიკალურ პეტერბურგს ბევრი წარმატებული გამოსვლა ენახა, მაგრამ კავალიერის ვიზიტმა ყველა უწინდელი შთაბეჭდილება გადაფარა. ისტერია, სახელად "ლინა კავალიერი", მთელ ქვეყანას მოედო: ამბობენ, მისი სახელი რუსეთში ისეთივე პოპულარული იყო, როგორც "ზინგერის" მარკა – ის ყველას ჰქონდა გაგონილი; შოკოლადის ფილებსაც კი ახლდა ლინას ფოტოსურათი. მისი ჰონორარი ფანტასტიკური ოდენობის იყო, ამიტომ რუსეთში რამდენიმე წელიწადს დარჩა და გამგზავრების შემდეგაც, ხშირად ბრუნდებოდა საგასტროლოდ.

კავალიერი ფოტოგრაფებს მკაცრ პირობას უყენებდა: ის არ უნდა გადაეღოთ გამომწვევ ტანსაცმელში, რადგან "მომავალი საქმროს თვალში, რომელიც აუცილებლად გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში, კომპრომენტირებული არ გამოჩენილიყო". საქმრო პეტერბურგშივე იპოვა – ეს იყო ივან ბარიატინსკი, უმდიდრესი თავადი, რომელსაც ლინა თავდავიწყებით შეუყვარდა. თავად ბარიატინსკიც ულამაზეს კაცად ითვლებოდა, მისი პორტრეტი პარიზული რესტორნის, „რუსკი კრასავეცის“, კედელს ამშვენებდა. მათ რომანზე არა მხოლოდ პეტერბურგი ალაპარაკდა; ყველგან, სადაც კავალიერის სახელი სმენოდათ, იცოდნენ ბარიატინსკის შესახებაც.

მათ მალულად დაიწერეს ჯვარი. ბარიატინსკის ოჯახი ამ ქორწინებით შოკირებული დარჩა და საქმეში რუსეთის იმპერატორი – ნიკოლოზ II ჩარია. ნიკოლოზმა ქორწინება ანულირებულად გამოაცხადა, კავალიერის კი ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. ლინა იტალიაში დაბრუნდა და საოპერო მოღვაწეობა განაგრძო, ხოლო ბარიატინსკიმ ეკატერინე იურევსკაია შეირთო – ალექსანდრე II-ის ქალიშვილი. მიუხედავად ამისა, ამბობენ, ბარიატინსკის ლინა უყვარდა და ქორწინების შემდეგ ისევ მოძებნა – უმტკიცებდა, რომ იძულებით დაქორწინდა და დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ. ამბობენ, თავადის სიკვდილის მიზეზიც ეს სიყვარული გახდა – 1910 წელს ლინა კავალიერი ამერიკელ მილიონერს, რობერტ ჩენლერს, გაჰყვა ცოლად, რასაც ახლად დაქორწინებული ბარიატინსკის გულის შეტევა და გარდაცვალება მოჰყვა.

რაც შეეხება ლინას შემდგომ ცხოვრებას – მისი მეორე ქორწინება (4-ჯერ დაქორწინდა) მცირე ხანს გაგრძელდა, განქორწინების შემდეგ საოპერო კარიერას დაუბრუნდა. მღეროდა შალიაპინის, ანსელმის და სხვა ცნობილი მომღერლების გვერდით. გარდა ამისა, გადაიღო მუნჯი ფილმები. 1914 წელს, 40 წლის ასაკში დაწერა წიგნი, სადაც ქალებს აძლევდა რჩევებს, თუ როგორ შეენარჩუნებინათ სილამაზე. გარდაიცვალა მეუღლესთან ერთად 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიის პატარა ქალაქ ფიაზოლეში, მის სახლზე დაცემული ბომბის შედეგად.

ლინა კავალიერი გარდა მხატვრების – ჯოვანი ბოლდინისა და ადოლფო მიულერ-ურისა, იტალიელი მხატვრის, სკულპტორისა და დიზაინერის, პიერო ფორნასეტის (1913-1988), შთაგონების წყაროც გახდა. ფორნასეტიმ ლინას სახის გამოსახულებით, რომელიც პირველად მე-19 საუკუნის ჟურნალში აღმოაჩინა, ათასამდე ნიმუში შექმნა. დიზაინერის ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა, მისი ბევრი ნამუშევარი კი საკმაოდ სახალისოა.

საგამოფენო კედელს ამ კოლაჟს დავუთმობ.

და ბოლოს, ლინას ხმის მცირე რაოდენობით შემორჩენილი ჩანაწერებიდან ერთ-ერთი.

17–23 ოქტომბერი.

10 comments:

Anonymous said...

არაფერი მსმენოდა აქამდე :)
ძალია ლამაზია!

Keti said...

ჰო, ძალიან :))

Sophie שרה Golden said...

იმ პერიოდის მსახიობებს განსაკუთრებულად ნაზი და მშვიდი სილამაზე ჰქონდათ. რაც დრო გადის, სილამაზის კრიტერიუმებიც იცვლება და ასე მგონია, ადამიანების სახის ნაკვთებიც სულ სხვა ფორმებს იძენენ (ბუნებრივად თუ ხელოვნური ჩარევით).

Keti said...

ჰო, ამაზე მეც მიფიქრია – წინათ ადამიანები ძალიან განსხვავებულად გამოიყურებოდნენ, მათი ბუნებრივად ლამაზი, მშვიდი სახეები განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს.
როგორც არ უნდა შეიცვალოს კრიტერიუმები, მაშინდელ სილამაზეს მაინც აღიქვამს თვალი. მე ცოტა არ იყოს, მასევდიანებს კიდეც ის, რომ ახლა უიშვიათესად გვხვდება ასეთი გარეგნობის ადამიანები.

babisa said...

rogori mzera aqvs yvela zvel msaxiobs tu ubralo adamians,kidev ertxel davfiqrdi
lamazi gogoa da ar vicodi mis shesaxeb:)

Keti said...

:*

Toma said...

araferi msmenoda aqamde mis shesaxeb
ulamazesia!

Keti said...

ჰო, როგორც ბევრი მისი პერიოდის ცნობილი ადამიანი, მივიწყებულია..

Lord Vader said...

მომავალი საქმროს თვალში, რომელიც აუცილებლად გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში, კომპრომენტირებული არ გამოჩენილიყო

მდას... მსოფლიო არ იცვლება.

Keti said...

:))
როცა მასალის მოგროვებისას წავიკითხე, მეც ეს ვიფიქრე და გამეცინა :)