Monday, March 29, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მხატვარს, ე. წ. მაგიური რეალიზმის წარმომადგენელს – ჯორჯ ტუკერს გამოვფენ. ის 1920 წელს, ამერიკაში დაიბადა – ბრუკლინსა და ბელპორტში იზრდებოდა. ტუკერი მშობლების ნებას დაჰყვა და ჰარვარდის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის შესწავლას შეუდგა, თუმცა ხატვა არ მიუტოვებია. შემოქმედების ადრეულ წლებში რამდენიმე მხატვრის, მათ შორის ედუარდ ჰოპერის, გავლენას მიაწერდნენ (მის ნამუშევრებზე განათებისთვის დიდი ყურადღების მიქცევამ და ამერიკული რეალობის მთავარ თემად არჩევამ მეც ჰოპერი გამახსენა). ტუკერის გამორჩეულ ხელწერას მისი შესრულების ტექნიკა – მივიწყებული ტემპერაც განსაზღვრავს.
ჯორჯ ტუკერი ნამუშევრებში საზოგადოებაში ერთიანობის, თანაგრძნობის, სიკეთის ნაკლებობას ასახავს. ისეთი, "როგორც სამოთხესა და განსაწმენდელს შორის" – წერდნენ მის მხატვრობაზე. მისი ყველაზე ცნობილი ნახატებია: "მეტრო" (1950) და "მთავრობის ბიურო" (1956; ბიუროკრატიული აპარატის აღწერის გამო ტუკერს ხშირად კაფკასაც ადარებენ), თუმცა კვირის მანძილზე სხვა ნამუშევრებს გამოვფენ.
*
პირველი არჩევანი "ოდალისკია" – ორნამენტების გამო ძალიან მეახლობლა :)
*
ტუკერს რამდენიმე საყვარელი თემა აქვს, მათ შორის ერთ-ერთი – სანათების. მისი სანათები ყველა ნახატში მსგავსია, შეფერილობით – თბილ ტონებში; ადამიანებს კი, რომლებსაც ისინი ხელში უჭირავთ, სახეებზე ერთდროულად სიმშვიდე, სევდა და მარტოობა ესახებათ. აი, ერთი მათგანი.
*
კვირის ბოლო ნამუშევარი: ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ხშირად ამას ვგრძნობ თუ ვხედავ – ადამიანები ასე მარტოები არიან, საერთო ჰაერს ყლაპავენ (ტუკერის ნახატი მხოლოდ ამ სიტყვას მკარნახობს), მაგრამ იზოლირებულები ერთმანეთს ვერ და არ ამჩნევენ; თვალები ცარიელი და სასოწარკვეთილი აქვთ, ოღონდ ვინ ჩაიხედავს მათ თვალებში – კედლები ვიწროა და მაღალი.

29 მარტი –
4 აპრილი.

Friday, March 26, 2010

რაიმე მსუბუქი... All I Want


ვერ გავიხსენე, როგორ კეთდება ქაღალდის ნავი. მგონი არც არასდროს მცოდნია, თორემ ასე როგორ დამავიწყდებოდა? ისე მინდა... მასწავლეთ :)

პ. ს. გემი უმშვიდეს ზღვაზე – ჩემი უსაყვარლესი ფოტოების ფოლდერიდან.

ეროვნული ბიბლიოთეკა

ცოტა ხნის წინ, ხატიას ბლოგზე საინტერესო კითხვა დაისვა: როგორი უნდა იყოს თანამედროვე ბიბლიოთეკა. ადრეც მიფიქრია, ერთი პოსტი მაინც ეროვნული ბიბლიოთეკის საიტის შესახებ დამეწერა. საიტზე (და შესაბამისად ბიბლიოთეკაში) არაერთი კარგი სიახლეა და შევეცდები, პატარა გზამკვლევი შევადგინო მათთვის, ვინც ეროვნულ ბიბლიოთეკას სტუმრობს ან მომავალში ესტუმრება (თუნდაც ვირტუალურად):

ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური საიტია www.nplg.gov.ge

* ბიბლიოთეკის წარდგენას იმ გვერდით დავიწყებ, სადაც მის შესახებ მოკლე ინფორმაციას გაეცნობით. აქვე: მეგზური და ბიბლიოთეკის ისტორია, არქიტექტურა, გალერეა
* ბიბლიოთეკით სარგებლობის მსურველებისთვის ალბათ ყველაზე საჭირო პირველადი ინფორმაცია გაწევრიანებისა და მომსახურების შესახებ (გაწევრიანებისთვის ფოტოს მიტანა არ დაგჭირდებათ, იქვე გადაგიღებენ). აქვეა ყველა დარბაზის ჩამონათვალი (შესაბამისი ფოტოებითა და პროფილის მითითებით).
* ინფორმაცია დაცული ფონდებისა და კოლექციების შესახებ
* ელექტრონული კატალოგები. მკითხველებს ამ კატალოგებით სარგებლობა ბიბლიოთეკის საკატალოგოებში განლაგებული კომპიუტერების საშუალებითაც შეუძლიათ, მაგრამ ყველაზე მოსახერხებელი ალბათ შინ სარგებლობაა, ასე ბიბლიოთეკაში მოსულები დროსაც დაზოგავთ. მითითებულ ბმულზე ჩამოთვლილია ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზები. სასურველ ბაზაში შესვლის შემდეგ "ჩვეულებრივი" საძიებო ფორმის მაგიერ "გაფართოებული" ძიების ჩართვას გირჩევთ (მარჯვენა ზედა მხარეს), რომელიც გაცილებით მეტ საძიებო ველს მოიცავს.
მაგ: ბაზა "ქართული წიგნები"
ამოწერეთ წიგნის შენახვის შიფრები და დაზოგეთ დრო.
კატალოგები მუდმივად ახლდება, ასე რომ ძიებისას სასურველი გამოცემის ვერ ნახვის შემთხვევაში ნუ ჩათვლით, რომ ის ბიბლიოთეკას არ აქვს.
* ბიბლიოთეკაში დაცულია საქართველოში დაცული დისერტაციები (ადრე ისინი, ბიბლიოთეკის გარდა, სხვადასხვა ინსტიტუტებშიც ინახებოდა, ამჯერად თავი ერთად მოეყარა). გარდა ქართული დისერტაციებისა, შეგიძლიათ ნახოთ რუსეთში დაცული დისერტაციების ციფრული ვარიანტები. ამ მომსახურების გაწევა მხოლოდ ეროვნულ ბიბლიოთეკას შეუძლია.
* ქართული გაზეთების კატალოგი. მასში ნახავთ ყველა ქართულ გაზეთს – 1819 წლიდან (სწორედ ამ წელს, 8 მარტს, გამოიცა პირველი ქართული გაზეთი "საქართველოს გაზეთი") დღემდე. სასურველი გაზეთის პოვნის შემდეგ, დააწკაპუნეთ ჩამოთვლილ წლებზე (თუ გაზეთი ბიბლიოთეკის ფონდებში ინახება, აუცილებლად ახლავს წლების ჩამონათვალი) და ჩვეულებრივი საბიბლიოთეკო ბარათის ფორმაზე, როგორიც ბარათულ კატალოგებშია, ნახავთ – რომელი ნომრების მიღება შეგიძლიათ. ფონდების ველში არის F– ხელუხლებელი ფონდის და K – საერთო ფონდის შიფრები. ხელუხლებელ ფონდში ინახება საქართველოში ნაბეჭდი გამოცემების თითო ეგზემპლარი. ის ყველაზე სრული ფონდია. იმ შემთხვევაში, თუ გაზეთი საერთო ფონდს არ აქვს, მისი მიღება F ფონდიდან შეგიძლიათ. იგივე წესი ვრცელდება სხვა ბეჭდურ გამოცემებზეც.
* ბიბლიოთეკის კიდევ ერთი პროექტი – ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელშიც არერთი ციფრული წიგნის ნახვა შეიძლება. კოლექცია მუდმივად ახლდება.
* აქვე – იუნესკოს პროექტი "გრინსტოუნი", რომელშიც შესულია ტექსტები ქართული ლიტერატურიდან, სამოქალაქო განათლებაზე და არა მხოლოდ: დაწვრილებით
* ლექსიკონები. სასურველი სიტყვის განმარტების ძებნისას გუგლის საძიებო სისტემას ალბათ ხშირად გადაუყვანიხართ ბიბლიოთეკის ლექსიკონების გვერდზე. ერთად თავმოყრილი, სხვადასხვა თემის, განახლებადი 9 ლექსიკონის გამოყენება ვფიქრობ, მოსახერხებელია...
* ევროპული ბიბლიოთეკა. გაერთიანებული საძიებო სისტემა: მოძებნეთ სასურველი გამოცემები ევროპის ყველა დიდი ბიბლიოთეკის შეერთებულ კატალოგში.
* ბიბლიოთეკის ჩამოთვლილი და სხვა ინტერნეტრესურსების შესახებ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცანით.

ეს მხოლოდ ძირითადი – რისი დაწერაც ერთ პოსტში მოვახერხე. საიტის დათვალიერებისას კიდევ არაერთ საინტერესოს ინფორმაციას იპოვნით :)

Monday, March 22, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ლეონარდო და ვინჩი მხოლოდ ერთხელ გამოვფინე – პოსტში, რომელიც ლუის ბუნუელის ფილმის გამო დავწერე.
დღეისთვის მისი "ქალის თავი" შევარჩიე: სიმშვიდე მოდის ამ პორტრეტიდან.. ალბათ, სევდაც. და ვინჩის ქალებს თვალები ხშირად აქვთ დახრილი და თითქმის ყოველთვის გადამდები სიმშვიდის მატარებლები არიან. არ ვიცი, შეიძლება ეს მხოლოდ ჩემეული აღქმაა.
კიდევ ერთი ასოციაციაც – სალვადორ დალის ნახატთან, რომელიც უკვე გამოვფინე.

22-28 მარტი.

Saturday, March 20, 2010

სტატუსები

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ვორდის ფაილები დამიგროვდა – დღის განმავლობაში რაღაცებს რომ ვინიშნავ და ვინახავ. ახლა გადავწყვიტე დოკუმენტების გადახარისხება, ეს ფაილები გადავიკითხე და ვიფიქრე, მათში ჩაწერილი აზრები სოც. ქსელებში სტატუსებადაც გამოდგებოდა. მაგრამ არცერთ მათგანში არ დამიწერია – ერთგან თითქმის არ ვწერ სტატუსებს, მეორეგან კი ბევრის დაწერის საშუალება არაა (მართალია, იქ სტატუსი არ ჰქვია, მაგრამ რაც არის, იმად მაინც გამოდგებოდა). ჰოდა, რაც წასაშლელად დამენანა, აქ გადმოვიტან:

* * *
დღეს ვუყურებდი ტელევიზორში კაცებს, ვიღაც ტიპებს და ხმებს ვუსმენდი. რატომღაც მომეჩვენა, რომ ზუსტად წარმოვიდგინე – როგორ ამბობენ ისინი ამ ხმებით არაპოლიტიკურ სიტყვებს – შვილებთან.
* * *
საზოგადოებრივ ტრანსპორტში სკამზე მჯდომი ქალები (ასაკის მიუხედავად) ფეხზე მდგომებს რომ ჩანთებს უჭერენ, ამაზე ვფიქრობ... შემოთავაზება ხშირად დაჟინებულია ხოლმე, ჩანთის მოქაჩვით. აი, ზის და თვლის, რომ უკეთეს მდგომარეობაშია (ხშირად ასეცაა), ვერ გითმობს ადგილს (არც ითხოვ და მაინც), მაგრამ გაჩვენებს: შენს მდგომარეობაში შევდივარ და მოდი, ტვირთი შეგიმსუბუქოო. მის თავთან მდგომიც, შემსუბუქებული (თუნდაც ერთი ხელჩანთისგან), ჩასვლისას აუცილებლად უღიმის. ეგაც ხომ საქმეა – "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტამდე მასზე იზრუნეს. შემმსუბუქებელიც კმაყოფილია – ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც შეუძლია, არ ეზარება. ერგება რა სკამზე ჯდომა.
– გმადლობთ, ქალბატონო.
– არაფრის, გენაცვალე.
ღიმილი. ფარდა.
ჰოდა, იმას ვფიქრობდი, მგონი მარტო ჩვენებური წესი უნდა იყოს ეს კალთის დათმობა :)
* * *
რა აზრი აქვს ჯამის არსებობას, რომელსაც არ ავსებენ და რომლიდანაც არ სვამენ.
* * *
როგორი უმწეოა მკვდარი ადამიანი. წევს, ცივია. ოთახში კიდევ ჩურჩულებენ. დღეს ძალიან მჯეროდა, რომ ყურადღებით ისმენდა.

შემრცხვება, ასე რომ დამაწვინონ და გარშემო მიარონ. ყვავილები მიწყონ, მერე სკამი წააქციონ და მხარზე გამიდონ :)
:შაჰიდი:
* * *
ასე თუ გაგრძელდა დროის აჩქარება, "პერსპექტივაში დღე თვე გახდებაო".
ჩემი ძაღლი გამახსენდა, თერთმეტი წლისა, ჭარმაგი.
* * *
არტისტულები არიან მღვდლები, საერთოდ, სასულიერო პირები. ახლა დავფიქრდი ამაზე. მოძრაობები, გამოხედვა, ხმა, ღიმილი. კარგი გადასაღებები არიან. მე მომწონს ჩემი გადაღებული მღვდლების ფოტოები...
* * *
არ ვიცი, რამ გამახსენა – ცხოველებს როგორ მიჰყავთ ხოლმე უმწეო ნაშიერები კისრებით. სითბო და საკვები. მერე თვალებსაც გადაეცლება ლიბრი, რამე გამოჩნდება.

Monday, March 15, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ვაკვირდები – როგორ მეცვლება გემოვნება (ან იქნებ უწინდელ განწყობებს ვერ ვპოულობ). მაგალითად, წელიწადზე მეტია, რენე მაგრიტი არ გამომიფენია, სამაგიეროდ ველასკესს ვუკირკიტებ ხშირად. სულ სხვა მიმდინარეობაა, სხვა ეპოქა... დღეს მას გამოვფენ.
დიეგო ველასკესზე ერთხელ უკვე დავწერე, ამიტომ ახლა მხოლოდ გამოსაფენ ნამუშევარზე:
"მრთველი ქალები" (Las Hilanderas, სხვა ვერსიით The Fable of Arachne) მხატვრის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ შედევრად ითვლება. ის დონ პედრო დელ არკეს – მეფე ფელიპე IV–ის მონადირის – დაკვეთით შეიქმნა. კერძო დაკვეთის გამო გაურკვეველია ნახატის შექმნის თარიღი. სტილისტიკა თუ შინაარსი სპეციალისტებს ორ სხვადასხვა პერიოდზე აფიქრებს – 1657 წელზე ან 1644-1650 წლების მონაკვეთზე. თუმცა მთავარი კითხვები ტილოზე ასახულ თემას ეხება. ითვლებოდა, რომ ნახატზე სანტ–იზაბელის გობელენის სემინარზე მომუშავე ქალები იყვნენ გამოხატული. 1948 წელს კი გამოითქვა აზრი, რომ ველასკესმა რომაელი პოეტის, ოვიდიუს ნაზონის "მეტამორფოზებში" გადმოცემული მითიური ამბავი გააცოცხლა. არაკის მიხედვით, ლიდიელი გოგონა არაქნე ნისლის მსგავსი ძაფებით საუცხოოდ ქსოვდა. ის ხელსაქმეში ათენას გაეჯიბრა. მისი ნამუშევარი ათენას ნახელავს არაფრით ჩამოუვარდებოდა, მაგრამ ჩათვალეს, რომ არაქნემ ღმერთებისადმი უპატივისმცემლობა გამოხატა, რის გამოც დაისაჯა კიდეც: ათენამ ობობად აქცია.
ველასკესის ნახატზე ათენა, მოხუცის სახით შენიღბული, ნახატის მარცხენა მხარეს არის გამოსახული. მარჯვნივ, თეთრებში ჩაცმული არაქნე ზის. იქვეა სამი დამხმარეც. უკანა პლანზე დასრულებული გობელენი ჩანს – ამ შემთხვევაში ტიციანის ნამუშევრის ასლი, რომელიც ესპანეთის სამეფო კოლექციაში ინახებოდა.

15-21 მარტი.

Tuesday, March 9, 2010

ინტერნეტმა რა ჰქმნა

ცოტა ხნის წინ, რეალურად უცნობ (და მაინც "ფრენდ") ადამიანს და მის (ასევე) "ფრენდებს", ჩემდა გასაკვირად (რადგან თავის გამოდება არ მიყვარს ხოლმე), პოლემიკაში ჩავერთე – დარჩეს სახელი ფეისბუკი ფეისბუკად თუ "ოფიციალურად" გადმოქართულდეს უკვე რამოდენიმეთვიანი (ხშირად სახუმარო) პრაქტიკის მქონე პირწიგნაკად.
არ მომწონს ეს ხელოვნური სიტყვათშეხამებები, მით უმეტეს, რომ "ფეისბუკი", შეიძლება ითქვას, უკვე ბრენდია და ბრენდის სახელის თარგმნა აუცილებლად არ მიმაჩნია.
დღეს კიდევ ერთი ახალი სიტყვა წავიკითხე, ამჯერად დვორსკისთან (არ ვიცი,
პირველად მან გამოიყენა თუ არა) – თავხაზი. რეაქცია – დაახლოებით "ცისფერი მთების" გმირის მსგავსი მქონდა: თავხედი გამიგია, თავპირი, თავზარი, თავქვე, მაგრამ თავხაზი რა უბედურებაა :)
ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ქართულ ენაში მიმდინარე უსწრაფეს ცვლილებებზე, რომელიც მას ინტერნეტის ერამ მოუტანა.
რამდენიმე მაგალითი, რაც უცებ გამახსენდება:
* ზმნები, რომლებმაც ახალი მნიშვნელობები შეითავსეს: დადება, აკრეფა, მოთრევა, ატვირთვა, გადაწერა, გადატანა, წაშლა, გახსნა...
* ინგლისურენოვანი ზმნებისა თუ არსებითი სახელებისთვის თავსართ-ბოლოსართების დამატებით, ან მათი პირდაპირი გადმოტანით, ხელოვნურად წარმოქმნილი ზმნები: დაკლიკება, დარეფრეშება, დარესტარტება, დასერჩვა, დალოგინება, დაგუგლვა, დამესიჯება, დაპიემება, დაქვოთვა, დათაგვა, დაკროპვა, ჩატაობა, დაბლოგვა, დაფაბლიშება, დასეივება, დაზიპვა...
* სიტყვები, რომლებმაც ახალი მნიშვნელობები შეიძინეს: მაგალითად, ფანჯარა აღარ არის მხოლოდ შენობის ნაწილი, არც საქაღალდე – რეალური ფურცლების შესანახი;
* უცხო სიტყვები, რომლებსაც უთარგმნელადაც გამოვიყენებთ: საიტი, ფაილი, პოსტი, პეიჯი, ვები, ნეტი, ჰაკერი, იუზერი, სიდი, აიდი, ლინკი, პასვორდი, სმაილი, მა(ე)ილი...
* სიტყვები, რომლებიც ხელოვნურად – თარგმნის გზით იქმნება (ხანდახან მესამე ენის – რუსულის გავლენითაც): სიცილაკი, ძაღლუკა, ბმული, პირწიგნაკი...

ჩემთვის მართლა საინტერესოა ამ ცვლილებებზე და შედეგებზე დაკვირვება. მას ერთი პრობლემა თუ აუცილებელი რეალობაც მოაქვს: ერთ ენაზე მოსაუბრე ორ ადამიანს შეიძლება ერთმანეთის არ ესმოდეს, თუ რომელიმე მათგანმა კომპიუტერის გამოყენება არ იცის. ეს ორი ადამიანი კი, უმეტესად ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები არიან.

და ბოლოს, რამდენიმე წლის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში კომპიუტერულ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონი შეიქმნა. არ ვიცი, კიდევ ახლდება თუ არა,
პოსტის წერისას გამახსენდა და ბმულს დავდებ :)

Monday, March 8, 2010

ისე, დღევანდელზე...

"ო, როგორ მინდა გავექცე ყველას,
ვისაც შეუძლია,
ძველი სიტყვები მითხრას ისევ.
აქ ცხოვრებას არავინ არ იწყებს თავიდან?"
ბ. ხარანაული
ისეთი დღეა – სიახლის მძაფრი სურვილით, იდეებით. ერთ იდეაზე დედასთან ერთად ვფიქრობ. გახალისდა. მიხარია, რომ ცოტა მაინც გახალისდა, შემიძლია დავეხმარო იმის განხორციელებაში, რაც მოსწონს. ვნახოთ. დილიდან "ოტელ კოსტესს" ვუსმენ, გაბრუებული ვარ, ნონსტოპი მაქვს ყურებში /"მე დაკიდებულ ბაღში ვირწევი"/ და თავში... ახალი! ბევრი! რამე! ოღონდაც :( ძალიან მინდა ისე ვცხოვრობდე, ისეთ გარემოში, როგორც წარმომიდგენია. სასტიკად მინდა. ჯერჯერობით მხოლოდ მუსიკა მაქვს ყურში და წარმოსახვები. ყველაფერი შესაძლებელია, მხოლოდ ხალისია მუდმივ რეჟიმში ჩასართველი. ასეთ შემთხვევაში ძალასაც ადვილად ვპოულობ ხოლმე.

პ. ს. კარგი იქნებოდა, ახალი წელი გაზაფხულობით დგებოდეს. მეტად შეეფერება.

ერთი კვირა, კედელზე

გამოფენისთვის მხატვრებს აურის მიხედვით გამოვარჩევ ხოლმე. ეს თავისთავად ხდება, მათი ნამუშევრებისკენ გულიც განწყობის შესაბამისად მიმიწევს: რაიმე მსგავსს ვგრძნობ, ან მინდა – ვგრძნობდე. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე თბილი და დადებითაურიანი – აუგუსტ მაკი – აი, დღევანდელი დღის არჩევანი, კონკრეტულად კი მისი "გოგონები ბუნებაში".

8-14 მარტი.

Monday, March 1, 2010

ფოკუსი: ალისა

ხშირად უბრუნდებით ბავშვობის წიგნებს? თუ – კი, რატომ? ან პირიქით დავსვამ კითხვას, რა გიბრუნდებათ მათი კითხვით?
ორი დღეა, ალისას საოცარ მოგზაურობას ვიხსენებ – ნელა, თითო–ოროლა თავით. ამ საღამოს კი, ერთი უცნაური დამთხვევა მოხდა: "სტენდალის სინდრომის" განმარტების ძებნისას (რომელმაც მწერლის გვარის გამო მიმიზიდა) არაერთ საინტერესო სინდრომს წავაწყდი. მათ შორის ერთ-ერთია "ალისა საოცარ ქვეყანაში". სინდრომს სახელი 1952 წელს ეწოდა. მის განმარტებაში წერია:
  • სინდრომში გაერთიანებულია სამი წამყვანი სიმპტომი: 1. თავის ტკივილი; 2. მხედველობითი აღქმის დარღვევა: პაციენტები გარშემო არსებულ საგნებს (მანქანები, შენობები და ა.შ.) აღიქვამენ შეცვლილ ზომებსა და ფორმებში, გადიდებულად (მაკროფსია) ან დაპატარავებულად (მიკროფსია), ან დამახინჯებულად. მაგალითად, ქუჩა ძალიან ვიწროა, იატაკი ძალიან ახლოსაა; 3. სმენისა და შეხების აღქმის დარღვევა: ხმა რეალურზე უფრო ახლოდან ან შორიდან ესმით. პაციენტები განსაკუთრებით მძიმედ განიცდიან საკუთარი ზომებისა და პროპორციების აღქმის დარღვევას.
არ მომწონს სინდრომის სათაური, ალბათ საყვარელი გმირის გამო. თანაც ახლა, კითხვის პროცესში საგზაო ნიშანივით ამოიზარდა და ხშირ-ხშირად მაფიქრებს სიმპტომებზე. ამიტომ წიგნს დროებით დავხურავ და... შევათვალიერებ.
ჩემი წიგნი 1969 წლის გამოცემაა. ყდაზე კისერდაგრძელებული ალისა ახატია (წიგნში ვერ ნახავთ ინფორმაციას გარეკანის მხატვარზე). მასზე დაკვირვებამ ორ თემაზე წერისკენ მიბიძგა: პირველი ალისას პროტოტიპია, მეორე – ლუის კეროლი, როგორც ფოტოგრაფი.
შევეცდები, ორივე თემა გავაერთიანო და მოკლედ მოვყვე. ალისას პროტოტიპი რომ რეალურად არსებული გოგონა იყო, ალბათ იცით. ამიტომ მხოლოდ მის ვინაობას შეგახსენებთ – ალის ლიდელი – ცნობილი ფილოლოგის, ჰენრი ლიდელის ქალიშვილი.
ის შთაგონების წყაროდ მხოლოდ კეროლისთვის არ ქცეულა, მოგვიანებით მისი სახელი კიდევ ორი რომანის მთავარ გმირს ეწოდა, გარდა ამისა, ალისა ფოტოგრაფების საყვარელი მოდელიც იყო. აი, მოვედით ფოტოგრაფიამდე.
ის იყო მათემატიკოსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის დეკანი, მწერალი, ერთხანს ხატავდა კიდეც და ყველაფერთან ერთად ფოტოგრაფიით იყო გატაცებული – ჩარლზ დოჯსონი, იგივე ლუის კეროლი დღესაც თავისი დროის ერთ-ერთ საინტერესო ფოტოგრაფად ითვლება. მისი შემოქმედების ინსპირაციის მთავარი წყარო – ალისა ლიდელი ფოტოგრაფიაშიც არანაკლებ შთააგონებდა.
კეროლი
ცნობილია ბავშვებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით. მისი მოდელებიც ძირითადად ბავშვები იყვნენ. ასევე საინტერესოა მისი ავტოპორტრეტები. ცნობილია, რომ კეროლი თითოეულ ნიუანსს აქცევდა ყურადღებას და სრულყოფილ ფოტოდ სწორედ ყველა წვრილმანგათვალისწინებულ კადრს თვლიდა. იგი ფოტოებს დაახლოებით 25 წლის მანძილზე იღებდა. ფოტოგრაფირების მისეული ტექნიკური მხარე მეტად რთული იყო – განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვდა. ხარისხი, რომელიც კეროლის გადაღებულ ფოტოებს აქვს, მიიჩნევა, რომ გამოცდილი ოსტატის მიღებულია. ლუისის ერთადერთი გამოფენა 1858 წელს, ლონდონში, ფოტოგრაფიის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა. 1880 წელს კეროლმა მტკიცედ გადაწყვიტა, ფოტოგრაფიას ჩამოშორებოდა. მიზეზები დღესაც არაერთ კითხვას აჩენს.
ისევ წიგნს დავუბრუნდები – ეს პირველი, 1865 წლის გამოცემის ყდა და სატიტულო ფურცელია. პირველი გამოცემის დასტამბვამდე კეროლმა
ალისასთვის საჩუქრად საკუთარი ხელნაწერი აკინძა და თვითონვე დაასურათა. როცა წიგნის გამოცემა გადაწყდა, მას მხატვრობა დაუწუნეს და მიუხედავად დიდი სურვილისა, წიგნის ილუსტრირებაზე უარი ათქმევინეს.

ლუის კეროლის წიგნზე და მის პროტოტიპებზე უამრავი საინტერესო რამის მოთხრობა შეიძლება. მაგრამ, რაკი ვფიქრობ, რომ მრავალმხრივი და საკმაოდ მოზრდილი პოსტი გამომივიდა, საწყის პოზიციას დავუბრუნდები, ანუ დასმულ კითხვას და ჩემს პასუხს დავწერ: – სიმსუბუქე.

ერთი კვირა, კედელზე

დადგა (როგორც იქნა) გაზაფხული და კედელზეც შესაფერ ნახატს ჩამოვკიდებ – ვან გოგის აყვავებულ ნუშის ხეს
ლამაზ გაზაფხულს გისურვებთ :)

1-6 მარტი.