Monday, November 16, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ამ კვირის კედელს "სიმართლის მხატვარს" ვუთმობ (ასეთი წარწერა აქვს მის ძეგლს). დიეგო ველასკესი 1599 წელს, სევილიაში დაიბადა. ის ფელიპე მეოთხის სამეფო კარზე მუშაობდა. მისი პორტრეტები ადამიანური საწყისის, ხასიათების ზუსტი ასახვით გამოირჩევა.
კვირის მანძილზე ველასკესის რამდენიმე ნამუშევარს გამოვფენ..

*
გამოფენას პაპ ინოკენტ მეათის პორტრეტით გავხსნი. ეს ველასკესის ალბათ ყველაზე გამორჩეული ნახატია, საუკეთესო ფსიქოლოგიური პორტრეტი – სახის თითოეული დეტალი აშიშვლებს პაპის ბუნებას და ემოციებს; თავად პაპის სიტყვებით, ის "ზედმეტად მართალია".

*
ველასკესის ნახატებიდან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი – "სევილიელი წყლის გამყიდველი".
მუზეუმებში ამ ნამუშევრის სამი ვარიანტია დაცული. სამივე მათგანი 1618-1622 წლების შუალედშია შექმნილი. ბლოგზე გამოფენილი ვერსია ლონდონში, ველინგტონის მუზეუმში ინახება. ამ ნამუშევარზე გამოსახული ბიჭი სავარაუდოდ ველასკესის კიდევ ორ ნახატზე გვხვდება ("ლანჩი" და "მოხუცი ქალი კვერცხის მომზადებისას"). ჯვალოს მოსასხამით შემოსილი, ემოციურ და ამავე დროს მშვიდსახიანი წყლის გამყიდველი წმინდანს ჩამოჰგავს.
გამჭვირვალე წყალი, წყლის ჭურჭელზე შერჩენილი წვეთები, ხელები, განათება, თეთრი ფერის გამოყენებით მიღებული ეფექტი – აი, ამის გამო ასე შთამბეჭდავი...

*
ველასკესის კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარი, რომელზეც სამეფო კარის გოგონები არიან აღბეჭდილები ("Las meninas"), დღემდე არაერთი ვარაუდის წყაროა. გოგონებიდან ერთ-ერთი (ცენტრში) ინფანტა მარგარიტა ტერეზაა. განსაკუთრებული ვარაუდი კი უკანა პლანზე გამოსახულ პორტრეტს ეხება: ეს სარკეა, რომელშიც მეფისა და დედოფლის ანარეკლი აისახება, თუ ნახატი; და თუ სარკის ვერსია მართალია, ჩვენ პრაქტიკულად მეფისა და დედოფლის პოზიციიდან ვუცქერით აღბეჭდილ სიტუაციას, რომელიც, სიმართლე ვთქვა, ძალიან მომწონს: ცოცხალი ნახატია, მოქმედებაში, არასტატიკური, ხმებიანი, შეჩერებული წამივით... თითქოს ვიღაცამ გამოახედა ისინი. სწორედ ამ მოქმედ სცენაში თანამონაწილის სტატუსი მხიბლავს, თითქოს მე (ნებისმიერი დამთვალიერებელი) ვარ(თ) ეს ვიღაც; ხოლო, თუ ვარაუდს მივყვები, მეც მგონია, რომ ნახატის სიღმეში სარკეა გამოსახული და მასში ოთახში შემოსული მეფე და დედოფალი ირეკლებიან; შესაბამისად, მხატვრისა და გოგონების გამოხედვაც მათ ეკუთვნით. თუმცა, ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირიქით, სარკე მათ წინ იყო.

პ.ს. კიდევ ერთი რამის დამატება მომინდა: ეს ნახატი სწორედ იმას ასახავს, რაც მე მიყვარს: პოზიციაც და ხედვაც – შიგნით.

16-22 ნოემბერი.

1 comment:

Tomushka said...

velaskesi martlac rom gamorcheuli mxatvaria portretebis shesrulebis mxriv