Thursday, February 27, 2014

ჩემი ხელით


ამ მხრივ რომ რაიმე მეხერხება, როგორც მახსოვს, არასდროს მომიყოლია ბლოგზე. ჰოდა, ახლა მოვყვები. ძალიან მომწონს ხელნაკეთი ნივთები – ნაქსოვი, შეკერილი, სხვადასხვა მასალით დამზადებული და მეც, თუ დრო მაქვს და ხალისი, ვაკეთებ. განსაკუთრებით სკოლის და სტუდენტობის პერიოდში ვიყავი მონდომებული, მერე და მერე კი ძალიან გავზარმაცდი. აი ამ ხელთათმანებსაც ზუსტად სამი თვე ვქსოვდი, არადა ერთი კვირის საღამოებიც ეყოფოდა; მაგრამ მაინც კარგია – ჯერ კიდევ ცივა და შეიძლება ჩაცმა :) თან ის მიხარია, რომ ასეთი არავის აქვს, თან ჩემს ქურთუკსაც უხდება. მოქსოვილია ყაისნაღით და ჩხირებით.

Monday, February 24, 2014

ფიქრები შესაძლო თეოკრატიის პირას

იმ სპექტაკლის შემდეგ, რაც მამა გაბრიელის გადასვენებასთან დაკავშირებით გათამაშდა, ვფიქრობდი: 
  • წმინდანები არაერთი გვყავს, მაგრამ არცერთის მიმართ ასეთი ფართომასშტაბიანი ამბები არ ხდება. რატომ? მამა გაბრიელის ასეთი აღზევება სასწაულების მოხდენასთან მისმა გაიგივებამ გამოიწვია. ადამიანები მას ერთგვარ „სანტა–კლაუსად“ თვლიან, რომელიც მოუტანთ მატერიალურ და სხვა სიკეთეებს (მაგალითად, გუშინ ტელესიუჟეტში მომლოცველი ქალი ამბობდა, რომ ბინის პრობლემა ჰქონდა და ამიტომ იყო იქ). აქვე შემიძლია გავიხსენო შედარებით მცირემასშტაბიანი აღტკინების ობიექტი – წმინდა ნინო და ბოდბეში განბანების რიტუალი. ანუ მორწმუნეებს სჭირდებათ, წმინდანისგან იმის მოლოდინი ჰქონდეთ, რომ რაღაც აუსრულდებათ, სასწაული მოხდება მათ თავს.

  • ცალკე თემაა ტრაგედია ადამიანებისა, რომლებსაც სასწაულების მოხდენის ლოდინის გარდა არაფერი დარჩათ. ეს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ტრაგედია.

  • დავუბრუნდები წმინდანებს. აი, მაგალითად, წმინდა ილია მართალი. მას ასე არ ეთაყვანებიან. და კიდევ კარგი. თუმცა, მეორე მხრივ, კარგი იქნებოდა, ილიას რაიმე სახის სასწაულის მოხდენას აწერდნენ, იქნება ამ ფაქტს მასები მისი წიგნებისკენ მიებრუნებინა და ილიას შემოქმედებიდან მხოლოდ ბოზბაშისა და ჩიხირთმის სასარგებლოდ გამართული დიალოგი არ ახსოვდეთ.

  • გაუგებარი იყო სახელმწიფოს პოზიცია და ნაბიჯები: მოსაწვევების დარიგება და საეკლესიო პროცესის თეატრალიზება (ნეტა ჩვენში ნამდვილი თეატრი უყვარდეთ ასე), ჯარის გამოყვანა, ქვეყნის მთავარი მაგისტრალის ორი დღით გადაკეტვა და მოქალაქეებისთვის  გადაადგილების მხრივ პრობლემების შექმნა. ასევე საინტერესოა, სახელმწიფო სხვა რელიგიის წარმომადგენლების რიტუალებისთვის თუ გამოყოფს ჯარს.

  • წუხანდელი შოკი: მომლოცველები, მათ შორის ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც საფლავის მიწით ტომრებს ავსებდნენ! საინტერესოა, რა უნდა უქნან ამ მიწას? გულზე დაიკიდებენ? ბალიშის ქვეშ დადებენ? სალოცავ კუთხეში მიუჩენენ ადგილს? ბაღში მიმოფანტავენ? (მით უმეტეს, როცა რაოდენობა შეიძლება ერთი ტომარა იყოს). აი, როგორ უნდა გამოიყენონ. ბავშვობაში, მახსოვს, უთქვამთ ჩემთვის – სასაფლაოდან არაფრის წამოღება არ შეიძლებაო (როცა მაგალითად ყვავილის მოწყვეტა მინდოდა). შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს ცრურწმენაა, მაგრამ რეალურად სასაფლაოს მიწა გაჯერებულია ბევრი ისეთი ბაქტერიით, რომ ჯობია, არ აფათურო შიშველი ხელები (რომლებზეც შეიძლება გვქონდეს ნაკაწრი, ნახეთქი და ა.შ.). ჰოდა, არ გამიკვირდება, ახლა სურვილების ასრულების ნაცვლად რაიმე დაავადებამ იფეთქოს. 

    სხვათა შორის, მღვდლებს, რომლებიც საფლავს თხრიდნენ, ხელთათმანები ეცვათ. ეს ხალხი კი ისე დაეხვა და თხარა შიშველი თითებით. იმედია, ზეთის მსგავსად, საფლავის მიწას ჭრილობებზე და მტკივან ადგილებზე არ დაიფენენ. 



    დღეს კიდევ ვნახე ფოტოები – მამა გაბრიელის ცარიელი საფლავი ჭილოფით გადაუხურავთ და ადამიანები ორმოში ჩადიან.

  • და ბოლოს, შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ასეთი აღტკინება თავად მორწმუნეთათვის. დღეს, სამწუხაროდ, რელიგიაში მთავარი რიტუალები და მათი შესრულება გახდა. ეს ხშირად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რასაც რელიგია გვასწავლის. თავად შევსწრებივარ მორწმუნეთა ინტერესს წვრილმანებისადმი; მაგალითად, კურთხევისას ღვინის ბოთლს თავსახური ახადონ თუ არა. მათთვის მთავარი ეს თავსახურია, საკურთხის მრავალფეროვნება, სანთელის ბოლომდე ან სანახევროდ ჩაწვა და ა.შ.