Monday, January 6, 2014

ორშაბათის გამოფენა

მთელი დღეა (იქნებ ორიც), ერი მამა გაბრიელის საფლავთან არსებულ გრძელ რიგზე მსჯელობს – დასცინის ან იცავს სურვილების ასასრულებლად მოგროვილ ხალხს. ჩემი პოზიცია უკვე გამოვთქვი იქ, სადაც ისტერია არ ცხრება, აქ კი სხვა მიზნით გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა – ყველაფერმა რეტაბლოები გამახსენა. თან დღეს ორშაბათიც არის (მით უმეტეს, შობის წინა) და გადავწყვიტე, პატარა გამოფენა მოვაწყო – ბლოგის ტრადიცია აღვადგინო.

რეტაბლო – ეს არის რთული არქიტექტურული–ფერწერული კომპოზიცია, რომელიც ტაძრებშია განლაგებული და მოიცავს როგორც ფერწერას, ისე სკულპტურას. რეტაბლოებზე გამოსახავენ წმინდანებს და რელიგიურ სიუჟეტებს. რეტაბლოს ისტორია მე-14 საუკუნის ესპანეთში იწყება, მოგვიანებით ლათინურ ამერიკაში გავრცელდა და შეიძლება ითქვას, ხალხურ შემოქმედებად იქცა:

ლათინოამერიკული რეტაბლოები (Retablos), იგივე ექს-ვოტოს (ex-votos)  – ეს არის ნახატები, რომლებიც წმინდანებს ეძღვნებათ. მათ ხატავენ მადლიერების ნიშნად – როდესაც ადამიანების ცხოვრებაში ხდება რაიმე სასწაული, რაც უკავშირდება განკურნებას, საფრთხისგან გადარჩენას ან სურვილის ასრულებას. ნახატს ყოველთვის ერთვის ტექსტი, რომელშიც ახსნილია რეტაბლოს შინაარსი და წერია, თუ რომელ წმინდანს უხდიან მადლობას. 

რეტაბლოები ალბათ მილიონობით არსებობს და ბლოგზე ყველას გამოფენას, ცხადია,  ვერ შევძლებ; ამიტომ გიზიარებთ ბმულს, სადაც ისინი დახარისხებულია თემების თუ წმინდანებისადმი მიძღვნის მიხედვით. ჩემი გამოფენა კი ეძღვნებათ მათ, ვინც აღმსარებლობის მიუხედავად არ ქილიკობს სხვების რწმენაზე, თუნდაც ასეთ ფერადზე, ნაივურსა და ყოფითზე; აგრეთვე მათ, ვისაც რეტაბლო, უბრალოდ როგორც არტი, დააინტერესებთ.

აქ გადმოვიტან:
ფრიდა კალოს რეტაბლოს, რომელიც ფანქრით არის შესრულებული;
ვირების გადარჩენის ამბავს, რადგან მგონია, რომ ადამიანი რომელიც ვირების გამოჯანმრთელებისთვის იხდის მადლობას, ჰუმანურია;
და რაკი შობის ღამეა, რეტაბლო საშობაო თემაზე – მერე რა, რომ ვალების გასტუმრების სამადლობელია.


Thursday, January 2, 2014

2014

ყოველთვის დროულად ვწერდი საახალწლო პოსტს, მაგრამ 2 იანვარსაც არა უშავს:)

გილოცავთ, ერთგულო ნაცნობო და უცნობო მკითხველებო!
მართალია, ბოლო დროს აქტიურად ვეღარ ვწერ, მაგრამ აქაურობას ისევ ვირტუალური სახლი ჰქვია და  სტუმრების გამოჩენა მიხარია:)

ბედნიერი წელი გქონოდეთ, ჯანმრთელები და წარმატებულები იყავით; კარგ იდეებს გისურვებთ და შესაძლებლობებს ამ იდეების განსახორციელებლად!