Thursday, May 26, 2011

დამოკიდებულებისათვის

ვგმობ ყველა გადაწყვეტილებას და მოქმედებას, რომელიც გულისხმობს რუსეთის ხელქვეითობას, წარსულში დაბრუნებას.
ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას.
დიდი იმედი მქონდა, ე. წ. პოლიტიკოსებს ცოტაოდენი პასუხისმგებლობის გრძნობა მაინც ექნებოდათ შერჩენილი იმისთვის, რომ მათ გვერდით მდგომი ხალხი საფრთხეში არ ჩაეგდოთ. არ მომწონს არცერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა რუსეთზე დამოკიდებულების აღსადგენად, შესაბამისად, არც ასეთნაბიჯგადადგმული ადამიანების მიერ გამართულ აქციას ვგულშემატკივრობდი;
თუმცა:
მე არ მინდა, ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრისთვის შეიძლება უმოწყალოდ სცემონ, დააშინონ, დააპატიმრონ.
აუტანელია ამ ჩანაწერის ნახვა, სადაც ჩანს, აბსოლუტურად დამორჩილებულ ადამიანებს, ხელებგაკრულებს, მათ შორის ასაკოვნებს, როგორ ურტყამენ პოლიციელები. აქ გადაღებულია, როგორ ამტვრევენ პოლიციელები მოქალაქის მანქანას. ინტერნეტში მოიპოვება უამრავი კადრი, რომლებზე ასახული მოქმედებაც ნიშნავს არა მომიტინგეთა დაშლას, არამედ მათზე ძალადობას. მათი ნახვის შემდეგ ვფიქრობ, რომ სრულიად გაკონტროლებულ ციხეებში შეიძლება იძალადონ პატიმრებზე და ის ინფორმაციები, რაც ხანდახან ვრცელდება სხვადასხვა ინტერნეტსაშუალებით, სიმართლეს შეესაბამება. ამას ვფიქრობ, რადგან პოლიციელები აღნიშნული ჩანაწერებიდან დასჯის მოთხოვნილებით და უპირატესობის განცდით სავსეები ჩანან. ვცდებოდე, ნეტა.
არ მინდა, ფორმიანი ადამიანების მიმართ უნდობლობას ვგრძნობდე; საქართველოში პოლიციელი მოძალადესთან გაიგივდეს.
ზემოთ მოტანილი კადრების ნახვის შემდეგ შემეშინდა მომავალი თაობის, რომელსაც ეს ახალგაზრდები ზრდიან ან აღზრდიან.

დავიჯერებ, რომ ჩვენს ქვეყანას შეიძლება უკეთესი მომავალი ჰქონდეს, თუ მოძალადეები, ყველა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერთან ერთად, დანაშაულისა და კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

დიდი იმედი მქონდა, რომ ამ დამოუკიდებლობის დღეს საკმაოდ სასიამოვნო გეგმებს განვახორცილებდი – წავიდოდი წიგნის ფესტივალზე, რომელსაც ასე ველოდი, დავკავდებოდი სხვა კარგი საქმეებით. ამის ნაცვლად დღე გავატარე შინ, ნანახით შოკირებულმა და ზოგიერთი ადამიანის დამოკიდებულებით გაღიზიანებულმა. ჩემთვის გაუგებარია ქილიკი მომხდარზე, რადგან ეს ჩვენს მომავალზე ქილიკსაც ნიშნავს. პატივს ვცემ ყველა ადამიანს, რომელმაც არ დაკარგა ადამიანობა.
და ბოლოს,
იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ არის ქვეყანა, სადაც პოზიციის დაფიქსირება საშიშია.
მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც მიტინგი არავისთვის იქნება დღიური სამუშაო;
სადაც პოლიტიკოსები ხალხის ზურგს სკამზე ასაბობღებლად აღარ გამოიყენებენ და მხოლოდ ამ პროცესის (აბობღების) დროს არ გაახსენდებათ მათი არსებობა;
სადაც პირად საუბრებში არ იმსჯელებენ იმაზე, რომ მიზნის მისაღწევად 100 ან 1 ადამიანის სიკვდილიც კი დასაშვებია (სამწუხაროდ, დღეს ადამიანები გარდაიცვალნენ);
სადაც ხალხი არ იქნება მარიონეტი;
სადაც ვიზეიმებთ დამოუკიდებლობის დღეს.

------
ამ ჩანაწერში მოზარდს სცემენ. მოგვიანებით ვნახე.

9 comments:

Nina Gorecki said...

წადი წიგნის ფესტივალზე, მოუსმინე კარგ მუსიკას, უყურე კარგ ფილმს და ნუ იქნები მარიონეტი :)

Keti said...

ვაპირებ ფესტივალზე წასვლას :) იმედია, არასდროს ვიქნები.

Rode said...

ქეთ, შენზე მეტად გულგრილი აღმოვჩნდი. სწრაფად დავივიწყე ეს ყველაფერი და წიგნის ფესტივალით დავტკბი, არ მინდოდა ამეებზე ფიქრი...

Janri Gogeshvili said...

გაიხარე…
ნათელი და ჯანსაღი შენიშვნაა…
ღმერთმა გაგაძლეროს…
პატივისცემით…

Keti said...

* როდე, მესმის. მე ვერ შევძელი..


* იხარეთ, ბატონო ჯანრი...
გმადლობთ!

Toma said...

rogor gamexarda am postis cakitxva neta icode!

Keti said...

ტომა...

Lord Vader said...

გილიოტინა! გილიოტინა გაგვათავისუფლებს ჩვენ!

Keti said...

:(
არ ვიცი, რა გაგვათავისუფლებს..