Wednesday, February 25, 2009

რეკორდსმენები

ბოლო დროს, რაც სამსახურში, ზღვის მსგავს არქივში თავით გადავეშვი, საღამოობით თუ ვფიქრობ რაიმე ლიტერატურულზე (თუმცა, ზღვაშიც საკმაოდ ხშირად მხვდება თევზი – სახელად "ლიტერატურა") და როცა ამ ყველაფერს "კოჭებში ეტყობა", რომ ბლოგზე დასაწერადაც გამოდგება, სწორედ მაშინ, შინ ინეტი არ მაქვს. აი, ამ დღეებში მქონდა კოხტაკოჭა ფიქრები, მაგრამ რად გინდა – გამეფანტნენ :))
სამაგიეროდ, დღევანდელზე დავწერ. ასეთი რამ წავიკითხე:
ერთ ფორუმში, ბოლო წლებში ასე თუ ისე პოპულარულ პოეტს უთხრეს, რომ შეუძლებელია , "ერთი და იგივე დონეზე 3, 4, 5 წლის განმავლობაში" მკითხველს ერთი ავტორი მოსწონდეს, "რადგან მკითხველი დინამიურია"; რომ ავტორი მოდიდან გადადის.
ვფიქრობ, ამის თქმა ნებისმიერი ავტორისთვის გვარიანი "შემოლაწუნებაა" გამოფხიზლების მიზნით.
პუნქტებით მივყვები (აქვე ვიტყვი, ამაზე არაერთხელ მიფიქრია, უბრალოდ , ღიად დაფიქსირებულმა დიალოგმა მიბიძგა – აზრი ხმამაღლა გამომეთქვა).
მკითხველის დინამიურობა – ეს ისეთივე ბუნებრივია, როგორიც ალბათ, ავტორის დინამიურობა უნდა იყოს. მკითხველი გამუდმებით იზრდება – ავსებს მასში არსებულ სიცარიელეს და მერე (იმ თამაშისა არ იყოს, ბოლო დღეებში რომ ვერთობოდი), ავსებულის სანაცლოდ ახალი, ამოსავსები სიღრმეები უჩნდება. ავტორიც – თავისთავად, მკითხველია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თავადაც ქმნის და სწორედ ამიტომ, ალბათ გაცილებით მეტი მოეთხოვება (დავარქვათ თამაშის შემქმნელი:) ).
ვიდრე ვინმეს შემოქმედება საკმარისია არსებული სიღრმის ამოსავსებად, ის გამუდმებით კითხვადია, მაგრამ თუ წლების მანძილზე მკითხველის გემოვნება და შესაბამისად, მოთხოვნებიც იცვლება... რჩება პატივისცემა/სიყვარული და განწყობის მიხედვით მიბრუნება იმასთან, რაც ავტორმა დატოვა.
სპორტსმენები გამახსენდნენ, რომლებიც საკუთარ რეკორდს ხსნიან...
ავტორი, რომელიც ცდილობს, გაიზარდოს: პირველ რიგში თავად განიცდის სიამოვნებას ახალი მიღწევით და თან, მუდმივად საინტერესოა სხვებისთვისაც. სხვა საქმეა, რა სიმაღლე ითვლება მისთვის ამა თუ იმ ეტაპზე სარეკორდოდ, მაგრამ მთავარია, ამ ეტაპობრივ ნიშნულებს ხედავდეს და ძლევდეს. ისე, ერთ არც თუ მშვენიერ დღეს, მკითხველი ეტყვის, რომ უკვე მასზე წინ გარბის და ხელს დაუქნევს.
რაც შეეხება მოდიდან გადასვლას. აქ საქმე ცოტა რთულად არის. ორმხრივად რთულად: ერთი სირთულე ავტორებს ექმნებათ, მეორე – მოდას აყოლილ მკითხველებს. ლიტერატურაში მოდაზე საუბარი, ჩემი აზრით, პირდაპირი მინიშნებაა სნობურ დამოკიდებულებაზე. ის, ვინც მოდის მიხედვით არჩევს საკითხავს; მოდის მიხედვით ასახელებს გვარებს – შიში აქვს, რომ ჩაიღიმებენ, თუ ხმაურიან სახელებს არ ახსენებს (ლიტ.საიტებზე ძირითადად ხომ ასე ხდება კომენტარების წერა:) ); კითხულობს "რეცენზიებს", ან ყურადღებით ისმენს კულუარებში გამოთქმულ აზრს, რომ მსგავსის გამოთქმა შეძლოს თავადაც, ვერასდროს იქნება კარგი მკითხველი. თავის მხრივ, ავტორი, რომელიც მკითხველზე "მორგებას" ცდილობს – წერს იმას, რაც პოპულარულს, "ცნობადს" გახდის, ვერასდროს შექმნის რაიმე ღირებულს; ვერ იქნება ის რეკორდსმენი, რომელიც ბარიერს სიმაღლეს უმატებს და ცდილობს, ზურგით გადაევლოს.
თუმცა, არიან ავტორები, რომლებიც შემოქმედების დასაწყისში ცდილობენ, ყურადღება მიიქციონ, მაგრამ მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის ადამიანები ახერხებენ ლავირებას და სწორი კურსის შენარჩუნებას..

ასე, თუ ისე, ნებისმიერი ავტორის შემოქმედება საბოლოოდ ფოტოგრაფიას ემსგავსება – შეჩერებული წამია – თანადროული ეპოქით, სცენებით, მოქმედი გმირებით, კონტრასტებით...
ოღონდ, კადრად მაშინ ფიქსირდება, როცა ზრდას წყვეტს.
მოკლედ, სასურველია, კადრმა რეკორდსმენის სახე შემოინახოს:)

"შესთავაზე მკითხველს რამე ახალი".
დავამატებდი – რაიმე, ოღონდ გააზრებულად ახალი.
წარმატება ყველას.

3 comments:

nati kuda said...

მაგისთვის პატარა ბლოკნოტი და კალამი ან ფანქარი.. და ჩაინიშნავს ინტერნეტის მოსვლამდე :)
დინამიურობაზე კი რა გითხრა.. ერთიდაიგივე წიგნს ორჯერ არ ვკითხულობ არასდროს, არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, ამიტომ თუ რამე მომეწონა, კარგად მამახსოვრდება :)
დინამიურობა უფრო ჟანრებს ახასიათებთ ალბათ.

Sophie שרה Golden said...

მე ყველაზე მეტად ის მომეწონა, როგორ დეგრადირდება მწერალი, თუ შეიძლება ასე ვთქვა, როდესაც მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ზოგჯერ/ხშირად მასა ისეთ რაღაცას აწერინებს, რასაც წლების მერე კი არა, ხვალაც აღარავინ წაიკითხავს. ამაზე გამახსენდა, მეგობართან მქონდა კამათი, მირჩევნია ჩემი ბლოგი ორიოდე პიროვნებამ წაიკითხოს, ვიდრე მილიონმა პირმა, ხომ ხვდები, ხშირად ბლოგები არაფერს ამბობენ, წაიკითხავ, ოქეი და მერე აღარ გახსოვს. მე კიდევ წიგნიც, ბლოგიც, ფილმიც ისეთი მინდა, რომ დამაფიქროს და შთამაგონოს. აი ამ პოსტივით, რამდენი დამაწერინა :) გმადლობ, ქეთი!

Keti said...

ნათი, ბლოკნოტთან ვერ ვმეგობრობ, მითუმეტეს, როცა წერილს ვწერ. თანაც, რასაც ბლოგზე ვაქვეყნებ, ახალი პოსტის გრაფაშივე ვკრეფ ხოლმე. ჩვევად მექცა :)
აი, მე მიყვარს მიბრუნება, ლექსებთან მითუმეტეს. ამაზე კარგს ან ცუდს ვერ ვიტყვი, ეს ალბათ ინდივიდუალურია..
გმადლობ :)

სოფი, მეც ასე ვფიქრობ. ცნობილი ფრაზით თუ ვიტყვი: მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა :) და ხარისხი, თავის მხრივ , არაერთ კომპონენტს მოიცავს. მადლობა შენ! შენი პოსტები ყოველთვის მაფიქრებენ და სამსჯელოდ განმაწყობენ. ასევე – კომენტარები..