Showing posts with label ფესტივალი. Show all posts
Showing posts with label ფესტივალი. Show all posts

Monday, December 7, 2015

თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი

მეორე ნაწილი
(იხ.: პირველი ნაწილი)
ტექსტი შეიძლება შეიცავდეს სპოილერებს.
 


4 დეკემბერი:
„პაულინა“ (Paulina /La Patota) (2015)
ქვეყანა: არგენტინა /ბრაზილია/საფრანგეთი
რეჟისორი: სანტიაგო მიტრე (Santiago Mitre)

პაულინა წარმატებული ადვოკატია, თუმცა უარს ამბობს კარიერაზე და, მამისა და ბოიფრენდის წინააღმდეგობის მიუხედავად, არგენტინის ღარიბ რეგიონში სოფლის მასწავლებლად მიდის, სადაც ის სხვისთვის განკუთვნილი შურისძიების მსხვერპლი ხდება – აუპატიურებენ. მოძალადეებს შორის მისი მოსწავლეებიც არიან. პაულინა უარს ამბობს დამნაშავეების დასჯაზე, თუმცა მამის ჩარევის შედეგად, რომელიც გავლენიანი მოსამართლეა, ეს ხალხი ისჯება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ბოლომდე ვიყავი ჩართული, დარბაზი უკმარისობის განცდით დავტოვე. პაულინას გადაწყვეტილების მისეული ახსნა მაღალზნეობრივი გადმოსახედიდან გაკეთებულ ბანალურ განაცხადად აღიქმება, რომელსაც გაცილებით „მიწიერი“ მოსაზრებები (მამის, მეგობარი მასწავლებლის, ბოიფრენდის, დეიდის, ვივის) უპირისპირდება. 

6 დეკემბრის ფილმები:
ქვეყანა: ისლანდია /დანია
რეჟისორი: გრიმურ ჰაკონარსონი (Grímur Hákonarson)

ყველაზე „ჩემი“ ფილმი წლევანდელ ფესტივალზე ნანახ ფილმებს შორის. ფილმი ეხება ისლანდიის მთიანეთში მცხოვრებ ფერმერ ძმებს – კიდის და გუმის, რომლებიც 40 წელია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ძმების ცხოვრების საზრისს ცხვრის ფარა წარმოადგენს – ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან საუკეთესო ცხვრების გამოყვანაში. ძმების ერთადერთი დამაკავშირებელი ძაღლია, რომელიც წერილებს დაატარებს მათ შორის; მაგრამ ყველაფერი იცვლება, როგორც კი ფერმერებს საყვარელი საქმის კეთებას უკრძალავენ, როცა აიძულებენ, საკუთარი ხელით გაანადგურონ ყველაფერი, რაც მანამდე შეუქმნიათ. კომედიური მომენტებით გაჯერებულმა ამ დრამამ საბოლოოდ ისე იმოქმედა, რომ ძლივს გამოვაღწიე დარბაზიდან. არ ვაჭარბებ. ძალიან ბევრი სასოწარკვეთაა ამ ადამიანების ქმედებებში. ეს არის გადარჩენის იდეის გამო ბრძოლა მაშინ, როცა იმედი უზომოდ ცოტაა, როცა გრძელვადიანად არაფერია გათვლილი, როცა მთავარია ის, რომ შენი არსებობის საზრისის მცირე ნაწილი მაინც დარჩეს ცოცხალი და მასთან ერთად გააგრძელო სიცოცხლე. ისლანდიის პეიზაჟები ცალკე აღნიშვნას იმსახურებს.


ქვეყანა: ირანი
რეჟისორი: ამირ-ჰოსეინ საღაფი (Amir-Hossein Saghafi)

* ფილმი, რომელშიც სულ წვიმს:)
* ფილმი, რომელსაც რეფრენად გასდევს მონოლოგი შინაარსით: მასთან ყოფნა არ ისურვეს, მისი ლოცვა ვერ გაიგეს, ყველგან სიბნელეა გარდა ცისა.
* ფილმი, რომელზეც მოვიწყინე. ალბათ „ცხვრების“ მერე რომ ვნახე, ამანაც იმოქმედა. ეს განსხვავებული ესთეტიკის ფილმია, უნდა აღიქვა, როგორც პოეზია. თუმცა ეს არ იყო „ჩემი“ პოეზია. 

 
ფილმი ეხება მამა-შვილის ურთიერთობას და შეიძლება განზოგადდეს, როგორც მამებსა და შვილებს შორის აღმართული კედლის შესახებ მოთხრობილ ამბად. ერთ მხარეს არიან მშობლები, რომლებსაც არ სურთ მარტოობა, არ აძლევენ შვილებს მათი ფრთების საფარველიდან გასვლის საშუალებას და მეორე მხარეს – შვილები, რომლებსაც სურთ და უფლება აქვთ, თავისი ცხოვრება ჰქონდეთ – უბადრუკი, მაგრამ მაინც თავისი – და ამის გამო ტოვებენ მამისეულ სახლს. აქ ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს. თანაბრად ვუთანაგრძნე სიკვდილის გზაზე დამდგარს და მას, ვინც იგივე გზაზე დადგომამდე საკუთარი ცხოვრების გავლას ითხოვს.


ჯამში, ამ ფესტივალის სამი ფილმი, რომლებიც ძალიან დამამახსოვრდა, არის:
1. "ცხვრები", 2. "შორიდან", 3. "აღთქმადადებული ქალწული".


რაც შეეხება ზოგადად ფესტივალს: როგორც ადრე, ახლაც არ ბრწყინავდა ქართულენოვანი სუბტიტრების ხარისხი: იყო ცუდი თარგმანი უამრავი შეცდომით; იყო შემთხვევა, როცა სუბტიტრების ჩართვა ვერ მოახერხეს და, საბოლოოდ, ფილმი 40 წუთის დაგვიანებით მხოლოდ ინგლისურენოვანი სუბტიტრებით ვნახეთ. მანამდე ბოდიშის მოხდით გვითხრეს, რომ შეგვეძლო ბილეთის ფულის დაბრუნება.
ერთი კომიკური მომენტიც: ბილეთების რიგში გამოირჩეოდა უშველებელი სიით მოსული ერთი ქალბატონი. „ამირანში“ იმ დღეს კომპიუტერის გაუმართაობის გამო ორივე სალარო
არ მუშაობდა და ამიტომ მთელი საათი ან მას ემსახურებოდნენ ან მიმდინარე საბავშვო ფილმისთვის მოსულებს. შვებით ამოსუნთქვის შემდეგ რიგში უნებლიე სიცილი გამოიწვია ამ ქალის მობრუნებამ დამატებითი ბილეთების შესაძენად. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. ეს ქალბატონი თავის ორ დაქალთან ერთად დაახლოებით 4 ფილმზე აღმოჩნდა ჩემ გვერდზე და წილად მხვდა ბედნიერება, მომესმინა ყველა ეპიზოდის განხილვა.
 

აქვე ერთი სურვილიც: რატომ არ შეიძლება რომელიმე კინოთეატრში თუნდაც პატარა დარბაზი დაეთმოს საავტორო ფილმებს ჩემნაირი მაყურებლებისთვის, ვინც კომპიუტერში უგემურად ნახულობს  ფილმებს, ან თითქმის ვერც ნახულობს სწორედ ამ უგემურობის გამო:( თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთგვარი შვებაა ჩემთვის. ასე რომ, ველი მეჩვიდმეტეს:)

Sunday, May 31, 2015

წიგნის ფესტივალ(ებ)ი - 2015

ტრადიციას არ ვღალატობ და წიგნის ფესტივალის ფოტოებით გამოვაცოცხლებ ბლოგს.
ამჯერად – მე-17: ოღონდ, შედარებით მცირეგამომცემლობებიანი და მცირესტუმრიანი, თანაც შესამჩნევად გაძვირებული წიგნებით. წელს ერთი ფესტივალის ნაცვლად ორი მივიღეთ – ერთი ტრადიციული და მანამდე, მაისშივე, ახალი – "წიგნი და მუსიკა". ორივე ფესტივალის შედეგად დამიგროვდა ეს წიგნები (რაც ძალიან მახარებს და ერთი სული მაქვს, წავიკითხო):
მიშელ უელბეკის "კუნძულის შესაძლებლობა",
მარიო ვარგას ლიოსას "ცუდი გოგოს ოინები",
ჰერმან ჰესეს "ზიდჰარტა",
ჯეფრი იუჯიდინისის "თვითმკვლელი ქალწულები",
ოვიდიუსის "მეტამორფოზები",
"ძველი ბერძნული პროზა",
ქსავიერ დე მესტრის "მოგზაურობა ჩემი ოთახის გარშემო",
დავით წერედიანის "სვანური სიმღერების კვალდაკვალ".











Wednesday, August 27, 2014

ქალაქი, სადაც ყველა ბედნიერია

ეს სათაურად გამოტანილი ფრაზა ერთი პატარა ლიტვური ქალაქის სლოგანია და არ მგონია, ცარიელი სიტყვები იყოს – ასე თავისუფლად თავის თანამოქალაქეებს თვალებში ნაცარს ვერავინ შეაყრის, ყოველ შემთხვევაში, ლიტვაში. ძალიან მინდა, ჩვენთანაც ასეთი მიზანი დაისახონ თვითმმართველმა ერთეულებმა და რაც მთავარია,  ეცადონ მიზნის მიღწევას. უტენას მუნიციპალიტეტი არა მხოლოდ ლიტვის მასშტაბით ითვლება წარმატებულად, არამედ ევროპის მუნიციპალიტეტების ტოპათეულშია შესული. მე რაც უკეთ გავიცანი, იყო ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკა (ლიტვაში სწორედ ამ ბიბლიოთეკის დირექტორის მიწვევით ჩავედი), რომელიც ჩვენი რეგიონების (და თუნდაც თბილისის საქალაქო) ბიბლიოთეკებისგან ცა და მიწასავით განსხვავდებოდა. პოეზიის ერთ-ერთი საღამოც ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც ასევე მოისმინეს ლექსები თარგმანების თანხლებით.

საჯარო ბიბლიოთეკა ძმებ ანტანას და მოთეუს მიშკინისების სახელს ატარებს – მათ შესახებ ქვემოთ გიამბობთ.შენობა აშენებულია ისე, რომ ქუჩიდან შეგიძლიათ დააკვირდეთ სამუშაო პროცესს. როგორც გვითხრეს, ეს გადაწყვეტილება ბიბლიოთეკის პოპულარიზაციისთვის მიიღეს. მკითხველების დაშვება ფონდთან თავისუფალია, აქვთ სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საჯარო ბიბლიოთეკა ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრია.
ბიბლიოთეკის დირექტორი ვიდა გარუნკსტიტე
ბოლო, დასკვნითი ღონისძიება იყო ანტანას მიშკინისის სახელობის პრემიის გადაცემა და პოეზიის საღამო, რომელიც ჩატარდა იუკნენაიში, უტენას რაიონში, ანტანას და მოთეუს მიშკინისების ლიტერატურულ-ეთნოგრაფიული სახლის ეზოში.
პრემია პრესტიჟულია და გაიცემა ყოველ წელს, მხოლოდ ლიტველ პოეტებზე. ანტანას მიშკინისი (1905–1983)  იყო ცნობილი ლიტველი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და პუბლიცისტი. ცხოვრების გარკვეული წლები რუსული ხელისუფლების წყალობით გადასახლებაში გაატარა. მისი ძმა მოთეუსი (1898–1974) გახლდათ ლიტერატურის კრიტიკოსი, მთარგმნელი და პედაგოგი.
ძალიან ლამაზ დასახლებაშია ჩადგმული მათი მოკრძალებული, ყვითელი სახლი. მოვიხიბლე როგორც ბუნებით, ისე სახლის ინტერიერით. მანამდე სულ მაინტერესებდა, როგორ იყო მოწყობილი ეს ტრადიციული სახლები. განსაკუთრებით მომეწონა სასტუმრო ოთახის ღუმელი, რომელიც ვერ გადავიღე ხალხმრავლობის გამო – საღამოს შემდეგ ამ სახლში  გვიმასპინძლა უტენას მერმა:


ქ. უტენას მერი ალვიდას კატინასი (პირველი რიგი, მარჯვნიდან მეოთხე) თავადაც პოეტია, დიდ ყურადღებას აქცევს მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებას და ხალხისგანაც სიყვარულს იღებს პასუხად, რაც ამ შეხვედრაზეც იგრძნობოდა


 სახლის მოკრძალებული, თუმცა მყუდრო ინტერიერი
ამ საღამოზე თითო ლექსი კვლავ ყველა სტუმარმა წავიკითხეთ; უცხოელებმა, ცხადია, თარგმანების თანხლებით. აქვე მინდა დიდი მადლობა ვთქვა ქართველი მთარგმნელების, ქალბატონების ნანა დევიძისა და ლიდია გიორგობიანის მიმართ. როდესაც ლექსები უცხოელ მსმენელში მოწონებას იმსახურებს, ვფიქრობ, ამაში კარგად შესრულებული თარგმანების დამსახურება დიდია. პოეზიის თარგმნა ხომ გაცილებით რთულია, ვიდრე პროზისა. თარგმანები ამ შემოდგომით დაიბეჭდება ერთ–ერთ ლიტვურ ჟურნალსა და ფესტივალისთვის სპეციალურად გამოცემულ ალმანახში.

სხვა რა შემიძლია ვთქვა... უამრავი წვრილმანია, რაც დარჩა ჩემს მოგონებებში: კადრები, რომლებიც გადავიღე და აქ არ დავდე; კადრები, რომლებიც მხოლოდ მზერამ აღიქვა და დაიმახსოვრა; გამოყოლილი ფერები, ხმები, სუნები, გემოები, კონკრეტული ადამიანების ამბები... ისე, ერთი პოსტი შეიძლება ამ თემასაც  მივუძღვნა. იმედია, დიდხანს აღარ გადავდებ :)


Wednesday, June 18, 2014

ცა

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ გინდა ქვეყანაზე რეალური წარმოდგენა შეგექმნას, დედაქალაქის ან რომელიმე მეგაპოლისის გარდა მის რეგიონებშიც უნდა იმოგზაურო, რადგან ასე უკეთ ხედავ ცხოვრების დონეს, ეცნობი ადგილობრივებსა და მათ წეს–ჩვეულებებს, უბრალო, ყოველდღიურ ამბებში მონაწილეობ და არ ხარ მხოლოდ მუზეუმების ან მაღაზიების სტუმარი. ისე მოხდა, რომ ჩემი მოგზაურობა ლიტვაში სწორედ ასეთი აღმოჩნდა, რამაც ძალიან გამახარა.

ვიდრე წავიდოდი, გუგლმეპით დავათვალიერე გზა, რომელიც უნდა გამევლო. რუკა სრულიად მწვანე და ტბებით სავსე სივრცეს მთავაზობდა. მაგრამ ვიდრე მიწაზე დავდგამდი ფეხს, იყო ცა. რომ მთხოვოთ სამი რამის ჩამოთვლა, რაც ჩემთვის ლიტვას ვიზუალურად გამოხატავს, ესენი იქნება: ცა, ტბა და მწვანე ფერი. ლიტვის ცით აბსოლუტურად მოხიბლული დავრჩი – არ ვიცი, ისე როგორ აგიღწეროთ, რომ ბანალურად არ ჟღერდეს. გისურვებთ, ნახოთ. უბრალოდ ვიტყვი, მიწიდან შეხედავთ თუ ციდან, ლიტვის ცა ღრუბლების უამრავი ფენის მიუხედავად ძალიან სუფთა და გამჭვირვალეა.

ცხადია, ცაში აღმოჩენის მიზეზიც უნდა ვთქვა: ლიტვაში, ქალაქ უტენაში, ორ წელიწადში ერთხელ იმართება პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი. წელს ის მეშვიდედ ჩატარდა. გასულ წლებში ფესტივალის ქართველი სტუმრები იყვნენ შალვა ბაკურაძე, დავით რობაქიძე, ბესო ხვედელიძე, დავით მაღრაძე, ნინო სადღობელაშვილი და მარიამ წიკლაური. წელს მე წავედი. ფესტივალის შესახებ მოგვიანებით მეტს მოვყვები, მანამდე ცის ამბები:

ორ აეროპორტში – თბილისსა და ვილნიუსში საპასპორტო გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა მგზავრობის მიზნის მოსმენის შემდეგ მკითხეს, ვიცოდი თუ არა ჩემი ლექსები ზეპირად:) მე, ზოგადად, არასდროს მიყვარდა ლექსების დასწავლა, მათ შორის საკუთარისაც. ვიცი მხოლოდ რამდენიმე მინიმალისტური ლექსი. ჰოდა ვთქვი პატიოსნად, რომ არ ვიცოდი. ამის შემდეგ ორივე თანამშრომელმა მთხოვა ჩემი წიგნის ჩვენება. საბედნიეროდ, წიგნი ხელბარგში მქონდა – მგონი ჩალაგებისას გულმა მიგრძნო, რომ დამჭირდებოდა და ჩავდე. ქართველმა თანამშრომელმა წაიკითხა რამდენიმე ლექსი და შთაბეჭდილებაც გამიზიარა კეთილი სურვილების დამატებით; აი, ლიტველმა ატრიალა, ფურცლა, კოლეგას აჩვენა და ბოლოს მოუწია, დაეჯერებინა, რომ ხელში ნამდვილად ჩემი წიგნი ეჭირა:) ამ მოგზაურობის შემდეგ ვფიქრობ, ერთი რომელიმე ლექსი სამგზავრო საჭიროებების გამო საგანგებოდ ხომ არ დავისწავლო:)

თბილისი ჩემი ფრთის ქვეშ :)
ცაში ორი წიგნის კითხვის დაწყებაც მოვასწარი – ერთი მათგანი მეგობარმა გამატანა, მეორე თბილისის წიგნის ფესტივალზე ვიყიდე სწორედ იმ დღეებში, როცა საჭირო საბუთებს ვაგროვებდი და მისი ცაში დამგზავრებაც მაშინ გადავწყვიტე. იმედია, ამ ორ წიგნზე შესაბამის ბლოგზეც დავწერ – ჯერ ვკითხულობ.

ვილნიუსის აეროპორტი
წამოსვლისას ერთ სახალისო ამბავს შევესწარი – ჩემი რეისის შავ-თეთრზოლებიან  მაისურში ჩაცმულმა მგზავრმა შეამჩნია, რომ მოსაცდელ დარბაზში სხვა "ზოლიანებიც" იყვნენ და ყველას შესთავაზა სამახსოვრო ფოტოს გადაღება. იდეა მაშინვე აიტაცეს და იყო ერთი მხიარულება:)

ზოლიანები აფრენამდე:)

პ. ს. ლიტვურ, მიწის ამბებს სავარაუდოდ ხვალიდან მოვყვები:)

Saturday, May 31, 2014

თბილისის წიგნის XVI ფესტივალი

დღეს ვფიქრობდი – მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალები მიყვარს, რეგულარულად და აუცილებლად მხოლოდ წიგნის ფესტივალზე დავდივარ ხოლმე. ბევრი წიგნი არ მიყიდია: ვონეგუტის, საიეშტადის, ფამუქის წიგნები, ასევე ფიროსმანის ალბომი საჩუქრად. რამდენიმე ახალი თარგმანიც მომეწონა, მაგრამ არც თუ მნიშვნელოვანი ფასდაკლება იყო, ამიტომ ეტაპობრივად ვიყიდი წლის მანძილზე. ისე კი, 50 თეთრიდან იწყებოდა ფასები. დადებითი თავისი უარყოფითით არის ის, რომ წლევანდელ ფესტივალს გასულ წლებთან შედარებით ბევრად მეტი ვიზიტორი ჰყავს და შესაბამისად, ფართი უკვე არასაკმარისია და არაკომფორტულიც – კონდიცირების მიუხედავად, ძალიან ცხელა და დახუთულია იქაურობა. ამ სიცხის გამო ჩემებურად გულდაგულ ვერ დავათვალიერე დახლები. კიდევ კარგია, რომ წელს უცხოელი ავტორებიც ჩამოვიდნენ სტუმრად, თუმცა მე ვერცერთ შეხვედრას დავესწარი.
ესაც ფოტოამბები:




საკმარისი იყო, ფანჯრიდან დამენახა და რუტინულ დღეს ახალისებდნენ ეს ჟირაფები – ამჯერად ფესტივალის სტუმრები ბრძანდებიან







ვახტანგ ჯავახაძე


უკვე წაკითხული და შეყვარებული წიგნების დანახვისას მინდოდა, თაროებთან შეჯგუფული ადამიანებისთვის მეთქვა, რომ ისინი აერჩიათ :)


Saturday, May 25, 2013

წიგნის ფესტივალი

ბოლო დროს, ფესტივალის მოახლოების გამო წიგნების ყიდვას თავს ვარიდებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაღაზიებში შერჩეული წიგნები ფესტივალზე აღარ ვიყიდე. წელს ისეთი რაციონალური ვიყავი, როგორც არასდროს. ბოლო წლის მანძილზე არაერთი კარგი თარგმანი გამოიცა, ყველასკენ გამირბის თვალი, მაგრამ ვიყიდე ის, რომელმაც გადახედვისას მიმიზიდა და ნამდვილად წავიკითხავ. ყველაზე მეტი ნობელიანტების წიგნებთან ვიტრიალე. სამუელ ბეკეტის "გოდოს მოლოდინში" სცენაზე მაქვს ნანახი და დღეს მისი აღმოჩენა გამიხარდა. ნობელიანტების სერიიდან ქენძაბურო ოეს მოთხრობების კრებულიც ავარჩიე. კიდევ მაქვს "ბაღის მცენარეები", რომელიც თავდაპირველ ფასთან შედარებით მართლაც საკვირველი ფასდაკლებით იყიდებოდა; ასევე: კოველერტის "წასვლა" და ჰერტმანსისა და კომრეის პოეტური კრებულები. ეს უკანასკნელები ადრე წამიკითხავს და კარგად მახსენდება. ჩემი ახალი წიგნების შესახებ, რა თქმა უნდა, "გზაში წაკითხულ წიგნებში" დავწერ და მოვყვები. ერთი შეხედვით მწირი შენაძენი მაქვს, მაგრამ გული არ მწყდება. დღეს რამდენიმე კარგი ადამიანის ნახვამაც გამახარა, საჩუქარიც მივიღე და, საბოლოო ჯამში, წლევანდელი ფესტივალიდან კმაყოფილი წამოვედი.
წლევანდელ ფესტივალზე სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ამბებიც აისახა: ბანერი  პავილიონის ცენტრში იდგა, ხოლო გამომცემლობა "ინტელექტმა" გაავრცელა სპეციალური გამოცემა "როგორ წავართვათ წიგნი ავტორსა და გამომცემელს" *
სერია, რომელიც მომწონს და ველი. თუმცა დღეს არაფერი შევმატე ჩემს წიგნებს. "ძარცვის" ყიდვას ვგეგმავდი, მაგრამ რომ გადავხედე, არ მიმიზიდა. ვნახოთ, მოგვიანებით თუ ვიყიდი
სტივენ კინგის წიგნების ყიდვაც მომავლისთვის გადავდე, როცა მათი წაკითხვა მომინდება
ნობელიანტების სერია
:)
__________
* წიგნში "როგორ წავართვათ წიგნი ავტორსა და გამომცემელს" თავმოყრილია ყველა იმ დოკუმენტის ასლი, რომლითაც გამომცემლებმა მიმართეს სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს, დაბრუნებული პასუხები, პრესაში და ელექტრონულ სივრცეში გავრცელებული ანალიტიკური  წერილები, სინქრონი სატელევიზიო გადაცემებიდან,  სოლიდარობის გამომხატველი გამოხმაურებები და სხვ. ძალიან მომეწონა პრობლემის გარშემო ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის კომპაქტურად შეკვრის და უფასოდ გავრცელების იდეა.  მკითხველისთვის ასე გაცილებით იოლია ანალიზის გაკეთება.  წიგნში აღნიშნულია, რომ მომდევნო გამოცემებში მოცემული იქნება სამართლებრივი ბრძოლის პერიპეტიები და ჟურნალისტური გამოძიებები. 

Sunday, May 27, 2012

P.S. : ფესტივალი

შეიძლება ითქვას, მთელი წლის საკითხავი მაქვს – ზოგი ადრე ნაყიდი წიგნი, ზოგიც ამ ფესტივალზე. დღეს კიდევ 2 მივამატე სიას. ერთ მათგანთან დაკავშირებით ასეთი ამბავი გადამხდა: წიგნი ქვედა თაროზე ჩალაგებულ სხვადასხვა თემატიკის და წლების გამოცემებს შორის ვიპოვე (არ დავწერ მაღაზიის სახელს); გადავხედე, დამაინტერესა. რა ღირს-მეთქი, ვეკითხები გამყიდველს. ეს სად იპოვეთო. ვიფიქრე, რაღაც დაკარგული ვნახე და უხარია. ამ თაროზე-მეთქი. გოგო კი აგრძელებს: ჩვენიაო? ბოლოს სიაში მოძებნა და ფასიც გავიგე. სანამ ვიყიდიდი, უცებ სხვა მსურველიც გამოჩნდა. მოკლედ, ეს მივიწყებული წიგნი ლამის აღმომჩენის სტატუსით პრივილეგირებულმა წამოვიღე შინ. ესპანურენოვანი ლიტერატურა ძალიან მომწონს, თითქმის ყველა თარგმანს ინტერესით ვეცნობი. ჰოდა, ეს ჩემთვის ახალი მწერალია – ასორინი. მგონი ფესტივალის შემდგომ კითხვის სეზონს მისით გავხსნი, წაკითხვის განწყობა აქა-იქ გადახედვამ უკვე შემიქმნა.

დღის ბოლოს დავესწარი ერთ კულინარულ წარდგინებას, კიდევ გავიარ-გამოვიარე და ეგ იყო. მორჩა ჩემი "წიგნის ფესტივალი 2012" და მასზე პოსტებიც.

Saturday, May 26, 2012

წიგნის ფესტივალი

უკვე მე-14. საოცრად სწრაფად გადის დრო. რაც ამ წლებმა ჩამომიყალიბა, ფესტივალზე მოლოდინის და სიხარულის განცდით წასვლაა. წელს, აპრილის მერე მაღაზიებში წიგნები აღარ მიყიდია – ეს საქმე ფესტივალისთვის გადავდე ფასდაკლებების იმედით. ამ მხრივ "დიოგენემ" გამოიჩინა თავი (40-50 %) და, შესაბამისად, ხალხმრავალი სტენდიც აქვს. უმეტეს სტენდთან ძირითადად 10-20 %–იან ფასდაკლებას გვთავაზობენ. ფესტივალის საინფორმაციო ბუკლეტი გვეუბნება, რომ პავილიონში 94 მონაწილეა. ეს რომ არ წამეკითხა, გაცილებით ნაკლებს ვივარაუდებდი, რადგან წინა წლებთან შედარებით თავისუფალი ფართი თვალში მოსახვედრია – როგორც ჩანს, განლაგების დამსახურებით. ასევე ცოტა მომეჩვენა დამთვალიერებელიც და პრეზენტაციებიც. ხალხის დიდი ნაწილი წლევანდელ საფესტივალო სიახლესთან – მაკულატურის შემგროვებელ პუნქტებთან იყო შეკრებილი. როგორც მოგვიანებით გავიგე, ამ ჩვენს კითხვის მოყვარულ ადამიანებს მხოლოდ ფიზიკური მოძველების გამო საკმაოდ კარგი გამოცემებიც ჩაუთვლიათ ნაგვად. პრიალა ყდები ხშირად ხომ უფრო თვალწარმტაცია.

რაც შეეხება ჩემს შენაძენს: ახალი თარგმანებიდან ვიყიდე პალანიკისა და ოსტერის წიგნები, ასევე ფამუქი, კუნდერა, კამიუ, ფოლკნერი. ჰო, კიდევ ფიროსმანის ნახატებიანი საყვარელი ბროშები, რომლებიც არ მგონია, დანიშნულებით გამოვიყენო, უბრალოდ, გვერდი ვერ ავუარე გულგრილად.

დღეს ასევე მინდოდა ყვავილების ფესტივალზე წასვლა და ვერ მოვახერხე; სიმართლე ვთქვა, ადგილმდებარეობის გამოც – სამხედრო აღლუმის მიმდებარედ მოწყობილმა გამოფენამ ისე აღარ მიმიზიდა. წიგნებს ხვალაც ვინახულებ. იქნებ რამე იპოვოს თვალმა – წასაკითხად ან ფოტოდ სასურველი.

ეს დღევანდელები: