Wednesday, August 27, 2014

ქალაქი, სადაც ყველა ბედნიერია

ეს სათაურად გამოტანილი ფრაზა ერთი პატარა ლიტვური ქალაქის სლოგანია და არ მგონია, ცარიელი სიტყვები იყოს – ასე თავისუფლად თავის თანამოქალაქეებს თვალებში ნაცარს ვერავინ შეაყრის, ყოველ შემთხვევაში, ლიტვაში. ძალიან მინდა, ჩვენთანაც ასეთი მიზანი დაისახონ თვითმმართველმა ერთეულებმა და რაც მთავარია,  ეცადონ მიზნის მიღწევას. უტენას მუნიციპალიტეტი არა მხოლოდ ლიტვის მასშტაბით ითვლება წარმატებულად, არამედ ევროპის მუნიციპალიტეტების ტოპათეულშია შესული. მე რაც უკეთ გავიცანი, იყო ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკა (ლიტვაში სწორედ ამ ბიბლიოთეკის დირექტორის მიწვევით ჩავედი), რომელიც ჩვენი რეგიონების (და თუნდაც თბილისის საქალაქო) ბიბლიოთეკებისგან ცა და მიწასავით განსხვავდებოდა. პოეზიის ერთ-ერთი საღამოც ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც ასევე მოისმინეს ლექსები თარგმანების თანხლებით.

საჯარო ბიბლიოთეკა ძმებ ანტანას და მოთეუს მიშკინისების სახელს ატარებს – მათ შესახებ ქვემოთ გიამბობთ.შენობა აშენებულია ისე, რომ ქუჩიდან შეგიძლიათ დააკვირდეთ სამუშაო პროცესს. როგორც გვითხრეს, ეს გადაწყვეტილება ბიბლიოთეკის პოპულარიზაციისთვის მიიღეს. მკითხველების დაშვება ფონდთან თავისუფალია, აქვთ სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საჯარო ბიბლიოთეკა ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრია.
ბიბლიოთეკის დირექტორი ვიდა გარუნკსტიტე
ბოლო, დასკვნითი ღონისძიება იყო ანტანას მიშკინისის სახელობის პრემიის გადაცემა და პოეზიის საღამო, რომელიც ჩატარდა იუკნენაიში, უტენას რაიონში, ანტანას და მოთეუს მიშკინისების ლიტერატურულ-ეთნოგრაფიული სახლის ეზოში.
პრემია პრესტიჟულია და გაიცემა ყოველ წელს, მხოლოდ ლიტველ პოეტებზე. ანტანას მიშკინისი (1905–1983)  იყო ცნობილი ლიტველი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და პუბლიცისტი. ცხოვრების გარკვეული წლები რუსული ხელისუფლების წყალობით გადასახლებაში გაატარა. მისი ძმა მოთეუსი (1898–1974) გახლდათ ლიტერატურის კრიტიკოსი, მთარგმნელი და პედაგოგი.
ძალიან ლამაზ დასახლებაშია ჩადგმული მათი მოკრძალებული, ყვითელი სახლი. მოვიხიბლე როგორც ბუნებით, ისე სახლის ინტერიერით. მანამდე სულ მაინტერესებდა, როგორ იყო მოწყობილი ეს ტრადიციული სახლები. განსაკუთრებით მომეწონა სასტუმრო ოთახის ღუმელი, რომელიც ვერ გადავიღე ხალხმრავლობის გამო – საღამოს შემდეგ ამ სახლში  გვიმასპინძლა უტენას მერმა:


ქ. უტენას მერი ალვიდას კატინასი (პირველი რიგი, მარჯვნიდან მეოთხე) თავადაც პოეტია, დიდ ყურადღებას აქცევს მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებას და ხალხისგანაც სიყვარულს იღებს პასუხად, რაც ამ შეხვედრაზეც იგრძნობოდა


 სახლის მოკრძალებული, თუმცა მყუდრო ინტერიერი
ამ საღამოზე თითო ლექსი კვლავ ყველა სტუმარმა წავიკითხეთ; უცხოელებმა, ცხადია, თარგმანების თანხლებით. აქვე მინდა დიდი მადლობა ვთქვა ქართველი მთარგმნელების, ქალბატონების ნანა დევიძისა და ლიდია გიორგობიანის მიმართ. როდესაც ლექსები უცხოელ მსმენელში მოწონებას იმსახურებს, ვფიქრობ, ამაში კარგად შესრულებული თარგმანების დამსახურება დიდია. პოეზიის თარგმნა ხომ გაცილებით რთულია, ვიდრე პროზისა. თარგმანები ამ შემოდგომით დაიბეჭდება ერთ–ერთ ლიტვურ ჟურნალსა და ფესტივალისთვის სპეციალურად გამოცემულ ალმანახში.

სხვა რა შემიძლია ვთქვა... უამრავი წვრილმანია, რაც დარჩა ჩემს მოგონებებში: კადრები, რომლებიც გადავიღე და აქ არ დავდე; კადრები, რომლებიც მხოლოდ მზერამ აღიქვა და დაიმახსოვრა; გამოყოლილი ფერები, ხმები, სუნები, გემოები, კონკრეტული ადამიანების ამბები... ისე, ერთი პოსტი შეიძლება ამ თემასაც  მივუძღვნა. იმედია, დიდხანს აღარ გადავდებ :)


2 comments:

Sophie שרה Golden said...

რაღაცნაირად შემაცია ამდენი სიმწვანის დანახვამ. მშვენიერი ფოტოებია, ცუდად არ მიიღო, უბრალოდ ისე დამღალა ამდენმა სიმწვანემ და სიცივემ, უმზეობამ...

რა ვიცი, არის იქ ბედნიერება, სადაც მზე იშვიათობაა?..

Keti said...

მუჰამედის არ იყოს, როცა მზე არ მოდის ჩვენთან, ჩვენ უნდა მივიდეთ მზესთან:)

მე ზუსტად ვიცი, რომ დიდხანს უმზეო მხარეში ვერ გავძლებ. თუმცა წელს რომ გვქონდა მზე, ასეთიც არ შემიძლია. აი ლიტველები კი, ალბათ ამიტომ ახსენებენ ძალიან ხშირად ლექსებში საულეს (მზეს)