Saturday, May 31, 2014

თბილისის წიგნის XVI ფესტივალი

დღეს ვფიქრობდი – მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალები მიყვარს, რეგულარულად და აუცილებლად მხოლოდ წიგნის ფესტივალზე დავდივარ ხოლმე. ბევრი წიგნი არ მიყიდია: ვონეგუტის, საიეშტადის, ფამუქის წიგნები, ასევე ფიროსმანის ალბომი საჩუქრად. რამდენიმე ახალი თარგმანიც მომეწონა, მაგრამ არც თუ მნიშვნელოვანი ფასდაკლება იყო, ამიტომ ეტაპობრივად ვიყიდი წლის მანძილზე. ისე კი, 50 თეთრიდან იწყებოდა ფასები. დადებითი თავისი უარყოფითით არის ის, რომ წლევანდელ ფესტივალს გასულ წლებთან შედარებით ბევრად მეტი ვიზიტორი ჰყავს და შესაბამისად, ფართი უკვე არასაკმარისია და არაკომფორტულიც – კონდიცირების მიუხედავად, ძალიან ცხელა და დახუთულია იქაურობა. ამ სიცხის გამო ჩემებურად გულდაგულ ვერ დავათვალიერე დახლები. კიდევ კარგია, რომ წელს უცხოელი ავტორებიც ჩამოვიდნენ სტუმრად, თუმცა მე ვერცერთ შეხვედრას დავესწარი.
ესაც ფოტოამბები:




საკმარისი იყო, ფანჯრიდან დამენახა და რუტინულ დღეს ახალისებდნენ ეს ჟირაფები – ამჯერად ფესტივალის სტუმრები ბრძანდებიან







ვახტანგ ჯავახაძე


უკვე წაკითხული და შეყვარებული წიგნების დანახვისას მინდოდა, თაროებთან შეჯგუფული ადამიანებისთვის მეთქვა, რომ ისინი აერჩიათ :)


Tuesday, May 27, 2014

გემი


ათ წლამდე ალბათ მილიონხუთასიათასჯერ წავიკითხე კაპიტან გრანტის შვილები. არ ვიცი, რა უფრო მიზიდავდა ამ წიგნში - გემით დედამიწის მეორე მხარეს გამგზავრებული ადამიანების ამბავი თუ ანდების თავზე მფრინავი კონდორები (გუშინ თბილისის ზოოპარკის გვერდზე ვოლიერში გამომწყვდეული კონდორის ფოტო ვნახე და გულში რაღაც ჩამწყდა. თან 50 წელია, თურმე აქ ცხოვრობს, ანდები ალბათ აღარც ესიზმრება). მერე მეზობელ, ჩემზე ბევრად უფროს გოგოს რაღაც წიგნი ჰქონდა, და მითხრა, წინა ცხოვრებაში მეზღვაური იყავიო, კაცი. ასეთი წიგნების უტყუარობა არ გაიშვას, მაგრამ, იმხანად ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო მეზღვაურ-კაცობა და გულის სიღრმეში ძალიანაც მსიამოვნებდა წინა ცხოვრებაზე ფიქრი. მერე კონსტრუქტორები მქონდა და რატომღაც უფრო მეტად გემს ვაწყობდი; წყლის საღებავებით ვხატავდი იალქნიან გემებს. სათამაშო გემიც მქონდა, ჩვენს აუზში ვუშვებდი და ვიყავი ბედნიერი. მერე ბევრი წელი გავიდა. და გავხსენი ბლოგი, რომელსაც გახსნის დღიდან ზღვის ფოტო ამშვენებს. იუთუბზე ატვირთულ მუსიკას, ისე მოხდა, რომ ყოველთვის გემების ფოტოს ვადებდი. ერთადერთი მაგნიტი, რომელიც მაცივარზე მივამაგრე, გემია და ბედის ირონიაა, რომ არასდროს მინახავს დიდი, გუგუნა გემი.



ნახატი: Emile Nolde - Sea with Violet Clouds and Three Yellow Sailboats (1946)

Sunday, May 4, 2014

ავტობიოგრაფიები

ყოველდღიურად ვკითხულობ ავტობიოგრაფიებს – მელნით თუ ფანქრით ნაწერს რვეულებში, ჟურნალის ფურცლებზე ან ქაღალდის ნაგლეჯებზე და ვფიქრობ:
ჩემს ავტობიოგრაფიას რამდენიმე ხაზზე დავატევ. ვერასდროს დავწერდი ჩემ შესახებ ასე ვრცლად, წინაპრებიდან მოყოლებული. ალბათ არ აღვწერდი მათ ხასიათებს და ჩემდამი დამოკიდებულებას, ჩემს ყველაზე მკვეთრ მოგონებებს, განწყობებს ადამიანების, მოვლენების მიმართ.

რაკი ახლა ბლოგპოსტში ვყვები მათ ამბავს, შედარებაც შესაფერი მექნება – ეს ადამიანები პრაქტიკულად ბლოგებს წერდნენ, საოცრად საინტერესოდ წასაკითხს და დღეს უკვე შეუფასებელს – ინფორმაციულობის თვალსაზრისით. მათი ჩანაწერებით ისტორიაზე შეიქმნი აზრს, უტყუარს, რადგან ისინი არ თვალთმაქცობენ. უმეტესად, იმდენად გულწრფელები არიან, რომ გაოცდები და იქნებ გაგეღიმოს კიდეც.

დღევანდელი ადამიანის „სივი“ უმშრალესია, როგორც დახეთქილი მიწა. ზედ მსგავსი ვერაფერი იხარებს. ერთადერთი, შეგიძლია წარმოიდგინო – თუ ფანტაზია არ გღალატობს, საქმეც არაფერი გაქვს, ან კონკრეტული ადამიანისადმი ინტერესი გამოძრავებს. გამონათებაა პირადი ბლოგები, რომლებზეც ხანდახან იმასაც ამბობენ – მოსაწყენიაო, მაგრამ საინტერესო ადამიანის მიერ დაწერილი პირადი ბლოგი ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მომავალში უკან მოხედვა და დაკვირვება მოუნდება. ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თანამედროვე მოქალაქეების შეხედულებებია და არა ის, რასაც მანქანა „მატიანე“ შემოინახავს. მთავარია, ადამიანებმა გულწრფელობა არ დაკარგონ და მე მგონია, რომ პირად ჩანაწერებში ისინი ძნელად პოზირებენ – ყოველთვის ჟონავს რეალობა.

ძველები გაცილებით გულწრფელები იყვნენ და გულანთებულები – ეს სიტყვა მათ ძალიან შეეფერებათ. ასევე აღსანიშნია, რომ ეს ადამიანები წერენ იმ ენით, რომელზეც მეტყველებენ. არ დაგიდევენ სტილსა და სხვა გამართულობებს. კალამი მათთვის მხოლოდ ხმაა, რომელიც თავისუფლად უნდა ამოუშვა. წერისას თავს კარგი მსმენელის წინაშე გრძნობენ; მასთან, ვისაც აინტერესებ და საათზე არ იყურება. იმდენად ცოცხალია ეს ნაწერები, რომ საკმარისია, ავტორის პორტრეტიც გქონდეს ნანახი და შენც მის გვერდით აღმოჩნდები. ნაწერს ყოველთვის ეტყობა აღელვება – ტონის მომატება, ან პირიქით, სიმშვიდე და გაწონასწორება.

„ელექტრონი ჩაქრა. დაბნელდა“, –  ამბობს ეკატერინე გაბაშვილი. ვეღარ გააგრძელებს წერას. მოდი და ნუ წამოდგები სკამიდან მასთან ერთად.
იოველ გამრეკელი წერს: „ყველაფრის აღწერა, რაც კი გადამხდა საზოგადოთ ცხოვრებაში და კერძოთ სამსახურის დროს, მიმაჩნია მეტად“, – არადა უშველებელი ჟურნალის ფურცლები შეუვსია დეტალური თხრობით. მისთვის ეს მცირეა, ჩვენთვის?..