Sunday, May 4, 2014

ავტობიოგრაფიები

ყოველდღიურად ვკითხულობ ავტობიოგრაფიებს – მელნით თუ ფანქრით ნაწერს რვეულებში, ჟურნალის ფურცლებზე ან ქაღალდის ნაგლეჯებზე და ვფიქრობ:
ჩემს ავტობიოგრაფიას რამდენიმე ხაზზე დავატევ. ვერასდროს დავწერდი ჩემ შესახებ ასე ვრცლად, წინაპრებიდან მოყოლებული. ალბათ არ აღვწერდი მათ ხასიათებს და ჩემდამი დამოკიდებულებას, ჩემს ყველაზე მკვეთრ მოგონებებს, განწყობებს ადამიანების, მოვლენების მიმართ.

რაკი ახლა ბლოგპოსტში ვყვები მათ ამბავს, შედარებაც შესაფერი მექნება – ეს ადამიანები პრაქტიკულად ბლოგებს წერდნენ, საოცრად საინტერესოდ წასაკითხს და დღეს უკვე შეუფასებელს – ინფორმაციულობის თვალსაზრისით. მათი ჩანაწერებით ისტორიაზე შეიქმნი აზრს, უტყუარს, რადგან ისინი არ თვალთმაქცობენ. უმეტესად, იმდენად გულწრფელები არიან, რომ გაოცდები და იქნებ გაგეღიმოს კიდეც.

დღევანდელი ადამიანის „სივი“ უმშრალესია, როგორც დახეთქილი მიწა. ზედ მსგავსი ვერაფერი იხარებს. ერთადერთი, შეგიძლია წარმოიდგინო – თუ ფანტაზია არ გღალატობს, საქმეც არაფერი გაქვს, ან კონკრეტული ადამიანისადმი ინტერესი გამოძრავებს. გამონათებაა პირადი ბლოგები, რომლებზეც ხანდახან იმასაც ამბობენ – მოსაწყენიაო, მაგრამ საინტერესო ადამიანის მიერ დაწერილი პირადი ბლოგი ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მომავალში უკან მოხედვა და დაკვირვება მოუნდება. ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თანამედროვე მოქალაქეების შეხედულებებია და არა ის, რასაც მანქანა „მატიანე“ შემოინახავს. მთავარია, ადამიანებმა გულწრფელობა არ დაკარგონ და მე მგონია, რომ პირად ჩანაწერებში ისინი ძნელად პოზირებენ – ყოველთვის ჟონავს რეალობა.

ძველები გაცილებით გულწრფელები იყვნენ და გულანთებულები – ეს სიტყვა მათ ძალიან შეეფერებათ. ასევე აღსანიშნია, რომ ეს ადამიანები წერენ იმ ენით, რომელზეც მეტყველებენ. არ დაგიდევენ სტილსა და სხვა გამართულობებს. კალამი მათთვის მხოლოდ ხმაა, რომელიც თავისუფლად უნდა ამოუშვა. წერისას თავს კარგი მსმენელის წინაშე გრძნობენ; მასთან, ვისაც აინტერესებ და საათზე არ იყურება. იმდენად ცოცხალია ეს ნაწერები, რომ საკმარისია, ავტორის პორტრეტიც გქონდეს ნანახი და შენც მის გვერდით აღმოჩნდები. ნაწერს ყოველთვის ეტყობა აღელვება – ტონის მომატება, ან პირიქით, სიმშვიდე და გაწონასწორება.

„ელექტრონი ჩაქრა. დაბნელდა“, –  ამბობს ეკატერინე გაბაშვილი. ვეღარ გააგრძელებს წერას. მოდი და ნუ წამოდგები სკამიდან მასთან ერთად.
იოველ გამრეკელი წერს: „ყველაფრის აღწერა, რაც კი გადამხდა საზოგადოთ ცხოვრებაში და კერძოთ სამსახურის დროს, მიმაჩნია მეტად“, – არადა უშველებელი ჟურნალის ფურცლები შეუვსია დეტალური თხრობით. მისთვის ეს მცირეა, ჩვენთვის?..

6 comments:

Lord Vader said...

გულწრფელად მეეჭვება ავტობიოგრაფიის გულწრფელობისა :) გინდ ძველისა, გინდ ახლისა.

Keti said...

პირადი ბლოგებისაც?

აუ, ის ძველები მაინც სულ სხვაა. ისეთებს წერენ, არ შემიძლია, არ დავუჯერო. თუ ცოტას ალამაზებს ავტორი, ეგაც ეტყობა ხოლმე :)

Toma said...

ar vici ratom magram mgonia rom adamianebi vinc tavis avtobiografias tavad ceren, tavis tavze shekvarebuli, tavis tavis mnishvnelobashi uazrod darcmunebuli xalxi arian.

Keti said...

არ ვიცი,
თუმცა ალბათ უნდა დავაკონკრეტო რა სახის ავტობიოგრაფიებს ვკითხულობ – ისინი დაწერილია ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის შემდგენელის თხოვნით. ანუ, უმეტეს მათგანს შესაძლოა თავისი ინიციატივით არც მოეთხრო საკუთარი თავის შესახებ.

Lord Vader said...

გააჩნია რა შემთხვევაში.
რამე ნეიტრალური პირადი პოსტი ერთია და თუ ბლოგერი რამე კონფლიქტურ სიტუაციას აღწერს მისი მონაწილეობით, ცხადია, ვერ ვენდობი :)
აბა რომელი მხატვარი უყვარს, რომელი მწერალი და ვაკის პარკი ურჩევნია თუ მუშტაიდი, ეგ სანდოა... და მანდაც კიდევ ბოლომდე სანდო არაა. მკითხველზე ფიქრობს და ან ცდილობს მათ გემოვნებას მოერგოს ან პირიქით - დაუპირისპირდეს და რამე პიზ*ინტელექტუალი გამოჩნდეს. :))

Keti said...

კონფლიქტური სიტუაციებში კი, მაგრამ სხვა შემთხვევებში არ მგონია ყველა მკითხველების თვალში შესაქმნელ იმიჯზე ფიქრობდეს :))