Tuesday, May 27, 2014

გემი


ათ წლამდე ალბათ მილიონხუთასიათასჯერ წავიკითხე კაპიტან გრანტის შვილები. არ ვიცი, რა უფრო მიზიდავდა ამ წიგნში - გემით დედამიწის მეორე მხარეს გამგზავრებული ადამიანების ამბავი თუ ანდების თავზე მფრინავი კონდორები (გუშინ თბილისის ზოოპარკის გვერდზე ვოლიერში გამომწყვდეული კონდორის ფოტო ვნახე და გულში რაღაც ჩამწყდა. თან 50 წელია, თურმე აქ ცხოვრობს, ანდები ალბათ აღარც ესიზმრება). მერე მეზობელ, ჩემზე ბევრად უფროს გოგოს რაღაც წიგნი ჰქონდა, და მითხრა, წინა ცხოვრებაში მეზღვაური იყავიო, კაცი. ასეთი წიგნების უტყუარობა არ გაიშვას, მაგრამ, იმხანად ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო მეზღვაურ-კაცობა და გულის სიღრმეში ძალიანაც მსიამოვნებდა წინა ცხოვრებაზე ფიქრი. მერე კონსტრუქტორები მქონდა და რატომღაც უფრო მეტად გემს ვაწყობდი; წყლის საღებავებით ვხატავდი იალქნიან გემებს. სათამაშო გემიც მქონდა, ჩვენს აუზში ვუშვებდი და ვიყავი ბედნიერი. მერე ბევრი წელი გავიდა. და გავხსენი ბლოგი, რომელსაც გახსნის დღიდან ზღვის ფოტო ამშვენებს. იუთუბზე ატვირთულ მუსიკას, ისე მოხდა, რომ ყოველთვის გემების ფოტოს ვადებდი. ერთადერთი მაგნიტი, რომელიც მაცივარზე მივამაგრე, გემია და ბედის ირონიაა, რომ არასდროს მინახავს დიდი, გუგუნა გემი.



ნახატი: Emile Nolde - Sea with Violet Clouds and Three Yellow Sailboats (1946)

2 comments:

Tina Nadiradze said...

ძალიან კარგი იყო.

" აქ რატომ არა ხარ, გემო? "

https://soundcloud.com/ermonia/zura-kalatozishvili-gemi

Keti said...

თიკო, დიდი მადლობა <3 არ ვიცოდი ეს სიმღერა