Saturday, December 31, 2011

გილოცავთ!

ამ საახალწლო საღამოს, როცა ჩემს გასულ წელზე ვფიქრობ, ბურუსიანი დღეები თითქოს გაქრა მეხსიერებიდან და წინ მხოლოდ დადებითი მოიწევს: მშვიდი იყო, სითბოც ახლდა, ჯანმრთელობაც, ერთად ყოფნაც, გარკვეული მიზნის შესრულებაც მოვახერხე; არ დავუტოვებივარ მადლიერების და წვრილმანებით გახარების განცდას, ვწერდი და ვიყავი მკითხველი, ვიღებდი ფოტოებს და შთაბეჭდილებებს და დღეს ცოტა უფრო მეტი ვიცი, ვიდრე წინა წელს. რატომღაც მგონია, რომ ახალი წელი გამორჩეული და კარგი უნდა იყოს. ასეთი განწყობა კი, სულ მცირე, უკეთესობისთვის მოქმედების სურვილს აჩენს.

ჩემი ბლოგის ყველა სტუმარს – ძველ მეგობარს თუ შემთხვევით გამოჩენილს, გილოცავთ ახალ 2012 წელს! წარმატებები მოეტანოს, სიყვარული და ღიმილი არ მოგკლებოდეთ.
მრავალს დაესწარით!



Thursday, December 29, 2011

საახალწლო და სერიული, ანაც – საახალწლო სერიებიდან

ქართულ წიგნის ბაზარზე რომ სერიული პროცესები მიდის და სერიები პოპულარულია, ახალი ამბავი არ არის. აი, უახლესი მათგანი: თბილისის წიგნის მაღაზიებში წიგნებისგან აწყობილი ნაძვის ხეების აღლუმია. დეკემბერში სოც. ქსელებში ასეთი ნაძვის ხეების უცხოური ფოტოები გავრცელდა და შედეგმაც არ დააყოვნა.

ეს ფოტოები სამი თბილისური წიგნის მაღაზიის ინტერნეტგვერდებიდან ავიღე. შესაძლოა, "სერიალში" სხვა მაღაზიათა ქსელებიც მონაწილეობს. დრო არ მაქვს, რომ მოვინახულო.

Monday, December 26, 2011

ერთი კვირა, კედელზე

წლის ბოლო ორშაბათის გამოფენისთვის რაიმე ციმციმას შერჩევას ვაპირებდი, როგორც წინა წლებში, თუმცა...
"ადამის შექმნა", სიქსტის კაპელის ჭერზე განლაგებული ცხრა ფრესკიდან მეოთხე და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, მიქელანჯელომ დაახლოებით 1511 წელს დაწერა. კომპოზიციის მთავარი დეტალი "ხელები" სასიცოცხლო იმპულსის გაცემისა და მიღების ყველაზე შთამბეჭდავი გამოხატულებაა, მეც სწორედ მას გამოვფენ.

აქვე, ბლოგის გამოფენა საუკეთესო სურვილებით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და იმედს იტოვებს, რომ მომავალ წელსაც, ტრადიციულად, ორშაბათობით გაიხსნება :)

26 დეკემბერი, 2011 –
1 იანვარი, 2012.

Monday, December 19, 2011

ერთი კვირა, კედელზე

მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში იაპონელებმა ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობები განაახლეს. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა დასავლეთევროპულ, განსაკუთრებით კი ფრანგულ მხატვრობაში ტენდენცია "იაპონიზმი" (ტერმინიც ფრანგულია). იაპონური ხელოვნების ნიმუშები, უმეტესად კი ხეზე ამოტვიფრული გრავიურები, შთააგონებდა ევროპელ ხელოვანებს. 1862 წელს პარიზში გაიხსნა მაღაზია "ჩინური კედელი", რომელიც ფრანგ მხატვრებში პოპულარობამოხვეჭილ იაპონურ გრავიურებს ყიდდა. მე-19 საუკუნის ბოლოს იმდენად დიდი იყო იაპონიით დაინტერესება, რომ არაერთი ფრანგი მხატვარი და კოლექციონერი გაემგზავრა ამ ქვეყანაში სამოგზაუროდ. ფრანგულ პრესაში იბეჭდებოდა სტატიები იაპონურ, უმეტესად "ედოს პერიოდის" (1603-1868), ნამუშევრებზე. იაპონურმა ისტერიამ კულმინაციას 1860-1880-იან წლებში მიაღწია. გავლენა განიცადეს ვინსენტ ვან გოგმა, მერი კასატმა, პოლ გოგენმა, გუსტავ კლიმტმა და სხვებმა. დღეს სწორედ ვან გოგის "იაპონური" ნამუშევარი მინდა, გამოვფინო.
ვინსენტ ვან გოგის შთაგონების წყარო "ედოს პერიოდის" იაპონელი მხატვრის, ანდო ჰიროშიგას (1797-1858) ორი ნახატი გახდა: "საღამოს წვიმა და დიდი ხიდი" (1856 წ.) ცნობილი სერიიდან "ედოს 100 ხედი" (1856-1858) და "ქლიავის ბაღი კამეიდოში" (1857 წ.). ვან გოგმა თავისი ნამუშევრები 1887 წელს შექმნა. ბლოგის გამოფენისთვის "აყვავებული ქლიავის ხე" შევარჩიე.

20–26 დეკემბერი.

Monday, December 12, 2011

ერთი კვირა, კედელზე

რა ხანია, პოლ გოგენი არ გამომიფენია – შარშან აქტიურად ვაკითხავდი ორშაბათობით...
ბრეტონის პერიოდისეული "ზღვისპირა მინდვრები" (1889 წ.).

12–18 დეკემბერი.

Monday, December 5, 2011

ერთი კვირა, კედელზე

არჩევანი ამ ორშაბათის გამოფენისთვის: მონსერატ გუდიოლი და მისი წყვილი.

5–11 დეკემბერი.

Sunday, December 4, 2011

ღია ცის ქვეშ

ჩემ ბავშვობაში, როცა საზღვრები გაიხსნა და თვითმხილველებმა პირველი უცხოური ამბები ჩამოიტანეს, მათ შორის, უსახლკაროებზე, რომლებსაც ქუჩებში, მუყაოს ყუთებში ეძინათ და გამვლელები ცუდად მყოფებსაც კი გულგრილად უვლიდნენ გვერდს, მახსოვს, როგორ განვიცადე.
ამ კვირაში ორჯერ ვნახე ერთი და იგივე კაცი დილაადრიან – უგონო, ჭუჭყიანი და ლურჯი.
იწვა შუა ტროტუარზე და სასწრაფო დახმარების ექიმი მაჯას უსინჯავდა.
უდროობის გამო ერთი წუთითაც ვერ შევჩერდი და მხოლოდ იმით დავიმშვიდე გული, რომ არსებობს ვიღაც უკეთესი, რომელიც თავის გეგმებს გვერდზე დებს, ექიმს იძახებს და ალბათ მის პასუხსაც უცდის.
რა ელის ამ ადამიანს მოსულიერების შემდეგ?!
რამდენჯერ გაუძლებს ყინვიან ღამეს?!
რამდენჯერ მოაკითხავს ექიმი?!
რამდენი ადამიანი ათენებს ღამეს ღია ცის ქვეშ?!

Monday, November 28, 2011

ხედი იგივე, თოვა, სექსტონი


ხედი იგივე. თოვლიანი და უხალისო. ისევე, როგორც ყოველდღიურობა. თუ ჩემ თავს განათებულ ადგილას დავაყენებ და ვიქნები მასზე დამკვირვებელი, რომელიც მხოლოდ გარეგანს აღიქვამს, რასაც ანალიზისთვის უმატებს ინფორმაციას გარკვეულ სიკეთეებზე, რომლებიც დასაკვირვებელ ობიექტს გააჩნია, გამიკვირდება სევდის არსებობა მის თვალებში. მაგრამ მე ვდგავარ განათებულ ადგილას და ვიყურები შიგნით.

ვცადე, შემეხედა სხვისი თვალით.
...
ეს დღეები სექსტონს ვთარგმნი. ამ პროცესს მთელ დროს სიამოვნებით დავუთმობდი (და, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვაკეთებ). უკვე სამი ლექსი მაქვს. კიდევ მინდა გაგრძელება. ასე ნაყოფიერად არასდროს მითარგმნია. საერთოდაც, ბოლო თარგმანიდან 2 წელზე მეტი გავიდა. არ ვიცი, რატომ გამიტაცა ამ ავტორმა, ახლა და ასე.

ერთი კვირა, კედელზე

ფრედერიკ ჩაილდ ჰასამის თოვლიანი პეიზაჟი: "მეხუთე ავენიუ ზამთარში"

29 ნოემბერი –
4 დეკემბერი.

Friday, November 25, 2011

ხედი ფანჯრიდან

მოპირდაპირე სახურავის სტუმრები, რომლებიც ერთფეროვან ხედს აცოცხლებენ და მახალისებენ. ყვავი – განსაკუთრებით: სასაცილო მიმოხვრით თითქმის ყოველდღიურად გადის გზას იმ ადგილიდან, სადაც ფოტოზე დგას, "მწვერვალამდე" – მრგვალ ქონგურებამდე. ორი-სამი ნაბიჯის გავლის შემდეგ ფრთხილად იხრება ნაპირზე და ყურადღებით ათვალიერებს – რა ხდება ქვემოთ, ქუჩაში. მოპოვებული საკვებიც აქ მოაქვს ხოლმე და მშვიდად შეექცევა.



Monday, November 21, 2011

ერთი კვირა, კედელზე

მორის უტრილო 1883 წლის 25 დეკემბერს პარიზში, მონმარტრში დაიბადა. მისი დედა სუზან ვალადონი იყო – ცნობილი მენატურე, მამის ვინაობა კი დაუზუსტებელი დარჩა (ერთ-ერთი ვერსიით – მხატვარი, გვარად ბუასი. არსებობს ანეკდოტიც, სადაც მხატვრის სავარაუდო მამებად რენუარი და დეგა არიან მოხსენიებულები, რომელთა ნახატებისთვისაც სუზანი პოზირებდა). მოგვიანებით მორისი ესპანელმა კრიტიკოსმა და მწერალმა, მიგელ უტრილო ი მოლინსმა, იშვილა.
1900-იანი წლების დასაწყისში მორისი ალკოჰოლიზმით დაავადდა, რასაც ფსიქიკური გართულებები მოჰყვა. მთელს მონმარტრში ჩხუბისთავისა და ლოთის სახელი გაუვარდა. 1904 წელს დედის რჩევითა და გამხნევებით ხატვას შეუდგა. 1906 წლამდე, ვიდრე მამინაცვლის გვარს მიიღებდა, ნახატებს მორის ვალადონს აწერდა. მორისს არ მიუღია საფუძვლიანი სამხატვრო განათლება. ხატვის ზოგიერთი პრინციპი დედამ გააცნო, ამას გარდა აკვირდებოდა მონმარტრელი მხატვრების ტექნიკას. ხატავდა პეიზაჟებს, რომლებიც მოსწონდათ დამთვალიერებლებს, თუმცა კრიტიკოსებისთვის მისი ნამუშევრები შეუმჩნეველი რჩებოდა. მორისი მხოლოდ 1910-იანი წლებიდან შეამჩნიეს, ხოლო 1920-იანი წლებიდან მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
1928 წელს უტრილო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოვდა. 52 წლის ასაკში რელიგიამ გაიტაცა. ამავე პერიოდში – 1935 წელს – იქორწინა ქვრივ ლუსი ვალორზე, რომელიც მისი საქმეების ენერგიული მწარმოებელიც გახდა.
გარდაიცვალა 1955 წელს, დაკრძალულია მონმარტრის სასაფლაოზე.

ჩემს საგამოფენო კედელს კვირის მანძილზე მხატვრის რამდენიმე პეიზაჟს დავუთმობ:
პირველი – ხედი ლეპერონისა და კუტელერის ქუჩებზე (1914 წ.).
*
ქარის წისქვილები უტრილოს არაერთ ნახატზეა. ერთი მათგანი – "სანუას წისქვილი" (1912 წ.).
*
"ჟონკიერის ქუჩა" (1909-1910 წწ.).

21 – 27 ნოემბერი.


Monday, November 14, 2011

Friday, November 11, 2011

ლამაზი ადამიანები

როცა დილას ლამაზი ადამიანების ნახვით იწყებ, დღე კარგი გამოდის. ხანდახან ისე ხდება, რომ დღეები გადის და ლამაზ ადამიანს ვერ ხვდები. ისინი, რასაკვირველია, არსებობენ, დადიან იმავე ქუჩაზე, რომელზეც შენ, მგზავრობენ იმავე ვაგონით, რომლითაც შენ, მაგრამ ვერ ამჩნევ. ერთადერთი, რასაც ხედავ, ხალხის სახეებზე არეკლილი საკუთარი მდგომარეობაა. შენი სახე კი სილამაზეს კარგავს, როცა სიმაღლიდან დაშვებულ, უფუნქციო თოკს ემსგავსება. ჰოდა, ის დღე, როდესაც გარშემომყოფებიდან ზოგიერთი, მიუხედავად მათი გამოუძინებელი, დაუდევრადგაკეთებულმაკიაჟიანი, ფიქრში ჩაფლული სახეებისა, ლამაზად მიგაჩნია, უკეთესი უნდა იყოს.
გადმოვაბრუნებ ქვიშის საათს. ვნახოთ.

Monday, November 7, 2011

ხეები, რომელთა შემოდგომაც მიყვარს

ფოტოები, ახლა რომ გამოვფენ, გუშინ გადავიღე. ღამით ბლოგზეც ავტვირთე, მაგრამ ბოლოს ძილი ვამჯობინე და პოსტის დასრულება დღეისთვის გადმოვდე. დღეს კი ზამთარი დადგა. რას წარმოვიდგენდი, მიუხედავად ზამთრისპირისა. თითქოს დღეები გამოვტოვე და სხვა სეზონში გადამსვეს, როგორც მექანიკური თოჯინა: აი, ახლა ზამთრის ანტურაჟია გარშემო, მე კი ტრიალი უნდა განვაგრძო.
მთელი შემოდგომაა, ფერშეცვლილი ხეების გადაღება მინდა. განსაკუთრებით წითელფოთლიანების – ეს ყოველთვის მეტად მომწონდა. ასე მგონია, ზოგიერთი ხის ფოთლებს შემოდგომა განსაკუთრებით უხდება (ალბათ, როგორც ზოგიერთ ადამიანს ასაკში შესვლა).
მოკლედ, ოთხი შემოდგომა:
გარგარი

ატამი

კარალიოკი

ბროწეული

ჩემს ბლოგზე ხეები მოგროვდნენ.

ერთი კვირა, კედელზე

ამერიკელი იმპრესიონისტის, უილიამ მერიტ ჩეისის (1849–1919),
"მზიანი სეზონის დასასრული" (1884 წ.)

ჩეისი
ამერიკული იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია, ჰქონდა გამორჩეული სტილი; იყო წევრი იმპრესიონისტთა ჯგუფისა "ათი ამერიკელი მხატვარი", ასევე – ამერიკელ მხატვართა საზოგადოების ხელმძღვანელი.

7–13 ნოემბერი.

Wednesday, November 2, 2011

კოსმოსი


ჩემი ფოსტის თემა კოსმოსია. ცაში აჭრილი რაკეტა და მისი ცეცხლოვანი ნათება. ათასი თემა გამოვცვალე წარმოდგენილი 62-დან და კოსმოსში შევჩერდი. უწონობა, სულ სხვაგვარად დანახული, ნათელი წერტილიდან, იყო თემა, რომელზეც დავწერე. უწონობა, რაც მჭირს, არის მდგომარეობა, რომელიც ჩვეულ რიტმსა და დროის აღქმას მაშორებს. თან მაფიქრებს, მეყოფა თუ არა სუნთქვა მაჯისცემის შესანარჩუნებლად. ყველაფერი მიღმაა. არეულ-დარეული, (გამო)ნათებებით, უპასუხო და პასუხიანი კითხვებით, ახალი ეტაპით, ახალი საზრუნავით. და წინ ნოემბერია, თვე, რომელიც არც ისე მიყვარს. ოქტომბერი, რომელიც ახლა კიდევ უფრო მეთბილება, უკან დარჩა. რაც ყველაზე მეტად მაკლია, სიმშვიდეა და რამდენიმე საათი, რომელსაც დავამატებდი დღე-ღამის 24 საათს; ძილი, რომელიც დამიმშვიდებდა თვალებს; სიზმრები, რომლებშიც დავინახავდი ჩვეულ სივრცეს; სითბო, რომელსაც თანაბრად გავანაწილებდი – ჩემგან და ჩემში. მინდა, გავიდეს ნოემბერი. თუმცა გაწელილი, ერთფეროვანი ზამთრის მოსვლა იმაზე ნაკლებად მინდა, ვიდრე ნოემბრის გასვლა. მაშინ, მინდა ნოემბერი ოქტომბრის პირველ ნახევარს ჰგავდეს - მოიტანოს მზე და შედარებითი სიმშვიდე. კიდევ, – ნაკლები საზრუნავი. მეტი თავდაჯერება. მეტი ფერი.

Monday, October 31, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ედვარდ ჰოპერის გრავიურა "ღამე მატარებელში" (1918 წ.) – ამ ორშაბათის არჩევანი.
პ. ს. ჰოპერის კიდევ ერთი გრავიურა მახსენდება, რომელიც ადრე გამოვფინე.

31 ოქტომბერი –
6 ნოემბერი.

Tuesday, October 25, 2011

სევდა, რომელსაც ვერ დავცინე

შარშანდელ პოსტზე დატოვებულმა კომენტარმა რამდენიმე ძველი ჩანაწერი გადამაკითხა – დავსევდიანდი – ადრე გაცილებით ადვილად ვწერდი ყველაფერს, რაც მაფიქრებდა. არ ვიცი, რა ხდება. ფაქტია, ეს პერიოდი არ გამოირჩევა პოზიტიურობით – არც პრივატული და არც საზოგადო თვალსაზრისით. ამასთან, რაც ნაკლებპოზიტიურია ყოველდღიურობა, მით მეტად მიქრება აზრის გაზიარების სურვილი. თუ მაინც დავწერე – უმეტესად ვფიქრობ, რომ ჩანაწერი ძალიან გულღიაა და ვინახავ; ხან კი, პოსტის საწერად დამჯდარი სულ სხვა რამეს ვწერ – ზოგი მათგანი დაიბეჭდა კიდეც.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ძალიან ტრაგიკომიკურია. ხშირად ხდება – მორიგი ახალი ამბის მოსმენისას მეცინება და მერე საშინლად ვიწყენ, რადგან მახსენდება, ეს გენიალურად გადაღებული ფილმი არ არის; რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ (და რომელზეც ფილმსაც კი არავინ იღებს, რომ სარკესავით დაგვიდოს წინ).
ძალიან მინდა, ვიყო რეჟისორი და გადავიღო ეს ყველაფერი.
ვწერდე პროზას და დავწერო ამ ყველაფერზე.
დავცინო სევდას, რაც ყოველდღიურობას მოაქვს.

ეს ჩანაწერი, თავად ნინოს შესრულებით, ბოლო დროს ხშირად მახსენებს თავს:

მიყვარს ნინო როტას კინომუსიკა.

Monday, October 24, 2011

ერთი კვირა, კედელზე

იაპონურ მხატვრობაზე მაშინ ვწერდი, საშინელი ამბავი რომ დაატყდათ თავს. მას მერე არაფერს ამბობენ, რა ხდება იქ. ალბათ, ნაწილობრივ იაპონელების დამსახურებაც არის – მათ არ უყვართ წუწუნი და დანებება. ცხოვრება გრძელდება.
კაიი ჰიგაშიამას გამოფენა გადავწყვიტე. ორშაბათის განწყობამ მისი ნისლიანი პეიზაჟები გამახსენა. ცისფერი საღამო – ასე ჰქვია პირველ ნახატს.
*
ეს კი, ოქტომბრის ბოლო კვირისთვის – "შემოდგომის ფოთლები"

24–30 ოქტომბერი.

Monday, October 17, 2011

ლინა კავალიერი – სოპრანო და პირველი ტოპ-მოდელი

ამ ორშაბათის გამოფენა უჩვეულო იქნება, რადგან ძირითადად მხატვრების მუზაზე ვისაუბრებ, ვიდრე მათ ქმნილებებზე. როდესაც ეს პორტრეტი ვნახე, კიდევ ერთხელ გავოცდი მსგავსების გამო, რაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ეპოქაში დაბადებულ ადამიანებს. ეს არის საოპერო მომღერალი და მსოფლიოში პირველი პროფესიონალი ტოპ-მოდელი, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არნახულად პოპულარული იყო.

ლინა კავალიერი 1874 წლის 25 დეკემბერს რომთან ახლოს, ქალაქ ვიტერბოში დაიბადა. სახელი შობა დღესთან დაკავშირებული – ნატალინა – დაარქვეს. 13 წლის ლინას მეზობელმა მუსიკოსმა მოუსმინა და ხელი შეუწყო, რომ ერთ-ერთ კაფეშანტანში მომღერლად მიეღოთ. მას არ ჰქონდა ძლიერი ხმა, მაგრამ იმდენად ლამაზი იყო, რომ მალე რომის ყველაზე პრესტიჟული რესტორნების მეპატრონეები ნებისმიერ ანაზღაურებაზე თანახმა იყვნენ, ოღონდ ლინას მათთან ემღერა, რადგან გოგონას სანახავად უამრავი ადამიანი დადიოდა. საოპერო სცენაზე პირველად მადრიდში გამოვიდა, შემდეგ ვარშავასა და პეტერბურგში. ლინა მსოფლიოს გამოჩენილ საოპერო მომღერლებთან ერთად მღეროდა. ძირითადად ასრულებდა არიებს ოპერებიდან: "ტრავიატა", "მანონი", "თაისი", "ფაუსტი", "ბოჰემა". ღია ბარათები, რომლებზეც ლინა იყო გამოსახული, ევროპაში მილიონობით ტირაჟით იყიდებოდა, მის ფოტოებს ბეჭდავდნენ ჟურნალების ყდებზე და საფოსტო მარკებზე.

1901 წელს ლინა პეტერბურგში ჩავიდა. მუსიკალურ პეტერბურგს ბევრი წარმატებული გამოსვლა ენახა, მაგრამ კავალიერის ვიზიტმა ყველა უწინდელი შთაბეჭდილება გადაფარა. ისტერია, სახელად "ლინა კავალიერი", მთელ ქვეყანას მოედო: ამბობენ, მისი სახელი რუსეთში ისეთივე პოპულარული იყო, როგორც "ზინგერის" მარკა – ის ყველას ჰქონდა გაგონილი; შოკოლადის ფილებსაც კი ახლდა ლინას ფოტოსურათი. მისი ჰონორარი ფანტასტიკური ოდენობის იყო, ამიტომ რუსეთში რამდენიმე წელიწადს დარჩა და გამგზავრების შემდეგაც, ხშირად ბრუნდებოდა საგასტროლოდ.

კავალიერი ფოტოგრაფებს მკაცრ პირობას უყენებდა: ის არ უნდა გადაეღოთ გამომწვევ ტანსაცმელში, რადგან "მომავალი საქმროს თვალში, რომელიც აუცილებლად გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში, კომპრომენტირებული არ გამოჩენილიყო". საქმრო პეტერბურგშივე იპოვა – ეს იყო ივან ბარიატინსკი, უმდიდრესი თავადი, რომელსაც ლინა თავდავიწყებით შეუყვარდა. თავად ბარიატინსკიც ულამაზეს კაცად ითვლებოდა, მისი პორტრეტი პარიზული რესტორნის, „რუსკი კრასავეცის“, კედელს ამშვენებდა. მათ რომანზე არა მხოლოდ პეტერბურგი ალაპარაკდა; ყველგან, სადაც კავალიერის სახელი სმენოდათ, იცოდნენ ბარიატინსკის შესახებაც.

მათ მალულად დაიწერეს ჯვარი. ბარიატინსკის ოჯახი ამ ქორწინებით შოკირებული დარჩა და საქმეში რუსეთის იმპერატორი – ნიკოლოზ II ჩარია. ნიკოლოზმა ქორწინება ანულირებულად გამოაცხადა, კავალიერის კი ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. ლინა იტალიაში დაბრუნდა და საოპერო მოღვაწეობა განაგრძო, ხოლო ბარიატინსკიმ ეკატერინე იურევსკაია შეირთო – ალექსანდრე II-ის ქალიშვილი. მიუხედავად ამისა, ამბობენ, ბარიატინსკის ლინა უყვარდა და ქორწინების შემდეგ ისევ მოძებნა – უმტკიცებდა, რომ იძულებით დაქორწინდა და დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ. ამბობენ, თავადის სიკვდილის მიზეზიც ეს სიყვარული გახდა – 1910 წელს ლინა კავალიერი ამერიკელ მილიონერს, რობერტ ჩენლერს, გაჰყვა ცოლად, რასაც ახლად დაქორწინებული ბარიატინსკის გულის შეტევა და გარდაცვალება მოჰყვა.

რაც შეეხება ლინას შემდგომ ცხოვრებას – მისი მეორე ქორწინება (4-ჯერ დაქორწინდა) მცირე ხანს გაგრძელდა, განქორწინების შემდეგ საოპერო კარიერას დაუბრუნდა. მღეროდა შალიაპინის, ანსელმის და სხვა ცნობილი მომღერლების გვერდით. გარდა ამისა, გადაიღო მუნჯი ფილმები. 1914 წელს, 40 წლის ასაკში დაწერა წიგნი, სადაც ქალებს აძლევდა რჩევებს, თუ როგორ შეენარჩუნებინათ სილამაზე. გარდაიცვალა მეუღლესთან ერთად 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიის პატარა ქალაქ ფიაზოლეში, მის სახლზე დაცემული ბომბის შედეგად.

ლინა კავალიერი გარდა მხატვრების – ჯოვანი ბოლდინისა და ადოლფო მიულერ-ურისა, იტალიელი მხატვრის, სკულპტორისა და დიზაინერის, პიერო ფორნასეტის (1913-1988), შთაგონების წყაროც გახდა. ფორნასეტიმ ლინას სახის გამოსახულებით, რომელიც პირველად მე-19 საუკუნის ჟურნალში აღმოაჩინა, ათასამდე ნიმუში შექმნა. დიზაინერის ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა, მისი ბევრი ნამუშევარი კი საკმაოდ სახალისოა.

საგამოფენო კედელს ამ კოლაჟს დავუთმობ.

და ბოლოს, ლინას ხმის მცირე რაოდენობით შემორჩენილი ჩანაწერებიდან ერთ-ერთი.

17–23 ოქტომბერი.

Monday, October 10, 2011

ერთი კვირა, კედელზე

დამახსოვრებული კადრი გზისპირიდან, რომელიც ამ დასვენების დღეებიდან დამრჩა: ზვრებში ჩაყენებული სატვირთო და მსუბუქი მანქანები, იქვე ცელოფნის სავსე და ნახევრად სავსე ტომრები და მოწნული კალათები, მოფუსფუსე ადამიანები, მზე, ყვითელი ხეები, შეტრუსული ბალახი, უნაგირმოხდილი ცხენი, საზიდარი...
ის რას და როგორ ხედავდა – დღევანდელ კედელზე:
ვან გოგის არლის წითელი ვენახები (1888 წ.).

10–16 ოქტომბერი.

Monday, October 3, 2011

ერთი კვირა, კედელზე

იზაბელ გალერის ამ ნახატს "ღამის ყავა" ჰქვია, მე კი ფერების და ფორმების გამო გამოვარჩიე.
ცოტა რამ მხატვრის შესახებ აქ

3–9 ოქტომბერი.

Sunday, October 2, 2011

ერთი ტონით მაღალი


არ ვიცი, რა ხიბლი აქვს თხილის პოვნას, როგორ ახერხებს ეს მოქმედება ჩემში ენდორფინის თუნდაც მცირე რაოდენობით გამომუშავებას. ბავშვობიდან ასეა – თხილის პოვნა მახარებს. მიყვარს თხილის ხე – გაზაფხულობით, როცა "ჯინჯილებით" ირთვება და, განსაკუთრებით, ამ სეზონზე. მძიმე კვირის ბოლო საღამოს რომ უკეთესი განწყობა მაქვს, მისი დამსახურებაც არის, ქალაქიდან გასვლის გარდა.

ჩემი თხილის ხე

Monday, September 26, 2011

ერთი კვირა, კედელზე

მხატვარი, რომელიც ამ კვირის საგამოფენო კედელს დაიკავებს, წარმოშობით პერუელი, ალბერტო ვარგასია. ვარგასი გასული საუკუნის პირველ ნახევარში საოცრად პოპულარული იყო თავისი ეროტიკული ნახატებით. ხატავდა ე. წ. "პინ-აპ" გოგონებს (მოდელები, რომელთა ეროტიკული სურათები ფართოდ ვრცელდება. პინ-აპ სურათები იბეჭდება მამაკაცებისთვის განკუთვნილ ჟურნალებში, საიდანაც ხშირად ჭრიან და აკრავენ კედლებზე; გამოიცემოდა პოსტკარდების, ლითოგრაფიების, კალენდრების სახითაც. ტერმინი pin-up მომდინარეობს pinned up-ისგან და მიმაგრებულს, ამ შემთხვევაში კედელზე მიმაგრებულს, აღნიშნავს).

ალბერტო ვარგასი დაიბადა 1896 წელს არეკიპაში (პერუ), ცნობილი პერუელი ფოტოგრაფის, მაქს ტ. ვარგასის, ოჯახში. მისი სრული სახელია ხუაკინ ალბერტო ვარგას ი ჩავესი. პირველ მსოფლიო ომამდე ევროპაში ხელოვნების შესასწავლად გაემგზავრა, 1916 წელს კი ამერიკაში გადასახლდა. მუშაობდა ჰოლივუდის სტუდიებში – ხატავდა ფილმების პოსტერებს. პირველი პოპულარობა 1933 წელს, ფილმ "ნორა მორანის ცოდვისთვის" დახატულმა პოსტერმა მოუტანა, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი თითქმის შიშვლად გამოსახა (ეს პოსტერი დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ვეებერთელა პოსტერად ითვლება). ცნობილი ჰოლივუდელებიდან დახატა ლეგენდარული პინ-აპ მოდელი ბეტი გრეიბლი, აგრეთვე: ავა გარდნერი, ჯეინ რასელი, მარლენ დიტრიხი, მერილინ მონრო და სხვები.

საყოველთაოდ ცნობილი კი 1940-იან წლებში გახდა, როდესაც მუშაობა დაიწყო ჩიკაგოში 1932 წლიდან გამომავალ ჟურნალ "ესქუაირის" (Esquire) ილუსტრატორად. ეს ჟურნალი 1930-იან წლების ამერიკაში ყველაზე გაბედულ ჟურნალად ითვლებოდა. ვარგასის ნახატები იმდენად პოპულარული იყო, რომ ტერმინიც გაჩნდა – "ვარგას გოგონები" ("Vargas' girls"). მეორე მსოფლიო ომის დროს ჟურნალმა სახელმწიფოს სთხოვა, დამატებითი ქაღალდის შეძენაში დახმარებოდა. არგუმენტი: "ვარგას გოგონები" დიდ მხნეობას მატებდნენ ომში წასულ ამერიკელ ჯარისკაცებს. ჟურნალის რედაქციის თხოვნა დაკმაყოფილდა. სწორედ "ვარგას გოგონებიდან" დაედო სათავე მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო თვითმფრინავების ცხვირების მოხატვის ხელოვნებას (თვითმფრინავების ცხვირებზე პინ-აპ მოდელებს ხატავდნენ). მოგვიანებით ჟურნალის რედაქცია ნიუ-იორკში გადავიდა, 1953 წელს კი ჩიკაგოში დაარსდა "პლეიბოი", რომელმაც ალბერტო ვარგასი სამუშაოდ გადაიბირა.

1946 წელს, როდესაც "ესქუაირისა" და მხატვრის გზები გაიყარა, ვარგასმა საკუთარი კედლის კალენდრის გამოცემა გადაწყვიტა. ვიდრე ჩანაფიქრს განახორციელებდა, 1947 წელს "ესქუაირმა" მისი ხელმოუწერავი ნახატებით გაფორმებული წლის კალენდარი დაბეჭდა, ხოლო 1948 წელს, როდესაც ალბერტოს კალენდარიც გამოვიდა, წარმოიშვა დავა სახელთან – "ვარგას გოგონებთან" – დაკავშირებით, რაც რამდენიმე წელს გაგრძელდა. იმის გამო, რომ ტერმინზე საავტორო უფლებას ჟურნალი იტოვებდა, მხატვარმა მასში "ს"-ს ჩამატება დაიწყო და გვარს სრულად წერდა ("ვარგასის გოგონები").

1974 წელს ალბერტო ვარგასს მეუღლე, ანა მეი, გარდაეცვალა, რომელიც წლების მანძილზე მისი მუზა, მოდელი და საქმეთა მმართველი იყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ვარგასმა ხატვა შეწყვიტა. 1978 წელს გამოქვეყნდა მისი ავტობიოგრაფია, რამაც მხატვრის მიმართ ინტერესი კვლავ გააღვივა და ამ ყურადღებას ხატვასთან მიბრუნება მოჰყვა – ვარგასმა მუსიკალური ალბომისა და ჟურნალის ყდები გააფორმა.

ალბერტო ვარგასი წყლის საღებავებით და აეროგრაფით ხატავდა. მუშაობისას ქმნიდა ათობით ესკიზს; მისი მოდელები იდეალური პროპორციებით, გრძელი თითებით და ელეგანტური ჩაცმულობით გამოირჩეოდნენ. ვარგასი მხატვრობის ამ ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მხატვრად ითვლება. მისი ნახატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფინებოდა. "ესქუაირის" დროინდელი ნამუშევრები სპენსერის ხელოვნების მუზეუმში (კანზასი, აშშ) ინახება.

ცნობილია, რომ ბორის ვიანი პერსონაჟი ქალების დასახატად სწორედ "ვარგასის გოგონებს" იყენებდა. მე კი, ბოლო დროს ვიანს "ვესაუბრები" და აი, ეს ჩემს გამოფენაზეც აისახა.

რაც შეეხება გამოფენას – ავარჩიე სამი ნამუშევარი და სამივეს ერთად შემოგთავაზებთ:
*
პირველი – 1928 წელს შექმნილი "ესპანელი ბოშაა", რომელიც ვარგასის შემოქმედების ადრეული პერიოდის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.
*
ეს ნახატი, ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეულია.
*
ზემოთ ვწერდი, რომ "ვარგას გოგონებიდან" დაედო სათავე მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო თვითმფრინავების ცხვირების მოხატვის ხელოვნებას. ვარგასის ერთ ნახატსა და ფოტოს გამოვფენ, რომელზეც ამ ნახატით გაფორმებული თვითმფრინავია ასახული.

26 სექტემბერი –
2 ოქტომბერი.

Monday, September 19, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ფრედერიკ ჩაილდ ჰასამის "ივლისის ღამე" (1900 წ.), მიუხედავად იმისა, რომ კალენდარულმა ივლისმა, რა ხანია, ჩაიარა...

აქვე:
ამ კვირაში – 22 სექტემბერს – ჩემს ორშაბათის ტრადიციულ გამოფენას 3 წელი უსრულდება. მას შემდეგ, რაც ეს რუბრიკა წამოვიწყე, არცერთი ორშაბათი გამომიტოვებია, არც ნახატებს ვიმეორებ, მიუხედავად ხანდახან შემოჩენილი დიდი სურვილისა – მივუბრუნდე რომელიმე ნამუშევარს. ერთადერთი გამონაკლისი, როგორც მახსოვს, კლიმტის "კოცნა" იყო (ამ ნახატით გაიხსნა პირველი გამოფენაც). მიყვარს ჩემი გამოფენები და ბლოგი მის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია; იმედია, ბლოგის მკითხველებსაც მოგწონთ, ასე რომ, მომავალ ორშაბათამდე :)

19 – 25 სექტემბერი.

Monday, September 12, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ჯეიმს ჟაკ ჟოზეფ ტისო 1836 წელს საფრანგეთში, ნანტში დაიბადა. 1856 წლიან პარიზის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, სადაც ედგარ დეგასა და ჯეიმს ვისტლერს დაუახლოვდა. მისი პირველი გამოფენა 1859 წელს პარიზის სალონში მოეწყო; 1861 წელს ნახატი "ფაუსტისა და მარგარიტას შეხვედრა" ლუქსემბურგის მუზეუმმა შეიძინა. იბრძოდა ფრანკო–პრუსიის ომში, მოგვიანებით კი პარიზის კომუნარებს გულშემატკივრობდა, რის გამოც საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც სახელი შეიცვალა და ჯეიმსი დაირქვა. აქვე დაიწყო გრაფიკის შესწავლა, მუშაობდა ილუსტრატორად.

1875–1876 წლებში ჟაკ ტისომ ირლანდიელი ქეთლინ ნიუტონი გაიცნო, რომელიც მისი მუზა და მოდელი გახდა. ტისო ქეთლინს ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულად თვლიდა. ქალი 1876 წლიდან სიკვდილამდე (1882) ლონდონში, ტისოსთან ერთად ცხოვრობდა. 1876 წელს შეეძინა ვაჟი, რომლის მამაც, სავარაუდოდ, ტისო იყო. მათ დაქორწინებას ხელი ქეთლინის ირლანდიურმა წარმოშობამ და კათოლიკობამ, განქორწინებულისა და ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების დედის სტატუსმა შეუშალა. ქეთლინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რისი მიზეზიც ტუბერკულოზით გამოწვეული ტანჯვა იყო.

მისი სიკვდილის შემდეგ ტისო პარიზში დაბრუნდა. აქ, 1885 წელს, მხატვრისთვის მეტად მნიშვნელოვანი გამოფენა მოეწყო – გამოიფინა 15 ნამუშევარი სერიიდან "ქალი პარიზში", რომელშიც თავი მოიყარა სხვადასხვა კლასისა და ტიპის ქალთა პორტრეტებმა. 1880-იანი წლებიდან ტისო რელიგიამ გაიტაცა, რაც მის მხატვრობაზეც აისახა – ასურათებდა ბიბლიას (1886, 1889 და 1896 წლებში ახლო აღმოსავლეთშიც იმოგზაურა, რათა პეიზაჟები და ადამიანების ტიპაჟები შეესწავლა). სულ დახატა 365 ილუსტრაცია გუაშით, რომლებიც კრიტიკოსებმა დიდად მოიწონეს, ხოლო 1900 წელს ბრუკლინის მუზეუმმა შეიძინა. გარდაიცვალა საფრანგეთში, 1902 წელს.

დღევანდელი გამოფენისთვის "კროკეტი" (1878 წ.) შევარჩიე. მასზე ქეთლინ ნიუტონია ასახული.
*
ამ ნახატის გამოფენა არ დამიგეგმავს, მაგრამ ახლა, რატომღაც, ქეთლინის გვერდით ტისოს ავტოპორტრეტის მოთავსებაც გადავწყვიტე.

12–18 სექტემბერი.

Friday, September 9, 2011

წერილი ბორის ვიანს

/მოკითხვამდე/

ვერ გადავწყვიტე, როგორ მოგმართო – ძვირფასო ბორის, მისიე ბორის, თუ უბრალოდ, ბოღის – ფრანგული პრონონსით, ამიტომ პირდაპირ დავიწყებ:

აქ ასეთი ამბავია – წერილებს სწერენ საყვარელ მწერლებს. ერთი-ორ ჩემს საყვარელ მწერალს უკვე მისწერეს. მე კი მგონია, სააქაოდან საიქიოში ერთი ადრესატისთვის ერთბაშად რამდენიმე წერილის მოსვლა რთული საქმე უნდა იყოს. ამიტომ შენ ამოგირჩიე. თანაც, სწორედ ახლა ვკითხულობ შენს წიგნს და კითხვის ყოველი “სეანსის” დასრულებისას ვბუტბუტებ: აჰ, ეს ჩემი ნაწერი იყოს. ჰო, ჰო, შენს ნაწერს “ხელს მოვაწერდი”.

კარგი, თავიდანვე გეტყვი, რომ შენი ბევრი არაფერი წამიკითხავს. სულ ახლა ვიწყებ შენს გაცნობას და თავს ისე ვგრძნობ, როგორც მეტად საინტერესო კაცის წინ. მოკლედ, “გულსაგლეჯს” ვკითხულობ. მინდა გითხრა, ამ წიგნს ბარემ ერთი წელია, გვერდს ვუვლი. სათაური და ყდა არ მომეწონა. რაღაც ძალიან მწვალებლურად აღვიქვი. ქართულ ენაზე გამოცემულ შენს წიგნს გრძელცხვირა, ჩაჩიანი, მოხუცი კაცი ახატია, ქოლგით, ქუდით და ვიოლინოთი რომ დაუხუნძლია ხელები და მაცდურად უღიმის პიანინოსთან მორცხვად ჩამომდგარ გოგოს, რომელსაც ნოტები უჭირავს. ფედერიკო ანდრეოტის ნახატია. რაღაც მსგავს მდგომარეობაში ვარ ახლა: თუ მასწავლებლის ადგილზე წარმოგიდგენ – ვიღებ გაკვეთილს და ვკარგავ გულს, რომელსაც ასე უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად მაცლი შენი მდიდარი კოლექციისთვის. გამოდის, ყდის დიზაინი სწორედ (ჩემთვის) შეურჩევია მავანს.

წიგნის უკანა მხარეს შენი პორტრეტია – ისე გულიანად იცინი, მაგარი ტიპი უნდა ყოფილიყავი, ასე მგონია. მხიარული, ჭკვიანი, აი, რაღაცნაირი ანცი; და მაინც მუდამ სევდიანი თვალებით. თან ყურში მუსიკა გქონდა სულ. საყვირზე რომ უკრავდი, გენიალურია, ვგიჟდები საყვირის ჟღერადობაზე. მართლა, შენს სიმღერებსაც მოვუსმინე იუთუბზე. აჰ, არ იცი იუთუბის შესახებ. ეგ არაფერი. მოკლედ, შენი პოვნა ადვილია დღევანდელ სამყაროში – ერთი ხელის გაწვდენა და მუსიკა თუ ტექსტები ჩემ წინ გაჩნდება. ზუსტად ამას ვაპირებ დროთა განმავლობაში – კარგად გაგიცნო.

ამ წერილს ისე სწრაფად ვწერ, წყალივით. უცებ მომინდა, მომეწერა. როგორც ჩანს, მხოლოდ ის ბუტბუტი არ მეყო დამოკიდებულების გამოსახატად და ამდენი სიტყვაც ამიტომ მცვივა.

მოდი, ცოტას “გულსაგლეჯზე” გეტყვი. რაც წავიკითხე, იმაზე. თავიდანვე მომეწონე. პირველი თავიდან. რაღაც ისე აღწერდი გარემოს, ეგრევე დავიძაბე: გამიჩნდა სურვილი, არცერთი სიტყვა არ გამომპარვოდა. თითქოს აპლიკაციებით აწყობ პეიზაჟებს. უფრო ზუსტად, ხატავ. შენ თუ არა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ფუტკრები შეიძლება დაბნეულები და უსაქმოები იყვნენ, თხებმა კი ავტოსტოპით იმგზავრონ. არც მე ვიცოდი ეს. ჰო, კლემანტინი და მისი წარაკუები. ასე თარგმნეს ქართულად. სულ მეცინება. ნეტა ფრანგულად რას უწოდებ ტყუპებს. წითელმა ნაკადულმა დამამძიმა. სასტიკად აღწერ. მისი წარმოდგენისას მეგონა, ცოტაც და ჩავიძირებოდი, მაგრამ მერე, შარავანდის ამბავი რომ წავიკითხე, მადლობელი დავრჩი – ფეხი არ ჩამიცდა. მოხუცების ბაზრობა, შეგირდის სიკვდილი და ეკლესიის სცენა ძალიან შთამბეჭდავია. მღვდელთან ერთად ვყვიროდი: არ იწვიმებს-მეთქი, არააა... და მერე ვჩურჩულებდი: “ის არც არავის მომხრეა და არც მოწინააღმდეგე”. ნუ, გულში, რა თქმა უნდა. ეს რაც შეეხება საერთო სცენებს. ყველა სიტყვას რომ გულისყურით ვკრეფ, ხომ გითხარი. ახლა სიტროენმა სიარული ისწავლა და საინტერესოა, საით წავა.

იცი, როცა შენი კითხვა დავიწყე, ჩემს ბლოგზე დავწერე, ვნახოთ რას მეტყვის-მეთქი, ვიანი. ბლოგი რა არის? ისეთივე რაღაც, რაც იუთუბი – ამ სამყაროს პროდუქტია. ჰოდა, ისე გამოვიდა, თითქოს გამოგიწვიე და ახლა ვზივარ განიარაღებული. შენ კი, ალბათ გულიანი სიცილით იცინი მანდ, სადაც ხარ – კიდევ ერთი გული ჩაიგდე ხელთ.

საღამოს რამდენიმე სიმღერას ამოვირჩევ და მოვუსმენ. კარგად უნდა დავაკვირდე, როგორი ხმა გაქვს, რომ მორიგი გაკვეთილის ბოლოს შენი სიცილი წარმოვიდგინო, მეტღ*.

მივხვდი, როგორ მოგმართო.


6 სექტემბერი, 2011
თბილისი

-----
* Maître (ფრ.) – მასწავლებელი, მოძღვარი

Tuesday, September 6, 2011

ფერი


ეზოში გადავიღე. ჩემი ბლოგის ფერია. ჰოდა, ჩამოვკიდებ აქაც.

Monday, September 5, 2011

ერთი კვირა, კედელზე

სეზონის ცვლილებას შესაფერისი განწყობა და ფერები მოაქვს. არჩევანი: ანრი რუსოს "პეიზაჟი ფერმერთან ერთად" – მხატვრისთვის დამახასიათებელი ხელწერითა და ფერთა გამით. რუსო ერთხელ უკვე გამოვფინე – მის შესახებ ოდნავ მეტი ამ პოსტით შეგიძლიათ შეიტყოთ.

5–11 სექტემბერი.

Friday, September 2, 2011

რაც აღარ და ვეღარ

ამას წინათ მხატვრის სახლში მოვხვდი. სრულიად შემთხვევით. ეზომ მიმიზიდა ფოტოგადაღებისთვის და შემიპატიჟეს, თუმცა ისევ მხოლოდ ეზოსა და აივნის დათვალიერებით ამოიწურა ჩემი სტუმრობა. მომერიდა. აივანზე მოწყობილმა სამუშაო კუთხემ რამდენი დღე მაფიქრა, არ ვიცი. აი, ახლაც ხომ მასზე ვწერ. ხშირად ვფიქრობ, საით წავიდოდა ჩემი ცხოვრება, თუ იმ გზაჯვარედინზე, 7 წლის ასაკში რომ ვიდექი(თ), სხვა მიმართულებას ავირჩევდი(თ)? მეც მექნებოდა ჩემი „აივანი“? არა, არაფერს მივტირი, უბრალოდ მაინტერესებს. ჩემში დიდია მოთხოვნილება, ასეთ გარემოში ვიყო... და ნულოვანი – შეხება. თუ შემთხვევით მოვხვდი, თავს უხერხულად ვგრძნობ, ორიენტირდაკარგულივით და ვცდილობ, მალე გავეცალო. სამაგიეროდ, მერე დღეში ორმოცდაათჯერ ვიხსენებ.

რამდენი ადამიანი დადის საქართველოში, ვინც ახლობლების (საზოგადოებრივი აზრის, პრაგმატული გათვლების, გარეშე პირობების) გავლენით აირჩია საქმიანობა და დათმო ის, რასაც შინაგანი ხმა ურჩევდა. ნეტავ მათ თუ ეფიქრებათ ხოლმე, სურთ, ან ცდილობენ დაბრუნებას? და, აქვს კი აზრი დაბრუნებას? ჩვენ ხომ ვვითარდებით, ჩვენი შეხედულებები, საკუთარი ძალების შეფასება, ინტერესის სფეროები ხომ იცვლება. ან მონათესავე დარგებში ვინაცვლებთ, ან საერთოდ ვივიწყებთ ძველ გატაცებებს.

ჩემს ბავშვობაში ცაციებს სახელმწიფო დონეზე მტრობდნენ. ერთ კლასელს, როდესაც მე-2 კლასში ვიყავით, ცაციობა აუკრძალეს. ბევრს ეცადნენ თუ ცოტას, მემარჯვენედ აქციეს, სამაგიეროდ ხატვის საშუალება წაართვეს. ეს კი არა, კალიგრაფიაც ბატიფეხური ჩამოუყალიბდა. ჰოდა, ჩემთვის ნაცნობი გრძნობაც ამ ამბის შედეგს ჰგავს – რაღაც წარსულში დარჩა: ხელებს აღარ და ვეღარ სურთ. თუმცა სხვა, მსგავსი საქმეების კეთებას კი ახერხებენ. თვალმაც იპოვნა გასაქცევი – მოცალეობისას ობიექტივში იკეტება.

Monday, August 29, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ჯონ ვაით ალექსანდერმა "დასვენება" 1895 წელს დახატა. ანალოგიური სათაური აქვს ჯონ სინგერ სარჯენტის 1911 წელს შექმნილ ნახატს (რომელიც ბლოგის ერთ-ერთ გამოფენაზე უკვე მოხვდა), თუმცა არა მხოლოდ სათაური – შეიძლება ითქვას, მისით არის ინსპირირებული. იქნებ ხელწერის მსგავსების გამოცაა, რომ ორივე მხატვრის შემოქმედება მიზიდავს (მაინც გამოვარჩევდი "ჩემს" – სარჯენტს).
პ. ს. არ ვიცი, რამდენად საყურადღებოა: ორივე მხატვარი 1856 წელს დაიბადა, ხოლო 1874 წელი მათთვის მნიშვნელოვანი იყო – ერთგვარი ათვლის წერტილი: ალექსანდერმა ილუსტრატორად მუშაობა, სარჯენტმა კი სამხატვრო სტუდიაში სწავლა დაიწყო.
ცოტა რამ ალექსანდერის შესახებ

29 აგვისტო –
4 სექტემბერი.

Friday, August 26, 2011

უბრალოდ: დღიურის ერთი ფურცელი

ორი დღეა, სამსახურში გამოვედი და უკვე მეორე პოსტს ვწერ შესვენებებზე. შინ წერის სურვილი არ მიჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით კომფორტულად ვზივარ, არც საქმე და ვალდებულებები მაჩქარებს. უცებ ფენ-შუი გამახსენდა – მგონი ჩემს შემთხვევასაც მოუძებნიდა ახსნას – აქ, ამ ადგილზე, ჩემთვის სიტყვები "იშოვება".
უცნაური დღეა: ერთდროულად მზე და კოკისპირული წვიმა. ცხელი ზაფხულის შესაბამისად მაცვია. არ ვეპუები დაკლებულ ტემპერატურას, თან დილაობით ოდნავი სუსხი მხრებზე ძალიან მსიამოვნებს.
ფეისბუკზე ერთი ფრენდის სტატუსმა დამაფიქრა. წერდა, უნდა ჩავიწერო, ვინ რა მაწყენინა, რადგან ვის რატომ არ ველაპარაკები, აღარ მახსოვსო. ვიფიქრე, კომენტარი დამეტოვებინა, მაგრამ თავი შევიკავე. მინდოდა მეთქვა, ეგ ძალიან მაგარია, შენ ქვეცნობიერად უკვე პატიობ და იმიტომ არ გახსოვს-მეთქი. მე მქონია შემთხვევები, როცა სხვებს უთქვამთ – გახსოვს, ამა და ამან ამ და ამ მიზეზით რომ გაწყენინაო და საოცრად ბუნდოვანი ყოფილა ჩემთვის მოყოლილი ეპიზოდი. ისიც მიფიქრია, ამ ადამიანს თავისი წყენის ამბები ალბათ ყველა წვრილმანის ჩათვლით ახსოვს-მეთქი. არ არის საჭირო წყენის ხშირად გახსენება, დეტალების აღდგენა. ბოღმად ქცევა იცის.
ჰო, დილით ავტობუსით ვიმგზავრე, იძულებით. როგორ ვიდექი, ვერ აღვწერ – ხალხის რაოდენობის გამო აუტანელი იყო. ამ აუტანლობას კიდევ უფრო ართულებდა ერთი ფსევდოინტელექტუალის 50 წუთიანი მონოლოგი, რომელიც იმ თანამგზავრის შეურაცხყოფით დაამთავრა, ვინც კომენტარი შებედა და მის აზრს არ დაეთანხმა. ჰოდა, დღეს უფრო დავაფასე მეტრო. იქ ტვინს არ ბურღავენ. იმდენად არ, რომ წიგნსაც წაიკითხავ.
სამსახურში გასვლასთან ერთად ჩემი მეტროში კითხვის სეზონიც გაიხსნა. ეს ერთადერთი ტრანსპორტია, სადაც გარემოსგან გათიშვას და კითხვას ვახერხებ. რა თქმა უნდა, გრძელი გზაც მიწყობს ხელს. ისე გამომიმუშავდა დილაობით კითხვის მოთხოვნილება, რომ შვებულების დროსაც, საუზმემდე კითხვის ნახევარსაათიან რიტუალს ვიცავდი. ამ “სეზონს” ბორის ვიანით ვხსნი. ვნახოთ, რას მეტყვის.

Wednesday, August 24, 2011

ორი სიტყვით

პირველი სამუშაო დღე – დასვენების შემდეგ, თავისი სიძნელეებით და დღე, რომელიც მინდა ჩავინიშნო: უბრალოდ ასე – ორი სიტყვით, რადგან ჩემს განცდებზე ღიად წერას გადავეჩვიე. ხანდახან ძალიან მენატრება დრო, როცა გაცილებით თავისუფალი ვიყავი – სიტყვების გაზიარების სურვილი მქონდა და, რაც მთავარია, თითებიც არ აპროტესტებდნენ მათ აკრეფას.
მოკლედ, პირველი სამუშაო დღე – რუტინისა და ჩემთვის შემოდგომის საწყისიც. ბოლო წლებია, ზაფხულის გახანგრძლივებას ვნატრობ ხოლმე და სეზონის შეცვლა მასევდიანებს. ალბათ ასეც უნდა იყოს, როცა შემცვლელი შემოდგომაა. თუმცა, ისეთი ლამაზია, ტკბილი და ფერადი, ალბათ "ეპატიება" ცოტა სევდა. მით უმეტეს, რომ ზამთარი მოსდევს – ის, რასაც ვერასდროს შევიყვარებ. არ ვიცი, რას მომიტანს ეს სამი თვე. მაქვს სურვილები და ჯერჯერობით ბუნდოვანი გეგმები. უცნაურია, თითქოს სექტემბერს იანვრის ფუნქციები აქვს მითვისებული – ახალი წლის განწყობას მიჩენს.
მივედ–მოვედები. მინდა, ვწერო. სულ ეს არის. იმ პატარა ამბების მოყოლაც მინდოდა, თითქმის ყოველდღიურად რომ ვაწყდები და ხანდახან კომენტარებსა თუ ტვიტებშიც ვფანტავ. მაგრამ ეს სხვა დროისთვის, ამ პოსტში ადგილი ვერ გამოვუნახე.

ფოტოზე ჩვენი ეზოს კარალიოკია. ცოტაც და ასე შეიფერება: აალდება, თუ ფოთლებიდან მზეს დაუწყებ თვალთვალს. მიყვარს შემოდგომის ფერები, განწყობები თბილი სექტემბერ-ოქტომბრიდან... მე მიყვარს და მჭირდება სითბო.
მიყვარს და მჭირდება.

Monday, August 15, 2011

ერთი კვირა, კედელზე

თანამედროვე იტალიელი მხატვარი, ფრანჩესკო კლემენტე 1952 წელს, ნეაპოლში დაიბადა. განათლება არქიტექტურის განხრით რომში მიიღო. 1973 წელს კლემენტე პირველად ეწვია ინდოეთს, 1981 წლიდან დღემდე კი ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკსა და ინდოეთში. 1976 წლიდან დაინტერესდა რელიგიური ტექსტების შესწავლით. თანამშრომლობდა მინიატურების ინდოელ ოსტატებთან, აგრეთვე შეისწავლა ქაღალდის ხელით დამზადების ტექნიკა (1980-1981 წწ. შექმნილი მინიატურების სერია სწორედ ხელნაკეთ ქაღალდზეა დახატული).
პირველი დიდი წარმატება 1980 წელს ვენეციის ბიენალეზე მონაწილეობამ მოუტანა, რის შემდეგაც კრიტიკოსები დაბრუნებული ფიგურატივიზმის ლიდერს უწოდებდნენ, რომელსაც იტალიაში "ტრანსავანგარდი", ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში "ნეოექსპრესიონიზმი" დაარქვეს.

1981 წლიდან ფრანჩესკო კლემენტე ამერიკაში გადასახლდა. აქ ენდი ვორჰოლთან და ჟან-მიშელ ბასკიასთან ერთად თანამშრომლობდა სხვადასხვა პროექტებში, მუშაობდა კინოშიც – შექმნა 200-მდე ნახატი ფილმისთვის "დიდი იმედები". ასევე, დაასურათა ალენ გინზბერგის (3), სალმან რუშდის, რობერტ კრილისა და სხვების უნიკალური კრებულები. არის ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი. მისი ნამუშევრები იფინება მსოფლიოს ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებში.

ჩემთვის საინტერესოა როგორც სათქმელი, რომელსაც ეს მხატვარი გადმოგვცემს, ასევე შესრულების ტექნიკა თუ ფერები. მისი ძირითადი თემებია: ადამიანის სხეულის ფორმები, ავტოპორტრეტი, სექსუალურობა, სულიერება, ილუზიები. ცნობილია თავისი ეროტიკული სერიით, ამბივალენტური ფიგურებით, ავტოპორტრეტებით.

კვირის მანძილზე მხატვრის რამდენიმე ნამუშევართან ერთად, რომელიმე ლექსის ილუსტრაციასაც გამოვფენ. ორშაბათის კედელს კი ამ ნახატით გავხსნი: "რაღაც, რაც გავიგე", 2001.
*
სენსუალურ-ეროტიული: "ჩიტების კონფერენცია", 2010
*
და ბოლოს, კლემენტეს ილუსტრაცია ალენ გინზბერგის პოეტური კრებულისთვის (1983).

15–21 აგვისტო.

Saturday, August 13, 2011

ჩემი ბოსხის ძაღლი

ალბათ ბევრს შეხვედრია ფოტოებზე ან თუნდაც ასეულობით წლის წინ შექმნილ ნახატებზე ვინმეს ორეული და აღმოჩენილი მსგავსების გამო გაოცებულა. როგორც ჩანს, ცხოველებსაც შეიძლება ჰყავდეთ ორეულები.

ეს მორიდებული არსება 2007 წელს გადავიღე, კარგად მახსოვს რა სიტუაციაშიც. მოგვიანებით ბოსხის ნახატის ერთი გმირის გამო ასე შევარქვი: ჩემი ბოსხის ძაღლი. ვფიქრობ, ისინი ხასიათით (განსაკუთრებით) წააგვანან ერთმანეთს. მას შემდეგ სულ მინდა, მათ ერთად დავუდო ბინა და ადგილი ვერ ვიპოვნე. ახლა
ვიფიქრე – იყვნენ აქ :)


Monday, August 1, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ამერიკელი მხატვარი ჯონ ვაით ალექსანდერი 1856 წელს პენსილვანიაში, ქალაქ ალეგენში (ახლ. პიტსბურგი) დაიბადა. ადრე დაობლებულს პაპა ზრდიდა. 12 წლიდან ტელეგრაფისტად მუშაობდა, ამავე ასაკიდან გამოავლინა მხატვრობის ნიჭი. 1874 წელს ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ყოველკვირეული გამოცემის, ჰარპერსის, ილუსტრატორად დაიწყო მუშაობა. ნიუ-იორკშივე მიიღო განათლება, ხოლო სამი წლის შემდეგ ევროპაში გაემგზავრა – მოიარა მიუნხენი, ვენეცია, ფლორენცია, ჰოლანდია და პარიზი, სადაც ფერწერასა და გრაფიკას ეუფლებოდა. ალექსანდერი ნიუ-იორკში 1881 წელს დაბრუნდა და წარმატებული ილუსტრატორისა და პორტრეტისტის სახელი მოიპოვა. 1890-1901 წლებში კვლავ პარიზში ცხოვრობდა. 1893 წელს აქვე გაიმართა მისი პერსონალური გამოფენაც, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა, ხოლო 1900 წელს ჩატარებულ "მსოფლიო გამოფენაზე" (ექსპო) ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1909-1915 წლებში ამერიკის დიზაინის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი იყო. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ მუზეუმშია დაცული.

ჯონ ვაით ალექსანდერი ძირითადად პორტრეტებს ხატავდა. მხატვრის ნამუშევრები ადვილი საცნობია ხელწერის წყალობით. მის ქალებს მკვეთრად გამოხატული განწყობა და მსუბუქი, თითქოს ნიავს აყოლილი სხეულები აქვთ, რომლებსაც ასეთივე ქსოვილებით იმოსავენ. ერთ მათგანს – ჩელისტ ქალს დღეს გამოვფენ. ნახატს "მზის სხივი" ჰქვია (1898).

1–6 აგვისტო.

Tuesday, July 26, 2011

ჩემი მინიაქცია

ნუ ელით ვინმეს, ვინც მიგითითებთ – სად დადგეთ და რა თქვათ. იყავით საკუთარი გადაწყვეტილებების, ნაბიჯების წარმმართველები. არ მოგწონთ? არასწორად მიგაჩნიათ? იმოქმედეთ: მოაწყეთ თქვენი მშვიდობიანი და ეფექტური
მინიაქცია.
ჩემი მინიაქციის ტექსტი ბლოგზე განვათავსე
და ვმოქმედებ.


პ. ს. ამავე სახით განვათავსებ ბლოგზე სხვა მინიაქციების ტექსტებს, თუკი შევძლებ დამოუკიდებლად მოქმედებას, როგორც ამ შემთხვევაში.

Monday, July 25, 2011

ერთი კვირა, კედელზე

დღეს ბევრი ვიარე და გზად ერთი აივანი შემომხვდა – მის პატრონს მზესუმზირები ჰქონდა ქოთნებით გამოდგმული – კლიმტის მზესუმზირები. ამ კვირის გამოფენასაც მზესუმზირებით გავხსნი და მოგვიანებით კიდევ ერთ, კლიმტისვე, ძალიან მშვიდ პეიზაჟს გამოვფენ.
*
აი, ისიც

25–31 ივლისი.

Monday, July 18, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ახლა ვათვალიერებდი მაკა ბატიაშვილის "ამბავ-ნახატებს". აი, ერთი მათგანი – წამის შეჩერების სურვილი, მჭიდროდ შემოხვეული ხელები, კოპლებიანი კაბა...

18-24 ივნისი.

Sunday, July 17, 2011

ძაფი

გუშინ ვიყავი იქ, სადაც მხოლოდ მამასთან ერთად დავდიოდი წლების წინ.
ჩემდა გასაკვირად, წარსულთან ყველაზე მძაფრი და მძიმე დამაკავშირებელი ენდემური მცენარეები აღმოჩნდა. განსაკუთრებით ეს პატარა, ყვითელი, პრიალაფურცლებიანი ყვავილი, რომელიც, მე პირადად, სხვაგან არ შემხვედრია:

კიდევ რამდენიმე სხვა, მაგრამ სამწუხაროდ, მათი გადაღება ვერ მოვახერხე. ვერც მოწყვეტა – ხელი არ მომიბრუნდა საამისოდ.

Friday, July 15, 2011

.

ადრე, როცა ვინმესგან ვისმენდი სურვილს – წასულიყო საქართველოდან (ალბათ გაცილებით უპრიანი იქნება სიტყვა "გაქცეულიყო"), ყოველთვის გული მწყდებოდა და არგუმენტების მოძებნაც არ მიჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ აქაც შეიძლება ცხოვრება, რომ გვაქვს შერჩენილი თვისებები, რითაც ერთმანეთს თავს გავატანინებთ და სხვა, ყოფით პრობლემებსაც გადავწყვეტთ. არასდროს მდომებია წასვლა. მხოლოდ მოგზაურობაზე თუ ვფიქრობდი.
არ ვიცი, ბოლო თვეების მანძილზე როგორ მოვახერხე თვალსა და ხელს შუა მხარის შენაცვლება. ახლა მე მინდა წასვლა. სადმე, საზოგადოება რომ არ იყოს ისეთი, როგორც აქ – დაუმსახურებლად და გაუგებარი მიზეზებით რომ შეურაცხყოფენ ერთმანეთს; სადაც ვხედავ დაშინებულ, ღირსებაშელახულ ადამიანებს, რომლებსაც არ აინტერესებთ არაფერი, გარდა ტყავის გადარჩენისა. სადაც სხვისგან დაჩაგრულები ან არარეალიზებულები თავისზე (მათი აზრით) დაბალ ღობეს ეძებენ, რომ მას მაინც გადაახტნენ; სადაც არ ფასობს ადამიანის სიცოცხლე, სულიერი ღირებულებები, უფლებები, შრომა, ნიჭი.
იქნებ პათეტიკური ვარ? არ ვიცი. არც მაინტერესებს.
მგონია, რომ იქ, სხვაგან, თავს ოდნავ მეტად დაცულად მაინც გრძნობენ. მინდა "სხვაგან", მაგრამ მაქვს ვალდებულებები და პასუხისმგებლობის გრძნობა, რის გამოც არ შემიძლია ბარგის ჩალაგება.

Monday, July 11, 2011

ერთი კვირა, კედელზე

მინდა, თანამედროვე ბრაზილიელი მხატვარი, იზაბელ გალერი, გამოვფინო. ცოტა რამ მის შესახებ: იზაბელ დუტრა გალერი 1968 წელს, ბელუ ჰორიზონტეში დაიბადა. დაამთავრა მინას გარაისის ფედერალური უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლა, სწავლობდა ხელოვნებისა და მუსიკის სხვადასხვა სკოლაში. გამოფენებს 1990 წლიდან აწყობს, არის რამდენიმე გამოცემის ილუსტრატორი, აგრეთვე – პოეტური კრებულის თანაავტორი. ვფიქრობ, საინტერესოა: მხატვარი, მუსიკოსი, პოეტი. იზაბელის ნახატებში მუსიკოსისა და პოეტის ამოცნობა არ ჭირს (თუმცა, ალბათ ყველა მხატვარში ცხოვრობს პოეტი და მუსიკოსი. აქ ჩამონათვალის თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, ჯამი ხომ არ იცვლება). გალერის სახატავ თემებში განსაკუთრებული ადგილი მუსიკას უჭირავს: მაგალითად, ხშირად ხატავს პარტიტურებს. გამოყენებული ფერები კი აუცილებლად ბრაზილიისკენ და ბრაზილიური მუსიკისკენ გადაგამისამართებთ.
კვირის მანძილზე მის რამდენიმე ნამუშევარს გამოვფენ:
*
"რიტმები, I" (2010) სერიიდან "მუსიკა დასანახად", ან იქნებ ასე სჯობდეს: "თვალით აღსაქმელი მუსიკა"
*
"მორცხვობა" (2009) სერიიდან "დღესასწაული"

11-17 ივლისი.

Monday, July 4, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ბევრი არ მიფიქრია არჩევანზე: ამ საღამოს რატომღაც ნიკო ფიროსმანის შვლები ვათვალიერე და ერთი მათგანი აქაც მოვიყვანე – შველი წყლისპირას

4-10 ივლისი.

Monday, June 27, 2011

ერთი კვირა, კედელზე

სურვილი ასეთი იყო: რაიმე ექსპრესიული და საზაფხულო. ჰოდა, ამ შემთხვევაში – ერნსტ კირხნერის ზღვა და ტყე, ოღონდ ორ ნახატზე და ამავე თანმიმდევრობით:
*
ლაგუნაში მობანავეები
*
ტყე

27 ივნისი –
3 ივლისი.

Wednesday, June 22, 2011

არაფერი არაფერზე

დილას ვიდექი მეტროს ვაგონში, "ველაპარაკებოდი" საკუთარ თავს და მინდოდა, იმ მომენტში მქონოდა ნეტი და სიმშვიდე. გადავწყვიტე: მისვლისთანავე, ამ პოსტად გამოსადეგ, "თითქმის ლექსივით" ნაფიქრს ჩავწერდი, მაგრამ მისულს არც გამხსენებია. ახლა საღამოს 5-ის ნახევარია და თავს ვიმტვრევ, ნეტავ რა აზრი დამებადა მეტროს დარწეულ ვაგონში, ამდენ რამეს რომ ვაპირებდი-მეთქი. როგორც ჩანს, მომწონდა და ამიტომ. დამრჩა მხოლოდ სინოფსისი მოქმედებისა 9:15-9:40 დროის მონაკვეთში: ვიდექი ვაგონში, ვფიქრობდი (მაწყვეტინებდა ყოველ ორ წუთში ქალის ხმა) და ვწყვეტდი – მთავარი იყო ადგილზე მისვლა...
და აი, ვწერ ადგილიდან.
ვწერ სამუშაო ფაილში – გოგელია კომანდოს თავზე(დ). ახლა ამას დავაკოპირებ და მუშაობას განვაგრძობ.
სულ ეს იყო –
თაიმბრეიქ –
როგორც ფანჯარაში გახედვა.

Monday, June 13, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ექსპრესიონისტი მხატვარი ბერნარ ბუფე 1928 წელს, პარიზში დაიბადა. სწავლობდა პარიზის ხელოვნების ნაციონალურ სკოლაში. სურათებით მოვაჭრე მორის გარნიეს მხადაჭერით მეტად პროდუქტიულად მუშაობდა – ქმნიდა ნამუშევრებს რელიგიურ თემაზე, პორტრეტებს, ნატურმორტებსა და პეიზაჟებს. 1946 წელს გაიმართა მისი პირველი გამოფენა – მხატვრის ავტოპორტრეტი მუანის გალერეაში გამოიტანეს. მას შემდეგ, თითქმის ყოველ წელს ეწყობოდა ბუფეს გამოფენა. 1955 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის 10 საუკეთესო მხატვარს შორის დასახელდა (ჟურნალი "Connaissance des arts"). 1973 წელს იაპონიაში მისი მუზეუმი გაიხსნა. იყო ხელოვნების აკადემიის წევრი. შექმნა 8 ათასზე მეტი ნამუშევარი. მუშაობდა სკულპტურაშიც. გარდა ამისა, მისი ილუსტრირებულია რამდენიმე გამოცემა, არის საოპერო დადგმების დეკორაციების ავტორიც. ბუფე დაქორწინებული იყო მსახიობსა და მწერალ ანაბელ შუობზე, – მათ სამი შვილი ჰყავდათ. მძიმედ დაავადებულმა, 71 წლის ასაკში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კვირის მანძილზე მხატვრის რამდენიმე ნამუშევარს გამოვფენ:
*
პორტი – თემა, რომელზეც ბუფე ხშირად მუშაობდა.
*
ჯამბაზების სერიის (და მხატვრის შემოქმედებაშიც) ერთ-ერთ ბოლო ნახატს გამოვფენ (ბუფე 1999 წელს გარდაიცვალა. თუ გავითვალისწინებთ მის მძიმე ავადმყოფობას, ეს ნამუშევარი ჩემთვის თვითირონიის გამომხატველია).
*
ბუ (1969)

13–19 ივნისი.

Friday, June 10, 2011

ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი"

რამდენიმე თვეა, ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ფორუმი ებლიტფო ახორციელებს უნიკალურ პროექტს "ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი". 1776 მსურველს შეუძლია გადაწეროს ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი, ამ ხელნაწერებით კი გამოიცემა ერთადერთი გამოცემა, რომელიც შეინახება ეროვნული ბიბლიოთეკის რარიტეტის განყოფილებაში. ეს წიგნი გამორჩეული იქნება იმითაც, რომ გაფორმდება სპეციალურად მისთვის შექმნილი ილუსტრაციებით – მათი მოწოდება ასევე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. უკვე გადაწერილია პოემის 7 თავი და არსებობს რამდენიმე ილუსტრაცია. წიგნი აიკინძება ტყავის ორიგინალურ ყდაში, ხოლო ელექტრონული ვარიანტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამისათვის ზრუნვა უკვე დაწყებულია: ეროვნული ბიბლიოთეკის საიტის ელექტრონული ბიბლიოთეკის განყოფილებაში ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნისთვის" მომზადდა გვერდი, სადაც განთავსებულია როგორც პოემის სრული ტექსტი, ისე – ხელნაწერები. გვერდს აქვს საძიებო სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გადამწერების მოძებნა. ეს კი ასე ხდება:
შედით ზემოთ აღნიშნული გვერდის თემატურ კატალოგში – თემატიკა, გახსენით ვეფხისტყაოსნის განყოფილება ("გამოცემები") და ნახეთ წიგნის 61 თავი. დააწკაპუნეთ სასურველ თავზე და აირჩიეთ ტექსტი ან ხელნაწერი დოკუმენტი. ხოლო ხელნაწერებში გადამწერის მოსაძებნად ძებნაში ჩაწერეთ გვარი. მოძიებულ დოკუმენტში ის ყვითელი ფერით მოინიშნება.
ჯერჯერობით გადაწერილია 7 თავი და, შესაბამისად, ხელნაწერებიც საიტზეა განთავსებული.

შემოუერთდით ამ მშვენიერ პროექტს – ფორუმ ებლიტფოს ფეისბუკის გვერდზე ყოველკვირა ქვეყნდება გადასაწერი სტროფები. ამოირჩიეთ და ამავე გვერდზე დააფიქსირეთ, რომელ მათგანს გადაწერთ (რადგან, არჩევანის დაფიქსირების გარეშე ჩაითვლება, რომ სტროფი გადასაწერი დარჩა და მას ბიბლიოთეკის თანამშრომლებიდან რომელიმე მსურველი გადაწერს); თაბახის ფურცელზე გადაწერილი ტექსტი მიიტანეთ ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ (III) კორპუსში, ან სკანერით გადაღებული გაგზავნეთ ფოსტაზე: giorgi_x2000@yahoo.com
თქვენი ხელნაწერი შეინახება ეროვნული ბიბლიოთეკაში, მისი ელექტრონული ვარიანტი კი წიგნისთვის მომზადდება.

გარდა გადაწერისა, ფორუმში გამოითქვა სურვილი, რომ მსურველებს გამოეგზავნათ ვიდეოჩანაწერები, სადაც წაიკითხავდნენ "ვეფხისტყაოსნის" თითო სტროფს. უკვე არაერთი ჩანაწერი არსებობს, მათი ნახვა ასევე ებლიტფოს გვერდზე შეგიძლიათ.

Monday, June 6, 2011

ქუჩის მუსიკოსები

ქართველი ქუჩის მუსიკოსები, ძირითადად, მიწისქვეშა გადასასვლელებში ან მეტროებთან დგანან; უკრავენ და მღერიან უმეტესად მაშინ, როცა ხალხის ახალი ნაკადი უახლოვდებათ. ხანდახან დაკვრა (მაგალითად, გიტარაზე) შემოიფარგლება სიმებზე მხოლოდ ხელის ერთჯერადი ჩამოკვრით – მელოდია არ არსებობს. მუსიკოსები არ ურთიერთობენ პუბლიკასთან – არ მუშაობენ მასზე; მათ დიდ ნაწილს ეტყობა, რომ განიცდის ქუჩაში დაკვრას, ისინი დგანან მხოლოდ ერთი განწყობით – სხვა გზა არ აქვთ.

ვეცდები, ჩამოვთვალო შედარებით თამამები. პირველ რიგში, თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი მახსენდება – ყოველდღე ჩავდივარ. საღამოობით აქ როკს უკრავენ, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე და როგორც შეუძლიათ. ხშირად მათი რიტმით გამივლია გვირაბი. ისინი მღერიან სიამოვნებისთვის და თავის წარმოსაჩენად. ამავე გადასასვლელის სიღრმიდან დილაობით აკორდეონის ხმა ისმის; დღისით ეროვნებით, სავარაუდოდ, რუსი მამაკაცი უკრავს ხოლმე, რომელიც ასევე მთელი გულით მღერის.
მეტროს სადგურებში თუ შესასვლელებთან ნახავთ: ქალს, რომელიც სინთეზატორზე უკრავს და მღერის; ამავე ინსტრუმენტით, მომღერალი ბიჭიც შემხვედრია – ძირითადად იტალიურ სიმღერებს ასრულებს; ქალი, ფანდურით – ის შეღამებულზე გამოჩნდება ხოლმე; პატარა მედოლე ბიჭი, უსინათლო მუსიკოსი. დანარჩენები, ვინც მინახავს, ძალიან მორიდებულები არიან. სამწუხაროდ, მათ არ აქვთ განცდა, რომ ადამიანებს თავის ხელოვნებას უჩვენებენ.

როდესაც ზაზს ვუსმენ, ვფიქრობ: ჩვენთანაც რომ შეეძლოთ ხალხთან ასე ახლოს ყოფნა მათ, ვინც ხმის ჩამწერ სტუდიებამდე გზა გაიკვალეს... არადა, წარმოუდგენელია, ხომ? ქართველი "სთარი" ამას არ გააკეთებს.
პოსტის დაწერის სურვილი სპონტანურად გამიჩნდა მხოლოდ მას მერე, რაც დღევანდელი ვიდეოჩანაწერი კომპში გადავიტანე. ამ ოთხეულმა თავისი უშუალობით "პუბლიკა აიყვანა".
კარგი იქნება, ქართველი მუსიკოსებიც აწყობდნენ სანახაობას (რაც სცენაზეც უჭირთ, არათუ ქუჩაში). ფეხშიშველ დგომას არ ვგულისხმობ. უბრალოდ, იყვნენ თავისუფლები.



UPDATE:

სამწუხაროდ, ცუდი ხარისხის ჩანაწერი გამომივიდა

ერთი კვირა, კედელზე

ჩემი ფრანგული განწყობის შედეგია ამ გამოფენის არჩევანი: რენუარი და მისი "ცეკვა მულენში" (1876)

6-12 ივნისი.

Saturday, June 4, 2011

Monday, May 30, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ჯონ სინგერ სარჯენტის მომხიბვლელ "ლედი აგნიუს" გამოვფენ, რომლის დახატვასაც მხატვარი ქალის მეუღლის, სერ ენდრიუ ნოელ აგნიუს, თხოვნით 1892 წელს შეუდგა. მისი ნამდვილი სახელი გერტრუდა ვერნონი იყო (1865-1932). 1898 წელს ნახატი სამეფო აკადემიაში გამოიფინა და კრიტიკოსების საუკეთესო შეფასებები მიიღო. განხილვის საგანი ძირითადად ლედი აგნიუს ჯდომის მანერა, ღიმილი, მზერა და სიმეტრიული, თითქმის სქემატურად გამოსახული სახეა. ნახატი ედინბურგში, შოტლანდიის ეროვნულ მუზეუმში ინახება.

რეალური გერტრუდა
ვრცლად მხატვრის შესახებ

30 მაისი –
5 ივნისი.

Saturday, May 28, 2011

მე-13

წიგნის ფესტივალი ჩემთვის დღეს დაიწყო – როგორც იქნა, გავთავისუფლდი და წასვლამდე წინა დღეებში გაფანტული განწყობის შეგროვებაც ვცადე. არადა, როგორ ველი ხოლმე. მორიგი ფესტივალის ანონსის გავრცელებისთანავე მიჩნდება ასოციაცია: "წამზომი". ხანდახან ვცდილობ ავხსნა, რით არის გამოწვეული ეს ფერადი ემოცია. ბევრ წიგნს ვყიდულობ? – არა. ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი უამრავი წიგნისა და კითხვის მოყვარულის ერთად ნახვაა და მერე: დადიხარ, დადიხარ, ფეხების დაწყვეტამდე; არ გეზარება. ელი ახალი გამოცემების ნახვას, იქნებ მნიშვნელოვანი ფასდაკლებაც დაგხვდეს.. უცნაურია, რომ წლებია, ეს ემოცია არ მტოვებს, უფრო კონკრეტულად კი, მე-10 წელია, რაც დღეს ცოტა შეცბუნებულმა გავიაზრე – მე-3 ფესტივალიდან მოყოლებული, მონაწილეცა და სტუმარიც ვყოფილვარ. ჩემს ბლოგზეც ყოველთვის ჩნდება ჩანაწერი.
სივრცე
კარგია, რომ ისევ დიდუბის საგამოფენო სივრცე აირჩიეს. მომეწონა სტენდებისა და საპრეზენტაციო ადგილების განლაგება. ამას ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე – ფართის გადანაწილებაზეა დამოკიდებული ხალხის შედარებით კომფორტული გადაადგილებაც. თუმცა, მთელი პავილიონი არ შეუვსიათ. ზოგიერთი "სტაჟიანი" მოფესტივალე გამომცემლობისა თუ მაღაზიის სტენდიც არ იყო. როგორც ჩანს, არ მონაწილეობდნენ. სამაგიეროდ, ახალი სახელები შევამჩნიე. ჰო, წინა წლებივით აუტანლად არ ცხელოდა.
წიგნები
გულდასმით დავათვალიერე ყველა სტენდი და გამიჩნდა აზრი, რომ წიგნის მაღაზიებში გაცილებით მრავალფეროვანი არჩევანია. შეიძლება იმიტომ, რომ ფესტივალზე ძირითადად ახალი ან კომერციული თვალსაზრისით გამართლებული გამოცემები ხვდება. სიახლე: წლის ბუმმა – სერიულმა გამოცემებმა – ფესტივალზე, პავილიონის შუაგულში გადაინაცვლა. ეს ფესტივალი ყველაზე მომგებიანი ალბათ "სერიალების" შემქმნელებისთვის იქნება.

თითქმის არ იყო წარმოდგენილი რუსული წიგნები. სამაგიეროდ, გაიზარდა ინგლისურენოვანი გამოცემების რიცხვი. რა თქმა უნდა, არის საბავშვო წიგნების ფართო არჩევანი. სასურველი ახალი თარგმანები ისევ საკმაოდ ძვირია, თუმცა, ფასებზე ქვემოთ.
ეს პირველი ფესტივალია, სადაც ვიხილე ქინდლი :)

მართალია, არც გასაყიდად იყო გამოტანილი და არც წასაკითხად – მხოლოდ თაროს ამშვენებდა ორი ეგზემპლარი, მაგრამ გამიხარდა. ქართული ელექტრონული გამოცემების სტედებზეც ვერ ნახავდით ფართო არჩევანს, ერთი მათგანი სულაც ასე გამოიყურებოდა:

(ეს ქალბატონი დასასვენებლად ჩამომჯდარიყო). იქნებ, მომავალ წელს მეტი სიახლე შემოგვთავაზონ – მოთხოვნილება ელექტრონულ წიგნებზე იზრდება.
ფასები
უკმაყოფილო დავრჩი. ძირითადად 10-20%-იანი ფასდაკლებაა:
10% – ყველასთვის (მეც ამ კატეგორიაში ვარ), ხოლო ზუმის წევრებისთვის – 20%, რაც დიდ განსხვავებას არ იძლევა. კარგი იქნებოდა, მაღაზიების საკომისიო სრულად მოეხსნათ და მართლა საგამომცემლო ფასში გაეყიდათ წიგნები. ცნობისათვის, მაღაზიები წიგნს 35-40%-ს ამატებენ.

ახალი ქართული გამოცემებით არ დავინტერესებულვარ. რატომღაც, წელს გამოცემულმა წიგნებმა, არც პროზამ და არც პოეზიამ, ყიდვის სურვილი არ გამიჩინა.
ზემოთ "სერიალებზე" ვწერდი და მაქვს იდეა, წამოიწყონ ახალი ქართული ბუმსერია – "ტუალეტში საკითხავი წიგნები": ორი ქართული გამოცემა ვნახე ამ სათაურით. მათი გადაფურცვლა არ მომდომებია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთის ავტორი იქვე პრეზენტაციასაც მართავდა.
ვიყიდე ორი, ადრე წაკითხული წიგნი (დოსტოევსკი, მასეტი) – შინ არ მქონდა. ფამუქი მინდოდა, მაგრამ მისი ყიდვა გადავდე.
სულ ეს იყო ჩემი ფესტივალი. არ ვიცი, ხვალ კიდევ წავალ თუ არა. რამდენიმე ფოტო:

ამ სტენდთან გვირილებმა მიმიზიდეს.


წიგნის ფესტივალიც საოჯახოა – კარგია, ბავშვებით რომ მოდიან ხოლმე.



:)

Thursday, May 26, 2011

დამოკიდებულებისათვის

ვგმობ ყველა გადაწყვეტილებას და მოქმედებას, რომელიც გულისხმობს რუსეთის ხელქვეითობას, წარსულში დაბრუნებას.
ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას.
დიდი იმედი მქონდა, ე. წ. პოლიტიკოსებს ცოტაოდენი პასუხისმგებლობის გრძნობა მაინც ექნებოდათ შერჩენილი იმისთვის, რომ მათ გვერდით მდგომი ხალხი საფრთხეში არ ჩაეგდოთ. არ მომწონს არცერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა რუსეთზე დამოკიდებულების აღსადგენად, შესაბამისად, არც ასეთნაბიჯგადადგმული ადამიანების მიერ გამართულ აქციას ვგულშემატკივრობდი;
თუმცა:
მე არ მინდა, ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრისთვის შეიძლება უმოწყალოდ სცემონ, დააშინონ, დააპატიმრონ.
აუტანელია ამ ჩანაწერის ნახვა, სადაც ჩანს, აბსოლუტურად დამორჩილებულ ადამიანებს, ხელებგაკრულებს, მათ შორის ასაკოვნებს, როგორ ურტყამენ პოლიციელები. აქ გადაღებულია, როგორ ამტვრევენ პოლიციელები მოქალაქის მანქანას. ინტერნეტში მოიპოვება უამრავი კადრი, რომლებზე ასახული მოქმედებაც ნიშნავს არა მომიტინგეთა დაშლას, არამედ მათზე ძალადობას. მათი ნახვის შემდეგ ვფიქრობ, რომ სრულიად გაკონტროლებულ ციხეებში შეიძლება იძალადონ პატიმრებზე და ის ინფორმაციები, რაც ხანდახან ვრცელდება სხვადასხვა ინტერნეტსაშუალებით, სიმართლეს შეესაბამება. ამას ვფიქრობ, რადგან პოლიციელები აღნიშნული ჩანაწერებიდან დასჯის მოთხოვნილებით და უპირატესობის განცდით სავსეები ჩანან. ვცდებოდე, ნეტა.
არ მინდა, ფორმიანი ადამიანების მიმართ უნდობლობას ვგრძნობდე; საქართველოში პოლიციელი მოძალადესთან გაიგივდეს.
ზემოთ მოტანილი კადრების ნახვის შემდეგ შემეშინდა მომავალი თაობის, რომელსაც ეს ახალგაზრდები ზრდიან ან აღზრდიან.

დავიჯერებ, რომ ჩვენს ქვეყანას შეიძლება უკეთესი მომავალი ჰქონდეს, თუ მოძალადეები, ყველა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერთან ერთად, დანაშაულისა და კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

დიდი იმედი მქონდა, რომ ამ დამოუკიდებლობის დღეს საკმაოდ სასიამოვნო გეგმებს განვახორცილებდი – წავიდოდი წიგნის ფესტივალზე, რომელსაც ასე ველოდი, დავკავდებოდი სხვა კარგი საქმეებით. ამის ნაცვლად დღე გავატარე შინ, ნანახით შოკირებულმა და ზოგიერთი ადამიანის დამოკიდებულებით გაღიზიანებულმა. ჩემთვის გაუგებარია ქილიკი მომხდარზე, რადგან ეს ჩვენს მომავალზე ქილიკსაც ნიშნავს. პატივს ვცემ ყველა ადამიანს, რომელმაც არ დაკარგა ადამიანობა.
და ბოლოს,
იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ არის ქვეყანა, სადაც პოზიციის დაფიქსირება საშიშია.
მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც მიტინგი არავისთვის იქნება დღიური სამუშაო;
სადაც პოლიტიკოსები ხალხის ზურგს სკამზე ასაბობღებლად აღარ გამოიყენებენ და მხოლოდ ამ პროცესის (აბობღების) დროს არ გაახსენდებათ მათი არსებობა;
სადაც პირად საუბრებში არ იმსჯელებენ იმაზე, რომ მიზნის მისაღწევად 100 ან 1 ადამიანის სიკვდილიც კი დასაშვებია (სამწუხაროდ, დღეს ადამიანები გარდაიცვალნენ);
სადაც ხალხი არ იქნება მარიონეტი;
სადაც ვიზეიმებთ დამოუკიდებლობის დღეს.

------
ამ ჩანაწერში მოზარდს სცემენ. მოგვიანებით ვნახე.

Monday, May 23, 2011

ერთი კვირა, კედელზე

მინდა, ამ კვირის გამოფენის თემატიკა (კიდევ ერთხელ) წიგნის კითხვა იყოს. პირველ ნამუშევრად ფრედერიკ ჩაილდ ჰასამის ეს უმშვიდესგარემოიანი ტილო შევარჩიე..

ძველი გამოფენა ამავე თემაზე

23-29 მაისი.

Sunday, May 15, 2011

ხეები

ხეები ძალიან მიყვარს და სულაც არ ვთვლი მათ უსულოებად.
აი, ერთ-ერთი მათგანი, ასე რომ მომწონს, მინდა, კიდევ დავხატო (როგორც ბავშვობაში), მის ტყეში ვიხეტიალო, ხელები შემოვხვიო – არყის ხე






Wednesday, May 11, 2011

ქართული:

გამჭვირვალობა
ასეთი შთაბეჭდილება მრჩება: დღეს კარგი ტიპობაა იმის ღიად თქმა, რომ გეი ხარ ან ბი. ფეისბუკზე ვნახე: ჭიქებივით უჭახუნებდნენ ერთმანეთს თავის ორიენტაციებს და ამბობდნენ:
– გაგვიმარჯოს!
– გაგვიმარჯოს!

შოუ–ბიზნესი
ტელევიზიით აჩვენეს მღვდელი, რომელსაც უთანხმებდნენ ეკლესიის საძირკვლის გაჭრის ცერემონიაზე წითელი ხალიჩის დაგების დეტალებს. ცერემონიას ჰყავს რეჟისორი. მონტაჟდება ეკრანები...

პარადოქსი
ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისთვის მშენებარე პირველ ტრასას შეეწირა 1500 ძირი ხე.

Monday, May 9, 2011

ერთი კვირა, კედელზე

საყვარელი მხატვრის კვირა მექნება: "სიცოცხლის ხის" (1909) ცენტრალური ნაწილი ადრე გამოვფინე. ამჯერად, კიდევ
ერთი დეტალი.

9-15 მაისი.

Monday, May 2, 2011

ერთი კვირა, კედელზე

დღეს მარკ შაგალის რომელიმე თაიგულიან-წყვილებიანი ნახატის გამოფენა მომინდა და აი, არჩევანიც..

2-8 მაისი.

Sunday, May 1, 2011

დაინახე და დამანახე, ანუ შთაბეჭდილებები თანამედროვე ქართულ პროზაზე

"როცა გაივლი იმ მეწვრილმანის ახლოს, თავისი დუქნის კართან რომ ზის, მეკარის ახლოს, ჩიბუხს რომ ეწევა მეეტლეების სადგომთან, მიჩვენე ეს მეწვრილმანე და მეკარე, მათი პოზა, მათი გარეგნული სახე, რომელიც შეიცავს აგრეთვე მათს ზნეობრივ ხასიათს, მიჩვენე ისე, რომ არ ავრიო არც ერთ სხვა მეწვრილმანესა ან მეკარეში, დამანახე – მხოლოდ ერთი სიტყვის დახმარებით, – რით განირჩევა ეს ცხენი ორმოცდაათი სხვა ცხენისაგან, რომლებიც მას უსწრებენ, თუ უკან მიჰყვებიან" – გუსტავ ფლობერი.

ბოლო დროს ორმა თანამედროვე ქართველმა მწერალმა თქვა – ფანტაზიას ვუჩივით (თუმცა ვაფასებთ ფანტაზიის მქონე მწერლებს) და რასაც ვწერთ, მხოლოდ ჩვენ თავს გადახდენილი ან ჩვენი ყურით მოსმენილი ამბებიაო. არ ვიცი, რატომ ჩათვალეს საჭიროდ ამის საჯაროდ აღნიშვნა, მაგრამ საერთო ფონზე ფიქრისას მათი ნათქვამი თავს იჩენს.

მე ვერ ვიტყვი, რომ თანამედროვე ქართულ პროზას კარგად ვიცნობ – ყველაფერს ვკითხულობ, ყველა ავტორს ვადევნებ თვალს, მაგრამ რაც წამიკითხავს, ძირითადად სწორედ ფანტაზიის ნაყოფია ხოლმე – გამოგონილი პერსონაჟები და ამბები (ხშირად უცხოელი მწერლების ნაწარმოებების გმირებისა და სიტუაციების ანარეკლები), ჩაკეტილი სივრცეები – მხოლოდ ემოციური მდგომარეობის საჩვენებლად. აქ, რა თქმა უნდა, შესაბამის ჟანრებს არ ვგულისხმობ, სადაც ფანტაზია მწერლის მთავარი საყრდენია.

ახალი თაობის ავტორების დიდ ნაწილს, მათი ნაწარმოებებიდან გამომდინარე, ეტყობა, რომ თავის საცხოვრებელ ადგილს იშვიათად ტოვებს, მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრეში ტრიალებს, არ ინტერესდება სხვადასხვა თაობის თუ სოციალური წრის ცხოვრებით, არ მოგზაურობს თუნდაც საკუთარ ქვეყანაში, იკვებება კლიშე შეხედულებებით, რომლებსაც თავს ახვევს კინო, ტელევიზია ან ინტერნეტი (ეს ცალკე ფენომენია და მასზე, იქნებ, სხვა წერილში), კითხულობს მოდურ მწერლებს... და ისე წერს. ერთი სიტყვით, მასისგან მათ მხოლოდ წერის სურვილი თუ გამოარჩევთ.
ალბათ ამიტომ, ხშირად ხდება, რომ პერსონაჟებს ვერ დაინახავ: პორტრეტს არ აგიწერენ, არც გარემოს – სადაც გმირები მოქმედებენ. დასახლებული პუნქტი უმეტესად თბილისია (ნაწარმოებში ნახსენები რომ არც იყოს, იგულისხმება), ან წარმოსახვითი დიდი ქალაქი – ფილმებიდან თუ წაკითხულიდან მიღებულ შთაბეჭდილებათა ნაზავი; ხოლო ამ მოცემულობის შესაბამისად, აღწერილი ურთიერთობები, სიტუაციები, დიალოგებიც – დაშტამპული. თითქოს არავის აინტერესებს პერიფერია. ან იქნებ ცუდი ტონია არათბილისურ (არადიდქალაქურ) ამბებზე წერა? ფილმების გავლენა კიდევ ცალკე აღსანიშნი ამბავია: აკი, ერთ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილე მოთხრობებზე თქვეს კიდეც – ადვილად მიხვდები, მათ დაწერამდე რომელმა ავტორმა რომელი ჰოლივუდური ფილმი ნახაო.

მე მგონია, კარგი პროზაიკოსისთვის გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილების ქონა ისეთივე აუცილებელია, როგორც წერის ტექნიკის ფლობა; ცხოვრებისეულ გამოცდილებაში ბევრის მნახველობას ვგულისხმობ, რაც თავისთავად დაკვირვების უნარსაც მოიცავს და რაზეც მიხეილ ჯავახიშვილი არაჩვეულებრივად წერს თავის ესეში "როგორ ვმუშაობ":
"რა მასალა უფრო მშველის – ავტობიოგრაფია, დაკვირვება, წიგნი თუ ჩანაწერები? ყველა ერთად, ცალ-ცალკე კი არცერთი. ყველაზე უფრო სახიფათო მწიგნობრული მასალაა. თავისუფალი შემოქმედების მაგიერ ბრმა მიმბაძველობა გამოვა. დაკვირვება ერთ დროს კულტად მქონდა გადაქცეული და ძალიან დამეხმარა. პროზაიკოსისთვის იგი ფრთებს უდრის, უამისოდ ვერ გაფრინდება. შესაძლებელია მან ხალასი ფსიქოლოგიური რამ დასწეროს, მაგრამ ის ვერ შეჰქმნის ცოცხალ ტიპს, ვერ დაგვიხატავს პეიზაჟს, ვერ დაგვანახებს სულიერ-უსულო საგნების ურთიერთობას, ე. ი. ბუნებას, სიცოცხლეს, ცხოვრებას. მისი დანიშნულება კი სწორედ ეს არის და სხვა არაფერი... მარტო წიგნი და კარჩაკეტილობა პატიმრობას უდრის-მეთქი. მწერალმა, ნამეტან კი პროზაიკოსმა, ბევრი უნდა იმოგზაუროს, რათა ყველაფერი ნახოს, განიცადოს, გაიგოს, მოისმინოს და შეისრუტოს, თორემ ვისაც ბევრი არა მიუღია რა, ის ბევრს ვერც მოგვცემს" .
აი, ბეგბედერის ენით რომ რომ ვთქვათ: "ყველა მწერალი ჩამშვებია, ყველა ლიტერატურა დამბეზღებელია".
არ შეგაშინოთ ამ უსიამოდ მჟღერმა სიტყვებმა, – "გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები".

Monday, April 25, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ხუაკინ სოროლას სან სებასტიანის სანაპიროზე ნახატების მთელი სერია აქვს შექმნილი. დღეისთვის შერჩეული ნახატიც ამ სერიიდან არის..

ცოტა რამ მხატვრის შესახებ – ადრინდელ პოსტში

25 აპრილი –
1 მაისი.

Monday, April 18, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ამ კვირის გამოფენას ვან გოგს დავუთმობ:
კიდევ ერთი კაფე – მონმარტრიდან (1886).

18-24 აპრილი.

Thursday, April 14, 2011

"გუგლ-დუდლები", ანუ ის, რაც ყოველთვის მომწონდა


ყოველთვის მახალისებდა და მომწონდა yahoo-ს ანიმაციები და google-ს ლოგოები, იგივე გუგლ-დუდლები (google-doodles) რომლებსაც განსაკუთრებული თარიღებისთვის ქმნიან და მთავარ გვერდზე ათავსებენ. ეს არაერთხელ მითქვამს, ზოგიერთი შემინახავს კიდეც.
დღეს მინდა დავწერო ადამიანზე, რომელიც გუგლის ლოგოებს ქმნის. ეს დენის ჰვანგია, იგივე ჰვანგ ჯეონგ-მოკი, გრაფიკაში მომუშავე არტისტი. ჰვანგი 1978 წელს ნოქსვილში (ტენესის შტატი, აშშ) დაიბადა. ხუთი წლის ასაკიდან კორეაში ცხოვრობდა. 2003 წელს ისევ ნოქსვილში დაბრუნდა. მის მიერ გუგლისთვის შექმნილი პირველი ლოგო "ბასტილიის დღე" იყო, რომელიც 2000 წლის 14 ივლისს გამოქვეყნდა. მას შემდეგ, ჰვანგი ყოველ წელს დაახლოებით 50 ლოგოს ხატავს. თუმცა, გუგლ-დუდლების ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო: პირველი ლოგო – "აალებული კაცის" (Burning Man) ფესტივალზე წარსადგენი კორპორატიული ემბლემა – გუგლის დამაარსებლებმა, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა, 1998 წელს შექმნეს. 2000 წლიდან კი, გუგლ-დუდლერის ხელმძღვანელობა დენის ჰვანგს მიანდეს – არტისტს, რომელიც დღეისათვის "ყველაზე ცნობილი უცნობი მხატვარია მსოფლიოში – მისი ნამუშევრები არ ინახება მუზეუმებში, თუმცა ასობით მილიონჯერ არის ნანახი".

იაჰუსგან განსხვავებით, რომელიც ანიმაციებს ძირითადი დღესასწაულებისთვის ქმნის, გუგლი გლობალურია: ის აღნიშნავს როგორც საყოველთაო თარიღებს (ახალი წელი, დედამიწის დღე, დედის და მამის დღეები, ოლიმპიური თამაშები...), ასევე მსოფლიოში ცნობილი ადამიანების დაბადების დღეებს (ვან გოგი, რენე მაგრიტი, კარლოს გარდელი, დიზი ჯილესპი, რეი ჩარლზი, ალფრედ ჰიჩკოკი,, მარტინ ლუთერ კინგი...). განსაკუთრებით მომწონს ის, რომ 50-ზე მეტი ქვეყნისთვის სპეციალურად იქმნება ლოგოები მათი დამოუკიდებლობის დღეებისა და სხვა საერო დღესასწაულების, წმინდანთა დღეების, საზოგადო მოღვაწეების დაბადების თარიღების, ქვეყნის "სავიზიტო ბარათად" ქცეული მოვლენების აღსანიშნად (კარგი იქნება, საქართველოც იყოს ამ ჩამონათვალში). 1998 წლიდან 1000-მდე დუდლია შექმნილი.

არქივის თვალიერებისას უმეტესი ლოგოს გამოფენა მომინდა. რა თქმა უნდა, ერთ პოსტში ეს გამიჭირდება, მაგრამ არ შემიძლია, გვერდი ავუარო მხატვრების, მუსიკოსების, მწერლების, მამის დღის, ესპანური და იაპონური დღესასწაულებისთვის შექმნილ ლოგოებს...
ვიპოვნე ჩემი საყვარელი მხატვრები:

ნაციონალური ლოგოები კარგად გამოხატავს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. ლოგოები იაპონიისთვის გამორჩევით მომეწონა: ერთადერთი ერია, რომელსაც მოხუცებისა და ბებია-ბაბუის დღეების აღსანიშნი ლოგოები აქვს, რის გამოც კიდევ ერთხელ დავაფასე (ვვარაუდობ, რომ სხვა ქვეყნებში ამ დღეებს არ დღესასწაულობენ); გარდა ამისა, არსებობს იაპონელი მხატვრებისა და რეჟისორის, არჩევნების დღის ლოგოები.

საინტერესოა (და სახალისოც) წმ. გიორგის და დედამიწის დღის, ლიტერატურული თუ მულტფილმების გმირების, ჰელოუინის და ა. შ. ლოგოების სერიები; ბელკას და სტრელკას კოსმოსში გაფრენისა და ხეების დღეებიც კი აღინიშნება. პროფესიული ნიშნითაც მოვნახე ერთი ლოგო: ეროვნული საბიბლიოთეკო კვირეულისთვის, რომელიც ამერიკაში გაიმართა.

და ბოლოს, ანიმაცია, რომელიც გუგლის მთავარ გვერდზე შარშან, ჯონ ლენონის დაბადების დღეს გამოქვეყნდა და ძალიან მომეწონა: