Monday, February 28, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ერნსტ კირხნერს მივუბრუნდი. არჩევანი – გოგონა კატა ფრანცისთან ერთად (1910).

გოგონა და კატა კირხნერის პირველ გამოფენაზეც მოხვდნენ, მაგრამ რაკი გული ამ ნახატებისკენ მიმიწევს, იყოს ეს თემა. მის სხვა ნამუშევრებს სხვა დროს გამოვფენ.
აქვე: ჩემთვის საინტერესოა დაკვირვება, 2008 წლიდან – რაც ბლოგის გამოფენებს ვმართავ, ვის უფრო ხშირად ვფენ და თუ ა(ღა)რ, რა მიზეზით. პირველი წლის ბოლოს ყველაზე მეტჯერ გამოფენილი მხატვრების ხუთეული გავაკეთე. თუ არ დავიზარე, მომდევნო წლებსაც გადავხედავ. თუმცა მხოლოდ რაოდენობა არაფერს წყვეტს. აი, მაგალითად, დიეგო ველასკესი – არაჩვეულებრივია, მაგრამ მასზე ხშირად ვერ ვწერ; გარდა ამისა, ამ გამოფენებისთვის ახალი მხატვრების შემომატებაც მიყვარს.

28 თებერვალი – 6 მარტი.

Sunday, February 27, 2011

ბორბალი

თითქოს არაფერი შეცვლილა გასული კვირა დღიდან: პეიზაჟი ფანჯრიდან იგივეა, განწყობაც და ასე მგონია, მომდევნო დღეებიც განმეორდება იმ ადამიანებით, ამბებით და შეგრძნებებით, რაც ამ ორ კვირადღეს შორის ჩარჩა. არც ისე კარგი პერსპექტივაა.
*
გუშინ ქუჩაში ქოლგა რომ გავხსენი, ჩემს წინ კიბეზე ამავალი გოგო დაფრთხა და უცებ მოტრიალდა. მისი შეხტომისთანავე ვიფიქრე, სულ მცირე, დამიბღვერდა და შეშინებისთვის ბოდიშის მოხდაც დავაპირე, მაგრამ შემომხედა თუ არა, ორივეს გაგვეცინა. არაფრით ველოდი ამ რეაქციას და გავხალისდი.. მერე მოვდიოდი და ვფიქრობდი: ისეთი იშვიათი გახდა ქუჩაში თუნდაც უბრალოდ ღიმილის მიღება, რომ გაკვირვებას და ოდნავ სიამოვნებასაც იწვევს.
შეგიმჩნევიათ, როგორი მოღუშული დადის ხალხი? გაცივებული მზერით. თუ ვინმე იცინის – ან ბავშვები არიან, ან ჯგუფად მიმავალი თინეიჯერები. ცოტა უფროსებს უკვე ბარგი აქვთ სათრევი. ზოგიც თვითონ არის ბარგი.
*
მხრები ოდნავ მსუბუქდება, როცა შინ ვბრუნდები. შვებაა, როგორც მოჭერილი ფეხსაცმლიდან ფეხის ამოდგმა..
მთელი კვირა ვფიქრობდი: რა კარგია, რომ არსებობს წიგნები და სიზმრები – ყველაზე დიდი და ფართოდ კარგაღებული თავშესაფრები.

Monday, February 21, 2011

ერთი კვირა, კედელზე

დღეს ჰოლადიელ მხატვარს – იან ვერმერს (აგრეთვე, სავარაუდოდ: იან ვან დერ მენი, ან იან ვერმერ ვან დელფტი) გამოვფენ.
ვერმერი 1632 წელს ქალაქ დელფტში დაიბადა. მამამისი ხელოვნების ნიმუშებს ყიდდა. მოგვიანებით, ამ საქმეს ვერმერიც გაჰყვა. მხატვრის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ შემონახულა; არაფერია ცნობილი მის სამხატვრო განათლებაზე. შემორჩენილია ცნობა, რომ 1653 წელს ის წმ. ლუკას გილდეაში მიიღეს – ეს იყო სხვადასხვა ჟანრის ფერმწერთა გაერთიანება. ამავე წელს ვერმერი დაქორწინდა. შეეძინა 15 შვილი, მათგან 4 მცირეწლოვანი გარდაეცვალა. მხატვარმა სულ 40-მდე ნახატი შექმნა – წელიწადში 2 ნამუშევარს თუ ამთავრებდა. აქედან გამომდინარე ასკვნიან, რომ იგი თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახის შესანახად, ძირითადად, სხვა შემოსავალზე იყო დაყრდნობილი. ვერმერი ხატავდა იმ რამდენიმე მფარველისთვის, ვინც აფასებდა მის შემოქმედებას და აფინანსებდა კიდეც. თუმცა, არ არის ცნობილი, მათ კონკრეტულ დაკვეთებს ასრულებდა თუ არა.

ვერმერი ძირითადად საშუალო კლასის წარმომადგენლებს ხატავდა. მის ყველა ნამუშევარზე ფიგურირებს ადვილად აღსაქმელი სინათლის წყარო – ხშირად სარკმლიდან შემოსული. მკრთალი შუქის ფონზე შთამბეჭდავი ხდება როგორც გამომეტყველება, ისე ნივთები (თავის ნამუშევრებში ნივთებს, ქსოვილებს მხატვარი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა და გარკვეულ დატვირთვას ანიჭებდა). მის ნახატებზე ბევრ პერსონაჟს ვერ იპოვნით; ფავორიტი ფერები ცისფერი და ყვითელია.

ამ კვირაში, ალბათ, ორ ნამუშევარს გამოვფენ:
პირველი, ეს არის გოგონა, რომელმაც შეწყვიტა მუსიკის გარჩევა. ნახატზე საინტერესო დეტალებია ვიოლინო და ჩიტის გალია, ასევე კუპიდონის ტილო კედელზე, რომელიც ვერმერის კიდევ ერთ ნამუშევარზეა გამოსახული. ნახატი 1660 წელს არის დახატული.
*
კვირის მეორე ნამუშევრად "მაგიდასთან ჩაძინებული ქალი" (1656-1657 წწ.) ავირჩიე.

21-27 თებერვალი.

Sunday, February 20, 2011

* * *


თოვს. თბილისში ჩვეული დროით დადგა ზამთარი – თებერვლის შუარიცხვებიდან. ამ დროს, ბოლო წლებში მაინც, ყოველთვის მოდის თოვლი – ხან "ერთი მუჭა", ხან ისეთი, დღეს რომ დაგვხვდა – მსუყედ დადებული. თოვლის ცქერა (ისიც, თოვის – პროცესის) მხოლოდ ფანჯრიდან თუ მიყვარს, ასე რომ, დღეს გარეთ ცხვირის გაყოფას არ ვაპირებ და ხვალინდელი გასვლის აუცილებლობასაც უხალისოდ ველი..

ქართული ბლოგპოსტების კრებული

ორი დღის წინ ე. წ. "ბლოგერების კრებულის" – "Facebook-მა რა ჰქმნა?!" – პრეზენტაცია გაიმართა. თავიდან, კონტრაქტთან დაკავშირებული გაუგებრობების გამო, შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი ვთქვი. მოგვიანებით კონტრაქტორი მხარე და ხელშეკრულების პირობები შეიცვალა და საბოლოოდ, ჩემი პოსტი ამ კრებულში შევიდა; მაგრამ სიმართლე ვთქვა, ის განწყობა, რაც წინაისტორიამ გამოიწვია, არ შემცვლია.

მცირედი, რისი თქმაც ახლა წიგნზე მომინდა:
საინტერესოა იმ მხრივ, რომ მასში ნახავთ პოსტებს სოციალურ პრობლემებზე, ომზე, სიყვარულზე, წიგნებზე, სნობიზმზე და ა. შ. ანუ ყველა თემაზე, რაც დღეს ახალ თაობას აღელვებს (შეიძლება ჩემი შეხედულებები არ ემთხვევა ზოგიერთი წერილის პათოსს, მაგრამ ესაც ბუნებრივია);
არ მომეწონა წიგნის სათაური (რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ამ სათაურის მქონე პოსტს). ვფიქრობ, რომ წიგნის სახელწოდებად, რომელშიც შესულია ქართული ბლოგპოსტები, სხვა ვირტუალური სოციალური სივრცის სახელი არ უნდა იყოს გამოტანილი. სათაური პირველი მნიშვნელოვანი ორიენტირია და მკითხველი, რომელიც ინტერნეტთან მწყრალად (ან თუნდაც კარგად) არის, სმენია ფეისბუკის შესახებ, მაგრამ კიდევ უფრო ცოტა იცის ბლოგზე, ამ გამოცემის დანახვისას პირველ რიგში ფეისბუკის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებისთვის განეწყობა.

ამ წიგნმა, რა თქმა უნდა, "ბლოგის თაროზეც" დაიდო ბინა, რაკი მასთან დაკავშირებული ვარ.

Monday, February 14, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ვიფიქრე და ამ პატარასკენ გამიწია გულმა –
ჯონ სინგერ სარჯენტს გამოვფენ.

14-20 თებერვალი.

Sunday, February 13, 2011

კვირა

მთელი ეს კვირა ვერაფრის დაწერა ვერ მოვახერხე. ერთადერთი, რაც საღამოობით მინდა, ძილია, რაც დღისით – სიმშვიდე. მაღიზიანებს აწმყო. წესით, ეს ცვლილებებისთვის საკმარის მოტივაციად უნდა იქცეს, მაგრამ ამ ეტაპზე ვერაფერს ვცვლი. ხანდახან ძალიან ვართ მიჯაჭვულები ჩვენს გარემოცვაზე თუ გარემოზე...

მინდოდა, მუსიკა დამედო აქ, მაგრამ რაკი რასაც ვუსმენ, ძალიან მესევდიანება, გადავიფიქრე. ჰოდა, გტოვებთ თქვენ-თქვენს ჰანგზედ :)
უკეთესი კვირის იმედით!

Monday, February 7, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ამ ნახატს მოუწყენლად ვათვალიერებ. არ ვიცი, რა უფრო მიზიდავს: შუქ-ჩრდილები (განსაკუთრებით ქუდსა და ზურგზე), ფერები, ქალის სხეულით გამოხატული ემოცია, წყვილი კონკრეტულ ანტურაჟში, გარემო – მათგან დამოუკიდებლად თუ ნახატის შექმნის პერიოდის (1922 წ.) ნიუ-იორკსა და ურთიერთობებზე ფიქრი...
საერთოდ კი, ედვარდ ჰოპერი მომწონს. დღეს გამოსაფენად მის რამდენიმე ნახატზე ვფიქრობდი, მაგრამ მეტყველმა ზურგმა და წითელმა ქუდმა გადაწონა.

ცოტა რამ ჰოპერზე
(რა უცნაური დამთხვევაა: ახლა, ეს ჩანაწერი რომ ვიპოვე, თარიღს დავხედე – პირველად თითქმის ანალოგიურ პერიოდში გამომიფენია. ჩემი "თებერვლის" მხატვარია, როგორც ჩანს).

7-13 თებერვალი.

Saturday, February 5, 2011

(ეს) ღამეები. დღეები. განწყობა

ასეთი ვირუსი შემხვდა – ყელი მტკივა დღეგამოშვებით, ღამით ხმაც მტოვებს და დილით, ვითომ არაფერი, ისევ ჩემთან ერთად იღვიძებს... სიზმრებში კი ვლაპარაკობ. ვხედავ. მიყვარს.

დღეები – უწყლო, წყლის ძიებაში. მერწყული გავხდი.
ცოდნა, რომ შინ წყალია, სიმშვიდეს ნიშნავს; დაცარიელება დგომაა შეციებულთა რიგში; შეგრძნება – 90-იანი წლები, საერთო ცეცხლი დღის სადილისთვის; ცქერაა – როგორ ივსება მცირე ნაკადით გამჭვირვალე ჭურჭელი; ხმა – მცირე ნაკადისა; სახე:
"წყაროს" თავზე, მარმარილოს ქვაზეა ამოხატული. იღიმის. ბიჭია, 22 წლამდე. იქვე სახელი. ზედმეტიც. წყალს მისი ღიმილიდან ვავსებთ.
მე ბოლო ვარ.
სულ რამდენიმე წუთით.

ვუსმენ.
დაუწერელ კანონს ვარღვევ (თურმე). ვიღაცები მსჯელობენ: რატომ ამ ენაზე. ვიღაცებს ეშინიათ. მგონი, წიგნების აკრძალვამდეც მივალთ და უფალ ცენზორსაც დავ(ი)ნიშნავთ.

თითქოს ყვითელ ნოტიო ქვიშაში ჩავყავი ხელები. კარგია, პირში ქვიშის ნამცეცებს არ ვგრძნობ...
გადავიკითხავდი ამ წიგნს.