Friday, December 31, 2010

გილოცავთ

რაღა დარჩა "ჯადოსნურ" შუაღამემდე? სულ რამდენიმე საათი. წინასაახალწლო დღეებში და, საერთოდ, დეკემბრის თვეში გასულ წელზე მეფიქრება ხოლმე. ხელისგულზე ჩანს მთელი წელი – გადადგმული ნაბიჯებით, სიტყვებით, ადამიანებით, მიღწეული თუ ვერშეძლებული ჩანაფიქრებით, მოსმენილით, ნანახით... და თავისთავად ჯამდება, ერქმევა "კარგი" ან "არც ისე კარგი", თუმცა არა რომელიმე წელს – ნომრით რაღაც ციფრი, რომელიც ასეთად აქცია ტრადიციულ-სიმბოლურმა დახვედრამ, არამედ ჩემი ცხოვრების ამ მონაკვეთს, რომლის მთავარი მოქმედი გმირიც მე ვიყავი; მაგრამ ანტურაჟსაც აქვს მნიშვნელობა, ჩვენს თანამდგომებსაც, ჩვენგან თანადგომასაც, შესაბამისად, რაღაც შედგება, რაღაც – ვერ...
შეფასებებს ყოველთვის ჩემთვის ვიტოვებ, არ მიყვარს მათი ღიად ჩამოწერა. ჩვენს ნებისმიერ წელს კი ახლავს ლამაზი დღეები, შეგრძნებები, სიხარულები და ამ საღამოს მათ სიამოვნებით ვიხსენებ, – ამ საღამოს თვალები უნდა იღიმოდეს :)

ყველას გილოცავთ ახალ წელს,
ბედნიერი დღეების სიუხვეს გისურვებთ,
სიკეთე და სიხარული არ მოგკლებოდეთ!

Wednesday, December 29, 2010

საუბრები ლიტერატურაზე

დიდი ხანია, ჩემი ბლოგის თაროზე ახალი გამოცემა არ დამიმატებია. ორი დღის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის მორიგი ლიტერატურული კრებულის წარდგინება გაიმართა. კრებულში არაერთი საინტერესო ინტერვიუ თუ წერილი შევიდა. ვინც თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეცნობა, მათთვის ამ ავტორებისა თუ მთარგმნელების სახელები ნაცნობია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრ მათგანს იშვიათად შეხვდებით ლიტერატურაზე მოსაუბრეს – მათთან ჩაწერილი ინტერვიუების სიმცირეს ან საერთოდ არარსებობას ვგულისხმობ.
კრებული ლევან ბერძენიშვილის მიერ მოთხრობილი "ლიტერატურული ისტორიებით" იხსნება: ეს არის ვრცელი ინტერვიუს პირველი ნაწილი, რომელიც ვფიქრობ, ნებისმიერ ლიტერატურის მოყვარულს დააინტერესებს. გარდა ამისა, დაიბეჭდა გიორგი კილაძის მიერ ჩაწერილი ინტერვიუები: ვაჟა ხორნაულთან, ლევან ტატიშვილთან, თეა თოფურიასთან, გიორგი საჯაიასთან, ქარდა ქარდუხთან, ზაზა ბიბილაშვილთან, გიორგი კეკელიძესთან, ბაჩო კვირტიასთან, მაკა მიქელაძესთან და სხვებთან; ლიტერატურული საუბრები ლევან რამიშვილთან; ნინო სადღობელაშვილის, მარსიანის, იკა ქადაგიძის, ნინო დარბაისელის, მაია სიმონიშვილის, ნინო გედენიძის და სხვების წერილები...
ყოველი მორიგი კრებულის გამოსვლისას ვამბობ – ეს უკეთესია, ვიდრე წინა და გული მწყდება მცირე ტირაჟზე. იმედია, ეს კრებული სრული სახით ელექტრონულადაც გახდება ხელმისაწვდომი.

Monday, December 27, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ეს კვირა ახალი წლის არის, ამიტომ რაიმე სიმბოლურის მოძებნა გადავწყვიტე. კლიმტის "სიცოცხლის ხე" ორი მიზეზით შევარჩიე: კლიმტი მიყვარს და ახლა მხოლოდ მისი ოქროსფერი მიდგას თვალწინ, ამასთან – ახალ წელში გადაბიჯება ხომ ერთგვარად ჩვენი სიცოცხლის ხის ზრდას ნიშნავს. ეს ნამუშევარი სამნაწილიანია, კედელზე მხოლოდ ცენტრალურ დეტალს გამოვფენ, დანარჩენი – სხვა დროს..
იმედი მაქვს, თქვენი "სიცოცხლის ხეები" მომდევნო წელს თვალისმომჭრელად ლამაზი და ნაყოფიერი იქნება :)

27 დეკემბერი, 2010 -
2 იანვარი, 2011.

Saturday, December 25, 2010

ჩვენი სიამოვნებისთვის

* * *
წელიწადის ამ დროს, უფრო ზუსტად კი, წლის ბოლო კვირაში ნაძვის ხეები განსაკუთრებით მაღელვებს. ალბათ, ამის შედეგია ჩემი ერთი ლექსიც. განსაკუთრებულ აღელვებაში მაინც და მაინც მათი მორთვის სიყვარულს არ ვგულისხმობ, არც ხშირად ვცვლით საახალწლო ნაძვს, მაგრამ თვალი კი გამირბის ხოლმე გასაყიდად ჩამწკრივებულებისკენ. თან საინტერესოა ადამიანების ნახვა, რომლებიც საახალწლოდ ემზადებიან: ფუსფუსებენ, არჩევენ; ითვალისწინებენ დიზაინერების, ასტროლოგების, თუ ხალხურ რჩევებს..
რამდენიმე წლის წინ, როცა ქუჩებში მოჭრილი ნაძვებით სავსე სატვირთოები იდგა, დაახლოებით ისეთივე განცდა მიჩნდებოდა, როგორც საახალწლო დახლებზე ბევრი ყელგამოღადრული გოჭის ერთად ნახვისას. ზოგი ხე გამორჩეულად კოხტა იყო – პროპორციულად გაზრდილი. ეს მოსაჭრელად როგორ გაიმეტესო, იფიქრებდი. წელს, ჯერჯერობით, მხოლოდ ნაძვის ტოტებს ყიდიან და კიდევ, მგონი, სიახლეა (ან იქნებ ადრეც იყო და მე არ მინახავს) – ნაძვის ტოტებისგან დამზადებული ხეები: ნედლ ჯოხს ნახვრეტებს უკეთებენ და მათში ტოტებს ამაგრებენ. გამყიდველები იფიცებიან, ერთთვიანი გარანტიით ვყიდითო :)
მე ახალი ნაძვის ყიდვა მინდა, ხელოვნურის – იქნებ ცოტა გავხალისდე და საახალწლო განწყობაც გამიჩნდეს.
* * *
დღეს ქუჩაში 20-22 წლის გოგო ვნახე – კისერზე მელიაშემოხვეული. გული მომეწურა და თვალი ავარიდე. მისმა ასაკმა დამაფიქრა. საბჭოთა პერიოდში საკმაოდ ძვირი ღირდა ე. წ. "შუბები" (ახლაც, ალბათ). ქალებს, რომლებსაც მისი ყიდვის საშუალება ჰქონდათ, შეძლებულებად და საუკეთესოდ გამოწყობილებად თვლიდნენ. ჰოდა, საბჭოთა დეიდებიც ქურქებზე ოცნებობდნენ. მათ სრულებით არ აღელვებდათ სტატისტიკა, თუ რამდენი ცხოველი იწირებოდა იმისთვის, რომ თავები სრულყოფილ ქალებად ეგრძნოთ. მახსოვს, პატარას არ მიყვარდა, როცა მელიის თავ-ფეხით შემოსილს ჩემი ჩახუტება უნდებოდა – გაყინული ცხვირისა და ჩამოყრილი თათების შეხებაზე მაციებდა. ასევე, ჩემზე იმოქმედა პასუხმა, რომელიც მივიღე კითხვაზე – ეს უცნაურად ჩახვეული "კარაკული" რისგან მზადდებოდა.
უამრავი ცხოველი ნადგურდება ადამიანის კაპრიზების გამო. მოდურად რომ გამოვიყურებოდეთ, ხელოვნური ბეწვიც ხომ სრულიად საკმარისია.
ზუსტად ვიცი, არასდროს მოვიხვევ მკვდარ ცხოველს, არ მეკიდება გულთან მისი შუშისთვალებიანი, მოქანავე თავი.

Monday, December 20, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეისთვის პოლ გოგენის კლდეებზე გადმომდგარ ფლეიტისტს გამოვფენ.

20-26 დეკემბერი.

Sunday, December 19, 2010

ელექტრონული თაროები

დღეს ბევრს საუბრობენ ელექტრონული წიგნებით ბეჭდურის ჩანაცვლებაზე. დგება გამოკითხვები, მსჯელობენ, დაობენ, ერთმანეთს "აჭიდებენ" ფურცელსა და ფაილს. მე ცოტა ხნის წინ მოვიხიბლე ელექტრონული რიდერით, მინდა შევიძინო, რადგან მგონია, ძალიან პრაქტიკული მოწყობლობაა. თუმცა, დღეს მინდოდა, ჩემი პასუხი დამეწერა კითხვაზე, რომელსაც ფორუმებსა თუ სხვადასხვა საიტებზე სვამენ: ვფიქრობ, ელექტრონული წიგნები ყოველდღიურობაში აუცილებლად ჩაანაცვლებს ნაბეჭდ წიგნს. უბრალოდ, მსოფლიოს მზარდ განვითარებას მოჰყვება ეს საჭიროება – მეტი პრაქტიკულობის გამო, ელექტრონული წიგნის გამოყენება უფრო მისაღები გახდება, რადგან ადვილი იქნება მისი მოპოვება, თანხლება და ა. შ. თანხლებაში ხომ ათასობით წიგნის თანხლება იგულისხმება.
გადახედეთ თქვენს საოჯახო ბიბლიოთეკებს, როგორ ფიქრობთ, რამდენი ათასი წიგნი აწყვია თაროებზე? იქნებ ათასიც არა. მით უმეტეს, თუ დამოუკიდებლად, გულდაგულ ადგენთ საკუთარ ბიბლიოთეკას, წარმოიდგინეთ, ყველა ეს წიგნი ჯიბეში გედოთ, ფურცლოთ ნებისმიერ დროსა და ვითარებაში, საჭირო წიგნს ადვილად პოულობდეთ, სულ რამდენიმე წამში... რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკულია და თანამედროვე ადამიანი, რომელსაც მუდმივად აქვს დროის პრობლემა, უარს არ იტყვის ამ საშუალებაზე.
მე ვფიქრობ, ათიოდე წელი სრულიად საკმარისი იქნება, რომ ელექტრონული რიდერების გამოყენება მასიური გახდეს. ათ წელს ვამბობ, რადგან მოწყობილობებს, რომლებიც წასაკითხად არის საჭირო, ღირებულების გამო, ყველა ქვეყანაში მასიურად ვერ ყიდულობენ. არც ყველა წიგნი არსებობს ელექტრონულ ფორმატში. როცა რიდერების ფასი მათი წარმოებისა და შესაბამისად, მასების მსყიდველობითი უნარის ზრდის პარალელურად დაეცემა და ისინი ისეთივე ადვილად შესაძენი გახდება, როგორც, მაგალითად, დღეს მობილური ტელეფონია, ეს კითხვაც მოიხსნება (აქ მთავარი წიგნის მკითხველთა რაოდენობის თუნდაც შენარჩუნებაა). ამასთან, გასათვალისწინებელია მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა – ეკოლოგია. გლობალური დათბობის და ეკოლოგიური კატასტროფების მიმართ შიში თუ ფაქტის წინაშე აღმოჩენა, ადამიანებს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ალტერნატიული გზების მონახვისკენ უბიძგებს.
პირველ რიგში, ალბათ უპრიანი იქნება ტექნიკური და სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრება და მომავალშიც – მათი მხოლოდ ციფრული სახით გამოცემა. მე თუ მკითხავთ, ასეთ ლიტერატურაზე ქაღალდი არ უნდა იხარჯებოდეს. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, მისი ციფრული ვარიანტები მსოფლიოში უკვე პოპულარულია; იმედია, ქართულ ლიტერატურასაც, თარგმანებთან ერთად, მალე ვიპოვნით ელექტრონული წიგნის ბაზარზე.
რაც შეეხება ნაბეჭდ წიგნს: ვფიქრობ, ის უფრო "ელიტური" გახდება; ძვირი თვითღირებულებით; ალბათ, ავტორები მაინც ეცდებიან, თავისი წიგნების მცირე რაოდენობა ფურცელზეც დაბეჭდონ; წიგნების მთავარი საცავები ქვეყნის ბიბლიოთეკები იქნება, რა თქმა უნდა, უკვე არსებული საოჯახო ბიბლიოთეკებიც; ადამიანების ნაწილი შეაგროვებს წიგნებს, როგორც ბეჭდური წიგნის ნიმუშებს; ძველგაზრდები (ძირითადად) სინანულით გაიხსენებენ წიგნის სუნსა და ქაღალდის ფაქტურის უპირატესობას, თუმცა, როცა საქმე წიგნის წაკითხვაზე მიდგება – მთავარი შინაარსის "მოპოვება" იქნება და არა ფორმა, ყველას მოუწევს არჩევანის პრაქტიკულობის სასარგებლოდ გაკეთება. ისევე, როგორც ეს ელექტრონული ფოსტის შემთხვევაში მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ხშირად "ნამდვილი", ხელნაწერი წერილების მიღებასა და მათი კითხვით გამოწვეული ინტიმის შეგრძნების პოვნას ნატრობენ.
და ბოლოს, მე სიამოვნებით გავაკეთებდი ჩემს წიგნს ელექტრონულ ფორმატში(ც). ამაზე ვიფიქრებ კიდეც, თუ წიგნის გამოცემა ოდესმე კვლავ გადავწყვიტე.

Monday, December 13, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს მინდა ესპანელი მხატვარი – ხუაკინ სოროლა წარმოგიდგინოთ. ის 1863 წელს, ვალენსიაში დაიბადა. ფერწერის შესწავლა 14 წლის ასაკში დაიწყო. სწავლობდა ესპანეთსა და იტალიაში. პირველი გამარჯვება, რომელიც ოქროს მედლით აღინიშნა, მადრიდის ეროვნულ გამოფენაზე 1892 წელს შექმნილი ნახატით "სხვა მარგარიტა" მოიპოვა; მას შემდეგ წარმატებით იფინებოდა ევროპასა და ამერიკაში. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ მუზეუმშია დაცული (ზემოთნახსენებ შთამბეჭდავ ნახატს მშვიდად ვერ ავუარე გვერდი, მით უმეტეს, შექმნის ისტორიაც ასეთივე ახლავს: ბორკილებდადებული მარგარიტა, რომელიც საკუთარი ჩვილის მკვლელობისთვის იყო დაპატიმრებული, მხატვარმა მესამე კლასის ვაგონით მგზავრობისას ნახა. ნახატზე საოცრად არის გადმოცემული მისი განცდები – ქალის მთელი სხეული მეტყველია).
ხუაკინ სოროლა ძირითადად პორტრეტებს, პეიზაჟებს ხატავდა; ასევე, მუშაობდა სოციალურ თუ ისტორიულ თემებზე. კონტრაქტის საფუძველზე, რამდენიმე წლის მანძილზე ქმნიდა ესპანეთის ცხოვრების ამსახველ სურათებს, რისთვისაც მან ქვეყნის თითქმის ყველა პროვინცია შემოიარა.
სოროლას ნამუშევრებზე ხშირად ნახავთ ზღვას და ზღვისპირად მოსეირნეებსა თუ მოთამაშე ბავშვებს. მისი სანაპიროები მუდამ მზიანია და მე მგონია, ამ ნახატებიდან ნიავი და წყლის შხეფებიც ადვილი შესაგრძნობია. დღეისათვის სწორედ ზღვის თემა შევარჩიე: ბიჭს გამოვფენ – ცხენთან ერთად.

13–19 დეკემბერი.

Friday, December 10, 2010

დღის ვიტრინები


ცოტა ხნის წინ ფოტოსერიის გადაღება დავიწყე – "დღის ვიტრინები". მისი გადაღება, შეიძლება ითქვას, არ დამიმთავრებია – ვიტრინები და ალბათ, დღეებიც ჯერ არ გამოილევა :)
ქუჩაში ხშირად იყურებით ვიტრინებში? რისთვის? იქ გამოფენილი ნივთების თუ საკუთარი ანარეკლის დასანახად? მე ალბათ ორივესთვის. გზად არაერთი ვიტრინა მხვდება. თანმიმდევრობით დავწერ იმ ვიტრინებზე, რომლებშიც თავსაც ვხედავ. უცნაურია, ვიტრინები, რომლებიც მხოლოდ პროდუქტით არის გამოვსებული და მიღმა სივრცის დანახვის, შესაბამისად, გარესამყაროს არეკვლის საშუალებას არ იძლევა, არ იქცევს ჩემს ყურადღებას.

პირველი ასეთი შემხვედრი ვიტრინა, თუ არ ვცდები, ლომბარდისა და ფულის გადასახურდავებელი პუნქტის არის. მასში თუ შეიხედავთ, საინტერესოს ვერაფერს დაინახავთ ზურგით მდგომი ერთი-ორი ადამიანის გარდა. დილით ისინიც იშვიათად არიან და ვიტრინიდან კიდევ ერთი პატარა სარკმელი ჩანს. მასში ალბათ ქალის სახესაც დალანდავთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩემსავით სწრაფად არ გარბიხართ და ვიტრინის დასრულებამდე ხუთამდე ნაბიჯის გადადგმას მაინც ახერხებთ. მე როგორც წესი, დილით გავრბივარ, ამიტომ საკუთარ სახეს უფრო სწრაფად ვპოულობ ვიტრინებში, ვიდრე მათ მიღმა დალაგებულ თუ გამოჩენილ ობიექტებს. ვხედავ ჩემ თმას, რკინის ბურთულებს ჩანთაზე, ქუსლებს და მზერა ისევ ასფალტზე გადამაქვს – ალაგ-ალაგ ფილაქნები ამოცვენილია, შეიძლება, ფეხი წამოვკრა... შემდეგი ვიტრინა მგონი ტანსაცმლის მაღაზიისაა. ჰო, ასეა. გაფშეკილ მანეკენს ტანსაცმელს 3-4 დღეში ერთხელ უცვლიან. მანეკენის გვერდით, კუთხეში, მაგიდა დგას, მასთან ახლად გაღვიძებულსახიანი ქალი ზის... მომდევნო ვიტრინაში ასეთივე გამოუძინებელი ჩინელი გოგო ჩანს, ფერადი წვრილმანებით გარშემორტყმული.
აფთიაქი. იმდენად არის განათებული, რომ მხოლოდ შიგნით ხედავ. ადამიანები ზურგებით, თეთრი ხალათები, სარეკლამო პლაკატები, "პამპერსების" შეკვრები თაროებზე...
ღვინის მაღაზია. მისი დამუქებული მინები საკუთარი თავის დანახვის საშუალებას იძლევა, მაგრამ თვალს ინტერიერიც გტაცებს: ვიტრინასთან დაწყობილი სასაჩუქრე ბოთლების ფორმები, ქვევრი, თაროები... სიღრმეში, კომპიუტერთან, მსუქანი კაცი ზის. იმდენად ჩამოჰგავს ქართველი თამადას ტიპაჟს, რომ მაუსით ხელში ცოტა შეუსაბამოდ გამოიყურება. ხანდახან, საღამოობით, მაღაზიის წინ ცისტერნა დგება. კასრს, რომელიც მაღაზიაშია, შლანგის საშუალებით ავსებენ. ამ დროს ირგვლივ ღვინის მძაფრი სუნი დგას.
შემდეგი ვიტრინა საოჯახო ნივთებით სავსეა – საუთოებელი მაგიდები, ხალიჩები, ჩაიდნები... წამით გაფიქრებული: "ეს მაგიდა უფრო მსუბუქი ჩანს, ვიდრე ჩვენი"... მერე ისევ აფთიაქები, სლოტკლუბები და მინის კარი. აქედან ქალაქის სხვა ნაწილში ვხვდები.

"მეორე მხარეს" პირველი ვიტრინა, რომელსაც ვხედავ, საკონდიტროსია – ფერადჟელეებიანი ტორტებითა და ნამცხვრის ნაჭრებით გამოვსებული. აქ ცალი თვალით ვიყურები, რადგან კიბეზე ჩავრბივარ და შეიძლება ცხვირი წავიმტვრიო. ცალ თვალსაც მკვეთრ განათებაზე არეკლილი ფერები მტაცებს, თორემ ნამცხვარს იშვიათად ვჭამ – არ მინდება.
შემდეგი მინა, რომელშიც ანფასში ვჩანვარ – გაზეთების ჯიხურის არის. მინის ზედა ნახევარს შიგნიდან გაკრული ღია ფერის ქაღალდი ფარავს, ამიტომ მკვეთრად მხოლოდ საკუთარ ფეხებს ვხედავ.
ბანკი. დღის ნებისმიერ დროს ადამიანებით სავსე. ძირითადად ზურგები ჩანს – ბანკის თანამშრომლებისკენ გადახრილი. სიტყვები, რომლებიც ვერ აღწევს გარეთ, გგონია, რომ ჩაგესმის – ანგარიშები, ფაქტურები, კუპიურები... თანამშრომლების ყელზე ცისფერი შარფები.
ამ ვიტრინაში ბევრი ჭურჭელია. ჭურჭელს შორის ჩემს სახეს ვავლებ თვალს. ეს მაღაზია სიმყუდროვის იმპულსებს ვერ გამოსცემს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისთვის საჭირო ნივთებით მონდომებით გაუფორმებიათ.
სალონი. ნაჭერგადაფარებული მხრები, ფენ და სავარცხელმომარჯვებული ქალები. ყველა პროფილში. კუთხეში გაცრეცილი ჟურნალების გროვა.
ტანსაცმელი. აქ საინტერესო რამეებია – შემიძლია, შევარჩიო. მანეკენებს ხშირად არგებენ ახალ კოლექციას. ამ სეზონზე მათი შეთვალიერების მერე თოვლში თავით გადაშვება მოგინდება. კონსულტანტი გოგოები, არც თუ იშვიათად, იცინიან.
ამ ვიტრინის წინ, მთელ პერიმეტრზე, გამაბრუებელი სუნი იფრქვევა. განსაკუთრებით კართან – თითქოს თაროებზე დალაგებული ყველა ფლაკონი ერთად დააქციეს. ვიტრინაზე ქალის ფოტოა. მის სახეზე ვირეკლები. მგონია, მზერას მაყოლებს...
ქვემოთ წიგნებია. ეს ვიტრინა მრავალფეროვნებით ვერ გამოირჩევა: ზედ – პლაკატები, მიღმა – ნაცნობი სახეები. სიახლის მოლოდინი შიგნით გექაჩება. წიგნები – უფრო ხშირად იგივეა, მათი გადაფურცვლის სურვილი – მაინც მოუწყენარი.

Wednesday, December 8, 2010

ასოციაციები

დღეს სამსახურში, აღწერილობებს რომ ვუკირკიტებდი, საუკუნის წინანდელი წიგნის სათაური მომხვდა თვალში: Что такое любовь. ნარკვევი 2 ნაწილად. ვინ იცის, რას წერდნენ მაშინ...
გაღიმებული ვიდექი ფანჯარასთან.
*
ასოციაციური სიტყვა: ღმერთი.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ქართველი ბავშვების წერილები გავრცელდა, რომლებსაც ისინი ღმერთს სწერენ. მოხიბლული დავრჩი მიმართვის უშუალო ფორმით. მარტო არ ვარ.
ჰო, იმედია, ამ წერილებში უფროსების ხელი არ ურევია.
*
წუხელ ვფიქრობდი და ვინ იცის მერამდენედ: რატომ ხდება ხოლმე ასე – როცა რამეზე ხელს საბოლოოდ ჩავიქნევ და ზურგს ვაქცევ, მაშინ გაისმის "ხმა". თითქოს ვიღაც ელის, სადამდე გავძლებ და როგორც კი დარწმუნდება, რომ ეს ჩემი ზღვარია, მკლავში მწვდება: "ჰეი, მოიცა, ჯერ არ დაგვიმთავრებია". განა ვთამაშობდი?!

Monday, December 6, 2010

ერთი კვირა, კედელზე

გულმა მხოლოდ სარჯენტისკენ გამიწია, მისი გალერეიდან კი – არაერთი ნახატისკენ. "ქაშმირი" შევარჩიე. მასზე, 7 სხვადასხვა რაკურსით, მხატვრის 11 წლის ნათესავი, ქაშმირის მოსასხამიანი რეინ ორმონდია ასახული.
...გოგონა, რომელმაც ჩაიარა. ფოტოკამერის "სერიის" გადაღების რეჟიმი გამახსენდა, როცა წამების დაყოვნებით რამდენიმე კადრის ავტომატურად გადაღება ხდება. აქაც: დინამიკა ხედვის არეალში. ასე ვიფიქრე. მხატვარი რას ფიქრობდა, ვინ იცის.

6-12 დეკემბერი.

Sunday, December 5, 2010

პასიურობაზე

ბოლო დროს ბლოგზე თითქმის არ ვწერ. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი – სამსახურიდან დაბრუნებულს არაფრის ხალისი რომ აღარ მაქვს, თუ გაზიარების უსურვილობა? ფაქტია, რაც დრო გადის, მეტად ვიკეტები და ნავსის გატეხვა მიჭირს. ცოტა ხნის წინ თითქოს ვძლიე პირველ კრიზისს (დავარქმევ სახელს), მაგრამ ისევ თავიდან... ტრადიციულ ორშაბათობებს არ ვარღვევ – ყოველთვის ვპოულობ განწყობის შესაფერ ნახატებს თუ უბრალოდ, საინტერესო მხატვრებს, მაგრამ ასეთი ბლოგი – "გამოფენიდან გამოფენამდე" არ მომწონს და მასევდიანებს.
აქ წერის სურვილისა და ჩვევის დასაბრუნებლად შევეცდები, ყოველდღე თუ არა, კვირაში რამდენჯერმე, თუნდაც მოკლედ მოვყვე დღის შთაბეჭდილებები, ისე, როგორც ეს პოსტი დავწერე – პატარა ამბავი ჩემს პასიურობაზე – ხმამაღლა ნაფიქრი.