Thursday, December 24, 2009

მშობლები ყიდულობენ ნაძვებს...

ეს ლექსი 2007 წელს დავწერე, ახალ წლამდე ორი დღით ადრე. მეტროს ვაგონში კაცი და პატარა ბიჭი შემოვიდნენ. კაცს უშველებელი ნაძვი ეყიდა. როგორც ეტყობოდა, მოსწონდა თავისი არჩევანი, შესცქეროდა და მგზავრებსაც რამდენჯერმე გადმოგვხედა. ბიჭი რატომღაც მოწყენილი იყო. ჩუმად იჯდა, არც ნაძვისთვის გაუხედავს, არც მამისთვის. მხოლოდ, ხშირ-ხშირად, ქუდს ისწორებდა შუბლზე. მე საავადმყოფოში მივდიოდი, საახალწლო განწყობა იმ წელს (და არც მომდევნოებში) არ მქონია... ლექსის პირველი სტროფი ვაგონიდან გამოსვლამდე გაჩნდა – ზეპირად. თან გულში ვიმეორებდი, ჩემი ლექსების დამახსოვრების ამბავი რომ ვიცი, ვფიქრობდი – დამავიწყდებოდა და რატომღაც ეს არ მინდოდა. არც დამვიწყებია – მოგვიანებით ჩავიწერე. აი, ამ ლექსის ისტორია.
მაშინ მძიმე დღეები მქონდა; ლექსი მხოლოდ მეგობარს წავაკითხე და ფაილში ჩავტოვე. ახლა ის კრებულშია, ახალი წელი კი – კართან. ამ საღამოს ლექსის ბლოგზე გამოქვეყნება მომინდა. ეს მისი პირველი ინტერნეტპუბლიკაცია იქნება – ორი წლის შემდეგ :)

* * *

მშობლები ყიდულობენ ნაძვებს
და მიარბენინებენ სახლებში ნაძვებს და ბავშვებს,
უფრო კი ნაძვებს
და ადევნებული, შეჭმუხნილი ბავშვები
ისწორებენ შუბლებზე ქუდებს
და ბავშვურ ფიქრებს.

მშობლები აწყობენ ნაძვებს,
უშლიან ტოტებს,
ურჩევენ ადგილს
და ალაგებენ ყუთებიდან
მშობლების დანატოვარ სათამაშოებს,
ანდა, ახალს და მაინც მშობლების მიერ დამზადებულს.
მერე თამაშობენ ბავშვებთან არჩევან-არადანს,
სადაც ბავშვებს მუდამ არადანი ხვდებათ,
რასაც ჰკიდებენ
მშობლების მიერ შერჩეულ ალაგას,
ჰკიდებენ მანამ, ვიდრე სწვდებიან...

და ღამით,
ჯადოსნურ ღამით,
მშობლები იცავენ მშობლების მიერ გამოგონილ წესებს
და ხვდებათ ბავშვებს ბალიშის,
ან წინა დღით ნაყიდი ნაძვის ქვეშ
მშობლების მოტანილი სიხარულები
(იშვიათად – წერილის პასუხი)
შეჭმუხნილ შუბლთა გადასახსნელად.

და გარბიან ბავშვები საგუნდაოდ...
და ხდებიან ბავშვები მშობლები...

30. 12. 2007 წ.

10 comments:

Sophie שרה Golden said...

უუუუ, რა საყვარელი ლექსიააააააააააა!
ქეთი, შენი ნებართვით და ბექლინკით (ბუნებრივია) ოდესმე გამოვიყენებ ამ ლექსს რა!

Keti said...

დიდი მადლობა, სოფი! :* კიი, გამოიყენე.. :))

ნან said...

ძალიან მომეწონა. სევდიანი ისეთი :(

Keti said...

ნან, დიდი მადლობა :)

Toma said...

ra sayvareli leqsiaa :)
momenatra chemi bavshvoba da achemi mshoblebi :)

Keti said...

ტომუშკა :*

Lalena said...

მე შენი წიგნის ყიდვას ვაპირებ, ოღონდ რომ გამოვჯანმრთელდები და სახლიდან გავალ მერე, აუცილებლად...

ძლიან ძალიან ძალიან (ზედსსართავი სახელი ვერ შევურჩიე) ლექსია :)

Keti said...

ლალენა, დიდი მადლობა! მახარებს შენი სიტყვები! :*

მალე გამოჯანმრთელდი (იმიტომ , რომ გამოჯანმრთელდე!) :)
და მიხარია, ჩემი წიგნი შენთან(აც) რომ იქნება...

Nina Gorecki said...

რა კარგი ლექსია
და როგორი მელანქოლიური
:)

იგრძნობა ისტორიის შინაარსი (ჯერ ლექსი წავიკითხე და მერე შესავალი) :))

Keti said...

ნინა, მადლობა :)) :*