Wednesday, December 9, 2009

საღამო ეროვნულ ბიბლიოთეკაში

საოცრად დატვირთული ვარ ემოციებით. რაც დავბრუნდი, წერა მინდა და საწყის სიტყვას ვერ ვპოულობ. ვცდი:
პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას, ვინც საღამოს დაესწრო და ამდენი სითბო გამოხატა! იმედი მაქვს, მათთვის ცოტათი საინტერესოსა თუ სასიამოვნოს შეთავაზება მეც შევძელი :)

როდესაც გიორგი კილაძემ წიგნის წარდგინების თარიღი მითხრა (დღე – რა თქმა უნდა, ტრადიციული – ოთხშაბათი. უკვე სამი წელია, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული საღამოები ამ დღეს იმართება), შემეშინდა. ძირითადად იმის, რაზეც ცოტა ქვემოთ დავწერ. მოლოდინის ყველაზე სასიამოვნო მხარე მკითხველზე ფიქრი იყო, მით უმეტეს, ერთწლიანი სიჩუმის შემდეგ. ყოველთვის მაინტერსებდა მკითხველის აზრი, ნებისმიერი სახის: რა მოსწონთ და რა – ნაკლებად. შემიძლია ვთქვა, ყველა კომენტარი, რომელიც ვირტუალურად თუ პირად საუბრებში მიმიღია, გულწრფელად მიმაჩნია. აქედან გამომდინარე, ყველა გამოთქმული აზრი მნიშვნელოვანია და ყოველთვის მაფიქრებს. ეს საღამო ამ მხრივაც გამორჩეული იყო.

მგონია, ზუსტად ვერ გადმოვეცი მადლიერება, რასაც ვგრძნობდი; უამრავი სიტყვა დამეფანტა ღელვის გამო (შიშიც ამის მქონდა). შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჩემი ფიქრების ჩემგან დამოუკიდებლად გახმოვანება, დამეხმარებოდა ალბათ :)
იქნებ ახლა მოვძებნო გაფანტული სიტყვები:
განსაკუთრებული მადლობა გიორგი კილაძეს მხარში ასე დგომისთვის – სიხარულისა თუ სიძნელეების გაზიარებისთვის! შეიძლება ითქვას, პირველი ლექსის გამოქვეყნებიდან საღამოს ჩატარების ჩათვლით – ჩემი "სვლა" მისი მეგზურობით მიმდინარეობდა. მეგზური კი ისეთია, ყველაზე საცალფეხო ბილიკზეც იმედიანად რომ დაეყრდნობი. მართლაც იშვიათია (ნებისმიერ სფეროში) ასეთი უანგარო ქომაგი და მისი ქომაგობა მხოლოდ მე არ შემხებია. საღამოს დამთავრების შემდეგ ვუთხარი – უძნელესია "იმ" სკამზე ჯდომა-მეთქი და მგონია, წამყვანობაც ასევე, ძალიან რთულია – მას ორის ნაცვლად უწევს ფიქრი. დღეს რამდენჯერმე მომცა "ამოსუნთქვის" საშუალება (არ ვიცი, დამსწრეებისთვის ეს შესამჩნევი იყო თუ არა). მისივე გამხნევებით კიდევ ერთი ბარიერი გადავლახე: ამ საღამოს არაერთი ლექსი წავიკითხე, მათ შორის ისინი, რომლებსაც მკითხველი მხოლოდ წიგნში გაეცნობა, საღამო კი სრულიად ახალი ლექსით დავამთავრე, რომელიც კრებულში არ შესულა. დიდი მადლობა სიურპრიზისთვის, რომელიც გიომ საღამოზე გაამხილა – ჩემი ლიტერატურული წერილების კრებულად გამოცემის შესახებ. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. სულ მალე კი, მისი თანადგომით მარსიანის "ლიტერატურული საუბრები" გამოიცემა.

დღეს გამომცემლობა "მერიდიანის" შესახებ ვთქვი: "ის არ ჩქარობს და არასოდეს აგვიანებს". წიგნზე მუშაობა ავტორისთვის სასიამოვნო, მაგრამ ამავე დროს ურთულესი პროცესია და გამომცემლობის მიერ ნდობის გამართლება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მათ!

ასევე, განსაკუთრებული მადლობა ეროვნულ ბიბლიოთეკას, მის კულტურის პროგრამების განყოფილებას – საინფორმაციო მხარდაჭერისთვის; ყველას, ვინც საღამომდე თუ მისი მსვლელობისას გულწრფელი სითბო და აზრი გამოხატა: ბატონებს: ემზარ ჯგერენაიას, ლევან თაქთაქიშვილის, დათო შუღლიაშვილს, მარსიანს, გიორგი კობახიძეს; ქალბატონებს: ციური კოჭლაშვილს, ია ქადაგიძეს, რუსიკო ფანცულაიას, ანასტასიას... ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება, თითოეულ სტუმარს – ნაცნობს თუ უცნობს, უღრმესი მადლობა!
დიდი მადლობა ლიბ.გეს – საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.

თითქოს დავწერე ყველაფერი, მაგრამ ეს წერილიც უკმარისობის განცდას მიტოვებს – ვერ გადმოვცემ, რასაც ვგრძნობ საჩუქრისთვის, ჩემი საღამო რომ ერქვა.


------------
დღეს კიდევ ერთი სიურპრიზი დამხვდა.. საღამოს მიმოხილვა:
"პოეზია ნოტებად"
უღრმესი მადლობა მაიას!

12 comments:

nati kuda said...

გილოცავ, ქეთი. გუშინ რომ მენახა წინა პოსტი, აუცილებლად მოვიდოდი, მაგრამ დავაგვიანე :)

Unknown said...

ვაიჰ :( როგორ გამეპარა :( მოვიდოდი

ketketa said...

მიხარია, რომ ასეთი კარგი განყწობა გაქვს, ქეთ:)
და გილოცავ!:)
წარმატებები!

Keti said...

ნათი, თამთა, ქეთ,
დიდი მადლობა :) :*

ჯორჯ პაიკი said...

როგორც ვხდები საღამომ კარგად ჩაიარა. გილოცავ! კიდევ ბევრი წარმატებული სვლა შენსკენ. :)

Keti said...

დიდი მადლობა, ჯორჯ! :)

Toma said...

:)კარგია რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ასე მგონია რომ ეს ყველაფერი შენი შეფასებაა, და მსმენელი სულ სხვანაირად ფიქრობს :) და კიდევ ასე მგონია როგორც არ უნდა გამოსულიყავი მაინც უკმაყოფილო დარჩებოდი გამოსვლით :)

წარმატებას გისურვებ :)

Keti said...

მართალია, ჩემი თავით ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვარ :) მაგრამ სახალხო გამოსვლა მართლა არ მეხერხება :)
დიდი მადლობა, ტომუშკა! :)

© said...

ქეთი, მიხარია, ასე კარგად რომ ჩაიარა ყველაფერმა! :) რაც მთავარია, შენ საღამოთი და კმაყოფილი ხარ, ეს იყო მთავარი, ესე იგი - გამოვიდა! :) მაგარი ხარ! ასეთი რაღაცის გაკეთება ძალიან რთულია, ასე მგონია...
გილოცავ კიდევ ერთხელდა კიდევ ბევრი წარმატებები!!! :)
სად იყიდება ახლა ეს წიგნი, მითხარი

Keti said...

ცის, დიდი მადლობა!! :* :) კი, ძალიან რთული იყო, მაგრამ დიდ თანადგომას ვგრძნობდი, ჰოდა მგონი გამოვიდა :))

წიგნი – მომდევნო კვირიდან, სავარაუდოდ "პარნასის" მაღაზიებში, მერე სხვაგანაც..

nastasia said...

me kide iqac gitxari da ver visveneb,aqac unda davcero rom ufro meti shen mindodi da ufro naklebi komentarebi da camyvanis komentarebi. . . .sheni leqsebi miyvars da ar momecona,ro cyvitavdnen. . . magram,xo,mesmis,ratomac iyo egre :)
da isic mesmis rom mag dros sastiakd gelav...

Keti said...

ნასტასია! :* ისე გამიხარდა შენი მოსვლა... თან მეგონა, დიდი ხნის უნახავი გნახე და არა პირველად :)
უი, მარტო ჩემი ლექსებით, მონოლოგად, არ გამოვიდოდა არაფერი :) და ეს მარტო ჩემი ღელვის გამო არა :) მე კიდევ მომეჩვენა, რომ უამრავი ლექსი წავიკითხე, ყოველ შემთხვევაში, მანამდელ გამოცდილებასთან შედარებით ნამდვილად ასე იყო...
დიდი მადლობა! :)