Showing posts with label ინტერნეტი. Show all posts
Showing posts with label ინტერნეტი. Show all posts

Saturday, March 20, 2010

სტატუსები

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ვორდის ფაილები დამიგროვდა – დღის განმავლობაში რაღაცებს რომ ვინიშნავ და ვინახავ. ახლა გადავწყვიტე დოკუმენტების გადახარისხება, ეს ფაილები გადავიკითხე და ვიფიქრე, მათში ჩაწერილი აზრები სოც. ქსელებში სტატუსებადაც გამოდგებოდა. მაგრამ არცერთ მათგანში არ დამიწერია – ერთგან თითქმის არ ვწერ სტატუსებს, მეორეგან კი ბევრის დაწერის საშუალება არაა (მართალია, იქ სტატუსი არ ჰქვია, მაგრამ რაც არის, იმად მაინც გამოდგებოდა). ჰოდა, რაც წასაშლელად დამენანა, აქ გადმოვიტან:

* * *
დღეს ვუყურებდი ტელევიზორში კაცებს, ვიღაც ტიპებს და ხმებს ვუსმენდი. რატომღაც მომეჩვენა, რომ ზუსტად წარმოვიდგინე – როგორ ამბობენ ისინი ამ ხმებით არაპოლიტიკურ სიტყვებს – შვილებთან.
* * *
საზოგადოებრივ ტრანსპორტში სკამზე მჯდომი ქალები (ასაკის მიუხედავად) ფეხზე მდგომებს რომ ჩანთებს უჭერენ, ამაზე ვფიქრობ... შემოთავაზება ხშირად დაჟინებულია ხოლმე, ჩანთის მოქაჩვით. აი, ზის და თვლის, რომ უკეთეს მდგომარეობაშია (ხშირად ასეცაა), ვერ გითმობს ადგილს (არც ითხოვ და მაინც), მაგრამ გაჩვენებს: შენს მდგომარეობაში შევდივარ და მოდი, ტვირთი შეგიმსუბუქოო. მის თავთან მდგომიც, შემსუბუქებული (თუნდაც ერთი ხელჩანთისგან), ჩასვლისას აუცილებლად უღიმის. ეგაც ხომ საქმეა – "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტამდე მასზე იზრუნეს. შემმსუბუქებელიც კმაყოფილია – ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც შეუძლია, არ ეზარება. ერგება რა სკამზე ჯდომა.
– გმადლობთ, ქალბატონო.
– არაფრის, გენაცვალე.
ღიმილი. ფარდა.
ჰოდა, იმას ვფიქრობდი, მგონი მარტო ჩვენებური წესი უნდა იყოს ეს კალთის დათმობა :)
* * *
რა აზრი აქვს ჯამის არსებობას, რომელსაც არ ავსებენ და რომლიდანაც არ სვამენ.
* * *
როგორი უმწეოა მკვდარი ადამიანი. წევს, ცივია. ოთახში კიდევ ჩურჩულებენ. დღეს ძალიან მჯეროდა, რომ ყურადღებით ისმენდა.

შემრცხვება, ასე რომ დამაწვინონ და გარშემო მიარონ. ყვავილები მიწყონ, მერე სკამი წააქციონ და მხარზე გამიდონ :)
:შაჰიდი:
* * *
ასე თუ გაგრძელდა დროის აჩქარება, "პერსპექტივაში დღე თვე გახდებაო".
ჩემი ძაღლი გამახსენდა, თერთმეტი წლისა, ჭარმაგი.
* * *
არტისტულები არიან მღვდლები, საერთოდ, სასულიერო პირები. ახლა დავფიქრდი ამაზე. მოძრაობები, გამოხედვა, ხმა, ღიმილი. კარგი გადასაღებები არიან. მე მომწონს ჩემი გადაღებული მღვდლების ფოტოები...
* * *
არ ვიცი, რამ გამახსენა – ცხოველებს როგორ მიჰყავთ ხოლმე უმწეო ნაშიერები კისრებით. სითბო და საკვები. მერე თვალებსაც გადაეცლება ლიბრი, რამე გამოჩნდება.

Tuesday, March 9, 2010

ინტერნეტმა რა ჰქმნა

ცოტა ხნის წინ, რეალურად უცნობ (და მაინც "ფრენდ") ადამიანს და მის (ასევე) "ფრენდებს", ჩემდა გასაკვირად (რადგან თავის გამოდება არ მიყვარს ხოლმე), პოლემიკაში ჩავერთე – დარჩეს სახელი ფეისბუკი ფეისბუკად თუ "ოფიციალურად" გადმოქართულდეს უკვე რამოდენიმეთვიანი (ხშირად სახუმარო) პრაქტიკის მქონე პირწიგნაკად.
არ მომწონს ეს ხელოვნური სიტყვათშეხამებები, მით უმეტეს, რომ "ფეისბუკი", შეიძლება ითქვას, უკვე ბრენდია და ბრენდის სახელის თარგმნა აუცილებლად არ მიმაჩნია.
დღეს კიდევ ერთი ახალი სიტყვა წავიკითხე, ამჯერად დვორსკისთან (არ ვიცი,
პირველად მან გამოიყენა თუ არა) – თავხაზი. რეაქცია – დაახლოებით "ცისფერი მთების" გმირის მსგავსი მქონდა: თავხედი გამიგია, თავპირი, თავზარი, თავქვე, მაგრამ თავხაზი რა უბედურებაა :)
ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ქართულ ენაში მიმდინარე უსწრაფეს ცვლილებებზე, რომელიც მას ინტერნეტის ერამ მოუტანა.
რამდენიმე მაგალითი, რაც უცებ გამახსენდება:
* ზმნები, რომლებმაც ახალი მნიშვნელობები შეითავსეს: დადება, აკრეფა, მოთრევა, ატვირთვა, გადაწერა, გადატანა, წაშლა, გახსნა...
* ინგლისურენოვანი ზმნებისა თუ არსებითი სახელებისთვის თავსართ-ბოლოსართების დამატებით, ან მათი პირდაპირი გადმოტანით, ხელოვნურად წარმოქმნილი ზმნები: დაკლიკება, დარეფრეშება, დარესტარტება, დასერჩვა, დალოგინება, დაგუგლვა, დამესიჯება, დაპიემება, დაქვოთვა, დათაგვა, დაკროპვა, ჩატაობა, დაბლოგვა, დაფაბლიშება, დასეივება, დაზიპვა...
* სიტყვები, რომლებმაც ახალი მნიშვნელობები შეიძინეს: მაგალითად, ფანჯარა აღარ არის მხოლოდ შენობის ნაწილი, არც საქაღალდე – რეალური ფურცლების შესანახი;
* უცხო სიტყვები, რომლებსაც უთარგმნელადაც გამოვიყენებთ: საიტი, ფაილი, პოსტი, პეიჯი, ვები, ნეტი, ჰაკერი, იუზერი, სიდი, აიდი, ლინკი, პასვორდი, სმაილი, მა(ე)ილი...
* სიტყვები, რომლებიც ხელოვნურად – თარგმნის გზით იქმნება (ხანდახან მესამე ენის – რუსულის გავლენითაც): სიცილაკი, ძაღლუკა, ბმული, პირწიგნაკი...

ჩემთვის მართლა საინტერესოა ამ ცვლილებებზე და შედეგებზე დაკვირვება. მას ერთი პრობლემა თუ აუცილებელი რეალობაც მოაქვს: ერთ ენაზე მოსაუბრე ორ ადამიანს შეიძლება ერთმანეთის არ ესმოდეს, თუ რომელიმე მათგანმა კომპიუტერის გამოყენება არ იცის. ეს ორი ადამიანი კი, უმეტესად ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები არიან.

და ბოლოს, რამდენიმე წლის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში კომპიუტერულ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონი შეიქმნა. არ ვიცი, კიდევ ახლდება თუ არა,
პოსტის წერისას გამახსენდა და ბმულს დავდებ :)

Saturday, February 13, 2010

ახალი

გუშინ "თაობებზე" ერთ-ერთი ახალი ლექსი – "ღია" გამოვაქვეყნე. შარშან, კრებულის სასიგნალო ცალი უკვე დამზადებული იყო, როცა გაჩნდა და ჩავამატე. ეს კრებულში შესული ახალი ლექსებიდან ერთადერთია, რომელიც მთელწლიანი სიჩუმის შემდეგ ინტერნეტში მოხვდა, რადგან ადრინდელი დამოკიდებულება ინტერნეტში ახალი ლექსების დადებაზე არ შემცვლია. ჰოდა, გუშინ ისე განვიცდიდი, ვიდრე გამოქვეყნების ღილაკს ხელს მივაჭერდი. ცუდია, რომ ეს განწყობა გამიჩნდა და ჯერაც ვერ მოვიცილე.
მოგვიანებით ლექსი ფეისბუკზეც დავდე და ჩემს ლექსების საიტსაც დავამატე.

ისევ მომწონს და სათქმელის თქმა, რომელიც ამ ლექსის საშუალებით გადმოვეცი, კიდევ და კიდევ მინდება...

Monday, February 1, 2010

კვალი

დღეს ზურა ჯიშკარიანის ბლოგი წავიკითხე თემაზე, რომელზეც თავადაც არაერთხელ მიფიქრია. განსაკუთრებით მაშინ – როცა რომელიმე ვირტუალური ნაცნობის გარდაცვალების ამბავს ვიგებდი; ან როცა ერთ-ერთის პატარა გოგონას ფოტოებს ასევე ბლოგერი მეუღლე დებს და მე ვხედავ, როგორ იზრდება და ემსგავსება მამას; სრულიად უცნობების შესახებაც წამიკითხავს..

ამ საღამოს ისევ ვიფიქრე იმ რამდენიმე ვირტუალურ კვალზე (როგორც ზურა უწოდებს), რომლებსაც მე ვტოვებ და საერთოდ, ჩვენ – ყველანი ვტოვებთ.

Thursday, February 26, 2009

ხისა და შეძახილისა

როგორც ბიძგისგან გაღვიძებული.. იოსები.
დაახლოებით ერთი კვირის წინ თითქოს არაფრით გამორჩეულმა ფრაზამ (არ ვციტირებ) კითხვა შემაწყვეტინა და...
უფრო ადრე კი, სხვათაშორის, მაგრამ გულწრფელად ნათქვამი ორი სიტყვა იყო მნიშვნელოვანი.

ჰოდა ასე, მთელი ცხოვრება შეძახილები გვესმის.
ხეებიც შესაბამისად – ხმებიან, ან ყვავდებიან..

***
ამ ყველაფერთან კავშირი არ აქვს, მაგრამ აქვე დავწერ (რაკი პოეზიაზეა):
გიორგი ბუნდოვანმა პოეზიის პანაშვიდზე მიგვიწვია.
რა უცნაურია ეს 90-იანელთა თაობა. უკვე მეორე წარმომადგენელი აცხადებს, რომ პოეზია მოკვდა და ხელს უქნევს. ოღონდ, როგორც ჩანს, არ თანხმდებიან და თითქმის ორი წლის შუალედით აცხადებენ ერთსა და იმავეს.
და,
მე მაინტერესებს,
რატომ ხდება მსგავსის გამოცხადება მაშინ, როცა პოეტი წერას წყვეტს? (ან ჰგონია, რომ წყვეტს; ან (როგორც გუშინ ვთქვი), კადრად იქცევა (აღარ ვითარდება) და რაკი ალბომში ჩაკვრის დრო დგება, ამ დროს პოეზიაც მკვდრად ცხადდება).
მოკლედ, განცხადების წაკითხვის შემდეგ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
გარკვეულწილად ვეთანხმები კიდეც, როცა ამბობს, რომ "არ ხდება ყველა (თუკი ვინმეა) ნიჭიერი პოეტის გაცნობა და შესწავლა სათანადოდ, არ ხდება კრიტიკა, ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც არ ხდება კი არა და, არც კი არსებობს ლამის!". მაგრამ, მგონი, არც არავის ეშლება ხელი, რომ თვითონ იყოს თუნდაც ერთი პოეტის აღმომჩენი, ან კრიტიკის დამწერი.
დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ბოლო დროს, პოლიტიკური ტრიბუნებიდან თავისუფალი სიტყვის მოთხოვნა. დღეს, როცა არსებობს ყველაზე უფრო თავისუფალი სივრცე – ინტერნეტი, რა საჭიროა ზოგიერთი გალავნის თავით განგრევის მცდელობა? (მივედი ამ დასკვნამდე..)
წერეთ, ბატონო.
აღმოაჩინეთ და წერეთ.
(ფრაზას დაემსგავსა – ჩემივე ლექსიდან :) )
ამ ტრიბუნიდან შესაძლოა მსმენელთა კონტურებს ვერ არჩევდეთ, მაგრამ მათ არსებობას აუცილებლად იგრძნობთ.

"სანამ საქართველოში რამე უკეთესობისკენ არ შეიცვლება" –
ანუ, მერე გაცოცხლდება? თუ იოსებივით – გაიღვიძებს...
და, ვინ შეცვლის?

პ.ს. შეძახილის ამბავს დავუბრუნდები – შევეცდები, დავაკავშირო: ასეთ შემთხვევებში ხეა შემძახებელიც და ფოთლებდაცვენილიც.
ჰარაკირია.

მიწა კი, დგას
და ხეებიც ამოიზრდებიან...

სულ ბოლოს:
კრებულის გამოცემა მოსალოცი საქმეა. წარმატებას ვუსურვებ:)

Saturday, October 4, 2008

სხვისი ჯიბე

რა ადვილად ყოფენ ხელს ჯიბეში,
სხვის ჯიბეში!

საშინელი შეგრძნებაა, როცა საკუთარ სახეებს სხვების ლექსებში აღმოაჩენ. ეს არაერთხელ გამოვცადე. გუშინდელმა საბოლოოდ გამაბრაზა და გადავწყვიტე, რომ ახალ ლექსებს ინეტში აღარ გამოვაქვეყნებ. აქ არ არსებობს ავტორი, არსებობს კოლექტიური ავტორი –მონსტრი. ან შეეზილები მასას, ან წახვალ.

მე მხოლოდ ჩემ განცდილს ვწერ. პრაქტიკულად, ყველაფერი ბიოგრაფიულია. წერისას განცდები, როგორც აჩქარებული კადრები, ისე გამირბენენ თვალებში - სახეებად. აი, ასე ჩნდებიან ლექსები.
ეს გრაფომანები კი – არ ვიცი, როგორ წერენ, ან რაში ჭირდებათ სხვისი ბიოგრაფიის ნაფლეთები, რა ჯანდაბას აკოწიწებენ...

ცუდ ხასიათზე ვარ.
ძალიან ცუდზე.

პ.ს. მყუდროა ჩემი ბლოგი. ჩემთვის.