Thursday, June 17, 2010

ახალი გამოცემა – თენგიზ მირზაშვილი

დღეს ერთ კარგ გამოცემაზე მინდა, გიამბოთ. მხატვარ თენგიზ მირზაშვილს, მგონია, წარდგენა არ სჭირდება – მისი ნახატების ან მის მიერ გაფორმებული წიგნების ერთხელ ნახვაც საკმარისია, რომ არასდროს აგერიოთ ისინი რომელიმე სხვა მხატვრის ხელწერაში; გამორჩეულია მისი დახატული ქართული ანბანი, რომლითაც უმეტესად აფორმებდა წიგნებს; ისინი კი, ვინც მხატვარს პირადად იცნობდა, სრულიად შეუძლებელია – ამ, იშვიათად კეთილშობილ ადამიანთან ნაცნობობით ბედნიერი არ იყვნენ... და ალბათ, ბევრი მათგანი საჩუქრად მიღებულ ნახატებსაც სიამაყით ინახავს (მათ შორის მეც).

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რამდენიმე დღის წინ თენგიზ მირზაშვილის ბიობიბლიოგრაფია გამოსცა – წიგნი, რომელშიც შესულია მხატვრის ბიოგრაფია, თავმოყრილია მის მიერ გაფორმებული ყველა წიგნის (100-ზე მეტი) ბიბლიოგრაფიული აღწერილობა, რომელიც იმით არის გამორჩეული, რომ დართული აქვს მათი გარეკნების ფერადი ფოტოები. წიგნში ნახავთ თენგიზ მირზაშვილის მიერ შესრულებულ პლაკატებს, გამოქვეყნებულ წერილებს, ინტერვიუებს, პუბლიკაციებს, მისი რედაქციით თუ კონსულტანტობით გამოცემულ წიგნებს, ჟურნალებს, ლიტერატურას მასზე, რომელიც განლაგებულია ქრონოლოგიურად. გამოცემას დართული აქვს პირთა საძიებელი, მითითებულია ინტერნეტრესურსები.
თენგიზ მირზაშვილი ბიბლიოთეკის ხშირი და უსაყვარლესი სტუმარი იყო. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელების პირად კოლექციებში მხატვრის არაერთი ნახატია დაცული. წიგნში ამ ნამუშევრების ფერადი ფოტოებიც დაიბეჭდა.

როგორც მკითხველი, თენგიზ მირზაშვილის შემოქმედების მოყვარული და თუნდაც მხოლოდ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს ასეთ გამოცემას, – ძალიან ვაფასებ მათ, ვინც ამ წიგნის დაბეჭდვის სურვილი გამოთქვა და განახორციელა: მადლობა პირველ რიგში ქ–ნ ციური კოჭლაშვილს – ამ კრებულის შემდგენელს, წიგნს მანვე დაურთო პირთა საძიებელი. წიგნის რედაქტორია ლევან თაქთაქიშვილი, ფოტო და დაკაბადონება – ლევან პაპალაშვილისა.

თუ მოხვდებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მოიძიეთ ეს გამოცემა, შეუძლებელია, არ მოგეწონოთ :)

აქვე მინდა დავწერო ის, რაზეც დღეს ვფიქრობდი:
ბიბლიოგრაფიის შედგენა საოცრად დიდ შრომასთან არის დაკავშირებული: იმის მიხედვით, თუ რა სახის ბიბლიოგრაფია დგება, – იძებნება პიროვნებასთან, გამოცემებთან, დროის რაიმე პერიოდთან და ა.შ. დაკავშირებული ყველა წყარო, ინფორმაცია, რომელიც გაბნეულია ბიბლიოთეკის წიგნად თუ სხვა სახის ფონდებში, ან მოიპოვება ამ ფონდებისგან დამოუკიდებლად. ხდება მათი დახარისხება, ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერებად ქცევა, მათთვის საძიებლების მომზადება... ხანდახან წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგად ვიღებთ წიგნს, რომელშიც თავმოყრილია ამომწურავი ინფორმაცია. ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა არაერთი მნიშვნელოვანი ბიბლიოგრაფია შეადგინეს. მათ შესახებ ძირითადად წიგნისმოყვარულთა ვიწრო წრეებში თუ იციან. კარგი იქნებოდა, ამ საქმიანობისა და მის შედეგად მიღებული წიგნების მეტი პოპულარიზაცია მომხდარიყო.

4 comments:

clown said...

საინტერესოა :))

Keti said...

ჰო :))
თან დამავიწყდა, მეთქვა, რომ ძალიან კარგი ხარისხით დაიბეჭდა...

michael marsagishvili said...

მაინტერესებს,სად შემიძლია შევიძინო ეს წიგნი?

Keti said...

ბატონო მიხეილ, ეს წიგნი ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა, მისი გამოცემები კი არაკომერციულია. შეგიძლიათ, ბიბლიოთეკაში გაეცნოთ ან ელექტრონული ვერსია გადაწეროთ:
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000738/