შეიძლება, ასე უსიტყვოდ დარჩეს ადამიანი? თურმე კი. და ახლა, როცა უხალისოდ (უკვე ესეც) ვარჩევდი ნახატს, თვალწინ ერთმა სიტყვამ გაიფრიალა (ზუსტად, რომ): ტიხარი.
ტიხარს ფანჯარა მოჰყვა, ფანჯარას – ანტრაქტი.
სწორედ ტიხარის ჩადგმას, თუ ფანჯრის გაჭრას, თუ ანტრაქტის გამოცხადებას ვაპირებ:
(სარეკლამო) ტიხარი
"აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი რეკლამა".
მე არაფერი მაქვს დასარეკლამებელი. უფრო სწორედ, რაც მსურდა, ყველაფერი დავარეკლამე. ახლა ვწერ ამ საშინელ სიტყვას და ვფიქრობ საკუთარ არაკომერციულობაზე.
(თავისუფალი) ფანჯარა
აქ უკეთესად არის საქმე. ბოლო დროს ფანჯრებში ხშირად ვიყურები. თუმცა, რატომ ბოლო დროს? – სულ. ჩემი დღის ფანჯრიდან ქაშუეთის გუმბათი ჩანს. ერთხელ მითხრეს, რომ კარგი ხედი მაქვს. მე ვთვლი, რომ ჩემს ფანჯარაში ბევრი ქვაა. სიმწვანე, რომელიც პეიზაჟს აცოცხლებდა, გადაჭრეს.
ჩემი ღამის ფანჯრიდან მოპირდაპირე კორპუსი ჩანს. დაძინებამდე რამდენჯერმე ვდგები ფანჯარასთან და ვუცქერი მბჟუტავ ნათურებს, გამვლელებს (ზოგჯერ ძაღლებს) და მათ წინ წასწრებულ ან გვერდზე გაბრტყელებულ ჩრდილებს ქუჩის განათების ქვეშ.
ჩემი დღისა და ღამის ფანჯრები ეზიდებიან ჩემამდე სევდას და სიბნელეს, ხანდახან კანფეტს. მე ვამბობ, რომ კარგად არ ვარ. ვისმენ იგივეს. ვწერ მოკლე შეტყობინებებს, ვკითხულობ ლექსებს და ჩართული ვარ საერთო სახალხო ისტერიაში, ოღონდ ჩემებურად – აქა-იქ, მოკლე კომენტარებით, ან სიჩუმით.
ვერ ვპოულობ სიტყვებს, როცა ვკითხულობ მოწოდებებს ცემაზე და "უფრო მეტზეც, თუ საჭიროა"; "ლიბერალი ქალის" განმარტებაზე, რომელიც ბოლშევიკ ქალს ჰგავს; საჭირო რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში ახალი პარტიის შექმნის პირობაზე და თანა–ხმებზე, რომელთაგან არცერთი კითხულობს შესაქმნელი პარტიის არსს
და
ვემსგავსები მგელს, რომელიც გასცქერის ფარას და
ცხვარს, რომელიც ჩამორჩა, რათა მგელი გაიცნოს.
ვიყურები ფანჯარაში და ვეძებ, კიდევ რომელ ბინაშია მღვიძარე ადამიანი.
ანტრაქტი (ფანჯრიდან ფანჯრამდე)
ზოგი ტოვებს დარბაზს, ეწევა ფოიეში, განიხილავს ნანახს, იცინის, სხვებს ათვალიერებს, ან უფრო გარეთაც მიდის – შუბლის გასაგრილებლად. წინ მეორე მოქმედებაა. წინ ფინალია და ტაში. ტაში ან გულწრფელია, ან მოწყალე; შეიძლება კვერცხებიც (პროდუქტი აქ – სურვილის მიხედვით) ისროლონ, წარმოსახვაში მაინც.
მისი ანტრაქტი, ვინც სცენაზე იდგა...
მაგრამ, ანტრაქტი ანტრაქტია. მერე ყველა ადგილს უბრუნდება. ფინალამდე. ბისამდე. შემდეგ წარმოდგენამდე.
ეს ანტრაქტიც დამთავრდა. ახლა შერჩეულ ნახატს ჩამოვკიდებ კედელზე. დაათვალიერეთ, თუ გინდათ. აქ მაინც სხვა არაფერია სანახავი. თუმცა, რატომ არა – ტიხარი, ფანჯარა...
Monday, May 10, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
წარმოსახვითი კვერცხების სროლას, ისევ წარმოსახვითი სიმწვანის დანახვა ჯობია სანამ რეალურად ამწვნდებიან ხეები, კვერცხები კი მოიცდიან. :) ოღონდ ახლა მეც სიამოვნებით ვისროდი კვერცხებს. :)
მართალია, სიმწვანის დანახვა ჯობია :)
ქეთი,
ხანდახან მგონია, რომ ჩემ მაგივრად წერ :)
ლევან, მადლობა :)
Post a Comment