Thursday, September 30, 2010

მონაკვეთი (დილა)

სიტყვა "მონაკვეთი" ბოლო დროს ხშირად წარმოვთქვი. ვუკირკიტებ გზის მონაკვეთებს და ვცდილობ, განვსაზღვრო, რომელზე რა ხდება, ან უნდა მოხდეს. სწორი პასუხი წელში მმართავს – წინ მივდივარ. დღის მონაკვეთებზე ფიქრი, მათში სვლა კი თითქოს ბუნებრივია და მათ მხოლოდ მაშინ ვაქცევთ ყურადღებას (და მათი წყალობით – დღეს), თუ "კითხვა" გვერგება განსაკუთრებული – რთული ან სასიამოვნო, უბრალოდ, განსხვავებული.

დილა/1
წუხელ, 3 საათზე, გრგვინვამ გამაღვიძა. ვიწექი მობუზული და მეგონა, როცა გათენდებოდა, გარეთ მთელი აღარაფერი დამხვდებოდა. რაღა ამ ღამით ჩამოიქცა-მეთქი ცა, დილას რომ ასე ვუცდი; ან როგორ უნდა წავიდე, ან რა უნდა მოვახერხო, ან საერთოდ თუ წავალ...
როცა მოტივაცია გაქვს, არც ადრე დაწოლა გეზარება, არც 6-ის ნახევარზე ადგომა, პირიქით. ძალიან ლამაზი მომეჩვენა ეს დილა – მშვიდი, დაწმენდილი და ვიფიქრე, რომ ყოველი ადრიანი დილა ასეთია, უბრალოდ ვერ ვასწრებ მის ნახვას. როცა გავდივარ, ირგვლივ უკვე ხმაურია, მე კი საათზე მალი-მალ ვიყურები და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს, სამსახურამდე, მანქანის ტარების პირველი პრაქტიკული გაკვეთილი მქონდა.
მართალია, ისევ იმ აზრზე ვარ, რასაც წინა პოსტში ვწერდი, რომ მანქანის მარკას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ გამოცდაზე გასულების რჩევამ (მანქანისა და გამოსაცდელი ელემენტების გაბარიტების შესახებ) მაინც იმოქმედა, თანაც ეს ყველაფერი დროსა და ფულთან არის დაკავშირებული, ამიტომ მეც პირდაპირ "შკოდაზე" მეცადინეობა ვარჩიე.
მასწავლებელი ინტერნეტით ვიპოვე, თან სასწავლო მოედნის ადგილმდებარეობაც მისაღები აღმოჩნდა. სანამ დავიწყებდით, – 10 გაკვეთილზე ვინც ვერ ისწავლის, იმან მანქანა არც უნდა მართოსო, – თქვა. ვუსმენდი და მეშინოდა :) ცოტა ვიცი-მეთქი, მამაზე ვუთხარი. არ გეხსომებაო, ამდენი ხნის მერე. გავატარე და მოეწონა. მისი შეფასებით მაქსიმუმ 4 გაკვეთილი საკმარისი იქნება ჩემთვის. გამიხარდა. დღეს კარგი გოგო ვიყავი – არც ჩამქრობია, გარაჟშიც შევასკუპე და "ზიგზაგები" და "რვიანიც" მოვახერხე. დანარჩენი არ გაგვივლია. მოკლედ, მომეწონა ჩემი მასწავლებელი. ხვალ მგონი უფრო თავდაჯერებული მივალ – დაძაბულობამოხსნილი :)
ძალიან მინდა, წარმატებით ჩავაბარო. ასეთი განცდა მაშინ მქონდა, როცა აბიტურიენტი ვიყავი. არანაკლებია. ასე მგონია, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება იმ დღეს, როცა ეს ყველაფერი მორჩება.

დილა/2
როცა ადამიანებს ერთმანეთის ნახვა ახარებთ და ამას ასე გამოხატავენ, დღე ერთფეროვანი დღეების რიგში როგორ დარჩება?
...
ჯერ მხოლოდ ნაშუადღევია :)

6 comments:

babisa said...

mixaria sheni ambebi keti :) kargia, rom tarebas swavlob :)
gamit ar gamigia elva-quxilebi, arada ise miyvars.. :)

Keti said...

ბაბისა :*:*

ისე გრუხუნებდა!.. თან მანქანებიც აჰყვნენ – მგონი ყველას სიგნალიზაცია ჩართული იყო :)

undone said...

არც ჩემსკენ იყო ჭექაი ;))
დარწმუნებული ვარ ადვილად ჩააბარებ გამოცდებს ;))

Kate said...

"ვიფიქრე, რომ ყოველი ადრიანი დილა ასეთია, უბრალოდ ვერ ვასწრებ მის ნახვას. როცა გავდივარ, ირგვლივ უკვე ხმაურია, მე კი საათზე მალი-მალ ვიყურები და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ." - ეს ისე წავიკითხე, თითქოს მე დავწერე. არადა როგორი მოუწესრიგებელი უნდა ვიყო, რომ ასეთი დილა დავინახო. არადა მინდა ხოლმე. დილით დილას ვუყურო.

უი, შენც გასწავლა მამაშენმა ადრე ბავშვობაში??? მეც. 2000 წელს, 10 წლის წინ, მაშინ 13 წლის ვიყავი და ვიცოდი, რომ ერთ დღეს მე ამ ყველაფერს ჩავუღრმავდებოდი. ხოდა ეგ დროს დაგვიდგა მეც და შენც. ისწავლი - აბა რას იზამ. ისეთი სულელები აბარებენ, შენ როგორ ვერ უნდა ჩააბარო.

Keti said...

* ანდონ, მადლობა :)) იმედია :)

* ქეთ, შენ ისეთ დროს იძინებ, რომ.. შეეცადე, შეცვალო ეგ განრიგი :*
კი, მამამ. უნდოდა, რომ კარგად მცოდნოდა. მთავარია, იქ არ ვინერვიულო, თორემ შინ რომ ვაკეთებ, არა მიშავს :) შენც წარმატებები! :)

Kate said...

დიდი მადლობა :**