ამ წერილის წერა გუშინ დავიწყე და ასე:
მგონი ბევრზე მამაცი ვარ, ღიად რომ დავიწყე კრიტიკული აზრის გამოთქმა:) ეს ნახევრად ხუმრობით..
ოღონდ, ამ ეტაპზე მოვლენების ზოგადი მიმოხილვა მაინტერესებს, თუმცა, არც კონკრეტულ ადამიანის შემოქმედებისა, თუ აზრის გამო დისკუსიას მოვრიდებივარ ფორუმის წევრობისას.
მერე ის ფაქტი გამახსენდა – ბიოგრაფიული და უცებ სულ სხვა წერილი დაიბადა.
ახლა ვფიქრობ, "ინტროში" მოთხრობილი ამბავი არაერთი თემის გასაშლელ კონტექსტად გამოდგება. მაგრამ, ჯერ იმ კითხვას დავუბრუნდები, რომლის დასმაც მსურდა: რატომ ერიდებიან ლიტერატურულ საიტებზე ერთმანეთის შემოქმედების შესახებ კრიტიკული აზრის გამოთქმას?
აქვე "კრიტიკულ აზრში" ნაგულისხმევს განვმარტავ – ეს მკითხველის მიერ თამამად დასაბუთებაა, თუ რატომ არ მოსწონს ესა თუ ის ნაწარმოები, ან რატომ აქვს უარყოფითი აზრი ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებაზე. ახლა მოქმედ ლიტერატურულ საიტებზე ჩამოთვლილთაგან რომელიმე მაინც თუ ფიქსირდება, დამფიქსირებლის მიმართ "ომს" და ამ "ომში" მის "დამარცხებას" იწვევს.
კიდევ ერთი შენიშვნა: დასაბუთებას მეტ–ნაკლები კომპეტენციაც სჭირდება და მე იმ შემთხვევებზე მაქვს საუბარი, როცა ეს კომპეტენცია არსებობს, გამბედაობა კი – არა.
ახლა კი, იმ კითხვებს ჩამოვწერ, ამ დღეებში რომ გამიჩნდა (თან ვფიქრობ – ჩემი პასუხებიც ამ კითხვებშივე ჩამრჩება):
*საკუთარი და განსხვავებული აზრის გამოთქმის მიზნით რატომ გადიან რეგისტრაციას ხელახლა?
*უცხო ნიკი – როგორც ჯავშანი – ვერმოთმენილი და ღიად ვერგაბედული სიტყვის ადრესატამდე როგორმე მისატანად?
*აქვს კი ამ აზრს რაიმე მნიშვნელობა ადრესატისთვის? (განსაკუთრებით მაშინ, როცა საპირისპიროს მამტკიცებელი რაოდენობრივად მეტია, თანაც – ნაცნობი?)
*რატომ ჩნდება დამოკიდებულება – "ის შურიანია და ბოღმა ალაპარაკებს"?
*ხანდახან მართებული შენიშვნის მიღების ხელისშემშლელი იქნებ სწორედ "ჯავშანია"? (ან იქნებ მხოლოდ ფაქტის /არგუმენტების გარეშე/ დაფიქსირება?)
*რა შემთხვევაში ბედავს ვინმე საკუთარი სახელით კრიტიკას?
*რატომ ხდება, რომ ასეთ ადამიანს მენტორულ ტონზე მიუთითებენ?
*რატომ გახდა ტაქტი იშვიათი თვისება?
*და ბოლოს, რატომ გვაქვს მუდმივად ერთნაირი ფინალი – "უარყოფითი" გმირის სცენიდან გაძევება..
აქვე: არ მინდა ისე აღიქვას ვინმემ, რომ უარყოფითს საერთოდ არაფერს ამბობენ. გაღიზიანებას უცხო და ერთჯერადად გამოსაყენებელი ნიკით შენიღბვა იწვევს, ან უტაქტობა.. თუმცა, შენიღბვას რა იწვევს, ჩემი აზრით, ეს არის მთავარი.
ბოლოს კიდევ ერთი გადახვევა (რა ვქნა, როგორც წესი, წერისას ათასი ასოციაცია მიჩნდება:) ):
ახლა ისეთი რამ გამახსენდა, რომ თვითონ მიკვირს. ადრე, როცა თითქმის ყველა თბილისურ სამზარეულოს "ხაზის" რადიო ამშვენებდა და მეც სკოლაში დავდიოდი, საუზმობა დილის გადაცემების თანხლებით მიწევდა. ერთი გადაცემა მახსოვს, უფრო სწორედ თემა გადაცემიდან – როგორ ვთქვათ "არა". მსახიობი (ალბათ) ერთსა და იმავე წინადადებას სხვადასხვა ტონით კითხულობდა. აღქმაც (მითუმეტეს, რომ რადიოს გამო აქცენტი მხოლოდ ინტონაციაზე იყო გაკეთებული) სხვადასხვაგვარად ხდებოდა..
არა, რამ გამახსენა!! :დ
ჰო, წერილობითაც – მსგავსად.. თან, გაცილებით ადვილია:)
პ.ს. ქართული სიბრძნე სათაურში ავაბრძანე :)