Saturday, June 20, 2009

ვიტრინა

ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც რეალურად სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი და მაინც, ჩემთვისაც გასაკვირად, მეგობრად ვთვლი (ეს კიდევ სხვა წერილის თემაა, ალბათ), ამ რამდენიმე თვის წინ მითხრა: შემოქმედი დღეში ხუთ საათს რომ საკუთარ შემოქმედებას დაუთმობს, მომდევნო ხუთი მის რეალიზაციას უნდა მოახმაროსო. ახალი არაფერი უთქვამს, მეც არაერთხელ მიფიქრია ამაზე (სხვა საქმეა, როგორ ვანხორციელებ), მაგრამ მას შემდეგ მისი სიტყვები ხშირად მახსენდება და დღესაც, წერილის დაწერას ამ საკითხზე შევეცდები. რაკი ჩემთვის სარეალიზაციო ის არის, რასაც ვწერ, ამ კუთხით ვიფიქრებ. სად შეიძლება, რომ მწერალმა/პოეტმა საქართველოში საკუთარი შემოქმედების გამოფენა – მკითხველამდე მიტანა შეძლოს? არის ვირტუალური და არავირტუალური სივრცეები, შესაბამისად – ღია და შედარებით დახურული (ან რთულად დასაძლევი). მათ შორის, ძირითადი:
  • ინტერნეტ რესურსები: ბლოგები, ლიტერატურული საიტები/ფორუმები, სხვადასხვა სოციალური ქსელი
  • ფურცლოვანი: პერიოდული გამოცემები, წიგნი
  • ლიტერატურული კონკურსები
  • "ცოცხალი": ლიტერატურული საღამოები
შევეცდები, თითოეულ მათგანზე გამოვთქვა აზრი, შეძლებისდაგვარად – მოკლედ. მანამდე კი, ორი სიტყვა წერილის სათაურზე: უმეტეს მკითხველს თვალწინ მაღაზიის დიდი ფანჯარა წარმოუდგება, მიუხედავად იმისა, რომ ვიტრინაში მხოლოდ გასაყიდი ნივთები არ აწყვია; ზოგს იქნებ, პროტესტის გრძნობაც გაუჩნდეს – როგორ შეიძლება მხარზე ნება–ნება ქნარმიდებულმა ადამიანმა გასაყიდ პროდუქტს შეადაროსო ქნარზე დამღერებული :) მათ ღიმილით და პირდაპირ ვეტყვი – ქნარი არ არსებობს, არც ფრთები და მენეჯმენტის სწორად წარმოება კი, მწერლისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც (პირობითად) ფურცლისა და კალმის ქონა. ერთია, საქართველოში მწერლებს თავად უწევთ მენეჯერობის შეთავსება – ვის წარმატებით (სულ რამდენიმე ვიცი ასეთი), ვის წარუმატებლად. მე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ყველაფერში გარკვევის მოსურნე ვარ, ჯერჯერობით.
შევეცდები, მალე დავუბრუნდე თემას და პირველ პუნქტად გამოტანილი – ვირტუალური სივრცის შესახებ დავწერო..

6 comments:

Sophie שרה Golden said...

წარმატებებს გისურვებ, ქეთი. ძალიან სწორად აღნიშნე, რომ მენეჯმენტი აუცილებელია მწერლისთვის/შემოქმედისთვის. ამის გარეშე ვერცერთი წიგნი გამოვიდოდა დღის სინათლეზე და ღმერთმა იცის, კიდევ ამ მენეჯმენტის არქონის გამო, რამდენი დაიკარგა.
უჰ, რთულია ისე, როცა შენზე ბევრად სუსტი მწერალი უშვებს წიგნს და შენ მხოლოდ ონლაინრესურსით კმაყოფილდები. მე მგონია ხოლმე, თავისი დრო აქვს ყველაფერს-მეთქი და თუ მე არ მოვიყვანე ეს დრო, როდის მოვა?
ამიტომ მომწონს შენი შემართება! იქნებ, მერე მეც მოგბაძო :) You go on!!!

Keti said...

სოფი, გმადლობ! :) კი, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ალბათ, ნელ–ნელა შემართებაც (და შესაბამისი ნაბიჯებიც) მოიმატებს – ჩემიც და შენიც :) წარმატებები..

nastasia said...

droc unda,gamocdilebac da kide is sociumi,romlistvisac unda imushao da saqartveloshi faqtia ro egeti sociumi ramdenime akcisgan shedgeba,vistvisac cigni jer kide aqtualuri da interesis sagania,xoooda,magas dgeshu 5 sati mushaoba ki ara,am xalxis tvinebis amogeba ,shemotrialeba da isev ukan chadeba tu ushvelis :))))magram mushaoba 5 kacistvisac girs,ase ro,carmatebebi...

Keti said...

ან! :))) გეთანხმები!
და ინტერნეტ რესურსები უმნიშვნელოდ როდი მიმაჩნია, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით (და ჩემთვის). თუნდაც ამ სოციუმის ჩამოყალიბებისთვის სამუშაოდ ყველაზე ეფექტური გზაა..
გმადლობ :)

Khatia Caroline said...

მიზანდასახულობა მართლაც კარგია და ცხადია, რომ რაშიც გინდა ხელოვანი და პროფესიონალი იყო, იმ საკითხს მეტი დრო უნდა დაუთმო. ეს კონკრეტული თემაც დააინტერესებს ალბათ ხალხს, რადგან ბევრ ბლოგზე ვაწყდები ლექსებს, ჩანაწერებს და მოკლედ მცდელობებს პროფესიონალურ მწერლობაში.

გაგვაგებიე, რომელზე რას ფიქრობ (შენ ჩამონათვალს ვგულისხმობ)

Keti said...

ხატია, აუცილებლად დავწერ. ცოტა კი დამიგვიანდა...
გმადლობ :)