* ზემოთ და მარცხნივ, პირდაპირ და მარცხნივ, კიდევ პირდაპირ და მარცხნივ. ამის შემდეგ არის პირდაპირ და მარჯვნივ და ზემოთ. ოღონდ, ზემოთ – აღარაფერი. მარშრუტებზე მოგახსენებთ. თუმცა, არც არავის მოვახსენებ, ვფიქრობ.
ხელის ბარგი ცოტაა, როგორც ყოველთვის. თავი – უძირო.
ეს იმ კვირიდან.
* ორი დღეა, ყრუ–მუნჯების შესახებ მოვინდომე წაკითხვა. თვალები მეტკინა გუგულის დევნაში.. მოგვიანებით ბრმებზე მოვძებნი. ან, საიდან მოვიტანე, რომ მოვძებნი. უბრალოდ, წერისას ერთი გოგონას სახე გამახსენდა – საუბრის დროს განცდებით მოხატული. რა თქმა უნდა, თვალხილულებსაც არანაკლებ სცდებათ სახეზე თითოეული სიტყვა (შესანიშნავი მაგალითი ვარ), მაგრამ როცა ნაკვთები მზერის უნარს ითავსებს, სხვაა.
* კიდევ, კვარცხლბეკების შენებაზე ვფიქრობდი და მათზეც, ვისაც ჰგონიათ, რომ კვარცხლბეკზე დგანან/დადგებიან.
შენება დღეს – როგორც დემონტაჟი.
ყველანი ერთ დიდ მოედანზე სხედან და მტრედებს პურს უფშვნიან. მტრედები კი სკორეთი უვსებენ ცხვირისწინა ალაგებს :)
ჰო, ძველნაშენი – ჯერ ღობეშემოვლებული.
* მტრედებზე გამახსენდა: ერთი მტრედია – ცნობისმოყვარედ კისერწაგრძელებული, სამსახურის ფანჯრის რაფას ყოველდღე სტუმრობს. ორი მკივანა მერცხალი ოჯახს მოეკიდა – ფანჯრისავე ზედა კუთხეში.
* აი, ამის დაწერა იმდენჯერ მსურდა და სულ თავს ვიკავებდი. არ ვიცი, როგორ აღიქმება გარედან. ან რატომ უნდა განვიცდიდე – როგორ.. დავწერ, გავთავისუფლდები. ხშირად მამას ხნის კაცების მიმართ სითბოს ვგრძნობ. აი, ისეთს, შვილის. და მინდება, ხელი გავუწოდო. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ოღონდ ყველას მიმართ არა.
* შენთვის კი ბევრი რამის მოყოლა მინდოდა. ვერაფერი.
თუმცა, ამასობაში, რაღაც დამიწერია :) წვეთი – ზღვაში.
ასეც დავარქმევ.
Friday, June 12, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment