Showing posts with label მკითხველი. Show all posts
Showing posts with label მკითხველი. Show all posts

Monday, September 21, 2009

რამდენიმე ტენდენცია

დიდი ხანია, ლიტერატურული საიტების შესახებ ჩემი შთაბეჭდილებები არ დამიწერია. ერთხანს მათი კითხვაც შევწყვიტე, თუმცა ახლა ისევ ვათვალიერებ. ლექსების გარდა, ხანდახან კომენტარებსაც ვკითხულობ და ბოლო დროს ჩემთვის საინტერესო სწორედ მკითხველებზე დაკვირვება გახდა – ვინ კითხულობს ინტერნეტში და როგორ. არანაკლებ საინტერესოა, ავტორები გამოთქმულ აზრს როგორ იღებენ. რაკი კომენტატორები ძირითადად ისინი არიან, ვინც თავადაც ქმნიან, მკითხველზე ფიქრი კიდევ უფრო "მიმზიდველი" ხდება.
ის, რომ კარგი მკითხველი (ისევე, როგორც ავტორი) თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით მეგულება, არაერთხელ ვთქვი.
ახლა მხოლოდ ზოგადად და მოკლედ – ტენდენციებზე:

ავტორიტეტები
ქართველებს რომ ბელადომანია გვჭირს, ახალი ამბავი არ არის. თუ არ გვყავს ლიდერი, ვქმნით. საიტებზეც – ასე და მერე უგვირგვინო ბელადები ნაწარმოებების ირგვლივ ამინდს ჰქმნიან. რა თქმა უნდა, მათგან მობერილი ქარი ყველა მკითხველს ერთნაირად არ ცელავს, მაგრამ უმეტესობაზე "ზემოდან" ნათქვამი სიტყვა მოქმედებს. ეს კი დამწყებ ავტორს შესაძლოა გაბუქებულ თვითშეფასებას უჩენდეს, ან პირიქით. ჰო, კიდევ, მაღიმებს "ავტორიტეტებისთვის" შეფარული "თავის მოქონვა" მათი გემოვნების ღიად ქებით – მომავალში კარგი შეფასების მიღების მოლოდინით. სხვათა შორის, ხშირად რეაქციაც არ აყოვნებს ხოლმე..

შეფასება
კარგის და ცუდის გადარჩევა იმის მიხედვით, ავტორი და მკითხველი ერთმანეთს იცნობენ თუ არა;
თვალში მომხვდა განაცხადები, რომ "ბრმად ენდობიან" ვიღაცის შეფასებას და საკუთარსაც ამით საზღვრავენ. ერთმანეთის მიბაძვით შეფასება ხშირად ხდება, მაგრამ ადრე ამას ღიად არ გამოთქვამდნენ.

რეაქცია
ახლობლისგან მიღებულ შენიშვნაზე ან შედარებით დაბალ შეფასებაზე: წყენის ღიად დაფიქსირება და პირად ურთიერთობებზე გადატანა;
დასაბუთებული უარყოფითი აზრისთვის პასუხად: რევანშული უარყოფითი კომენტარი მთქმელის ნაწარმოებზე (თუ აქვს), მოთხოვნა – "აქ აღარ შემოხვიდე", სერიალად გადაქცეული "პოლემიკა", სადმე შეხვედრის დანიშვნა (ტელეფონის, უბნის, მეგობრების /ლიტერატურული წრიდან/ მითითებითაც!).

თვითშეფასება
საინტერესოა ზოგიერთი ავტორისგან საკუთარი თავის შემდგარ პოეტად დასახელება, რომელიც სხვის დაუხმარებლადაც ამოიცნობს თავისი ლექსის სუსტ მხარეებს (მაშინ რატომ არ აძლიერებს მათ? თუნდაც შემდეგ ლექსში?) და რაც მთავარია, პოეზიაში სხვებზე უკეთ ერკვევა.

თვითშეფასების და ნაწარმოებების ხარისხის შკალაზე მკვეთრად მოქმედებს კომენტარების სახით დაუნანებლად გაღებული დითირამბები.

კითხვა
ზედაპირულად, ფრაგმენტულად, კონტექსტის გაუთვალისწინებლად ან კონტექსტიდან ამოგლეჯით;

"ვერლიბრისტებისა" და "კონვენციის" მიმდევართა შორის "დავა" იმდენად უგვანო მგონია, რომ არ განვიხილავ. მხოლოდ როგორც ფაქტს – აღვნიშნავ, რადგან ლექსის "ღირსება" მისი ფორმით ხშირად ისაზღვრება.

...
რაც დავწერე, რა თქმა უნდა, ყველა მკითხველს და ავტორს არ ეხება. არსებობენ შედარებით ობიექტური (რადგან მთლად ობიექტური არ მგონია, ვინმე იყოს) ადამიანები. მე მხოლოდ ტენდენციებზე ვსაუბრობდი, თანაც იმ პოზიციიდან, რომ არცერთი საიტის წევრი არ ვარ.
აქვე, ამ ფონზე, რომ არ ვთქვა, არ შემიძლია: არსებობდა საიტი, რომელიც მისი სტრუქტურის გამო თავისუფალი იყო ბევრი იმ გამოვლინებისგან, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

ვინმემ შეიძლება იკითხოს, რა მრჯის, ამას რომ ვწერ. ინტერნეტმა მკითხველი და ავტორი გაცილებით მეტად დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. შეიძლება ითქვას, ერთმანეთის ნაცნობებად აქცია. ამ ნაცნობობამ კი, სიკეთესთან ერთად ეს ტენდენციებიც მოიტანა. უფრო ზუსტად, მათი დანახვის საშუალება გააჩინა, თორემ მსგავსი ალბათ არავირტუალურ ლიტერატურულ სამყაროშიც იყო.
მგონია, ბევრი ადამიანია, ვინც არ არის ლიტერატურული საიტების წევრი და "ჩუმად" კითხულობს. მათზე ვერაფერს ვიტყვი, "ხილული" მკითხველები კი (აქ თაობაც იგულისხმება: ძირითადად ახალგაზრდები, რადგან უფროსი თაობა კომპიუტერს ნაკლებად იყენებს) ზოგადი სურათის წარმოდგენის საშუალებას იძლევიან. თან, ისინი ჩემი ლექსების პოტენციური თუ რეალური მკითხველებიც არიან, ჰოდა უბრალოდ მაინტერესებს, რას წერენ და როგორ შეიძლება ესმოდეთ სხვისი ნათქვამი..

Wednesday, August 26, 2009

"ერთი პეშვი" საჩუქარი

ბედნიერებაა ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც კარგი მოსმენა შეუძლია. ვფიქრობ, რომ კარგი მსმენელები ცოტანი არსებობენ. კარგი მკითხველი კი ორჯერ კარგი მსმენელია – შინაგან ხმასაც წვდება, სტრიქონებს შორის რომ ტოვებ. კარგი მკითხველები კიდევ უფრო ცოტანი არიან.

ერთი სული მქონდა, შინ მოვსულიყავი და ბლოგზე გამომექვეყნებინა ის, რამაც დღეს ასე გამახარა. ისეთი ემოციური ვარ ამ საღამოს... ემხვარმა ჩემი "ერთი პეშვისთვის" შარშან დაწერილი მინაწერი იპოვა, აღადგინა და აი, ასეთი სიურპრიზი გამიკეთა. ვინც დიდი ხანია, რაც ბლოგს თვალს ადევნებს, ეხსომება ეს ლექსი და მასთან დაკავშირებული ჩემი განცდები. მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა. ავტორისთვის საჩუქარია, როცა ასე "უსმენენ"..


* * *
სადღაც ამოვიკითხე
სათაური ნახევარი ნაწარმოებიაო
მგონი კარგი სათაურიო ეწერა

ქეთის ლექსს ”ერთი პეშვი” ჰქვია...
ერთი – ვთქვი და იმწამიერად ღმერთი ” შევუსაბამე”

ლექსის შინაარსის მოლოდინიც ”ღმერთს” უკავშირდება...
არ დავმალავ და ”პეშვს” სათაურში ნაკლები ყურადღება მივაქციე...

შესაძლებელია ”პეშვს” ამოხსნა სჭირდება...

და მაინც პეშვი წყლის ან მარცვლების (მარცვლეულისაც) რამდენიმე წამით (წუთით) შესანახი ”სათავსოა”.
როგორ წესი ”პეშვიდან” წყალს სვამენ...
ოღონდ პეშვი ჯერ წყლით უნდა აავსო...

და ეს მხოლოდ ადამიანებს შეგვიძლია!!!

.................

ლექსს ადამიანები წერენ...
თითო ლექსი ყველას დაგვიწერია...
ოღონდ ყველას ასეთნაირი არა...

”ცას შეიძლება დაეპნეს პეშვში მოგროვილი ლოცვები,
მაგრამ ცა ვეღარ წამოკრეფს მათ.
ცა იტირებს,
მაგრამ ვეღარ წამოკრეფს მათ. – ცა ერთი დიდი ”პეშვია”...
აორთქლილ წყალს ”აგროვებს”
დედამიწიდან სესხად იღებს...
კეთილსინდისიერი მევალეა და ვალსაც დროულად იხდის...

”ცა ლოცვებსაც აგრვებს”
და ეს ცა უკვე ცხრაა...

”ცას შეიძლება ლოცვები დაებნეს” – ვკითხულობ და ახლაც კითხვას ვსვამ... – რატომ შეიძლება?
ეს ხომ გარდაუვალი აუცილებლობაა...
ყველა პეშვს საკუთარი ზომა აქვს და დაგროვების დრო...

დრო ლექსში ერთ–ერთი ცენტრალური ”სუბიექტი” გახდება...
ვაგრძელებ:

”ცა იჩხუბებს,მაგრამ ვეღარ წამოკრეფს მათ.” – აქამდე შესაძლებლობა იყო...
უკვე მოქმედებაა...
ცის (იქნებ ცაში?!) ჩხუბი ღრუბელთა შეჯახებაა...
ცის ტირილი – წვიმა...
”მაგრამ (ცა) ვეღარ წამოკრეფს მათ...
ხომ კრეფდა?
ხომ უნდა წამოკრიფოს?

რაღაც ახალი ხდება?
უნდა მოხდეს...

მაშ, ასე

გაწვიმდა და...
”პატარა მწყემსი,ორი ცხვარი ორი ბატივით რომ გაუგდია წინ,”

დამეთანხმებით, ლექსის ერთ–ერთი ცენტრალური მომენტია...

პატარა მწყემსი ცოტა ხნით ”დავივიწყოთ” და
ორ ცხვარს და ორ ბატს ”მივხედოთ”

სადაც მწყემსია – იქ ცხვარიცაა
რატომ ორი?
არ ვიცი, ორი მრავლობითი რიცხვია...
ბატიც ორია
რათა ორი...
იმიტომ, ხომ არა, რომ პატარა მწყემსს ორი ბატიც არ უნდა მიაბარო?!

სადაც მწყემსია
სადაც ცხვარია
იქ სალამურიცაა და უმრავლეს შემთხვევაში თხაც..
მაგრამ ორ (ორი – უკვე კონკრეტული რიცხვია!!!) ცხვარს ერთი პატარა მწყემსიც ეყოფა, თუ გაბედავ და ორ ბატს მიაბარებ...

სალამურს დაკვრა სჭირდება
უფრო სწორედ აკვნესება და
ლექსში აკვნესებული სალამურის ხმაც უნდა გესმოდეს წესით...
თუმცა თუ წვიმს?!

მწყემსი პლეერს უსმენს...
და მის ყურში ”დედოფალია” ანუ ქვინი...
უბერებელი ქვინი, რომელიც მოდერნსაც განასახიერებს და პოსტ მოდერნსაც –პერიოდს ვგულისხმობ რა თქმა უნდა.

პლეერი – ყურებშია
დედოფალს – მწყემსი უსმენს...
და რას უსმენენ ცხვრები?
(უკვე გაწუწულები)?

”თეთრ ქარავანს”!!!
”მივალ მივყვები თეთრი გზებით(ქარავნით!!!) მე ჩემ ფარასა...”

მეც ვღიღინებ და ვამბობ _

მწყემსი ყოველთვის მწყემსია
ორი ცხვარს მწყემსავს თუ ორიათასს...

შეჯამება პირველი:

მიდის გალუმპული პატარა მწყემსი გაშლილ მინდორში ყურში პლეერითა და ღიღინებს...

ვაგრძელებ:

მიდის გალუმპული პატარა მწყემსი გაშლილ მინდორში ყურში პლეერითა და ღიღინებს... და არაფერი ვიცით მაღალია თუ დაბალი... კეთილია თუ ბოროტი, ზარმაცია თუ ბეჯითი...

ვიცით რომ პატარაა და 2 ბატი ანდეს... (არ შემშლია!!!)

კითხულობ _ ”პატარა მწყემსი ბრმაა.” – და გახსენდება სიტყვა – უყურებს...
სიბრალულის გრძნობა გიჩნდება და კითხულობ...
კი მაგრამ როგორ ”უყურებს” ცხვრებს?! (ბატებს!!!)

ვგებულობთ – ცხვრებს, ნაბიჯით რომ არ სცილდებიან,
ყნოსვით აგნებს.
ცხვრებს უყვართ მწყემსის მოსმენა,
ცხვრებს უყვართ მწვანე ბალახი,
ცხვრებს უყვართ მიწა.
ცხვრები ბატებს ემსგავსებიან, – მხოლოდ მაშინ, როცა ცა პეშვს ხსნის და ტირის.

კითხულობ – როცა ცა პეშვს ხსნის და ტირის. – და ხვდები – პატარა მწყემსი მხოლოდ ამის შემდეგ გაილუმპება!!!

მცირე გადახვევა:

ვკითხულობ: ” ცხვრებს უყვართ მწყემსის მოსმენა,
ცხვრებს უყვართ მწვანე ბალახი,
ცხვრებს უყვართ მიწა.
ცხვრები ბატებს ემსგავსებიან” – და მუშტს რიტმულად მაგიდას ვურტყამ

შემდეგ ავტორისეული თხოვნაა თუ შემოძახება:
”პატარა მწყემსო, დაისველე თავი,
პატარა მწყემსო, მოიწმინდე პირი,
პატარა მწყემსო, აახილე თვალი,
აახილე,
აახილე,
აახილე! – იმიტომ რომ
ცა დაიქცა.

აქაც იგივეს ვიმეორებ და მუშტის ძირი მტკივა...

ვაგრძელებ: ორ ცხვარს, ორ ბატს რომ ჰგავს,
სახე ჩამოსტირის.
პატარა მწყემსს აღარ აქვს პლეერი.
მის ყურში თეთრი ქარავანია,
ბაგეზე – დედოფალი...

პატარა მწყემსმა ცა დაინახა.
ცამ გაიღიმა. – კითხულობ და კითხვას სვამ:
მაინც ვინაა მწყემსი
ვის ყურშია – ქარავანი
ვის ბაგეზეა დედოფალი, რომელიც არის ღვთისმშობელი...
ვინ შემოუძახა თავს და ვინ აახილა თვალი?

მან ვინც მომიყვა საკუთარი ფერისცვალება და ჰქვია – ავტორი!!!

> ბმული ლიბ.გე–ზე