დილას, სამსახურისკენ აჩქარებულმა ეროვნული მუზეუმის ფასადზე გადმოფენილი ყვითელი ლომი რომ დავინახე, ვიფიქრე, უახლოეს დღეებში ამ შენობის კარს აუცილებლად შევაღებდი.
"უახლოესი დღეები" რამდენიმე საათმა ჩაანაცვლა. სამსახურში თითქმის მთელი დღე უკომპიუტეროდ დარჩენას ის დადებითი მოჰყვა, რომ ავიღე ფოტოაპარატი და დილის გზა უკან გავიარე..
მგონი შესავალი გამიგრძელდა. მოკლედ, ფიროსმანის გამოფენაზე ვიყავი. ამ გამოფენის ჩემი ფავორიტები: "აქტრისა მარგარიტა" და "წმინდა გიორგის დღეობა ბოლნისში" (თუნდაც მათ წინ გატარებული დროის მიხედვით).
სამწუხაროდ, გადაღებასთან დაკავშირებული იმედები ჩამეფუშა. აქ მოწყობილ რამდენიმე გამოფენაზე აკრძალვა არ ყოფილა, დღეს კი, მკაცრი მეთვალყურისგან რჩევა მივიღე: შემეძლო, ქვემოთ მეყიდა ღია ბარათები. მოგვიანებით, საკმაოდ მწირი არჩევანიდან ერთი მარგარიტა "წამოვიყვანე" და მთელი გზა ფოტოგრაფირების ნების დართვით მისაღებ დადებითს კონტრარგუმენტებს გულმოდგინედ ვუძებნიდი..
გუგლში ფიროსმანის ცოტა ნახატი იძებნება (მით უმეტეს, კარგი ხარისხით). აი, როგორ მინდოდა ბოლნისური გიორგობის მონახვა და მხოლოდ ორი, მცირე რეზოლუციანი ფრაგმენტი ვიპოვე..
ერთი ნორმალური საიტიც არ გვაქვს ნიკოზე.
Tuesday, September 1, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment