Monday, September 9, 2013

კალათაში დამატებულები

ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებით პრაგმატული ვარ ხოლმე. სიახლეები ყოველთვის მაინტერესებს და აღმაფრთოვანებს კიდეც, მაგრამ მხოლოდ იმას ვყიდულობ, რაც მჭირდება, ისიც შემოსავლის გათვალისწინებით. ჰოდა, რა მჭირდება ახლა:
ბოლო წელია, სულ მივაგდე ფოტოგრაფია. იმდენ რამეს ვამჩნევ, მაგრამ ვერ ვიღებ. ჩემი კამერა უკვე ძალიან მოხუცდა და იმ ძველებურ სატვირთოებს მახსენებს, წინ რომ ჰქონდათ ხელით დასატრიალებელი საქოქი. ზოგადად, ხათრს ვერ მიტეხავს და ცდილობს, მაგრამ რასაც ჰქვია "წამის დაჭერა", ეგ არ გამოსდის – მოულოდნელი კადრის გადაღების ბედნიერება აღარ მაქვს. ჰოდა, მინდა ახალი კამერა. მაგრამ: მინდა კარგი კამერა, რომელიც სულ თან მექნება. მინიმუმ ნახევარკილოგრამიანი კამერა კი სულ თან ვერ მექნება. ამიტომ არ ვიცი, რა ვქნა. ჯერჯერობით ვათვალიერებ საიტებზე მონაცემებს და ვფიქრობ. მივიღებ რჩევებსაც.
კიდევ მინდა ქინდლი. განსაკუთრებით მას მერე, რაც ჩემს წიგნების კარადას ღამის 12 საათზე ფეხი მოსტყდა; მანამდე კი, მთელი საღამო ისეთ იდუმალ ხმას გამოსცემდა, რომ წამიერად "დამავოის" შემოსახლებაზეც დავფიქრდი. კარადის ფეხის გამაგრების და ახალი თაროს შეკვეთის შემდეგ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ქინდლი მსგავსი პრობლემისგანაც გამათავისუფლებს. აქამდე ისე ხდებოდა, რომ იოლად გავდიოდი მის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს მის ყიდვას მაქსიმალურად ვურჩევდი. უფრო ის ფაქტი მაფერხებდა, რომ ქართულ ენაზე ელექტრონულად ცოტა წიგნი მოიპოვებოდა. ქინდლთან დიდი მოთხოვნები არ მაქვს, კამერაზე მოვიფიქრებ და, იმედია, ახალი წლისთვის ორივე მექნება.

9 comments:

Tinatin Nadiradze said...

Aggiungere ხომ სასაცილოდ ჟღერს? :)) აჯუნჯერე (იტალ.) - დამატება. საიტებზე მხვდება ხოლმე ეს სიტყვა... იმედია, შენი კალათი სულ გაივსება საახალწლოდ. ჩვენც გვინდა გამოვცვალოთ ჩვენი კამერა. ალბათ, ფოტოგრაფებს უნდა ვკითხოთ, რომელი სჯობს. ლაშა ამბობს, რა უჭირს, თუ მძიმე იქნებაო, მაგრამ რიავიცი .... :)

Keti said...

აქამდე არ დავკვირვებივარ, მართლა სასაცილოდ ჟღერს :)) ცალკე კამერის სიმძიმეს არაფერი უჭირს, მაგრამ სხვაც ბევრი რამ დამაქვს ყოველდღე და ამიტომ ვფიქრობ, რომ გამიჭირდება.. მხარი მეცოდება :)

Sophie שרה Golden said...

კარადის ფეხზე გამახსენდა, ერთი პერიოდი მარტო ვცხოვრობდი და ერთხელ ღამით (როგორც წესია) სასწაული ხმები მესმის კარადის "თავიდან" (სხვანაირად როგორ ჰქვია, არ ვიცი). რაღაც მოძრაობს აშკარად და შიშინებს... მაგრამ რა უნდა იყოს, ვფიქრობ, მერე ღამის შიშებმა შემომიტია, როგორც იცის ხოლმე, სულები და "დამავოები", მაგრამ საკუთარ თავს "შემოვულაწუნე", სოფი, შენ მეცნიერების გჯერა, ასეთი სისულელეები არ არსებობს, ან თუ არსებობს, შენნაირი ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ხედავენ/არც ესმით, ბოლოს გავბედე, სკამი მივიტანე, შევდექი და კარადის თავზე გაზეთები ვიპოვე =)) რომლებსაც ოთახში რომ შევდიოდი და კარებს გავაღებდი, ჰაერი "აშრაშუნებდა" :დ

ეს იქით იყოს და ქინდლს ყველა სასწაულად აქებს, მე ბუნებრივია არ მაქვს და არც ვაპირებ, მაგრამ ნამდვილად ბევრი უპირატესობა აქვს, უამრავი ახალი წიგნის ჩამოტვირთვა შეგიძლია, რომლებიც ისე ძნელად იშოვება ან ძვირი ღირს.
ისე, ახალი კარადის დამატებაც კარგი იქნებოდა :))))

ფოტოაპარატზე ჩემგან რჩევა სასაცილო იქნებოდა, წარმოდგენა არ მაქვს ამაზე.

Tinatin Nadiradze said...

ძალიან მაგარი ისტორია იყო :)))

Keti said...

სოფი, შენს მსგავსად ვყოფილვარ
შევიდოდი ოთახში, მივაყურადებდი, სიჩუმე იყო, გამოვიდოდი და ხმა ისმოდა :)))
ახალი კარადის ადგილი არ მაქვს, თორემ კი :) ქინდლზე უარს ვერ ვიტყვი მაინც :)

Toma said...

კაი იდეააა ქინდლი!!
ადგილს შეინახავ, ტყეს დაზოგავ და ყველა შენი წიგნი სულ თან გექნება. რათქმაუნდა ერთი მინუსი აქვს, ფუცლის გადაშლა გადმოშლას ვერ შეედრება და ფურცლის სუნს, მაგრამ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. თან ბევრი წიგნისაგან გასხნვავებით მძიმე არაა და სულ შეგიძლია თან გქონდეს ჩანთაში :)

კამერა არ ვიცი, აზრზე არ ვარ მაგ საკითხებში.

Keti said...

კი, ყველა მაგ სიკეთის გამო მომწონს ქინდლი. აი ფურცლის სუნზე და ა.შ. მე ისეთი დამოკიდებულება არ მაქვს, არც ისე მომაკლდება. რაც უფრო მარტივად შევძლებ წიგნის თან ტარებას, მით უკეთესი :)

Lord Vader said...

მეც მინდა ახალი ქინდლი, მაგრამ ფაია. ჯერკი არ გამოსულა, მაგრამ რაც გაამხილეს კარგი უნდა იყოს ძაან.

და ლუმია 1020 მინდა. :) მაგრამ ახალ წლამდე არ გამოვა ეგ. ჯერ არ შემოსულა და რომ შემოვა ოთუსბირი იქნება :) დავაკვირდები ჯერ.

Keti said...

ლუმიაზე მგონი შენ მახსენდები :)

ჰოდა ორივეს შეძენას გისურვებ :)