Showing posts with label ჟურნალი. Show all posts
Showing posts with label ჟურნალი. Show all posts

Friday, March 25, 2011

ნიშადური

დღეს არქივში ჟურნალ "ნიშადურის" ერთი გაყვითლებული ფურცელი ვნახე. გამოცემის წელი (1908) და ნომერი მოგვიანებით დავადგინე, რადგან ამ გვერდზე არ არის აღნიშნული.
და რატომ ვწერ ამას:
არასდროს მინახავს გასული საუკუნის დასაწყისის ბათუმის პლაჟზე საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი ქალების ფოტოები ან ნახატები, ამიტომ მომეწონა ეს ილუსტრაცია და გულმოდგინედაც დავათვალიერე: სიღრმეში ხელგადახვეული წყვილი ჩანს – მამაკაცი, თუ არ ვცდები, ჩალმიანია; საინტერესოა ჯორზე შემჯდარი ადამიანი (მას მესიმინდეობა დავაბრალე), წინა პლანზე გამოსახულ ქალს კი – ბაფთიანი საცურაო კოსტუმით – უკომენტაროდ დაგიტოვებთ

და ფურცელს ამოვაბრუნებ:
აქ სხვა ილუსტრაციაა – "ფრთხილად... ფორთოხლებია!". მის თავზე კი ლექსი დაუბეჭდავთ, ვინმე პანიკაშვილისა... ლექსის მხატვრული ღირებულების რა ვთქვა, მაგრამ სიმწრით გაეცინება ადამიანს – ყველა დროში ერთსა და იმავეს ვჩივით.

ამ ფურცლის ნახვისას ვერაფრით მიხვდები, რა კავშირშია ილუსტრაციები ტექსტებთან – ვერცერთ დამაკავშირებელ ძაფს ვერ გამონახავ.
მეც, უბრალოდ, ნიშადურივით მოვიტანე ბლოგზე – გამოსაცოცხლებლად, ისეთივე ეფექტისთვის, როგორიც ჩემთვის სამუშაო დღის შუაგულში ჰქონდა :)

Monday, March 30, 2009

პუბლიკაცია

ჭოროხს მიღმა და "ჭოროხში" კითხულობენ ჩემ ლექსებს..
ნეტავ, რას ფიქრობენ :)
ჟურნალს მოგვიანებით ვნახავ.

ეს ლექსების მეოთხე პუბლიკაციაა ("ლ'ილის", "თაობებისა" და "ჩემი ხუთეულის" შემდეგ), თუმცა, ყველაზე ვრცელი (თუ ყველა დაიბეჭდა) და შორეული..

Wednesday, February 4, 2009

ისტერია – თემაზე და ფურცლებიდან

წლების მანძილზე გადაღეჭილ მეტაფორებსა და თემებს სხეულის ჩაცმა–გახდაზე, თევზებზე, პეპლებზე, ქალაქზე, ჩიტებსა თუ სხვაზე, როგორც ჩანს, "უკანა კარიდან" გასვლაც დაემატება:)
არ შემიძლია, არ ავღნიშნო: ჩემმა, თვის აქტიურმა და ხელებდაკაპიწებულმა "მკითხველმა" ცხვრების შემდეგ ფოიე და მისი უკანა კარიდან გასვლის იდეაც მოიწონა. დავიღალე ამაზე საუბრით, მაგრამ გუშინ კიდევ ერთ ლექსში ვიპოვნე ეს სცენა და დღეს, მესამეშიც! :)
მათი ერთადერთი უარყოფითი რომ ეს იყოს, რა უჭირს. აი, მესამეში: "თავდახრილ პაკლონებს პოზისთვის" – რა ვუყოთ?
კითხვებს, რომლებზეც ჩუმად არაერთხელ მიფიქრია, ამჯერად ხმამაღლა დავსვამ:
1. რა კრიტერიუმებით არჩევენ ამ/მსგავს ავტორებს ცნობილი ლიტერატურული ჟურნალების რედაქტორები?!
2. რა კრიტერიუმებით აფასებენ ინტერნეტმკითხველები ასეთ ტექსტებს დადებითად?! (ინტერნეტმკითხველები იმიტომ, რომ მათი რეაქციის ნახვა შესაძლებელია და ანალიზის საშუალებასაც იძლევა).
ამ კითხვებს აუცილებლად განვავრცობ,
ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ცუდია, როცა მხოლოდ ფურცლებს ჩაჩერებული მკითხველის შთაბეჭდილება თანამედროვე პოეზიაზე თითო კაცის სუბიექტური მოსაზრებებით შერჩეული საკითხავით იქმნება.
ამ საერთო ისტერიის ფონზე კი, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები – ტრიბუნაზე გადაბარგება სწორი გადაწყვეტილებაა. ერთადერთი დისკომფორტი – სინდისის ქენჯნა მათ მიმართ, რომლებზეც მხოლოდ მე ვიცი, მაგრამ ასე სჯობს.