Friday, April 3, 2009

ხელისგული

ზუსტად გამოვიცანი – მდინარის მეორე მხარეს გადაბარგდა. (ოღონდ ეს "მდინარე" და "მხარე" სიმბოლური ნათქვამია,
"ნამდვილი პოეზიის მიმდევართათვის" პოზიციის მისანიშნებლად; თორემ ჩემთვის ამას, ასეც და ისეც, "მდინარეში" ჰქვია) . მიზეზიც ის ჩანს, რაც თქვა და ვიფიქრე.

შთაბეჭდილება
გული მწყდება, რომ ეს წინასწარ განზრახული ნაბიჯია (ანუ დაპირების შესრულება). გულწრფელი სათქმელი თავად პოულობს ფორმას, როგორც კალაპოტს. სხვა შემთხვევაში ეს "კალმოსნების" სამუშაოს ემსგავსება: მაგალითად, ჯერ სარითმო წყვილებს რომ პოულობენ და შინაარსს მათზე აგებენ. ახლაც ასეთივე შთაბეჭდილება დამრჩა: ჩამოწერილი ინგრედიენტები და მათი ფაზლივით აწყობა. ფაზლის აწყობისას პროცესია მომხიბვლელი, თორემ შედეგს მუდმივად არავინ ინახავს.
ამას გარდა, ვერლიბრი, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ – "ენტერის დარტყმით დატეხილ პროზას" არ ნიშნავს. "სხვა ნაპირზე" გადასული კი, სწორედ მათ მოსაზრებას ამყარებს.
ამ თავისუფალი (ერთი შეხედვით) და ძალიან მგრძნობიარე ფორმით – ვერლიბრით (ზოგადად) მოწოდებული ლექსი – გამოწვდილი ხელისგულია: მასზე ავტორის ყველა შესაძლებლობა თავსდება; დამოკიდებულება კი – ან აათრთოლებს ხელს, ან სიმყარეს შეუნარჩუნებს. ხელოვნურობა, რომელიც ამ და ბევრ სხვა მაგალითს ახლავს, გულს მწყვეტს.

პ.ს. ცხენებს მაინც ვერ გავექეცი :)
ცირკში ჰყავთ კარგად გაწვრთნილი ცხენები, რომლებსაც შეუძლიათ, რიტმს აჰყვნენ, იტრიალონ ერთ ადგილზე, რინგის კიდეებზეც იქროლონ და მხედარს, საოცარი მოქნილობის წარმოსაჩენად, ბეჭი მორჩილად შეუშვირონ. დაოსტატებული მხედარი უუნაგირო ცხენსაც გამოაქროლებს, მაგრამ მისი რაში შინდისფერ წრეს ვერ გასცდება.
აი, ღია სივრცეში ჭენება სულ სხვაა: სადამდეც გსურს, სადამდეც შეძლებთ – ორივე.
(ოღონდ, ცხენზე ჯდომის ცოდნა ნებისმიერ შემთხვევაში უცილებელია, ხომ?! )
ხოლო, ველზე შემოხაზულ წრეზე სირბილი იმას ჰგავს, შარშანწინ, იპოდრომზე რომ მავარჯიშებდა მწვრთნელი – საბელმობმულ ცხენზე შემჯდარს...

წარმატება ყველას.

4 comments:

Sophie שרה Golden said...

ამაზე მინდოდა მეც დაწერა (ნაკლებად ლამაზად ოღონდ), რომ ლექსების წყობისა და რითმების სწავლის არ მესმის. ერთ დროს მეც ვწერდი რაღაცებს, სიგიჟეები გამომდიოდა, მაგრამ ბევრს მოსწონდა. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა წერო დადგენილი წესებით, ისწავლო რაღაც რითმების წყობა და შესაბამისად წერო, მერე როგორი პოეტი იქნები??? მე არ მჯერა ასეთი პოეტების, ყველაფერი თავისთავად უნდა მოდიოდეს, თანაც ისე, რომ გაოცებულს გტოვებდეს.

Keti said...

სოფი, ლექსებს წერდი? :) საინტერესოა...

ოსტატობა, გამოცდილება – დროთა განმავლობაში ყალიბდება და ისევე აუცილებელია, როგორც, მაგალითად, შენთვის – შენ პროფესიაში.
მათზე, ვინც მხოლოდ "ხელოსნობს", საუბარი არც ღირს. პოეზიაში მთავარი ის არის, რაც არ ისწავლება, დანარჩენი კი – დამხმარეა (რა თქმა უნდა, ჩემი აზრით).
და როცა ის, ვინც კარგ ავტორად მიმაჩნია, ხელოვნურ რამეს მთავაზობს, გული მტკივა. სულ ეს იყო..

Janri Gogeshvili said...

მოტივაცია: ვემხრობით და...
(ამონარიდი ”ბლოგიდან”)

მხოლოდ ის არის პოეზია, რაც განმწმენდს და გამხდის გამბედავს.
რალფ ოულდო ემერსონი

ლექსები, რომლებიც არ ეუბნება ხალხს ახალ და ამაღელვებელ ჭეშმარიტებას, ღირსი არ არის რომ კითხულობდნენ მას. არაფერია იმაზე უფრო ამაზრზზენი, როგორც რითმომანიით გადაჭარბებული ადგილები, რომლებიც არ იმსახურებენ ერქვათ ”აზრები”.
ვოლტერი (ფრანსუა მარი არუე)

რაც არა ჰხამდეს ჩიორას, ნუ უყრით ასაკენკლადა.
დავით გურამიშვილი.

ეჰ, ჩემო კარგო!.. იტყოდა ხოლმე ზოსიმე ბერი: რირა-ორირას ხმითაც გარითმავ… პოეტი სხვაა, _ ერიც და ბერიც; ციურ სავანით შემოსილი სიტყვა-ქარიზმა…
ჯანრი გოგეშვილი

P.S
ჩვეული ”მოკვდავსაც” ააქვს უფლება გააჩნდეს საკუთარი აზრი…

(”სიგიჟეები” შეიძლება მაჭრად მივიჩნიოთ, რომელსაც დაღვინების შანსი
აქვს... ისე მაჭარიც მშვენიერია...)

არ მოიწყინოთ!..
საუკეთესო სურვილებით…

Keti said...

ბატონო ჯანრი, გმადლობთ..