Monday, October 8, 2012

პარალელური სიზმრები

კარგია ის დღე, როცა დედა მესიზმრება – ენერგია მიბრუნდება, ვიღიმი და წინ ვიყურები. დედას სიზმრად როცა ვხედავ, ან მეხმარება ან მეფერება. დილას, მაგალითად, გამაღვიძა, როგორც ხდებოდა ხოლმე ცხადში. რაც მარტო ვარ, თავის დროზე გაღვიძება და დაძინება ჩემი გადაუჭრელი პრობლემაა. ნუ, "თავისი დრო" პირობითია, ჩემთვის ოპტიმალურს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ჰოდა, დილას გვერდით მეჯდა და მითხრა, რომ უკვე გვიან იყო, ავმდგარიყავი და მეჭამა. მე კიდევ წუხანდელი ამბის მოყოლა დავუწყე,  თუ როგორ გავაკეთე ე. წ. აჯაფსანდალი ბადრიჯნის გარეშე. ეგ იმ მარტივი მიზეზით, რომ ბადრიჯანი არ მქონდა. გემრიელი გამოვიდა-მეთქი და მიღიმოდა. მოკლედ, ცაიტნოტზე გავიღვიძე, სიზმრად ნახსენები უსახელო საჭმელი ვჭამე და სამსახურში დავიგვიანე.
კულინარობა ჩემი "ახალი" ცხოვრების ახალი ფურცელია და ძალიან შემოქმედებითი. ადრე არ მიწევდა საჭმლის მომზადება, ყოველთვის მზად მხვდებოდა და მხოლოდ მაშინ ვიდექი ქურასთან, თუ ვეხმარებოდი დედას ან რაიმე კონკრეტულის გაკეთების ხასიათზე მოვდიოდი. ახლა ყოველ საღამოს ვფიქრობ "ხვალ რა ვჭამო". ამაზე არფიქრმა ცუდ შედეგამდე მიმიყვანა და დავიწყე. ხანდახან სამუშაო დღის ბოლოს ვმაზოხისტობ –  ფოტოებიან რეცეპტებს ვგუგლავ. დედას და ბებიას არაჩვეულებრივი რეცეპტები მაქვს, მაგრამ დედას ხელნაწერს რომ ვხედავ, ტირილი მინდება, ამიტომ არ ვნახულობ და ვგუგლავ.
შემდეგი ეტაპი ბაზარში და მარკეტში გავლაა. ეს ყოველთვის მომწონდა – ვგულისხმობ მრავალფეროვან დახლებს და ყიდვის პროცესს; აი სიმძიმის თრევა, ცხადია, არ მომწონს, ამიტომ ყოველთვის ცოტას ვყიდულობ. უკვე ვცნობ ბაზრის სტაფს, მაქვს ამოჩემებული წერტილები და ხანდახან ბაჯებისგან კომპლიმენტებსაც ვიღებ. კიდევ რამდენიმე გამყიდველია, რომლებსაც დედასგან კარგი რეკომენდაციები ჰქონდათ. მაგალითად, ყველის გამყიდველი ლელა. მეც სულ მისგან ვყიდულობ ყველს და არასდროს გაუცრუებია იმედი ხარისხის მხრივ.
და რას ვამბობდი, კულინარია შემოქმედებითი პროცესია-მეთქი. გემოების შეხამება, ჯერ წარმოდგენით და მერე ცდა, ხელთ არსებული პროდუქტებით მომზადება და ა.შ. მგონია, რომ რეცეპტები ეს ისეთი კანონებია, რისი დარღვევაც, საგზაო წესებისგან განსხვავებით, თავისუფლად შეიძლება, თუმცა არის დღეები, როცა არაფერი მინდა და, მით უმეტეს, დღეს/ხვალ რას ვჭამ – არ მაინტერესებს.

ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ პარალელური სამყაროების არსებობაზე. ძალიან მაწყობს, არსებობდეს ეგეთი რამ. აი აქ ხომ ასეთი უაზრო აწმყო მაქვს და იქნებ სადღაც ჯერ სულ პატარა ვარ, სადღაც – ჩაჩანაკი და საინტერესო ცხოვრებაგავლილი; მამა და დედაც  სადღაც გრძელდებიან და ყველა ის ადამიანი, ვინც მიყვარს, სხვაგანაცაა. იქნებ იქ სხვა შანსები გვაქვს, იქნებ რაღაც უკეთ არის, ან პირიქით, აქ უნდა ვიყო მადლიერი იმისა, რაც და როგორც ხდება. იქნებ სიზმრებში იმიტომ ვხედავ ჩემს მშობლებს და თან ისე, თითქოს არც არსად წასულან, რომ სწორედაც რომ არ წასულან?
ბავშვებს ხომ ჰყავთ ხოლმე წარმოსახვითი მეგობრები, მე ეს რამდენიმე თვეა წარმოსახვითი დედა მყავს. განსაკუთრებით მანქანით მგზავრობისას – ყოველთვის არის ჩემი უჩინარი მგზავრი. და ეს კარგი გრძნობაა – სულ მგონია, რომ უსაფრთხოდ ვივლი. ამასობაში რისკიანი მძღოლი გავხდი, სისწრაფის მოყვარული. რამდენადაც ტრასაზე მიღებული ადრენალინი მომწონს, იმდენად ვერ ვიტან თბილისის საცობებში ხოხვას და "შემოქმედებით" მძღოლებთან ურთიერთობას, ამიტომ ვერიდები კიდეც.
მთელი ეს თვეები არაფერი წამიკითხავს, ამას წინათ კუტზეეს "სირცხვილი" ვიყიდე. აი, ეგაც მნიშვნელოვანი ამბავი იყო, წიგნის მაღაზიაში რომ შევედი – აქამდე გული არ მიმიწევდა. ჰოდა ეს "სირცხვილი" ორი კვირაა თაროზე მიდევს სხვა წაუკითხავებთან ერთად და, თუ არ დამავიწყდა, ხვალ გზაში წავიყოლებ, იქნებ დავიწყო.

პ.ს. აზრზე არ ვარ, რატომ მომინდა ასეთი წვრილმანების მოყოლა. მადლობა ბოლომდე მოსმენისთვის. 

7 comments:

Tinita said...

საღამომდე ვერ დავიცადე კომენტარის მოსაწერად. მე მჯერა, რომ პარალელური სამყაროები არსებობს. ისიც მჯერა, რომ იქ მყოფი ჩვენი ადამიანები გვაფრთხილებენ, გვიცავენ და ა.შ. სიზმარიც ამის ერთ–ერთი "მექანიზმია". მამაჩემი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ბავშვობაში მესიზმრებოდა, ახლა აღარ :( ძალიან მინდა, დამესიზმროს.

"წვრილმანების" შესახებ მოყოლა ძალიან კარგი გზაა შინაგანი მდგომარეობის გადმოსაცემად. მადლობა პირიქით.

Keti said...

აი, ზუსტად ასე მგონია. სიზმრებიც ამ კავშირის შესაძლებლობის გამო მიყვარს. მე როცა ჩემს მშობლებს ვნახულობ, ეს ძალიან ყოფითი სიზმრებია ხოლმე, პარალელური ცხოვრებასავით მიდის. .

მადლობა, თინიტა.

Toma said...

მე მჯერავს გაგრძელების. მჯერავს რომ გარდაცვალებით არ ვქრებით, არამედ ტრანსფორმაციას განვიცდით ან ენერგიის სახით ან კიდევ თავიდან ვიბადებით.

რა თბილი სიზმარია, მესიამოვნა რომ წავიკითხე. მეც მომინდა მასე მოყოლა ამბის, გინდა სიზმარში გინდა ცხადში.

ამბობ უაზრო აწმყო მაქვსო, რა შემთვევაში შეიძლება აზრიანი გახადო?

კულინარიას რაც შეეხება კიდევ - welcome to the club :).

Sophie שרה Golden said...

ქეთი, პირიქით, ხშირად უნდა წერდე ასეთ პოსტებს, რასაც იშვიათად აკეთებ. სასწაულად კარგად, თბილად და ლამაზად გამოგივიდა წვრილმანების მოყოლა და კიდევ რომ ყოფილიყო, არ დამეზარებოდა წაკითხვა.

"იქ" რამე არსებობს თუ არა და მსგავსი რამეები, არ ვიცი... ხან მგონია, ყველაფერს ადამიანები ვიგონებთ... ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე სირღმისეული დაფიქრებებისთვის ვერ ვიცლი და მეზარება კიდეც.

უბადრიჯნო აჯაფსანდალი როგორია, ეს კი ვერ წარმომიდგენია :)

Keti said...

@ ტომა, ჰო, ფიზიკური სიკვდილით რომ ყველაფერი არ მთავრდება, ეს მწამს.

მადლობა, მიხარია. როცა მოვრჩი წერას და ვნახე, რომ ბევრი გამოვიდა, უცებ ვიფიქრე, არ დამეღალა მკითხველი.
უაზრო აწმყო რით შევცვალო, ეს კი არ ვიცი. ჯერჯერობით არაფრის ხალისი არ მაქვს, უფრო შეგუების პერიოდია.

ჰო, შენს რეცეპტებს ყოველთვის ინტერესით ვკითხულობდი, თან შენც იმპროვიზაცია მოგწონს ხოლმე :)



@ სოფი, მადლობა. რატომღაც მეძნელება ხოლმე საკუთარ ყოველდღიურობაზე წერა.

ნუ, აჯაფსანდალი აღარ ვუწოდე, თუმცა იმავე პრინციპით მოვამზადე: კარტოფილი, პომიდორი, წითელი ბულგარული, სტაფილო, მწვანილი :)

Chaotic said...

"უბადრიჯნო აჯაფსანდლის" მზარეულში ჩემი თავი ვიცანი :D

პ.ს. მე მიყვარს ასეთი პოსტები. უფრო სწორად, ზუსტად ასეთი პოსტები მიყვარს ყველაზე მეტად.

Keti said...

შენც აკეთებ ხოლმე? :))

მიხარია, რომ ასეა. მეც მიყვარს ასეთი პოსტების კითხვა, წერას ვარიდებდი თავს...