Showing posts with label ჰეი მამათქვენოვიჩ. Show all posts
Showing posts with label ჰეი მამათქვენოვიჩ. Show all posts

Monday, June 14, 2010

ღია ბარათი პრემია "საბას" მესვეურებს

  • როცა ე. წ. "შორტ-ლისტის" შერჩევამდე ჟიურის 3 თვე აქვს;
  • როცა 3 თვის შემდეგ ცხადდება საბოლოო სია, სადაც წიგნი შესაბამის – საუკეთესო პოეტური კრებულის – ნომინაციაშია, რადგან მის ავტორს უკვე აქვს რამდენიმე წლის წინ გამოცემული პირველი კრებული;
  • როცა ე. წ. "შორტ-ლისტის" გამოცხადებიდან ერთ დღეში კრებული ნომინაციას იცვლის და "საუკეთესო დებიუტში" გადადის
ამას რა ჰქვია?!
როდემდე უნდა ხდებოდეს საქართველოში მსგავსი რამ?!
რატომ არის ჩვენში ახლობლის ფაქტორი მთავარი და გადაულახავი.
იმედგაცრუებული ვარ. კიდევ ერთხელ. აქ – საბოლოოდ.

არ დავასახელებ ავტორს.
ყველამ, ლიტერატურული წრიდან, ეს იცის.
ყველა მესვეურმა ეს იცით.
მხოლოდ ერთი მინდა ვთქვა:
მე არ მაქვს ნაცრიანი თვალები.

Friday, May 29, 2009

გიხაროდენ!

_ ექვსში ზუსტად შენს ორგანიზმში შევიდა სულიწმინდის სახით წმინდა გიორგი, შენ გამოვარდი მაგ საკანიდან, გავარდი პარლამენტში, შენ უკვე სახე წაშლილი გქონდა, იქიდან გამოვარდი, შევარდი მგლის ხახაში...
_ მადლობთ, მადლობთ, უღრმესი მადლობა!

> იხილეთ

Thursday, May 28, 2009

კონცერტმაისტერების

ამაყობდნენ, მსოფლიოს გამკვირვებლები ვართ უსისხლო რადიკალიზმითო და, აი, "საამაყო" აღარ დარჩათ. ორი დღეა, ამ ორთქლის გამოსაშვებ აქციაზე მინდა დავწერო, მაგრამ სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი. სიმართლე ვთქვა, სიჩუმე ერთგვარი პროტესტიც იყო. როცა სამსახურში ყოველი დილა პოლიტიკის გაღეჭვით იწყება, საღამო მაინც მინდა "ზედმეტი კალორიების" გარეშე. თუმცა, არ გამოვიდა.
ხუთი მძიმედ დაჭრილი მიხაილოვის საავადმყოფოშია, პარლამენტის წინ კი კონცერტი მიმდინარეობს..

ჰეი, ჩააწოდეთ ერთმანეთს პატრიარქის სიტყვა, როგორც პინგ–პონგის ბურთი. გავბრწყინდებით, როგორ არა.

რა იქნება, მათ და საერთოდ, ადამიანებს საკუთარი ნაბიჯების შეთვალიერება შეეძლოთ.

Tuesday, April 21, 2009

ჩამქრალი–სა

წავიყარე თავზე ნაცარი
ვითომ არაფერი, ვითომ არაფერი
ჩავქრი,
ჩავქრი,
ხომ ვთქვი..

და ძველ სიმღერას ვღიღინებ, ჩამქრალისას..
ჩემთვის ვღიღინებ,
სხვები "ბანს" ამბობენ,
მაგრამ მე - ჩემსას, ისე ძველს:

"ლა–ლა
...
ვიდრე უცებ არ გაგახსენდება,
რომ ჯიბეში გაქვს ახალი ნათურები,
ციმციმა ნათურები,
ფერადი..."


პს
თითქმის ყოველ დილით, ჩვენი თანამშრომელი შემოდის ოთახში და კითხულობს – სადმე ნათურა ხომ არ არის გამოსაცვლელი. ბედნიერია (ყველა) ჭაღი. უნათურობით ჩაქრობა არ ემუქრება(თ).

პპს
იციმციმეთ.

Monday, March 23, 2009

ჰეიი...

გამარჯობა, ადამიანო!
შენღა მაკლდი.
მიგიყუდებია ველოსიპედი..
"მოკითხვა" ჩემებისგან, მხრებს კედელზე რომ აბჯენენ..

*
გამარჯობა, ადამიანებო!
იცით, მე თქვენ მაღიმებთ, კონვენციური ლექსის სიყვარულით
"აგზნებულები" ერთ ოთახში რომ ხართ ჩაკეტილნი. ახლა, მართლა კარგმა ადამიანმა სხვა თასში ჩამოგისხათ სასმელი და ისე ეწაფებით, თითქოს განსხვავებულ სასმისზე თითების შემოჭდობა გეხერხებოდეთ. ფრთხილად, გულისპირზე არ გადმოგეღვაროთ :)
თანაც, არც თუ კარგი სასმელია ეგ. შარბათად ქცევამდე ბევრი აკლია.
ძველი თასი კი თქვენ გააგდებინეთ ხელიდან, მისნაირთა სერიული დამზადების გამო.

ჰმ, მგონი ორიოდე წლის წინ დადებულ პირობას ასრულებს :)

*
გამარჯობა, ქეთი!
წამზომი ჩართულია, იცი.

Wednesday, February 4, 2009

ისტერია – თემაზე და ფურცლებიდან

წლების მანძილზე გადაღეჭილ მეტაფორებსა და თემებს სხეულის ჩაცმა–გახდაზე, თევზებზე, პეპლებზე, ქალაქზე, ჩიტებსა თუ სხვაზე, როგორც ჩანს, "უკანა კარიდან" გასვლაც დაემატება:)
არ შემიძლია, არ ავღნიშნო: ჩემმა, თვის აქტიურმა და ხელებდაკაპიწებულმა "მკითხველმა" ცხვრების შემდეგ ფოიე და მისი უკანა კარიდან გასვლის იდეაც მოიწონა. დავიღალე ამაზე საუბრით, მაგრამ გუშინ კიდევ ერთ ლექსში ვიპოვნე ეს სცენა და დღეს, მესამეშიც! :)
მათი ერთადერთი უარყოფითი რომ ეს იყოს, რა უჭირს. აი, მესამეში: "თავდახრილ პაკლონებს პოზისთვის" – რა ვუყოთ?
კითხვებს, რომლებზეც ჩუმად არაერთხელ მიფიქრია, ამჯერად ხმამაღლა დავსვამ:
1. რა კრიტერიუმებით არჩევენ ამ/მსგავს ავტორებს ცნობილი ლიტერატურული ჟურნალების რედაქტორები?!
2. რა კრიტერიუმებით აფასებენ ინტერნეტმკითხველები ასეთ ტექსტებს დადებითად?! (ინტერნეტმკითხველები იმიტომ, რომ მათი რეაქციის ნახვა შესაძლებელია და ანალიზის საშუალებასაც იძლევა).
ამ კითხვებს აუცილებლად განვავრცობ,
ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ცუდია, როცა მხოლოდ ფურცლებს ჩაჩერებული მკითხველის შთაბეჭდილება თანამედროვე პოეზიაზე თითო კაცის სუბიექტური მოსაზრებებით შერჩეული საკითხავით იქმნება.
ამ საერთო ისტერიის ფონზე კი, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები – ტრიბუნაზე გადაბარგება სწორი გადაწყვეტილებაა. ერთადერთი დისკომფორტი – სინდისის ქენჯნა მათ მიმართ, რომლებზეც მხოლოდ მე ვიცი, მაგრამ ასე სჯობს.

Friday, January 30, 2009

წყარო

გუშინ, გვიან ღამით მომინდა ამაზე დაწერა – დღის მანძილზე საუბარმაც მოიტანა და მერე პოსტშიც ვახსენე. მოკლედ, მოჩუხჩუხე წყლის ნაკადს არ ვგულისხმობ, არამედ ტექსტში გამოყენებული მასალის, თუ ინსპირირების წყაროს მითითების ცივილურ ფორმას (თუმცა, სიტყვა 'წყარო' შესანიშნავად გადმოსცემს პირველწყაროს ბუნებას).
მას შემდეგ, რაც ქართულ ბლოგებს ვათვალიერებ, სხვადასხვა ასაკის ბლოგერებისგან ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი ყურადღების დანახვა მახარებს, ანუ: როცა ერთ თემაზე დაწერილ პოსტებში მითითებულია იმავე თემაზე დაწერილი სხვა ბლოგერის პოსტის ლინკი; ან სიტყვიერად, რომ იდეა წამოვიდა აქედან, ან ამ ადამიანისგან; თუნდაც ჩემი გუშინდელი (არა ერთადერთი) შემთხვევა – როცა წყარო მითითებული დამხვდა.
ამის მაგალითად მოტანა გადავწყვიტე, რადგან სამწუხაროდ, ხშირად იგივე კულტურას პოეტები არ იჩენენ (ძირითადად ახალგაზრდა ავტორებს ვგულისხმობ). სულ რამდენიმეს ჩამოთვლა შემიძლია, ვისთანაც ეპიგრაფს შევხვედრივარ (პირადი საუბრიდან მოტანილი ფრაზაც კი მინახავს, თუკი ის ინსპირაციის მიზეზია). ეს ადამიანის პატიოსან ბუნებაზე მიუთითებს. შედეგი არა მხოლოდ ის შეხედულებაა, რომელიც ბუნებასთან დაკავშირებით ჩნდება, არამედ ისიც, რომ პლაგიატორის დარქმევა თავში არავის მოუვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შემოქმედებითი ეთიკის ქონაზე მიუთითებს, რომელზეც მხოლოდ კეთილგანწყობით პასუხობენ.
ეპიგრაფის დართვა არანაირად არ აკნინებს ავტორს, არადა, პირიქით ფიქრობენ. სწორედ, რომ ასე, რადგან დღეს, კარგი კონცეპტი და მეტაფორა რამდენადაც იშვიათია, იმდენადვე მოიმატა მათზე მონადირეთა რიცხვმა. როცა რეიტინგისთვის ბრძოლაა გადასატანი, როცა სურთ, რომ ინტელექტუალის სახელით დამკვიდრდნენ, უკან არაფერზე იხევენ. ინტერნეტის უსაზღვრობის გამო კი შესაძლებელია, ოდესმე საკუთარი ქმნილების ქურდად გამოცხადდე – ვერ დაამტკიცო, რომ პირველი შენ იყავი, რადგან "საჭირო ადგილზე საჭირო დროს" არ აღმოჩნდი; ანუ, როცა ნამდვილი ავტორის დიდი აუდიტორიისთვის გაცნობა პლაგიატორზე გვიან მოხდება.
ცუდი ის არის, რომ წინათაობელებისგან არაერთხელ მსმენია – თუ ნაკლებად ცნობილი ავტორის ტექსტს გადაამუშავებენ, შერჩებათ კიდეც. მთავარია, ცნობილის სიტყვა არ გაეპაროთ სადმე ბრჭყალების, ან ეპიგრაფის გარეშე, რადგან ვინმე მიუთითებთ. საწყენია.
შთაგონების წყაროს ღელედ ან მდინარედ ქცევას რა სჯობს, ოღონდ მისი დავიწყების გარეშე, ვინც წყაროსთან მიგიყვანთ.

Monday, January 5, 2009

გავიცინეთ, ჩიტი რომ გამოფრინდა

როგორ მებრალება ეს გოგო.
როგორ.
ის მხოლოდ ამას ახერხებს – გამოცლას – ენერგიის და, ლექსებს რაც შეეხება, ფრაზების – სხვების საკუთრებიდან.
სწორედ ამის გამოა, რომ სხვისი და შესაბამისად, ერთმანეთთან დაუკავშირებელი სახეების შედეგად შეუკვრელი და ბუნდოვანი ტექსტები რჩება.
მე ვთქვი, რომ ლექსებს ინეტში აღარ გამოვაქვეყნებ. დეკემბრის ბოლოს, ერთადერთი გამონაკლისი პლაგიატობის ფაქტის გამო გავაკეთე – ლიბ.გეს გავუგზავნე ლექსი "ერთი პეშვი", რომლის გამოც გული ძალიან დამწყდა. როცა გამოქვეყნდა, აღმოჩნდა, რომ თავფურცელზე, ახალ ნაწარმოებებში, ჩემი ლექსის გვერდზე ამ გოგოს ერთი ქმნილებაც დადეს. პირველი, რაც გავიფიქრე – "წაიკითხავს და გადაიხატავს". მხოლოდ ორი დღე დასჭირდა – ცხვრები, ბატები და პატარა მწყემსიც ჩაისახლა:
"გამომწყვდეული ცხვრები და ბატები თავს იშვებენ";
"პატარა ბიჭს მოყავდა გამხდარი ცხვარი".


ამ ლექსში სხვა კალკებიც არის, მაგალითად, სანათას "ფითრებიდან"..
ჰო, კვიცი გვარზე ხტის.
და "გვარს" საერთო გემოვნებაც (უფრო ინტუიცია) რომ აღმოაჩნდა?!

პ.ს.
ჰმ. სიმშვიდე, ერთი კვირაც რომ არ გაგრძელებულა.

და კიდევ,
გრაფომანები უცხო სიტყვით გამოხატულს ალბათ მძაფრად არ აღიქვამენ, ამიტომ ქართულად ვიტყვი:
ამას ქურდობა ქვია,
ჩამდენს – ქურდი
და ეს, სულ მცირე, სირცხვილია.

Tuesday, December 30, 2008

ერთი პეშვი

დავუბრუნე თავისი ადგილი. დავმშვიდდი. ჯერ კიდევ აპრილსა და მაისში (იმ პერიოდში, როცა "სიურპრიზი" მივიღე) ვწერდი აქ გულისტკივილს, მერეც – არაერთხელ.
იმედია, ბატონმა პოეტმა წაიკითხა და მიხვდა.
ყოველთვის დავიცავ საკუთარს.

ჰო, ყველაფრის წაშლის ცდუნებას გავუძელი. ესეც კარგია:)

Tuesday, December 2, 2008

ბაც!

როგორც პატარას: აბა, იქით გაიხედე და ბაც – აღარ არის მაგიდაზე. პირი კი გამოტენილი აქვს. გამობერილ ლოყაზე ემჩნევა.
ჰეი, გემრიელია?! აბრიალებულ თვალებზე გეტყობა, კი.

იმდენი ხანია, ეს მაწუხებს (და მაწუხებს აღარ ქვია ამას), რომ მგონი დროა, უფრო ღიად ვამბობდე.. მაგრამ იყოს ჯერ ასე, სახელის უთქმელად. ოღონდ ახლა კიდევ ერთხელ მინდოდა ამაზე. ბოლო დროს – გამიზეზებული ჭრილობასავით მახსენებს თავს..

პ.ს.
ასოციაცია – მოკლულის გვამი. ანუ, ღიად დარჩენილი თვალები. ანუ სიზმრები. ჰო, ცხვარმა ბღავილი იცის.. თორემ არ მგონია, რომელიმე მომპარავი ხერხემლის ჩაყოლებაზე სიმძიმეს განიცდიდეს და თავს ცუდად ამის გამო გრძნობდეს.

პ.პ.ს. როცა ცოტა მშვიდად – მისი ვინაობა მაღალ ქულად იწერება ჩემს ტაბლოზე.

Thursday, October 30, 2008

პროექტები და პროდუქტები

ხის მთლელზე ვფიქრობ – ხელში საჭრეთელით და შუბლზე - ოფლით რომ თლის, თლის, თლის..... სუვენირს, რომელსაც რომელიმე უცხოელი თუ შეიძენს, თორემ აქაურებმა იციან მისი რეალური ფასი.

კიდევ „ჯეოსტარი“ გამახსენდა,
ან მსგავსი პ რ ო ე ქ ტ ე ბ ი – შექმნილი პ რ ო დ უ ქ ტ ი თ, ახლობლებზე და თინეიჯერებზე რომ იყიდება.
ანუ, ვარსკვლავები და მათი ამაკიაფებლები:
სტილისტი, ვოკალის პედაგოგი, ქორეოგრაფი, სტუდიაში მომუშავენი..
მაგრამ პროექტი მთავრდება და სულ ცოტა ხანში გვარებსაც ვერ ვიხსენებთ..
უფრო ასე: „გახსოვს ის, ხვეული თმით“, ან რაიმე ასეთი..

...
ამ ტანკებივით გადამქელავ მაქინაციებს ვერაფერს მოვუხერხებ.
ვერც იმედგაცრუებას.

Tuesday, August 5, 2008

ზოგს

ზოგ ადამიანს თავი სამყაროს ღერძი ჰგონია,
ზოგი ღერძის გარშემო დარბის..
ზოგს უბრალოდ ტკივა ჩამუხლულს - გზა აქვს გასაგრძელებელი..
ღერძისკენ არა.
მათი საზღვარი ზეცაა.

თქვენ არ ხართ ზე, მითუმეტეს – ცა.

Tuesday, July 8, 2008

ჰეი, მამათქვენოვიჩ!

საინტერესოა, რა გემო აქვს "გამარჯვებას" – "გზად და ხიდად აქტიურობას" რომ მოსდევს;
საინტერესოა, რას გრძნობს კომპეტენტური ადამიანი, რომელიც "აქტიურობის" დროს არის გზა და ხიდი;
საინტერესოა, რა იქნებოდა, როგორი იქნებოდა საქართველო, რომ არა "ყუფარაძის ზარის" მოლოდინი თუ გაჟღერება;
საინტერესოა, რას ფიქრობენ უკან ჩაცოცებული, უგზო და უხიდო ადამიანები, ანუ "არააქტივისტები";
რა ჯანდაბაა ეს გრძნობა, არაფრის შეცვლის ძალა რომ არ გაქვს. თუნდაც შენს ირგვლივ.

ყველა დროის ერთ–ერთი (ერთადერთი თუ არა) საუკეთესო ქართული ფილმი იხილეთ აქ
და გაიღიმეთ კედელზე თავმიხეთქებულებმა:
არაფერი არ იცვლება..

კოპზე(დ) ცივ ტილოს იდებენ :)


p.s. აქტიურობა ორგვარია – ჯანსაღი და არაჯანსაღი. უკანასკნელი ბრჭყალებში იწერება ;)