ბოლო დროს ბლოგებზე (და არა მხოლოდ) ხშირად მხვდება ჩანაწერები რელიგიურ თემაზე, მათი ავტორების ათეისტობის ან აგნოსტიკოსობის დაფიქსირებით, რაც ერთგვარი სიამაყითაც ხდება, რადგან ამ ჩანაწერების პათოსის მიხედვით არამოწმუნე ადამიანი მორწმუნესგან განსხვავებით განვითარების მაღალ საფეხურზე დგას. იგივე დამოკიდებულებას ხშირად არავირტუალურ გარემოშიც ვამჩნევ.
მე არ დავიწყებ რაიმეს მტკიცებას, უბრალოდ რამდენიმე ტენდენცია და კითხვა მინდა, ჩამოვწერო, უფრო მიზეზებზე დაფიქრების მიზნით:
გასული საუკუნის 90-იანი წლების დადგომისთანავე რელიგიურობის ერთგვარ მასობრივ მოდად ქცევას ახლა მოდად ქცეული არარელიგიურობა ენაცვლება. ეკლესიაში შედინების და მისგან გაქცევის "ორგანიზატორი" ძირითადად შვილების თაობაა. მშობლების თაობა, რომლის უდიდესი ნაწილი საბჭოთა პერიოდში რელიგიის გარეშე ცხოვრობდა, შვილების მიერ გაიკიცხა; ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მათ შვილები უთითებდნენ, "წითელ" წარსულს საყვედურობდნენ. მშობლები მოექცნენ. უმეტესად.
დღეს ის თაობა, რომელიც ეკლესიისკენ მიილტვოდა, უკვე საშუალო თაობაა – თვითონ არიან მშობლები. მათი თინეიჯერი და ეს–ესაა თინეიჯერობიდან გამოსული შვილები კი ეკლესიას ტოვებენ.
რა შეიცვალა ამ 20 წელიწადში? აი, ამაზე ვფიქრობ.
რა მოლოდინი ჰქონდათ ღმერთისკენ მიბრუნებულებს? რა შესთავაზა მათ ეკლესიამ? როგორ იწამეს ღმერთი? და საერთოდ, როგორია (როგორც "ხილული შედეგი") მართლმადიდებლობა საქართველოს საზღვრებში. დიახ, საქართველოს საზღვრებში – შეზავებული ტრადიციებთან, ცრუმორწმუნეობასთან, სახელმწიფოებრივ იდეოლოგიასა თუ მოთხოვნებთან და ვინ იცის, კიდევ რასთან.
და დღეს მივიღეთ თაობა, რომელიც მშობლებს სიბეცეს საყვედურობს.
მიაჩნია, რომ რელიგია ჩარჩოა.
რომ ვერ განვითარდები, თუ გწამს.
მაგრამ:
* რატომ ხდება, რომ ჩარჩოდ რაიმეს მომნათვლელები ხშირად მოდური აზრის ჩარჩოში ექცევიან?
* რომ ხშირად ის, ვინც თავს ათეისტს უწოდებს, ათეიზმსა და აგნოსტიციზმს ერთმანეთისგან ვერ არჩევს? და არც სხვადასხვა რელიგიის შესახებ ფლობს თუნდაც ზოგად ინფორმაციას?
* რატომ თამაშობენ რელიგიურს და არარელიგიურს იმის მიხედვით, თუ რომელ სოციალურ წრეში მოხვდებიან?
და ბოლოს, მე ასე ვიტყოდი (თუნდაც თავთან მოსაუბრე):
რელიგია ჩარჩოა, როცა ქმნი.
და რელიგია თავისუფლებაა, როცა ქმნი.
გააჩნია ხედვის რაკურსს.
გამოაღე ჩარჩო.
გაიხედე მასში.