Monday, April 30, 2012

უთხარით

ჩემი ფეისბუკის ერთი "ფრენდი" რამდენიმე კვირაა სასოწარკვეთილი ეძიებს პასუხს კითხვაზე – რაიმე საშიშროება ხომ არ ემუქრება მის რწმენას, თუკი ექნება ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმობა. იგი მრავალშვილიანი დედაა და მისი საწუხარია, რომ ვერ მუშაობს შვილების შესანახად, რადგან ვერ წყვეტს აიღოს თუ არა პირადობის მოწმობა და მოითხოვს ეკლესიისგან (ვფიქრობ, მის მეგობრების სიაში არაერთი საეკლესიო პირია) და ღმერთმა იცის კიდევ ვისგან, პასუხს, უფრო კი “ხელდასხმას”, რომ მიეცეს ცხოვრების საშუალება. ვკითხულობ მის სტატუსებს და ვფიქრობ: ჯერ იმაზე, – რამდენგვარი "ფრენდი" მყავს – ურწმუნო თუ მორწმუნე, ყველა სახის პოლიტიკური შეხედულებით (სულაც, აპოლიტიკური) და მერე: ეს ქალი ისეა მათ შორის, როგორც ქუჩაში უსასოოდ ხელებგაწვდილი, ყურადღებას რომ არავინ აქცევს. ის ძალიან ფრთხილად და მოკრძალებით პასუხობს კანტიკუნტად გაჩენილ კომენტარებს. აქაც ეშინია – სამდურავი არ დასცდეს. ჩემში პატივისცემას იწვევს როგორც პიროვნება, რომელსაც რაღაცის სწამს, მაგრამ…
განა როგორი უნდა იყოს მისი რწმენა, რომ შიშს ბადებს?! შიში, რომ ხელ-ფეხს უკრავს?!
აქეთ შვილები, იქით გაჩუმებული სათაყვანებელი ეკლესია.
უთხარით რამე ამ ქალს. ამ ხალხს.
უთხარით, რომ სიცოცხლე მათი უფლებაა.
ნუ ადებთ ბორკილებს და მარხავთ ცოცხლად.
ნუ ურევთ გონებას "სამი ექვსიანით" და ასეთებით.
ნუ აიძულებთ მორჩილებას ისედაც საკმარისად დამორჩილებულებს – საზოგადოებრივი თუ ცხოვრებისეული კანონებისგან.
ნურც ტყეში გასვლას მოანდომებთ – ზუსტად ასე დაწერა მან ერთ-ერთ სტატუსში, – მითხრან მაშინ და ტყეში გავალო.
ეშინია.
ღმერთი მათთვის მრისხანე მოსამართლეა. ბრალმდებელი. დამსჯელი. შუბლზე  მიმაგრებული სათვალთვალო კამერა.
რატომ გააცანით ასე.
რატომ არ შეაყვარეთ.

12 comments:

Sophie Golden said...

rogori simartlea am postshi, Keti. martla ratom ar sheayvares da mastan pirdapir saubari aswavles.

Keti said...

მადლობა, სოფი! ჰო, ამაზე ისე ხშირად ვფიქრობ – რატომ.

Kate said...

:((((
არც კი ვიცი, რა ვთქვა.

Keti said...

ჰო :((

Lord Vader said...

ალბათ, ეგრე ურჩევნია.
ვისთვისაც როგორი ყოფაა უფრო კომფორტული, ისე ცხოვრობს.

ისე, მე დაჰაიდებული მყავს რამდენიმე ფრენდი, ვისი სტატუსებიც, ვიცი რომ იქამდე მიმიყვანს რომ უნდა ვიკამათოთ და მერე განმაფრენდოს :) მე ჩემდათავად მარტო სპამერებს ვბლოკავ, ამიტომ უბრალოდ დაჰაიდებული მყავს.

Kate said...

აი ლორდს ვეთანხმები.
ყველა ისე ცხოვრობს, ისე ცხოვრობს.
ჩვენ უბრალოდ არ უნდა განვკიცხოთ ისინი.

უბრალოდ მე ის არ მესმის, როდესაც ამის გამო ის ადამიანი ამდენ კითხვას სვამს, იტანჯება შინაგანად.

Kate said...
This comment has been removed by the author.
Keti said...

@ ლორდ, არ ვიცი, ურჩევნია თუ არა. აშკარად განიცდის. მე არ ვეკამათები, არც დაჰაიდება მომდომებია. თან განსხვავებული აზრის ან ცხოვრების წესის მქონე ადამიანების აზრების წაკითხვა მაინტერესებს ხოლმე :) ამ ქალს ერთი-ორი კომენტარი დავუწერე, თან მოზომილად, მაგრამ ის რელიგიაზე ალბათ არც არასდროს იკამათებს..

@ ქეთ, ეგ ვიგრძენი ზუსტად, რომ შინაგანად იტანჯება. გულწრფელად ითხოვდა დახმარებას.

Anonymous said...

ხო, არ მესმის ნამდვილად. თუმცა ვცდილობ, რომ გაგებით მოვეკიდო ხოლმე.
ისევე, როგორც არარელიგიურ ადამიანებს.

Keti said...

ჰო, მეც.

ნასტასია said...

გენიალური პოსტია :)

მეც სულ მაგას ვამბობ, რომ არ შეიძლება ღმერთის შიშს გასწავლიდნენ, ღმერთი სიყვარულია და არა ცახცახი და ძრწოლა. მაგრამ შეშინებულების მართვა უფრო მარტივია, ვიდრე შეყვარებულების, ამიტომაც არაფერსაც არ ეუბნებიან :/

Keti said...

მადლობა, ნასტასია :)
ჰო, ასეა :/