დღის ბოლოს მოვახერხე წიგნის ფესტივალზე წასვლა, რამდენიმე წიგნის ყიდვაც, პავილიონის სივრცისთვის თვალის გადავლებაც, რომელიც ხალვათად მომეჩვენა და გზად – რასიზმზე დაფიქრებაც. წიგნებზე ხვალ, მით უმეტეს, რომ ფოტოებსაც გადავიღებ და ყველაფერს გულდასმით დავათვალიერებ. მანამდე ფესტივალისკენ მიმავალი გზის ამბავი:
წერეთელზე წვიმამ მომისწრო და მაღაზიის ტენტის ქვეშ შევეფარე. ჩემ წინ გაჩერებულ ტაქსის ყურადღება იქვე მდგომი კაცის გამო მივაქციე. გამოეღო კარი და ყვიროდა: "გადმოდი! გადმოდი..." ტაქსის წინ ზანგი ბიჭი იდგა, კაცი შიგნით მჯდომს მიმართავდა. ჯერ ვიფიქრე, უნდოდა თავად გადაეხადა ფული, მაგრამ მალე ხმას აუწია და მოთხოვნას გინებაც დაუმატა, კარიც გამოაღო და მიაჯახუნა. თურმე იმავე ტაქსით უნდოდა წასვლა. ბიჭი აშკარად აწურული იჯდა და ხურდას ელოდა. რომ გადმოვიდა, ცოტა დააკლდა ჩვენებურს – არ დაერტყა. გამოიქცნენ ეს ბიჭები და ჩემ გვერდით, კუთხეში მიიჭუჭყნენ. თან იხედებოდნენ, თვალით მანძილს ზომავდნენ – ხომ არ ვბრაზობდი მათთან ახლოს დგომის გამო. რომ შეძლებოდათ, კედელშიც გავიდოდნენ ალბათ. მე კიდევ სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი. საშინლად შემრცხვა. ამ დროს მაღაზიის პერსონალი გამომეცხადა – შემიპატიჟეს, ჩამოჯექით, თუ გინდათო. მანამდეც ვიდექი და არ შემოუთავაზებიათ, ჰოდა ამიტომ ვიფიქრე – ალბათ ცდილობენ, გამარიდონ-მეთქი ამ ხალხს. ისე შევწუხდი, აღარ დავუცადე წვიმის გადაღებას და გამოვიქეცი.
მთელი საღამოა ვფიქრობ, რატომ. რას აშავებდნენ ის ბიჭები? იმგზავრეს, ელოდნენ ხურდას. რატომ უნდა გამოლანძღოს ვინმემ? რატომ იყო აუცილებელი იმავე ტაქსით მგზავრობა მაშინ, როცა თბილისში ლამის ყოველი მეორე მანქანა ტაქსია? მათ მაგივრად რომ თეთრკანიანი უცხოელი ყოფილიყო, ასე მოექცეოდნენ?