Showing posts with label Vincent van Gogh. Show all posts
Showing posts with label Vincent van Gogh. Show all posts

Monday, May 7, 2012

ერთი კვირა, კედელზე

ვინსენტ ვან გოგის მინდვრების სერიიდან ამ კვირის გამოფენისთვის ორს ამოვარჩევ:

7–13 მაისი.

Monday, December 19, 2011

ერთი კვირა, კედელზე

მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში იაპონელებმა ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობები განაახლეს. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა დასავლეთევროპულ, განსაკუთრებით კი ფრანგულ მხატვრობაში ტენდენცია "იაპონიზმი" (ტერმინიც ფრანგულია). იაპონური ხელოვნების ნიმუშები, უმეტესად კი ხეზე ამოტვიფრული გრავიურები, შთააგონებდა ევროპელ ხელოვანებს. 1862 წელს პარიზში გაიხსნა მაღაზია "ჩინური კედელი", რომელიც ფრანგ მხატვრებში პოპულარობამოხვეჭილ იაპონურ გრავიურებს ყიდდა. მე-19 საუკუნის ბოლოს იმდენად დიდი იყო იაპონიით დაინტერესება, რომ არაერთი ფრანგი მხატვარი და კოლექციონერი გაემგზავრა ამ ქვეყანაში სამოგზაუროდ. ფრანგულ პრესაში იბეჭდებოდა სტატიები იაპონურ, უმეტესად "ედოს პერიოდის" (1603-1868), ნამუშევრებზე. იაპონურმა ისტერიამ კულმინაციას 1860-1880-იან წლებში მიაღწია. გავლენა განიცადეს ვინსენტ ვან გოგმა, მერი კასატმა, პოლ გოგენმა, გუსტავ კლიმტმა და სხვებმა. დღეს სწორედ ვან გოგის "იაპონური" ნამუშევარი მინდა, გამოვფინო.
ვინსენტ ვან გოგის შთაგონების წყარო "ედოს პერიოდის" იაპონელი მხატვრის, ანდო ჰიროშიგას (1797-1858) ორი ნახატი გახდა: "საღამოს წვიმა და დიდი ხიდი" (1856 წ.) ცნობილი სერიიდან "ედოს 100 ხედი" (1856-1858) და "ქლიავის ბაღი კამეიდოში" (1857 წ.). ვან გოგმა თავისი ნამუშევრები 1887 წელს შექმნა. ბლოგის გამოფენისთვის "აყვავებული ქლიავის ხე" შევარჩიე.

20–26 დეკემბერი.

Monday, October 10, 2011

ერთი კვირა, კედელზე

დამახსოვრებული კადრი გზისპირიდან, რომელიც ამ დასვენების დღეებიდან დამრჩა: ზვრებში ჩაყენებული სატვირთო და მსუბუქი მანქანები, იქვე ცელოფნის სავსე და ნახევრად სავსე ტომრები და მოწნული კალათები, მოფუსფუსე ადამიანები, მზე, ყვითელი ხეები, შეტრუსული ბალახი, უნაგირმოხდილი ცხენი, საზიდარი...
ის რას და როგორ ხედავდა – დღევანდელ კედელზე:
ვან გოგის არლის წითელი ვენახები (1888 წ.).

10–16 ოქტომბერი.

Monday, April 18, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ამ კვირის გამოფენას ვან გოგს დავუთმობ:
კიდევ ერთი კაფე – მონმარტრიდან (1886).

18-24 აპრილი.

Monday, March 7, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ვინსენტ ვან გოგის აყვავებული ხეხილის ბაღები, მგონი, ყველაზე უპრიანია, ახლა გამოვფინო – ეს ორი დღეა დათბა, ეზოს ცისთვალებიც მოედო და წელს პირველად ვიგრძენი, რომ გაზაფხული დადგა..

7-13 მარტი.

Monday, September 20, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ამ ნახატის გამოფენა რთველის დაწყებიდან მინდა. ყოველთვის მიყვარდა რთველი. რთველამდე კი, ვაზი მიყვარს – მცენარე, რაც ალბათ მამას დამსახურებაა. ვაზს განსაკუთრებით უვლიდა, ეზოში, თუ სადმე ადგილი გვქონდა, ხეივანი გამართა. მაჩვენებდა – აი, ახალი ჯიში, აი, როგორ იხარა..
ვატყობ, ნოსტალგიური ვხდები და ბევრს არ გავაგრძელებ. უბრალოდ, ვან გოგის მწვანე ვენახებს გამოვფენ...

20-26 სექტემბერი.

Monday, July 26, 2010

ერთი კვირა, კედელზე

რაიმე მსუბუქი, შვებულების პირველ დღეს რომ მოუხდება, უფრო ზუსტად – საღამოს: ვან გოგის კაფეს ტერასა

26 ივლისი –
1 აგვისტო.

Monday, May 3, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ერთხელ ასეც იყოს – გამოფენიდან გამოფენამდე.
ადგილი თითქოს არ შეცვლილა: საიდანაც გამგზავრებაა შესაძლებელი. ოღონდ, აქ შედარებით სიმშვიდეა..
ვან გოგის გოგონა გაჩერებაზე.

3-9 მაისი.

Monday, March 1, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დადგა (როგორც იქნა) გაზაფხული და კედელზეც შესაფერ ნახატს ჩამოვკიდებ – ვან გოგის აყვავებულ ნუშის ხეს
ლამაზ გაზაფხულს გისურვებთ :)

1-6 მარტი.

Monday, December 28, 2009

ერთი კვირა, კედელზე

წლის ბოლო ორშაბათის გამოფენისთვის ნამუშევრების შესარჩევად ბევრი არ მიფიქრია. პირველი, რაც გამახსენდა, აბრჭყვიალებული ცა იყო. ამან კი ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრების კოლექციასთან მიმიყვანა. აქვე მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ვან გოგის ნამუშევრები ძალიან მომწონს, ის არ გამომიფენია. ვფიქრობ, მიზეზი მისი კაშკაშა პალიტრაა, რომლის მიღებაც მხოლოდ მცირე დოზებით შემიძლია.

ამ საახალწლო კვირის მანძილზე ორი ტილოს გამოფენას ვაპირებ. ორივე მათგანი მხატვრის სიცოცხლის ბოლო წლებშია შექმნილი, როცა იგი თავისი შემოქმედების პიკზე იმყოფებოდა – ეს პერიოდი კი 1888 წლიდან დაიწყო, როცა ვან გოგი არლში გადავიდა, სადაც ადგილობრივი პეიზაჟებით და ბუნებრივი განათებით მოიხიბლა. ამ დროის ნახატებში ის უხვად იყენებს ყვითელსა და იისფერს, მისი ნახატები თვალისმომჭრელად ნათელია.

პირველი, რისი გამოფენაც მინდა, ეს არის "ვარსკვლავებიანი ღამე რონას თავზე". ღამის პეიზაჟების ხატვა ვან გოგისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. ის თავის ძმას, თეოს, რომელიც საოცრად ედგა მხარში, ხშირად სწერდა ფერების შესახებ, რომლებსაც იყენებდა. რონას სანაპიროს პეიზაჟზე ორმაგი განათების ურთიერთქმედებაა გადმოცემული – ბუნებრივის და ხელოვნურის, რომელსაც სანაპიროს გასწვრივ ჩამწკრივებული გაზის სანათები ქმნის.

*
დაპირებული მეორე ნამუშევარი, რომელსაც გამოვფენ –
1889 წელს, სენ-რემში შექმნილი "ვარსკვლავებიანი ცა" არის. მხატვარი სენ-რემის სანატორიუმში სწორედ ამ წელს გადავიდა. ამ პერიოდში სახატავი ობიექტების შერჩევა უჭირდა, ამიტომ ძირითადად სანატორიუმის შემოგარენის პეიზაჟებს ასახავდა, სადაც მრავლად გაეშენებინათ კვიპაროსები და ზეთისხილის ხეები. ეს ტილოც ერთ-ერთია, რომელზეც ვან გოგის უნიკალური სტილით შესრულებული კვიპაროსია გამოსახული.
ძალიან მომწონს ეს ნახატი, ისე როგორც წინა და ჩემს კედელზე ჯერ არგამოფენილი სხვა ვარსკვლავებიანი ღამეები..

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს! :)

28 დეკემბერი, 2009 –
3 იანვარი, 2010.