Showing posts with label კრიტიკა. Show all posts
Showing posts with label კრიტიკა. Show all posts

Monday, September 21, 2009

რამდენიმე ტენდენცია

დიდი ხანია, ლიტერატურული საიტების შესახებ ჩემი შთაბეჭდილებები არ დამიწერია. ერთხანს მათი კითხვაც შევწყვიტე, თუმცა ახლა ისევ ვათვალიერებ. ლექსების გარდა, ხანდახან კომენტარებსაც ვკითხულობ და ბოლო დროს ჩემთვის საინტერესო სწორედ მკითხველებზე დაკვირვება გახდა – ვინ კითხულობს ინტერნეტში და როგორ. არანაკლებ საინტერესოა, ავტორები გამოთქმულ აზრს როგორ იღებენ. რაკი კომენტატორები ძირითადად ისინი არიან, ვინც თავადაც ქმნიან, მკითხველზე ფიქრი კიდევ უფრო "მიმზიდველი" ხდება.
ის, რომ კარგი მკითხველი (ისევე, როგორც ავტორი) თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით მეგულება, არაერთხელ ვთქვი.
ახლა მხოლოდ ზოგადად და მოკლედ – ტენდენციებზე:

ავტორიტეტები
ქართველებს რომ ბელადომანია გვჭირს, ახალი ამბავი არ არის. თუ არ გვყავს ლიდერი, ვქმნით. საიტებზეც – ასე და მერე უგვირგვინო ბელადები ნაწარმოებების ირგვლივ ამინდს ჰქმნიან. რა თქმა უნდა, მათგან მობერილი ქარი ყველა მკითხველს ერთნაირად არ ცელავს, მაგრამ უმეტესობაზე "ზემოდან" ნათქვამი სიტყვა მოქმედებს. ეს კი დამწყებ ავტორს შესაძლოა გაბუქებულ თვითშეფასებას უჩენდეს, ან პირიქით. ჰო, კიდევ, მაღიმებს "ავტორიტეტებისთვის" შეფარული "თავის მოქონვა" მათი გემოვნების ღიად ქებით – მომავალში კარგი შეფასების მიღების მოლოდინით. სხვათა შორის, ხშირად რეაქციაც არ აყოვნებს ხოლმე..

შეფასება
კარგის და ცუდის გადარჩევა იმის მიხედვით, ავტორი და მკითხველი ერთმანეთს იცნობენ თუ არა;
თვალში მომხვდა განაცხადები, რომ "ბრმად ენდობიან" ვიღაცის შეფასებას და საკუთარსაც ამით საზღვრავენ. ერთმანეთის მიბაძვით შეფასება ხშირად ხდება, მაგრამ ადრე ამას ღიად არ გამოთქვამდნენ.

რეაქცია
ახლობლისგან მიღებულ შენიშვნაზე ან შედარებით დაბალ შეფასებაზე: წყენის ღიად დაფიქსირება და პირად ურთიერთობებზე გადატანა;
დასაბუთებული უარყოფითი აზრისთვის პასუხად: რევანშული უარყოფითი კომენტარი მთქმელის ნაწარმოებზე (თუ აქვს), მოთხოვნა – "აქ აღარ შემოხვიდე", სერიალად გადაქცეული "პოლემიკა", სადმე შეხვედრის დანიშვნა (ტელეფონის, უბნის, მეგობრების /ლიტერატურული წრიდან/ მითითებითაც!).

თვითშეფასება
საინტერესოა ზოგიერთი ავტორისგან საკუთარი თავის შემდგარ პოეტად დასახელება, რომელიც სხვის დაუხმარებლადაც ამოიცნობს თავისი ლექსის სუსტ მხარეებს (მაშინ რატომ არ აძლიერებს მათ? თუნდაც შემდეგ ლექსში?) და რაც მთავარია, პოეზიაში სხვებზე უკეთ ერკვევა.

თვითშეფასების და ნაწარმოებების ხარისხის შკალაზე მკვეთრად მოქმედებს კომენტარების სახით დაუნანებლად გაღებული დითირამბები.

კითხვა
ზედაპირულად, ფრაგმენტულად, კონტექსტის გაუთვალისწინებლად ან კონტექსტიდან ამოგლეჯით;

"ვერლიბრისტებისა" და "კონვენციის" მიმდევართა შორის "დავა" იმდენად უგვანო მგონია, რომ არ განვიხილავ. მხოლოდ როგორც ფაქტს – აღვნიშნავ, რადგან ლექსის "ღირსება" მისი ფორმით ხშირად ისაზღვრება.

...
რაც დავწერე, რა თქმა უნდა, ყველა მკითხველს და ავტორს არ ეხება. არსებობენ შედარებით ობიექტური (რადგან მთლად ობიექტური არ მგონია, ვინმე იყოს) ადამიანები. მე მხოლოდ ტენდენციებზე ვსაუბრობდი, თანაც იმ პოზიციიდან, რომ არცერთი საიტის წევრი არ ვარ.
აქვე, ამ ფონზე, რომ არ ვთქვა, არ შემიძლია: არსებობდა საიტი, რომელიც მისი სტრუქტურის გამო თავისუფალი იყო ბევრი იმ გამოვლინებისგან, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

ვინმემ შეიძლება იკითხოს, რა მრჯის, ამას რომ ვწერ. ინტერნეტმა მკითხველი და ავტორი გაცილებით მეტად დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. შეიძლება ითქვას, ერთმანეთის ნაცნობებად აქცია. ამ ნაცნობობამ კი, სიკეთესთან ერთად ეს ტენდენციებიც მოიტანა. უფრო ზუსტად, მათი დანახვის საშუალება გააჩინა, თორემ მსგავსი ალბათ არავირტუალურ ლიტერატურულ სამყაროშიც იყო.
მგონია, ბევრი ადამიანია, ვინც არ არის ლიტერატურული საიტების წევრი და "ჩუმად" კითხულობს. მათზე ვერაფერს ვიტყვი, "ხილული" მკითხველები კი (აქ თაობაც იგულისხმება: ძირითადად ახალგაზრდები, რადგან უფროსი თაობა კომპიუტერს ნაკლებად იყენებს) ზოგადი სურათის წარმოდგენის საშუალებას იძლევიან. თან, ისინი ჩემი ლექსების პოტენციური თუ რეალური მკითხველებიც არიან, ჰოდა უბრალოდ მაინტერესებს, რას წერენ და როგორ შეიძლება ესმოდეთ სხვისი ნათქვამი..

Friday, April 3, 2009

ხელისგული

ზუსტად გამოვიცანი – მდინარის მეორე მხარეს გადაბარგდა. (ოღონდ ეს "მდინარე" და "მხარე" სიმბოლური ნათქვამია,
"ნამდვილი პოეზიის მიმდევართათვის" პოზიციის მისანიშნებლად; თორემ ჩემთვის ამას, ასეც და ისეც, "მდინარეში" ჰქვია) . მიზეზიც ის ჩანს, რაც თქვა და ვიფიქრე.

შთაბეჭდილება
გული მწყდება, რომ ეს წინასწარ განზრახული ნაბიჯია (ანუ დაპირების შესრულება). გულწრფელი სათქმელი თავად პოულობს ფორმას, როგორც კალაპოტს. სხვა შემთხვევაში ეს "კალმოსნების" სამუშაოს ემსგავსება: მაგალითად, ჯერ სარითმო წყვილებს რომ პოულობენ და შინაარსს მათზე აგებენ. ახლაც ასეთივე შთაბეჭდილება დამრჩა: ჩამოწერილი ინგრედიენტები და მათი ფაზლივით აწყობა. ფაზლის აწყობისას პროცესია მომხიბვლელი, თორემ შედეგს მუდმივად არავინ ინახავს.
ამას გარდა, ვერლიბრი, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ – "ენტერის დარტყმით დატეხილ პროზას" არ ნიშნავს. "სხვა ნაპირზე" გადასული კი, სწორედ მათ მოსაზრებას ამყარებს.
ამ თავისუფალი (ერთი შეხედვით) და ძალიან მგრძნობიარე ფორმით – ვერლიბრით (ზოგადად) მოწოდებული ლექსი – გამოწვდილი ხელისგულია: მასზე ავტორის ყველა შესაძლებლობა თავსდება; დამოკიდებულება კი – ან აათრთოლებს ხელს, ან სიმყარეს შეუნარჩუნებს. ხელოვნურობა, რომელიც ამ და ბევრ სხვა მაგალითს ახლავს, გულს მწყვეტს.

პ.ს. ცხენებს მაინც ვერ გავექეცი :)
ცირკში ჰყავთ კარგად გაწვრთნილი ცხენები, რომლებსაც შეუძლიათ, რიტმს აჰყვნენ, იტრიალონ ერთ ადგილზე, რინგის კიდეებზეც იქროლონ და მხედარს, საოცარი მოქნილობის წარმოსაჩენად, ბეჭი მორჩილად შეუშვირონ. დაოსტატებული მხედარი უუნაგირო ცხენსაც გამოაქროლებს, მაგრამ მისი რაში შინდისფერ წრეს ვერ გასცდება.
აი, ღია სივრცეში ჭენება სულ სხვაა: სადამდეც გსურს, სადამდეც შეძლებთ – ორივე.
(ოღონდ, ცხენზე ჯდომის ცოდნა ნებისმიერ შემთხვევაში უცილებელია, ხომ?! )
ხოლო, ველზე შემოხაზულ წრეზე სირბილი იმას ჰგავს, შარშანწინ, იპოდრომზე რომ მავარჯიშებდა მწვრთნელი – საბელმობმულ ცხენზე შემჯდარს...

წარმატება ყველას.

Monday, March 23, 2009

თარგმანის გამო (სილვია პლათი)

ახლა სილვია პლათის ლექსი ვთარგმნე და ამ წერილის დაწერაც გადავწყვიტე. ლექსის თარგმანის სამი სხვა ვარიანტიც შევინახე, რადგან მე სწორედ ამ ვარიანტებზე მსჯელობას ვაპირებ და მთარგმნელების მიერ ტექსტების ჩასწორების შემთხვევაში მსჯელობა აზრს დაკარგავს.
მე თუ მკითხავთ, თარგმნა საპასუხისმგებლო საქმეა, როგორც მკითხველის, ისე – ავტორის მიმართ და ტექსტის გადასხვაფერება მისაღები არ არის. კი, არსებობს თავისუფალი თარგმანი, მაგრამ მაინც. იყიდეთ შანელის კაბა და მოაცილეთ აქსესუარი, ან დაამოკლეთ, ან მიაკერეთ რაიმე. ეს აღარ იქნება შანელის კაბა.
ის, რომ არ მიყვარს ნათარგმნი პოეზიის კითხვა, ვფიქრობ, მთარგმნელების "დამსახურებაა" (ისიც მართალია, რომ უთქვამთ – თარგმნა დაუფასებელი შრომაა და სწორედ ამიტომ არის საჭირო პასუხისმგებლობით მოკიდება). თანამედროვე თარგმანებს ძირითადად ინეტში და ისიც, იშვიათად ვეცნობი. ეს მესამე ლექსია, რომელიც ვთარგმნე. უბრალოდ, მომინდა, იმ ძირითადი შენიშვნების გარეშე წამეკითხა, რომლებიც გამიჩნდა:

ნინო დარბაისელის თარგმანში: კატა ცინდალით არის ჩანაცვლებული (ალბათ ბავშვის გამო ასოციაციურად კნუტად იქცა; კატა – კნუტად არა მხოლოდ მის თარგმანშია). ორიგინალში აქცენტი მხოლოდ კატასავით (აქ, ცინდალივით) პირის დაფჩენაზე არ არის, არამედ იმაზე, რომ ეს პირი სუფთაა (შედარება არ მომწონს :) ). აქ კი, სიტყვა სუფთა (clean ) გაქრა. ასევე, წამოხტომა და ბორძიკით წამოდგომაც (stumble) მგონი სხვადასხვა მოძრაობებია; ეს მონაკვეთი: "მკრთალი სუნთქვა კრთის" – არ მგონია, გამართლებული ვარიანტი იყოს, მითუმეტეს, სუნთქვას თავისი სახეობრივი გამოსახვა აქვს – ჩრჩილი; თან, ბოლოში მკრთალი ვარსკვლავებიც გვაქვს. ასევე სხვა გადანაცვლებების თუ ჩამატებების გამო ტექსტი, ვფიქრობ, "იბერება".
შოთა იათაშვილის თარგმანში: საათს განსაზღვრება ემატება: ჯიბის. სიტყვა flat გადმოტანილია, როგორც ოთახის; ჩრჩილი – როგორც ფარვანა (თუმცა, ჩრჩილიც პეპელაა). "კნუტივით კრიალა პირი" არ ნიშნავს კნუტის პირივით კრიალას. ასე, რომ ტექსტის გაუმართაობით აზრის მნიშვნელობა იცვლება; "ძროხასავით ძონძროხა" – ძროხასავით უკვე მინიშნებაა ძონძროხაზეც, რა საჭირო იყო "დაზუსტება" :) ვარსკვლავებიც, უბრალოდ ვარსკვლავებია და მათი სიმკრთალე არ ჩანს...
ლელა სამნიაშვილის თარგმანის გამოც მაქვს კითხვები: საათზე სათქმელად "ბომბორა" ალბათ შეუსაბამოა. პირველ სტროფში ამოგდებულია სიტყვა bald. შემდეგ: "მუზეუმში შენი სიშიშვლე საფრთხეს გვაგონებს და დაგყურებთ, როგორც კედლები" – არადა, ორიგინალში ისინი საკუთარ უსაფრთხოებას ივიწყებენ, მისი უსაფრთხოების სანაცვლოდ. ის, რომ ივიწყებენ საკუთარს, აქ ამოვარდნილია. "სარკეს რომ ჟონავს" – დასახვეწია, ხომ? ეს გამართული ქართული არ არის. თარგმანის ფინალში თვალს განსაკუთრებით ხვდება სიტყვა „გაგაწამეს“, რომელიც პლათს არ გამოუყენებია.
და ბოლოს, რაც საყურადღებო იყო: მესამე სტროფი მგონი ყველასთვის (ჩემთვისაც) რთული სათარგმნი აღმოჩნდა (სამიდან – დარბაისელისთვის ნაკლებად; იხ. ბოლოში დართული ფაილი).
--------
ახლა კი, ჩემი დამტვრეული ინგლისურით ნათარგმნი.
"დამტვრეულის" აღნიშვნით კრიტიკის "ზეწოლას" არ შევიმცირებ; პირიქით, ხაზს იმას ვუსვამ, რომ ვფიქრობ, ეს თარგმანი მაინც უფრო ზუსტია, ყოველ შემთხვევაში იმ ადგილებში, სადაც სხვა მთარგმნელებს პრობლემები ჰქონდათ:

დილის სიმღერა

სიყვარულმა აგამუშავა, როგორც ოქროს სქელი საათი.
ბებიაქალმა ხელი შემოგკრა ფეხისგულებზე და შენმა მკაფიო წამოყვირებამ
ადგილი მოძებნა ელემენტთა შორის.

ჩვენი ხმების ექო ადიდებს შენს მოსვლას. ახალი ქანდაკება
მონახაზთა მუზეუმში, შენი სიშიშვლე
ჩრდილავს ჩვენს უსაფრთხოებას. ვდგავართ გარშემო, როგორც ცარიელი კედლები.

მე არ ვარ დედაშენი მეტად,
ვიდრე ღრუბელი, რომელიც სარკეს წმენდს, რომ ზედ არეკლოს საკუთარი ნელი
ამოშლა ქარის ხელში.

მთელი ღამე შენი ჩრჩილი–სუნთქვა
კრთის ვარდისფერ ვარდთა ზედაპირიდან. მე ვიღვიძებ მოსასმენად:
შორი ზღვა იძვრის ჩემ ყურში.

ერთი წამოტირება და მე ვიწევი ლოგინიდან, მძიმე ძროხა და
ყვავილოვანი ჩემ ვიქტორიანულ ღამის პერანგში.
შენი პირი იღება, სუფთა, როგორც კატისა. ფანჯრის კვადრატი

თეთრდება და ნთქავს მკრთალ ვარსკვლავებს. და ახლა შენ ცდი
ერთი მუჭა ბგერის ამოთქმას;
სუფთა ხმოვნები იწევიან, როგორც ბუშტები.


Morning Song


Love set you going like a fat gold watch.
The midwife slapped your footsoles, and your bald cry
Took its place among the elements.

Our voices echo, magnifying your arrival. New statue.
In a drafty museum, your nakedness
Shadows our safety. We stand round blankly as walls.

I'm no more your mother
Than the cloud that distills a mirror to reflect its own slow
Effacement at the wind's hand.

All night your moth-breath
Flickers among the flat pink roses. I wake to listen:
A far sea moves in my ear.

One cry, and I stumble from bed, cow-heavy and floral
In my Victorian nightgown.
Your mouth opens clean as a cat's. The window square

Whitens and swallows its dull stars. And now you try
Your handful of notes;
The clear vowels rise like balloons.

-------
და ბოლოს, მე პლათის ეს ლექსი არც ისე მომწონს.

გადაწერეთ ფაილი – აღნიშნული სამი თარგმანის სრული ვარიანტებით.

პ.ს. ბლოგის პარამეტრების გამო გრძელი სტრიქონები "გატყდა" და მეორე ხაზზე გადმოვიდა :(

Tuesday, March 10, 2009

მოყვარეს პირში უძრახე..

ამ წერილის წერა გუშინ დავიწყე და ასე:
მგონი ბევრზე მამაცი ვარ, ღიად რომ დავიწყე კრიტიკული აზრის გამოთქმა:) ეს ნახევრად ხუმრობით..
ოღონდ, ამ ეტაპზე მოვლენების ზოგადი მიმოხილვა მაინტერესებს, თუმცა, არც კონკრეტულ ადამიანის შემოქმედებისა, თუ აზრის გამო დისკუსიას მოვრიდებივარ ფორუმის წევრობისას.
მერე ის ფაქტი გამახსენდა – ბიოგრაფიული და უცებ სულ სხვა წერილი დაიბადა.
ახლა ვფიქრობ, "ინტროში" მოთხრობილი ამბავი არაერთი თემის გასაშლელ კონტექსტად გამოდგება. მაგრამ, ჯერ იმ კითხვას დავუბრუნდები, რომლის დასმაც მსურდა: რატომ ერიდებიან ლიტერატურულ საიტებზე ერთმანეთის შემოქმედების შესახებ კრიტიკული აზრის გამოთქმას?
აქვე "კრიტიკულ აზრში" ნაგულისხმევს განვმარტავ – ეს მკითხველის მიერ თამამად დასაბუთებაა, თუ რატომ არ მოსწონს ესა თუ ის ნაწარმოები, ან რატომ აქვს უარყოფითი აზრი ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებაზე. ახლა მოქმედ ლიტერატურულ საიტებზე ჩამოთვლილთაგან რომელიმე მაინც თუ ფიქსირდება, დამფიქსირებლის მიმართ "ომს" და ამ "ომში" მის "დამარცხებას" იწვევს.
კიდევ ერთი შენიშვნა: დასაბუთებას მეტ–ნაკლები კომპეტენციაც სჭირდება და მე იმ შემთხვევებზე მაქვს საუბარი, როცა ეს კომპეტენცია არსებობს, გამბედაობა კი – არა.
ახლა კი, იმ კითხვებს ჩამოვწერ, ამ დღეებში რომ გამიჩნდა (თან ვფიქრობ – ჩემი პასუხებიც ამ კითხვებშივე ჩამრჩება):

*საკუთარი და განსხვავებული აზრის გამოთქმის მიზნით რატომ გადიან რეგისტრაციას ხელახლა?
*უცხო ნიკი – როგორც ჯავშანი – ვერმოთმენილი და ღიად ვერგაბედული სიტყვის ადრესატამდე როგორმე მისატანად?
*აქვს კი ამ აზრს რაიმე მნიშვნელობა ადრესატისთვის? (განსაკუთრებით მაშინ, როცა საპირისპიროს მამტკიცებელი რაოდენობრივად მეტია, თანაც – ნაცნობი?)
*რატომ ჩნდება დამოკიდებულება – "ის შურიანია და ბოღმა ალაპარაკებს"?
*ხანდახან მართებული შენიშვნის მიღების ხელისშემშლელი იქნებ სწორედ "ჯავშანია"? (ან იქნებ მხოლოდ ფაქტის /არგუმენტების გარეშე/ დაფიქსირება?)
*რა შემთხვევაში ბედავს ვინმე საკუთარი სახელით კრიტიკას?
*რატომ ხდება, რომ ასეთ ადამიანს მენტორულ ტონზე მიუთითებენ?
*რატომ გახდა ტაქტი იშვიათი თვისება?
*და ბოლოს, რატომ გვაქვს მუდმივად ერთნაირი ფინალი – "უარყოფითი" გმირის სცენიდან გაძევება..

აქვე: არ მინდა ისე აღიქვას ვინმემ, რომ უარყოფითს საერთოდ არაფერს ამბობენ. გაღიზიანებას უცხო და ერთჯერადად გამოსაყენებელი ნიკით შენიღბვა იწვევს, ან უტაქტობა.. თუმცა, შენიღბვას რა იწვევს, ჩემი აზრით, ეს არის მთავარი.

ბოლოს კიდევ ერთი გადახვევა (რა ვქნა, როგორც წესი, წერისას ათასი ასოციაცია მიჩნდება:) ):
ახლა ისეთი რამ გამახსენდა, რომ თვითონ მიკვირს. ადრე, როცა თითქმის ყველა თბილისურ სამზარეულოს "ხაზის" რადიო ამშვენებდა და მეც სკოლაში დავდიოდი, საუზმობა დილის გადაცემების თანხლებით მიწევდა. ერთი გადაცემა მახსოვს, უფრო სწორედ თემა გადაცემიდან – როგორ ვთქვათ "არა". მსახიობი (ალბათ) ერთსა და იმავე წინადადებას სხვადასხვა ტონით კითხულობდა. აღქმაც (მითუმეტეს, რომ რადიოს გამო აქცენტი მხოლოდ ინტონაციაზე იყო გაკეთებული) სხვადასხვაგვარად ხდებოდა..
არა, რამ გამახსენა!! :დ
ჰო, წერილობითაც – მსგავსად.. თან, გაცილებით ადვილია:)

პ.ს. ქართული სიბრძნე სათაურში ავაბრძანე :)

Thursday, February 26, 2009

ხისა და შეძახილისა

როგორც ბიძგისგან გაღვიძებული.. იოსები.
დაახლოებით ერთი კვირის წინ თითქოს არაფრით გამორჩეულმა ფრაზამ (არ ვციტირებ) კითხვა შემაწყვეტინა და...
უფრო ადრე კი, სხვათაშორის, მაგრამ გულწრფელად ნათქვამი ორი სიტყვა იყო მნიშვნელოვანი.

ჰოდა ასე, მთელი ცხოვრება შეძახილები გვესმის.
ხეებიც შესაბამისად – ხმებიან, ან ყვავდებიან..

***
ამ ყველაფერთან კავშირი არ აქვს, მაგრამ აქვე დავწერ (რაკი პოეზიაზეა):
გიორგი ბუნდოვანმა პოეზიის პანაშვიდზე მიგვიწვია.
რა უცნაურია ეს 90-იანელთა თაობა. უკვე მეორე წარმომადგენელი აცხადებს, რომ პოეზია მოკვდა და ხელს უქნევს. ოღონდ, როგორც ჩანს, არ თანხმდებიან და თითქმის ორი წლის შუალედით აცხადებენ ერთსა და იმავეს.
და,
მე მაინტერესებს,
რატომ ხდება მსგავსის გამოცხადება მაშინ, როცა პოეტი წერას წყვეტს? (ან ჰგონია, რომ წყვეტს; ან (როგორც გუშინ ვთქვი), კადრად იქცევა (აღარ ვითარდება) და რაკი ალბომში ჩაკვრის დრო დგება, ამ დროს პოეზიაც მკვდრად ცხადდება).
მოკლედ, განცხადების წაკითხვის შემდეგ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
გარკვეულწილად ვეთანხმები კიდეც, როცა ამბობს, რომ "არ ხდება ყველა (თუკი ვინმეა) ნიჭიერი პოეტის გაცნობა და შესწავლა სათანადოდ, არ ხდება კრიტიკა, ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც არ ხდება კი არა და, არც კი არსებობს ლამის!". მაგრამ, მგონი, არც არავის ეშლება ხელი, რომ თვითონ იყოს თუნდაც ერთი პოეტის აღმომჩენი, ან კრიტიკის დამწერი.
დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ბოლო დროს, პოლიტიკური ტრიბუნებიდან თავისუფალი სიტყვის მოთხოვნა. დღეს, როცა არსებობს ყველაზე უფრო თავისუფალი სივრცე – ინტერნეტი, რა საჭიროა ზოგიერთი გალავნის თავით განგრევის მცდელობა? (მივედი ამ დასკვნამდე..)
წერეთ, ბატონო.
აღმოაჩინეთ და წერეთ.
(ფრაზას დაემსგავსა – ჩემივე ლექსიდან :) )
ამ ტრიბუნიდან შესაძლოა მსმენელთა კონტურებს ვერ არჩევდეთ, მაგრამ მათ არსებობას აუცილებლად იგრძნობთ.

"სანამ საქართველოში რამე უკეთესობისკენ არ შეიცვლება" –
ანუ, მერე გაცოცხლდება? თუ იოსებივით – გაიღვიძებს...
და, ვინ შეცვლის?

პ.ს. შეძახილის ამბავს დავუბრუნდები – შევეცდები, დავაკავშირო: ასეთ შემთხვევებში ხეა შემძახებელიც და ფოთლებდაცვენილიც.
ჰარაკირია.

მიწა კი, დგას
და ხეებიც ამოიზრდებიან...

სულ ბოლოს:
კრებულის გამოცემა მოსალოცი საქმეა. წარმატებას ვუსურვებ:)

Wednesday, February 25, 2009

რეკორდსმენები

ბოლო დროს, რაც სამსახურში, ზღვის მსგავს არქივში თავით გადავეშვი, საღამოობით თუ ვფიქრობ რაიმე ლიტერატურულზე (თუმცა, ზღვაშიც საკმაოდ ხშირად მხვდება თევზი – სახელად "ლიტერატურა") და როცა ამ ყველაფერს "კოჭებში ეტყობა", რომ ბლოგზე დასაწერადაც გამოდგება, სწორედ მაშინ, შინ ინეტი არ მაქვს. აი, ამ დღეებში მქონდა კოხტაკოჭა ფიქრები, მაგრამ რად გინდა – გამეფანტნენ :))
სამაგიეროდ, დღევანდელზე დავწერ. ასეთი რამ წავიკითხე:
ერთ ფორუმში, ბოლო წლებში ასე თუ ისე პოპულარულ პოეტს უთხრეს, რომ შეუძლებელია , "ერთი და იგივე დონეზე 3, 4, 5 წლის განმავლობაში" მკითხველს ერთი ავტორი მოსწონდეს, "რადგან მკითხველი დინამიურია"; რომ ავტორი მოდიდან გადადის.
ვფიქრობ, ამის თქმა ნებისმიერი ავტორისთვის გვარიანი "შემოლაწუნებაა" გამოფხიზლების მიზნით.
პუნქტებით მივყვები (აქვე ვიტყვი, ამაზე არაერთხელ მიფიქრია, უბრალოდ , ღიად დაფიქსირებულმა დიალოგმა მიბიძგა – აზრი ხმამაღლა გამომეთქვა).
მკითხველის დინამიურობა – ეს ისეთივე ბუნებრივია, როგორიც ალბათ, ავტორის დინამიურობა უნდა იყოს. მკითხველი გამუდმებით იზრდება – ავსებს მასში არსებულ სიცარიელეს და მერე (იმ თამაშისა არ იყოს, ბოლო დღეებში რომ ვერთობოდი), ავსებულის სანაცლოდ ახალი, ამოსავსები სიღრმეები უჩნდება. ავტორიც – თავისთავად, მკითხველია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თავადაც ქმნის და სწორედ ამიტომ, ალბათ გაცილებით მეტი მოეთხოვება (დავარქვათ თამაშის შემქმნელი:) ).
ვიდრე ვინმეს შემოქმედება საკმარისია არსებული სიღრმის ამოსავსებად, ის გამუდმებით კითხვადია, მაგრამ თუ წლების მანძილზე მკითხველის გემოვნება და შესაბამისად, მოთხოვნებიც იცვლება... რჩება პატივისცემა/სიყვარული და განწყობის მიხედვით მიბრუნება იმასთან, რაც ავტორმა დატოვა.
სპორტსმენები გამახსენდნენ, რომლებიც საკუთარ რეკორდს ხსნიან...
ავტორი, რომელიც ცდილობს, გაიზარდოს: პირველ რიგში თავად განიცდის სიამოვნებას ახალი მიღწევით და თან, მუდმივად საინტერესოა სხვებისთვისაც. სხვა საქმეა, რა სიმაღლე ითვლება მისთვის ამა თუ იმ ეტაპზე სარეკორდოდ, მაგრამ მთავარია, ამ ეტაპობრივ ნიშნულებს ხედავდეს და ძლევდეს. ისე, ერთ არც თუ მშვენიერ დღეს, მკითხველი ეტყვის, რომ უკვე მასზე წინ გარბის და ხელს დაუქნევს.
რაც შეეხება მოდიდან გადასვლას. აქ საქმე ცოტა რთულად არის. ორმხრივად რთულად: ერთი სირთულე ავტორებს ექმნებათ, მეორე – მოდას აყოლილ მკითხველებს. ლიტერატურაში მოდაზე საუბარი, ჩემი აზრით, პირდაპირი მინიშნებაა სნობურ დამოკიდებულებაზე. ის, ვინც მოდის მიხედვით არჩევს საკითხავს; მოდის მიხედვით ასახელებს გვარებს – შიში აქვს, რომ ჩაიღიმებენ, თუ ხმაურიან სახელებს არ ახსენებს (ლიტ.საიტებზე ძირითადად ხომ ასე ხდება კომენტარების წერა:) ); კითხულობს "რეცენზიებს", ან ყურადღებით ისმენს კულუარებში გამოთქმულ აზრს, რომ მსგავსის გამოთქმა შეძლოს თავადაც, ვერასდროს იქნება კარგი მკითხველი. თავის მხრივ, ავტორი, რომელიც მკითხველზე "მორგებას" ცდილობს – წერს იმას, რაც პოპულარულს, "ცნობადს" გახდის, ვერასდროს შექმნის რაიმე ღირებულს; ვერ იქნება ის რეკორდსმენი, რომელიც ბარიერს სიმაღლეს უმატებს და ცდილობს, ზურგით გადაევლოს.
თუმცა, არიან ავტორები, რომლებიც შემოქმედების დასაწყისში ცდილობენ, ყურადღება მიიქციონ, მაგრამ მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის ადამიანები ახერხებენ ლავირებას და სწორი კურსის შენარჩუნებას..

ასე, თუ ისე, ნებისმიერი ავტორის შემოქმედება საბოლოოდ ფოტოგრაფიას ემსგავსება – შეჩერებული წამია – თანადროული ეპოქით, სცენებით, მოქმედი გმირებით, კონტრასტებით...
ოღონდ, კადრად მაშინ ფიქსირდება, როცა ზრდას წყვეტს.
მოკლედ, სასურველია, კადრმა რეკორდსმენის სახე შემოინახოს:)

"შესთავაზე მკითხველს რამე ახალი".
დავამატებდი – რაიმე, ოღონდ გააზრებულად ახალი.
წარმატება ყველას.

Thursday, February 12, 2009

სათაური

სახლისკენ წამოსულმა, პლეხანოვზე (თუ გინდათ, აღმაშენებელზე), მთელი თვე რომ არემონტებდნენ – იმ ფართის თავზე, სახელწოდება წავიკითხე : "სახინკლე – არა ვჭამოთ პური?!" გამეღიმა (თან დათას ფლიკრი გამახსენდა – თბილისის ქუჩებში გამოფენილი გონებამახვილობების მგონი ყველაზე სრული ბაზა) და გადავწყვიტე: დღეს აღარ დავიზარებ და სათაურებზე დავწერ. ოღონდ, არა ქუჩა–ქუჩა ნაპოვნზე (თემის სახალისო ხასიათის მიუხედავად), არამედ საიტ–საიტ აღმოჩენილებზე, ლექსებს (ძირითადად) რომ ამშვენებენ.
მაშ ასე, ორი რამ, რაზეც მინდა თქმა: ერთზე ადრე, ფორუმშიც ვისაუბრე. ეს ინგლისურენოვანი სათაურებია. მეორეზე კი, აქამდე არსად მითქვამს – ეს არ ვიცი, რა არის. შევეცდები, წერისას გავერკვე:)
დავიწყებ გადაღეჭილი წესის ხსენებით: კითხვა, ანუ ა მ ოკითხვა სათაურით იწყება. ნაწარმოების საწყისიც და შემკვრელიც – სათაურია. რა თქმა უნდა, არსებობს უსათაურო ლექსები, მაგრამ, ეს არ არის პრობლემა. ამ დროს, არაფერზე მიგანიშნებენ, შენ გიტოვებენ ნასკვის გაკეთების ნებას, შენ გაჭერინებენ ხელში ფანქარს – "თვალების" მისახატად. მოკლედ, შორს რომ არ წავიდე და წერის ხასიათზე მოსულმა, სათაურის მნიშვნელობის საჩვენებლად კიდევ არაერთი სახე რომ არ წარმოვიდგინო, მაგალითებზე გადავალ. ჯერ ინგლისურენოვანზე.
აი, ერთი საიტის ბოლო ორი თუ სამი კვირის ახალი ნაწარმოებებიდან:
John; Different; Massive; The dark side of the.. ; Requiem For Ninase; Shake; Ordinary Love; Short stories; Alternative ways
...
ამიხსნის ვინმე – რატომ "Different" და არა "განსხვავებული"? რაიმე დატვირთვას იძენს, გარდა იმისა, რომ უცხო(ურა)დ ჟღერს? (მაგალითად, მე ავხსნი ერთადერთ შემთხვევას, როცა ლექსს Circus დავარქვი. მინიშნების გაკეთება ორ რამეზე მსურდა: ცირკზე და წრეზე. მხოლოდ ლათინური ტრანსკრიფცია მაძლევდა ამის საშუალებას, რადგან ქართულად დასათაურებისას მკითხველისთვის "წრე" იკარგებოდა, ან ძნელი ამოსაცნობი ხდებოდა). როგორც "განსხვავებულს", დანარჩენსაც ისე მოეძებნება ქართული შესატყვისი.

გარდა "რაიმეენოვანი" და მაინც, ლექსზე ასე თუ ისე მორგებული სათაურებისა, გვაქვს კიდევ "რაღაც":
სხვადასხვა "სმაილები", სასვენი ნიშნები (ძახილის, კითხვის), ან:
კოტესტროფა; აროიალებ; შტერული განწყობა; უსახელო ივერიელმა ნაპოლეონის თვალწინ ოცდარვა ფრანგი გაფატრა; სულში შემომელეკვე; ნაპოეტარი ლექსი
...
ვფიქრობ, ამოწერაც საკმარისია – კომენტარის გარეშე (აქვე ავღნიშნავ, დღეს არცერთი ტექსტის სხვა ავ–კარგზე არ ვაკეთებ მინიშნებას). ჰო, ეს ყველაფერი კიდევ ერთი ლიტერატურული საიტიდან.
აქვე ვიტყვი, რომ არც უცხო ენაზე დასათაურებული ბლოგებისა და პოსტების ნახვაა იშვიათობა, მაგრამ ბლოგის წარმოება ლექსის წერას არ გავს და ჩემი აზრით, შედარება შეუსაბამო იქნება.

მოკლედ, სულ ამის თქმა მინდოდა: თონეში კარგად ჩაკრულ–გამომცხვარი ქართული პურის გატეხვა სჯობს:)
სულ სხვა სუნი აქვს...

Tuesday, December 23, 2008

შთაბეჭდილებების წიგნი

მეღიმება იმაზე,
თუ როგორ არ რჩება ნიჭიერის მკლავზე ხელის მოსაკიდებელი ადგილი, მის დებიუტამდე მისაცილებლად. წიგნს, რომელიც დარჩება, ისე ჩამოეკიდნენ, როგორც 90-იანებში თბილისის ქუჩებში იშვიათად გამოჩენილ ტროლეიბუსს..

მეღიმება იმაზე,
თუ როგორ გაჩნდა ჯგუფები. ანუ, საიტებში ჩატეული ლიტერატურა და საიტებში ჩატეულ ლიტერატურაში ჩატეული ხალხი. ისინი დამოუკიდებელ ჯგუფებად არსებობენ, გამოსცემენ (თურმე) კრებულებს, აწყობენ თავის პოეზიის საღამოებს, ჰყავთ რჩეული ავტორები და ა.შ. თითოეული საიტის დათვალიერებისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ კუნძულზე ვხვდები:)

მეღიმება იმაზე,
რომ საიტებზე აქვთ მკვეთრად გამიჯნული გემოვნება: ან ვერლიბრი, ან კონვენციური. სადაც კონვენციური მოსწონთ, იქ ვერლიბრს ალტერნატიულ პოეზიას ეძახიან :) ჰმ. სადღაც ვერლიბრი ისევ ალტერნატივაა!

მეღიმება იმაზე,
რომ ვიდრე ლექსს წაიკითხავენ, კითხულობენ ავტორის გვარს/ნიკს. თუ ინკოგნიტოა, არკვევენ. შემდეგ, იმის მიხედვით, რამდენად მიღებულია ავტორი ამა თუ იმ წრეში, ხდება იმის განსაზღვრა, ეს ლექსი მაგარია თუ არა.

მეღიმება იმაზე,
თუ როგორ გადაამღერა "წლის აღმოჩენამ" ამჯერად სილვია პლათი, მერე როგორ შეიცვალა ორმოცდამეათედ ნიკი და მიიღო ორმოცდაათი წყვილი ხელით დაკრულ ტაში; ის ბედნიერია რომელიღაცა საიტის თავფურცელზე მოხვედრით. მისი ცხოვრება შედგა.
და რამდენის ცხოვრება დგება ასე, ყოველდღიურად :)

ეს – ნაწილი იმისა, რაც ვირტუალურს შეეხება. არსებობს ბეჭდური გამოცემების რედაქციებში შეყუჟული, არავირტუალური ჯგუფები, რომლებიც კიდევ უფრო ჩაკეტილი და გალავანშემორტყმული არიან, რადგან თუ საიტზე შესვლა მაინც არ არის პრობლემა (სხვაა, იპოვნი იქ ადგილს და დარჩენის სურვილს, თუ არა), არავირტუალურში... გალავანზე "ჩიტიც ვერ გადაფრინდება". თუმცა, არა. ჭიშკარი ფართოდ იღება, თუ ვინმე "ბღარტს" ხელს ჩასჭიდებს :) ხელის ჩაჭიდებას სუბიექტივიზმი უძღვის წინ.
და მერე..
მეღიმება იმაზე, თუ როგორ ამოსდით გალავანგადალახულებს ზურგზე ფრთები, როგორ მომენტალურად იცვლება მათდამი დამოკიდებულება ვირტუალში...

ჰო, მეღიმება იმაზე, როგორ ქმნის თითოეული ახალი, ვირტუალური ჯგუფი თავის რეალურ, ბეჭდურ გამოცემას. ანუ, "კუნძულები" რეალში :) თუმცა, მიუხედავად ჩაკეტილი საზღვრებისა, ეს მაინც კარგია – კარგი საკითხავიც გამოერევა სადმე, თან ყვითელ პრესას სჯობს.

და ბოლოს,
კარგია, რომ მეღიმება. რადგან ახლო წარსულში არ მეღიმებოდა.
ჰო, სულაც არ მეცინება. ეს სასაცილო არ არის.

Saturday, November 22, 2008

შენიშვნა

გუშინ, სენტიმენტალური საღამოს მიუხედავად, ერთი არასენტიმენტალური კითხვა დამებადა – თარგმანის შესახებ.
წიგნში, რომლის მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილია, უფლისწულმა 44–ჯერ უცქირა მზის ჩასვლას, გიორგი ჩიმაკაძის თარგმანში – 43-ჯერ. 44 თავიდანვე თვალში მომხვდა, რადგან ასე არ მახსოვდა (სიმბოლოები რატომღაც, გაუცნობიერებლად, ყოველთვის მელექება მეხსიერებაში. კიდევ, 43 ჩემთვის 7–მდე მცირდება). დღეს გადავწყვიტე, მივიწყებული ფრანგული გამეხსენებინა და ინეტს მივაკითხე ფრანგული ვერსიის მოსაძებნად:
"- Un jour, j'ai vu le soleil se coucher quarante-trois fois !
Et un peu plus tard tu ajoutais:
- Tu sais... quand on est tellement triste on aime les couchers de soleil...
- Le jour des quarante-trois fois tu étais donc tellement triste ? Mais le petit prince ne répondit pas."

ჰოდა ასე, ორმოცდასამია ნამდვილად:)
და აღმოვაჩინე, რომ მთლად არ დამვიწყებია ფრანგული:) ლაპარაკის შეძლების რა გითხრათ, მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის სურვილი გამიჩნდა და მგონი, ძალიან არ უნდა გამიჭირდეს, თუ ლექსიკონსაც მოვიშველიებ.

Thursday, August 28, 2008

ცეცხლითა და მახვილით ?! :)

თანამედროვე ქართულ პოეზიაში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული თემა ეროტიკაა. თუმცა, ერთია რას წერენ (საკმაოდ ბევრია საკრიტიკო) და მეორე – როგორ აფასებენ. რა თქმა უნდა, საიმედო გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ...

შემთხვევა 1-ლი
ერთ–ერთ საიტზე (არ მივუთითებ, რადგან ეს საქართველოში ერთადერთი შემთხვევა არ არის და მეც მხოლოდ ზოგადად მინდა საუბარი) ავტორი თამამი ლექსის გამო გააცამტვერეს. სითამამე გამოიხატება იმის აღწერაში, რასაც გარყვნილებად მიიჩნევს ამ საზოგადოების ალბათ 95% (თუმცა ერთია რამის ღიად მიჩნევა და მეორე – დაფარულად მოქმედება). გაცამტვერებაში ვგულისხმობ არა ლექსის დონის შეფასებას, არამედ ადამიანის პიროვნულ განადგურებას.
მე არ ვაპირებ ტექსტის განხილვას, რადგან ჩემი აზრით ეს შესრულება საშუალოც არ იყო, მაგრამ მინდა დავწერო ადამიანებზე, რომლებიც კარგ მორალს ქადაგებენ და თავად ამორალურად იქცევიან. მათთვის სექსზე წერა ცუდი ტონია, მაშინ, როცა სექსზე დამწერის შეურაცხმყოფელად მოხსენიება ვაჟკაცობად ითვლება.
საბედნიეროდ, ცუდი ტონი ყველგან არ არის. როგორც ზოგადად, ჭრელია საზოგადოება, ისე – აქაც. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასეთ ლექსს არა სხვის ცხოვრებაში გაჭორვის მიზნით ცხვირის ჩამყოფებივით განიხილავენ, არამედ აფასებენ მხოლოდ ტექსტს და ამ ტექსტით წინ წამოწეულ პრობლემაზეც ფიქრობენ.

შემთხვევა მე-2
წავიკითხე ჰაიკუ, რომელიც ნამდვილი ჰაიკუა – მარცვლებგადათვლილი :) ოღონდ... ეროტიკული შინაარსით. უპს! სწორედ აქ იწყება შემთხვევა მეორე. გამოხმაურებები – ირონიისა და დაბალი ცოდნის ნაზავი.
მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს:
როდესაც ადამიანები წერენ კომენტარებს (და თან ისინი ფიქრობენ, რომ არიან თანამედროვე ავტორები), რატომ არ ფიქრობენ: კომპეტენციაზე, ამ სფეროში მათი განათლება და გამოცდილება რომ აძლევთ; როგორ ჩანს ეს გვერდიდან, უბრალო მკითხველისა ან მათზე მეტის მცოდნის თვალში; ზრდილობასა და უფლებაზე, რომელსაც შინაგანი მე ანიჭებს ადამიანს და ამ შემთხვევაში კი ტაქტიანობით გამოიხატება? (თუმცა, ამ ყველაფერზე დაფიქრება ხომ შესაბამის შედეგსაც მოგვცემდა :)).