Monday, April 16, 2012

ერთი კვირა, კედელზე

ენდი დენზლერი – თანამედროვე ვიზუალური არტისტი ციურიხიდან (შვეიცარია). დაიბადა 1965 წელს. სწავლობდა ციურიხის სამხატვრო სკოლებში, პასადენას დიზაინის სახელოვნებო ცენტრში, ლონდონში – ჩელსის ხელოვნების და დიზაინის კოლეჯში. მისი გამოფენები მოეწყო ციურიხში, ლონდონში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, მიუნხენში, ბერლინში, მოსკოვში და სხვ. არის ფერმწერი, გრაფიკოსი, სკულპტორი. მისი ნამუშევრები ოთხ ჯგუფად იყოფა: "ურბანული გამოსახულებები", "ისტორიული ნახატები", "პორტრეტები" და "პეიზაჟები".

დენზლერის ხელოვნება რეალიზმისა და აბსტრაქციის ნაზავია. მას საოცარი შესრულების ტექნიკა აქვს – ნახატები ამოძრავებულ ფოტოკადრებად აღიქმება (ანდა  ვიდეოფაილად, რომელიც გაშვებისას "გაიჭედა"). ეს გადღაბნილი, დაბურული სივრცეები და მოქმედი პირებია – ზუსტად ისე, როგორც ნანახი, თავს გადახდენილი ამბები გვახსენდება ხოლმე. პრაქტიკულად, ის მოგონებებს ხატავს! დახუჭეთ თვალები (ან ნურც დახუჭავთ) და ამოატივტივეთ მეხსიერებიდან რაიმე ამბავი, თუნდაც გუშინდელი, თუნდაც სიზმარი. შეუძლებელია, ეს კადრები ნათელი იყოს. მოგონებები სწორედ რომ დენზლერის ნახატებს ემსგავსება! გახსენების შემდეგ ჩვენ ნელ-ნელა ვწმენდთ წარმოდგენილს – ვცდილობთ, ბუნდოვანება მოვაცილოთ. ენდი დენზლერიც სწორედ ამ შანსს გვაძლევს – სივრცეს გვიტოვებს წარმოსადგენად. ის არ იძლევა ზუსტ კადრს, მის კადრებში შეიძლება შენი ხედვის ჩამატებაც, ბუნდოვანება თავად უნდა დაწმინდო წარმოსახვით..
მოკლედ, ძალიან მომწონს ეს ხელოვანი. ამ კვირაში მის რამდენიმე ნამუშევარს გამოვფენ:
"სურვილის კიდეზე"
"ელინი"  
"მორბენალები"
"მოტივტივე ქვები" 
"პორტრეტი"


ოფიციალური საიტი
პ.ს. მომინდა, მქონდეს მაისურები დენზლერის ნახატებით; ვნახო ისინი რეალური ზომებით მსგავს სივრცეში.

16–22 აპრილი.

2 comments:

Nina Gorecki said...

თეთრი მაისური სურვილის ფოტოთი ^^ მინდა, ხო არ გავაკეთებინო, ეს ფოტო და გარშემო ჩარჩო თვლებით, როგორც აკა ნანიტაშვილი აკეთებს ხოლმე თავის კოლექციებში..

მაგარი ტიპია, კარგია რომ აღმოაჩინე :)

Keti said...

ჰო, მაისურზე გადატანის იდეა მეც ზუსტად მაგ ნახატმა გამიჩინა :) კარგი იქნება და ჩარჩოც მოუხდება :*