Showing posts with label აქცია. Show all posts
Showing posts with label აქცია. Show all posts

Thursday, April 3, 2014

მოხეტიალე წიგნები

ორი წლის წინ მქონდა პოსტი "წიგნის სიყვარულის გასავრცელებლად", სადაც ვწერდი მსოფლიოში ერთ–ერთ პოპულარულ მოძრაობაზე – "ბუქქროსინგზე"... და აი, რაღაც ასეთი ჩვენთანაც გაჩნდა: სამი დღეა, თბილისში (და უკვე არა მხოლოდ თბილისში) მოხეტიალე წიგნების ბუმია. მინაწერებიანი წიგნები მთელ ქალაქს მოედნენ. ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. საერთოდაც, რაც წიგნების პოპულარიზაციას უკავშირდება, ყველაფერი მომწონს. წიგნისმოყვარულთა კლუბში რამდენიმე კითხვის ვირუსით დაავადებულის შემომატებაც დიდი საქმეა :) თან ძლივს, ამ დაძაბულ ყოველდღიურობაში რაღაც პოზიტიური ამბავიც გავრცელდა: უხარიათ გამჩუქებლებს და უხარიათ მპოვნელებს. მით უმეტეს, სულ კარგ წიგნებს იმეტებენ, ისეთებს კი არა, რომლებიც ეზედმეტებათ. ჰოდა, ორმაგად, სამმაგად, ათმაგად მომწონს. გუშინ ვკითხულობდი ერთ–ერთი თანამედროვე ავტორის ემოციურ კომენტარს უცნობი მპოვნელისგან გამოხმაურების მიღების შემდეგ. მოკლედ, ყველა მხრივ დადებითი აქცია მგონია. რაც შემეხება მე: არ ველოდი, თურმე ასეთი ფორმით წიგნის გაშვება ძალიან ამაღელვებელი ყოფილა – ორი დღეა ვფიქრობ, ვის დაემგზავრა და სად მოუწევს კიდევ მარტო დარჩენა ჩემს კრებულს :)

Friday, October 5, 2012

"ვერ ვნახე, დაკარგულიყო"

მეორე დღეა, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ხეებზე გაკრულ, თაბახის ფურცლებზე მსხვილი შრიფტით ამობეჭდილ საპროტესტო პლაკატებს ვხედავ:


"მინდა წიგნის კითხვა"
"მაქვს ბიზნესშეხვედრა"
"მინდა გართობა"
"მინდა განტვირთვა"
"მინდა ცოცხალი მუსიკა" 
თითოეული მათგანი დაწყვილებულია ასეთივე ამონაბეჭდ პლაკატთან:
"ვეძებ მყუდრო ადგილს"

მე მომეწონა ეს ჩუმი და თან მყვირალა საპროტესტო აქცია, როგორც მინიაქციის ფორმა, თავისი ბევრისმთქმელი შინაარსით: მილიონნახევრიან ქალაქში, სადაც თითქმის ყოველ 10 მეტრში გასართობი დაწესებულებაა გახსნილი და რომლებშიც, თავისთავად, არის მაგიდებიც, საკვებიც, მუსიკაც, ადამიანები (თუნდაც გარკვეული  ნაწილი) ვერ ახერხებენ ვერც განტვირთვას, ვერც საქმეზე მშვიდად მსჯელობას, ვერც წიგნის კითხვას. როგორც ჩანს, ქალაქში სიმყუდროვე იძებნება. იქნებ თბილისის კაფე-რესტორნებიც ჩაერთონ მის ძებნაში და იპოვონ. პლაკატები მათი კარების წინ მდგომ ხეებსაც ამშვენებს. ისე კი, მყუდრო გარემო მგონი ყველგან დეფიციტურია.
                                      
                                      

Thursday, May 26, 2011

დამოკიდებულებისათვის

ვგმობ ყველა გადაწყვეტილებას და მოქმედებას, რომელიც გულისხმობს რუსეთის ხელქვეითობას, წარსულში დაბრუნებას.
ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას.
დიდი იმედი მქონდა, ე. წ. პოლიტიკოსებს ცოტაოდენი პასუხისმგებლობის გრძნობა მაინც ექნებოდათ შერჩენილი იმისთვის, რომ მათ გვერდით მდგომი ხალხი საფრთხეში არ ჩაეგდოთ. არ მომწონს არცერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა რუსეთზე დამოკიდებულების აღსადგენად, შესაბამისად, არც ასეთნაბიჯგადადგმული ადამიანების მიერ გამართულ აქციას ვგულშემატკივრობდი;
თუმცა:
მე არ მინდა, ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრისთვის შეიძლება უმოწყალოდ სცემონ, დააშინონ, დააპატიმრონ.
აუტანელია ამ ჩანაწერის ნახვა, სადაც ჩანს, აბსოლუტურად დამორჩილებულ ადამიანებს, ხელებგაკრულებს, მათ შორის ასაკოვნებს, როგორ ურტყამენ პოლიციელები. აქ გადაღებულია, როგორ ამტვრევენ პოლიციელები მოქალაქის მანქანას. ინტერნეტში მოიპოვება უამრავი კადრი, რომლებზე ასახული მოქმედებაც ნიშნავს არა მომიტინგეთა დაშლას, არამედ მათზე ძალადობას. მათი ნახვის შემდეგ ვფიქრობ, რომ სრულიად გაკონტროლებულ ციხეებში შეიძლება იძალადონ პატიმრებზე და ის ინფორმაციები, რაც ხანდახან ვრცელდება სხვადასხვა ინტერნეტსაშუალებით, სიმართლეს შეესაბამება. ამას ვფიქრობ, რადგან პოლიციელები აღნიშნული ჩანაწერებიდან დასჯის მოთხოვნილებით და უპირატესობის განცდით სავსეები ჩანან. ვცდებოდე, ნეტა.
არ მინდა, ფორმიანი ადამიანების მიმართ უნდობლობას ვგრძნობდე; საქართველოში პოლიციელი მოძალადესთან გაიგივდეს.
ზემოთ მოტანილი კადრების ნახვის შემდეგ შემეშინდა მომავალი თაობის, რომელსაც ეს ახალგაზრდები ზრდიან ან აღზრდიან.

დავიჯერებ, რომ ჩვენს ქვეყანას შეიძლება უკეთესი მომავალი ჰქონდეს, თუ მოძალადეები, ყველა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერთან ერთად, დანაშაულისა და კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

დიდი იმედი მქონდა, რომ ამ დამოუკიდებლობის დღეს საკმაოდ სასიამოვნო გეგმებს განვახორცილებდი – წავიდოდი წიგნის ფესტივალზე, რომელსაც ასე ველოდი, დავკავდებოდი სხვა კარგი საქმეებით. ამის ნაცვლად დღე გავატარე შინ, ნანახით შოკირებულმა და ზოგიერთი ადამიანის დამოკიდებულებით გაღიზიანებულმა. ჩემთვის გაუგებარია ქილიკი მომხდარზე, რადგან ეს ჩვენს მომავალზე ქილიკსაც ნიშნავს. პატივს ვცემ ყველა ადამიანს, რომელმაც არ დაკარგა ადამიანობა.
და ბოლოს,
იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ არის ქვეყანა, სადაც პოზიციის დაფიქსირება საშიშია.
მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც მიტინგი არავისთვის იქნება დღიური სამუშაო;
სადაც პოლიტიკოსები ხალხის ზურგს სკამზე ასაბობღებლად აღარ გამოიყენებენ და მხოლოდ ამ პროცესის (აბობღების) დროს არ გაახსენდებათ მათი არსებობა;
სადაც პირად საუბრებში არ იმსჯელებენ იმაზე, რომ მიზნის მისაღწევად 100 ან 1 ადამიანის სიკვდილიც კი დასაშვებია (სამწუხაროდ, დღეს ადამიანები გარდაიცვალნენ);
სადაც ხალხი არ იქნება მარიონეტი;
სადაც ვიზეიმებთ დამოუკიდებლობის დღეს.

------
ამ ჩანაწერში მოზარდს სცემენ. მოგვიანებით ვნახე.

Thursday, May 28, 2009

კონცერტმაისტერების

ამაყობდნენ, მსოფლიოს გამკვირვებლები ვართ უსისხლო რადიკალიზმითო და, აი, "საამაყო" აღარ დარჩათ. ორი დღეა, ამ ორთქლის გამოსაშვებ აქციაზე მინდა დავწერო, მაგრამ სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი. სიმართლე ვთქვა, სიჩუმე ერთგვარი პროტესტიც იყო. როცა სამსახურში ყოველი დილა პოლიტიკის გაღეჭვით იწყება, საღამო მაინც მინდა "ზედმეტი კალორიების" გარეშე. თუმცა, არ გამოვიდა.
ხუთი მძიმედ დაჭრილი მიხაილოვის საავადმყოფოშია, პარლამენტის წინ კი კონცერტი მიმდინარეობს..

ჰეი, ჩააწოდეთ ერთმანეთს პატრიარქის სიტყვა, როგორც პინგ–პონგის ბურთი. გავბრწყინდებით, როგორ არა.

რა იქნება, მათ და საერთოდ, ადამიანებს საკუთარი ნაბიჯების შეთვალიერება შეეძლოთ.

Saturday, April 25, 2009

საფუარის გარეშე

ეს კადრი გუშინ გადავიღე, როცა სამსახურში გამოცხადებამდე
3 წუთი მრჩებოდა, წინ კი შარდიანი ქუჩის ჩარბენა მელოდა. ათიდან ცხრა ე. წ. საკანი ცარიელია და ეს აქცია ჩემში საფუარით გაღვივებული ცომის პატარა გუნდის ასოციაციას იწვევს (ფქვილის ხარისხზე აღარაფერს ვიტყვი; არც ზოგადად, საფუარით კვების "სიკეთეებზე").
ახლა თბილისში, სადმე თავის დროზე მისვლის ერთადერთი გარანტი მეტროა და მეტროს მერე – საკუთარი ფეხების მოქნილობა.
საკუთარი ფეხების და საერთოდ, სხეულის მოქნილობის გასაუმჯობესებლად (თანაც, ეს დღის ნეგატივის ჩამოფერთხვის შესანიშნავი საშუალებაა)...
ბოლო ერთი კვირაა, საღამოობით (როცა მშობლები ბავშვებს მოიკითხავენ და გარშემოც სიმშვიდეა), სახლის წინ მდებარე სტადიონზე დავრბივარ. მხოლოდ ერთი დღე გამიცდა – წვიმდა. იმედია, ამ საღამოს არ იწვიმებს.
...
ამბავი ორი დამოუკიდებელი აქციისა..