Monday, September 16, 2013

ანოტაცია

დღეიდან 5 კვირის მანძილზე ჩემი ბლოგი წიგნების მაღაზია "სანტა ესპერანსას" მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნების შესახებ შთაბეჭდილებებს "გზაში წაკითხულ წიგნებში" ვაგროვებ, გადავწყვიტე კონკურსში ამ ბლოგით მივიღო მონაწილეობა. პროექტს გვერდი ვერ ავუარე, – ანოტაციებს მაინც ვწერ და ვნახოთ, იქნებ ამ საქმემ წარმატებაც მომიტანოს. ამ კონკურსში წარმატების ერთ–ერთი კრიტერიუმი კი პოსტების პოპულარობაა. მოკლედ, ვნახოთ.

Monday, September 9, 2013

კალათაში დამატებულები

ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებით პრაგმატული ვარ ხოლმე. სიახლეები ყოველთვის მაინტერესებს და აღმაფრთოვანებს კიდეც, მაგრამ მხოლოდ იმას ვყიდულობ, რაც მჭირდება, ისიც შემოსავლის გათვალისწინებით. ჰოდა, რა მჭირდება ახლა:
ბოლო წელია, სულ მივაგდე ფოტოგრაფია. იმდენ რამეს ვამჩნევ, მაგრამ ვერ ვიღებ. ჩემი კამერა უკვე ძალიან მოხუცდა და იმ ძველებურ სატვირთოებს მახსენებს, წინ რომ ჰქონდათ ხელით დასატრიალებელი საქოქი. ზოგადად, ხათრს ვერ მიტეხავს და ცდილობს, მაგრამ რასაც ჰქვია "წამის დაჭერა", ეგ არ გამოსდის – მოულოდნელი კადრის გადაღების ბედნიერება აღარ მაქვს. ჰოდა, მინდა ახალი კამერა. მაგრამ: მინდა კარგი კამერა, რომელიც სულ თან მექნება. მინიმუმ ნახევარკილოგრამიანი კამერა კი სულ თან ვერ მექნება. ამიტომ არ ვიცი, რა ვქნა. ჯერჯერობით ვათვალიერებ საიტებზე მონაცემებს და ვფიქრობ. მივიღებ რჩევებსაც.
კიდევ მინდა ქინდლი. განსაკუთრებით მას მერე, რაც ჩემს წიგნების კარადას ღამის 12 საათზე ფეხი მოსტყდა; მანამდე კი, მთელი საღამო ისეთ იდუმალ ხმას გამოსცემდა, რომ წამიერად "დამავოის" შემოსახლებაზეც დავფიქრდი. კარადის ფეხის გამაგრების და ახალი თაროს შეკვეთის შემდეგ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ქინდლი მსგავსი პრობლემისგანაც გამათავისუფლებს. აქამდე ისე ხდებოდა, რომ იოლად გავდიოდი მის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს მის ყიდვას მაქსიმალურად ვურჩევდი. უფრო ის ფაქტი მაფერხებდა, რომ ქართულ ენაზე ელექტრონულად ცოტა წიგნი მოიპოვებოდა. ქინდლთან დიდი მოთხოვნები არ მაქვს, კამერაზე მოვიფიქრებ და, იმედია, ახალი წლისთვის ორივე მექნება.

Sunday, August 25, 2013

Cats in love

ჩემს ეზოში ცხოვრობენ შეყვარებული კატები. აი ასეთი შეყვარებული კატების წყვილი მეორე არ მინახავს. სულ ერთად დადიან, გვერდიგვერდ წვანან ან სხედან და ამ დროს კუდებით ეფერებიან ერთმანეთს. სულ გადახვეული აქვთ კუდები :)
ეს სახელდახელო ვიდეო დასტურად და ცოტა პოზიტივისთვის:  



პ.ს. ვისთვისაც უბნებში მოსიარულე მემაწვნეები წარსულში დარჩნენ,  – ისინი ისევ  არსებობენ :)

Wednesday, August 14, 2013

* * *

ძალიან ბევრს ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდნენ – ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერი გზით და ვადით. ყველა მათგანი ტოვებს კვალს და შეიძლება ითქვას, საბოლოო ჯამში, მაშენებს. არიან ადამიანები, რომლებსაც ტალახიანი ხელები და ფეხსაცმელები აქვთ; უფრო უარესი – ნგრევა აბედნიერებთ. მაგრამ რომ არა ისინი, შეიძლება მთელი სიკაშკაშით ვერ შემემჩნია ადამიანები-სინათლის წყაროები. მე უბრალოდ მიხარია და მადლობელი ვარ – არ ვიცი რა ძალის, რომელმაც ამ სინათლის წყაროებს შემახვედრა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რამხელა ფართს ანათებს – მთავარია, რომ ანათებენ, სიბნელის შიშს კლავენ და გზის გაგრძელების ძალა მოაქვთ.
უბრალოდ, მომინდა, მადლობა მეთქვა და სიყვარული გამომეხატა; იმის მიუხედავად, წაიკითხავენ თუ არა (და შეესაბამება თუ არა მათი სინათლე) ამ სიტყვებს.

Monday, July 8, 2013

* * *

დედას ეხერხებოდა კერვა და არასდროს უთქვამს უარი, თუკი რაიმე მჭირდებოდა. თავისთვისაც იკერავდა ან გადააკეთებდა ხოლმე რამეს. ჩვენი მძიმე და ორნამენტებიანი საკერავი მანქანის გადმოდგმა ყოველთვის რიტუალს ჰგავდა. გადმოდგმა იმიტომ, რომ თავისი მაგიდა არ აქვს. კერვა სპონტანური პროცესი არასდროს ყოფილა, ამისთვის საჭირო იყო დროის გამოყოფა. ჰოდა, მეტყოდა დედა – ხვალ, ან დასვენების დღეს, ან ამ საღამოს გავაკეთოთ. მეც ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო, ბავშვობიდანვე. მაგრამ დამოუკიდებლად არასდროს შემიკერავს მანქანით. ასე ვთქვათ, ჩემი ცოდნა თეორიით შემოიფარგლებოდა,  პრაქტიკით – თითქმის არა. ორი წლის წინ, როცა დედა რაღაცას კერავდა, ვთხოვე კარგად აეხსნა, ძაფის ჩადგმა როგორ ხდებოდა. მერე მაგიდაზე დადებულ ფოტოაპარატს გავხედე და ჩავწერ–მეთქი. ვიდეოგაკვეთილების იდეა ძალიან მოეწონა, ჩავწეროთო. სამი პატარა ვიდეო დამრჩა. ამ ვიდეოებში მხოლოდ მისი თითები ჩანს და კალთა. მთელი წელია მინდა ვნახო ეს კადრები, მაგრამ ვერ. გული მეკუმშება. ჰოდა ახლა გავხსენი. ოღონდ ხმა არ ჩამირთავს. ხმა მომკლავს.
ვუყურებ მის თითებს და სათითაო ღარი, ფრჩხილების მოყვანილობა ცოცხლად მიდგას თვალწინ. თმაზე ხელის გადასმის შეგრძნებაც.

დღეს ერთი წელი გახდა, რაც დედა წავიდა. აქამდე მქონდა გრძნობა, რომ ეს დროებითი იყო. ასე მგონია, დღევანდელმა დღემ სახეში გამარტყა – რომ  ტყუილად არის მისი ნივთები ისე, როგორც დარჩა. და ასე მგონია, ძალიან გრძელი და უსასრულოა ცხოვრება, რომელიც შეიძლება მქონდეს. იმდენად, რომ წინასწარ გული მიწუხს. არ ვარ გამოცდილი მოგზაური. საერთოდ არ მინდოდა გამგზავრება.

Sunday, June 23, 2013

* * *

უცნაური დღე იყო. ჩიტები დამტრიალებდნენ  თავს. ვიყავი ჩვენს ეზოში მარტო. ორჯერ ბეღურის მსგავსი ჩიტი შემოფრინდა აივანზე  წივილით და შურდულივით ჩამიქროლა, მერე ბაღში კაჭკაჭი ჩამომიჯდა ორიოდე მეტრში უშიშრად, ისიც ჭყიოდა და შემომცქეროდა. მთელი დღე მქონდა შეგრძნება, რომ გვერდით ვიღაც მედგა. ასეთი არაფერი მიგრძვნია ადრე. არ მინდა ბანალური ვიყო, მაგრამ  სერიოზულად, უცნაური დღე იყო.
ბოლო დღეებია, მშობლები მესიზმრებიან და ამ მხრივ ბედნიერი ვარ – მონატრება მიმსუბუქდება. ივლისი მოდის. მასთან ერთად ყველაფერი, თავიდან. მათი თვეა.

Thursday, June 20, 2013

ხეები

ხეები მოდური გახდა.
შეიძლება ითქვას, დღეს ქართველები ხეებისკენ თურქებმა მიახედეს. ახლა ბევრი წერს, რომ თბილისის რომელიმე უბანში ხეები უნდა დარგონ, ან სადღაც ხეს ემუქრებიან მოჭრით და ნებას არ მისცემენ, ან სკვერი ყოფილა ჩაკეტილი.
თუნდაც ერთი წლის წინ რომ გეთქვა, ამ ხეს ნუ მოჭრითო, გეტყოდნენ, რომ მოცლილი იყავი. თბილისის არაერთი სკვერის და ბაღის მწვანე საფარი შეიწირა ახალმა შენობებმა. აქა-იქ, ვირტუალურად გამოთქმული პროტესტი უშედეგო იყო.

ძალიან მიხარია ხეების გამო. მე ისევ მგონია, რომ ისინი სულიერები არიან, ჰოდა, ერთი ასეთი სულიერის შესახებ გიამბობთ:

რამდენიმე წლის წინ ერთ ქუჩაზე აკაციები იდგნენ; იმდენად მაღლები, რომ მათი კენწეროები მესამე სართულს სწვდებოდა. დაახლოებით წელიწადის ამ დროს ყვავილობდნენ, ქუჩას კი მთელი წლის მანძილზე სიმყუდროვეს მატებდნენ:

მერე:
ჯერ გადაბელეს
 
 მოგვიანებით კი, სულ მოაშთეს.

და მაინც,
ნახეთ, როგორ უნდა სიცოცხლე:

Saturday, May 25, 2013

წიგნის ფესტივალი

ბოლო დროს, ფესტივალის მოახლოების გამო წიგნების ყიდვას თავს ვარიდებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაღაზიებში შერჩეული წიგნები ფესტივალზე აღარ ვიყიდე. წელს ისეთი რაციონალური ვიყავი, როგორც არასდროს. ბოლო წლის მანძილზე არაერთი კარგი თარგმანი გამოიცა, ყველასკენ გამირბის თვალი, მაგრამ ვიყიდე ის, რომელმაც გადახედვისას მიმიზიდა და ნამდვილად წავიკითხავ. ყველაზე მეტი ნობელიანტების წიგნებთან ვიტრიალე. სამუელ ბეკეტის "გოდოს მოლოდინში" სცენაზე მაქვს ნანახი და დღეს მისი აღმოჩენა გამიხარდა. ნობელიანტების სერიიდან ქენძაბურო ოეს მოთხრობების კრებულიც ავარჩიე. კიდევ მაქვს "ბაღის მცენარეები", რომელიც თავდაპირველ ფასთან შედარებით მართლაც საკვირველი ფასდაკლებით იყიდებოდა; ასევე: კოველერტის "წასვლა" და ჰერტმანსისა და კომრეის პოეტური კრებულები. ეს უკანასკნელები ადრე წამიკითხავს და კარგად მახსენდება. ჩემი ახალი წიგნების შესახებ, რა თქმა უნდა, "გზაში წაკითხულ წიგნებში" დავწერ და მოვყვები. ერთი შეხედვით მწირი შენაძენი მაქვს, მაგრამ გული არ მწყდება. დღეს რამდენიმე კარგი ადამიანის ნახვამაც გამახარა, საჩუქარიც მივიღე და, საბოლოო ჯამში, წლევანდელი ფესტივალიდან კმაყოფილი წამოვედი.
წლევანდელ ფესტივალზე სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ამბებიც აისახა: ბანერი  პავილიონის ცენტრში იდგა, ხოლო გამომცემლობა "ინტელექტმა" გაავრცელა სპეციალური გამოცემა "როგორ წავართვათ წიგნი ავტორსა და გამომცემელს" *
სერია, რომელიც მომწონს და ველი. თუმცა დღეს არაფერი შევმატე ჩემს წიგნებს. "ძარცვის" ყიდვას ვგეგმავდი, მაგრამ რომ გადავხედე, არ მიმიზიდა. ვნახოთ, მოგვიანებით თუ ვიყიდი
სტივენ კინგის წიგნების ყიდვაც მომავლისთვის გადავდე, როცა მათი წაკითხვა მომინდება
ნობელიანტების სერია
:)
__________
* წიგნში "როგორ წავართვათ წიგნი ავტორსა და გამომცემელს" თავმოყრილია ყველა იმ დოკუმენტის ასლი, რომლითაც გამომცემლებმა მიმართეს სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს, დაბრუნებული პასუხები, პრესაში და ელექტრონულ სივრცეში გავრცელებული ანალიტიკური  წერილები, სინქრონი სატელევიზიო გადაცემებიდან,  სოლიდარობის გამომხატველი გამოხმაურებები და სხვ. ძალიან მომეწონა პრობლემის გარშემო ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის კომპაქტურად შეკვრის და უფასოდ გავრცელების იდეა.  მკითხველისთვის ასე გაცილებით იოლია ანალიზის გაკეთება.  წიგნში აღნიშნულია, რომ მომდევნო გამოცემებში მოცემული იქნება სამართლებრივი ბრძოლის პერიპეტიები და ჟურნალისტური გამოძიებები. 

Monday, May 20, 2013

ორშაბათის კედელი

დიდი ხანია, ბლოგის ტრადიციული გამოფენა არ გამიმართავს. დღეს ორშაბათის კედელზე ნამდვილ კედელს გამოვფენ: ამას წინათ ბაბილონის შესახებ ვათვალიერებდი მასალებს და ეს დეტალიც შემომხვდა. ისე მოვიხიბლე, რომ კარგა ხანს თვალი ვერ მოვწყვიტე. ისიც კი ვიფიქრე – საშუალება რომ მქონდეს და თავად ვაპროექტებდე რამეს, აუცილებლად გამოვიყენებდი აგურის დამუშავების მსგავს მეთოდს-მეთქი.

დრაკონი ბაბილონის კედლიდან

Thursday, May 9, 2013

ბეგონია

ეს ფოტო ჩემს გრინტონიკზე ავტვირთე, მაგრამ გადავწყვიტე აქ მეტი დამეწერა, მით უმეტეს, რომ ძალიან მივივიწყე აქაურობა და ცოტას გამოვაცოცხლებ. ასეთი ბეგონია ყოველთვის გვქონდა გასულ ზამთრამდე. რამდენი არ ვცადე, მაგრამ ვერაფერი ვუშველე და ბოლოს გახმა. ჰოდა დღეს, ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი რომ დავინახე, ისე გამიხარდა, მარშრუტიც კი შევიცვალე – ვიყიდე და შინ ამოვბრუნდი. საღამოსთვის ქოთანშიც გადავრგე და ახლა ოთახში შესვლისას თვალს მიხარებს: