Monday, March 4, 2013

ორშაბათის კედელი

ეს შემთხვევით ნანახი ნახატები რომ არა, დღევანდელი ორშაბათიც უგამოფენოდ ჩაივლიდა. უცნობი ავტორი, სავარაუდოდ, ყაჯართა დინასტიის დროინდელ (1795–1925) ირანს ეკუთვნის. მომწონს სახეები და ფერები, თანაც ბოლო დღეებში "ვეფხისტყაოსნის" სტროფებს ვკითხულობ და აღმოსავლური განწყობა უფრო გამიმკვეთრდა:
ქალი ჩილიმით
ქალი ჩილიმით (დეტალი)
მოცეკვავე
მოცეკვავე (დეტალი)

Tuesday, February 26, 2013

მწვანე ტონიკი

თითქმის ერთი თვეა, არაფერი დამიწერია. არ ვიცი, ასეთი პერიოდი იყო – ზამთრისთვის დამახასიათებელი უმოქმედობის, თუ მხოლოდ ჩემს განწყობას დავაბრალო ეს. ამ ერთ თვეში მოავასწარი რაღაც საშინელი ვირუსის გადატანა (წელს ან ვირუსებია ახალი და ძლიერი, ან იმუნიტეტი დამიქვეითდა. დიდი ხანია, ასე არ გავციებულვარ), რამდენიმე წიგნის წაკითხვა, ახალ ბლოგზე პოსტების დადება, პოლიტიკის კიდევ ერთხელ შეძულება და ერთი ცალი უთითო ხელთათმანის მოქსოვა. ამასობაში კალენდარული გაზაფხულიც მოახლოვდა და მცენარეებზე ზრუნვის სურვილიც გამიმძაფრდა. რამდენიმე თვეა, მცენარეები და, ზოგადად, ბუნება ჩემთვის ერთ–ერთი მთავარი მოტივატორია – ცხოვრების ხალისს მიჩენს. ვეძებ ნერგებს და ბოლქვებს, მერე ველოდები – რამეს რომ დავრგავ – ამოვიდეს, თუ გაიხარა – მეც მიხარია. ახლა მაქვს საგაზაფხულო გეგმები და ამისათვის ზრუნვაც – დაწყებული.

რამდენიმე დღის წინ ეს საიტი აღმოვაჩინე – ლაივ–კამერები აფრიკიდან. არ ვიცი, თქვენთვის რამდენად საინტერესო იქნება, მაგრამ მე ძალიან მომწონს ცქერა და მოსმენა. სიმშვიდეა და კეთილგანწყობა ამ ხმებში და ცხოველების ყოფაში. თითქოს მათთან დროა გაჩერებული. ვრთავ ხოლმე და თუ არ ვუყურებ, ვუსმენ მაინც. ამ დროს მავიწყდება, რომ ფანჯრის იქით უჟანგბადო თბილისია და დაღლილობაც ისე აუტანელი არ არის.

პ.ს. ამ პოსტისთვის სათაურის დარქმევისას სპონტანური იდეა გამიჩნდა: ხანდახან მცენარეებს ვუღებ ხოლმე ფოტოებს, ზოგ მათგანს ფლიკრზე ვდებ, მაგრამ ძირითადი ნაწილი კომპის არქივში რჩება; ჰოდა, მწვანე არეაში გადაინაცვლონ და მწვანე ტონიკებად იქცნენ, რა უჭირს.

Tuesday, January 29, 2013

გზაში წაკითხული წიგნები

ახალი ბლოგი გავხსენი. თუ რის შესახებ და რატომ, პირველ პოსტში წერია. გუშინ უცებ გადავწყვიტე – ხანდახან შინ დღისით დაუგეგმავად დაბრუნება  ნაყოფიერი შეიძლება იყოს. კრიტიკოსის ამბიცია არ მაქვს, უბრალოდ, ეს იქნება ერთგვარი ნუსხა, რომელიც მეც დამეხმარება უკან გახედვისას და, დიდი იმედი მაქვს, რომ ბლოგის მკითხველებსაც – თუ მათ კარგ წიგნს აღმოვაჩენინებ, გამიხარდება. შეიძლება მკითხველების რჩევებმა მეც მაპოვნინოს რომელიმე კარგი წიგნი. ამ ბლოგის მსგავსი ბლოგებისგან განმასხვავებელი ნიშანი გამოკითხვაც იქნება – პოსტში ნახსენებ წიგნს 5 ბალიანი შკალის მიხედვით შევაფასებთ – მეც და, თუ მკითხველებს სურვილი ექნებათ, ისინიც.
და ბოლოს, ცოტა მოტივაცია გამიჩნდა, რაღაც საინტერესო ვაკეთო. როცა არ გაქვს მიზანი, ასეთი წამოწყება მნიშვნელოვანია. იქნებ ეს პერიოდი გადამალახინოს.

ჰო, მისამართი: http://bookbagofketi.blogspot.com

Monday, January 14, 2013

მარგა(ლ)(რ)იტები

გაბრიაძის ილუსტრაციებმა მომანდომა მარგარიტების შეკრება. რაც უცებ გამახსენდა:
 
რეზო გაბრიაძე, "შერეკილები". ილუსტრაცია: რეზო გაბრიაძე

ნიკო ფიროსმანი, "აქტრისა მარგარიტა"

დიეგო ველასკესი, "მენინები". ინფანტა მარგარიტა

მიხეილ ბულგაკოვი, "ოსტატი და მარგარიტა", 2004 წ. გამოცემა. 
ილუსტრაცია: გენადი კალინოვსკი

Saturday, January 12, 2013

რამონა

იმისათვის, რომ სიკვდილს გადარჩე, დღესასწაული უნდა მოიწყო, თუნდაც მარტო ესწრებოდე მას.
სცენას ყოველთვის დღესასწაულად აღვიქვამდი, ბავშვობიდან.
აფიშის დანახვისთანავე მოუსვენრობამ შემიპყრო – ვიცოდი, მასთან რაღაც სხვა მელოდა – ჯადოქარი რომაა, ეგაც ბავშვობიდან შემომრჩა.
ისე ვარ შთაგონებული რამონათი, რომ ველი უახლოეს თავისუფალ დროს ორთქლმავლების, ჟანგიანი ვაგონების, მაზუთიანი შპალების და წითლად მოციმციმე შუქნიშნის გადასაღებად.
დანებდით ჯადოქარს:
ნახეთ რამონა.
მოკვდით რამონასთან ერთად და მერე გაცოცხლდით,
რომ სულ გახსოვდეთ ის.

Monday, December 31, 2012

ორშაბათის კედელი

ძალიან მომინდა, ჩემს კედელზე  საახალწლოდ ფიროსმანი იყოს გამოფენილი.  ეროვნულ გალერეაში მარტის ბოლომდე შეგიძლიათ  მისი ნახატების ნახვა. გამონახეთ დრო და ისიამოვნეთ.
აქვე ბლოგის მკითხველებს გილოცავთ ახალ წელს – ბედნიერი, სიხარულით სავსე ყოფილიყოს!
"ხილის ფარდული"


Sunday, December 16, 2012

სენტიმენტალური

ყველა სიკეთესთან ერთად ავად გავხდი. როცა ავად ვარ, პატარასავით მინდება, ბევრ სითბოს ვგრძნობდე. გულის აჩუყებამ, რა თქმა უნდა, არ მიშველა და ავმოქმედდი: დავლიე ალბათ უკვე ორ ლიტრამდე ლიმონიანი (ვერ ვიტან სიტყვა ლიმნიანს) და ასკილის ჩაი, გამოვდგი დედას მოხარშული მურაბა, მოვძებნე წამალიც და ცოტა უკეთ ვარ, წეღანდელივით უმწეოდ – აღარ. ეგ ხვალ დილითაც მეყოფა – სტომატოლოგის სავარძელში მჯდომს. ყველაფერი ერთად მეტაკა. თან დეკემბერია და ახალი წელი მოდის. თან თოვს და ცივა. ღვთის რისხვაა პირდაპირ.
რაც მარტო ვარ, ავად გახდომის მეშინია ყველაზე მეტად. როგორც წესი, ძალიან იშვიათად ვცივდები, მაგრამ მაგ იშვიათი შემთხვევისაც მეშინია უკვე. ერთი კვირა დედა მესიზმრებოდა ყოველღამე, ძალიან შფოთავდა ჩემ გამო. იმედია, სულ ესაა გადასალახი.

Saturday, December 15, 2012

?!

ვეღარ მოვაბი თავი ამ ფოტოს კომპში გადატანას და ამასობაში მოთოვა. სინოპტიკოსებმა – ხვალაც აპირებსო და, მგონი, კითხვის დასმა ისევ შეიძლება. აბა, რას იტყვით :)

Thursday, December 13, 2012

ღამე

"მისნის ღამეს " ვკითხულობ. ამ ზაფხულს შიშით რომ ავუარე გვერდი, იმას. მაშინ კითხვას საერთოდ ვუარყოფდი. ჰოდა, რამდენიმე დღის წინ თაროდან რომ გადმოვიღე, გამიხარდა – რაღაც გადავხარშე-მეთქი, რაკი მას ვირჩევ. არც კი ვიცი, რომელ ამბავს ვკითხულობ მეტი გატაცებით – ძირითადს თუ სქოლიოში ჩატანილს, სიდისას თუ ნიკისას. თავიდან მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ამ ამბებს ავეღელვებინე. მერე კი, ნიკის (თითქმის) თავზე დაცემული ძელი ჩემი განწყობების გამყოფადაც იქცა. მისი ჯურღმულში გამოკეტვიდან ის დაიწყო, რასაც გავურბოდი. მინდა სიდმა გამოსავალი უპოვოს – იქნებ ჩემი გამოსავალიც. ხანდახან მავიწყდება, რომ ეს მხოლოდ წიგნია. ვულოცავ ოსტერს.
ძალიან ცუდი დღეები მაქვს. მინდოდა მოყოლა, მაგრამ კითხვა არ ყოფილა. არც დრო.  არც სივრცე. ეს წიგნიც როგორ დაემთხვა.
მაღიზიანებს ბრჭყვიალა საახალწლო პერიოდი.

Monday, December 10, 2012

მზესუმზირები

ერთადერთი, რითაც მიხვდები, რომ მზესუმზირები არიან, მათი სუსტი ღეროებიდან წამოსული სუნია – ისეთივე, როგორიც ბაღში ამოსულ, ძლიერ მზესუმზირებს აქვთ ხოლმე. ცდილობენ, იცოცხლონ და მეც წყალს ვუსხამ. ფოტო ცოტა ძველია, მას მერე უფრო დაუგრძელდათ ღეროები, ფოთლები კი ასე დარჩათ. მეეჭვება, ყვავილის გაშლა მოახერხონ – შეუფერებელ სეზონზე მომინდა მათი დათესვა. მგონია, მძიმე განწყობა უნდა ჰქონდეთ, როგორიც ახლა – მე.