ამას წინათ ვკითხულობდი, აკა მორჩილაძემ ერთ–ერთი რომანი 8 დღეში დაწერა და ზუსტად ერთი თვის შემდეგ უკვე წიგნად გამოცემული ჰქონდაო. ვაჰ, ვთქვი მაშინ. თუმცა, ამ შემთხვევის მხოლოდ საგამომცემლო მხარეში გასაოცარი თითქოს არაფერია, თუკი უსწრაფესი ტემპებით; მაგრამ 8 დღეში რომანის დაწერა, მერე დაღვინებას რომ ვეძახი, ის პერიოდი – სანამ შეძლებ კრიტიკული თვალის მომარჯვებას და ისე გადახედვას, მერე ტექსტის აწყობა (იქნებ თავად კრეფდა კიდეც), ჩასწორება... მწერლის გამოცდილებას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს და მაინც – „ვაჰ!“
ამ მოულოდნელად გაჩენილ მოგონებასა და გაოცებას გვერდზე გადავდებ და ჩემს შემდეგ ნაბიჯზე დავწერ.
აკას ამბავი იმაზე ფიქრმა გამახსენა, რომ გამოუცდელი ადამიანი უფრო დიდ ხანს ანდომებს ყველაფერს. გვერდით გამოცდილი მრჩევლისა და გულშემატკივარის ყოფნა კი ძალიან ბევრს ნიშნავს. საბედნიეროდ, მყავს ასეთი მეგობარი..
ახლა კი, საქმეზე:
ფერისცვალების დღეს ჩემმა საქმემაც ფერი იცვალა – ახალ ეტაპზე გადავედი.
გადარჩევისა და ლექსებისთვის ადგილის მიჩენის შემდეგ საჭირო გახდა მათი ვორდის ფაილიდან გადატანა. რა თქმა უნდა, ამას დამკაბადონებელი აკეთებს, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე, ამ საქმესაც თავად შევეჭიდო. ერთ–ერთი მიზეზი ფინანსური მხარეც არის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარია – საკუთარ წიგნზე თვითონ ვიმუშაო. ერთი საკმაოდ ცნობილი პოეტის მაგალითმაც დამაფიქრა (დასახელებისგან თავს შევიკავებ; ამას წინათ, პირადად მირჩია, თუკი შეგიძლია, უკეთესია, თვითონ გააკეთოო). იმდენი ინერვიულა ხარვეზებით გამოცემული წიგნის გამო! მიუხედავად იმისა, რომ კორექტურას აკეთებდა და ყურადღებითაც იყო, მისმა დამკაბადონებელმა საბოლოო მითითებები არ გაითვალისწინა. ამას გარდა, გადაწყვეტილებისკენ დამკაბადონებლებთან მუშაობით მიღებულმა გამოცდილებამაც მიბიძგა. ადრე, როცა გაზეთ „ქართული წიგნის“ სარედაქციო კოლეგიის აქტიური წევრი ვიყავი, გაზეთის დაკაბადონებაზე დასწრება მიწევდა.
მისთვის, ვინც დღის მანძილზე უამრავი საქმით არის გადაღლილი და მხოლოდ ჩემთვის გამოყოფილ დროს დამითმობს, თითოეულ ჩასასწორებელზე (ან ახალ იდეაზე) თქმა და მერე მისი რეაქცია (თუნდაც უსიტყვო და შეჭმუხნული სახით) უხერხულობას შემიქმნის..
ერთი სიტყვით, ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, შემდეგი ეტაპის გადალახვას თვითონ ვცდი.
ტექსტს PageMaker-ის პროგრამაში დავაკაბადონებ. ჩემი ცოდნა არც თუ ღრმაა, მაგრამ ძირითად საქმეს თავს გავართმევ. რა თქმა უნდა, დამჭირდება საბოლოო გადახედვა და რჩევები, რაში თანადგომასაც მეგობარი, რომლის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, დამპირდა. თავიდან ვფიქრობდი, კრებულის შრიფტად Sylfaen ამერჩია, რადგან ინტერნეტის გამო თვალი მიჩვეული მაქვს და მუშაობაშიც ძირითადად მას ვიყენებ. აღმოჩნდა, რომ ეს შრიფტი PageMaker-ს არ აქვს და ტექსტის მასზე გადაყვანა გამომცემლობაში მოხდებოდა. ამასობაში გაჩნდა რჩევაც – „ლიტ.ნუსხური“. რამდენიმე კარგი პოეტური კრებული სწორედ ამ შრიფტით არის აწყობილი. გადმოვალაგე ყველა ეს გამოცემა და ვთქვი – რატომაც არა. მგონია, რომ ლამაზი შრიფტია. ასე რომ, წინ მხოლოდ ახალი ფაილის გახსნა მრჩებოდა, რაც ამ დილით გავაკეთე კიდეც. რაც შეეხება დაკაბადონებამდე სამუშაო შრიფტს – სჯობს ტექსტი "აკად.ნუსხურში" იყოს გადაყვანილი, რადგან შემდეგ ადვილად ხდება მისი სხვა, სასურველ შრიფტზე გადატანა. თუმცა, ზოგი წიგნს პირდაპირ ამ შრიფტითაც ბეჭდავს. მოკლედ, გემოვნების საკითხია.
აქვე ლექსების დალაგებაზეც ვიტყვი – გადავწყვიტე, კრებული ქვეთავებად დავყო. სავარაუდოდ სამი ქვეთავი იქნება, რომლებშიც ლექსები მათი შინაარსის და ფორმის მიხედვით გადავანაწილე. სამუშაო პერიოდში, რამოდენიმე ლექსს შეიძლება მინიჭებული ადგილი კიდევ შევუცვალო...
წიგნის ზომად 14x19,5 ავირჩიე. ასეთივე ზომა აქვს რეზო გეთიაშვილის კრებულს.
დღეს კიდევ ერთი იდეა მომივიდა თავში, რომელიც წიგნის შიდა გაფორმებას ეხება და მგონი ურიგო არ უნდა იყოს. მასზე ჯერ კიდევ ვფიქრობ, რჩევასაც ვიკითხავ (ტექნიკურად რამდენად შესაძლებელი იქნება განხორციელება) და დიზაინზე მუშაობისას, ვრცლად დავწერ..
ამჯერად სულ ეს არის.
შემდეგი ეტაპი ალბათ სექტემბერში დადგება. აი, ეს იყო ამ ზაფხულის გეგმა, რომელზეც წინა წერილში ვწერდი. ვფიქრობ, ზუსტად მოვახერხე დროის გადანაწილება. ამ ეტაპის გადასალახად წინ კიდევ ერთი თავისუფალი კვირა მაქვს, შემდეგ კი მეგობრის დახმარების დიდი იმედი :)
პ.ს. აქვე მინდა, ერთი სასიამოვნო ფაქტიც აღვნიშნო: წიგნის შესახებ დაწერილი ჩემი წინა წერილი მონოლოგად იქცა ("მონოლოგი პირველ კრებულზე") და ეროვნული ბიბლიოთეკის რიგით მე-5 ლიტერატურულ კრებულში დაიბეჭდება. კრებულს "მონოლოგები და პირისპირ" ჰქვია და მასში არაერთი თანამედროვე ქართველი მწერლის და პოეტის ორიგინალური, ექსკლუზიურად კრებულისთვის შექმნილი მონოლოგი და ლიტერატურულ საკითხებზე გამართული დიალოგი (რუბრიკით "პირისპირ") შევა.
ამ თემაზე მოგვიანებით დავწერ..
Wednesday, August 19, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
9 comments:
მშვენიერია, საქმე წინ მიიწევს, გილოცავ, ქეთი. დღევანდელ დღესაც გილოცავ.
და კარგია, შენით რომ ამუშავებ.
მადლობა, ნათი და მეც გილოცავ ფერისცვალებას :)
ორჯერ "ვაჰ!" :) ჩემთვის წიგნის გამოცემის პროცესი ძალიან საინტერესოა. რაც შეიძლება დეტალურად დაწერე ხოლმე, სტამბაში საღებავებისა და ქაღალდის სურნელიც კი უნდა აღწერო. :)
ჯორჯ :) ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა.. ჯერჯერობით შინ ვმუშაობ და როგორც კი გამომცემლობამდე მივაღწევ, შთაბეჭდილებების გაზრდის შესაბამისად, დასაწერიც მომემატება:)
თან წიგნის ბეჭდვის პროცესიც არასდროს მინახავს :)
8 დღეში რომანი - ძალიან გამიკვირდა :| აკა მორჩილაძის 1-2 წიგნი მაქვს წაკითხული და ერთხელ წასაკითხად კარგია, არა მგონია, წლების მერე წაკითხვადი იყოს.
წარმატებები შენს საქმეში, ქეთი!
წარმატებას გისურვებ :)\
„ლიტ.ნუსხური“ მგონია კაი შრიფტია. ჩვეულებრივ შრიფთს ნუ გამოიყენებ, ლექსების კრებული კარგი იქნება თუ პოეტური შრიფტით იქბნება დაწერილი. შინაარსი შინაასად ვიზუალურადაც ლამაზი რომ იყოს :)
* სოფი, მეც გამიკვირდა, მაგრამ.. მადლობა! :)
* გმადლობ, ტომუშკა! მეც ვფიქრობ, რომ ლამაზი შრიფტია. თან, ტექსტის გადატანისას თვალიც მეტად მივაჩვიე :)
aka morchiladze tviton ro akrefda,imas mere xelaxla akrefa dachirdeboda :D ...
katastrofulad cers kompshi :P
xoooda,sheni siaxleebi momecona,da carmatebebi da nerveb dakabadonebisas...:))
აჰა, მაშინ მთლად სასწაული სისწრაფით მომხდარა მაგ წიგნის გამოცემა :დ
მადლობა, ნასტასია! ვცდილობ.. :))
Post a Comment